აფხაზეთის თემაზე უახლეს ქართულ ლიტერატურაში უამრავი წიგნი დაწერილა და დღესაც იწერება. წერენ კაცები, ქალები, საშუალო და უფროსი თაობის მწერლები, სულ ახალგაზრდებიც; წერენ ისეთები, ვინც ომის მთელი საშინელება საკუთარ ტყავზე გამოსცადა და ისეთებიც, ვისთვისაც აფხაზეთი მხოლოდ გაცვეთილი პოლიტიკური მოწოდების ნაწილია და მეტი არაფერი, წერენ რევანშისტული ან ამის საპირისპირო – შემრიგებლური პათოსით, ნოსტალგიურადაც და კიდევ მრავალგვარად. ერთი სიტყვით, მასალა დიდძალია და მასში გარკვევა სულაც არ არის იოლი, ადვილად შეიძლება, რაღაც გამოგრჩეს ან ყურადღების მიღმა დაგრჩეს (ჩვენი ლიტერატურათმცოდნეები მუშაობენ ამ დიდი მასალის შესასწავლად, ერთ-ერთ მაგალითად შემიძლია ცირა კილანავა დავასახელო, რომელიც უახლეს ქართულ ლიტერატურაში ომის ტრავმების ასახვას იკვლევს). ამიტომაც, ყოველგვარი განზოგადება და კლასიფიკაცია უფრო გამოცდილ მკვლევრებს დავუტოვოთ და კონტექსტისგან დამოუკიდებლად გიამბობთ ერთ კონკრეტულ რომანზე – ეკატერინე ტოგონიძის „შინ – შენ“.
რომანი 2020 წელს გამოსცა „სულაკაურის გამომცემლობამ“, და როგორც აქა-იქ თვალმოკრული კომენტარებით ვიცოდი, ეკატერინე ტოგონიძის შემოქმედებაში მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. წაკითხვისთანავე დავრწმუნდი, რომ კომენტატორები არ ცდებიან – „შინ – შენ“ მართლაც სხვა მასშტაბის ნამუშევარია, რაღაც ახლის დასაწყისია მწერლის კარიერაში ( ან იქნებ – გარკვეული მიმართულების ლოგიკური დაგვირგვინებაც, ამას მომავალი გვაჩვენებს). ტოგონიძე აღმოჩნდა ავტორი, რომელიც არ კმაყოფილდება ერთხელ მოპოვებულით, ინერციით არ აგრძელებს წერას და ყოველ მომდევნო წიგნში ამის შედეგს ვხედავთ.
„შინ – შენ“, იმის გარდა, რომ სტატიის წერისას ბრუნვებში უხერხულად ჩასასმელი სათაურია, კომპოზიციური მეტაფორაცაა, რომელიც რომანის სიუჟეტში ძალიან ცხადად და დაწვრილებით იხსნება, გასაგები ხდება. რომანის მთავარი გმირი, ნია ახალგაზრდა ქალია, რომელსაც ოჯახურ ცხოვრებაში დიდი განსაცდელის ჟამი დასდგომია და თითქმის მარტოს უწევს ყველაფერთან გამკლავება. არ მიყვარს, როცა რეცენზიებსა და გამოხმაურებებში წიგნის შინაარსს დეტალურად მიყვებიან, ამიტომ მეც თავს შევიკავებ ზედმეტი დეტალიზაციისგან. ზოგადად და ცოტა ზედაპირულად ვიტყვი, რომ ეს წიგნი მოეწონება ყველას, ვისაც ემოციების არ ეშინია და არც მათი გაზიარება ეზარება, არ წუხდება მათი დამანგრეველი სიჭარბისგან – სიუჟეტის განვითარება რომანში ისეთი მძაფრი და თავბრუდამხვევი არ არის, რომ ამან გაგიტაცოს; ეს უფრო შენელებული თხრობაა, ნარატიული პაუზებით სავსე, სადაც ავტორი თავს აძლევს უფლებას, მთავარი გმირის ეჭვებს, შიშებს, საკუთარ თავში დაურწმუნებლობას, ყოყმანს, სისუსტეს და დაბნეულობას ჩაუღრმავდეს. ნია რამდენიმე ფრონტზე ერთდროულად იბრძვის – ფსიქოლოგიური ტრავმის შედეგად მძიმედ დაავადებული შვილი უნდა გამოგლიჯოს სიკვდილს; ცდილობს გაერკვეს ქმართან ურთიერთობაში (სწორედ ქმრის საქციელი გახდა ბავშვის ტრავმის მიზეზი) და ამ ყველაფერს შეუთავსოს კინოროლი, რომელზეც ასე ძალიან ოცნებობდა. სულ ეს არის მოკლე მონახაზი – და ამ სამ ძირითად სიუჟეტურ ხაზში მწერალი დიდხანს და დაბეჯითებით გვატარებს, მათ ერთმანეთში ხლართავს და რაც მთავარია, არ ეშინია სენტიმენტების. დიახ, ეს არის ერთი ქალის პირადი ამბავი, მის განცდებზე კონცენტრირებული თხრობა, გარესამყარო მხოლოდ მისი თვალით არსებობს, მის პრობლემებს უკავშირდება და ყველაფერს თავი სწორედ ნიას ირგვლივ მოუყრია. და აი, სწორედ ამ „ფიქსაციაშია“ რომანის წარმატების მთავარი გასაღები – ყველაფერი, რაც პოლიტიკურია ამ წიგნში პირადი ხდება („პირადი პოლიტიკურია“ ეს ფემინისტური დევიზი შემთხვევით არ გამხსენებია), ნიას თითოეული განცდა, ფიქრი, პატარა ყოფითი სირთულეც კი გამადიდებელი შუშითაა დანახული და ამ გზით მწერალი ახერხებს, აფხაზეთის ტრავმა ისე განაზოგადოს წიგნში, რომ ამის შესახებ ბრტყელ-ბრტყელ, მანიფესტურ მსჯელობებს მოერიდოს; აქ ვერ ნახავთ ესეისტური ხასიათის ჩანართებს, სადაც პრობლემა შეფასებული და პირდაპირ, პუბლიცისტური პათოსით იქნებოდა გააზრებული. ამის ნაცვლად მთავარ პერსონაჟთან ერთად გავდივართ მტკივნეულ პროცესს და მასთან ერთად ვიაზრებთ რაღაც ისეთს, რაც ტრავმაზე ლაპარაკს შესაძლებელს გახდის. და მოგეხსენებათ, თუ ტრავმა გააზრებულია, გაცნობიერებულია, ეს უკვე პირველი დიდი ნაბიჯია მისგან გათავისუფლებისკენ.
„შინ – შენ“ კომპოზიციურად საინტერესოდ აგებული წიგნია – ზემოთ ნახსენები სიუჟეტური ხაზები უბრალოდ კი არ არის ერთმანეთში გადახლართული, არამედ მიზანაბიმის პრინციპით – ისინი ერთმანეთს სარკისებურად ირეკლავენ და რომანის არქიტექტონიკა მთლიანად ამ ტექნიკას ეყრდნობა. ნიას შვილი ტრავმირებულია (ბავშვს გაუღვიძებლად სძინავს, უფუნქციოა, ვერ ლაპარაკობს) – ნიას ქმარს გამოვლილი აქვს აფხაზეთის ტრავმა (მასაც სიმბოლურად სძინავს, უფუნქციოა, ვერ ლაპარაკობს განცდილზე – ვერც საკუთარ შიშებზე და ვერც იმაზე, რატომ მიატოვა განსაცდელში შვილი, რისი შეეშინდა) – ნიაც ტრავმირებულია (უფუნქციოა, ვერ ახერხებს „დალაპარაკებას“ ქმართან, გარესამყაროს მოწყვეტილია) და მხოლოდ მას შემდეგ, რაც თვითონაც გამოივლის ამ ტრავმის ფიქციონალიზებულ ვერსიას (ფილმი, რომელშიც მას იღებენ, ჭუბერზე გადმოსვლის ამბავს ეთმობა დიდწილად) და „სხვის“ ტრავმას თავისად აქცევს, მიხვდება, თურმე რას განიცდიდა მისი ქმარი. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება შესაძლებელი ნიასთვის, დაელაპარაკოს ქმარს – პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ვფიქრობ, ეს გამჭვირვალე და სადა ხერხი მწერალმა ძალიან ზუსტად მოარგო რომანის სიუჟეტს, ეს ის შემთხვევაა, როცა ფორმა და შინაარსი ერთმანეთთან თანხვედრაშია; უფრო სწორად, ფორმა თავად იქცევა შინაარსად და არ ქმნის ნაძალადევობის, გაუაზრებლობის შთაბეჭდილებას. ეკატერინე ტოგონიძეს ზუსტად ესმის, რას წერს და როგორ წერს. ენაც შესაბამისია – ემოციური, მაგრამ დაცლილი, რუტინულ გამეორებაში გამოფიტული და ერთფეროვნებაში ჩაკეტილი. რომანის კომპოზიციასთან ერთად, ამგვარი ენაც ქმნის სასოწარკვეთილ, წრეზე ტრიალის შთაბეჭდილებას. ავტორს არ აინტერესებს მკითხველის შოკში ჩაგდება ჰიპერტროფირებული სისასტიკეებით, არც უამრავი არასაჭირო დეტალი თუ პერსონაჟი შემოჰყავს თხრობაში, არც პრობლემის ყოველმხრივ „გაშუქების“ პრეტენზია აქვს, არამედ ჯიუტად უკირკიტებს ერთსა და იმავე პერსონაჟს, მას სტკენს, აწვალებს, შეცდომების ფასად მიახვედრებს მთავარს და ბოლოს ათავისუფლებს კიდეც.
ეკატერინე ტოგონიძე ამ წიგნში არ ისახავს მიზნად მსოფლიო უსამართლობას და სისასტიკეს ახსნა მოუძებნოს. ეს ერთი ქალის ინტიმური ისტორიაა, საკუთარი თავის ძიების გზა და ამ პერსონაჟთან მიახლოება შესაძლებელია სწორედ მის რუტინაში ჩაძირვით, დღიდან დღემდე უნდა სდიოს მკითხველმა, ძალიან ახლოდან უყუროს, მოუსმინოს მის განცდებსა და ფიქრებს, თითქოს დაეხმაროს კიდეც ამ „თერაპიაში“. და მხოლოდ რომანის დასასრულს ხდება შესაძლებელი ამ მიზანაბიმიდან პერსონაჟისთვის თავის დაღწევა.
შესავალს რომ დავუბრუნდე, ალბათ, იმის თქმაც შეიძლება, რომ „შინ – შენ“ იმ კატეგორიის ქართველ მკითხველს გველაპარაკება პირდაპირ, ვის მეხსიერებაშიც აფხაზეთი უბრალოდ არ არსებობს (ჩვენი ასაკის, ან სხვა რაიმე მიზეზის გამო), ცდილობს ორიგინალური კუთხიდან შეხედოს ისტორიისადმი ჩვენს დამოკიდებულებას; და იქნებ ვცდები, მაგრამ მეჩვენება, რომ საკმაოდ უხერხულ სიმართლესაც გვიმხელს – სხვის ტრავმას ბოლომდე ვერ გაიგებ, თუკი საკუთარ ტყავზე არ გამოგიცდია. არ არის მარტივი ამ სიმართლისთვის თვალის გასწორება. რომანის პერსონაჟმა მოახერხა. ჩვენ? არა მგონია.
© არილი