ესე,  კულტურა/ლიტ.თეორია,  ლიტერატურათმცოდნეობა

დავით შერგელაშვილი – ხორხე ლუი ბორხესი – პორტრეტი სარკის ნამსხვრევებში

        

სარკეები

 

ლაბირინთის შესაქმნელად ხომ საკმარისია, ორი სარკე ერთიმეორის პირდაპირ დავდგათ.                                         

ხ. ლ. ბორხესი

სარკის ბუნების შესახებ ღრმა განაზრებების ტრადიცია პლატონიდან იწება. ის ცდილობდა სარკით შექმნილი ილუზიების განქიქებას, მიაკუთვნებდა რა მას სამყაროს შემეცნების უდაბლეს საფეხურს. მიუხედავად ამისა, პლატონი მიიჩნევდა, რომ ანარეკლები, გრძნობადის აღქმისგან გათავისუფლებისკენ მოუწოდებს გონებას. მსგავსად მოფენილი ჩრდილებისა, გონიერ ადამიანს რომ გამოქვაბულიდან გასვლისთვის აღძრავს, ანარეკლებიც რაღაც ნიშანს წარმოადგენს და აიძულებს ადამიანს ნიშნის ბუნება უფრო ღრმად გაიაზროს.
გრძნობად სამყაროს პლატონი განიხილავს, როგორც სარკის ანარეკლს, უფრო სწორად, როგორც მარადიულ ფორმათა ანარეკლებს, ხოლო სხეული პლატონთან არის სულის ანარეკლი, რომელიც ჩნდება მაშინ, როცა სული მატერიას ეზიარება. ადამიანი არ უნდა დანებდეს ხილულის ხიბლს და თვითშემეცნების წყალობით, ხილულიდან სულის შემეცნებამდე ამაღლდეს. ადამიანი, როგორც ამტკიცებდა პლატონი, უნდა ზრუნავდეს საკუთარ სულზე, მაგრამ სულს მსგავსად თვალისა, არ შეუძლია თავისი თავის დანახვა. დიალოგში „პირველი ალკიბიადე“ სოკრატე და ალკიბიადე ერთმანეთისთვის წარმოადგენენ ცოცხალ სარკეებს, მეგობრებს, რომელთა თვალებში და სულებში სარკისებურად აირეკლება შეცვლის, უკეთეს ადამიანად ქცევის სურვილი. ნარცისის უბედურება იყო ის, რომ მან თვითშემეცნების ყველაზე უარესი ფორმა აირჩია და დაისაჯა ნემეზიდას მიერ, რადგან უარყო ნიმფა ექოს სიყვარული, ანუ უარი თქვა თავისი პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში სხვის მედიაციაზე.
თუ სოკრატესა და პლატონთან სარკე თვითობის (auto to auto) „აღმშენებლობის“ ინსტრუმენტი იყო, ხოლო სახარებაში ცოდნა, თითქოს სარკეში არეკლილი, აღნიშნავს გადასვლას არასრულყოფილი ხედვიდან „პირისპირ ხილვამდე“ ( I კორ. XIII, 12), ბორხესთან სარკე შიშის მომგვრელი ფენომენია. სარკე თანამედროვე სამყაროს მეტაფორაცაა, რომელიც შეიძლება განისაზღვროს როგორც საშუალოობის, მიმბაძველობის და დავიწყების სამყარო. „სხვა მხარე“ კი არის მხოლოდ პაროდია, ილუზორული საცხოვრებელი, მსგავსი იმისა, რასაც მიწიერი ცხოვრება ეწოდება. ბორხესისთვის შემზარავია სარკეები და მამობა, რადგან ისინი აორმაგებენ, განავრცობენ იმ ლაბირინთს, რომლის ცენტრში (თუ მას აქვს საერთოდ ცენტრი!) მოთავსებული ადამიანი აღმოჩნდება სულ უფრო მეტად დაშორებული საეჭვო, ან სულაც არარსებული გასასვლელისგან.

 

ლაბირინთი

 

…და ლაბირინთი, ადამთან ერთად დაწყებული.

ხ. ლ. ბორხესი, „ძეს“

ერთი მხრივ, საგანთა მსგავსება, არასოდეს არის ისე დიდი, როგორც მეორე მხრივ, სხვაობა მათ შორის – წერდა მონტენი „ესეებში“. ამავე პასაჟში მონტენი იმოწმებს ციცერონს: დელფოსში იყო ერთი ადამიანი, რომელიც ამჩნევდა განსხვავებას კვერცხებს შორის და შეეძლო გამოეცნო, რომელი კვერცხი რომელი ქათმის დადებული იყო.

დეტალებზე ნადირობის მანია, უსასრულო დიფერენციაცია ქმნის ლაბირინთის სივრცეს. რობერტ ბერტონის „მელანქოლიის ანატომიაში“ ის მელანქოლიის ძირითადი ტოპოსია1. ლაბირინთს, რომელიც მალავს ან ანადგურებს თავის გეგმას, აღარ ძალუძს ცოდნის რეპრეზანტაცია, რადგან ის ანალოგიათა მიკრო-მაკროკოსმიური სისტემიდან ამოვარდნილია. ლაბირინთი ბორხესთან ნეგატიური ენციკლოპედიაა.

 

ენა

ჩემი ენის საზღვრები, შეადგენს ჩემი სამყაროს საზღვრებს.

. ვიტგენშტაინი

დიალოგში – „კრატილე“ – პლატონი ამბობს, რომ თუ „სახელმდებელი თავშივე შეცდა, ეს, რა თქმა უნდა, აიძულებდა მას შემცდარიყო შემდეგშიც… სწორედ ასევე, გეომეტრიული ფიგურების ხაზვისას, საკმარისია სულ მცირე უზუსტობა, მცირე შეცდომა და ამ შეცდომაზე აიგება ყველა დანარჩენი“. თუმცა, ენაში სრული თანხმობის მიღწევა შეუძლებელია. ენაში არსებული წინააღმდეგობანი გვაიძულებს, საგანთა შესაცნობად და მისაგნებად სახელებიდან კი არ გამოვიდეთ, არამედ, თვით საგნებიდან. ბორხესი ციტირებს ტენისონს: „თუ ჩვენ შევძლებდით იმის გაგებას, რა არის თუნდაც ერთი ყვავილი, გავიგებდით ვინ ვართ და რას წარმოადგენს სამყარო“.

თეორიის დასაცავად მაგალითად მოჰყავს სიტყვები, რომლებიც გამოხატავენ არა საგანს, არამედ მოქმედების დასაწყისს ან რეზულტატს. მოთხრობაში „ტლონი…“ ბორხესი ჩვეულებრივი აღწერის მაგივრად, გამოსახავს მხოლოდ დროის ნაკადებს: „სიტყვა „მთვარე“ არ არსებობს, არის მხოლოდ ზმნა „გამთვარება“.

ბორხესი თავგანწირვით ცდილობს სიტყვიერების ფენის გარღვევას ყოფიერებისკენ, მაგრამ ყოფიერება დამცინავად უმჟღავნებს მას თავის ტექსტუალურ არსს. სიტყვებისგან სამყაროს შექმნით, შექმნას საკუთარი თავი, როგორც პიროვნება – ასეთია ბორხესის ლიტერატურული პროგრამის პათოსი, მისი ნარცისიზმის ფილოსოფიური ფესვები. ბორხესის ლიტერატურული ცდები ენათესავება მისტიკური ტრადიციების ჰალუცინაციურ ხილვებს. მისი პროზის ვერსიფიკაცია შეიძლება შევადაროთ მაგიურ შელოცვას. გრძელი ჩამოთვლები, ციკლურობა, უცნაურ სახელთა დაშრევება – აი, მწერლის „შამანური დოლი“.

ლაბირინთი! ეს ხატება მართლაც ატარებს ენის ფილოსოფიის მთავარ იდეას. ასეთ მეანდრებში საყრდენი წერტილების გარეშე ხეტიალში, ასეთ სასოებადაკარგულ დაღლილობაში, საკუთარი თავის მოპოვების ნაცვლად, იკარგება სუბიექტის პირადი რეალობა. თავისი შემოქმედებით, ბორხესი, თითქოს ანთროპოლოგიის დასასრულს აღნიშნავს2.

 

„სამხრეთი“

ყოველი ადამიანის ცხოვრებაში დგება წამი, როდესაც ის სამუდამოდ შეიმეცნებს საკუთარ თავს.

ხ. ლ. ბორხესი

ამ მოთხრობაში მოქმედება მიმდინარეობს მთავარი პერსონაჟის, მომაკვდავი იოჰანეს დალმანის ცნობიერებაში, სადაც სცენა, მსახიობები და მაყურებელი თავად დალმანია. ამიტომ, ასე შემზარავია სცენა, როდესაც მას უცნობი ადამიანი სახელით მიმართავს. მსგავს პასაჟს ვხვდებით კაფკას „პროცესში“. კონტრასტული თხრობა, ცნობიერებაში მიმდინარე ცნობა-ვერცნობის ნაკადი ბოლოს კაიროსით მთავრდება. ბორხესთან კაიროსი ცხოვრების ბოლო წამს ნიშნავს, ოღონდ ისეთის, როცა ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა, მისი ცხოვრების ყველაზე მთავარი მოვლენა, უდიდესი ძალისხმევის ფასად შეცვალოს. მომავლის წარსულად ქცევის3 საპირისპიროდ წარსულის მომავლად ქცევა, „კაიროსის“ ბორხესისეული გაგებაა4.

 

 „ბაბილონის ბიბლიოთეკა“

გონების თვისებებს შორის, საშინელებათა გამოგონებაცაა.

ბორხესი „მსოფლიო ბიბლიოთეკა“

უმბერტო ეკო, ამ მოთხრობის „დონ კიხოტთან“ მოულოდნელი შედარებით ძლიერ ეფექტს აღწევს: „დონ კიხოტის ბიბლიოთეკიდან, რომლის თაროებზეც მხოლოდ სარაინდო რომანები ინახებოდა, შესაძლებელი იყო გამოსვლა. სამას ორმოცდაათი წლის შემდეგ, ბორხესი მოგვიყვება ისეთ ბიბლიოთეკაზე, საიდანაც გამოსვლა შეუძლებელია და სადაც ჭეშმარიტი სიტყვის ძიება უსასრულო და უიმედოა5.

ამ ორ ბიბლიოთეკას შორის სიღრმისეული კავშირი არსებობს: დონ კიხოტმა ირწმუნა, რომ სამყარო მისი ბიბლიოთეკის მსგავსია. ნაკლებად იდეალისტმა ბორხესმა კი გადაწყვიტა, რომ მისი ბიბლიოთეკა სამყაროს მსგავსია. ამიტომ ის ბიბლიოთეკიდან გამოსვლის აზრს და აუცილებლობას ვერ ხედავდა. როგორც არ შეიძლება ასე თქმა: გააჩერეთ სამყარო, ჩავდივარ! ასევე არ შეიძლება გამოსვლა ბორხესის ბიბლიოთეკიდან.

ბორხესი არჩევანის წინაშე იდგა: ან მთელი ცხოვრება ღმერთის საიდუმლო ენის ძიებისთვის მიეძღვნა, ან ქება შეესხა ცოდნის სამყაროსთვის, როგორც ატომთა ცეკვისთვის, რათა შეექმნა არა მარტო ის, რაც იყო, რაც არის, არამედ ისიც, რაც იქნება და შესაძლოა, ზუსტად ეს არის ბაბილონის ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარების ამოცანა. ასეთ შემთხვევაში, ბიბლიოთეკის უსასრულობის და ყოვლისმომცველობის პრობლემა მეორადი ხდება. ბაბილონის ბიბლიოთეკის ნამდვილი გმირი არა ბიბლიოთეკა, არამედ მისი მკითხველია, ახალი დონ კიხოტი, მოძრავი, თავგადასავლების მოყვარული, დაუცხრომელი გამომგონებელი, ალქიმიკოს-კომბინატორი და ქარის წისქვილების მოთვინიერების შემძლე“.

 

მარადისობა

მარადისობა, რისი დამსხვრეული ანარეკლებიც არის დრო.

ბორხესი „მარადისობის ისტორია“

ბორხესის თითქმის ყველა ნაწარმოებში დევს ირონიით შერბილებული მცდელობა ამ მოუხელთებელი მარადისობის (უსასრულობის) ჩამოთვლით ამოწურვისა. ბორხესისთვის მარადისობა მუდამ ახალია. მარადისობა არჩევანის შესაძლებლობის და მასზე პასუხისმგებლობის გარეშე, მარადისობა, რომელშიც უკვე ყველაფერი სამუდამოდ იყო, ესაა ტოტალური ბიბლიოთეკის კოშმარი (ხოლო „ბაბილონის ლატარია“ უსაშველობის სიმბოლოს მეორე მხარეა).

ბორხესი ეჭვქვეშ აყენებს რეალობისადმი ზედაპირულ მიდგომას, ერთი სამყაროდან მეორეში, როგორც ოთახიდან ოთახში გასვლის შესაძლებლობას. ასეთია დანერის გრანდიოზული და უტოპიური ჩანაფიქრი („ალეფი“), მისი გარითმული ენციკლოპედიით. შესაძლოა, ასეთივეა ფუნესი („ფუნესი, მეხსიერების სასწაული“).

„სამყაროს სჭირდება მარადისობა“. ღვთისმეტყველებმა კარგად იციან, რომ თუ ღმერთი თუნდაც წამით უყურადღებოდ დატოვებს ჩემ ხელს, ეს სტრიქონები რომ გამოჰყავს, ის არარად იქცევა, თითქოსდა ბნელი ცეცხლით შთანთქმული. ამიტომაც, ისინი ამბობენ, რომ ზმნები „ყოფნა“ და „ქმნადობა“ ასე დაპირისპირებულნი აქ, ზეცაში ერთი და იგივეა.

 

უსასრულობა

თუ არსებობს უსასრულობა, ყოველგვარი განაზრება ამაოა.

პოლ ვალერი „წერილი მეგობარს“

ბორხესთან გვხვდება უსასრულობის რამდენიმე გაგება. ერთი ესაა ხაზის უსასრულობა6, უსასრულობა აქ მიუღწევლობის სინონიმია. მეორე ესაა წრე („ორი მეფე და ორი ლაბირინთი“, „ნანგრევთა წრე“ და სხვ.), რაც გამოუვალი მდგომარეობის, უსაშველობის სინონიმია. უსასრულობის კიდევ ერთი ვარიანტი გახლავთ ჩაკეტილი სივრცე, რომელიც სხვა, ასევე ჩაკეტილი სივრცის ნაწილია, მეორე სივრცეც ნაწილია მესამის და ა.შ. („მოთხრობა მოთხრობაში“). ასეთია უფსკრულის უსასრულობა, Mise en abime.7 ყველა ეს გაგება, ბორხესთან წარმოდგენილია როგორც ლაბირინთი. მაგრამ, ბორხესთან აგრეთვე არის გარდასახული სამყაროს უსასრულობა, სიმბოლური8 პლანი – ეს გახლავთ ლიტერატურის უსასრულობა. უსასრულობაზე, როგორც თვითკმარობაზე, ბორხესი საუბრობს „ცხრა ნარკვევში დანტეს შესახებ“, სადაც მას ბეატრიჩე ეწოდება.

 

უკვდავი

უსასოდ ყოფას, სჯობს ყოფა მკვდარად.

ალ. ჭავჭავაძე

 

რონალდ ქრისტი ამ მოთხრობაში აღმოაჩენს კონრადიანულ-ელიოტისებურ მოგზაურობას სიმბოლურ წყვდიადის გულში. ბორხესის მიერ შექმნილ ფანტასმაგორიათა შორის, უკვდავთა ქალაქი ყველაზე შემზარავია. ტრიბუნი რუფო დაასკვნის, რომ „ეს ქალაქი შემზარავია… ისე შემზარავია, რომ თვით მისი არსებობა, თუნდაც საიდუმლო უდაბნოს შუაგულში, წამლავს წარსულსა და მომავალს და რაღაცით ცის მნათობებსაც ემუქრება.“

ამერიკელი ლიტერატურისმცოდნე ჰაროლდ ბლუმი შენიშნავს: „სიტყვა-გასაღები აქ არის „წამლავს“ და ძირითადი გრძნობა „უკვდავში“ ესაა ინფიცირების შიში. როცა ჰომეროსი თავს ამჟღავნებს, ის მუნჯი, უბადრუკი ტროგლოდიტია, ხოლო უკვდავების სასურველი მდინარე, მხოლოდ მღვრიე დინება“.

ტრიბუნი რუფოს გზას სიკვდილისკენ, მოკვდაობის მიღებას, ბორხესი ამზადებს არგუსის (ბებერი მომაკვდავი ძაღლი „ოდისეადან“) ხსენებით. თუმცა, თუ ჰომეროსთან სიკვდილის წამი ემთხვევა ანაგნორისს და ცნობით გამოწვეულ სიხარულს, ბორხესთან სიხარულს მოკვდაობის დაბრუნება იწვევს.

       

სიმეტრიები

მან თავის თავში ჩაკლა მარიონეტი.

პოლ ვალერი, „საღამო ბატონ ტესტთან“.

ამერიკელი მკვლევარი, ჯ. ფეიენი აღნიშნავს: ერთ რომელიმე პუნქტზე დაძაბული კონცენტრირება, ხშირად კომიკურ პერსონაჟთა არსს წარმოადგენს. ლორენს სტერნი თავის რომანში „ტრისტრამ შენდი“ ორ ექსცენტრიკულ პერსონაჟს გვაცნობს. ძია ტობი, რადაც არ უნდა დაუჯდეს, ცდილობს გაარკვიოს, სახელდობრ სად დაიჭრა ნამიურის შტურმისას და ის დაუსრულებლად აგებს ნამიურის ციხე-სიმაგრის მოდელს. უოლტერ შენდის სწყურია განსაკუთრებული პროგრამის „ტრისტრაპედიის“ შექმნა, რომლის მიხედვითაც იხელმძღვანელებდა საკუთარი ძის აღზრდისას. მაგრამ, ამ პროგრამის შექმნა დროში ვერ ეწევა ტრისტრამ შენდის ზრდას. ა. ბერგსონი („სიცილი“) შენიშნავს, რომ ორივე, ძია ტობი და უოლტერ შენდი მექანიკურ ტიპებს მიეკუთვნებიან. ორივე დაეძებს სიმეტრიას, რადგან სურთ, რომ დრო ზუსტად შეესაბამებოდეს მათ მიერ წინასწარ მოხაზულ სქემებს. ესწრაფვიან რა რეალობის მართვის გასაღებს, ისინი უსასრულოდ მეორდებიან. წარსულისკენ მიმართული კონცენტრირება ითხოვს, რომ აწმყო წარსულის სიმეტრიული იყოს. მომავლისკენ მიმართული კი, მომავლის აწმყოსადმი სიმეტრიულობას ითხოვს. ასეთი ახირება თავის თავში გულისხმობს იმას, რომ გარკვეულ ქმედებებს დროსა და სივრცეში შეუძლია ისეთ კონფიგურაციებამდე მიგვიყვანოს, მატერიამ ან გონებამ ოდესღაც რომ უკვე მიიღო.

აზროვნების სიმეტრიულობა ბორხესის პერსონაჟებიდან ისეთებს ახასიათებთ, სამაგიეროს გადახდის სურვილი რომ ამოძრავებთ.

 

„განშტოებულ ბილიკთა ბაღი“

დანტეს ჯოჯოხეთი სამოთხეში იწყება.

პოლ კლოდელი

ბაღი – უძველესი თემა ადამიანის შემოქმედებაში, ისეთივე მეტამორფოზებს განიცდის, როგორც თავად ადამიანი. ბაღს აქვს რაღაც ზედროული თვისება სულიერი მისტერიების პროვოცირებისა. სახარებისეული ცოდვათა გამოსყიდვა იწყება და მთავრდება ბაღში. ცაო სიუეცინის (XVIII ს. ჩინელი ავტორი ბორხესის ამ მოთხრობის ერთ-ერთი ინსპირატორია) და ბორხესის ბაღებს შორის ის ძირითადი განსხვავებაა, რომ პირველი განასახიერებს კოსმოსს, მეორე კი ქაოსს. ამიტომაცაა „გაუყუჩებელი ტკივილი და დაქანცულობა“.

 

კლასიფიკაცია

მე არ ვენდობი ისეთ შემეცნებას, რომელსაც საფუძვლად უდევს არა აზრი, არამედ მხოლოდ კლასიფიკაციის კომფორტულობა.

ბორხესი „რეალობის ერთ-ერთი ბოლო ვერსია“

ბორხესის ტექსტებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ბორხესი თავს არიდებს სამყაროს სახელმდებელი ადამის პოზას.

ეს კაბალისტების სანუკვარი ოცნება იყო: სასრული რაოდენობის ასოების უსასრულობამდე კომბინირებით, ისინი იმედოვნებდნენ, რომ ერთხელაც ღმერთის ჭეშმარიტ სახელს აღმოაჩენდნენ. XVII ს-ის მოაზროვნეები ასევე იმედოვნებდნენ, გარდა ღმერთის სახელისა, სახელი მოეძებნათ სამყაროში თითოეული ინდივიდუმისთვის და, ამგვარად, აეცილებინათ ენათა აღრევის შემდგომი წყევლა, რომელიც ცალკეული ცნებების ზოგადით აღწერას გვავალდებულებს.

ჯ. ლოკის აზრით, ენა, რომელიც მხოლოდ საკუთარი სახელებისგან შედგება და მხოლოდ განსხვავებებს აღნიშნავს, ვერ შეასრულებს ენის ზოგად ამოცანას: ის არ იქნება ხელისშემწყობი შემეცნებისა და კომუნიკაციისთვის. განსაკუთრებულ ენაზე მოსაუბრე სოლიფსისტი ხდება, მას მხოლოდ ავტოკომუნიკაცია შეეძლება („ფუნესი, მეხსიერების სასწაული“).

აი დასკვნა, რაც ბორხესმა კლასიფიკაციათა უსაფუძვლობაზე გააკეთა: „ჩვენ არ ვიცით, რა არის სამყარო“. და იქვე ამატებს: „სამყაროს ღვთაებრივი სქემის წვდომის შეუძლებლობამ, არ უნდა დაგვიკარგოს ჩვენი, ადამიანური სქემების შექმნის ხალისი“.

 

განდევნილნი

ჭეშმარიტება ერესად იბადება და ცრურწმენად კვდება.

გ.ფ. ჰეგელი

კიდევ ერთი წამყვანი თემა ბორხესთან – არაღიარებული ტრადიციები, კლასიკური ფილოსოფიიდან გაძევებული მარგინალები. ესენი არიან: ადრეული ქრისტიანობის ეპოქის გნოსტიკოსები9 და ახალი დროის მისტიკოსები, როზენკრეიცერები და ფრანკმასონები, უნივერსალური ენის შემქმნელები და მეოთხე განზომილების აღმომჩენები, ერეტიკოსები და მედიუმები.

ბორხესი თითქოს მისთვისვე დამახასიათებელი შტრიხებით გამოსახავს ერესიარქ და თვითმარქვია ჰაქიმს,10 რომლის ხელობაშიც (მღებავი) იუდა იშიფრება და დაუნდობელი აღსასრულისთვის იმეტებს მას.

  

ისტორია

კლეოპატრას ცხვირი რომ სხვანაირი ყოფილიყო, მსოფლიო ისტორიაც სხვანაირი იქნებოდა.

ბლეზ პასკალი

ბორხესი ირონიულად უყურებდა ნაციონალურ ფანატიზმს და „პროფესიონალ პატრიოტებს“. ის იმეორებდა ხოლმე მამის სიტყვებს: „არგენტინაში ისტორიამ კატეხიზისი შეცვალა“, მაგრამ განსაკუთრებით უყვარდა კარლეილის შემდეგი შეხედულება: „მსოფლიო ისტორია წიგნია, ხოლო ჩვენ განწირულნი ვართ განუწყვეტლივ ვკითხულობდეთ და ვწერდეთ ამ წიგნს, რომელშიც თავად ვართ ჩაწერილნი“. ნოველაში „მოღალატისა და გმირის თემა“ ბორხესი დახვეწილი ოსტატობით გვაჩვენებს ისტორიის რელატიურობას.

 

ცხოვრება სიზმარია

საერთო სიზმრები არსებობს და მას რეალობა ეწოდება.

ბორხესი, ჰერმან ბროხი „უცნობი სიდიდე“

ბორხესს (როგორც ჩანს, მხოლოდ მას), ეკუთვნის ღმერთი-სიზმრისმხილველის იდეა. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ არა მარტო ჩვენ ვმოქმედებთ, არამედ თავად ჩვენც ვიღაცის მეტაფორა, ვიღაცის სიზმარი, ვიღაცის ვნება ვართ. ბორხესისთვის კულმინაციური მომენტი დგება მაშინ, როცა სიზმრის პერსონაჟი გააცნობიერებს საკუთარ პერსონაჟობას.11

ბორხესი სიმპათიით იყო გამსჭვალული იდეალისტი ჯ. ბერკლის მიმართ. ბერკლის ღმერთი, ეს არის ყველგანმყოფი დამკვირვებელი, რომლის ამოცანაა, ხედავდეს სამყაროს, როგორც მთელს. ამისათვის – თითქოს უსწორებს ბორხესი – საჭიროა მას მუდამ ვესიზმრებოდეთ.

 

„ფუნესი, მეხსიერების სასწაული“

ხსოვნა უმალ იმაზე მიუთითებს, რომ სულში უძრაობაა და არა მოძრაობა.

პლატონი „კრატილე“ 437 b

ბორხესი, რომელიც ამბობდა, რომ ჩაწერისთანავე ივიწყებს ისტორიებს, ქმნის მთხრობელს, რომელიც გახსენებას ცდილობს. „Recuerdo” (მახსოვს) – ასე იწყება მოთხრობა. მთხრობელი და გმირი ანტიპოდები არიან. ერთი მოგზაური მეცნიერია, მეორე ადგილზე მიჯაჭვული ინვალიდი. ერთი მოგონებებზე მონადირეა, მეორე კი მოგონებების მსხვერპლი. ცხენიდან გადმოვარდნისას, ფუნესი კარგავს ცნობიერებას, მაგრამ მოიპოვებს ჰიპერტროფირებულ მეხსიერებას.

ფუნესი ახერხებს აღქმისა და გახსენების აქტი ერთდროულად მოახდინოს, თითქოს არისტოტელეს განსაზღვრების უარყოფა სურდეს: „არ შეიძლება აწმყოში იხსენებდე იმას, რასაც აწმყოში აღიქვამ“.12 ფუნესი თავს აღიქვამს, შთაბეჭდილებების უნიკალურ საცავად და, იმავდროულად, როგორც ყოველგვარ ღირებულებას მოკლებულ ნივთების ქაოსად:

მოძრაობა, დრო, სივრცე დიფერენციალების უსასრულო მწკრივებად იშლებიან. მთხრობელს ეჭვი ეპარება, აქვს თუ არა ფუნესს ასევე განსაკუთრებული აზროვნების უნარი.13

ფუნესის მტკიცება, რომ მისი სიზმრები ჰგავს სხვათა სიფხიზლეს, შეიძლება შევაბრუნოთ: ჩემი სიფხიზლე ისეთივეა, როგორც თქვენი სიზმარი (ფუნესის ნათესავის სიტყვები მის დაცემაზე, მთხრობლის მხრიდან ხასიათდება, როგორც სიზმარი, შედგენილი უფრო ადრეული ელემენტებისგან). შიფრების შეცვლის და სახელების გადარქმევის, ახალი ენობრივი ნიშნების შექმნის მცდელობისას, მღვიძარე ფუნესი ასრულებს ოპერაციებს – ჩვეულებრივ სიზმარში რომ ხდება და რაღაცით გვაგონებს ფროიდის თეორიებს, რომელთა მიხედვითაც, სიზმრის ფუნქციონირება მისი შესქელების და ძვრის ხერხებით წარმოადგენს სემანტიკურ სამუშაოს, ხოლო სიზმრის მეორედ დამუშავება, რომელიც ცდილობს აბსურდული შთაბეჭდილების მოცილებას, წარმოადგენს სინტაქსურ სამუშაოს. ფუნესი ახალი ნიშნებით სახეს უცვლის სამყაროს, უძილობაში რომ ესიზმრება.

ბორხესის მიერ აღწერილი შემთხვევა საინტერესოა იმით, რომ გვთავაზობს სამყაროს განსაკუთრებულ მოდელს, რომელსაც წარმოაჩენს უსასრულობამდე განვრცობილ, უცნობი პრინციპებით შედგენილ კატალოგებში. ყველანაირი მოდელი შესაძლებელია და შეუძლებელია! – ასეთია ბორხესის პარადოქსული, იუმორისტულ-სერიოზული არგუმენტაციის არსი.

 

სხვა

მხოლოდ ურთიერთობაში… იხსნება „ადამიანი ადამიანში“.

მ. ბახტინი

ნოველაში – „შემოჭრილი“ – ძმები ნილსენები იმდენად შეკრულნი არიან უპიროვნო, გვაროვნული კავშირით, რომ „დამოუკიდებელი“ ნაბიჯის გადადგმა მათთვის შესაძლებელია მხოლოდ სხვის, უცხოს განადგურებით. ასეთი ცნობიერებისთვის სხვა მისაღებია მხოლოდ როგორც დამცირებული, განადგურებული, რადგან გვაროვნული ტიპის ცნობიერებას ეშინია სხვების, ეშინია სხვებთან შერცხვენის (მათი ანონიმური, კოლექტიური მზერა და სასამართლო დაჟინებით მყოფობს ამ ნოველაში).14

ბორხესი ხშირად ეხება ისეთ პრობლემას, როგორიცაა შეტყობინება და მისი წაკითხვა („განშტოებულ ბილიკთა ბაღი“), ან როგორც ერთის, ისე მეორის შეუძლებლობა („ემა ცუნცი“). ბორხესის პერსონაჟები ვერ აღწევენ თავს საკუთარ ლაბირინთს და ისღა შეუძლიათ, განავრცონ იგი. ერთმანეთის ძიება დაღუპვით მთავრდება – სხვა, (არა-მე) ასეთ სამყაროში მხოლოდ მკვლელი ან მსხვერპლი შეიძლება იყოს.

სხვის უარყოფა ნიშანია საკუთარ ერთადერთობაზე განუზომელი პრეტენზიისა. მითური ასტერიოსი („ასტერიოსის სახლი“) მოიკვეთს საკუთარ თავს სამყაროსგან იმ მიზეზით, რომ „განუმეორებელია“. ასე ღალატობს ის საკუთარ დანიშნულებას (ორფიკული ტექსტების მიხედვით) – შეაერთოს მიწიერი და ზეციური.

ბორხესის პერსონაჟთა დიდი ნაწილი თითქოს თავისით უუცხოვდებიან საზოგადოებას და მოხალისეებად მიდიან ველურებში. ასეთია, ინგლისელი ქალი15 („ამბავი მეომრის და ტყვე ქალწულისა“), ასეთები არიან რეგრესის გზაზე დამდგარი პერსონაჟები მოთხრობებში: „უკვდავი“, „ბროდის ანგარიში“, „ოცდაათთა სექტა“.

და პირიქით, სხვისადმი გახსნილობით „სხვა სიკვდილის“ გმირი, პოულობს ძალას მანკიერი წრის გასარღვევად და ქვეყნად იშვიათ ბედნიერებას შეიცნობს.

 

ორეულები, ანარეკლები

მრავლად გადაქცევა გასაკვირი არაა, შენ გამთელება სცადე!

უ ჩენ იენი „მოგზაურობა დასავლეთში“.

 

ანტიკურობიდან მომდინარე მოწოდებას „შეიცან თავი შენი“ ბორხესი ორეულების თემას უკავშირებს („წარმოსახვით არსებათა წიგნი“). თვითშემეცნების მსგავსად, გაორებით იწყებიან პოეტური ქმნილებანი, რომლებიც, თავის მხრივ, მეორდებიან სხვა ხატებებში. ისინი თითქოს სარკეებში აირეკლებიან და მათთვის ათვლის წერტილად იქცევიან საკუთარი სამყაროების შესაქმნელად. მწერალს ამოძრავებს მკრეხელური ვნება: მას სურს, შექმნილს მიანიჭოს ღვთაებრივი ყოფიერება. ამიტომ, მისი გაორება ერთმანეთში არეკლილ ხატებათა სიმრავლეში გადაიზრდება. ბორხესისთვის ანარეკლთა ასეთი სიმრავლე ლიტერატურის უმაღლესი ღირსებაა. ის მიიჩნევს, რომ ყოველი ანარეკლი სტილისტიკურად ორიგინალზე უმჯობესია, ისე, როგორც მენარის ფრაგმენტული „დონ კიხოტი“ სერვანტესისაზე უფრო დახვეწილია.

შექმნილ ხატებაში თავის დაკარგვა ბორხესისთვის პოეზიისგან განუყოფელია: „ადამიანი იწყებს ქვეყნიერების ხატვას. გადის წლები, ის სივრცეს ავსებს პროვინციებით, სამეფოებით, მთებით, ყურეებით, გემებით, კუნძულებით, თევზებით, ოთახებით, ცხენებით, ვარსკვლავებითა და ადამიანებით, ხოლო გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე აღმოაჩენს, რომ ხაზების ეს მრავლისდამთმენი ლაბირინთი მისივე სახის ნაკვთებია“ („მუზეუმი“).

 

კომენტარები

  1. შდრ.: „ლაბირინთი დაბნეულობის ნამდვილი სიმბოლოა. ამიტომაც ავირჩიე. ადამიანურ გრძნობათა შორის, ჩემთვის ყველაზე ჩვეული ხომ დაბნეულობა, აღტაცება და გაოცებაა. ოღონდ, ყოველთვის ჩესტერტონისეული აღტაცებული გაოცება არა. ჩესტერტონი წერს: „თუკი მზე ყოველ დილას ამოდის, ამის მიზეზი ისაა, რომ ღმერთი ბავშვივითაა. მზე ამოდის, ღმერთი ხარობს, ტაშს შემოჰკრავს და ამბობს: კიდევ ერთხელ! ჩვენ ისე ნორჩი არ ვართ, როგორც მამაჩვენი. ჩვენ მოგვბეზრდა მზის ამოსვლა, მზის ჩასვლა, წელიწადის ოთხი დრო, ადამიანის ასაკობრივი ფაზები, მას კი – არა“. ბორხესი, „ჩემი პროზა“.
  2. შდრ.: ადამიანი ისევე გაუჩინარდება, როგორც ზღვის სანაპირო ქვიშაზე მოხაზული ფიგურა. მიშელ ფუკო, „სიტყვები და საგნები“
  3. თითქოს ბოროტი სულის ნაკარნახევს ჰგავს შემდეგი მსჯელობა: „ის, ვინც უნდა განახორციელოს საშინელი აქტი, უნდა წარმოიდგინოს, რომ ეს უკვე ჩადენილი აქვს, უნდა მიიღოს მომავალი ისევე შეუცვლელად, როგორი შეუცვლელიც წარსულია“ („განშტოებულ ბილიკთა ბაღი“).
  4. კაიროსის შეუძლებლობაზე წუხილად ჩანს ნიცშეანური პასაჟი მოთხრობაში „ემა ცუნცი“: მოუნდა, უცბად ხვალინდელ დღეში აღმოჩენილიყო, მაგრამ უმალვე მიხვდა სურვილის უაზრობას, რადგან მამის სიკვდილი ის ერთადერთი რამ იყო, რაც მოხდა სამყაროში და რაც უსასრულოდ გაგრძელდებოდა.
  5. თითქოს კირკეგორის სიტყვების (თუ სამყაროს მრავალფეროვნებისათვის აუცილებელია, რომ ჯოჯოხეთში იყოს ერთი ადამიანი, ეს მე ვიქნები, მე მაინც უფსკრულიდან ქებას შევასხამ ღვთაებრივ სამართალს) გავლენა იგრძნობა „ბაბილონის ბიბლიოთეკის“ ამ ფრაგმენტში: დე, იარსებოს ზეცამ, თუნდაც პირადად ჩემი ადგილი ჯოჯოხეთში იყოს. დე, ვიცემო, ვეწამო და გავნადგურდე, მაგრამ იყოს ერთი წამი, ერთი არსება, როდესაც ეს უკიდეგანო ბიბლიოთეკა თავის გამართლებას პოულობს.
  6. ზენონის აპორია „აქილევსი და კუ“ Regressus in infinitum-ის აღმნიშვნელია. აი, რას წერს ბორხესი ესეიში „კუს ავატარები“: ჩვენ მოგველანდა სამყარო. ჩვენ ის დავინახეთ როგორც მკვრივი, იდუმალი, ხილული, განფენილი სივრცეში და მდგრადი დროში; მაგრამ როგორც კი დავუშვით ამ შენობაში უგუნურობის ვიწრო და მარადიული ნაპრალი, გასაგები გახდა, რომ ის ცრუა.
  7. Mise en abime – ჰერალდიკური ფიგურა. ბორხესისთვის აღნიშნავს მთელს, რომელიც საკუთარი თავის ნაწილია. ესაა „ალეფი“, ანუ ის წერტილი, სადაც გადაჯვარედინდება პლატონის ფილოსოფიის კატეგორიები – მსგავსი და განსხვავებული, მთელი და მრავალი, ეს იმ უფსკრულში ჩაძირვაა, რომელიც სამყაროს შესაქმეს ჰგავს.
  8. შდრ.: წარმოსახვის უნარს მოკლებულნი, სისასტიკით გამოირჩევიან. ბორხესი „ბროდის ანგარიში“
  9. ესეიში -„ფსევდო ბასილიდეს გამართლება“ – ბორხესი წერდა: პირველ საუკუნეებში გნოსტიკოსები ეკამათებოდნენ ქრისტიანებს. შემდგომ მათ ანადგურებენ. თუმცა, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ სავარაუდო ტრიუმფი. მაშინ, ალექსანდრიის და არა რომის გამარჯვება, გიჟური და უწმინდური ისტორიები, ლოგიკური, ამაღლებული და ჩვეულებრივი გამოჩნდებოდა.
  10. შდრ.: „ხანდახან (ეს ყველაზე მძიმე კოშმარებია) ვხედავ საკუთარ გამოსახულებას სარკეში, მაგრამ გამოსახულება ნიღბიანია და ვერ ვბედავ ნიღბის ჩამოგლეჯას, მეშინია, დავინახო ჩემი ნამდვილი სახე, რომელიც საზარელი წარმომიდგება. შეიძლება თვალწინ წარმომესახოს კეთრი ან უბედურება ან რამე ისეთი საშინელი, რომ შეუძლებელია წარმოდგენა“. ბორხესი „შვიდი საღამო“.
  11. უნდა ითქვას, რომ ზემოთ ციტირებული ფრაგმენტი უ. ეკოს სტატიიდან ძალზე ოპტიმისტურია. ბორხესის უნივერსუმში ვერცერთი პერსონაჟი ვერ აღწევს თავს პერსონაჟობას და ვერ გარდაისახება ავტორად.
  12. “De memoria et reminiscentia”, 10451 a/b. თუმცა აქ პლატონიც შეიძლება დავამატოთ. თავად ბორხესი ესეიში – „პამპა“ – შენიშნავს: აღქმა წარიმართება მეხსიერებით. ამ დოქტრინას ფსიქოლოგებამდე მრავალი საუკუნით ადრე ავითარებდა პლატონი.
  13. შდრ. ნიცშე: „ზოგი იმიტომ ვერ ხდება მოაზროვნე, რომ ძალიან კარგი მეხსიერება აქვს“. ნიცშეზე აშკარა თუ ფარული მინიშნებები ამ მოთხრობაში უხვად არის.
  14. არგენტინელი მწერალი რიკარდო პილია სტატიაში „სხვისი მეხსიერება“ შენიშნავს: “ბორხესის საუკეთესო მოთხრობები ამ თემებს უტრიალებენ: პირადი მოგონების არასაიმედოობა, გაყალბებული ცხოვრება, შემოტყუებული გამოცდილება. მისი პარანოიდული სამყაროს გასაღებია არა ამნეზია, არამედ პიროვნებით და მეხსიერებით მანიპულირება. მკითხველს ისეთი გრძნობა უჩნდება, თითქოს გზა დაებნა და მას კვლავ და კვლავ აბრუნებენ მზაკვრულად აგებული ლაბირინთის ცენტრში. ბორხესის პროზაში ასეთად წარმოდგენილია პოლიტიკა. საკმარისია „ბაბილონური ლატარია“ წავიკითხოთ, რათა გავიგოთ: სახელმწიფოს, როგორც ტოტალური სათვალთვალო აპარატის როლი, ესაა ყალბი მეხსიერების და უპიროვნო გამოცდილების შექმნა – „როგორც ყველა ბაბილონელი, მეც პროკონსული ვიყავი; როგორც ყველა, მეც ვყოფილვარ მონა. გამომივლია ყოვლისშემძლეობა, პატივის აყრა, დატუსაღება“. შურისმაძიებელი რედ შარლახის ფიგურა („სიკვდილი და ფარგალი“), ამ ახალი ტიპის ცნობიერების გამომხატველია. გმირი აქ მთლიანად გარე სივრცეში ცხოვრობს, მასში არაფერია თავისი, არაფერია პიროვნული. გმირი ისაა, ვინც შაბლონად იქცევა, ვინც გაყალბებულ ცხოვრებას და შემოტყუებულ გამოცდილებას ამრავლებს“.

შაბლონად გადაქცევას ბორხესი აღწერს ნოველაში „მოღალატისა და გმირის თემა“, სხვისი მეხსიერების ძალაუფლებას ადამიანებზე ნოველაში – „შეხვედრა“.

  1. ეპიზოდი, როდესაც გაველურებული ინგლისელი ქალი ცხვრის სისხლს ეწაფება, უცნაურად, კონტრასტულად ჰგავს „ოდისეაში“ აღწერილ აჩრდილთა გამოხმობას.

© არილი

Facebook Comments Box