კულტურა/ლიტ.თეორია,  ლიტერატურათმცოდნეობა

საიდან დავიწყოთ: ზეიდი სმითი

ავტორი: იარა როდრიგეს ფაულერი

ზეიდი სმითის სადებიუტო რომანმა, “თეთრმა კბილებმა” საუკუნეთა გზაგასაყარზე ლიტერატურულ სივრცე შეძრა. მას შემდეგ, ავტორის შემოქმედებას არაერთი რომანი, მოთხრობა თუ პიესა დაემატა. ამ წლის დასაწყისში კი მწერალმა კიდევ ერთხელ მიიპყრო საზოგადოების ყურადღება, როდესაც BBC-ის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად იმღერა.

სამხრეთ ლონდონელი მწერალი იარა როდრიგეს ფაულერი ზეიდი სმითის შემოქმედების გზამკვლევს გვთავაზობს:

 

საწყისი წერტილი

“თეთრი კბილების” მსგავსი რომანი არ არსებობს – უშუალოდ წიგნის ღირებულებას 2000 წელს მისი გამოცემის მითად ქცეული ისტორიაც ემატება. 21 წლის იყო და ჯერაც უნივერსიტეტში სწავლობდა, როცა დაუსრულებელ რომანში, სულ რაღაც 80 გვერდში, აუქციონზე დიდძალი ფული შესთავაზეს. სმითი გამბედაობით, ოსტატობითა და უპრეცენდენტო ბიოგრაფიით ბრიტანული ლიტერატურის ლეგენდად იქცა.

წიგნი ლონდონის მულტიკულტურულ საზოგადოებაზე მოგვითხრობს. დატვირთულია ალუზიებით, თეოლოგიური თუ ფილოსოფიური წიაღსვლებით, ხოლო სიუჟეტი სავსეა მოულოდნელობებით. ავტორმა მოახერხა კომპლექსური და მრავალშრიანი სამყაროს დახატვა და უმეტესი დებიუტანტებისგან განსხვავებით,  არ დაუწერია რომანის ტყავში გახვეული ავტობიოგრაფია.

 

ყველაზე “უნაკლო” ნაწარმოები

2005 წელს გამოქვეყნდა სმითის მესამე რომანი, „სილამაზის შესახებ“, რომელიც ბუკერის პრემიის მოკლე სიაში მოხვდა და ორანჯისა და ენისფილდ-ვულფის წიგნის პრემიები დაიმსახურა. The Observer-მა წიგნს “ტრანსატლანტიკური კომიკური საგა” უწოდა.

რომანი ამერიკაში მცხოვრებ ორი ოჯახის გადახლართული ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. აღწერს შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში ეთნიკურ-კულტურულ განსხვავებებისა და ლიბერალურ და კონსერვატიულ აკადემიურ ღირებულებებს შორის დაპირისპირებას. მთლიანობაში კი იკვლევს სილამაზის ბუნებას.

 

თუ გეჩქარებათ

როგორც წესი, ზეიდი სმითი სქელ რომანებს წერს, ჩახლართული სიუჟეტებით, მაგრამ მის 2013 წლის ნოველას, “კამბოჯას საელჩოს” 1-2 საათში წაიკითხავთ. ნაწარმოები განელი მიგრანტის ყოველდღიურობაზე გვიყვება და განამტკიცებს სმითის შეხედულებას, რომ ავტორს, სრულყოფილ პერსონათა შესაქმნელად, არ სჭირდება იზიარებდეს მათ წარმომავლობასა თუ გამოცდილების.

შეგიძლიათ ნოველას გაეცნოთ the New Yorker website-ზე.

 

სადილზე გასარჩევი

სტუმრებზე შთაბეჭდილების მოსახდენად, შეგიძლიათ, სასხვათაშორისოდ ზეიდი სმითის ესეები ახსენოთ, რომლებიც, როგორც წესი, მისი რომანების ჩრდილში არავის ახსენდება. 2009 წელს გამოქვეყნდა ესეების კრებული “ჩემი აზრის ცვლილება”, რომელიც 5 ნაწილისგან შედგება: კითხვა, ხედვა, ყოფნა, გრძნობა და დამახსოვრება. აქ შეხვდებით ჯორჯ ელიოტის, ედუარდ მორგან ფორსტერის, დევიდ ფოსტერ უოლესისა და ვლადიმერ ნაბოკოვის შემოქმედების ლიტერატურულ კრიტიკას. ამავდროულად, გაეცნობით ესეებს ავტორის ოჯახზე, სხვადასხვა ენაზე საუბარსა და აქცენტის დაკარგვაზე.

 

რისი გამოტოვებაც შეგიძლიათ

„ავტოგრაფების შემგროვებელი“ სმიტის მეორე რომანია, 2003 წელს გამოქვეყნდა და ლონდონში მცხოვრები ჩინელი ებრაელის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ავტოგრაფების შეგროვებითა და გაყიდვით ირჩენს თავს. წიგნს რაღაც აკლია – მისი სხვა ნამუშევრებივით ცოცხალი არაა, ამიტომაც კრიტიკოსთა მოწონება ვერ დაიმსახურა. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ერთი პერსონაჟი სამხრეთ ინგლისს ძალიან უხეშად აკრიტიკებს. როგორც წესი, მკითხველთა უმეტესობა “ავტოგრაფების შემგროვებლის” არსებობას არც იმჩნევს და, ალბათ, სჯობს თქვენც ასე მოიქცეთ.

 

შედევრი

“NW” ზეიდი სმითის მეოთხე რომანია. სიუჟეტი ლონდონის ოთხი მაცხოვრებლის ცხოვრებას მიჰყვება. თხრობა პირველ და მესამე პირს შორის იცვლება, ხან – ცნობიერების ნაკადად, ხან კი სცენარის სტილის დიალოგად იქცევა. ამ გზით ავტორი ცდილობს თანამედროვე ურბანული ცხოვრების პოლიფონიის მკითხველამდე მიტანას.

წიგნში აგვისტოს ლონდონის პორტრეტი იხატება – ნოთინგ ჰილის კარნავალი, საეჭვო უცნობებთან და ნახევრად-ნაცნობებთან სმა, მეზობლის უკანა ეზოში მარიხუანას მოწევა, სექსი ღია ცის ქვეშ და ძალადობა. “NW” სმითის ყველაზე გაბედული და ექსპერიმენტული რომანია, ამიტომაც დღემდე მისი შემოქმედების ყველაზე გამორჩეულ ნიმუშად რჩება.

© არილი

Facebook Comments Box