ახალი ამბები,  ესე

ჰარარი – უკრაინაში განისაზღვრება კაცობრიობის არჩევანი


უკრაინის კრიზისი გვაიძულებს მივუბრუნდეთ ფუნდამენტურ კითხვას ისტორიისა და კაცობრიობის ბუნების შესახებ: შესაძლებელია თუ არა ცვლილება? მოახერხებენ ადამიანები საკუთარი ბედის განსაზღვრას, თუ ისტორია უსასრულოდ გამეორდება და წარსული ტრაგედიები განსხვავებული დეკორაციებით გამუდმებით ხელახლა გათამაშდება?

აზროვნების ერთი სკოლა უარყოფს ცვლილების შესაძლებლობას. ჯიუტად მიუთითებს ბუნების კანონებზე, რომლის მიხედვით, ძლიერი სუსტს ჩაგრავს და სახელმწიფოს დაცვის ერთადერთი შესაძლებლობა სამხედრო ძალაა. ვისაც ამის არ სჯერა, არა მხოლოდ უგუნურია, არამედ გადარჩენისთვის ბრძოლაში დაიღუპება.

მეორე სკოლის ხედვით, ე.წ. “ჯუნგლების კანონი” არაა სამყაროს წეს-წყობა – ადამიანის ხელითაა შექმნილი და მასვე ძალუძს მისი ცვლილება. არქეოლოგიურ ჩანაწერებში პირველ ორგანიზებულ ომს მხოლოდ 13 000 წლის წინ შეგვიძლია მივაკვლიოთ, მორიგი პრეცედენტი კი მრავალი საუკუნის შემდეგ ფიქსირდება. გრავიტაციისგან განსხვავებით, ომი არ არის ბუნების ფუნდამენტური ძალა. მისი ინტენსივობა და არსებობა დამოკიდებულია ტექნოლოგიურ, ეკონომიკურ და კულტურულ ფაქტორებზე, რომლებთან ერთადაც იცვლება.

ამის არაერთი მაგალითი მოგვეპოვება. ბოლო ათწლეულებში ბირთვულმა იარაღმა ზესახელმწიფოებს შორის დაპირისპირება კოლექტიური თვითმკვლელობის ტოლფასად აქცია, რამაც წამყვანი ქვეყნები აიძულა კონფლიქტების გადაჭრის ნაკლებად ძალადობრივი გზები გამოენახათ. შედეგად, ბოლო 70 წელია სუპერძალებს შორის ომი არ დაწყებულა.

ამავე პერიოდში გლობალური ეკონომიკის ძირითადი მამოძრავებელი ძალის სტატუსი მატერიალურ რესურსებს ცოდნამ ჩამოართვა. შემცირდა ძალმომრეობის სარგებელიც – ძველ ეპოქებში სიმდიდრის ძირითად წყაროს, ხორბლისა და ოქროს საბადოებს, ძალით ჩაიგდებდი ხელში, თუმცა ცოდნასთან ამ გზით ვერას გააწყობ.

საბოლოოდ, გლობალურმა კულტურამ ტექტონიკური ძვრა განიცადა. ჰუნები, ვიკინგები, რომაელები განადიდებდნენ ომს. სარგონ დიდიდან დაწყებული ბენიტო მუსოლინით დამთავრებული, ისტორიული პოლიტიკური ელიტა საკუთარი სახელის უკვდავყოფას დაპყრობებით ცდილობდა. ხოლო ქრისტიანულ ეკლესიას ომი ბოროტ, მაგრამ გარდაუვალ ძალად მიაჩნდა.

ბოლო ათწლეულები კი სამყაროს მართავენ ადამიანები, რომლებიც აღიარებენ ომის საშინელებას და მას თავს არიდებენ. ჯორჯ ბუშიცა და დონალდ ტრამპიც, რომ აღარაფერი ვთქვათ მერკელებსა და არდერნებზე, ატილასა და ალარიხისგან რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკოსებია არიან. ისინი, როგორც წესი, ხელისუფლებაში საშინაო რეფორმებზე ოცნებით და არა საგარეო ექსპანსიის მიზნით მოდიან. მოდერნული ხელოვნებაც – პაბლო პიკასოდან სტენლი კუბრიკამდე – ბრძოლის უაზრობას ეხმიანება.

ყველა ამ ცვლილებამ მთავრობათა უმეტესობისათვის საკუთარი ინტერესების მისაღწევად სისხლისღვრა მიუღებელ საშუალებად აქცია და ქვეყნებმაც, ძირითადად, შეწყვიტეს მეზობლების ტერიტორიების ხელში ჩაგდებაზე ოცნება. სიმართლეს არ შეესაბამება, რომ ბრაზილიას ურუგვაის დაპყრობისაგან ან ესპანეთს მაროკოში შეჭრისგან, მხოლოდ სამხედრო ძალა აკავებს.

 

სიმშვიდის პარამეტრები

სამხედრო კონფლიქტთა რაოდენობის შემცირებას არაერთი სტატისტიკა ასახავს. 1945 წლიდან ნელ-ნელა ქრება საგარეო თავდასხმის მიზეზით საზღვრების მოდიფიკაციის პრეცედენტები და არც ერთი საერთაშორისოდ აღიარებული ქვეყანა რუკიდან დაპყრობის გამო არ გამქრალა. მართალია, სამოქალაქო ომებისა და პროტესტების ნაკლებობას არ ვუჩივით, მაგრამ ყველა კონფლიქტი რომც გავითვალისწინოთ, 21-ე საუკუნის პირველ 2 ათწლეულში კოლექტიურ დაპირისპირებებს უფრო ნაკლები ადამიანი ემსხვერპლა, ვიდრე თვითმკვლელობას, ავტოკატასტროფასა და სიმსუქნესთან დაკავშირებულ დაავადებებს – დღეს იარაღზე მომაკვდინებლად შაქარი იქცა.

საჭიროა, რიცხვებს მიღმაც გავიხედოთ – ომიანობის შემცირება სტატისტიკურთან ერთად ფსიქოლოგიური ფენომენია. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ტერმინ „მშვიდობის“ მნიშვნელობის ცვლილებაა. ძველად ეს სიტყვა მხოლოდ „ომის დროებით არარსებობას“ გულისხმობდა. ბოლო ათწლეულები კი “მშვიდობა” “ომის დაუჯერებლობას” ნიშნავს. ბევრი ქვეყნისთვის მეზობელთა შემოსევა თითქმის წარმოუდგენლად იქცა. მე ვცხოვრობ ახლო აღმოსავლეთში, ამიტომ მშვენივრად ვიცი, რომ არსებობს გამონაკლისები ამ ტენდენციაში. მაგრამ ტენდენციების ამოცნობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გამონაკლისების ხაზგასმა.

“ახალი მშვიდობა” არ არის ჰიპების გიჟური ფანტაზია. აღნიშნულს ყველაზე ცხადად სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშები ასახავს. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, მთავრობები მთელს მსოფლიოში თავს საკმარისად დაცულად გრძნობენ, რომ საშუალოდ ფინანსური რესურსების მხოლოდ 6,5% დახარჯონ შეიარაღებულ ძალებზე, ხოლო გაცილებით დიდ ინვესტიციას განათლებაში, ჯანდაცვასა და საზოგადო კეთილდღეობის ზრდაში დებენ, რასაც კაცობრიობის ისტორიაში ეკვივალენტი არ მოეძებნება.

კონფლიქტების შემცირება ღვთაებრივ სასწაულს ან ბუნების კანონთა უცაბედ ცვლილებას არ მიეწერება. უბრალოდ, ადამიანებმა უკეთესი არჩევანი გააკეთეს. თუმცა ვინაიდან თანამედროვე ცივილიზაციის ეს უდიდესი პოლიტიკური და მორალური მიღწევა ჩვენი სურვილიდან გამომდინარეობს, სამწუხაროდ, სურვილისამებრ შექცევადია.

ტექნოლოგია, ეკონომიკა და კულტურა კვლავ იცვლება. კიბერ შეიარაღებამ, ხელოვნური ინტელექტის განვითარებამ და ახალმა მილიტარისტულმა შესაძლებლობებმა, შესაძლოა, ომიანობის ახალ ეპოქაში გადაგვიყვანოს – ბევრად უარესში, ვიდრე აქამდე გვინახავს. ამის თავიდან ასაცილებლად, თითოეულმა ჩვენგანმა სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს. მხოლოდ ერთი აქტორის არასწორი სვლაც კი სასიკვდილო იქნება.

სწორედ ამიტომ, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი ყველას უნდა ანაღვლებდეს. თუ დიდი სახელმწიფოების მიერ პატარათა ექსპანსია კვლავ ნორმალიზდა, მთელ მსოფლიოში ადამიანთა მოლოდინები და ქცევები შეიცვლება. “ჯუნგლების კანონი” დაბრუნდება და ფული, რომელიც მასწავლებლებს, ექთნებსა და სოციალურ მუშაკებს უნდა მოხმარდეს, ტანკებსა და რაკეტებზე დაიხარჯება.

 

ისტორიული არჩევანი

როცა ირწმუნებ, რომ კაცობრიობა ვერასდროს დააღწევს “ჯუნგლებს” თავს, მოგიწევს აირჩიო, მტაცებელი იქნები თუ მსხვერპლი. მსოფლიოს უმეტესი ლიდერი კი დამპყრობლის როლს მოირგებს და კიდევ უფრო გაიზრდება ტირანთა სია, საბრალო მოსწავლეებს სკოლებში რომ აზეპირებინებენ.

მაგრამ თუ დამტკიცდა, რომ არჩევანი შესაძლებელია, ნებისმიერი, ვინც კაცობრიობის ამ დიად მიღწევას ხელიდან გამოგვაცლის, ისტორიულ მეხსიერებაში თემურ ლენგზე საზარელ დესპოტად დაილექება – კაცი, რომელმაც უკან ჯუნგლებში შეგვათრია.

კაცობრიობის ისტორიის ერთადერთი მუდმივა ცვლილებაა და მე, როგორც ისტორიკოსს, მისი მჯერა. ამ მხრივ, შეგვიძლია ვისწავლოთ უკრაინელებისგან, რომლებსაც საუკუნეებია უწევთ სისასტიკესა და ძალადობაში ცხოვრება: მათ გაუძლეს ორსაუკუნოვან ცარისტულ ავტოკრატიას; დამოუკიდებლობის ხანმოკლე მცდელობა სწრაფად ჩაახშო წითელმა არმიამ, რომელსაც მოჰყვა ჰოლოდომორი, სტალინური ტერორი, ნაცისტური ოკუპაცია და კომუნისტური დიქტატურა.

საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ “ჯუნგლის კანონისამებრ” უკრაინელები კვლავ ტირანიას უნდა მოეცვა – სხვა რა იცოდნენ? მაგრამ ამის ნაცვლად სხვა არჩევანი გააკეთეს – დემოკრატია დაამყარეს. უკრაინაში, განსხვავებით რუსეთისა და ბელორუსიისგან, ოპოზიციამ მმართველი პარტია კონფლიქტის გარეშე არაერთხელ ჩაანაცვლა. 2004 და 2013 წლებში კი ავტოკრატიის საფრთხის წინაშე ერთად იბრძოდნენ თავისუფლების დასაცავად.

“ახალი მშვიდობის” მსგავსად, უკრაინული დემოკრატიაც ახალგაზრდა და სუსტია. ორივე – კაცობრიობის არჩევანით ან გადარჩება, ან განადგურდება.

© არილი

Facebook Comments Box