კალვინოს ენის თარგმნადობასა და “საიდუმლო ესენციაზე”
ამონარიდი ჯუმპა ლაჰირის ესეიდან
იტალო კალვინო ყველას საკუთარ ენაზე უყვარს. ავტორმა თარგმანში, როგორც ორმხრივ, ზღვრულ და შუალედურ სივრცეში, დაიდო ბინა.
დავიწყოთ მისი იტალიური (ან არა-იტალიური) იდენტობით – იტალიელობა ხომ ყოველთვის გულისხმობს, ოდნავ „სხვისკენ“ იყო გადახრილი. აი, რამდენიმე ბიოგრაფიული ფაქტი (რომლებითაც თავად უყვარდა თამაში): დაიბადა კუბაში, გაიზარდა სან-რემოში – იმ დროისთვის უკიდურესად კოსმოპოლიტურ ქალაქში, და იქორწინა არგენტინელ მთარგმნელზე. დიდხანს ცხოვრობდა საფრანგეთში და მოგზაურობდა მთელ მსოფლიოში. რა გასაკვირია, რომ ნიუ-იორკთან, ენებისა და კულტურების მრავალწლოვანი გზაჯვარედინთან, ყველაზე დიდ სიახლოვეს გრძნობდა.
გასათვალისწინებელია ადრეული წლებიდან არაიტალიელი ავტორებით მისი გატაცებაც: ახალგაზრდობაში კიპლინგი აღმოაჩინა, საბაკალავრო თეზისი დაიცვა ჯოზედ კონრადზე, რომელიც თავის მშობლიურ ენაზე არ წერდა. გავიხსენოთ მისი მეგობრობა და თანამშრომლობაც მწერალ-მთარგმნელებთან, ჩეზარე პავეზესა და ელიო ვიტორინთან. ეს კალვინოს მწერლად ჩამოყალიბების გზაზე მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორია, სანამ მსოფლიო მასშტაბის პოპულარობას მოიპოვებდა.
უფრო ინტერნაციონალური, ვიდრე იტალიელი კალვინო სხვადასხვა ადგილის იდენტობას ითვისებდა, ენების შინაგან სტრუქტურას გრძნობდა და კარგად იცოდა, სამშობლოსგან სიშორით რა სარგებელი შეიძლებოდა ენახა. თავისი ყველაზე ცნობილი და, შესაბამისად, მრავალ ენაზე თარგმნილი ნაწარმოებები საფრანგეთში დაწერა.
თარგმნა რაიმონ კენო – ენობრივი ახირებებით ცნობილი ფრანგი მწერალი. და, მე ასევე დავამატებდი, რომ იტალიური ზღაპრების მისეული ადაპტაციაც ერთგვარი თარგმანია.
უილიამ უივერიმ, კალვინოს ამერიკელმა მთარგმნელმა, The Paris Review-სთან ინტერვიუში თქვა, რომ მისი თარგმნა მარტივია, რადგან ის ლიტერატურული ენით წერს: იყენებს უნივერსალურ იდიომებს, რომლებიც ბუნებრივად ითარგმნება. თუმცა, ასევე დაამატა, რომ მისი პროზის ნატიფი რიტმის გამეორება ძალიან რთულია და როცა „უხილავ ქალაქებს“ თარგმნიდა, ტექსტს აბზაც-აბზაც ხმამაღლა კითხულობდა. უივერს ასევე კარგად ესმოდა კალვინოს მეცნიერული ენითა და ტექნიკური ტერმინებით გატაცების მნიშვნელობა, რაც ნებისმიერი მთარგმნელის საქმეს ერთი-ორად ართულებდა.
მთლიანობაში, ჩემი პოზიცია ასეთია: იტალო კალვინოს, აშკარად იტალიელ მწერალს, წმინდად იტალიურად არასდროს უწერია. პირიქით, ყველა მნიშვნელოვანი და საინტერესო მწერლის მსგავსად, საკუთარი ენა ჰქონდა – გამომხატველობითი სამეფო, რომელიც მხოლოდ მას ეკუთვნოდა.
თავის ესეიში „თარგმნა ტექსტის კითხვის რეალური გზაა“, კალვინო საუბრობს „ენის განსხვავებულ შრეებთან“ მიმართებით მრავალსახოვნების პრობლემაზე. ამტკიცებს, რომ კარგი თარგმნისთვის „სასწაულია“ საჭირო. საუბრობს „საიდუმლო ესენციაზე“, თითქოს, რაღაც მექანიზმი არსებობდეს ტექსტის დასაწნეხად, გამოსახდელად. როგორც ამბობს, „ჭეშმარიტი ლიტერატურა თითოეული ენის უთარგმნელ საზღვართა გასწვრივ იქმნება“.
სავარაუდოდ, მისი ესეის ყველაზე გასაოცარი დაკვირვებაა, რომ: სამეტყველო და წერილობით ენებს შორის შეუსაბამობის გამო, იტალიელი მწერლები „მშობლიურ ენას ვერ ეგუებიან და ლინგვისტური ნევროზი უვითარდებათ“. კალვინომ ამ პრობლემის აღმოჩენა შეძლო, რადგან იტალიურს როგორც შიგნიდან, ისე გარედან, როგორც უცხო ენას აკვირდებოდა.
კალვინოს თავისი შემოქმედების თარგმანები უყვარდა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მის წიგნებს უფრო მეტ ქვეყანაში წაიკითხავდნენ, არამედ მათი დახმარებით უკეთ ხვდებოდა “რა დამიწერია და რატომ“. თარგმანებში საკუთარ თავს შეიმეცნებდა, თავის არსს განსხვავებული რაკურსებით, უცხო პერსპექტივებით უმზერდა.
არაიტალიელი კრიტიკოსები მის შემოქმედებას ხშირად აფასებენ, როგორც ინოვაციურს. ჯოზეფ მაკელროიმ The New York Times-ში გამოქვეყნებულ „უხილავი ქალაქების“ რეცენზიაში, მას „იტალიის ყველაზე ორიგინალური მთხრობელი“ უწოდა. ყურადღება იმპერატორთან მარკო პოლოს დიალოგზე გაამახვილა, პლატონის დიალოგები გაიხსენა, არქეტიპულ ფორმებზე ისაუბრა და დაასკვნა, რომ: „თუ ფორმები არსებობს, მაშინ ერთგვარი იმპულსებიც უნდა არსებობდეს, რომლებშიც ჩაბუდებული პოტენცია ფორმებად თარგმანს ელოდება. კალვინოს წიგნი კი ამას საუკეთესოდ ახერხებს“.
მის თარგმანებსაც ორიგინალურს უწოდებენ, რაც დედანთან მათ კავშირზე მეტყველებს. ავტორის აზრით, ამერიკელ მკითხველში მისი შემოქმედებიდან „უხილავი ქალაქები“ ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა. არადა, მისივე თქმით, როგორც წესი, ასეთი წიგნები ამერიკაში პოპულარულობით არ სარგებლობდა.
ანატოლ ბროიარდი, რომელმაც The New York Times-ში „მარკოვალდოს“ რეცენზია გამოაქვეყნა, მართალია, თავად დიდი ენთუზიაზმით არ წერდა, თუმცა აღიარებდა, რომ კალვინო „იტალიელი მწერალია, რომელმაც ამერიკელ მკითხველში ყველაზე დიდი აღტაცება გამოიწვია“. მწერალს, მარკესთან და ბორხესთან ერთად, ჯორჯო დე კირიკოს ადარებდა – მორიგ ჰიბრიდულ ხელოვანს, რომლის შემოქმედებაც ფართო ექსპერიმენტულ სპექტრს ფარავს.
რატომ უყვართ იტალო კალვინო იტალიის საზღვრებს გარეთ? ვიტყოდი, ინოვაციური ენისა და უსაზღვრო ფანტაზიის გამო. კალვინო ლინგვისტური სპექტრით თამაშის ოსტატი იყო, სერიოზულსა და იუმორისტულს, ფილოსოფიურსა და ფანტასტიკურს შორის ბუნებრივად მონაცვლეობდა. მისი ობიექტურ-სუბიექტური მზერა ჩვეულებასა და კოსმოსს, ყოველდღიურსა და მარადიულს ერთდროულად უჭვრეტდა. შედეგად კი შექმნა ენა, რომლის „საიდუმლო ესენციაც“ თითოეულ მასპინძელ ენას ბუნებრივად შეერწყა.
© არილი