ფოტოზე: “მონანიება” იენ მაკიუენის კომენტარებით
ინგლისური PEN-ის მხარდასაჭერად გამართულ გამოფენა-გაყიდვას იენ მაკიუენისა და მარგარეტ ეტვუდის ნამუშევრებიც დაემატა.
მწერალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციისთვის სახსრების შესაგროვებლად 80-მდე ავტორი საკუთარი შემოქმედების პირველ გამოცემებს მიუბრუნდა და მარგინალიებსა თუ თავისუფალ სივრცეებში ტექსტებს კომენტარები დაურთო. მათ შორის არიან: მაგარეტ ეტვუდი, ჰილარი მენტელი, სალმან რუშდი, ჯონ ლე კარე, იენ მაკიუენი, პიტერ კერი და ბერნარდინ ევარისტო. მწერლებთან, ერთად კამპანიაში მონაწილეობას ისეთი ცნობილი ხელოვანებიც იღებენ, როგორიცაა: ტრეისი ემინი, ანიშ კაპური, ანტონი გორმლი და აი ვეივეი.
კრისტის აუქციონის წიგნებისა და ხელნაწერების ექსპერტის თქმის, ავტორებმა თავისი ტექსტები „პირადული, ღრმა, მრავლისმომცემი და ხშირად გასაკვირი შენიშვნებით გაავსეს, რაც მკითხველს თანამედროვე ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებთან ურთიერთობის უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს“.
იენ მაკიუენმა „მონანიების“ მარგინალიებში ათასობით სიტყვა დაიტანა. ძირითადად, პერსონაჟთა ფსიქოლოგიასა და მეხსიერების ბუნებაზე მსჯელობს. კემბრიჯში სადილის სცენასთან მიმართებით, წერს: „ინგლისური კლასობრივი სისტემა! ახლა, შორიდან დაკვირვებისას ვხედავ, რომ რობისთვის ჩემი თვისებები მიმიცია. დედაჩემმა სკოლა 14 წლისამ დატოვა და მოახლედ დაიწყო მუშაობა… მხოლოდ მოგვიანებით, რეტროსპექტიულად შევამჩნიე, ყველგან გამკიცხველი, სნობური მზერები რომ დამყვებოდა ხოლმე“.
ჰილარი მენტელმა, რომელსაც “მგლების დარბაზი” ტრილოგიისთვის ორჯერ გადაეცა ბუკერის პრემია, „ამოიტანეთ გვამებისა“ და „სარკე და სინათლეს“ მოცულობა ჯამში 5000 სიტყვით გაზარდა. მისი თქმით, „[პროცესმა] ძალიან კონკრეტული მოგონებები გააღვიძა – რა მდგომარეობაში გეწვია ესა თუ ის ფრაზა, სად იყავი, ოთახს შუქი როგორ ეცემოდა… წინადადებები ისევ შენი კალმის ქვეშ იგრიხებიან და გიძალიანდებიან. ყველაფერი რისი თქმაც შეგეძლო და როგორც შეგეძლო, ისევ ცნობიერში გიტივტივდება“.
მისი ერთ-ერთი კომენტარი ჰენრი მერვეზე: „არ ვფიქრობ, რომ ურჩხულია. უფრო სწორედ, ამის თქმამ, არა მგონია, რომ შორს წაგვიყვანოს. ხშირად უზომოდ არათანმიმდევრულად და ნაკლოვანად წარმოგვიდგება, მაგრამ არ არსებობს კაცის ან ქალის ტიპაჟი, რომელსაც შეშვენის აბსოლუტური ძალაუფლება.“
ფოტოზე: ჰილარი მენტელის კომენტარები
ჯონ ლე კარემ შენიშვნების წერა 1963 წელს დაიწყო, თუმცა საქმის ბოლომდე მიყვანა არ დასცალდა. „სიცივიდან მოსული ჯაშუშის“ 45-ე გვერდზე გაჩერდა, სადაც მისი სანიშნე დღემდე ხელშეუხებლად ინახება.
აღმოსავლეთიდან დასავლეთ ბერლინში გადასვლისას დახვრეტილი მამაკაცის გვამის აღწერის გვერდით, ლე კარე, თავადაც ყოფილი ჯაშუში, წერს: „ასეთი სროლა არასდროს მინახავს. საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას ყველაზე ცნობილი პიტერ ფეხტერის მკვლელობაა, რომელსაც მზვერავებმა სისხლისგან დაცლა ადროვეს, სანამ დასავლური მედია მის ნელ სიკვდილს უმწეოდ აკვირდებოდა“.
კრისტის აუქციონის ექსპერტის თქმის, „კომენტარებში უმალ ამოიცნობთ ლე კარეს ხასიათს. მაგალითად, წერს: „ბევრი ჯაშუში ხელფასის დაკარგვის შიშით, ცრუობს პირად ცხოვრებაზე. მაგრამ, თავის სატრფოსთან ან მატარებელში უცხო თანამგზავრთან ლაყბობას მაინც არ იშლის“.
ზოგჯერ ტექსტში სიტყვებსაც კი ასწორებს – თავის დროზე 1963 წლის ენით დაწერა, მსგავს ფრაზებს კი ახლა აღარ გამოიყენებდა.
პირველი გამოცემა ნებისმიერი კოლექციისთვის უკვე ღირებულია, მაგრამ გარდაცვალებამდე დართული შენიშვნები, თავისთავად, ატარებს სულ სხვა, სევდიან ისტორიას“.
© არილი