პორტუგალიაში პოლიციელი ხელზე არ გკოცნის, მაგრამ ამ ჩემთვის უცნობმა ქვეყანამ ამ ნაკლის მიუხედავად, მაინც მომიხიბლა. საქართველოში კი პოლიციელი ხელზე გკოცნის – ეს ბედნიერება რამდენიმე დღის წინ მხვდა წილად – ოღონდ აქამდე ჯერ არც ერთ ქართველს არ მივუპატიჟებივარ სასახლეში, იქ რომ ერთი კვირის განამვლობაში მეცხოვრა და პოეზია მეთარგმნა.
სამაგიეროდ პორტუგალიელს ეს შემოთავაზება არ მოერიდა. ივნისის შუა რიცხვებში სამ ქართველ პოეტთან ერთად როტერდამში ვიყავი, სადაც მე-38-ე საერთაშორისო პოეზიის ფესტივალზე დაგვპატიჟეს. როტერდამის მოგზაურობა დაწვრილებით აღვწერე ცხელი შოკოლადის აგვისტო-სექტემბრის ნომერში. ფესტივალის ფარგლებში ყოველ დილით მაია სარიშვილის პოეტური თარგმანის ვორკშოპი ტარდებოდა. ნუნუ იუდისი, ერთ-ერთი წამყვანი პოეტი პორტუგალიაში, ამ ვორკშოპს ესწრებოდა, და გადაწყვიტა, რომ მაია, შოთა იათაშვილი და მე, როგორც მათი მთარგმნელი და თარჯიმანი, პორტუგალიაში უნდა ჩავსულიყავით, რათა თარგმანის სემინარში მიგვეღო მონაწილეობა, რომელიც მე-17-საუკუნის სასახლეში ტარდება ხოლმე.
ჩვენი პირველი შეხვედრიდან რამდენიმე თვის მერე მართლაც მატეუშის სასახლეში მოვხვდით, სადაც 1990 წლიდან ორჯერ წელიწადში ორ უცხოელ პოეტს პატიჟებენ, რათა მათი პოეზია პორტუგალიურ ენაზე თარგმნონ, და ორი კრებული მოამზადონ გამოსაცემად. ჯერ ლისაბონში ჩავფრინდით. დიდი პორტუგალიელი პოეტის, ფერნანდო პესოას მიმართ ჩვენი სიყვარულის მიუხედავად, ჩვენ მოგზაურობაში ლისაბონმა მხოლოდ სქოლიოს ადგილი დააკავა. ჩასვლის დღესვე აღმოჩნდა, რომ ჩვენი მასპინძელი, ნუნუ იუდისი, ძალიან დაკავებული იყო, და თარგმანის სემინარზე წასვლამდე უამრავი საქმე უნდა მოესწრო. ამიტომ ჩაგვსვა თავის მანქანაში, და ჩვენთან ერთად დაქროდა საქმეებზე. ჯერ სასტუმროში შემოგვიარა, მერე ცოლს მიაკითხა, და შემდეგ ყველამ ერთად შემოვიარეთ მთელი ქალაქი. ცოლი, რომელიც წლების მანძილზე პესოას სახელობის ცენტრის ხელმძღვანელი იყო, გვითითებდა, რომელ სახლში დაიბადა, იცხოვრა, იმუშავა, და გარდაიცვალა ფერნანდო პესოა. ამასობაში ნუნუმ სიძისთვის ამანათის გადაცემაც მოასწრო, ტელეფონის ზარებსაც უპასუხა, და რესტორანში მეგობრებთნ ერთადაც ივახშმა.
მეორე დღეს მაია, შოთა და მე გავიყავით. მაია და შოთა ნუნუს მანქანაში დასხდნენ, მე კი პორტუგალიელ-ინგლისელ წყვილს ჩამაბარეს. მატეუშის სასახლემდე ოთხასი კილომეტრი გვქონდა გასავლელი. მძღოლი საშინლად ატარებდა მანქანას, ამიტომ მთელი გზა ცუდად ვიყავი. მარკი – ასე ერქვა ინგლისელს (ქმარს) – მანქანას აწყვეტილი ხარივით ტარებდა. ჩვენი ხუთ საათიანი მოგზაურობა ჩვეულებრივი გაცნობის ლაილაითი დაიწყო: სად ცხოვრობთ? სად მუშაობთ? ღმერთო ჩემო, საქართვლოში როგორ მოხვდით? და უამარავი მსგავსი კითხვები, რაზეც პასუხის მიცემა უკვე მბეზრდება, მაგრამ ზრდილობის გამო ვპასუხობ.
თავიდან მეგონა, რომ მარკი ჩემმა პასუხებმა გააღიზიანა და მანქანა იმიტომ დაყავდა ჯიხვივით. მაგრამ როცა ჩვენი გაცნობდან ნახევარი საათის შემდეგ ცოლმა ქმარს ყვირილი აუტეხა, მივხვდი, რომ მიზეზი მე არ ვიყავი. მატეუშის სასახლეში ჩასულებმა, ანამ ჩხუბისთვის ბოდიში მომახადა. ამიხსნა, რომ პორტუგალიაში ყოფნის დროს მარკს შურს, რომ ანას მეტ ყურადღებას აქცევენ, როგორც პორტუგალიელს. თურმე ყველა მამაკაცს ჰქონია მიზეზი, რომ გიჟივით ატაროს მანქანა. მახსოვს, რამდენიმე წლის წინ ნიდერლანდელ მწერალ არნონ გრუნბერგთან ერთად თბილისიდან გორში სტალინის მუზეუმის სანახავად მივდიოდი ტაქსით. ვინაიდან საქართველოში უკვე გამოცდილი მგზავრი ვიყავი, და ქართველი მძღოლისგან აღარაფერი მაკვირვებდა, მანამ, სანამ არნონმა არ მკითხა, რატომ დაყავს მძღოლს ასე წრაფად მანქანაო, სიჩქარეს ვერც ვამჩნევდი. მძღოლს როცა ვკითხეთ, ასე წრაფად რატომ დადიხართ მეთქი, ასე მიპასუხა, დილით ყავა არ დამილევიაო.
მატეუშის მამულში კი ყველა ყოფითი დარდი მეორეხარისხოვანი გახდა. მე-17-ე საუკუნის სასახლე დიდ, მომწვანო ქვის აუზში ირეკლებოდა, იქ ჩასულებს ათიოდე პორტუგალიელი პოეტი და მთარგმნელი დაგვხვდა, სასახლის გრაფი და გრაფინია კი საოცრად სტუმართმოყვარე ხალხი აღმოჩნდა.
მეორე დღეს ზღაპრულ სამუშაო პირობებში დავიწყეთ თარგმანი. ოჯახში გამოცხობილი პურისა და პომიდვრის ჯემის შემდეგ ორ სამუშაო ოთახში გავნაწილდით. თითოეული პოეტის ირვგლივ ჯგუფი შეიქმნა. ყოველდღე ათიდან ექვსამდე მაიას და შოთას ლექსებს ინგლისური პწკარედის მეშვეობით პორტუგალიურად ვთარგმნიდით. სადილსა და ვახშამზე გრაფი და გრაფინია ტავიანთი დაწურული გრილი ღვინოთი და ძველი რეცეპტების მიხედვით მომზადებული კერძებით გვიმასპინძლდებოდნენ. შესვენების დროს სასახლის ბაროკალურ ბაღებში ვსეირნობდით და ერთმანეთს ვესაუბრობდით.
თარგმანის დროს ორ ჯგუფს შორის დასახმარებლად დავრბოდი. შოთასთან ან სიცილით კვდებოდნენ, ან ერთმანეთს სასტიკად ეჩხუბებოდნენ. მაიასთან კი ფილიგრანული, ჩუმი მუშაობა მიმდინარეობდა. მთარგმნელები მეტაფორებში იჭედებოდნენ ხოლმე. მაიას მისი ლექსების სათარგმნი სირთულეები გასაოცარი იყო. მისი ლექსების გადასათარგმნად მართლა თითოეულ სიტყვასა და ხატზე მთარგმნელს ფიქრი უწევდა. ყოველი დასრულებული ლექსის შემდეგ პოეტი-მთარგმნელები ფურცლიდან თვალს აშორებდნენ, და მაიას მადლობის ნიშნად უღიმოდნენ. შოთასთან თარგმანის პროცესი უფრო იოლად მიმდინარეობდა, ვინაიდან მის ლექსებს თხრობითი სტილი ახასიათებს, და ჩახლართული მელანქოლიური იუმორი მკითხველს, ამ შემთხვევაში მთარგმნელს, ადვილად იტაცებს. მაიას მზიანი მხარე მაშინ ჩანდა, როცა შესვენებისას პიანინოზე ქართულ საბავშვო სიმღერებსა და შოპენს უკრავდა. ბოლო დღეს კი შოთამ მისი მთარგმნელები გააოცა მატეუშში დაწერილი ორი ახალი ლექსით. ერთი ნუნუ იუდისს მიუძღვნა, მეორე კი ჩვენ დიდგვაროვან მასპინძლებს, მარია ამელია და ფერნანდო ალბუკერკებს.
შოთასთან მუშაობდა ერთი კაცი, ვისი მზერაც პირველივე საღამოს შევნიშნე. მაშინ ყურადღების ცენტრში ჯერ არ ვიყავით. საღამოს ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოვიდა სასახლეში პორტუგალიელი პოეტისთვის ჯილდოს მისაცემად.
დაჯილდოვების შემდეგ პრეზიდენტმა მალე დაგვტოვა. შეიძლება, მოწამლვისაც შეეშინდა. დაჯილდოვებამდე ნუნუ იუდის ვკითხე, თქვენი პრეზიდენტი რანაირი კაცია მეთქი და მისთვის დამახასიათებელი წყნარი ხმით მიპასუხა, ძუნწიაო. აღმოჩნდა, რომ მთავრობამ მატეუშის კულტურის პროგრამას დახმარება შეუწყვეტა.
პრეზიდენტის წასვლის შემდეგ დანარჩენი სტუმრები გრაფმა და გრაფინიამ სალონში მიიპატიჟეს, და სანამ საზეიმო სასადილოს კარების გაღებას ველოდებოდით, იქ შეკრებილმა საზოგადოებამ სიგარები და სიგარეტები გააბოლეს. კვამლის მიღმა შევამჩნიე დიდი პორტრეტი, რომელზეც წითელქუდიანი სასულიერო პირი ეხატა, კიდევ დიდი ტილო, რომელზეც ფრინველები იყო გამოსახული, რამდენიმე მოდერნისტული აბსტრაქცია ხაზებით და გეომეტრიული ფიგურებით, ძველი ავეჯი და ჭურჭელი და პორტუგალიელი სტუმრების ოქროსავით ელვარე სახეები.
სალონსა და სანთლებით განათებულ სასადილოს შორის კარებში შევეჩეხეთ კაცს, რომელიც თბილად მოგვესალმა, და თავი წარადგინ, სომეხი აღმოჩნდა. დიდი სიხარულით განაცხადა, რომ მალე სომეხ პოეტებსაც ჩაიყვანდა მატეუშის სასახლეში. ჩვენ წინასწარ მოვულოცეთ, და წარმატება ვუსურვეთ. სამწუხაროდ საუბარი არ გვაცალეს, იმიტომ რომ საიდანღაც ერთი ქალი გაჩნდა, რომელმაც დაცინვით ჰკითხა, აღმოაჩინა თუ არა ადამიანები, რომლებთანაც შეძლებდა სომხურად ლაპარაკს. და იმ ქალმა სომხური წარმოშობის პორტუგალიელი კაცი მოგვტაცა.
ამ პატარა ინციდენტის გარდა საღამო კოსტუმირებულ ფილმს გავდა. საღამოს ბოლოსკენ კი თავი კარგა ხნის წინ ნანახ ფილმში მეგონა. წვერებიანი და შავსათვალიანი მეზობელი აღტაცებულად მელაპარაკებოდა თავის პოეტურ საქმიანობაზე. ყოველ შემთხვევაში, კმაყოფილი ჩანდა შემთხვევით დაპყრობილი ადგილით. როცა ჩემთან სალაპარაკო მასალა ამოეწურა, ყურადღება მეორე მხარეს ჯდომ ქალბატონზე გადატანა. თავისუფალი თვალი სანთლებით განათებულ ოთახს მოვავლე. გრძნობა დამეუფლა, რომ ეს საღამო აღარასოდეს დამთავრდება, ამ ოთახიდან ვეღარავინ გავაღწევდით, ჯადოთი მონუსხულები დავრჩებოდით როგორც ბუზები თაფლში. მაგიდის მეორე მხარეს დავინახე, მაიამ თვალებზე როგორ დადო ვარდის ფოთლები. მეგონა ბუნუელის “გამანადგურებელი ანგელოზი”-ს “რიმეიკში” როლებს ვასრულებდით.
რამდენიმე საათის შემდეგ კი მატეუშის ღამის სიმშვიდეში ჩაძინებულ ბაღებში გავედით გრილ ჰაერზე, და იმ შენობასთან მივედით, სადაც ჩვენ გვეძინა. კაცი, რომელიც გვერდით ოთახს აკავებდა, ჯერ არ ვიცნობდი. ბუნუელის საყვარელ მსახიობს, ფერნანდო რეის ჰგავდა. აღმოჩნდა, რომ ის კაცი იყო, საზეიმო ვახშამზე რომ მაშტერდებოდა. მთელი კვირის განმავლობაში მისი მზერა თან დამყვებოდა. შევეჩვიე კიდევაც. ყველაზე ინტიმური სიტყვები, რითიც მომმართა, ბოლო საღამოს გაისმა. მაშინ უკვე პორტოდან ჩამოსული ოჯახი – ღონიერი, ახალგაზრდა ქალი და პატარა საყვარელი ქალიშვილი და ვაჟი –გვერდით ჰყავდა:
“ვწუხვარ, რომ თარგმანის დროს ერთიორჯერ დაგიყვირეთ. ეს ყოველ სემინარზე მემარტება. ბოდიში მინდა მოგიხადო.” მართალი იყო, რამდენჯერმე უხეშად დამელაპარაკა, როცა შუამავლის როლს ვასრულებდი პორტუგალიელ მთარგმნელებსა და ქართველ პოეტებს შორის. შევეცადე, ეს პიროვნულად არ მემეღო, და ზოგიერთი მონაწილის უხეშობისა და მოუთმენლობის მიუხედავად, რაც შეიძლება კარგად მემუშავა.
ბოლო საღამოს მზის ჩასვლისას შევიკრიბეთ, და ნათარგმნი ლექსები მოვისმინეთ, ქართულად და მშვიდ, შრიალა პორტუგალიურ ენაზე.
შემდეგ დღეს ყველა შინ დაბრუნდა. მაია, შოთა და მე კიდევ ერთი დღე დავრჩით, ვინაიდან მანამდე თბილისისკენ ფრენა არ იყო. გრაფმა და გრაფინიამ შემოგვთავაზეს, მათთან ერთად პორტოში წავსულვიყავით. პორტოს მერიასთან ჩამოგვსვეს, საღამომდე დაგვემშვიდობნენ, და საკუთარ საქმეზე წავიდნენ. გასული კვირიდან მოყოლებული პირველად გავისეირნეთ მარტო.
© “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი”