თარგმანი,  ინტერვიუ

მადელინ მილერი: ჩემი ცხოვრების წიგნები

მადელინ მილერი, ავტორი წიგნებისა “კირკე” და “სიმღერა აქილევსზე”, თავისი ცხოვრების მთავარ წიგნებზე გვიამბობს:

 

კითხვის პირველი მოგონება

ექვსის რომ ვიყავი, პირველ კლასში ჩვენი მასწავლებელი სახელმძღვანელოდან წინადადებებს გვიმარცვლავდა. მისმა ნელმა ტემპმა ისე გამაღიზიანა, რომ თავად დავიწყე კითხვა და გავასწარი. მახსოვს, გავოგნდი, როცა ბოლო გვერდი ჩავამთავრე. ჯადოქრობას ჰგავდა – დღე რომ დაიწყო, კითხვის გამოცდილება სულ არ მქონდა, როცა დამთავრდა კი უკვე მთლიანი წიგნის კითხვა დამემთავრებინა.

ბავშვობის საყვარელი წიგნი

ჯეიმს ჰერიოტის წიგნები. თავიდან ცხოველების სიყვარულის გამო დამაინტერესა. ათის რომ ვიყავი, ზედიზედ ვკითხულობდი მიუხედავად იმისა (ან შეიძლება მაგიტომაც), რომ თავად ძალიან განსხვავებულ სამყაროში ვცხოვრობდი: თანამედროვე ნიუ-იორკში ცხოველების ფერმას ვერსად გადააწყდებოდი. მისი მზრუნველობა მომწონდა. მომანდომა მასავით ვეტერინარი მწერალი ვყოფილიყავი. მოგვიანებით კი გავაცნობიერე, თურმე, მხოლოდ წერა მნდომებია.

წიგნი, რომელმაც მოზარდობის წლებში შემცვალა

თინეიჯერობისას ძალიან ბევრი კარგი წიგნი ჩამივარდა ხელში. მაგრამ ყველაზე მეტად უარყოფითი გამოცდილება დამამახსოვრდა: აინ რენდის „პირველწყარო“. 15-ის რომ ვიყავი, წიგნებს სისქის მიხედვით ვარჩევდი – რაც უფრო სქელტანიანი იქნებოდა, უკეთესი. აინ რენდს ასეთი ბევრი ჰქონდა და ერთ-ერთი ამოვარჩიე. 50 გვერდის შემდეგ ამბავმა ჩამითრია. მაგრამ მალევე ზიზღის განცდა დამეუფლა, თითქოს ლორწოში ვიძირებოდი. მივხვდი, წიგნი მძულდა – არა ჩანაფიქრის ხორცშესხმა, არამედ თავად იდეა. ამ შემთხვევამდე ყოველთვის ღია გულით ვკითხულობდი. ავტორი გონიერ და კეთილმოსურნე ავტორიტეტად მესახებოდა. ტექსტის ჭეშმარიტებაშიც ეჭვი არასდროს შემპარვია. “პირველწყარომ” კი მიმახვედრა, კრიტიკულად კითხვა რამდენად მნიშვნელოვანია.

მწერალი, რომელმაც აზრი შემიცვალა

რობერტ ვიკლენის „რომაელების თვალით დანახული ქრისტიანები“. 20-ის რომ ვიყავი, კოლეჯში წავიკითხე და ქრისტიანობის ადრეულ დღეებზე სრულებით შემეცვალა წარმოდგენა. ბავშვობაში ნასწავლი თავდაყირა დაატრიალა. ამაღელვებელი აღმოჩენა იყო, რამაც რომაული და ქრისტიანული სამყაროების კვეთით დამაინტერესა. ასევე, . ს. ელიოტის „ალფრედ პრიუფროკის სიყვარულის სიმღერა“. პირველად 16 წლისამ წავიკითხე. მანამდე ლექსები დიდად არ მიტაცებდა. პრიუფროკმა კი ერთი ნახვით დაიმსახურა ჩემი სიყვარული. შემდეგ პოეზიაში თავით გადავეშვი და უკან აღარც მომიხედავს.

წიგნი, რომელმაც წერის სურვილი გამიჩინა

ემი ტანის „სიხარულისა და იღბლის კლუბი“ და ტონი მორისონის „ყველაზე ცისფერი თვალი“. ორივემ ენის გამოყენებისა და ისტორიების მიყოლის შესაძლებლობათა თვალსაწიერი გამიფართოვა. ასევე მასწავლა, რა ტიპის ამბების თხრობა ღირდა. მახსოვს, ვოცნებობდი, ერთ მშვენიერ დღეს დამეწერა წიგნი, რომელსაც ამ რომანთა ძალის მეათედი მაინც ექნებოდა.

წიგნი ან ავტორი, რომელსაც დავუბრუნდი

ჩინუა აჩებეს „ყველაფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს“. 15 წლისამ წავიკითხე სკოლისთვის. მომეწონა, თუმცა დიდად ვერ გავიგე. გასულ წელს გადავიკითხე და გავოგნდი, თურმე, რამდენად მომხიბვლელი და მრავალმხრივად გენიალური ნამუშევარი ყოფილა.

წიგნი, რომელსაც ვეღარასდროს წავიკითხავ

ბავშვობაში წაკითხულ ფანტასტიკის ჟანრის უამრავ რომანი. ქალი პერსონაჟები ორგანზომილებიანებიც კი არ იყვნენ, ყველა ერთსა და იმავე შინაარს ატრიალებდა და, რეტროსპექტიულად რომ ვაფასებ, რასისტული თემებიც ჭარბობდა. უკვე ზრდასრულმა ოქტავია ბატლერი აღმოვაჩინე. ნეტავ, მის შესახებ ბავშვობაშიც მცოდნოდა.

წიგნი, რომელიც მოგვიანებით აღმოვაჩინე

ჩარლზ დიკენსის “დიდი იმედები”. რაღაც მიზეზით, სკოლაში არასდროს დაუვალებიათ დიკენსის წაკითხვა, ისეც ხელში არასდროს ჩამივარდა. წლების შემდეგ შევამჩნიე, რომ ჩემს საყვარელ ავტორებს დიკენსი ძალიან მოსწონდათ. ამიტომაც გამოვუყავი დრო და ძალიანაც ვისიამოვნე. ახლა თვალი “აჩრდილებიან სახლზე” მიჭირავს.

წიგნი, რომელსაც ამჟამად ვკითხულობ

დეშა ფილიაუს “მონაზვნების საიდუმლო ცხოვრება”. იმდენად შესანიშნავია, რომ ამა თუ იმ ეპიზოდს რამდენჯერმე ვუბრუნდები ხოლმე.

© არილი

Facebook Comments Box