ავტორი: როუან მური
1976 წლის მარტში ბარვიხას სანატორიუმში ექიმმა ერთ დროს ცნობილი არქიტექტორი ბორის იოფანი თავის სავარძელში გონდაკარგული იპოვა. ხელში ვერა მუხინას ქანდაკების „მუშა და კოლმეურნე ქალის“ ესკიზი ეჭირა. მონუმენტის, რომელიც 1937 წლის პარიზის მსოფლიო გამოფენაზე საბჭოთა პავილიონის დასამშვენებლად შეირჩა.
საოცარია, ბორის იოფანმა ამდენ ხანს რომ იცოცხლა. 1891 წელს ოდესაში, ებრაულ ოჯახში დაიბადა – გენოციდს, რევოლუციებს, მსოფლიო ომებსა და შიმშილობას გადაურჩა. როგორც სტალინის ყველაზე ცნობილი პროექტების არქიტექტორმა კი, მრავალი წელი მკვლელი დიქტატორების გარემოცვაში გაატარა. მისი უამრავი მომხრე, მეგობარი, კოლეგა, თანამოაზრე თუ ებრაული ანტიფაშისტური კომიტეტის წევრი აწამეს და დახვრიტეს. იოფანი კი არა მხოლოდ გადარჩა, არამედ მეოცე საუკუნის არქიტექტორის ყველაზე დასამახსოვრებელი ნიმუშები შექმნა.
ამ მიზეზით მიიპყრო დეიან სუჯიჩის ყურადღება. ავტორმა თავის წინა წიგნში „ნაგებობის კომპლექსი“ (The Edifice Complex) არქიტექტურისა და ძალაუფლების ურთიერთმიმართებას იკვლია, ხოლო ამჯერად „სტალინის არქიტექტორით“ იოფანის აბსურდული და საშინელებათა ისტორიებით სავსე ცხოვრების ამბავს გვიყვება. ყურადღებას ამახვილებს თვალშისაცემ პერსონაჟებსა და მრავლისმთქმელ წვრილმანებზე, როგორიც საბჭოთა ელიტისთვის აშენებულ შენობებზე დატანილი მდიდრული დეტალებია; გვაცნობს იოფანის კონკურენტ კარო ალაბიანსა და კომიკურობამდე იდეოლოგიზებულ არქიტექტორ ჰანეს მაიერს, რომელსაც საბჭოეთის ქება-დიდება არც მას შემდეგ შეუწყვეტია, რაც სისტემამ შვილის დედა მოუკლა, ხოლო ვაჟი ბანაკში გაუგზავნა.
წიგნის ეპიცენტრში საბჭოთა სასახლის საგა ექცევა – ბოლშევიკური რევოლუციის აღსანიშნავად ასაშენებელი ცათამბჯენს ლენინის გიგანტური ქანდაკება დაამშვენებდა. მთლიანობაში შენობის ზომა ერთად აღებულ თავისუფლების ქანდაკებასა და ემპაირ სტეიტ ბილდინგს დაჯაბნიდა. პროექტმა სტალინის ფავორიტი არქიტექტურული სტილიც განსაზღვრა – მონუმენტური, კლასიკური, შიგადაშიგ სლავური ელემენტებით. თუმცა ომის დაწყების შემდეგ საჭირო რაოდენობის ფოლადისა და მუშახელის მოძიება შეუძლებელი აღმოჩნდა.
ამის ნაცვლად მოახერხეს პარიზში პავილიონის აშენება. მორიგი შენობა, რომელიც დიდი ქანდაკების პიედესტალის როლს ასრულებდა; ახალგაზრდა ქალი და კაცი შემართული ნამგლითა და უროთი – წყვილი, რომელიც იოფანს სიცოცხლის ბოლომდე არ ასვენებდა. „მუშა და კოლმეურნე ქალი“ ეიფელის კოშკისკენ იმზირებოდნენ, მათ პირდაპირ კი ალბერტ შპეერის ნაცისტური გერმანიის პავილიონი აღემართათ. ორი ტოტალიტარული იდეოლოგია ერთმანეთს თვალებში უყურებდა. ამ გადმოსახედიდან არავის უკვირს, იოფანისა და შპეერის ნიმუშები ერთმანეთს ასე რომ ჰგავდა – ორივე თავისებურად კლასიკური სტილის დეკონსტრუქციას ცდილობდა.
სანამ ნიუ იორკისთვის მეორე პავილიონის შენებას დაიწყებდა, პარიზის გამოფენის დროს მის თანაშემწეთა უმეტესობა ცოცხალთა რიგებში აღარ ეწერა. თავად კი არც ჯანმრთელობას და არც უმუშევრობას უჩიოდა. არადა, პროვოკაციულად მოხდენილი ტანსაცმლისა და ბუიკის კაბრიოლეტების ტარება კი უყვარდა. მხოლოდ 40-იანი წლების ბოლოს „კოსმოპოლიტიზმის“ წინააღმდეგ სტალინის ანტისემიტური კამპანიისას შეირყა მისი მისტიკური ხელშეუხებლობა და ჩამოქვეითდა – 60-იან წლებამდე ნაკლებად პრესტიჟულ პროექტებზე მუშაობდა. შემდეგ კი სანატორიუმში ექიმმა უგონოდ იპოვა და რამდენიმე დღეშიც გარდაიცვალა.
ბორის იოფანის დანატოვართ შორისაა ისეთი მნიშვნელოვანი ნაგებობები, როგორიცაა მოსკოვის ერთ-ერთი მეტროსადგური, ცნობილი საცხოვრებელი კორპუსი სახლი სანაპიროზე და სანატორიუმი, სადაც კიდეც დაასრულა სიცოცხლე. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მისი ჩანახატები აღმოჩნდა: დიდებული სასახლისა და პავილიონის ესკიზები, რომელთა გავლენა აშკარაა მოსკოვის შვიდ ცათამბჯენზე, რომლებიც სხვა არქიტექტორებმა ომის შემდეგ სტალინისთვის დააპროექტეს.
იოფანის სიცოცხლისუნარიანობა კვლავ საიდუმლოდ რჩება. ნაცნობები მას ახასიათებდნენ, როგორც მომხიბვლელს, ნაზსა და „პირად ურთიერთობებში კომპრომისზე წამსვლელს“, მაგრამ ზოგი მზაკვარსაც უწოდებდა.
თავისთავად, ჩვენთვის ის რიგითი ავაზაკი, დიდი დანაშაულის თანამონაწილე და პროპაგანდისტია, მაგრამ მის დიდებულ ნიჭზე თვალს ჩვენც ვერ დავხუჭავთ. ძალიან თუ მოვინდომებთ, იქნებ გავამართლოთ კიდეც, რახან შეუძლებელ პირობებში უწევდა გადარჩენა. თავად სუჯიჩი არ ირჩევს მხარეს, უბრალოდ არქიტექტორის შეშლილი ცხოვრებიდან ასახავს ფაქტებს.
© არილი