პოეზია

ლია სტურუა – ლექსები

***

ყურებიდან ამომიჩიჩქნეს
მთელი მუსიკის სიყვარული,
თვალებიდან – მთები, როგორც ხეების გაგრძელება
ჩიტის კვალი რომ დავინახო ჰაერში
და მას გავყვე?
მაგრამ ჯერ ხორცი არ დამიყრია,
სისხლი არ დამიხარჯავს
ახლობლების გაფერადებისთვის,
ერთადერთი, რაც მოვსინჯე,
პურის ნაჭერი დავდე ცაში –
შეუსაბამო სიდიდეები შევათავსე
მარტო ეს არი…

ნევროზი

მირტყამენ, სიტყვები მტკივა,
სისხლი მდის: ერთი ლიტრი – ერთი მიხაკი,
გამეტაფორებამდე – მეორე ჯგუფის, ცხელი,
ლეიკოციტებმა რომ
თეთრი დროშა არ გამოფინონ,
მერე – ლექსის მასალა,
ციროზიან ღვიძლსა და არაუშავს გულს შორის
ჩამჯდარი ღმერთის კარნახით,
ქაღალდზე გადატანილი…
იცის ვინმემ ის ფანჯარა,
ჩემი კალენდარი, რომელშიც ცა
ხან მწვანე ფეხებზე დგას,
ხან შავზე? ხეებით ვხვდები მის ფერს,
თვითონ მეორე სართულიდან არ ჩანს.
ნევროზი, პარანოია, რომ მირტყამენ
და სიტყვები მტკივა, ყველაფერი
შიგნით ხდება, ფანჯრის მინა მშვიდია,
არც დაიგრიხება, არც გაიბზარება ამის გამო
ერთადერთი, სისხლის გამიხაკება,
გარედანაც ჩანს,
ეს ხედი ზოგად ამბებს რომ დააყოლო,
რაღაც, შიდაგანათებასავით გამოგივა,
ვერც გატკენენ, ვერც გამოგირთავენ…

რევოლუცია

“კანონმოშიში მოქალაქე”
რა სიტყვები მოარგეს
ჩამქრალ ვულკანებს!
უემოციო ადამიანი, რამდენიც გინდა
საშენი მასალა კედლებისთვის, ლოზუნგებისთვის,
ჩამქრალი ვულკანები კი იღვიძებენ,
გაუფრთხილებლად, უკანონოდ,
იმ საძირკვლის შესარყევად,
მუდმივი რომ გეგონა
რა, უჩივლებ რევოლუციას?
დაიჭერ, კატალოგში ჩასვამ,
ნაივური ხელოვნების განყოფილებაში,
შეგირდებს მიუჩენ
რომ გაიგონ მისი საიდუმლო?
როგორ შეუძლია თავის აფეთქება
ისედაც, სიცხეში,
ერთი ხის გადარჩენისთვის,
ერთი ბედნიერი ლექსისთვის,
ჩემისთანა პესიმისტის ერთი აღტაცებისთვის,
თორემ კანონმოშიში მოქალაქეების
დარწმუნებას რა უნდა,
რომ რევოლუციას ვერ უჩივლებ…

***

შემოვიდა, ჩვეულებრივი, ერთი მრავალთაგანი,
მაგრამ ისეთი სახე შემოიტანა,
სულ წაშალა ფულის მთხოვნელები,
პურის, ტრამვაისგან მოჭრილი ფეხების.
(როდის იყო ტრამვაი? 100 წლის წინ?)
ამდენი ხანი მელოდა?
ორფეოსობა უკუღმა.
ლურჯი გზა, ძალიან მოლიპული…
წასვლისას, დავიხარე
და მიწიდან ჩემი სისხლი ავიღე –

თავშესაფარი

როგორ ცხოვრობენ ამერიკაში?
კონსტიტუციის მეხუთე შესწორების
ჩრდილში, როგორც მე “თუმცა”-ში და “შეიძლება”-ში?
შტატებს ვგულისხმობ, თორემ
იქვე არ მწიფდება იოკნაპატოფა?
წნევა რომ დაგარტყამს,
ფეხები სინათლეში ჩაყარე და წადი,
სპილენძის ტაშტები გაიყოლე,
შუბლი ღამეს ურტყი,
რომ არ გეტკინოს,
შთაბეჭდილება კი შეიქმნას თავგანწირვის.
მაგრამ შუქი რომ ადგეს და ჩაქრეს,
თავის აგვისტოიანად,
აბსოლუტური ყური დაიხშოს
თუნდაც, ამ უვნებელ სიყალბეზე?
ვიღა ააშენებს მსგავს ქვეყანას,
იმ მინდორივით ვრცელი პოეტის
და ვარდისფერგემოვნებიანი მაგნატის მერე?
ვინ ივლის ასე, თავის უფსკრულებით,
რუსი ეპილეპტიკის თვალის სინათლე,
იქაც, აგვისტოს შუქი,
რომ სივრცემ თავი არ მოგვაკვლევინოს…

ლობოტომია

გადააბრუნე სიტყვები,
ამოატრიალე ბელტებივით!
აუტანელია ერთი და იგივე ბალახისფერი,
გააწითლე მიწა და არავითარი გოგენი!
როგორც გინდა, ისე შეღებე
მორჩილი სიტყვები
უაზროდ, შეუსაბამოდ,
ოღონდ, მოსაწყენი არ იყოს!
გაშრა ტვინი!
ლაზარე, ლაზარე, ლაზარე!
წვიმა, ზარი, სიგიჟე ჩარჩოში,
ელექტროშოკი –
თავიდან გულის ამოღება,
დაბრუნება აი ია-სთან,
მასწავლებელი ვაჟა-ფშაველა,
მისი ხელმძღვანელობით, ისევ ია აი-სკენ,
ყველაფერი თავიდან!
არ ამართლებს ლობოტომია,
როცა უკუღმართობა გაქვს სისხლში
და იისფერი საღებავი ენაზე…

***

ერთად აღარ ვზივართ მაგიდასთან,
რომ ვუყუროთ, რა მაღალია
ჩაის ჭიქებიდან ამოსული ორთქლი,
რა მონატრებული ლაპარაკი არაფერზე,
სიტყვას რომ დილის ჭირხლი ადევს
და უფრო მეტს ნიშნავს,
ვიდრე გამოხატავს.
ეკა, მეორადი მაღაზიიდან
მოტანილ კარადაში,
სუფთა სარეცხის სუნს დებს,
ელენე ბგერა რ-ს
შოკოლადივით ღრღნის,
ფრანგულს სწავლობს,
ელგუჯა საფლავში წევს,
მე იმ დროს ვიგონებ,
ფანჯარას რომ გავაღებდი
და ოთახი პეიზაჟით ივსებოდა…

finita la comedia

კარუსელის ცხენით სახლში მოვდივარ,
პირით ბალახი მომაქვს,
ძუძუებით – დელ არტეს კომედია –
მთვარის და სევდის რძე
ნორმალური პრაგმატიზმის წინააღმდეგ
დედა მედო ენის ქვეშ
და ინფარქტს გადავრჩი,
ცეცხლს ვუსმენდი ჩალასავით,
ბოლომდე არ დამწვა,
მეთორმეტე სართულიდან გადმოვვარდი
და რომელიღაც თეატრის ლოჟამ
ხავერდი მომაგება,
ჩემი ფართე სახელოებიდან
ცვიოდნენ სევდები და მთვარეები
მათი საპირწონე ლოგიკა
მაშინაც არ იყო,
მხოლოდ ნათესავი სიგიჟე,
დედა ენის ქვეშ, ცეცხლი ტერაკოტის სასაში,
მორჩილი ჩალა…
კარუსელის ცხენით მივდივარ
დელ არტეს ქვეყანაში,
სადაც კომედიას თამაშობენ,
სახლში ბრუნდებიან
და იმდენ შვილს აკეთებენ,
რამდენი კომპლექსიც ცვივა
ჩემი სახელოებიდან…

უპასუხობა

პრესა საუზმეზე, სადილზე, ვახშამზე,
ყვითელი, მსუყე
და მეორე, მშიერსიტყვებიანი:
კომუნიზმი, დემოკრატია,
ბატალიები იერონიმუს ბოსხის,
ნაბიჯები ჰაერში,
როგორ უნდა გააძღო ხალხი
წითელი ნაწლავების რეპროდუქციით?
პასუხი ამა და ამ ჟურნალის
ბოლო გვერდზე, იქამდე რა მიატანს?
შეიძლება, ეპილეფსიაში გადავარდე,
ლოკოკინების წალკოტში…
ისევ გაგექცა სიტყვა სილამაზისკენ?
რაღად გინდა! შეეხიზნე კოლექტიურ არაცნობიერს,
როგორც ტყეს,
რბილად მოგექცევა ბალახი,
ამ ბალიშიდან შეხედავ პრესას
გაშუშებული თვალებით,
საუზმეს, სადილს, ვახშამს,
გასტრონომიული მაღაზიებივით გაყიდი,
ხორცს იშოვი, რომელსაც თმა ეზრდება,
ხერხემალი უმაგრდება, გამოყვასებას ცდილობს,
მტრობამდე ერთი მამლის ყივილი აქვს გასავლელი,
ბატალიები…
ბოსხს ეშინია, კომპოზიცია არ დაენგრეს,
კომპრომისი ბალახთან, მაძღარი ხალხი…
მაგრამ ჩემი კოსმოგონიური წარსული,
მზის, მთვარის და ვარსკვლავების მონაწილეობით?
ყველაზე კარგად ვერ ვპასუხობ
ამ შეკითხვაზე

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Facebook Comments Box