ახალი წიგნები

ახალი წიგნები – 2002

პოლ ოსტერი, “ილუზიების წიგნი”
The Book of Illusions
By Paul Auster
Faber
321 გვ.

პოლ ოსტერის ახალი რომანის სახელწოდება ისე ჟღერს, თითქოს ეს მხატვრული ლიტერატურის ნიმუში კი არა, მაგიური ტრიუკების სახელმძღვანელო იყოს. “ილუზიების წიგნი” მწერლის მეათე რომანია. ნაწარმოების მთავარი გმირი ლიტერატორი, პროფესორი დევიდ ციმერი, მშვიდი, აუღელვებელი ცხოვრებით ცხოვრობს ვერმონტის შტატში. ამ პერსონაჟს ოსტერის მკითხველი უკვე იცნობს მისი მეხუთე რომანიდან “მთვარის სასახლე” – პროფესორი ოჯახის კაცია, წერს მომაბეზრებელ კინოსცენარებს…
პროფესორ ციმერს მოულოდნელად დიდი უბედურება დაატყდება თავს. ავიაკატასტროფაში იღუპება მისი ცოლი და ორი შვილი. ციმერი დეპრესიაშია, გაუთავებლად სვამს, დღედაღამ თვითმკვლელობაზე ფიქრობს… ერთხელაც ციმერი ტელევიზორს მიუჯდება – ცნობილი, მაგრამ მივიწყებული კომედიანტის – ჰექტორ მანის მუნჯური ფილმი გადის. და დიდი ხნის შემდეგ ციმერს პირველად გაეცინება მანის კომედიაზე. ასე იწყება პროფესორის მობრუნება ცხოვრებისკენ. ციმერი არქივებში დაიწყებს ქექვას, იხსენებს იმ კომედიებს, რომლებშიც მანი 20-იან წლებში თამაშობდა, ეცნობა მის ბიოგრაფიას, რომელსაც საბედისწერო დასასრული აქვს – 1929 წლის იანვარში ჰექტორ მანი სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ჰექტორის ისტორიამ ლიტერატორი ისე გაიტაცა, რომ მისი ბიოგრაფიის წერა დაიწყო – “ჰექტორ მანის უხმო სამყარო”. წიგნის გამოქვეყნებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ციმერმა ჰექტორის ცოლისგან მიიღო წერილი: ჰექტორმა თქვენი წიგნი წაიკითხა და თქვენთან შეხვედრა სურსო. ციმერი გაოგნებულია: ნუთუ ეს მისტიფიკაციაა? შეიძლება რომ ცოცხალი იყოს კაცი, რომელიც 50 წელზე მეტია აღარავის ახსოვს და ყველას მკვდარი ჰგონია?
ოსტერის მკითხველი ჩაფიქრებულია და კიდევ უფრო ჩაფიქრდება, როცა ავტორი მას მანის ერთი კინოსურათის სიუჟეტს შეახსენებს. “მისტერ არავინ” – ასე ეწოდება ტრაგიკომიკურ ისტორიას ადამიანზე, რომელიც მოატყუეს და რაღაც სასმელი დაალევინეს. მან სასმისი შესვა თუ არა, უჩინარი გახდა. უჩინარი ადამიანის სიცოცხლეს აზრი აღარა აქვს, ის ცოცხალიცაა და, ამავე დროს, მკვდარიც. ძველი ფილმის თემა ეხმიანება ცნობილი კინოვარსკვლავის გაუჩინარების ფაქტსაც და თავად ციმერის ცხოვრებასაც – ტრაგედიის შემდეგ პროფესორი ცოცხლებში აღარ წერია…
მწერლის განცვიფრებას საზღვარი არა აქვს. საგონებელში ჩავარდნილი პროფესორის სამყაროში (მის ბინაში) მოულოდნელად შემოიჭრება ახალი გმირი – კარზე კაკუნია, კარებში ვიღაცა დგას ავტომატით, ოღონდ ეს ვიღაც მამაკაცი არაა, როგორც ჩვეულებრივ ფილმებსა თუ რომანებშია აღწერილი ხოლმე. პროფესორის წინ ავტომატმომარჯვებული ქალი დგას. ალმა იმ ქალის შვილია, მანის ფილმებში მთავარ როლებს რომ ასრულებდა. ის მოითხოვს, რომ ციმერი მასთან ერთად მოხუცი მსახიობის სანახავად წავიდეს მანის რანჩოში, სადაც ბებერი კომიკოსი ფილმებს იღებს. თანაც უნდა იჩქარონ, რადგან ჰექტორი ძალიან მოხუცდა და სიკვდილი კარზეა მომდგარი. ალმა ციმერს ემუქრება: მოგკლავ, თუ არ წამომყვებიო. მიდი, – ეუბნება ციმერი, ალმას ავტომატი ძირს დაუვარდება. ორივენი მიხვდებიან, რომ ერთმანეთი უყვართ.
ასე შედის ციმერი მანის საიდუმლოებით მოცულ სამყაროში, გაიგებს, თუ რატომ გადაწყვიტა მსოფლიოში პოპულარულმა ხელოვანმა კარჩაკეტილი ცხოვრება. მაგრამ საიდუმლო ბოლომდე ვერ გაიხსნება. მანი ციმერის რანჩოში ჩასვლისთანავე კვდება. ციმერისა და ალმას ბედნიერებაც სასრულია, და ისევე ირღვევა, როგორც ოსტერის სხვა გმირების ბედნიერება.
რომანს ეპიგრაფად აქვს წამძღვარებული შატობრიანის სიტყვები: “ადამიანი ერთი ცხოვრებით არ ცხოვრობს. მას ბევრი ცხოვრება აქვს, ერთმანეთზე მიწყობილი, და ეს არის მისი უბედურების მიზეზიც.”
ასე გრძელდება დაუსრულებლად ილუზიებით შექმნილ სამყაროში. ასეთია მისტერია იმ მკაცრი და ულმობელი ცხოვრებისა, რომელიც ადამიანს ყველაზე ძვირფას გრძნობასა თუ არსებას აკარგვინებს. რომანს ერთგვარად მედიტაციური ძალა აქვს და გულში ჩამწვდომიცაა. მიუხედავად იმისა, რომ “ილუზიების წიგნი” სევდიანად იწყება და სევდიანად მთავრდება, ის საოცრად ნათელი რომანია და სრულებითაც არ ტოვებს დამთრგუნველ შთაბეჭდილებას.

ა.ს. ბაიეტი, “ქალი, რომელიც უსტვენს”
A Whistling Woman
by AS Byatt
Chatto and Windus
422 გვ.

როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ, თავის ახალ რომანში ბაიეტმა ისეთ მხატვრულ სრულყოფილებას მიაღწია, რაც მწერალთა დიდი ნაწილისთვის დღემდე საოცნებოდ რჩება. ბაიეტი იმ მწერალთა რიგს მიეკუთვნება, რომელთათვისაც კონცეპტუალური სამყარო ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მწერლის მიერ გამოგონილი გმირები და ამ გმირთა განცდები.
შეგახსენებთ, რომ ბაიეტი ცნობილი ბრიტანელი მწერლის – მარგარეტ დრებლის უფროსი დაა, სამწერლობო ასპარეზზე პირველად 1990 წელს გამოჩნდა ბესტსელერით “საკუთრება” (Possession) – ეს იყო მისი რიგით მეექვსე ნაწარმოები. რომანმა ბუკერის პრემია მოიპოვა.
ეს რომანი, მწერლის სხვა ნაწარმოებების მსგავსად, გმირებისა და სიუჟეტების ფერადოვანი პალიტრით გამოირჩევა, სიურპრიზები ნაღმის აფეთქებას ჰგავს. ბაიეტი ცდილობს ჩაწვდეს ყველაფერს – ადამიანის ფსიქოლოგიას, მის შინაგან სამყაროს.
სხვათა შორის, ამ რომანის სიუჟეტის გადმოცემა არ არის იოლი. ამის მიზეზი მხოლოდ ის არ არის, რომ ნაწარმოებში ყოველი ფეხის ნაბიჯზე ახალი მოვლენები ვითარდება, შემოდის ახალი სიუჟეტური ხაზი, ახალი გმირები და ეს პაუზის გარეშე ხდება. მიზეზი ადამიანის (უფრო კონკრეტულად კი, ქალის) გენეზისია – რთული პროცესი, რომლის აღწერაც რამდენიმე სიტყვით შეუძლებელია. მოქმედება ისე სწრაფად იცვლება, თითქოს კამერა მოძრაობდეს: სტუდენტების პროტესტები, ნარკოტიკები, ჩხრეკა, ტოლკიენი, “ბითლზი”, მოკლედ, 60-იანი წლები…
რომანის დასაწყისში ნაამბობი იგავი ტოლკიენის ნაწარმოებებს გვაგონებს. ამ ზღაპარს მარტოხელა დედა აგატა მონდი უყვება თავის შვილებს (აგატა რომანის მთავარ პერსონაჟთან – ფრედერიკასთან ერთად ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში). აგატას ნაამბობს ფრედერიკაც გულისყურით უსმენს. თუმცა, როგორც მწერალი აღწერს: “ზღაპრის ბოლოს უკმარობის გრძნობა დაეუფლათ. ყველანი მონუსხულებივით ისხდნენ. მათი შემხედვარე აგატა შეძრწუნდა. ტუჩები მოკუმა და ხელები წიგნზე დაალაგა.”
1968 წელი დგას. ფრედერიკა 33 წლისაა. ის უკვე მიხვდა, რომ მისგან მწერალი არ გამოვა და მისი მწერლური ალღო და ნიჭი მისივე ილუზია იყო. ის აღარც სტუდენტებს უკითხავს ლექციებს. ფრედერიკა ტელევიზიაში მუშაობს – მიჰყავს პოპულარული თოქ შოუ “სარკის მიღმა”. შოუში უამრავი სტუმარი მოდის: კარგები, ცუდები, ლამაზები, მახინჯები, ჭკვიანები, სულელები… ფრედერიკა იწერს ინტერვიუებს ნებისმიერ საკითხზე. ის ცდილობს მაყურებელი დააინტერესოს ტელეგადაცემის პერსონაჟების ცხოვრებით, მათი განცდებით, მათი სკანდალური ისტორიებით, და პრინციპში ამას ახერხებს კიდეც.
რომანში ჩამოთვლილ ამბებს შორის აღნიშვნის ღირსია “სულიერი ვეფხვების” საზოგადოების ისტორია, საზოგადოებისა, რომელიც რელიგიურ სექტად იქცა და რომლის წინამძღოლიც ფსიქიურად შეშლილი ჯოშუა ლემია. ჯოშუამ მძიმე ცხოვრება გამოიარა: ახალგაზრდობაში შეესწრო, თუ როგორ მოკლა მამამისმა დედა და და. ბაიეტის ახსნით, ამ შემთხვევაში შეშლილობა თავდაცვის ინსტინქტის ფუნქციას ასრულებს, მწერალი აქვე მსჯელობს იმაზეც, თუ როგორ შეიძლება გახდეს პირადი ტრამვა ფილოსოფიური მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების საფუძველი.
შეიძლება ითქვას, რომ დღესდღეობით არ არსებობს მწერალი, რომელიც ესოდენ დაინტერესებულია მოაზროვნე პერსონაჟების შექმნით. ბაიეტის გმირები ამავდროულად კარგად აცნობიერებენ, თუ სად გადის შემეცნების ზღვარი, და ისიც იციან, თუ როგორ ირღვევა ეს ზღვარი უგუნური ქმედებით ან სულაც სიყვარულის გამო.
“ვინ არის მამა” – ეს მნიშვნელოვანი შეკითხვა იყო ვიქტორიანულ ეპოქაში. ბაიეტის რომანში ანალოგიური კითხვა უფრო ფაქიზი საკითხით არის ჩანაცვლებული: “მოვლენათა განვითარება სულ უფრო და უფრო დაუჯერებელი ხდება…”
რომანის ბოლოს მკითხველის თვალწინ ფრედერიკა სულ სხვაგვარად წარმოდგება. ის უკვე წონასწორობადაკარგულია, რაღაც კაბა აცვია – შოუში რომ ეცვა ხოლმე, ფეხმძიმედაა, თანაც იმ მამაკაცისგან, რომელსაც ვერასოდეს წარმოიდგენდა თავის გვერდით. ფრედერიკა სიცოცხლით სავსეა, მაგრამ – შეშინებული. მან თავიდან უნდა გაიკაფოს გზა ხალხის ახალ ტალღაში.
ერთ-ერთ რომანში მწერალი ამბობს: მეტაფორების გარეშე ვცადე წიგნის დაწერა, მაგრამ არაფერი გამომივიდაო. რომანის ცენტრალური მეტაფორა მისსავე სათაურშია მოცემული: “ქალი, რომელიც უსტვენს”. ამ მეტაფორის ახსნა იმ იგავში გვხვდება, აგატა თავის შვილებს რომ უამბობს.
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ კრიტიკოსთა ერთი ნაწილი ბაიეტის ამ რომანს ავტობიოგრაფიულ თხზულებად მიჩნევს.

უილ სელფი, “დორიანი”
Dorian
By Will Self
New York: Grove Press
278 გვ.

სელფის “დორიანი” ოსკარ უაილდის “დორიან გრეის პორტრეტის” იმიტაციას წარმოადგენს. “დორიან გრეი” 1891 წელს გამოქვეყნდა, სელფის “დორიანში” კი მოქმედება დაახლოებით ერთი საუკუნის თავზე ხდება – 1981 წელს. ეს არის ღირებულებათა გადაფასების, საზოგადოებრივი და ეთიკური ნორმების რღვევის, “სოდომის ცოდვის” ხანა… მიუხედავად ერთსაუკუნოვანი განსხვავებისა, თანამედროვე ბრიტანელი მწერალი სელფი ფიქრობს, რომ ეს ორი ეპოქა ბევრი ნიშნით ძალიან ჰგავს ერთმანეთს – “მთავრობა რეგრესულიცაა და პროგრესულიც, მონარქია კრიზისშია ჩაფლული, მძიმე ეკონომიკურ დეგრადაციას უკვე აღარაფერი ეშველება…”
როგორც თავად ავტორი აღნიშნავს, მის რომანს ბევრი რამ აქვს საერთო ოსკარ უაილდის რომანთან. როგორც ხედავთ, არცთუ თავმდაბლური განაცხადია. თუმცა მწერალი, ბუნებრივია, სუბიექტურია. კრიტიკოსები კი მის ნაწარმოებში უამრავ ნაკლს პოულობენ. თუმცა იქვე იმასაც ამბობენ, რომ თანამედროვე “დორიანის” ავტორის თხრობა უსაზღვრო (ზოგჯერ გადაჭარბებული) თავისუფლებით და გულწრფელობით გამოირჩევა. თავის დროზე დიდი ბრიტანელი მწერლის, ოსკარ უაილდის რომანს კრიტიკოსებმა “მომწამვლელი წიგნი” უწოდეს, რომელსაც “მორალური და სულიერი ხრწნის მძიმე სუნი უდის”. ასე წერდა ერთ-ერთი კრიტიკოსი ლონდონის “დეილი ქრონიკლიდან”. იმ კრიტიკოსს სელფის რომანი რომ წაეკითხა, გულიც გაუსკდებოდაო, ამბობენ თანამედროვე რეცენზენტები. თუმცა ეს შეფასება უაილდისა და სელფის თანაბარ მხატვრულ ღირსებებზე სულაც არ მეტყველებს.
სელფის დორიან გრეი წამდაუწუმ ყნოსავს კოკაინს და აშკარა აღვირახსნილ ცხოვრებას ეწევა. საფრთხე, რომელიც დორიანის პიროვნებისგან მოდის, სავსებით რეალურია – ის შიდსის ვირუსით არის ინფიცირებული, ეს ვირუსი მას არაფერს ვნებს, სამაგიეროდ, სხვებისთვის არის მომაკვდინებელი.
სელფის რომანში, ბუნებრივია, მეტამორფოზა განიცადა უაილდის ბეიზილ ჰოლვორდმაც. ბეზი მხატვარი არაა, ის დიზაინერია და ენდი უორჰოლთან მუშაობს. მისი ბოლო ნამუშევარი ასეთია: ახალგაზრდა კაცის ფიგურა-ინსტალაცია, რომელიც ცხრა ვიდეო მონიტორისგან არის დამზადებული, ეკრანზე ლამაზი ყმაწვილის შიშველი სხეული ჩანს, ბერძნულ კუროსს რომ მოგვაგონებს.
სელფის რომანში თანამედროვე დოკუმენტური მოვლენებიც შემოდის, მაგალითად უელსის პრონცესას ქორწინება და სხვა. მაგრამ ძირითადად, მოქმედება ნარკოტიკების მომხმარებელთა საძინებელში ხდება. ამასობაში კი ტელევიზორის ეკრანზე გამოსახული ყმაწვილი ბერდება, მახინჯდება, მისი სახე თანდათანობით ჩონჩხს ემსგავსება. ახალგაზრდა კი, რომელიც ლონდონში დახეტიალობს, ისევ ისეთია – სიმპათიური, კეთილშობილური გამომეტყველებით…
“დორიან გრეის პორტრეტის” წინასიტყვაობაში ოსკარ უაილდი წერს: “არ არსებობს ზნეობრივი ან უზნეო წიგნი. წიგნები ან კარგადაა დაწერილი, ან ცუდად. სულ ესააა.” მხატვრული ღირებულებების მიხედვით, სელფის რომანი უაილდის ნაწარმოებს ნამდვილად ვერ შეედრება. როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ, მწერალმა ტავტოლოგიებისთვის გვერდის ავლაც კი ვერ მოახერხა. ამასთან, თანამედროვე მწერლისთვის უმსგავსობა და უხამსობა თვითმიზნად ქცეულა.
“მე იდუმალების სიყვარულით გავიზარდე, – ამბობს ნამდვილი დორიან გრეი, – მე მგონი, ერთადერთი რამ, რაც ცხოვრებას მშვენიერებას ანიჭებს, იდუმალებაა.” სელფის იმიტაციური დორიანი გაძარცვულია ამ იდუმალებისგან და ზედმეტად პროზაული პერსონაჟია.

ჯულიან ბარნსი, “რაღაც სათქმელი” (ესეები საფრანგეთზე)
Something to Declare
Essays on France
By Julian Barnes
New York: Alfred A. Knof
295 გვ.

ბარნსის ნებისმიერი ახალი წიგნი დიდი მოვლენაა, – ამბობენ გამომცემლები.
ჯულიან ბარნსის ახალ კრებულს მატყუარა ქვესათაური აქვს – “ესეები საფრანგეთზე”. არადა, მშვენივრად დაწერილი შესავალის გარდა, წიგნში თავმოყრილი ესეები საფრანგეთზე კი არა, ფრანგულ ხელოვნებაზე მოგვითხრობს. კრებულის ნახევარზე მეტი ფლობერის შემოქმედებას განიხილავს, ამას გარდა, ბარნსის გმირების დიდი ნაწილი ფლობერის თანამედროვე მწერლები ან საფრანგეთში მცხოვრები ანგლოფონი მწერლებია – ედიტ უორტონი, ელიზაბეტ დევიდი. ერთადერთ ესეს, რომელიც, მეტნაკლებად ასახავს საფრანგეთის ცხოვრებას, Tour de France 2000 ჰქვია; მასში ველოსიპედებით რბოლა და სპორტული სკანდალებია აღწერილი.
ლიტერატურული ფიგურები, ბარნსის საფრანგეთში რომ დასახლებულან, ბევრ საინტერესო ამბავს აწვდიან მკითხველს, თვითონ ბარნსი ძალიან იშვიათად ჩნდება მკითხველის თავლწინ.
ძირითადად წიგნი მაინც ლიტერატურისა და კინოს კრიტიკას ეძღვნება, თუმცა აქ ხელოვნების სხვა სფეროებიც შემოდის, მაგალითად, აქ წაიკითხავთ ესეს – “როგორ გავატაროთ სიკვდილი არდადეგებზე”, რომელიც გვიამბობს მომღერლებზე – ბორის ვიანზე, ჟაკ ბრელზე და ჟორჟ ბრასენზე. თანამედროვე ცხოვრება ამ შემთხვევაში მწერალს ნაკლებად იზიდავს.
ცალკეულ მწერალთა შემოქმედების მიმოხილვისა თუ სხვადასხვა საკითხის კვლევისას ბარნსი მწვავე კრიტიკას არ ერიდება. მაგალითად, როდესაც ჰერბერტ ლოტმანის მიერ შექმნილ ფლობერის ბიოგრაფიაზე საუბრობს, შეგვახსენებს: “ფლობერი თანამედროვე ლიტერატურის არქეტიპული გადამწერი იყო; მან დაგვიბარა, პროზა თმასავითაა, დაივარცხნი და ბზინვარება მოემატებაო; ლოტმანის ტექსტი კი ძაფებისა და კვანძების ხლართს გვაგონებს…” ხოლო როდესაც სარტრის ნაშრომს (ისევ ფლობერის ბიოგრაფიაზეა საუბარი) მიმოიხილავს, წერს: “პიროვნებისადმი ფსიქოანალიტიკური მიდგომა ხშირად უხეში ჩანს…” სხვაგან უფრო მწვავე შენიშვნებიც გვხვდება: “ამ პრინციპებით ბიოგრაფიული თხზულების შექმნა საერთოდ დაუშვებელია,” – წერს ერთგან აღშფოთებით.
ინგლისელმა მწერალმა პირველად 1959 წელს ინახულა საფრანგეთი, როდესაც 13 წლისა მშობლებმა პარიზში არდადეგებზე ჩაიყვანეს. პარიზულმა ცხოვრებამ ბავშვი მოაჯადოვა. და ეს მძაფრი შთაბეჭდილება მის გონებაში დიდი ხნის მერეც არ განელებულა. საინტერესოა, რა განსხვავებას ხედავს ბარნსი ფრანგებსა და ბრიტანელებს შორის: “ჩვეულებრივ ყოფით ცხოვრებაში ფრანგები ისეთივე მლიქვნელები არიან, როგორიც ჩვენა ვართ. განსხვავება ისაა, რომ მათი მლიქვნელობა იდეალიზმის სამსახურში დგას, მაშინ როცა ჩვენი მლიქვნელობა პრაგმატიზმს უწევს სამსახურს.” ეს თეზისი ამ ორი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მოვლენების მიმოხილვით არის დამოწმებული.
კრებულში თავმოყრილი 17 ესედან 9 გუსტავ ფლობერს ეძღვნება. რაში გამოიხატება დიდი მწერლის გავლენა? – წერს ბარნსი, – დიდი მწერალი ყოველთვის მარტივად ამბობს თავის სათქმელს და ეს სათქმელი წლების შემდეგ მეორდება. კრებულის სათაურიდანვე ჩანს, რომ ბარნსსაც რაღაცა ჰქონდა სათქმელი, ის, რაც ოდესღაც ალბათ უკვე ითქვა.
ჯულიან ბარნსის შემოქმედებაზე საუბრისას კარგად შენიშნა ერთმა კრიტიკოსმა: ბარნსის ნაწარმოებები მისი შინაგანი ხმააო. მკითხველი ბარნსს კითხულობს არა იმიტომ, რომ წარმოსახვით სამყაროში მოხვდეს, არც იმიტომ რომ კაცობრიობის საბრძოლო პათოსით აენთოს, არამედ იმის გამო, რომ მოუსმინოს ჯულიან ბარნსის გამორჩეულ შინაგან ხმას.

როჯერ ლუისი, “ენტონი ბერჯესი”
Anthony Burgess
by Roger Lewis
Faber
400 გვ.

ერთხელ ამბიციური ახალგაზრდა კაცი, რომელიც თაფლობის თვეს პატარა კუნძულზე ატარებდა, ცნობილი მწერლის შემოქმედებამ გაიტაცა. კითხულობდა მხოლოდ მის რომანებს და ბევრს ფიქრობდა. ასეთი ცხოვრება ნამდვილ ნეტარებად ეჩვენებოდა. ინგლისში რომ დაბრუნდა, წერილიც კი მისწერა მწერალს. მწერალსა და მკითხველს შორის იდუმალი ძაფი გაიბა, ისეთი, როგორიც კერპსა და კერპთაყვანისმცემელს შორის არსებობს ხოლმე. როცა ამბიციური კაცი ასაკში შევიდა, მისი სიყვარული უცაბედად დაიმსხვრა. მის არსებაში ღირებულებათა გადაფასება დაიწყო. მწერლის ფილოსოფიური შეხედულებები ვულგარულად მოეჩვენა, მისი ფართო თვალსაწიერი თვალსა და ხელს შუა დავიწროვდა, ჰეროიკული ისტორიები პათეტიკური გახდა, სადღაც გაქრა ახალგაზრდული რომანტიკა. მწერლის სიკვდილის შემდეგ, როცა ის 20 წლის განმავლობაში დაგროვილი ინფორმაციისა და შთაბეჭდილებების საფუძველზე ბიოგრაფიის წერას შეუდგა, აღმოჩნდა, რომ ჩაფიქრებული ეპისტოლარული ჟანრის თხზულება შხამიან წერილად გადაიქცა.
აი, ასეთი ისტორია უდევს საფუძვლად ამ რომანს, რომელიც მოგვითხრობს, თუ როგორ ეთაყვანებოდა ავტორი – როჯერ ლუისი ენტონი ბერჯესს და როგორ შეიცვალა თანდათანობით მისი შეხედულებები და გემოვნება. რომანი ორმაგად ბიოგრაფიულია, ის მარტო ბერჯესის ცხოვრების შესახებ კი არა, ლუისის ცხოვრების შესახებაც მოგვითხრობს. “ეს ორმხრივი ამბავია. როგორი ვიყავი 20 წლის წინ, როგორი ვარ ახლა, როცა გავაცნობიერე დაკარგული შესაძლებლობები, დაკარგული დრო… როგორ მჭირდებოდა 20 წლის წინ ბერჯესის შემოქმედების გაგება. რატომ ვიყავი ასე ძლიერად გატაცებული მისი ნაწერებით?”
ავტორის თხრობა შავი იუმორით არის გაჯერებული – ეს ბერჯესის ნაწარმოებებისთვისაც დამახასიათებელია. ლუისი ბერჯესის მიმართ უარყოფითად არის განწყობილი, ბრალს სდებს რასიზმში, ქსენოფობიაში, შპიონაჟში (თანაც ამტკიცებს, რომ მის განაცხადს სანდო წყარო უდევს საფუძვლად). კი მაგრამ, რატომ მიუძღვნა ლუისმა საუკეთესო წლები იმ ადამიანის ბიოგრაფიის აღწერას, რომელიც სძულდა? – სვამენ კითხვას კრიტიკოსები და ამ კითხვაზე ლუისის სიტყვებითვე უპასუხებენ: “მე უარვყავი ადამიანი, რომელსაც მთელი ახალგაზრდობა ვეთაყვანებოდი, ამის მიზეზი ალბათ ისიცაა, რომ გულის სიღრმეში მასთან სიახლოვეს ვგრძნობდი.”
კაცმა რომ თქვას, ლუისი ბერჯესის პიროვნებისა და შემოქმედების შეფასების დროს გაორებულია. მისი დამოკიდებულება არც ცალსახად უარყოფითია და არც დადებითი. ავტორის დასკვნა ასეთია: ბერჯესი დიდი მწერალი იყო, მაგრამ მან მარცხი განიცადა და ვერ შექმნა დიდი ნაწარმოები. ამ დამარცხების მიზეზებს მკითხველი 400-გვერდიან რომანში ამოიკითხავს.

ტიმ უილისი, “გიჟი” (“პინკ ფლოიდის დაკარგული გენიოსის, სიდ ბარეტის ნახევარი ცხოვრება”)
Madcap: The Half-Life of Syd Barett, Pink Floyd’s Lost Genius
by Tim Willis
Short Books
174 გვ.

80-იან წლებში ნაკლებად ცნობილმა ინგლისურმა პოპ-ჯგუფმა Television Personalities დაწერა სიმღერა სახელწოდებით – “მე ვიცი, სადაც ცხოვრობს სიდ ბარეტი”. ბარეტის ასავალ-დასავალი, რა თქმა უნდა, ამ სიმღერის გამოსვლის შემდეგაც ვერავინ გაიგო. დარჩა მხოლოდ 60-იან წლებში შექმნილი მითი ბრიტანული პოპ-მუსიკის გენიოსის – სიდ ბარეტის შესახებ, და ეს მითი დროთა განმავლობაში ახალი ისტორიებით ივსებოდა…
წიგნის ავტორი ტიმ უილისი სიდ ბარეტის დიდი თაყვანისმცემელია, ის, ამავდროულად რომანის ერთ-ერთი გმირიცაა. სიდ ბარეტი და ტიმ უილისი ხშირად საუბრობენ ერთმანეთში, უილისი მთელი გულისყურით უსმენს ხოლმე მის ნათქვამს. უილისის აზრით, ბარეტის ლირიკა ბავშვურია ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით.
თავის დროზე სიდ ბარეტმა ლეგენდარული “პინკ ფლოიდის” სახე შექმნა. “პინკ ფლიოდი” იყო მისი იმიჯი, მისი მუსიკა. “ბარეტის სიმღერები სპეციფიკურია, ისინი ორმაგი ბუნებისაა, წამიერიც და დროის საზღვრებიდან გასულიც. ბარეტის მუსიკა ის მუსიკაა, რომელიც დროს გაუძლებს,” – წერდნენ კრიტიკოსები.
რატომ დაგვტოვა სიდმა ასე ნაადრევად – იმის გამო, რომ დიდი დოზით ეწაფებოდა LSD-ს, თუ იმიტომ, ომ მისთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა პოპულარობის ტვირთი? – სვამს კითხვას ავტორი; ფაქტობრივად ეს კითხვა უპასუხოდ რჩება.
სცენაზე ბარეტი უსაზღვროდ თავისუფალი იყო, მისი ზემოქმედება კი – დამანგრეველი. მისი სიმღერები ვარჯიშს ჰგავდა აბსურდის წყვდიადში. ის დაიძახებდა ხოლმე ფრაზას: Have you got it yet? – უკვე იშოვე? რაზეც როჯერ უოტერსი, რომელიც მოგვიანებით ჯგუფის ლიდერი გახდა, უპასუხებდა: No – არა.
მაგრამ მაინც დადგა სულიერი განადგურების პერიოდი…
ბარეტი ჯგუფიდან წავიდა, პინკ ფლიოდმა მის გარეშე მსოფლიო აღიარება მოიპოვა მუსიკით, რომელიც ბარეტის მუსიკაზე უფრო დატვირთული იყო, მაგრამ ნაკლებად საინტერესო. ამასობაში სიდმა ორი სოლო ალბომი გამოუშვა: გიჟის სიცილი The Madcap Laughs და ბარეტი Barrett – უცნაური, უკიდურესად ემოციური ჰანგებით სავსე. დღეს, ისტორიული გადასახედიდან ისე ჩანს, თითქოს ბარეტი გრძნობდა, რომ უნდა გამქრალიყო.
წიგნის ავტორი ტიმ უილისი ყოველ ღონეს ხმარობს, რათა გახსნას მითი და გამოაცალკევოს რეალობა. შესანიშნავად აღწერს ბარეტის თინეიჯერულ ასაკს, როცა ის თავის შეყვარებულს – ლიბი გოდსენს წერდა წერილებს.
“მე აღარაფერი მეშველება,” – ეუბნება სიდი ტიმ უილისს. სადღაც გულის სიღრმეში რომანის პერსონაჟმა მუსიკოსმა თავადაც იცის, რომ მითი სიდ ბარეტის შესახებ უნდა შეიქმნას.

მოამზადა თამარ სუხიშვილმა

© “წიგნები – 24 საათი”
Facebook Comments Box