ახალი ამბები

ქართული წიგნის ბაზრის კვლევის დეტალური მიმოხილვა

 

კვლევის შესახებ 

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და მწერალთა სახლის ორგანიზებით მომზადდა ქართული წიგნის ბაზრის კვლევა. კვლევის მთავარი მიზანი იყო 2016-2020 წლების სრული სტატისტიკური ინფორმაციის მიღება წიგნის ბაზრის ყველა კომპონენტისა და მათი საქმიანობის შესახებ. ანგარიშში ცალკეა მოცემული 2020 წლის მონაცემები წიგნის სექტორზე პანდემიის გავლენის ანალიზის მიზნით.

კვლევის ფარგლებში სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენდნენ გამომცემლობები, დისტრიბუტორები, წიგნისა და ელექტრონული წიგნების მაღაზიები, ბიბლიოთეკები და მკითხველები.

მიზნიდან და ამოცანებიდან, ასევე სექტორის სპეციფიკიდან გამომდინარე, კვლევის ფარგლებში გამოყენებულია სხვადასხვა მეთოდოლოგიის კომბინაცია: პირველადი და მეორეული ინფორმაცია, ნახევრად სტრუქტურირებული, პირისპირი და ჩაღრმავებული  ინტერვიუები მკითხველებთან, გამომცემლობებთან, დისტრიბუტორებთან თუ წიგნის მაღაზიებთან.

 

წიგნის გამომცემლები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2021 წლის მონაცემებით, საქართველოში წიგნის გამომცემელი, დაახლოებით 150 კომპანია ფიქსირდება. აღნიშნულ კომპანიებს შორის შეირჩა ორმოცდაათამდე ორგანიზაცია, რომელთათვისაც წიგნების გამოცემა ძირითადი საქმიანობაა და ბოლო ხუთი წლის მანძილზე, ამ მიმართულებით გარკვეული აქტივობები აქვთ განხორციელებული. მათგან კვლევაში ჩართვის მზაობა ოცდათორმეტმა კომპანიამ გამოთქვა, რომელთაგან ორი რეგიონული გამომცემლობაა.

კვლევაში მონაწილე კომპანიების მიერ 2016-2020 წლების განმავლობაში ჯამში დაახლოებით 5000-ზე მეტი ახალი წიგნია გამოცემული, წლიურად საშუალოდ 1000-ზე მეტი დასახელების, რომელიც აერთიანებს ნებისმიერი ჟანრისა და კატეგორიის ლიტერატურას. კერძოდ, 2016 წელს – 938,  2017 წელს – 1,064, 2018 წელს – 1,279, 2019 წელს – 1,136, 2020 წელს – 860).

ბოლო 5 წლის მანძილზე კომპანიების მიერ გამოცემული წიგნების ტირაჟიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ლიტერატურა საშუალოდ 1000-იანი ტირაჟით იბეჭდება, თუმცა ბაზარზე აღმოაჩენთ როგორც 7500-იან, ასევე 40 ეგზემპლარიან წიგნებსაც.

გამოკითხულ კომპანიებს შორის საზღვარგარეთ საავტორო უფლების გაყიდვის პრეცედენტი 9 გამომცემლობაში ფიქსირდება, რომლებიც ჯამში 30-40 უფლებას ყიდიან წლის მანძილზე. შედეგად, ქართული წიგნები არაერთ ქვეყანაში გამოიცემა.

კვლევაში მონაწილე კომპანიების მონაცემებზე დაყრდნობით გამოიკვეთა, რომ წლის განმავლობაში დაახლოებით 2-3 მლნ ეგზემპლარი იყიდება, მიღებული შემოსავალი კი 17-20 მლნ ლარის ფარგლებში მერყეობს. წიგნების რეალიზაცია 2019 წლამდე ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა.

გამომცემლების შემოსავლის 26-28%-ს უზრუნველყოფს ე.წ. „მეინსტრიმული“, ყველაზე კითხვადი ლიტერატურა. მას მოსდევს დოკუმენტური პროზა (15%-19%), აკადემიური და პროფესიული ლიტერატურა (15%-19%), სასკოლო სახელმძღვანელოები (16%-18%) და საბავშვო ლიტერატურა (11- 13%).

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მიღებული შემოსავლის მიხედვით „გამომცემლობა პალიტრა L“ ლიდერია წიგნის თითქმის ყველა კატეგორიაში (გარდა სასკოლო და საბავშვო წიგნებისა). ბაზარზე მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან ასევე ბაკურ „სულაკაურის გამომცემლობა“, გამომცემლობა „ინტელექტი“ და გამომცემლობა „არტანუჯი“, რომლებიც საგრძნობ უპირატესობას ფლობენ.

მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად სულ უფრო იზრდება წიგნების მრავალფეროვნება და ხელმისაწვდომობა, კვლევაში მონაწილე გამომცემლობების, დისტრიბუტორებისა და წიგნის მაღაზიების მონაცემებზე დაყრდნობით დადგინდა, რომ იმატებს წიგნის გასაყიდი ფასიც. მკითხველს საშუალება აქვს სრულიად უსასყიდლოდ ისარგებლოს ბიბლიოთეკით ან შედარებით ნაკლებფასიანი ალტერნატივა გამოიყენოს (მაგ. ელექტრონული წიგნის ჩამოტვირთვა), თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს უკანასკნელნი ნაკლებად უწევს კონკურენციას ბეჭდური წიგნების შეძენას.

2020 წლის განმავლობაში, კვლევაში მონაწილე კომპანიების ნახევარზე მეტმა შემოსავალი

მთლიანად ან უმეტესად (შემოსავლის 75% ან მეტი) ქართულ ენაზე შექმნილი წიგნებიდან მიიღო, მეორე ნაწილისთვის კი მთავარი წყარო (მინიმუმ 58%) უცხო ენიდან თარგმნილი ლიტერატურაა.

 

დისტრიბუტორები

წიგნების რეალიზაციის მიზნით, გამომცემლობები ძირითადად ორ გზას მიმართავენ: თანამშრომლობენ პირდაპირ წიგნის მაღაზიებთან და/ან სარგებლობენ სადისტრიბუციო კომპანიების მომსახურებით. ამათგან, მხოლოდ წიგნის მაღაზიებთან თანამშრომლობას ანიჭებს უპირატესობას რესპონდენტთა დაახლოებით მესამედი, მხოლოდ დისტრიბუტორების მომსახურებით მოსარგებლეთა წილი კი 10%-ს არ აღემატება. ბოლო წლებში აღინიშნება საკუთარი სადისტრიბუციო ქსელით სარგებლობის მცირედით მზარდი ტენდენციაც.

სადისტრიბუციო კომპანიების მიერ წიგნების სარეალიზაციოდ არაერთი არხი გამოიყენება. მათ შორის: წიგნის მაღაზიები, ბითუმად მოვაჭრეები, ონლაინ გაყიდვა, არასპეციალიზებული ობიექტები (მაგ., სუპერმარკეტები, აფთიაქები, ა.შ.), გამოფენები/ფესტივალები და ა.შ. 2016-2020 წლების მანძილზე ტენდენცია უცვლელია და მათ შორის საკვანძო ადგილი კვლავ წიგნის მაღაზიებს უკავია. მასზე მოდის წიგნების რეალიზაციის ყველაზე დიდი წილი. საგულისხმოა, რომ 2019 წლიდან კვლევაში მონაწილე ოთხივე სადისტრიბუციო კომპანია წიგნის სარეალიზაციოდ ონლაინ არხებსაც იყენებს. მნიშვნელოვანია ფესტივალებსა და გამოფენებში მონაწილეობა, რომლიდან მიღებული შემოსავალი რიგ შემთხვევაში წლიური შემოსავლის 20%-ია. შედარებით ნაკლებად მიმართავენ დისტრიბუტორები წიგნის გაყიდვაზე არასპეციალიზებულ პუნქტებსა და ბითუმად მოვაჭრეებს.

მათ მიერ ბოლო წლების მანძილზე რეალიზებული წიგნების დასახელებების საშუალო რაოდენობა აჩვენებს, რომ ძირითადი წონა ქართულენოვან და უცხო ენიდან ქართულად თარგმნილ ლიტერატურაზე მოდის. საგულისხმოა, რომ ბოლო წლების მანძილზე, უცხო ენიდან თარგმნილი წიგნების მიმართ ინტერესი მეტნაკლებად მზარდია, ქართულ ენაზე დაწერილი წიგნების გავრცელების მაჩვენებელი კი იკლებს.

 

წიგნის მაღაზიები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2021 წლის მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში წიგნებით საცალო ვაჭრობის მიმართულებით სპეციალიზებული 140 აქტიური კომპანია და 9 ბუკინისტია რეგისტრირებული.

მაღაზიების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 2 წლის მანძილზე გაყიდული წიგნების რაოდენობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული. კლების ტენდენცია აღინიშნება როგორც რეალიზებული წიგნების დასახელებების (≈17%-იანი კლება), ასევე მათი გაყიდული ეგზემპლარების კუთხით (≈40%-იანი კლება)

შემოსავლის გენერირების უმთავრესი წყარო საბავშვო წიგნები (29%-33%), ყველაზე კითხვადი (ე.წ. „მეინსტრიმული“, 25%-33%) და არამხატვრული ლიტერატურაა (14%-16%), ყველაზე ნაკლებად კი რელიგიური თემატიკის წიგნები იყიდება (2%-3%).

კვლევაში მონაწილე გამომცემლობების, დისტრიბუტორებისა და წიგნის მაღაზიების მონაცემებზე დაყრდნობით დადგინდა, თუ რა თანხის გადახდა უწევთ მკითხველებს საშუალოდ ერთი წიგნის შეძენისას. აღმოჩნდა, რომ ბოლო წლებში ბაზარზე წიგნის გასაყიდი ფასის მატება შეინიშნება. უფრო კონკრეტულად, 2016-2020 წლებში იგი 28%-ით, 14-დან 18 ლარამდე გაიზარდა.

ბოლო წლებში წიგნებზე ფასების მატება აღინიშნება გამომცემლების მიერ დაბეჭდილ ნებისმიერი შინაარსის წიგნზე. მათ შორის განსაკუთრებითაა გაზრდილი არამხატვრული, დოკუმენტური ლიტერატურის (+54%), ხელოვნებასთან დაკავშირებული წიგნების (+31%) და საბავშვო გამოცემების ღირებულება (+30%), შედარებით სტაბილური ფასი კი სასკოლო წიგნებზე ფიქსირდება (+12%). საგულისხმოა ისიც, რომ ქართულთან შედარებით, თარგმნილი წიგნების ფასი გაცილებით მეტადაა მომატებული (+15% vs +31%).

 

წიგნის ბაზრობები

წიგნის ბაზრობები საკმაოდ მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენს გამომცემლებისთვის, რასაც კვლევის შედეგებიც ადასტურებს. გამოკითხულ გამომცემლობათა აბსოლუტურ უმრავლესობას (>80%) ბოლო 5 წლის მანძილზე რომელიმე ადგილობრივ ბაზრობაში მაინც აქვს მონაწილეობა მიღებული. გამონაკლისს წარმოადგენს 2020 წელი, როდესაც მონაწილეების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 17%-ით შემცირდა, ისევ და ისევ პანდემიის პირობებში არსებული შეზღუდვებისა და ღონისძიებების შეცვლილი ფორმატიდან გამომდინარე. ჩვენს ქვეყანაში წიგნის ყველაზე პოპულარული და მასშტაბური ბაზრობა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალია, რომელიც გამოირჩევა ვიზიტორთა და ლოიალური გამომცემლობების სიმრავლით.

რაც შეეხება საერთაშორისო წიგნის ბაზრობებს, ამ მხრივაც აღინიშნება გამომცემლობების აქტივობა, თუმცა შედარებით ნაკლებად. ბოლო 5 წლის განმავლობაში მინიმუმ ერთ მსგავს ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო გამოკითხული გამომცემლობების ნახევარზე მეტი. ქართველი გამომცემლები ძირითადად სტუმრობენ ფრანკფურტის, ლონდონის, შარჯას, ლაიფციგის, ბოლონიის და სტამბოლის წიგნის ბაზრობებს.

 

მკითხველების კვლევის შედეგები 

  • წიგნის მკითხველთა კვლევა განხორციელდა საქართველოს დედაქალაქ თბილისსა და რამდენიმე დიდ რეგიონულ ქალაქში, კერძოდ ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, თელავსა და გორში.
  • კვლევის შედეგების თანახმად, 16+ მოსახლეობა ორ თანაბარ ნაწილად იყოფა: 50%, რომელიც გარკვეული სიხშირით კითხულობს წიგნებს და 50%, რომელსაც 2020 წლის მანძილზე ერთი წიგნიც არ წაუკითხავს სრულად.
  • ჯამურად გამოიკითხა 1000 რესპოდენტი, რომელთაც 1 წიგნი მაინც წაუკითხავთ 2020 წლის განმავლობაში, (500 დედაქალაქში და 500 რეგიონებში).
  • წიგნის მკითხველთა რაოდენობა თბილისში (51,8%) მცირედით აჭარბებს რეგიონში მცხოვრებთა მაჩვენებელს (45,4%).
  • განხილულ რეგიონულ ქალაქებს შორის, მკითხველთა რაოდენობით უპირატესობას გორი (56,1%) და თელავი (54,5%) ფლობენ, ყველაზე ნაკლები მკითხველი კი ბათუმსა (45,2) და ქუთაისში (39,4%) ფიქსირდება.
  • წიგნის კითხვის პრაქტიკის თვალსაზრისით, კვლევამ ასაკობრივი და სქესთა შორის განსხვავებაც გამოავლინა. კერძოდ, კაცებთან შედარებით ქალები საგრძნობ უპირატესობას ფლობენ (ქალები – 59,3%, მამაკაცები – 38,4%), ახალგაზრდა რესპონდენტები კი უფრო არიან წიგნის კითხვისკენ მიდრეკილნი. ასაკის მატებასთან ერთად ეს ჩვევა 65,3%-დან 38,3%-მდე მცირდება.
  • მკითხველი მოსახლეობის ნახევარზე მეტი მინიმუმ კვირაში ერთხელ უთმობს დროს მხატვრულ თუ არამხატვრულ ლიტერატურას, საიდანაც 19% ინტენსიური, ყოველდღიურად მკითხველია;
  • მკითხველებზე წასაკითხი წიგნის შერჩევისას ყველაზე მეტად ზემოქმედებს ახლობლებისა და მეგობრების რეკომენდაცია, წიგნის შინაარსი და ანოტაცია და ძველი შთაბეჭდილება ავტორზე.
  • მკითხველთა 86,5% ძირითადად მხატვრულ ლიტერატურას კითხულობს. უფრო კონკრეტულად, თანამედროვე ლიტერატურას და კლასიკურ ნაწარმოებებს;
  • თბილისის მოსახლეობის მიერ წაკითხული წიგნების საშუალო რაოდენობა 2-ჯერ უსწრებს რეგიონის მაჩვენებელს (15 წიგნი 7-ის წინააღმდეგ);
  • მკითხველთა აბსოლუტურ უმრავლესობას (86%) 200-ლარზე მეტი არ ჰქონია წიგნების შესაძენად გამოყოფილი გასულ წელს;
  • წიგნის რეალიზაციის ობიექტებს შორის უპირობოდ ლიდერობს წიგნის მაღაზიები;
  • გასულ წელს მხატვრული ლიტერატურის კატეგორიებიდან საზოგადოებას უმეტესად შეუძენია: თანამედროვე ლიტერატურა, კლასიკური ნაწარმოებები და საბავშვო წიგნები;
  • მკითხველი მოსახლეობის მცირე ნაწილი (23%), რომელიც ბიბლიოთეკაში დადიოდა პანდემიამდე, მას ძირითადად წიგნის გამოსატანად, ადგილზე წასაკითხად ან სამეცადინოდ სტუმრობდა.

 

პანდემია და წიგნის ბაზარი

  • მკითხველთა ნახევარი (52%) კვლავ იმავე სიხშირით განაგრძობს კითხვას, როგორც მანამდე, 33%-მა გაააქტიურა კითხვის ინტენსივობა, 15%-მა კი შეამცირა. პანდემიას ფაქტობრივად არ უმოქმედია მკითხველების მიერ წაკითხულ ლიტერატურაზე;
  • პანდემიის ნეგატიური გავლენა აისახა წიგნის შეძენაზე. მყიდველთა თითქმის ნახევარმა (48%) იმაზე ნაკლები წიგნი შეიძინა ამ პერიოდში, ვიდრე მანამდე, 41%-ზე მიმდინარე მოვლენებს გავლენა არ ჰქონია, 11%-მა კი გაზარდა შეძენილი წიგნების რაოდენობა; წიგნის შეძენის არხებზე პანდემიას უმეტესად გავლენა არ მოუხდენია. მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ განიხილავს წიგნის შეძენას უახლოესი 1 წლის მანძილზე;
  • კვლევაში მონაწილე გამომცემლობებზე, წიგნის მაღაზიებსა და დისტრიბუტორებზე პანდემიას საკმაოდ დიდი ნეგატიური გავლენა ჰქონდა.
  • 2020 წელს ახალი გამოცემების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება პანდემიას უნდა მიეწერებოდეს. ამ დროს გამოცემული ახალი წიგნების რაოდენობა დაახლოებით 25%-ით ჩამოუვარდება 2019 წლის მაჩვენებელს.
  • 2020 წელს წიგნის გაყიდვის მაჩვენებელი საგრძნობლად შემცირდა, შემოსავალმა მხოლოდ 5%-ით დაიკლო, რაც წინა წლებთან შედარებით, წიგნების გაზრდილი ფასით რეალიზაციით უნდა აიხსნებოდეს. წიგნის ფასის ზრდა კი, თავის მხრივ, ბოლო წლების განმავლობაში ეროვნული ვალუტის საგრძნობ გაუფასურებასთანაა დაკავშირებული.
  • კვლევაში მონაწილე სადისტრიბუციო კომპანიების მიერ წიგნების რეალიზაციიდან მიღებული ჯამური წლიური შემოსავალი პანდემიამდე სტაბილურად 14 მლნ-ის ფარგლებში მერყეობდა. 2020-ში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, იგი დაახლოებით 15%-18%-ით, 12 მლნ-მდე შემცირდა.
  • აღნიშნული განაპირობა როგორც კომპანიის შიგნით არსებულმა პრობლემებმა (ნაკლები მზაობა დისტანციურ მომსახურებაზე გადასასვლელად, ფინანსების არქონა ცვლილებების გასატარებლად, ახლებური სამუშაო პირობებისთვის არასაკმარისი კომპეტენცია, ა.შ.), ასევე გარე ფაქტორებმა (ინფორმაციის დაგვიანებით მიწოდება, მკითხველების მხრიდან წიგნზე მოთხოვნის კლება, ა.შ.). შეიძლება ითქვას, პანდემიას გარკვეული დადებითი ეფექტიც ჰქონდა წიგნის ბაზარზე იმ მხრივ, რომ დააჩქარა კომპანიებში მთელი რიგი მნიშვნელოვანი პროცესები, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია სფეროს განვითარება თანამედროვე სამყაროში (ონლაინ მომსახურების დანერგვა, ვებ გვერდების გაუმჯობესება, მომსახურების ხარისხის ამაღლება და ა.შ.

 

© არილი

Facebook Comments Box