ჩეხმა ფოტოგრაფმა, იან ინდრამ, ფრანც კაფკას დღიურებისა და წიგნების მიხედვით ფოტოსერია შეადგინა. ფოტოები მკითხველებს იმ ადგილების წარმოდგენაში დაეხმარება, რომლებიც ”ციხესიმაგრეში, ”პროცესსა” თუ ”ამერიკაშია” აღწერილი. იან ინდრა 5 წლის განმავლობაში აგროვებდა საჭირო მასალებს, და მთელი ამ დროის მანძილზე მან ჩეხეთის, იტალიის, გერმანიის, უნგრეთის, ავსტიირსა და შვეიცარიის არაერთი ქალაქი თუ პატარა დასახლება შემოიარა. ფოტოგრაფმა ფირზე აღბეჭდა თითქმის ყველა ადგილი, სადაც კი მწერალი ოდესმე ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ფოტოების საკმაოდ დიდი რაოდენობა დაგროვდა, ლიტერატორი იოზეფ ჩერმაკი, რომელიც იანს მუშაობაში ეხმარებოდა, აღნიშნავს, რომ კაფკას მაინცდამაინც არ უყვარდა მოგზაურობა და მისი ყველა გადაადგილება დანიშნულების ადგილზე მისვლის აუცილებლობით იყო გამოწვეული. ფოტოების გამოფენა ბრიუსელში გაიხსნა, სახელწოდებით ”ფრანც კ.-ს მოგზაურობა,” მარტისთვის იგი შტუტგარტში გადაინაცვლებს, ზაფხულში კი ”ფრანც კ.-ს მოგზაურობა” ჩეხეთის ქალაქ ლიბერეცსაც ეწვევა.
“ჩინეთის დიდი ენციკლოპედიის” ასტომეული
ჩინეთში “ჩინეთის დიდი ენციკლოპედიის” ასტომეულის პირველი ნაწილი გამოიცა. ენციკლოპედიაზე მუშაობა 1992 წელს დაიწყო, და დღეისთვის უკვე 49 ტომია მზად. ენციკლოპედია 20 ათასზე მეტი უძველესი წიგნის, თქმულებისა და ნაწარმობის საფუძველზე შეიქმნა, მათში აღწერილია ჩინური ცივილიზაციის ყველა ასპექტი – უძველესი ხანიდან, მეოცე საუკუნის დასაწყისამდე. ენციკლოპედია მოიცავს პერიოდს ჩინური ნაციის, როგორც ცალკე ერთეულის ჩამოყალიბებიდან (ჩვენს წელთაღრიცხვამდე 221 წელი) სინხაის რევოლუციამდე, რომელიც 1911 წელს მოხდა და ქვეყანაში მმართველობის რესპუბლიკური ფორმა დაამყარა. ძველი და შუა საუკუნეების დროინდელი ნაწარმოებების ავტორების გვერდით ენციკლოპედიაში შესულია თანამედროვე მეცნიერების არაერთი სტატია და კვლევა. ჩინეთის მთავრობამ ასტომეულის გამოსაცემად 55 მილიონი ამერიკული დოლარი გამოყო. დანარჩენი 51 ტომის გამოცემა 2010 წლისთვისაა დაგეგმილი. აქამდე კი მსგავსი ტიპის ენციკლოპედიები მხოლოდ 10-15 ტომეულს მოიცავდა.
პორნოგრაფიული ლიტერატურა – კემბრიჯის უნივერსიტეტის საიდუმლო
კემბრიჯის უნვერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობამ დაადასტურა გავრცელებული ლეგენდა იმის შესახებ, რომ მათ საცავში ეროტიკული და პორნოგრაფიული ლიტერატურის კოლექცია ინახება. აქამდე კი ამ კოლექციის არსებობა კემბრიჯის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლო იყო. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის 17 სართულიან შენობაში 200 ათასამდე ილუსტრირებული წიგნი ინახება, რომლებიც სექსისა და სიყვარულის ხელოვნებას ეძღვნება. მათს შორისაა ვიქტორიანული ეპოქის ეროტიკული ლიტერატურის ნიმუშებიც. საუკუნის მანძილზე ბიბლიოთეკის მონახულების ბედნიერება მოკვდავთა ძალიან მცირე რაოდენობას ჰქონდა – ძირითადად ესენი იყვნენ მეცნიერები და პოლიტიკოსები. სტუდენტებისთვის კი ამ წიგნების წაკითხვა აკრძალულია. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ვანესა ლეისიმ, განაცხადა, რომ კოლექცია მუდმივად ახლდება თანამედროვე ეროტიკული და პორნოგრაფიული ლიტერატურით, და ეს წიგნები განსაკუთრებულ მნიშვნელობას სამომავლო ისტორიული კვლევებისთვის შეიძენს.
ფედერალური ბიურო ერნესტ ჰემინგუეის კვალზე
ნობელის პრემიის ლაურეატის, ერნესტ ჰემინგუეის შესახებ არსებულ მდიდარი ბიბლიოთეკას კიდევ ერთი საინტერესო წიგნი შეემატა. ცოტა ხნის წინ კუბაში გამოიცა მწერლის, ენრიკე სირულესის კვლევა: “ჰემინგუეი – დიდი უცნობი”. წიგნში კუბელი ავტორი იმ პერიოდზე გვიამბობს, როდესაც ჰემინგუეი მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანულ წყალქვეშა ნავებზე დაკვირვებით იყო გატაცებული, რომლებსაც კუბის სამხრეთ სანაპიროებისაკენ ჰქონდათ აღებული კურსი და თავს ესხმოდნენ მოკავშირეების ტრანსპორტებს. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ამერიკული სპეცსამსახურები ეჭვის თვალით უყურებდნენ მწერალს, რისი მიზეზიც კუბაში ჰემინგუეის 20 წლიანი ცხოვრება გახლდათ, სადაც მან იქაურ მმართველობასთან თანამშრომლობის სურვილიც გამოქვა. უფრო მეტიც – 1941 წელს მწერალს სერიოზული მცდელობა ჰქოდა, ჩამოეყალიბებინა კუბაში ანტიფაშისტური სააგენტო, რის შემდეგაც უკვე ამერიკის ფედერალურმა ბიურომ მკაცრი კონტროლის ქვეშ აიყვანა იგი. ენრიკე სირულესის წიგნიც ნობელიანტი მწერლის ცხოვერების სწორედ ამ პერიოდზე გვიამბობს.
“წყნარი დონის” ხელნაწერი რუსეთში დაბინავდა
“წყნარი დონის” (მ. შოლოხოვი) პირველი და მეორე ნაწილის ხელნაწერის ფაქსიმილური გამოცემა 4 თებერვალს რუსეთის სახელმწიფო ბიბლიოთეკას გადაეცა. ხელნაწერის გამოცემაში მონაწილეობა მიიღო შოლოხოვის სახელობის საერთაშორისო კომიტეტმა, გორკის სახელობის მსოფლიო ლიტერატურის ინსტიტუტმა და უკრაინის საპრეზიდენტო ფონდმა. აქამდე “წყნარი დონის” ფაქსიმილური გამოცემა მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმში, ფრანკფურტის, პარიზის, პრაღისა და პეკინის წინგის ბაზრობებზე იყო წარმოდგენილი. ახლა კი რუსეთის სახელმწიფო ბიბლიოთეკა გამართავს ხელნაწერის პრეზენტაციას და აიღებს პასუხისმგებლობას XX საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლიტერატურული ძეგლის შენახვაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ მიხეილ შოლოხოვის რომანს წელს 80 წელი შეუსრულდა,
დორის ლესინგმა კუთვნილი ჯილდო მიიღო
30 იანვარს ლონდონში ნობელის პრემიის ლაურეატმა, დორის ლესინგმა, თავისი კუთვნილი ჯილდო მიიღო. მწერალი ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ ეწვია შვედეთის აკადემიას დაჯილდოების ცერემონიალზე, ახლა კი 88 წლის ქალბატონი სტაფილოსფერი ხავერდის კაბითა და კაშნეთი საკმაოდ ჯანმრთელად გამოიყურებოდა და ხალისით გამოართვა პრემია შვედეთის ელჩს ბრიტანეთში, შტეფან კარლსონს. ამ უკანასკნელმაც თავის მხრივ კომპლიმენტები არ დაიშურა მოხუცისთვის და მას საპატიო ჯილდოს გვირგვინოსანი უწოდა. ლესინგმა კი სამადლობელ სიტყვას ჩვეული იუმორი გამოურია: “ამის იქით ალბათ აღარაფერია – ახლა მგონი ისღა დამრჩენია, რომის პაპისგან თავზე ხელის გადასმას დაველოდო”. დორის ლესინგი მეთერთმეტე ქალია ნობელის პრემიის ისტორიაში, რომელმაც ეს ჯილდო მიიღო.
უოლტ უიტმენის ძეგლი მოსკოვში
ამერიკელი პოეტის, უოლტ უიტმენის ძეგლი რუსეთის დედაქალაქში დადგმება. ძეგლის გახსნა მოსკოვში სექტემბრისთვისაა დაგეგმილი, ინიციატივა კი ვაშინგტონის მერიასა და რუსულ-ამერიკული კულტურული თანამშრომლობის ფონდს ეკუთვნის. სამუშაოების შესრულებისთვის 150 ათასი დოლარია გამოყოფილი. მაისში, პოეტის დაბადების დღეს, ოთხმეტრიანი ქანდაკების ადგილის პრეზენტაცია შედგება ლომონოსოვის სახელმწიფო უნივერსიეტის ბიბლიოთეკის ახალ შენობასთან. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ უიტმენი არა მარტო ამერიკული კულტურისთვის არის განსაკუთრებული ფიგურა, არამედ მნიშვნელოვანია იგი რუსული ლიტერატურისთვისაც თავისი შემოქმედებით გავლენებით რუს პოეტებზე. თუმცა, ისიც აღინიშნა, რომ ძეგლს კულტურულზე მეტად პოლიტიკური დატვირთვა ექნება ორი ქვეყნის ურთიერთობის განვითარებისათვის.
ორჰან პამუკის სიცოცხლე კვლავ საფრთხეშია
თურქეთში შეიარაღებული დაჯგუფება დააკავეს, რომელიც ცამეტი ულტრანაციონალისტის მიერ იყო ჩამოყალიბებული და მათ თურქი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, ორჰან პამუკის ლიკვიდაცია ჰქონდათ დაგეგმილი. საერთაშორისო ბესტსელერების (“მე მქვია წითელი”, “შავი წიგნი”, “თოვლი”, “სტამბული”) ავტორის ფიზიკურ განადგურებას შეიარაღებული ჯგუფი 2009 წლისთვის აპირებდა. ამჟამად ეჭვმიტანილები სამხედრო სამსახურიდან დეზერტირებულ სხვა დამნაშავეებთან ერთად თურქეთის სამართლებრივი ორგანოების მეთვალყურეობის ქვეშ არიან, თუმცა, ქვეყნის გამოხატვის თავისუფლების საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი, სანარ იურდაპტანი აცხადებს, რომ მსგავსი საპროტესტო გაერთიანებები ყოველთვის არსებობდა და იარსებებს თურქეთში, და მწერლის სიცოცხლის უსაფრთხოების გარანტია ვერასდროს ვერ იქნება ქვეყანაში.