20 წლის ასაკში, გონებისდაკარგვამდე იყო შეპყრობილი მხოლოდ საკუთარი თავით, რომელსაც უკვე ვეღარ იტანდა. სხვები როგორღა დაეხმარებოდნენ მას, ვისაც არაფრის მიღება არ სურდა? ხალხს მხოლოდ მაშინ ურეკავდა, როცა დახმარება სჭირდებოდა და არ სიამოვნებდა, საპასუხო თანადგომასაც თუ მოითხოვდნენ. მისი შესაძლებლობები საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენდა, რის გამოც სასაცილო მდგომარეობაში ვარდებოდა.
საკუთარი თავი დაარწმუნა, ამბიციური ვარო, როცა, სინამდვილეში, უსაზღვროდ ამპარატავანი ბრძანდებოდა. ადგა და სოციალური წარმატების მისაღწევად დიდ რბოლაში ჩაება, რამაც კარიკატურული სახე მიიღო: ხშირად ხედავდნენ წვეულებებზე, ამა ქვეყნის დიდებულთა ცოლებთან არშიყისას. ერთმა მათგანმა მის სადავო ღირებულების ხიბლს ვერ გაუძლო და ბოლოს, როცა სალვატორმა გააცნობიერა, რა როლშიც აღმოჩნდა, მიხვდა, რომ ეს ყველაფერი საოცნებო თანამდებობად არ ღირდა. ღირსება უცხო არ იყო მისთვის: ის იტანჯებოდა.
მის ერთ შორეულ მდიდარ ნათესავს მემკვიდრე არ ჰყავდა. სალვატორმა გულისამრევ ვიზიტებს მოუხშირა. ბიძა დიდად გამჭრიახი არ გახლდათ და ეგონა, თავაზიანი ყმაწვილიაო. ჰოდა, მას მდივნობაც შესთავაზა. ეს მიამიტი უმალვე ჩააფრინდა ამ ადგილს, რომელიც დიდად არ ბრწყინავდა – იმ რწმენით, ერთადერთი მემკვიდრე ვიქნებიო.
მთელი წლის განმავლობაში სალვატორი მომაბეზრებელ საქმეებს ასრულებდა და მხოლოდ ფულზე ფიქრობდა. ეს ყველაფერი კი იმდენად იყო დასანანი, რამდენადაც ბიჭს სულაც არ აინტერესებდა გამორჩენა. მატერიალური კეთილდღეობისკენ ლტოლვა მხოლოდ მის კომპლექსებს გამოხატავდა: დაიჯერა, ხალხი ვერ მიმიღებს, თუ საკმაო ქონებას არ დავაგროვებო.
უნდოდა, სხვებს მიეღოთ. რომ გეკითხათ, ამაში რას გულისხმობო, პასუხის გაცემა გაუჭირებოდა. ვერც კი წარმოედგინა ის ანგარიშგასაწევი კაცი, როგორად გახდომაც სურდა.
შეფს ძალიან უყვარდა. როგორ უცნაურადაც არ უნდა მოსჩვენებოდა, მას ამ თავგასული ბიჭის დაფასება შეეძლო. როცა მლიქვნელური პირფერობა ავიწყდებოდა, სალვატორის სახეს ხისტი სისუფთავის ნიშნები ემჩნეოდა, რაც ბევრს ამბობდა იმაზე, თუ ვინ იყო ის სინამდვილეში – დაკარგული ბავშვი, იმ ეპოქაში გზააბნეული პაჟი, რომელიც რაინდულ ხანას ნამდვილად აღარ წარმოადგენდა.
ბიძია ნაზერმა მას ერთი გოგო გააცნო. ირენი 19 წლის იყო, იმდენად ნატიფი, რამდენადაც მომხიბვლელი. სალვატორი ვერ მიხვდა, რაღა მაინცდამაინც ეს გოგო აურჩია ნაზერმა, მაგრამ თუ ბიძამ ასეთი არჩევანი გააკეთა, ხომ შეიძლებოდა, ბევრად უარესიც მომხდარიყო? იმასაც კეთილგანწყობით შეხვდა, რომ შეფი მის პირად ცხოვრებაში ჩაერია და განა ამით არ მიანიშნა, ვაჟიშვილად გთვლიო? ჰოდა, მდივანიც მეტისმეტად თავს ევლებოდა ირენს.
ეს უკანასკნელი თავშეკავებით ისმენდა კომპლიმენტებს. სალვატორს მოსწონდა ამგვარი წინდახედულება: ცოტა არ იყოს, გულიც კი შეუვარდა ამ გოგოზე. თვითონ რომ აერჩია, იმასაც ხომ შეძლებდა, რომ გულწრფელად ჰყვარებოდა?
ამ დღიდან ირენი გვერდიდან არ მოსცილებია. ნაზერს სურდა, გოგოს მანქანის მართვა ესწავლა და მასწავლებლად სალვატორი დაუნიშნა. ისინი საათობით ისხდნენ ხოლმე იმ “იაგუარში”, რომლის მფლობელიც ბიჭის ბიძა ბრძანდებოდა. ირენს მართვის ნიჭი საერთოდ არ აღმოაჩნდა. “ნეტა რად უნდა ნაზერს ასე ძალიან, რომ მართვის მოწმობა მქონდეს?” – ამბობდა ის.
ბიჭი გულში პასუხობდა ამ შეკითხვას: “ბებერი მელა უეჭველად იმას ფიქრობს, რომ ყველაზე ბუნებრივი გზა გამონახა ჩვენს დასაახლოებლად”.
ერთ დღეს კი, როცა მანქანის უკან სვლას ასწავლიდა, გოგოს ნიკაპში სწვდა და ტუჩებში აკოცა. გონზე ვერ მოვიდა იმ სიამოვნების შემდეგ, რაც ამ დროს განიცადა.
ირენი გაოცებისგან მხოლოდ მცირე ხანს – ოციოდე წამს დამორჩილდა. მერე შიშნარევი მზერა შეავლო, მანქანიდან გადმოვიდა და გაუჩინარდა.
“თავს იდებს”, – თქვა გამხიარულებულმა სალვატორმა და “იაგუარი” ავტოფარეხისკენ გააქროლა.
* * *
იმავე საღამოს ბიძა და ყმაწვილკაცი განმარტოებით ვახშმობდნენ.
– რაკი მარტონი ვართ, მინდა ირენზე დაგელაპარაკო.
– ამას ველოდი კიდეც, – სალვატორმა გაუღიმა.
– რას ფიქრობ ამ გოგოზე?
– შესანიშნავი, იდეალური გოგონაა.
– ბედნიერი ვარ, რომ ჩემსავით ფიქრობ.
– ეჭვი გეპარებოდათ?
– არა, რას ამბობ. მეჩვენება, რომ ერთმანეთს მშვენივრად უგებთ.
– თქვენ ხომ ვერაფერს გამოგაპარებთ კაცი.
– კეთილი. მიხარია, რომ ეს გოგო მოგწონს. წარმოგიდგენია – ორსულად არის!
– რა?
– ჰო, ჩემო ბიჭუნა. 58 წლის ასაკშიც შეგვიძლია ცუღლუტობა.
სალვატორმა გულისრევა შეიკავა, სანამ იტყოდა:
– და რას აპირებთ?
– შენარჩუნებას, აღიარებას. არასდროს მიფიქრია, რომ შვილი მეყოლებოდა, მაგრამ ახლა, როცა ასე მოხდა, კმაყოფილიც კი ვარ.
– ირენს ცოლად მოიყვანთ?
– მაინც არა. მასზე ორმოცი წლით უფროსი ვარ და ვიცი, რა არის სასაცილო. წარმომიდგენია როგორი სახეები ექნებათ მერიის თანამშრომლებს, ჩვენი საბუთების შევსებას რომ შეუდგებიან.
სალვატორმა საკუთარ თავს ჰკითხა, მეან-გინეკოლოგების სახეებსაც რატომ არ წარმოიდგენს ნაზერიო.
– შენი თავშეკავების იმედი მაქვს. ირენი ხშირად აღარ გამოჩნდება მომდევნო თვეების განმავლობაში.
– და მართვის გაკვეთილები?
– ალბათ შეწყდება. წარმოიდგინე ხალხს ბავშვის მამა შენ რომ ეგონო!
ბიძა სიცილით გადაბჟირდა, თითქოს ეს ვარაუდი საშინლად თავშესაქცევი ყოფილიყო, ბიჭმა კი გაიფიქრა, რომ ერთადერთი დასაშვები ჰიპოთეზა სწორედ ეს იქნებოდა.
* * *
გოგოს ორსულობამ სალვატორის სიძულვილი გაზარდა.
სიძულვილი ნაზერის მიმართ, ვისაც გარყვნილად თვლიდა. ის აზრი, რომ ამ ბებერმა მძორმა ახალგაზრდა სხეული გაანაყოფიერა, ცუდად ხდიდა; და ფაქტი, რომ კაცი ამით ამაყობდა, გულს უფრო მეტად ურევდა.
ირენის მიმართ სიძულვილი, ვისაც სულელად თვლიდა – მიაჩნდა, რომ სრული უფლება ჰქონდა, ეთქვა, მიღალატაო. უფრო მეტიც, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ბიძამისს დაუწვა, უდავოდ, ფული უნდა ყოფილიყო.
უკიდურესი სიძულვილი იმ ბავშვის მიმართ, რომელიც დღე-დღეზე დაიბადებოდა – ამ ამაზრზენი სიყვარულის ნაყოფს მისი ადგილი უნდა დაეკავებინა: მემკვიდრეობას ხომ, საბოლოოდ, სწორედ ის მიიღებდა.
“მე კიდე გოშიად ვყავდი მთელ წელზე მეტი და რა შემრჩა”.
წამითაც არ განათებია გონება, რომ მიმხვდარიყო: თუ, ამ სიტუაციაში, ირენი ზიზღს იმსახურებდა, არც თვითონ იყო მასზე ნაკლები და ბავშვის მიმართ სიძულვილიც გამორჩეულ უსამართლობას წარმოადგენდა.
სალვატორმა სრული გასაქანი მისცა საკუთარ სიძულვილს. წამითაც არ შეპარვია ეჭვი, რომ სცდებოდა.
* * *
როგორც კი ირენმა იმშობიარა, ყმაწვილმაც თავისი საქმე აღასრულა.
რობერტ ვან გულიკის რომანების თავგადაკლულმა მკითხველმა გრძელი და წვრილი ლურსმანი იშოვა. არავის დაუნახავს, როგორ შევიდა ბავშვის ოთახში, ვისაც იმ დროს ღრმა ძილით ეძინა. ჩაქუჩის რამდენიმე დარტყმით, მან ბოლომდე ჩაარჭო ლურსმანი ჩვილის თავის ქალაში, რომელმაც საშინელი ჩხავილი მორთო. სალვატორი გაუჩინარდა.
ახალშობილის ტირილმა საბოლოოდ მოიყვანა გონზე: თავისი საქციელის მთელი საშინელება დაინახა. “მოვკალი. ყველაზე უმანკო სიცოცხლე მოვსპე ფულის გამო”.
მკვლელის თავში ელვის უსწრაფესად ხდებოდა ყველაფერი: “ან ამ წამსვე თავი უნდა მოვიკლა, ან რაც შეიძლება, შორს უნდა წავიდე და სხვა ვინმე გავხდე”.
რადგან კიდევ ერთი ადამიანის მოკვლა აღარ შეეძლო, მეორე გამოსავალი დაუფიქრებლად აირჩია. აეროპორტში, პირველივე თვითმფრინავში ავიდა, რომელიც ჰონგკონგში მიფრინავდა.
თვითონაც არ იცოდა, რატომ მოეჩვენა ეს ქალაქი იდეალურ ადგილად. რასაკვირველია, მას ნამდვილად ჰქონდა უპირატესობები: ჰონგკონგი საკმარისად ჩინური იყო იმისთვის, ვინც ეს-ესაა რობერ ვან გულიკის პერსონაჟივით ჩაიდინა მკვლელობა და საკმარისად დასავლური – იმისთვის, ვისაც არასდროს დაუტოვებია ევროპა – და, რაც მთავარია, ძალიან შორს იყო.
სალვატორს უნდოდა, რომ ყველაფერს გასცლოდა, რასაც წარსულში წარმოადგენდა. ახლა უკვე სიმდაბლედ ეჩვენებოდა არა მხოლოდ საკუთარი დანაშაული, არამედ ის განცდებიც, რომლებიც მანამდე აწუხებდა.
“აღარ მინდა რაიმე დამრჩეს იმისგან, რაც აქამდე ვიყავი”.
* * *
ეს ყველაფერი მანამდე მოხდა, სანამ ჰონგკონგი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შეუერთდებოდა.
ნამდვილად იდეალური ადგილი იყო ცხოვრების თავიდან დასაწყებად. ჰონგკონგში შეიძლებოდა, სამშობლო სულაც არ გქონოდა. იქ ისეთი ნარევი მოსახლეობა ცხოვრობდა, რომ უცოდველობით შენიღბული კრიმინალური წარსული სრულიად შეუმჩნეველი დარჩებოდა. ამ განურჩევლობის წყალობით, ახალმოსული საკუთარ დანაშაულზე არასდროს ფიქრობდა.
იაპონელი მილიარდერის მსგავსად, რომლის სახელიც შეფუთვას ნიშნავდა, სალვატორმა პატარა ფარდული დადგა ტროტუარზე, სადაც ქოლგების გაყიდვა დაიწყო. თავსხმა წვიმის შემთხვევაში, გამვლელები ისეთი იაფი პროდუქციით უნდა მოემარაგებინა, რომ არც კი დაფიქრებულიყვნენ, შეეძინათ თუ არა შემოთავაზებული ნივთი.
უამინდობის წყალობით, საქმე წარმოუდგენლად აყვავდა, ხოლო წარმატებამ ყველაზე ფანტასტიკურ მოლოდინსაც გადააჭარბა. ყმაწვილკაცმა “ცუცუმის” მოდელირება შეწყვიტა და დიდი მაღაზიების ქსელის დაარსება გონებაშიც არ გაუვლია. დივერსიფიკაციის მტერმა გადაწყვიტა, რომ საკუთარი ცოდვების გამოსყიდვის საშუალებაზე – ქოლგაზე – კონცენტრირებულიყო.
ჰონგკონგი ისევ საკმაოდ ბრიტანული იყო იმისთვის, რომ ზემოთ ნახსენები ნივთისთვის იქ საკმარისი პატივი მიეგოთ. ინგლისელი ჯენტლმენი ფეხსაც არ გაადგამდა გარეთ ამ ელეგანტური აქსესუარის გარეშე. რა თქმა უნდა, თუ წვიმა წამოვიდოდა, იგი არასდროს აღმოჩნდებოდა იმდენად ვულგარული, რომ ქოლგა გაეშალა – აი, რატომ ეცვა მას საწვიმარი ლაბადა – მაგრამ ნივთი ამტკიცებდა, რომ ეს დამოკიდებულება ნებაყოფლობით არჩევანს წარმოადგენდა.
ჰონგკონგი საკმარისად ჩინური იყო, რათა ხალხი გონივრულად მოქცეულიყო: იქ ქოლგებს შლიდნენ ხოლმე. ამ ნივთის სამომავლო სრულყოფისთვის ეს ქალაქი იდეალურ ადგილს წარმოადგენდა: აღნიშნულ ეპოქაში, დედამიწის მხოლოდ ამ ერთადერთ ნაგლეჯზე ითვლებოდა ერთსა და იმავე დროს საჭირო ნივთად და ელეგანტურობის ნიშნად – ქოლგა-პარადოქსი.
კონტინენტურ ევროპაში ეს ნივთი დაწყევლილი იყო. ღიად და გამოსაჩენად მისი ტარება თავზე ხელის აღებას ნიშნავდა. თავსხმა წვიმაში უფლება გქონდა, სხვა თუ არაფერი, საწვიმარი ლაბადა გამოგეყენებინა. აკრძალვის დარღვევა და გაშლილი ქოლგით ქუჩაში სიარული კი ისეთ ცინიკურ მეტსახელებს იმსახურებდა, რომელთა შორის ყველაზე ნაკლებად გესლიანი “მერი პოპინსი” იყო. თითქმის არ გაგკიცხავდნენ, თუ სადმე წვნიანში ჩამბალივით სველ-სველი გამოცხადდებოდი ან სულაც სახლიდან ფეხს არ გაადგამდი.
ჰონგკონგში ევროპის კონტინენტური ნაწილიდან ჩამოსულებიც მრავლად იყვნენ. სალვატორმა ჩაიფიქრა, თუ ქოლგასთან მიმართებაში მათი წინააღმდეგობის გადალახვას შევძლებ, მაშინ ამას მთელს მსოფლიოშიც მოვახერხებო.
როცა მენტალურ წინაღობას აწყდები, თავისთავად გიჩნდება იმის მიზეზი, რომ მას სახელი გადაარქვა. ახალგაზრდა კაციც უკვე ქოლგებს კი აღარ ყიდდა, არამედ სალვატორებს: ეს მისი სავაჭრო საქონელი გახდა.
რა იყო აქ აბსურდული: ის, რაც წვიმის დროს თქვენს ჯანმრთელობას, ტანსაცმელს, ვარცხნილობას, დოკუმენტებს და ა.შ. გადაარჩენს, ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ სალვატორი ერქვას.* ესეც ხომ ხსნაა.
ეს სალვატორის სულის ხსნა იყო: მოთხოვნილება გაუჩნდა, საქმეში ბოლომდე ჩაფლულიყო, იმ ჯარისკაცის მსგავსად, არმიისთვის თავგანწირვა თავადვე რომ სჭირდება. ეჰ, რამდენი ადამიანი იქნებოდა ცუდად საკუთარი თავის გასხვისების გარეშე!
საქმე კარგად შემობრუნდა: პატიოსნების ერთგვარი სახეა, როცა თავშესაფარს ყიდი. მისი ბიზნესი აყვავდა: სალვატორებს დახვეწილი ფერები ჰქონდა და წვიმის პირველი წვეთებისთანავე, ციდან დანახული ჰონგკონგი გაზაფხულს ემსგავსებოდა, რომელშიც ათასობით სინთეტიკური გვირგვინი გადაშლილიყო. სალვატორს შესანიშნავი იდეა გაუჩნდა – ამ ფენომენალურ ყვავილობას კოშკის სიმაღლიდან სურათი გადაუღო: ეს დიდებული ფოტო კი გიგანტური რეკლამისთვის გამოადგა ჯერ სინგაპურში, შემდეგ – ტოკიოში, ლოს ანჯელესში, ნიუ იორკში – და სადაც ნიუ იორკს ახსენებენ, იქ პარიზსაც მოიხსენიებენ ხოლმე, რომელიც ახალგაზრდა კაცმა ორი წლის წინ, ბოლომდე განადგურებულმა დატოვა.
სალვატორის ტრიუმფმა მთელი პლანეტა მოიცვა. ის, ვინც ერთი ქედმაღალი ბიჭი იყო, სანიმუშო ბოსი გახდა: მხოლოდ თანამშრომლების მცირე ნაწილს უსმენდა, თუმცა ყველა პატივს სცემდა. ადამიანის არსებობის აზრიც აღმოაჩინა, რაც მანამდე არ იცოდა. მისი ფირმა სანიმუშო მოდელს წარმოადგენდა, როგორც მისი ფინანსური, ასევე სოციალური სიჯანსაღისთვის.
მომხიბლავი და უკვე მდიდარი სალვატორის თავზე წვიმდა და წვიმდა.
* * *
მომეტებულად წვიმდა. იმ წელს მხოლოდ ჭარბი ნალექი კი არ მოვიდა, რომელმაც მოგება გაუზარდა, არამედ ცვიოდნენ და ცვიოდნენ ქალები მის მკლავებში.
თავი განზე არ დაუჭერია. მოსწონდა, რომ მოსწონდათ. ლამაზი ქალისთვის უარის თქმა არ შეეძლო. ისინიც თავზე ევლებოდნენ. ყველა მათგანი თავისი ქოლგის პატარა კუთხეს სთავაზობდა, რაც მალევე სალვატორის პატარა კუთხედ გადაიქცეოდა ხოლმე. ამ სასიამოვნო მუსონმა მთელი ათი წელი გააბედნიერა.
წვიმების სეზონი დამთავრდა: მისი ბიზნესი ისევ ყვაოდა, მაგრამ სალვატორმა ერთი აუტანლად ლამაზი ჩინელი ქალი გაიცნო. ქალს არ უყვარდა. პირველად მოხდა, რომ კაცისგან არაფერი უნდოდათ. გაგიჟდა და დაიჯერა, რომ თავდავიწყებით იყო შეყვარებული. ქალს ცოლობა სთხოვა. ის კი იმდენად ბოროტი აღმოჩნდა, რომ დათანხმდა.
მან ბოლომდე გაიზიარა ის უცნაური ხვედრი, რომელიც მასთან თანაცხოვრებაში მდგომარეობს, ვისაც არ უყვარხარ. ალბათ წინა ათი წლის უამრავმა სასიყვარულო თავგადასავალმა მოთხოვნილება გაუჩინა, რომ ერთხელ მაინც დაემცირებინათ. ასეც ხდებოდა.
სალვატორი იმ ტიპის კაცი იყო, ვინც ჭკუას მანამდე ვერ სწავლობს, სანამ მრავალჯერ არ შეცდება. ეს ქორწინება მართლაც დიდი შეცდომა იყო, რამაც საბოლოოდ მოარჯულა.
საბედნიეროდ, ბავშვი არ ჰყოლია მასთან, ვისაც არ უყვარდა. როცა ექვსწლიანი ცოლქმრული ტანჯვა-წამების შემდეგ, ქალს ჰკითხა, ცოლად რატომ გამომყევიო, იმან დაუფიქრებლად უპასუხა:
– სიძულვილის გამო.
განქორწინდა. სწორედ ამის დრო იყო.
* * *
მოპოვებული თავისუფლების წყალობით, მიხვდა, რომ თვრამეტი წელი – თითქმის ცხოვრების ნახევარი – ისე გაატარა, პარიზი არ ენახა. უცებ იქ დაბრუნების დაუძლეველი სურვილი იგრძნო.
ეს 1997 წელს მოხდა. რამდენიმე თვეში ჰონგკონგი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შეუერთდა. ამ დათმობის თაობაზე სალვატორს განსაკუთრებული არც არაფერი უფიქრია. ჰონგკონგი მისი წარმატების ამოსავალი წერტილი იყო, მაგრამ აგრეთვე მისი წარუმატებელი ქორწინების ქალაქიც: ადგა და გაემგზავრა. იმ უკიდურესი ფუფუნებით ისარგებლა, რომლის უფლებასაც სიმდიდრე იძლევა: თან არაფერი წაუღია.
თვითმფრინავში საკუთარ თავს ეკითხებოდა, რატომ მეჩვენება პარიზი ასეთი სასურველიო. კოლეტის ფრაზა გაახსენდა: “პარიზი ერთადერთი ქალაქია მსოფლიოში, სადაც აუცილებელი არ არის, ბედნიერი იყო!” ჰო, აი, ეს უნდა ყოფილიყო.
რუასიში, როცა ტაქსის მძღოლმა ჰკითხა, სად მიგაბრძანოთო, სალვატორმა დაუფიქრებლად სთხოვა, ლუვრისკენ წადიო. იქიდან ფეხით გაემართა – ალალბედზე. შენობების ადგილმდებარეობა დავიწყებოდა. ყველაფერი აოცებდა: სენა, ხიდები, ის ძველი ნაგებობები, რომელთა სახელებიც თანდათან ახსენდებოდა. ენა ერთდერთი იყო, რაც სჯეროდა, რომ ახსოვდა.
მიხვდა, რატომ ამბობდნენ ხოლმე, ეს მხიარული პარიზიო: აქ ისეთი სიმსუბუქე დახვდა, რაც სხვაგან არსად ენახა. ცხოვრებაში არასდროს ყოფილა მსგავსად – როგორც თევზი წყალში.
სასტუმროში დაბინავდა და თავისი ფირმის ფრანგული ფილიალის ხალხს დაუკავშირდა. ბოსის იქ ყოფნამ ყველა გააოგნა. მათ უთხრა: “ისე მოიქეცით, თითქოს აქ არ ვიყო”. მიუხედავად ამისა, მაინც იწვევდნენ გაუთავებელ მიღებებზე, გალა-კონცერტებზე, გამოფენებზე, სადილებზე, წვეულებებზე. მთელი მსოფლიო ხომ მშვენივრად არის მოწყობილი, როცა საქმე მათ გამოკვებაზე მიდგება, ვისაც არ შია.
სალვატორმა უკანა ჯიბეში გადაინახა ეს შემოთავაზებები, ღრმა დეპრესიის დღეებისთვის.
“ოცი წელი ვიცხოვრე ამ ქალაქში. ვხვდები, რომ ეს დიდი ხნის წინ იყო, მაგრამ ნუთუ ფირმის დახმარება მჭირდება იმისთვის, რომ თავი სახლში ვიგრძნო?”
მოგზაურობა მაინც ბოლომდე მიიყვანა. ბავშვობის სახლი მინიატურული მოეჩვენა. სკოლა დაენგრიათ. ლიცეუმი მოზარდებით იყო გადაჭედილი, რომლებიც უტიფრად ათვალიერებდნენ.
“და მერე?” მერე რა უნდა ექნა, აღარ იცოდა. ახსოვდა, რომ მეხსიერება დაებინდა: უმჯობესი იქნებოდა, 20 წლის ასაკი არ გაეხსენებინა.
საბოლოო ჯამში, სულაც არ იყო დარწმუნებული, რომ ამ ქვეყანასთან საკმარისი მოგონებები აკავშირებდა, რათა საკუთარი იდენტობა მოეხელთებინა. “და მაინც, თუ აქ არა გაქვს იდენტობა, სხვაგან სად შეიძლება იპოვო?”
იმავე საღამოს, მძიმე კაეშნის ტყვეობაში მყოფმა იგრძნო, რომ მარტო ყოფნა აღარ შეეძლო. მიწვევების სიას გადახედა და ნახა: ბ. დე მ.-ებთან წვეულებაზე ეპატიჟებოდნენ.
როცა ტაქსიმ იქ მიიყვანა, ისევ სირცხვილმა შემოუტია: “აზრზე ხარ? ჩამოსვლის მეორე დღეა და უკვე კომფორტს ეძებ, ამ ვითომ მაცდურ ელიტარულ ამბებში. მაინცდამაინც რაღაცას უნდა წარმოადგენდე? და ისიც გაიხსენე, ამ შემოთავაზებას როგორ ქედმაღლურად უსმენდი ტელეფონზე. რა სუსტი ხარ!”
ამაზე ადვილი არაფერი იყო. შეიძლება ხმამაღლა არ ეთქვა, მაგრამ უთუოდ უნდა გასჩენოდა ეჭვი, რომ თავი იმ აჩრდილებით ჰქონდა გამოტენილი, რომლებიც მშობლიური ქვეყნის სურნელს სცნობდნენ: ისინი მხოლოდ გამოფხიზლებას ითხოვდნენ. ჰო, არსებობს შემთხვევები, როცა საკუთარ თავთან მარტო დარჩენა იმდენად მავნეა, რომ ნებისმიერი რამ უნდა გერჩიოს, თუნდაც წვეულება ბ. დე მ.-ებთან.
ბ. დე მ.-ები თავიდან ცივად შეხვდნენ, როგორც ასეთ ხალხს სჩვევია მათ მიმართ, ვინც არასდროს თვალით არ უნახავს. როგორც კი სალვატორმა საკუთარი სახელი ახსენა, მასპინძლებს სახეები გაუბრწყინდათ: “ძვირფას მეგობარს” მაშინვე შამპანურის ფუჟერი მიაწოდეს და “წმიდათაწმიდაშიც” შეუძღვნენ. მანაც არ დააყოვნა და იმათ, კუდში რომ დასდევდნენ, ხელიდან გამოეცალა.
ბ. დე მ.-ების სასახლეს სკანდალური სიდიდის ბაღი ჰქონდა. სალვატორი სწორედ იქ სეირნობდა და ამ უბანში კვადრატული მეტრის ფასზე ფიქრობდა, როცა ხილვა გამოეცხადა.
* * *
გოგონას გვამი პირდაპირ ბალახზე ეგდო. ისეთი სიბნელე სუფევდა, ჩამოწოლილ წყვდიადში ვერაფრით შენიშნავდა, რომ არა მისი სუდარასავით თეთრი კაბა.
სალვატორმა მკვდართან ჩაიმუხლა და შეამჩნია: ცოცხალი იყო. რატომ ეგონა მიცვალებული? იმიტომ, რომ ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს თავდაყირა ამობრუნებულიყო, სანამ მიწაზე დავარდებოდა.
ცოტა შამპანური დაალევინა. გოგომ თვალები გაახილა და ცნობისმოყვარეობით შეხედა.
– გული წაგსვლიათ.
– ხანდახან ისეთი ელვისებური შაკიკი მაქვს, რომ გონებას ვკარგავ.
მას დღესავით ხმა და ღამესავით თვალები ჰქონდა. საოცრად ლამაზი იყო, იმდენად ამაღელვებელი, რომ სალვატორს მაშინვე თავდავიწყებით შეუყვარდა.
გულზე მოეშვა, როცა შეიტყო, რომ ბ. დე მ.-ების ნათესავი არ იყო.
– ორმაგად ობოლი ვარ, რადგან ვინც მიშვილა, ისინიც დაიხოცნენ. თითქოს უბედურება მომაქვს. ბ. დე მ.-ები ნამდვილად გამბედავები არიან, სტუმრად რომ დამპატიჟეს.
ზოე ეს-ესაა მოზარდობის ხანიდან გამოსულიყო. ჩვეულებრივ, სალვატორს პატარა გოგოები არ იზიდავდა. ის კი, 18 წლისა, უკვე ორ მემკვიდრეობას ფლობდა: მისი ნამდვილი მშობლები ისეთივე მდიდრები ყოფილან, როგორც ისინი, ვინც იშვილა.
“ოცი წლით უფროსი ვარ მასზე”, – ფიქრობდა აფორიაქებული სალვატორი, რადგან შინაგანი ხმა ეუბნებოდა: “ოცი წელი არაფერია. გაიხსენე ორჯერ უფრო დიდი ასაკობრივი სხვაობა… ვისა და ვის შორის?”
კაცის გონებამ უმალვე მონახა გამოსავალი და ზოესთან დაბრუნდა. მას ის აღარასდროს მიუტოვებია.
* * *
ზოე ცოტას ლაპარაკობდა. როცა ყველაზე ჩვეულებრივ კითხვებს უსვამდნენ, დიდხანს ფიქრობდა, სანამ უპასუხებდა. მას ყველასგან გამორჩეული ხიბლი ჰქონდა.
ვიღაც-ვიღაცები ამას სისულელედ თვლიდნენ. ზოგიერთი მეტიჩარა დიდ მახვილგონიერებად მიიჩნევდა, თუ ზოეს კითხვების დასმით გამოსცდიდა. მისი შენელებული რეაქციები ხომ საყოველთაოდ ცნობილი იყო. მაგალითად:
– დღეს კარგი ამინდია?
გოგო ვერ აცნობიერებდა, რომ სხვები მხოლოდ ეთამაშებოდნენ: ცაზე დაკვირვებას იწყებდა, იქაურობას ჯერ გულდასმით მოათვალიერებდა, მერე შუბლს შეკრავდა, ხანდახან თვალებსაც კი ხუჭავდა, რათა უკეთ ეგრძნო, როგორ ეალერსებოდა ლოყებზე ნელი სიო და ამ დაკვირვების შემდეგ, რომელიც შეიძლება ათ წუთზე მეტსაც კი გაგრძელებულიყო, აზრის გამოთქმას გაბედავდა:
– “კარგი ამინდი” ალბათ გაზვიადებული ნათქვამი იქნება. ღრუბლები თითქოს იმუქრებიან და ჰაერშიც სიცივე იგრძნობა.
ეს სულაც არ იყო სულელური პასუხი. სამწუხაროდ, მეტიჩრებისთვის ისიც საკმარისი იყო, დაცინვას ვერ მიხვდაო, რომ გოგოსთვის იდიოტის იარლიყი მიეწებებინათ.
სალვატორი ღვთაებრივად მიიჩნევდა ასეთი დიდებული სახისა და უცნაური საქციელის შერწყმას. მას უყვარდა და სხვების აზრს ყურადღებას არ აქცევდა.
ზოეს არც თაყვანისმცემლები აკლდა, რადგან ძალიან მდიდარი იყო. თუმცა ისინი იმ ტიპის კაცებს მიეკუთვნებოდნენ, რომლებსაც ზედმეტად აინტერესებთ, “რას იტყვის ხალხი” და მაშინვე თავს ანებებდნენ, როგორც კი დაინახავდნენ, თუ რამდენად “გაურკვეველ” ვინმეს გადაყროდნენ. ასეთი დიდი აღმოჩნდებოდა ხოლმე მათი შიში, ამ გამოშტერებულის გამო რეპუტაცია არ შეგველახოსო.
უფრო სერიოზული შემთხვევაც მოხდა: მაღალმა საზოგადოებამ გადაწყვიტა, რომ გოგონა “ვულგარულ” სუნამოებს ხმარობდა. სინამდვილეში, ზოეს ყვავილებზე მეტად არაფერი უყვარდა. აღმოსავლურ სავაჭრო ფარდულებში, ყვავილების ესენციების თაროების სიახლოვეს ჭკუას კარგავდა: თითოეულ ფლაკონს ყნოსავდა, თვალებს ხუჭავდა და მათი სურნელებით სრულ ექსტაზამდე თვრებოდა.
ბოლოს გარდენიას ზეთი აირჩია, რომლის უკიდურესი სიფაქიზეც მუდამ ხიბლავდა. ეს სუნი, ყვავილის დასრესილი ფურცლების სურნელივით რომ დაჰყვებოდა, ქალბატონებისა და ქალიშვილების დახვეწილ სუნამოებზე მძაფრად იგრძნობოდა.
ერთ საღამოს სალვატორმა შენიშნა: მისი პატარა განმარტოებულიყო და სადაცაა, ტირილს დაიწყებდა. გოგომ აღიარა, რომ მადამ ბ. დე მ.-მ (თუ მ. დე ბ. – მ) კეთილი განზრახვით ურჩია:
– ჩემო ძვირფასო, თავს უფლებას ვაძლევ, გითხრა, რადგან დედაშენის ხნის ვარ: ქათამივით და უფრო უარესი, უკანასკნელი ბოზივით ყარხარ. აღარ იყიდო სუნამოები ბაზრობაზე.
სალვატორი, რომელსაც ნახევარი ცხოვრება ჰონგკონგში გაეტარებინა, თვლიდა, რომ ზოეს საშინლად კარგი სუნი ჰქონდა. ამ ანჩხლი დედაკაცის სიტყვებმა კი საშინლად გააბრაზა:
– უნდა გააგრძელო ამ სუნამოს დასხმა. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მომაჯადოებელი სუნი აქვს და კიდევ, იმის გამო, რომ საშუალებას გაძლევს, დროის დაკარგვის გარეშე განასხვავო ჩვენი მეგობრები იმათგან, ვინც ჩვენი მეგობრები არ არიან.
– ჩვენი მეგობრები? გინდათ თქვათ: ჩემი მეგობრები.
– ჩვენი მეგობრები! არ შემიძლია მათი ატანა, ვისაც არ უყვარხარ.
* * *
გარდენიას ზეთის კრიტერიუმი მეტად ქმედითი აღმოჩნდა: ზოე და სალვატორი მალევე შერჩნენ ერთმანეთს, სრულიად ეულნი და ცხოვრებით აღფრთოვანებულნი. ერთიც და მეორეც საკმარისად თავაზიანი იყო იმისთვის, რომ სამყარო თავად არ მიეტოვებინა: საბედნიეროდ, სამყარომ ზიზღით შეიკუმშა ნესტოები, რათა მათი ბედნიერების სურნელი არ ეყნოსა. არცერთს აღარსად ეპატიჟებოდნენ, რამაც მათი სიყვარული კიდევ უფრო გაზარდა.
ზოემ მთელი თავისი სურნელი დააფრქვია. თმების გაშლა ისწავლა, რაც მართლაც შესანიშნავი ჰქონდა:
– ყოველთვის გრძელთმიანი ვიყავი, ახლადდაბადებულიც კი. უთმო არასდროს ვყოფილვარ.
სალვატორს სურათები აჩვენა: ეს თმიანი ახალშობილი მას რაღაცას თუ ვიღაცას აგონებდა, მაგრამ ვის? “ჩვილები ყოველთვის ერთმანეთს ჰგვანან”, – ფიქრობდა იგი.
ერთ დღეს გაბედა და ჰკითხა, რითი დაიღუპნენ შენი ნამდვილი მშობლებიო.
– თავი მოიკლეს, როცა 6 თვის ვიყავი.
უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილმა კაცმა გვერდით გაიხედა.
– წერილი დამიტოვეს, მაგრამ წაკითხვა ვერ გავბედე, – უთხრა გოგომ.
– გასაგებია.
ისინი კი, ვინც ზოე იშვილა, ავტოკატასტროფაში დაღუპულან, ორი წლის წინ. სალვატორმა ჩათვალა, რომ ეს გოგო უიღბლო იყო.
ყველაზე დიდ საშინელებას მაინც შაკიკი წარმოადგენდა, რომელიც ბოლოს უღებდა. საბედნიეროდ, არც ისე ხშირად აწამებდა, მაგრამ როცა ეწყებოდა, გოგო უმალვე ჯოჯოხეთის კარიბჭესთან აღმოჩნდებოდა ხოლმე.
– ასეთ წუთებში მინდა, რომ მოვკვდე – ეუბნებოდა ის, – სიკვდილი სულ ახლოს მეჩვენება და მიუხედავად ამისა, გვერდით ისე ჩამივლის ხოლმე, თითქოს გადაიფიქრაო.
– ვერცერთმა ექიმმა ვერ შეძლო, შენთვის ემკურნალა?
– ვერცერთმა. იქნებ ბედნიერიც კი ვარ: შეტევები ადრე უფრო ხშირად მქონდა, როცა პატარა ვიყავი.
– სამედიცინო შემოწმება ჩაიტარე?
– არა. რა თქმა უნდა, სიმსივნე არ იქნება. თანდაყოლილი კიბო ხომ არ არსებობს.
სალვატორმა ეს არგუმენტი ცოტა უცნაურად მიიჩნია. დაჟინებით სთხოვდა, სხვა ექიმებთან მიდი, რომლებიც უფრო საფუძვლიანად გამოგიკვლევენო. გოგო მერყეობითა და გაღიზიანებით პასუხობდა.
– იმდენჯერ ვენდე ექიმებს, – ბოლოს ესღა თქვა, – თითოეულ ჯერზე კი სულ ამაოდ. აღარ მინდა, გავბრიყვდე. ახლა აქ შენ ხარ და მე აღარაფერს ველოდები.
“რა თავნებაა!” – გაიფიქრა კაცმა, სანამ ამ სიტყვის ხმარების გამო გააჟრჟოლებდა. ზოეს შემთხვევაში, თავნებობა, უმთავრესად, შაკიკით აიხსნებოდა, რომელიც თავის ქალის შიგნით ყველაფერს უტრიალებდა. მან ისიც კი გაიფიქრა, ალბათ შემთხვევითი არ არის, ყველაზე თავბრუდამხვევ სუნამოებს რომ ირჩევსო.
* * *
სალვატორს უკვირდა, რომ ასე ძალიან უყვარდა. რა თქმა უნდა, გოგოს ყველაფერი ჰქონდა, რათა კაცს თავდავიწყებით შეჰყვარებოდა და მიუხედავად ამისა, ის, რასაც ზოეს მიმართ გრძნობდა, მასზე ბევრად ძლიერი იყო.
ზოგჯერ ვერც კი ბედავდა ეთქვა, როგორ უყვარდა – ეშინოდა, არ შევაშფოთოო. გრძნობდა, რომ გოგო საკუთარი არსების იმ ნაწილით შეჰყვარებოდა, რომელიც, ჩვეულებრივ, სიყვარულს არ სცნობდა და უპირისპირდებოდა კიდეც: თუ ზოე ამ კაცის საუკეთესო მხარესთან ურთიერთობდა, ამავე დროს, რაღაც უცნაური გზით, იმასაც ეხებოდა, თუკი რამ ბნელი, ქაოტური, აშლილი, მძიმე, ყრუ, უსიცოცხლო, ხრწნადი იყო მასში – იმას, რაც სალვატორს ბოროტებასთან ანათესავებდა.
თავბრუსხვევამდე უყვარდა. ბედნიერი იყო, რადგან ბევრ ქალს იცნობდა საიმისოდ, რომ მიმხვდარიყო, რამდენად არ ჰგავდა მათ ზოე. სხვებს ყველაფერი ჰქონდათ – მაგრამ ყველას ჰქონდა რაღაც ისეთი, რაც მეტ-ნაკლებად დიდ სიყვარულს კლავდა და საუკეთესო შემთხვევაში, მათ ეს გაცნობიერებული ჰქონდათ; ყველაზე უარეს და ყველაზე ხშირ შემთხვევებში კი, ისინი ამას ვერ აცნობიერებდნენ და არც დამალვით იკლავდნენ თავს, ჰოდა, შეუძლებელი იყო, რეკორდულად მოკლე დროში, კაცს გატაცება სიძულვილად არ შეცვლოდა.
ნუთუ ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ზოე ასეთი ახალგაზრდა იყო? სალვატორი, რომელმაც ნორჩ გოგონებშიც იმდენივე ვულგარულობა აღმოაჩინა, რამდენიც უფროს თაობაში, ამაში დარწმუნებული ვერ იქნებოდა. ეს გოგო ისეთი სუფთა იყო, თან არც უსიამოვნო სუნი ჰქონდა, რომელიც სოციალური დახმარების მუშაკებს ასდით ხოლმე და რაც, ზოგადად, სუფთა ქალებს ახასიათებთ. იგი თავისებური ხიბლით გამოირჩეოდა, თუმცა იმ გამაღიზიანებელი არამდგრადობის გარეშე, რაც მომხიბვლელი ქალიშვილების საწარმოო წუნია. იუმორიც ჰქონდა და მიუხედავად იმისა, რომ სალვატორს თავს არასდროს ახვევდა გაცვეთილ გამოთქმას: “აი, რა ხუმარა ვარ”, კაცს მუდამ განცვიფრება იპყრობდა ხოლმე. გონებამახვილი იყო და მაინც არ ხდებოდა ამაზრზენი: ისეთ ქედმაღლურ გამომეტყველებას არ მიიღებდა, რომლის დროსაც ტუჩები იჭიმება და უზომოდ იბრიცება.
როცა სალვატორი საკუთარ თავს ეკითხებოდა, საიდან მოდის ზოეს ასეთი სრულყოფილებაო, იძულებული ხდებოდა, დაეშვა, რომ მან რაღაც გზა გაიარა –როგორც მოგზაურობისას: თითქოს იმ ადგილას წავიდა, სადაც იმისთვის მიდიან, რომ აღარ დაბრუნდნენ და ის მაინც დაბრუნდა. ამ წინათგრძნობას ვერაფრით ხსნიდა.
* * *
ყველაზე საოცარი კი ის იყო, რომ გოგოსაც უყვარდა.
– რატომ გიყვარვარ? – ჰკითხა ზოეს, თუმცა ბოლომდე გაცნობიერებული ჰქონდა კითხვის მთელი აბსურდულობა.
მან, ვისაც ათი წუთი მაინც სჭირდებოდა პასუხის გასაცემად კითხვაზე “როგორი ამინდია?” – დაუფიქრებლად უთხრა:
– იმიტომ რომ შენ ხარ.
– მე ვარ და მერე რა?
– ეს შენ ხარ. როცა მიახლოვდები, როცა ჩემს თავს ხელებში იქცევ, გცნობ.
– საიდან მცნობ?
– არ ვიცი. ძალიან შორიდან. ამას ვგრძნობ.
– რას გრძნობ?
– ვგრძნობ, რომ დიდი ხნის წინ ამირჩიე და მე ყოვლისშემძლედ გაქცევ.
– ამ ყველაფრით რისი თქმა გინდა?
– ეს ისეა, თითქოს ადამიანური შესაძლებლობების საზღვრებს მიღმა გამიყვანე.
ესენი საალერსო სიტყვები იყო. თუმცა სალვატორს უცნაურად ეჩვენებოდა. აი, ამიტომ სვამდა ხშირად ამ შეკითხვას. პასუხი თითქმის არ იცვლებოდა და როცა ამის შემდეგ ზოეს სახეს ხელებში მოიქცევდა ხოლმე, გოგოს თვალებში შიშის ნაპერწკალი კრთებოდა, რომელიც კაცს მეტად აფორიაქებდა.
* * *
ისინი დაქორწინდნენ.
ქორწილზე არავინ დაპატიჟეს, არა იმიტომ, რომ სხვები სძულდათ, არამედ იმის გამო, რომ მეგობრები არ ჰყავდათ.
ქუჩაში ალალბედზე აჩერებდნენ გამვლელებს და ეკითხებოდნენ, თანახმა იქნებით თუ არა, მოწმეებად გამოგვყვეთ მერიაშიო: ბოლოს ვიღაც კაცი და ქალი იპოვეს, რომლებიც იმდენად უსაქმურები აღმოჩნდნენ, რომ დათანხმდნენ.
სალვატორის პირველ ქორწინებას მთელი ჰონგკონგი ესწრებოდა. კაცმა ჩათვალა, რომ ამან უბედურება მოუტანა. და განა რწმენის ნაკლებობა არ იყო ამდენი ხალხის მოწვევა იმ სპექტაკლზე, რომელიც სიყვარულად უნდა ჩათვლილიყო? რა ფუნქცია ეკისრებოდა ორასორმოცდაათ სტუმარს, თუ არა შეუღლებულების დარწმუნება იმაში, რომ საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვან წუთებს მიითვლიდნენ?
მერიიდან გამოსვლისას მან გოგოს ჰკითხა, საქორწინო მოგზაურობაში ხომ არ წავსულიყავითო. ის იმ პირობით დათანხმდა, თუ იმავე წუთს გაემგზავრებოდნენ და პირდაპირ ოსტენდში.
– რატომ ოსტენდში?
– იმიტომ, რომ ჯეიმს ენსორის ქალაქია, – უპასუხა მან, თითქოს ეს ხომ ისედაც ცხადიაო.
მაშინვე მანქანაში ჩასხდნენ. ოთხ საათში უკვე ოსტენდში იყვნენ. სალვატორს აღაფრთოვანებდა იმაზე ფიქრი, რომ საქორწინო მოგზაურობისთვის მსგავს ადგილს სხვა არავინ აირჩევდა.
პატარა მორუხო კრევეტების პაკეტი და ერთი დიდი ბოთლი “ფრუი დეფანდუ”** იყიდეს. ჯებირის კიდეზე ჩამოსხდნენ, ზღვის პირისპირ. ზოე კრევეტების გამორჩევას შეუდგა. სალვატორის ხელში რეგულარულად ჩნდებოდა პაწაწინა გემრიელი ხორცი, რომელსაც დიდხანს ინახავდა ენაზე, სანამ გადაყლაპავდა.
თანდათან შეამჩნია, რომ კრევეტებს მხოლოდ თვითონ ჭამდა: ზოე ხორცს მას აძლევდა და თავად ნარჩევ-ნაფცქვენის ღეჭვით კმაყოფილდებოდა. მაშინვე გააპროტესტა ასეთი უსამართლობა.
– როგორ ვერ მიხვდი, – უთხრა გოგომ, – მირჩევნია თავის თავისქალებიდან წვენი გამოვწუწნო. ვგიჟდები ამაზე.
ცოტა არ იყოს, გონარეულმა კაცმა განუცხადა, შენი უცნაური ჩვევების შესახებ ქორწინებამდე უნდა გაგეფრთხილებინეო.
– თავის ქალების მწოველი მომაყვანინე ცოლად, თანაც გაუფრთხილებლად.
გოგომ გაიცინა.
“თავი. ისევ თავი”, – გაიფიქრა კაცმა.
მარილიანი ენები და თითები ერთმანეთზე ეწებებოდათ, მაგრამ ლუდი მაინც პირდაპირ ბოთლიდან დალიეს.
* * *
იმან, რასაც ქორწინების პირველი ღამე უნდა ვუწოდოთ, სასტუმრო “ბელჟიკაში” ჩაიარა. სალვატორმა ზოე საწოლში ჩააწვინა, სადაც გოგომ სამი დღე-ღამე გაატარა. ფანჯრიდან ოსტენდ-დუვრის გემის გასვლა-მოსვლის დანახვა შეეძლოთ, აგრეთვე მოლუსკების გამყიდველისაც – ანფასში. სალვატორი მხოლოდ გაუფცქვნელი მორუხო კრევეტების მარაგისთვის ტოვებდა ხოლმე ოთახს.
სამი ღამის შემდეგ ზოემ იკითხა, სად წავიდეთო.
– ბრიუსელში, – თქვა სალვატორმა.
– რატომ ბრიუსელში?
– ჯეიმს ენსორის სურათის გამო: “ქრისტეს შესვლა ბრიუსელში”, – უპასუხა მან, თითქოს ეს ხომ თავისთავად ცხადიაო.
მანქანაში ჩასხდნენ და საათნახევრის შემდეგ უკვე ბრიუსელში იყვნენ, სადაც ყველა სასტუმრო გადავსებული დახვდათ, წყალქვეშა გარემოში გალვანოპლასტიკის შესახებ გამართული კონგრესის გამო.
ძალიან გაბრაზდნენ, რადგან ღამის გატარება აუცილებლად ბრიუსელში სურდათ და არა ერთ-ერთ ახლომდებარე ქალაქში. დიდი ხნის ძებნის შემდეგ, პატარა ოთახი იპოვეს, სასოწარკვეთილთა სასტუმროში, უროს ქუჩაზე.
– თავი სიმენონის რომანში მგონია, – თქვა აღფრთოვანებულმა ზოემ.
კედლებზე მუშამბა გაეკრათ, რომელიც, ოცდაათი წლის წინ, ნარინჯისფერი იქნებოდა და რომელსაც ახლა ჩახარშული და მთელი კვირით ქვაბში ჩარჩენილი სტაფილოს მონაცრისფრო ელფერი დაჰკრავდა.
ამ შენობის მფლობელი ერთი ტრავმირებული მოხუცი ქერა ქალი იყო, რომელიც მუდმივად რაღაცას გაჰკიოდა. “ზედა ქუჩის” პერსონაჟს ჰგავდა – იმ ფილმის, ასობით მაყურებელმა რომ ნახა და რომელიც ბრიუსელზე გაცილებით მეტს ჰყვება, ვიდრე ყველა გიდი ერთად.
სალვატორი მაშინვე მიხვდა, რომ ეს ქალაქი დაწყევლილი იყო და აქ სიარული ცეცხლთან თამაშს ჰგავდა: “სიყვარული, რომელიც ბრიუსელში გატარებულ ღამეს გაუძლებს, ნამდვილი სიყვარულია”, – გაიფიქრა მან.
დაწყევლილობის დამამტკიცებელი საბუთი: ზოეს, ვინც ოსტენდში თავს შესანიშნავად გრძნობდა, უროს ქუჩის ოთახში ისეთი საშინელი შაკიკი დაეწყო, რომ ყველაზე უარესი შეტევებიც კი დაავიწყა.
– ისე ცუდად ვარ, გადასარევი იქნება, ამ წამს აპოკალიფსი თუ დაიწყება.
– გინდა ექიმი მოვძებნო?
– რა აზრი აქვს. რაღაც ტკივილზე უფრო თავბრუდამხვევი მინდა.
– მაშ რა?
– არ ვიცი.
სალვატორი გარეთ გავარდა. უროს ქუჩაზე ვერაფერი იპოვა. ვერც ნამგლის ქუჩაზე. გრდემლის ქუჩაზე ერთი მეყვავილე იყო. მაღაზიაში შევიდა და კაცს სთხოვა, აქაურობა ახლავე მომაქირავეთო.
– რა ამბავია? – ჰკითხა გამყიდველმა.
– ფარდულს ასევე დამითმობთ, ყვავილებიანად – ხვალ დილამდე. და აქ არავინ უნდა შემოვიდეს, თქვენც კი არა.
ისეთი ფანტასტიკური თანხა შესთავაზა, რომ მეყვავილემ უარი ვეღარ თქვა.
სალვატორი სასტუმროში დაბრუნდა, ზოე ხელში აიყვანა და მაღაზიისკენ გაემართა. მოვაჭრემ რკინის ფარდა ჩამოუშვა. ისინი თაიგულებთან განმარტოვდნენ.
ამდენი მცენარის სურნელთა ნაზავი ისეთი მძაფრი და მათრობელა იყო, რომ ზოე მოთენთილობის მდგომარეობიდან გამოვიდა. როცა დაინახა, სადაც იმყოფებოდა, აღფრთოვანდა. შაკიკმა გაუარა.
ყვავილთა მომეტებულმა სურნელმა ისინი უცნაურ მდგომარეობაში ჩააყენა. მთელი ღამე ალერსში გაატარეს. რადგან გამოკეტილები იყვნენ და საკვებზეც ადრევე არ იზრუნეს, დედოფლის ყვავილებითა და გლიცინიებით დანაყრდნენ. ზოემ, რომელსაც მთელი ბარბი დ’ორვილი გადაკითხული ჰქონდა, ვარდის დაღეჭვაც სცადა. დაიჭყანა.
– მხოლოდ ნუშის ნამცხვარშია კარგი, – განმარტა მან.
– ვარდები სხვა რამისთვის გამოგვადგება, – თქვა სალვატორმა. – ეს ერთადერთი ყვავილია, რომელიც დაფურცლულიც ისეთივე ლამაზია, როგორც მთელი.
– მართლა?
კაცმა დაუფურცლა: შროშანი, ორქიდეა, პიონი, ზამბახი, გლადიოლუსი, ჰორტენზია, არჯაკელი, სოსანი, გვირილა, მიხაკი, კესანე, ფრთათეთრა, ჭრელი ტიტა, კატაბარდა, ასტრა, შავი კამელია, ფუქსია და ბაბუაწვერა – გოგო დარწმუნდა: მხოლოდ ვარდის დაფურცვლას ჰქონდა აზრი. ეს ერთადერთი ყვავილი იყო, რომელიც, ირგვლივ მიმოფანტული, ვნებისამშლელად გამოიყურებოდა და არა – მომაკვდავად.
მათ ვარდის ფურცლების საწოლზე დაიძინეს.
* * *
დილის 6 საათზე მეყვავილემ, პროფესიული განრიგის შესაბამისად, მაღაზიის რკინის ფარდები ასწია. შეყვარებულები წამოხტნენ.
– რაც შეიძლება, მალე უნდა ვიყოთ მალინში, – თქვა სალვატორმა.
– რატომ?
– ნახავ.
ისევ მანქანით წავიდნენ და საათზე ნაკლებ დროში უკვე მალინის ტაძართან იყვნენ. შიგნით შესვლისთანავე სალვატორმა ისე მოაწყო, რომ ზუსტად ზარის ქვეშ დადგნენ.
7 საათზე ზარების რეკვა დაიწყო. ზოეს ასეთი უჩვეულო ხმები არასდროს სმენოდა.
– მოიცა, – თქვა კაცმა.
უცებ ამქვეყნად ყველაზე ფანტასტიკური ჟღერადობის ზარი ახმიანდა – ისეთი უზარმაზარი, რომ შეყვარებულთა სხეულებს თავიდან ფეხებამდე ჟრჟოლამ დაუარა.
ვერანაირი შეგრძნება ვერ გაუტოლდებოდა ადამიანის სხეულში ხმაურის ამგვარ შეღწევას: ეს აფეთქების ტალღას ჰგავდა, რომელიც მარაოსავით იშლებოდა. თითოეულ ჯერზე, როცა კი ზარის ენას ჩამოჰკრავდნენ, თავის ქალა იკუმშებოდა, შემდეგ ფართოვდებოდა და თითქოს ბუნებრივ ზღვარს სცილდებოდა. ტვინი ბრუნავდა, საზღვრებიდან გადადიოდა, უდიდესი სიამოვნებით ათრთოლებული და გაბერილი.
ნეტარებით გაოგნებულმა ზოემ იკითხა:
– ომი დაიწყო?
– არა, განგაშის ზარი ასეთი ლამაზი არ არის. აქ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ზარს რეკენ. მას თავისი ისტორია და სახელი აქვს.
– და რა ჰქვია?
– სალვატორი.
* * *
ცეცხლთან თამაშში გატარებული ბრიუსელური ღამისა და მალინის ზარის დეციბელებით განწმენდის შემდეგ, ახალდაქორწინებულებმა გადაწყვიტეს, მეტაფიზიკური საფრთხეებით სავსე ქვეყანა დაეტოვებინათ და ისევ საფრანგეთში დაბრუნებულიყვნენ.
პარიზში, ამ უცნაური საქორწინო მოგზაურობით მოქანცული ზოე დასაძინებლად გაიქცა.
სალვატორი მეტად შეძრული იყო იმისთვის, რომ ძილი მორეოდა. ადგა და ცოლის ძველმანი ხარახურის დახარისხება დაიწყო: ეს მართლაც აუცილებელი იყო. ზოეს სახლში არეულობაც შემოქმედების ნაყოფს წარმოადგენდა: შიში გეუფლებოდა, რამეს არ შევეხოო, იმდენად გენიალური მანერით იყო შექმნილი ეს ქაოსი; იქ, სადაც სხვები იმითაც დაკმაყოფილდებოდნენ, რომ თავის ნივთებს დაალაგებდნენ, ზოე მათ ირგვლივ მიმოალაგებდა ხოლმე.
ამ ავგიას თავლის დასუფთავების პირველი ეტაპი აღწერა უნდა ყოფილიყო. სალვატორი წარმოდგენილ საგნებს ინიშნავდა და სანამ მათ ჩააწყობდა ან ერთმანეთზე დაალაგებდა, ფურცელზე იწერდა, რომლის თავზეც აღნიშნა: “ზოეს არეულობა”. თითოეულ ჯერზე დგებოდა ის ონტოლოგიური მომენტი, როცა საგნისთვის სახელი უნდა დაერქმია, რათა მისი ჩანიშვნა შესძლებოდა.
ზოგჯერ ეს საკმაოდ მარტივი იყო: “ხის ცხვირმოტეხილი თოჯინა”, ან “სურათებიანი წიგნი, ბავშვის მიერ ფანქრით დახაზული გვერდებით”, ან “მეგობრის ღია ბარათი, რომელიც არდადეგებს ბრეტანში ატარებდა”, ან “1985 წლიდან ვადაგასული კანფეტები”.
ყველაზე ხშირად, იდუმალებით მოცულ ნივთებს აწყდებოდა: “ინდიელის ქანდაკება – კარამელნარევი საძერწით გამოძერწილი”, “ნახატი, რომელიც წარმოადგენს ადამიანს, ან საწუწნ კანფეტს, ან ხეს”, “თმის ბღუჯა, წებოს ან გამკვრივებული საღეჭი რეზინის შემცველობით”, “ჩუტყვავილას ვირუსით სავსე ფლაკონი – ბაქტერიოლოგიური თავდასხმისთვის, ან ტბის აყროლებული წყალი”.
ხანდახან ეს ყველაფერი შემაშფოთებელ სახეს იღებდა: “ფეხის დიდი თითის ფრჩხილი, მთლიანად ამოგლეჯილი”, ან “უცნობი წარმომავლობის კბილი”, ან “ვინმე მადამ მიშოტის მკვლელობის წმინდა ფიცი, სისხლით დაწერილი ასოებით”.
სალვატორი დაწვრილებით იწერდა, რასაც ხედავდა. თავს არასდროს აძლევდა იმის უფლებას, რომ რამე გადაეგდო – რაც არ უნდა მოხვედროდა ხელში. ესენიც კი ჩაინიშნა: “ძველი ბინძური ქაღალდის ცხვირსახოცი” და “შოკოლადი “BN”, სანახევროდ შეჭმული, აყროლებული.”
როცა წერილს გადააწყდა, არ წაუკითხავს. კონვერტზე მოთავსებული საფოსტო ბეჭდისა და გამგზავნის სავარაუდო სახელის დახმარებით ჩაინიშნა.
საბოლოოდ, ეს იდუმალი კონვერტი მაინც მის ხელში მოხვდა. იქ კი ეწერა: “ჩვენს ძვირფას გოგონას”. სალვატორს ისეთი განცდა დაეუფლა, რომ ამ ხელწერას იცნობდა.
უცებ მიხვდა, რაც ხდებოდა. წერილი გაშალა და იგრძნო, როგორ უცემდა საფეთქლები. შინაგანი ხმა კარნახობდა: “ამის უფლება არა გაქვს. ეს დანაშაულია!” მეორე ხმა უყვიროდა: “ეს ხელწერა! კარგად იცი, ვინც არის! სიცოცხლეს როგორღა გააგრძელებ, თუ დარწმუნებული არ იქნები! ჰო, ეს დანაშაულია! მაგრამ დანაშაულის კვალობაზე, ამაზე უარესი რაღაც გაქვს ჩადენილი!”
მეტი აღარ შეეძლო. წერილი გახსნა:
პარიზი, 9/12/1979
ზოე,
როცა ამ სიტყვებს წაიკითხავ, მე და დედაშენი დიდი ხნის მკვდრები ვიქნებით. შენ მხოლოდ 6 თვის ხარ და ვერ გაგვიხსენებ. რა თქმა უნდა, თავის მოკვლა საშინელი საქციელია, როცა შენსავით პატარა გოგონა გვყავს. გთხოვთ, გვაპატიო. სინამდვილეში, მეტის ატანა აღარ შეგვიძლია: შენ ჩხავი, ზოე, სულ ჩხავი. ლამის გავგიჟდეთ. პედიატრებმა, რომლებმაც გაგსინჯეს, ვერაფერი გაგიგეს. მე და ირენს ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ ტანჯვით სავსე ტომარას ვაჩუქეთ სიცოცხლე.
თვეებია, რაც აღარ გვძინავს: შეიძლება, საღ გონებაზეც ვეღარა ვართ. ეჰ, ვინ შეძლებს, რომ გაგვიგოს? როგორ ავიტანოთ ბავშვის ყოლით გამოწვეული გამუდმებული დათრგუნულობა? M
მეორე მხრივ, შენს დაბადებას ერთი სამწუხარო მოვლენა ახლდა: მდივანი მყავდა, რომელიც შვილივით მიყვარდა. მას სალვატორი ერქვა და 20 წლის იყო. ჩემთან ცხოვრობდა. დედაშენსაც ძალიან უყვარდა. რამდენიმე დღის გაჩენილი იყავი, როცა გაქრა: ისე აორთქლდა, კვალიც არსად დაუტოვებია. პოლიციამ გვითხრა, ასეთი რამეები ხშირია და არაფრის იმედი არ უნდა გქონდეთო. ისე ვიტანჯები, თითქოს შვილი დამეკარგოს.
ჩვენ გვიყვარხარ, ზოე. ყველაზე, ყველაზე ბედნიერ ცხოვრებას გისურვებთ.
შენი საყვარელი მშობლები, ირენი და ნაზერ ე.
* * *
სალვატორმა სახე ხელებში დამალა.
არაფერი დავიწყებია. აღმოაჩინა, რომ ერთსა და იმავე დროს უდანაშაულო და დამნაშავე იყო.
მის ერთ ნაწილს ჯერ კიდევ არ სჯეროდა. უნდოდა, ამ ყველაფერში დარწმუნებულიყო და ზოესთან გაიქცა, რომელსაც ისევ ღრმა ძილით ეძინა. წუთიერად დანაზდა, არ გავაღვიძოო და შემდეგ თმის ღერები იმ ადგილას გადაუწია, რომელიც მოგონებებიდან ახსოვდა: აღმოაჩინა, რომ ლურსმნის წვრილი და ჩაქუჩით გაბრტყელებული თავი ძვალში იყო ჩარჭობილი.
გაოგნებული ეკითხებოდა საკუთარ თავს, ამას როგორ გადაურჩაო. მეხსიერებაში ბიოლოგიის ბუნდოვანი ცნებები ამოუტივტივდა, საიდანაც თითქოს ირკვეოდა, რომ ეს ჩვილების რბილი ყიფლიბანდის გამო უნდა მომხდარიყო, რომელიც ზრდის პროცესში თანდათან მაგრდება ხოლმე.
ჩათვალა, ამ ყველაფრის ასახსნელად შესაფერისი დრო არ არისო. მან წარბების ამოსაქნელ პინცეტს დაუწყო ძებნა და ყოველგვარი სიფრთხილის საპირისპიროდ – არც იმაზეც უფიქრია, როგორ არანორმალურად რისკავდა –შეყვარებულის თავის ქალიდან ლურსმანი ამოაძრო. იმავე წამს შენიშნა, რომ დანაშაულის იარაღის ამოღება უფრო რთული და უფრო ჩუმი იყო, ვიდრე მისი ჩარჭობა, და გაიფიქრა, დრო რომ მქონოდა, აქედან ფილოსოფიურ დასკვნებს გამოვიტანდიო.
ზოემ ვერაფერი იგრძნო და ისეთივე ღრმა ძილი გააგრძელა, როგორითაც თვრამეტი წლის წინ ეძინა. კაცმა, დეზინფექციისთვის, მერკუროქრომით მოუწმინდა პაწაწინა ჭრილობა.
* * *
ოთახიდან გამოვიდა, რათა არ შეეწუხებინა ის, ვინც უყვარდა და არყის ბოთლი აიღო. დივანზე დაებერტყა. ბოთლის ყელიდან ერთი ყლუპი მოსვა, რამაც გულ-მუცელი ჩაუთუთქა. სწორედ ეს შეგრძნება სჭირდებოდა. იჯდა და ხელისგულზე მოთავსებულ სისხლიან ლურსმანს მედიტაციურად უჭვრეტდა.
(ჩადენილი დანაშაულის სიბრტყეზე, მას ვერავინ თანაუგრძნობს – ვერც ამ სტრიქონების ავტორი, რომელსაც სხვა რა შეუძლია, გარდა იმისა, რომ სალვატორს გულმოწყალედ შეხედოს).
ამ საქმეში სიკეთე ისე შერეოდა ბოროტებას – იმგვარი პროპორციით, რომ მათ გამოცალკევებას ქვეყნად ვერავინ შეძლებდა. კანონის თვალში – ფორმალურად – სალვატორს მხოლოდ თვრამეტწლიანი შაკიკის გამო ეკისრებოდა პასუხისმგებლობა, თუმცა მას საკმარისი სინდისი ჰქონდა, რათა თავი ცოტა მეტად დამნაშავედ ეგრძნო. მეორე მხრივ, თვითკმაყოფილება უცხო იყო ამ უცნაურად სუფთა სულისთვის: მომნანიებლის ბრიყვულ ფუჭსიტყვაობას მან ჩუმი გამოსწორება არჩია.
არყის ახალმა ყლუპმა საკუთარი არჩევანის სისწორეში დაარწმუნა: ის არაფერს იტყოდა. დანაშაულთან ერთად იცხოვრებდა, რომლისგანაც სიტყვით თავს არასდროს გაითავისუფლებდა. მისი მონანიება დადუმება იქნებოდა. არავის შეაწუხებდა ასეთი ფრაზებით: “ნამდვილი ურჩხული ვარ”, ან “როგორ მრცხვენია”, რაც სხვა არაფერია, თუ არა სიბრალულის იოლად გამოწვევის ხერხი. იგი არც საკუთარ ურჩხულობას უარყოფდა: უბრალოდ, თავისთვის შეინახავდა.
კიდევ რისი გაკეთება შეეძლო? მხოლოდ დაზარალებულები თუ აპატიებდნენ: ამ შემთხვევაში კი, ორივე მთავარი დაზარალებული მკვდარი იყო. ასე რომ, მისი დანაშაული გამოუსყიდველი გახლდათ.
მხოლოდ ერთი დაზარალებული რჩებოდა, რომელიც, რა თქმა უნდა, ვერასდროს შეძლებდა ისე განუზომლად მიეტევებინა, როგორც მას სჭირდებოდა, მაგრამ ბედისწერამ, გაუგებარი შემწყნარებლობით, სიყვარულის შესაძლებლობა მისცა: და ეს არ იყო ხსნა – ეს წყალობა იყო. სალვატორი ვერასდროს გადარჩებოდა და მაინც, იგი მადლცხებული იყო: გამორჩეული მეტაფიზიკური სტატუსი ჰქონდა.
მას, ვინც ვერასდროს გადარჩებოდა, სხვისი გადარჩენის ძალა შესწევდა. ზოეს არაფერს ეტყოდა. მისი მხრიდან ეს კიდევ ერთი დანაშაული იქნებოდა, ალბათ, უარესიც კი: გოგო თავს დამნაშავედ იგრძნობდა – “მშობლებმა ჩემი ბავშვური ჩხავილის გამო მოიკლეს თავი” – და ის ნამდვილად არ იმსახურებდა ამას.
ერთ ხელში კაცს არყის ბოთლი ეჭირა, მეორეში – ლურსმანი. მოეჩვენა, რომ ეს უცნაური ატრიბუტები მთელს მის ცხოვრებას გამოხატავდნენ: ერთი მხრივ, ყველაზე ამაღელვებელ თრობას, ხოლო მეორე მხრივ, ყველაზე იდუმალ დანაშაულს. ცეცხლოვანი სითხე, უმნიშვნელო ბრალეულობა. შლეგური სიყვარული და უვნებელი იარაღი. ლურსმნის დამალვა მუჭშიც შეიძლებოდა, დასახელებული სასმელის შემთხვევაში კი ეს ვერ მოხერხედებოდა.
“ასე იყოს. იმაზე დიდი სიყვარული არ არსებობს, რომელიც არაღიარებული დანაშაულის ნანგრევებზე დაშენდება”, – გაიფიქრა მან და არყის კიდევ ერთი ყლუპი მოსვა.
* * *
როცა ზოემ გაიღვიძა, ვერ შენიშნა ბალიშზე გაჩენილი სისხლის პაწია ლაქა, რომელმაც უფრო მეტად გაამყარა მათი ქორწინება, ვიდრე მუსულმანი პატარძლის დასვრილმა ზეწარმა.
სალვატორთან ჩავიდა, ვინც, ქვედა სართულზე, ოთახისა და საკუთარი ფიქრების ზედაპირულ დალაგებას ამთავრებდა. მზრუნველობით, რომელიც ყველა ქმარს უნდა ახასიათებდეს, იმის მიუხედავად, მკვლელია თუ არა, კაცმა ჰკითხა, თავს როგორ გრძნობო.
– უკეთესად, ვიდრე ოდესმე, – უპასუხა გოგომ.
– შაკიკი აღარ გაწუხებს?
– არანაირი ნიშანი აღარ მაქვს. თითქოს უფრო ნათელი აზრებიც მომდის.
ასე ექცევა განგება ელეგანტურ დამნაშავეებს. თვრამეტი წლის განმავლობაში თავში ჩაჭედილი ლურსმნისგან ზოეს ერთადერთი გართულება დარჩა: მისი ტრავმირებული ტვინი მუდმივად ერთმანეთში ურევდა ზმნებს: “დასახიჩრება” და “დაშტერება”, რის გამოც შემზარავ ან აბსურდულ ფრაზებს წამოისროდა ხოლმე, მაგრამ რეალური სიღრმის გარეშე.
მას თავი აღარასდროს ასტკიებია.
პარიზი, 25/2/2003 – პონ-დ’უა, 21/4/2003
* პერსონაჟის სახელი “მხსნელს” ნიშნავს (მთარგმნელის შენიშვნა)
** აკრძალული ხილი (ფრ.)
ფრანგულიდან თარგმნა ირმა ტაველიძემ
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“