უილიამ შექსპირის პირველი ფოლიოს ორიგინალი, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ინგლისური ლიტერატურის ყველაზე მნიშვნელოვან წიგნს, ივლისში აუქციონზე გაიყიდება. თითქმის 400 წლის წინ დაბეჭდილი წიგნი ერთ-ერთია იმ 20-მდე ეგზემპლარიდან, რომელიც ბოლო პერიოდამდე კერძო საკუთრებაში რჩებოდა.
1623 წელს ჯონ ჰემინგისა და ჰენრი კონდელის მიერ შედგენილი კრებული აერთიანებს 36 პიესას, რომელთაგან ნახევარი შექსპირის სიცოცხლეში არ დაბეჭდილა და პირველი ფოლიო რომ არა, ეჭვ გარეშეა, დავიწყებას მიეცემოდა. შესაბამისად, სხვა ნაწარმოებებთან ერთად, „მაკბეტის“, „ქარიშხალისა“ და „მეთორმეტე ღამის“ შესახებ არაფერი გვეცოდინებოდა.
ამავდროულად, კრებულში წარმოდგენილი პიესების ჰემინდისა და კონდელისეული კლასიფიკაცია ტრაგედიებად, კომედიებად და ისტორიებად დღემდე შექსპირის შემოქმედების გააზრებისა და ანალიზის ძირითად ტენდენციებს განსაზღვრავს.
ექსპერტების აზრით, აუქციონზე წარდგენილი ეგზემპლარი ერთადერთია, რომელსაც შოტლანდიური წარმოშობა აქვს. ისტორიულ წყაროების მიხედვით მე-17 საუკუნის დასაწყისში ის გორდინების ოჯახის საკუთრებაში აღმოჩნდა და მემკვიდრეობით დოღის ცხენების მომშენებელს, უილიამ სტიუარდ სტირლინგ–კროფურდს გადაეცა. მისი ექსლიბრისი დღემდე კრებულის ფურცლებში ინახება.
შემდეგ მანუსკრიპტი ხელში პოლიტიკურ აქტივისტსა და ისტორიკოსს რ. უ. სეტონ-უოტსონს ჩაუვარდა, რომელიც პირველი მსოფლიო ომის პერიოდიდან ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დაშლისთვის იბრძოდა. 1960-იან წლებში ფოლიომ ატლანტის ოკეანე გადაკვეთა და ჩიკაგოელი ბიბლიოფილის, უძრავი ქონების ადმინისტრატორის, ბერლანდის პირად კოლექციაში დაიდო ბინა.
თითოეულმა მფლობელმა კრებულზე ანოტაციებით, ჩანახატებითა თუ მელნის ლაქებით საკუთარი კვალი დატოვა. ზოგმა ლოცვების მონაკვეთები თუ ლექსის სტროფებიც კი წააწერა. ეგზემპლარის თავფურცელს შექსპირის პორტრეტი აკლია – ან დროთა განმავლობაში დაზიანდა, ან ამოჭრეს ცალკე ჩარჩოში ჩასასმელად. ნებისმიერ შემთხვევაში, 2.5 მილიონ დოლარად შეფასებული კრებული საშუალებას გვაძლევს დავაკვირდეთ, საუკუნეების განმავლობაში შექსპირის მოყვარულებისა და ტექსტის ურთიერთობას.
სანამ ეგზემპლარს ახალი მფლობელი გამოუჩნდება, 15 ივნისიდან 7 ივლისამდე, მსურველებს ფოლიოს ნახვა Sotheby’s ლონდონის გალერეაში შეეძლებათ.
© არილი