თარგმნა მალხაზ ხარბედიამ
ეს, ალბათ, 68 წლის მაისის ყველაზე შესანიშნავი ლოზუნგია – იგი ამ ამბოხის მთელ სიღრმეს მოიცავს, მთელ მის სიურეალისტურ დაუმორჩილებლობას. იგი, ალბათ, ნებისმიერ ეპოქას მოერგებოდა – დრო მას ვერაფერს დააკლებს. ლამის ვოლტერისეული ირონიით იგი ე.წ. “ანბანური ჭეშმარიტებების” სიყალბეს ამხელს, რომ თითქოს “ყველაფერი უკეთესობისკენ მიდიოდეს ამ მადლიან სამყაროში” და მართლაც, ჯოგური ოპტიმიზმი ყოველთვის საქმოსნებისა და ფარისევლების თავშესაფარი იყო.
ხელისუფლების წარმომადგენლები დროთა განმავლობაში გამოიწვრთნენ და უკვე ძალზე დამაჯერებლად საუბრობენ იმის შესახებ, რომ საქმე არც ისე ცუდადაა; ორი ბოროტებიდან ყოველთვის უმცირესს ირჩევენ და ჩაგვაგონებენ, რომ არ უნდა გავცდეთ შესაძლებლობის ფარგლებს… და მართლაც, აბა რა მონების საქმეა აღშფოთება! რეალობას ახლა მხოლოდ პოლიტეკონომია და ფინანსური ბაზრის ლოგიკა განაპირობებს. სიღატაკე? ვაი რომ, ეს ავადმყოფობა უკვე ქრონიკული გახდა, მაგრამ ადრე თუ გვიან, მას ბოლო მოეღება, პირობას გაძლევთ. სიკვდილი? დიდი ამბავი, ყველანი სიკვდილის შვილები ვართ. მოუთმენლობა? ამისთვის განათლების საერთო დონე უნდა ავამაღლოთ. მასობრივი რეპრესიები? ისინი ხომ უბრალოდ, ისტორიის გულდასაწყვეტი შეცდომებია, დაუდევრობა, ერთი სიტყვით, წვრილმანები. ნუ მოითხოვთ შეუძლებელს, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, უბრალოდ, ბედს შეურიგდით, ბოლოს და ბოლოს. თქვენი ხვედრი – წარსულის ხმაურიანი აღაპია. პური ხვალ, სანახაობა – დღეს. სურვილი თავისთავად უმიზნოა, ამიტომ უკეთესია, აუცილებელზე იფიქროთ.
როგორც ჩანს, დიდი ხანია უკვე გავიდა დრო კადნიერი აფორიზმისა, რომლის თანახმადაც, “ფრანგისთვის არაფერია შეუძლებელი”. ნუთუ არ გვესმის, სადამდე შეუძლია მიგვიყვანოს ამგვარმა ბაქიაობამ… თავისუფლების სიჭარბეს მხოლოდ ქაოსამდე მივყავართ; თავის შეკავება უნდა შეგვეძლოს – სამწუხაროდ, ასეთია რეალობა. მაგრამ შეგახსენებთ, რომ ერთმა დიდმა ფრანგმა მწერალმა თავის წიგნს “შეუძლებლობა” უწოდა; კარგი იქნებოდა, გადაგვეკითხა ეს წიგნი. ამ ადამიანმა ხომ ერთხელ თქვა: “შესაძლებელი იმათ დაუტოვე, ვისაც იგი სიამოვნებს და კმაყოფილებას ანიჭებს”. ეს ფრანგი ჟორჟ ბატაი იყო. ალბათ მას, უბრალოდ, სურდა ეთქვა, რომ ჭეშმარიტი რეალობა, როგორც სიყვარული – შეუძლებელის სფეროს ეკუთვნის, წარმოსახვა კი შეზღუდულია ჩვენს სტანდარტულ ჩარჩოებში. მაგრამ მიუხედავად ამისა, კიდევ არიან ადამიანები (და მეც, მათ შორის), რომელთაც სწორედ ეს რეალობა აკლიათ. მხოლოდ მასშია პოეზიის თავისუფლება.
L’Express, 1998 წლის მაისი
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“