ყველას სურს, ხანგრძლივი და ჰარმონიული ცხოვრება, მაგრამ ცოტამ თუ იცის, როგორ მიაღწიოს ამას. არაერთ ფილოსოფოსს თუ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელს უმუშავია ამ საკითხზე და განსხვავებული მიდგომები და სტრატეგიები შემოუთავაზებია. მათ შორის ერთ-ერთი განსაკუთრებული კი ბედნიერი და ხანგრძლივი ცხოვრების იაპონური მიმდინარეობა – იკიგაია.
იკიგაი უძველეს იაპონური იდეოლოგიაა, რომელიც უკვე დიდი ხანია იაპონელი ხალხის სიცოცხლის ხანგრძლივობასთან ასოცირდება. იკიგაი ორი იაპონური სიტყვის კომბინაციაა: „იკი“, რომელიც სიცოცხლედ ითარგმნება და „გაი“, რომელიც რაიმეს ღირებულების, მნიშვნელობის ხაზგასასმელად გამოიყენება. იკიგაი მოიცავს ყველაფერს, რაც ცხოვრებას მიზნის პოვნის გზით მატებს სიხარულს. მარტივად რომ ვთქვათ, იკიგაი ისაა, რის გამოც ყოველ დილით იღვიძებ და რაც ცხოვრების გაგრძელების მიზეზს გაძლევს.
იკიგაის იდეოლოგიას უამრავი ადამიანი მისდევს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და შედეგსაც აღწევენ. ის ოთხ მიმართულებას აერთიანებს: მისიას, მოწოდებას, პროფესიას და გატაცებას. სწორედ ამ ოთხეულის ერთმანეთთან ჰარმონიზაციით იპოვით საკუთარ თავში იკიგაის.
ადამიანებისთვის, რომელთაც საკუთარი თავის პოვნა სურთ, იკიგაის იდეოლოგიის შესახებ რამდენიმე წიგნი არსებობს. მათ შორის გამორჩეულია ჰექტორ გარსიასა და ფრანსესკ მირალესის „იკიგაი – ბედნიერი და ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო“, რომელიც გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ თარგმნა.
„იკიგაის აღმოჩენა თქვენს გამბედაობას მოითხოვს, მის ძიებაში კი ეს წიგნი დაგეხმარებათ. გაეცნობით მრავალ საინტერესო თერაპიულ მიმდინარეობას, რომელიც ახლებურად დაგანახვებთ საკუთარ შესაძლებლობებს და გასწავლით სტრესის მართვის სტრატეგიებს. ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლოებებს კი თავად სუპერხანდაზმულები გაგანდობენ. გაიგებთ, როგორც შეგვიძლია მარცხით გაძლიერება და ცხოვრებისეული სირთულეების შესაძლებლობებად გადაქცევა. ეს წიგნი განსაკუთრებულია იმითაც, რომ მოიცავს როგორც გონებრივ, ისე ფიზიკურ სავარჯიშოებს და ჯანსაღი კვების წესებს. თავად შეძლებთ იპოვოთ თქვენთვის მისაღები და სასურველი ვარჯიში. ეს ყოველივე კი დაგეხმარებათ თქვენი იკიგაის აღმოჩენაში, რომელიც მდგომარეობაა აქ და ახლა, ჰარმონიაა საკუთარ თავსა და გარე სამყაროსთან,“ – ასე ახასიათებს გამოცემას მისი მთარგმნელი ანა ალბუთაშვილი.
ჰექტორ გარსიასა და ფრანსესკ მირალესის „იკიგაი – ბედნიერი და ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო“ მსოფლიო ბესტსელერია. იკიგაის შესახებ გავლენიანი ბიზნესგამოცემები ხშირად წერენ.
ჰექტორ გარსიასა და ფრანსესკ მირალესის „იკიგაი – ბედნიერი და ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო“ მკითხველისთვის უკვე ხელმისაწვდომია.
13 ივნისს საქართველოს მსოფლიოში ცნობილი ავტორი ფრანსესკ მირალესი ეწვევა, რომლის თანაავტორობით შექმნილი ბედნიერი და ხანგრძლივი ცხოვრების იაპონური საიდუმლო „იკიგაი“ ბესტსელერად იქცა. 14 ივნისს ავტორი თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ მკითხველთან შეხვედრას გამართავს.
ბილეთის შესაძენად ეწვიეთ ბმულს
© არილი