ვარდის ფურცლები
უკვე რამდენიმე თვე გავიდა მას შემდეგ, რაც მე რომში დავბრუნდი. ადრე, რაღაც მოსაზრებების გამო, “კაზანოვას” სცენარის კონტრაქტი დავარღვიე. და აი, კვლავ აღდგა ჩვენი შეხვედრები ფელინის სამუშაო კაბინეტში, რომელიც იმხანად ვია სისტინაზე, იმ სახლის სიახლოვეს მდებარეობდა, სადაც გოგოლმა “მკვდარი სულები” დაწერა. ჩვენ ერთ ძველ იდეას მივუბრუნდით. უკვე რახანია, ფედერიკოს ამ ფილმის შექმნა სურდა, მაგრამ რაღაც უცნაური მიზეზებისა გამო მუდამ თავს ანებებდა. იგი დარწმუნებული იყო, რომ თვით მოჯადოებული სიუჟეტი ეურჩებოდა ეკრანს. უკანასკნელად, დეკორაციებიც კი გაამზადეს, მაგრამ უცებ ფელინი დაავადდა მძიმედ.
ახლა კი მან გადაწყვიტა, საქმე ბოლომდე მიეყვანა. მეტიც, უნდოდა, პროდიუსერისათვის ეს სურათი შეეთავაზებინა და არა “კაზანოვა”, რომლის გადასაღებადაც სტუდია “ჩანერიტას” პავილიონებში თადარიგი ჰქონდათ დაჭერილი. ფელინის აღარ იზიდავდა კაზანოვას თავგადასავლები.
მოულოდნელად, კბილი ამტკივდა; ექიმის დაჟინებული მოთხოვნით ჩამიტარდა არცთუ რთული ქირურგიული ოპერაცია, რის შედეგადაც ღრძილების მძიმე დაავადება დამიდგინეს. ყოველივე ამან ფელინი ძლიერ შეაშფოთა. მან ირწმუნა, რომ ვიღაცის მიერ გათვალულმა სცენარმა თავისი უკეთური ენერგია ჩემზე მოაგდო.
და აი, ზაფხულის ერთ საღამოს, შებინდებულზე, ასე შვიდი საათისთვის, ჩვენ კვლავ შევხვდით ერთმანეთს მის კაბინეტში. ჩემს წინ საბეჭდი მანქანა დგას, საქაღალდეში სცენარის ძველი ვარიანტი დევს. ფელინის რაღაც ყავისფერი პლედი წაუხურავს და დივანზე მიწოლილა, თეთრი პერანგის საყელო შეხსნია. ბინდბუნდში გაარჩევ მხოლოდ მის თეთრ პერანგს და ხელს, რომელიც დროდადრო თითქოს სხეულს გამოერიდაო, ჰაერში დაეკიდება, შემდეგ კი თავისკენ გასწევს და შეთხელებულ თმას თითების ბოლოებით შეეხება. დივანის სიახლოვეს მინიანი დაბალი მაგიდა დგას, მაგიდაზე – ვარდებით სავსე ლარნაკი. ხანგამოშვებით მათ ფურცლები სწყდება და მაგიდაზე ცვივა. ფელინისკენ რამდენჯერაც არ გავიხედე, იმდენჯერ უნაზესი ფურცელცვენა დავლანდე. განსაკუთრებით ერთი თეთრი ვარდი კარგავდა ფურცლებს. მათგან ჰაერში თითქოს რაღაცნაირი თეთრი ნაკვალევიც კი რჩებოდა.
უცებ, ფედერიკო გაჩუმდა. ბეჭდვას თავი ვანებე. მუშაობისას სხვა დროსაც შევყოვნებულვართ, ამ პაუზას კი რაღაც უჩვეულო სიახლის განცდა ახლდა.
ფედერიკო დგება და მე დამაშვრალის ამოოხვრა ჩამესმის.
ერთხანს ასე იდგა მომცრო მაგიდასთან. მერე დაიხარა, რამდენიმე ჩამოცვენილი ფურცელი აიღო, მომიახლოვდა და ჩურჩულით მითხრა: საერთოდაც, უმჯობესი იქნება, ამ სცენარს შემდგომ, მოგვიანებით, როგორმე სხვა დროს თუ მივხედავთო.
ფელინი ცალი ხელით ხსნის საქაღალდეს, რომელშიც ძველი ვარიანტი ეგულება, მეორეთი კი მის სიღრმეში საგულდაგულოდ ყრის ვარდის ფურცლებს; შემდეგ საქაღალდეს ინახავს ბიუროს ყველაზე ქვედა უჯრაში, სადაც უწესრიგოდ ყრია ძველისძველი თოჯინები.
ფილმის სახელწოდებისა და სიუჟეტის შესახებ სიტყვაც რომ არ დამცდენია, მკითხველმა დიდსულოვნად მომიტევოს (ის ხომ მაინც შეიქმნება). იმ დროიდან მოკიდებული, მისი მეც მეშინია. გეფიცებით, ფელინიმ რომ კვლავ დამირეკოს და მითხრას, მოდი ერთი, ეს სცენარი სათანადო კონდიციამდე მივიყვანოთო, მხოლოდ განგების მოიმედე ვიქნები.
კენჭებით მოთამაშენი
ერთობლივი მუშაობისას ანტონიონი და მე ძალზე ხშირად, ისე, თავის შესაქცევად, ვიგონებდით სხვადასხვანაირ თამაშებს და თავისებურ მინიშეჯიბრებასაც ვმართავდით ხოლმე.
ასე მაგალითად, “ფათერაკზე” მუშაობის დროს დაჭმუჭნილ ქაღალდს ვამრგვალებდით და მოშორებით, დივანზე ან მაგიდაზე მდგარ საფერფლეში ვისროდით. მოგებული, ცხადია, ის იყო, ვინც ქაღალდის ბურთულას საფერფლეში მეტჯერ ჩააგდებდა. როგორც სხვა ნებისმიერი თამაშის დროს, ამჯერადაც, იწყებოდა კინკლაობა, რაც ზოგჯერ ჩხუბშიც კი გადადიოდა; ყოველი ჩვენგანი მეორეს წესების დარღვევას აბრალებდა.
“ღამის” სცენარზე მუშაობისას სიუჟეტისთვის აუცილებელი არანაირი საინტერესო იდეა არ აღმოგვაჩნდა, ან უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ადრე მოწონებული სცენარი აღარ მოგვეწონა. სასწრაფოდ იყო რაღაც მოსაფიქრებელი. ამ დროს პროდიუსერი გახურებულ მზადებაში იყო – მსახიობებთან კონტრაქტებს დებდა, გადამღები ჯგუფის წევრებს აგროვებდა. ჩვენ კი, ქვეყნიერებისგან ცხრაკლიტულით განრიდებულებს, ახალი თამაშის სიგიჟე გვჭირდა. მთელი ამ ხნის მანძილზე ძირითადად განიერ დერეფანში მარმარილოს იატაკზე ვისხედით. მოთეთრო ფონში, გარკვეული შუალედების გამოშვებით, ათიოდე სანტიმეტრის, სიგანის მარმარილოსვე ირიბი ზოლები იყო ჩართული. თამაშის პირობა ასეთი იყო: ბრტყელი კენჭი მარმარილოს იატაკზე ისე უნდა გაგვესრიალებინა, რომ მოწინააღმდეგის ქვამდე რაც შეიძლება ახლოს მიეღწია და თანაც ათსანტიმეტრიანი მუქი ზოლის შიგნითაც აღმოჩენილიყო. ყოველი წარმატებული ცდისას, როცა კენჭი მუქ ზოლში მოექცეოდა, ზუსტ გაზომვებს ვიწყებდით; მკაცრად ვამოწმებდით მის ადგილმდებარეობას, ვინაიდან საკმაოდ ხშირად ნაპირით ნებადართულ ათსანტიმეტრიანი სივრცის ფარგლებს გადასცდებოდა ხოლმე. წესით და რიგით კი კენჭი ზუსტად მუქი ზოლის შუაში უნდა გაჩერებულიყო. ამ დროს პროდიუსერი სცენარს ელოდა და ჩვენც ვპირდებოდით, რომ დიდებულად გადაკეთებულ საბოლოო ვარიანტს წუთი წუთზე ჩავაბარებდით. აქტიორები ითხოვდნენ, მათთვის ბოლოს და ბოლოს ის მაინც განემარტათ, თუ რომელ ეპიზოდში მოუწევდათ გადაღება. სამეურნეო მუშაკები სცენარს ხარჯთაღრიცხვის შესადგენად ითხოვდნენ. გაურკვევლობის ბნელ საუფლოში დანთქმულ პროდიუსერს ანტონიონიმ იმედის პირველი სხივი იმით ჩაუსახა, რომ მოულოდნელად განუცხადა, ფილმს მილანში ვიღებო.
დღეები დღეებს მისდევს, ჩვენ კი მარმარილოს იატაკზე ბრტყელ კენჭებს ვასრიალებთ და ვასრიალებთ. თამაშმა იმდენად გაგვიტაცა, რომ მისი ფილმში ჩართვა გადავწყვიტეთ. ამ ეპიზოდის წერა დავიწყეთ, სხვა დანარჩენი კი ძალზე იოლად, სულ რამდენიმე დღეში მოგვაფიქრდა. ანტონიონი სასწრაფოდ გაემგზავრა მილანს, სადაც მას გადამღები ჯგუფი უკვე სრულ მზადყოფნაში დახვდა.
“დამახსოვრებული” ყავა
ნეაპოლი ჩემთვის ყოველთვის ძნელად ამოსახსნელი გამოცანების ქალაქი იყო. სამაგიეროდ, დე სიკა გრძნობდა მშობლიურ ქალაქში თავს ისე, როგორც თევზი წყალში. ერთხელ ფილმის (“ქორწინება იტალიურად”) ნატურის შესარჩევად ნეაპოლში ერთად მოგვიხდა ჩასვლა. დე სიკა მეუბნება: “მოდი, ცოტა ხანს ამ ბარში დავსხდეთ. აქ შეიძლება ისეთი რამ მოხდეს, რაც ნეაპოლელებს უფრო მეტად შეგაყვარებს”.
ბარი მოედანზე, ვაგზლის პირდაპირ გაეხსნათ. მაგიდას მივუსხედით და გავაბოლეთ. ის-ის იყო შეკვეთის მიცემა დავაპირეთ, რომ ამ დროს ბარში შემოსულმა ორმა ახალგაზრდამ ბარმენს კარის ზღურბლიდანვე ოთხი ყავა შეუკვეთა, ოღონდ ეს ძალზე უცნაურად გაკეთდა: “ოთხი ყავა! ორს ვსვამთ, ორს ვიმახსოვრებთ!” ამასთან, “ორს ვიმახსოვრებთო” გარკვევით და ლამის დამარცვლით იქნა წარმოთქმული, რათა რაიმე გაუგებრობა არ გამოეწვია. ახალგაზრდები დახლთან მივიდნენ, თითო-თითო ფინჯანი ყავა შესვეს, ოთხისა გადაიხადეს და წავიდნენ.
ცხადია, დე სიკას მაშინვე ვკითხე, რას ნიშნავდა გადახდილი, მაგრამ დაულეველი ორი ყავა. “შენთვის იჯექი, ყველაფერს თვითონ მიხვდებიო”, – უსიტყვოდ მანიშნა მან. ხალხი შემოდიოდა და გადიოდა. თანაც უმრავლესობა არაფრით არ გამოირჩეოდა: შეუკვეთავდა, დალევდა, წაიხემსებდა და მიდიოდა.
მაგრამ აი, ბარში ძალზე უბრალოდ ჩაცმული სენიორა შემოდის და ბარმენს ეუბნება: “სამი ყავა! ერთი – მე, ორს კი ვიმახსოვრებთ!” ქალი ერთ ყავას სვამს, სამისას იხდის და თავისი გზით მიდის. ცნობისწადილი არ მასვენებს და კვლავ ვცდილობ, რაიმე გავიგო. მაგრამ დე სიკას ფიქრადაც არ მოსდის, “გამეხსნას”. მეტიც, ახლა თვითონ დგება და ბარმენს მიმართავს: “ხუთი ყავა! ორს ვსვამთ, სამს ვიმახსოვრებთ!”
ამასობაში შუადღემ მოატანა. ფართოდ გაღებულ კარებში მოჩანს ვაგზლისწინა მოედანი, რომელიც სულ უფრო და უფრო ინთქმება მზის ალმურში, სულ უფრო და უფრო ემსგავსება უკაცრიელ უდაბნოს. და უცებ, ამ თვალისმომჭრელ სინათლეში ჩნდება ჩრდილი. იგი ნელა მოძრაობს, თანდათან სულ უფრო მკვეთრი ხდება: კარის ღიობში დგას მათხოვარი. რაღაც გაზინთული წინსაფარი შემოუკრავს, ფეხები ძირგამძვრალ კედში გაუყვია. ჩემი აქ ყოფნით ვინმე არ გავაღიზიანოო, ცოტათი მარჯვნივ გადგება, მერე ნელი ამოოხვრით, ძლივს გასაგონად, მორიდებით იკითხავს: “რაიმე ხომ არ არის დამახსოვრებული? “ხო, არის, არის”… – ცივად უპასუხებს ბარმენი.
მათხოვარი დახლთან მიდის. უზომო ბედნიერებისგან არ იცის ხელებს რა მოუხერხოს, უცნაურად იქნევს აქეთ-იქით. დგას და მის კუთვნილ ყავას წრუპავს.
არაფერი
შარშან ზაფხულს იაპონიის ეკრანებზე ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმი გამოვიდა და რეჟისორს პრემიერაზე ჩასვლა მოუხდა. ერთ მშვენიერ დღეს ბერტოლუჩი ელექტრომატარებლით ზღვისპირეთს გაემგზავრა. იქ, კამაკურაში, სურდა მოენახულებინა ქალბატონი კავაკიტა, რომელსაც ევროპულ კინოფესტივალებზე ხშირად ხვდებოდა ხოლმე, მთავარი კი მაინც დიდი რეჟისორის, ოძუს, საფლავზე გასვლის სურვილი იყო.
ქალბატონ კავაკიტას სააგარაკო სახლში ხანმოკლე დასვენების შემდეგ, სტუმარ-მასპინძელი ფეხით გაეშურა სოფლის განაპირას, ბორცვზე შეფენილი სასაფლაოსკენ. ამწვანებული ბორცვი მთლიანად საფლავის უსწორმასწორო ფილებით იყო მოკირწყლული. ზოგიერთი ქვა მიწიდან ვიწრო პარალელეპიპედად ამოჩრილიყო. ბევრგან ჭირისუფლები სამარეებს წყალს აპკურებდნენ, ამ პაპანაქება სიცხეში გავარვარებული ქვების ქვეშ მწოლიარეთ თითქოს წყურვილს უკლავდნენ. მეუღლის საფლავთან, ქალბატონი კავაკიტაც შეჩერდა. ქალს ეუხერხულა, სტუმარი მდგარიყო და დალოდებოდა, სანამ თვითონ ქვის მორწყვით იქნებოდა გართული. ამიტომაც იქითკენ მიუთითა, სადაც ოძუს სამარე ეგულებოდა.
ბერნარდომ აურაცხელი საფლავის ქვით მოფენილ მწვანე ბორცვს გახედა, შემდეგ კი დაბნეული მზერა მიაპყრო ქალბატონ კავაკიტას. მან მაშინვე დაამშვიდა: “მისი განსასვენებლის პოვნა იოლია, თქვენ თვითონ ნახავთ, იქ არაფერია”. ასეთი დაზუსტებით გულმიცემული ბერტოლუჩი ნაჩვენები მიმართულებით წავიდა და ძებნას შეუდგა. ეძება, ეძება, მაგრამ ვერანაირი უეპიტაფიო საფლავი ვერ იპოვა. ამასობაში ქალბატონ კავაკიტას რიტუალი დაესრულებინა. იგი ნირწამხდარ ბერნარდოსთან მივიდა და დაუყვავა: “როგორი ყოჩაღი ხართ, ხომ ხედავთ, მაინც თქვენ მიაკვლიეთ”. და ქალი ხელით შეეხო კუბის ფორმის მარმარილოს ქვას, რომელზედაც რაღაცნაირად ჩახლართული იეროგლიფი იყო გამოსახული. “კი მაგრამ აქ, ხომ ხედავთ, იეროგლიფია!” – თქვა ბერნარდომ.
“სწორედაც რომ ასეა, – მიუგო ქალბატონმა კავაკიტამ – ეს ძენის სისტემის სიტყვაა, წარმოითქმის იგი, როგორც “მუ”, და აღნიშნავს “არაფერს”… სიცარიელეს… მე ხომ გითხარით: იქ “არაფერია”-მეთქი”.
© “არილი”