ხავიერ მარიასი, “ბერტა ისლა”, გამომცემლობა ინტელექტი, 2022.
ლიტერატურაში, ისევე როგორც ცხოვრებაში, მთავარია არა რა, არამედ როგორ. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ არაერთგზის განმეორებული, ყველაზე ჩვეულებრივი და უფერული ამბავიც კი, ფანტასტიკურ ამბად გადაქცევის უდიდეს პოტენციალს ატარებს.
წიგნი, რომლის განხილვასაც ვაპირებ, ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ რამდენად განსხვავებულად და ახლებურად მეორდება ათასგზის განმეორებული ამბავი ლიტერატურის ისტორიაში. ეს ხავიერ მარიასის „ბერტა ისლაა“. თანამედროვე ესპანელი მწერლის რომანი, რომელიც მკითხველის წინაშე ლანა კალანდიას შესანიშნავი თარგმანით, რამდენიმე კვირის წინ, წარსდგა.
რომანის ფაბულა ისეთივე ძველია, როგორც თავად ლიტერატურა. 30 წლის ახალგაზრდა ქალი, ბერტა ისლა, 12 წლის განმავლობაში ელოდება სახლიდან წასულ ქმარს, ტომას ნევინსონს, რომელიც დიდი ბრიტანეთის საიდუმლო დაზვერვის აგენტია. თუმცა, არც ბერტა ისლა გახლავთ პენელოპე და არც ტომას ნევინსონია ოდისევსი, რადგან მათი ურთიერთობის ამბავი 1970-იან წლებს, ანუ იმ პერიოდს ემთხვევა, როცა ევროპაში მხოლოდ ორი მოდაა პოპულარული: პოლიტიკა და სექსი. ეს ორი მოდა კი, თავისთავად აისახება ესპანეთში მცხოვრები წყვილის ურთიერთობასა და თანაცხოვრებაზე.
ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ ყველა ამბის ლოგიკა, ფიქციასა თუ რეალობაში, პოტენციურად ამგვარია: „დაფარული უნდა გაცხადდეს“. თუმცა, ბერტა ისლასა და ტომასის ამბავი, ამ მხრივ, გამონაკლისია. რომანი გვიჩვენებს, რომ არსებობს ურთიერთობები, არსებობენ ამბები, რომლებშიც დაფარული მუდმივად დაფარული რჩება, რის შედეგადაც, გვერდით მყოფი, ყველაზე ახლო ადამიანიც კი უცხო და გამოუცნობი ხდება. ბერტამ თითქმის არაფერი იცის საკუთარი ქმრის პროფესიისა და იმ პარალელური ცხოვრების შესახებ, რომელიც მის გარეშე, მისგან შორს და მისგან დამოუკიდებლად მიედინება; და რომელშიც ქალს ასეთი მცირე და უმნიშვნელო როლი ერგო. ამიტომ ახალგაზრდა ბერტა, ქმართან ერთად თუ ქმრის გარეშე, ისევე ცხოვრობს, როგორც ოცნებობს. მარტო.
დიკენსის სიტყვები, რომლებსაც რომანის დასასრულს ვხვდებით, ვფიქრობ, ყველაზე უკეთ ხსნის არამხოლოდ ტომასისა და ბერტას, არამედ ზოგადად ადამიანთა ურთიერთობის განვითარების ლოგიკას: „ყოველი ადამიანური ქმნილება მიმართულია, რომ მოიცავდეს ღრმა საიდუმლოს და მისტერიას სხვა ადამიანებისთვის. ეს უსიხარულო აზრი მაშინ მიჩნდება, როდესაც დიდ ქალაქში ჩავდივარ ღამით. ყოველი პირქუშად ახუნძლული სახლი თავის საკუთარ საიდუმლოს ინახავს; ყოველი მათგანის ყოველი ოთახი თავის საიდუმლოს ინახავს; ყოველი მფეთქავი გული, რომელიც ასი ათასობით მკერდშია დამალული, საიდუმლოა ყველაზე ახლოს მყოფი გულისთვის, რომელიც მის გვერდით თვლემს და ფეთქავს… და ყოველ მათგანშია, რაღაც შიშისმომგვრელი“.
ტომასის გულში ბევრი რამ უნდა იყოს დაფარული, რაც შიშისმომგვრელი და გამოუცნობი რჩება არამხოლოდ ცოლისთვის, არამედ ჩვენთვის, მკითხველისთვისაც. ტომასი რენე მაგრიტის „ძე კაცისას“ ჰგავს, კოსტიუმსა და ცილინდრში გამოწყობილ ადამიანს, რომლის სახესაც ვაშლი ფარავს. ამიტომ, მკითხველი, ბერტასთან ერთად ცდილობს იმ უხილავის – პიროვნულობის დანახვას, რაც ხილულის მიღმა იმალება. ჩვენ თითქმის არაფერი ვიცით ტომასის ნამდვილი ცხოვრებისა და გამოცდილების შესახებ; არაფერი ვიცით იმ თორმეტ წელზე, რომელიც ცოლისგან, შვილებისგან შორს, საიდუმლო დაზვერვის სამსახურში გაატარა. არ ვიცით ვინ მოკლა, ვის შეხვდა, ცოლს როდის და ვისთან უღალატა, რა ხიფათი და ტკივილი გამოიარა; საკუთარი თავი გაიცნო, დამარცვლა, გაჩხრიკა თუ არა; როდის გადაიქცა ცოცხალი ადამიანი მკვდრად, როდის გაუცხოვდა და გაბუნდოვანდა. რომანი ამ კითხვებზე ვერ გვპასუხობს და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ამბის მთავარი მთხრობელი თავად ბერტაა. ბერტამ კი არაფერი იცის კაცზე, რომელიც არამხოლოდ უყვარდა ყმაწვილობიდან, არამედ გადაწყვიტა, რომ მთელი ცხოვრება ჰყვარებოდა.
ეს არის წიგნი იმაზე, რა ვიცით ერთმანეთის შესახებ და რა უნდა ვიცოდეთ, რისი ცოდნის უფლება გვაქვს და რა გვეკრძალება; როგორ ვრჩებით მთელი ცხოვრების განმავლობაში უცნობნი და გამოუცნობნი ერთმანეთისთვის. როგორ ვმალავთ საკუთარ ნამდვილს სახეს და როგორ ველოდებით… და რაც მთავარია, ეს არის ამბავი იმაზე, რომ ხშირად მოლოდინი, რომელიც წარმოსახვასა და ოცნებაზე აშენებული პროცესია, მოლოდინის დასასრულზე, ანუ შედეგზე უმჯობესია.
და თუ ვინმე ელოდება, ეს პირველ რიგში, ბერტაა. ბერტა რომანის ცენტრალური პერსონაჟი და მთავარი ხმაა. და რამდენადაც უცხო და დაუსრულებელია ტომასის ხასიათი, იმდენად ღია და გამოკვეთილია ბერტა. ის, რაც რომანის ცენტრშია მოქცეული და რასაც მკითხველი ყველაზე უკეთ ხედავს და აღიქვამს, ქალი, მისი გრძნობები, შეგრძნებები, ემოციები და დამოკიდებულებებია. სახლში მჯდომი პენელოპეს ამბავი, რომელიც წლების განმავლობაში სახლიდან წასულ ქმარს ელოდება, ლიტერატურის ისტორიაში არაერთგზის განმეორებული ამბავია. თუმცა, პენელოპესგან განსხვავებით, ბერტას მოლოდინი არც გმირულია, არც ბრძნული, არც სულელური, არც გაუაზრებელი და არც გარდაუვალი. ეს ირაციონალური მოლოდინია იმ ქალისა, რომლისთვისაც ფანტაზია და ოცნება, რეალობაზე არსებითი გახდა; რომელმაც იმდენად დიდი დრო დაჰყო მოლოდინში, რომ მის დასრულებას ვეღარ შეეგუა. ამიტომაც, სახლში დაბრუნებული ქმარი, რომელზეც თორმეტი წლის განმავლობაში არაფერი სმენოდა, საკუთარ წარმოსახვაში შექმნილ ტომასს ვერ დაუკავშირა. ბედნიერება, რომელიც ტომასის დაბრუნებით უნდა სწვეოდა, სულაც არ აღმოჩნდა ისეთი, როგორსაც ელოდა. პირიქით, თავი უარესად იგრძნო, რადგან ტომასში ტომასი ვერ იცნო.
„ერთხანს დარწმუნებული არ იყო, მისი ქმარი იყო თუ არა მისი ქმარი, როგორც ძილ-ბურანში არ იცის ადამიანმა, ფიქრობს თუ ესიზმრება, კვლავ მიუძღვის ფიქრების ნაკადს და დაღლილს სიზმარ – ცხადი ერევა“ – ეს რომანის პირველი წინადადებაა, რომელსაც ამბის მეორე, ყოვლისმცოდნე მთხრობელი გვიყვება.
და თუ რომელიმე კონცეპტი საუკეთესოდ აღწერს ბერტას მდგომარეობას, ეს უპირველეს ყოვლისა, ტომას სტერნზ ელიოტის ფრაზაა “პატარა გიდინგიდან“ – „შუაზამთრის გაზაფხული“. ზოგადად, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ოთხი კვარტეტის ამ უკანასკნელი პოემის სტრიქონები მუდმივად ლაიტმოტივად გასდევს რომანს და მის მთავარ იდეებსა და მოტივებს გამოკვეთს. „შუაზამთრის გაზაფხული“, როგორც ელიოტი გვიხსნის შემდეგ სტრიქონებში, უჟამო დროა, პოლუსსა და ტროპიკებს შორის მოქცეული. ბერტას 12 წლიანი მოლოდინიც „შუაზამთრის გაზაფხულია“, არც ზამთარია და არც გაზაფხული, არც დასაწყისია და არც დასასრული, არც სიცოცხლეა და არც სიკვდილი.
მაგრამ არსებობს მდგომარეობა, როცა სიცოცხლე და სიკვდილი ერთი და იგივეა. ეს ტომასის მდგომარეობაა, 12 წლის განმავლობაში სახლიდან წასული კაცისა, რომელიც საკუთარი ოჯახის წევრების ცხოვრებაში ყოველგვარ ფუნქციას კარგავს. ამიტომ არსებობას, ისევე როგორც ნებისმიერი მკვდარი, მხოლოდ სხვის წარმოსახვაში განაგრძობს. მაგრამ, როგორც ელიოტი ამბობს, „ჩვენ მკვდრებთან ერთად ვიბადებით, ისინი ბრუნდებიან და ჩვენც გვაბრუნებენ“. ტომასიც ბრუნდება და დასასრულის დასაწყისიც ამგვარად დგება.
ეს ყველაფერი, რასაკვირველია, შესანიშნავია. რომანი ფილოსოფიური სიღრმით, გრძელი და მრავალმნიშვნელოვანი წინადადებებით, დიკენსის, შექსპირის, კონრადისა თუ ელიოტის ციტატებით, ქალის ნარატივით, შეკრული სიუჟეტით, სრულიად ახლებურად და განსხვავებულად წამოსწევს იმ თემებსა და იდეებს, რომელსაც ლიტერატურის ისტორია თუ ფილოსოფია არაერთხელ შეხებია – რეალობისა და წარმოსახვითის, მოლოდინისა და ერთგულების, მარტოობისა და ნიჰილიზმის, სიცოცხლისა და სიკვდილის პირობითობას. თუმცა, რომანს, მცირე ტექნიკური ხარვეზიც ახლავს, რაც რამდენიმე სიტყვით აუცილებლად უნდა ვახსენოთ.
ვინც, მხატვრული ლიტერატურის კითხვის დროს ყურადღებას თხრობის ფორმას აქცევს, იგი „ბერტა ისლაში“ მარტივად შენიშნავს ორ მთხრობელს, რომელთან ერთი – პირველი პირის მთხრობელია, მეორე კი – მესამე პირის ყოვლისმცოდნე ნარატორი. მთავარი ხმა ქალს ეკუთვნის და ამბავიც, უმეტესწილად, მისი პერსპექტივითაა დანახული. მეორე, ყოვლისმცოდნე ხმა კი, რომელიც მხოლოდ რომანის დასაწყისსა და დასასრულს შემოდის, თავად ავტორის, ხავიერ მარიასის, უნდა იყოს. ყოვლისმცოდნე მთხრობელის ფუნქციაა ერთგვარად შეავსოს და სრულყოს მთავარი ხმის მონათხრობი, თუმცა, ტომასის 12წლიანი გაუჩინარებისა და თავგადასავლის შესახებ რატომღაც მესამე პირის ნარატორიც დუმს.
თუ კიდევ უფრო შორს წავალთ, აღმოვაჩენთ, რომ ამ ორ ხმას, მათ სამეტყველო სტილსა და ფორმას შორის, არავითარი განსხვავება არ არსებობს. ზღვარი არ დევს. ამბავს ორივე მთხრობელი ერთი და იმავე ენით, ერთი და იმავე სტილით და ერთი და იმავე ტონით გვიყვება. რაც, როგორც წესი, დამაჯერებლობას კარგავს.
თუმცა, ამგვარი ტექნიკური ხარვეზი, იმ მხატვრული ღირებულებების საპირწონედ, რასაც რომანი ფლობს, რასაკვირველია, მეორეხარისხოვანი და ნაკლებ მნიშვნელოვანია.
თავად ხავიერ მარიასი, ნიუ-იორკერთან ჩაწერილ ერთ-ერთ ინტერვიუში, ამ საკითხთან დაკავშირებით, ამბობს: „არასდროს მაინტერესებს ის, რასაც ადამიანები ნატურალიზმს ან რეალიზმს უწოდებენ. არც მაშინ ვღელავ, როცა ზოგჯერ, ჩემს შესაძლო ტექნიკურ ხარვეზებზე მიმანიშნებენ – ბევრ მთხრობელებსა და ერთი და იმავე ენით მოსაუბრე სხვადასხვა პერსონაჟებზე. განსხვავებული ხმები არ მაინტერესებს, დიალოგებშიც კი. ამის საპირისპიროდ, ვფიქრობ, რომ თავაზიანობაა მწერლის მხრიდან, როცა მკითხველს რაღაც საინტერესოს და რამდენადაც შესაძლებელია, ინტელექტუალურს სთავაზობს“.
„ბერტა ისლას“ ავტორი უაღრესად თავაზიანი მწერალია, რადგან მკითხველს, მიუხედავად შესაძლო ტექნიკური ხარვეზისა, რაღაც ძალიან საინტერესოს და ინტელექტუალურს სთავაზობს. მარიასის სტილის ინდივიდუალიზმი და თვითმყოფადობაც სწორედ ამაშია.
წინ დიდი სიამოვნება გელოდებათ.
© არილი