Uncategorized,  ახალი ამბები,  კულტურა/ლიტ.თეორია

მცირე ჟანრის მოკრძალებული ხიბლი

პრემია ,,საბას’’ წლის საუკეთესო პროზაული კრებულის ნომინაციის მიმოხილვა

 

გაბრიელ გარსია მარკესი მოთხრობისა და რომანის ნიუანსობრივ განსხვავებებზე საუბრისას აღნიშნავდა: ,,რომანების წერა უფრო იოლია, ვიდრე მოთხრობებისა… რომანებზე მუშაობა აგურ-აგურ შენობის აგებას ჰგავს, მოთხრობის შექმნა კი – ბეტონის კოსტრუქციებით შენებას. პირველ შემთხვევაში, თუ კედელი არ მოგწონთ, შეგიძლიათ გამოიღოთ რამდენიმე აგური და დაიწყოთ იმგვარად შენება, როგორადაც უფრო მოგეწონებათ… მოთხრობა კი უფრო მონოლითური უნდა იყოს, მოთხრობიდან არაფრის ამოღება არ შეიძლება…’’

,,საბას’’ წლის საუკეთესო პროზაული კრებულების მიმოხილვისას ცხადი ხდება, რომ გამარჯვებული პროზაიკოსები დღეს უკვე თანამედროვე ქართული ლიტერატურული პროცესების (ტენდენციების, პოლითემატური სიახლეების…)მიმართულებას, ლიტერატურულ ვექტორს განსაზღვრავენ.

ამ ნომინაციის ლაურეატთა ტექსტების გადაკითხვა საუკეთესო საშუალებაა ოცდამეერთე საუკუნის  ქართული მოთხრობის განვითარებისა და თავისებურების ტენდენციებზე სასაუბროდ.

2003 წლის პირველი გამარჯვებულის შესახებ პოეტი, მთარგმნელი და ესეისტი, გივი ალხაზიშვილი წერდა: ,,ბესო ხვედელიძის სტილი ირონიულ-პაროდიულია, ზოგჯერ სარკასტულიც, მაგრამ ავტორი პერსონაჟებს ბოლომდე არ წირავს, უბრალოდ, გროტესკულ რეალობაში ამყოფებს და ამ გროტესკს ყოველთვის აქვს მეორე მხარე, რის გარეშეც ხელში შეგვრჩებოდა ცალსახა, ანეკდოტური ხუმრობა. საბედნიეროდ, ბესო ხვედელიძის მოთხრობები გამოირჩევა სწორედ ამ მრავალსახეობითა და ქვეტექსტით, რომელიც ღიმილის სიღრმეშია მიმალული და დროდადრო ჩნდება ან იგრძნობა, როგორც საყრდენი.’’

მართლაც, ბესო ხვედელიძის პროზის კითხვისას გვრჩება შთაბეჭდილება, რომ მასში ასახული სამყარო რეალობის იმიტაციაზე მეტად იმიტაციის ილუზია უფროა, რომელსაც გროტესკული დეფორმაციები კიდევ უფრო მეტად აძლიერებს.

თავად ავტორი ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს: ,,რაც ჩემს მოთხრობებშია გადმოცემული იმ რეალობის მოტანილია, რომელსაც ვეზიარე. ჩემი პერსონაჟების ტყავში ვძვრები და ვალაპარაკებ. ჩემი მოთხრობები, ძირითადად, დოკუმენტურია და ფანტაზია მხოლოდ სიუჟეტის აგებაში მჭირდება.’’

 

***

თუ პროზის რომელიმე ჟანრს აქვს ყველაზე მეტი  გავლენა ენაზე და, მეორე მხრივ, ყველაზე მეტად იკვებება ენით, ეს ალბათ მოთხრობაა. ქართული მოთხრობა ენობრივად საოცრად მრავალფეროვან ტექსტურ კორპუსს ქმნის, ეს საქართველოს ერთგვარი ენობრივი პორტრეტია, რომელიც იმერეთის, ყაზბეგის, ქართლის, გურიის  თუ კახეთის ენობრივ სურათს ისე დეტალურად აცოცხლებს, რომ ერთგვარ ენობრივ საბადოს, საქართველოს ლინგვისტურ რუკას ემსგავსება.

2004 წლის გამარჯვებული კრებული „ნაწერი ხანჯლის წვერითა“ ცნობილი ენათმეცნიერის, დიალექტოლოგისა და მწერლის, გიორგი ცოცანიძის ენობრივ მასტერკლასს წარმოადგენს. გიორგი ცოცანიძე სხვა თემებთან ერთად, მეცნიერებასა თუ ლიტერატურაში თუშეთსა და თუშურ დიალექტს  აღწერს, სწორედ ასეთი, ზეპირი ისტორიები, ავთენტური ენობრივი თუ ლიტერატურული ამბებია გადმოცემული კრებულში, რომელმაც, ქართული ენის ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური და საინტერესო ფორმა შექმნა და ასახა.

***

2005 წლის ,,საბას’’ ლაურეატი კრებული  ნუგზარ შატაიძის ,,ნოემბრის წვიმა’’ გახდა. მასში მკითხველისთვის კარგად ნაცნობი (ასევე მანამდე დაუბეჭდავი) მოთხრობები, ნოველები და რადიოპიესებია გაერთიანებული: ,,თეთრი ცხენი’’, ,,გეგათ ოლა’’, ,,გიო’’, ,,ჩვეულებრივი ყვავი, ჩვეულებრივი კაჭკაჭი, ჩვეულებრივი ძაღლები“, ,,ქეთო გალოთებულა’’, ,,მგელი’’, ,,ნოემბრის წვიმა’’,  ,,მოგზაურობა აფრიკაში’’, ,,9 მარტი’’, ,,პურის მოთხრობა’’, ,,მეკვლე’’, ,,დაჭრილი წერო’’  და ა.შ.

,,ნუგზარ შატაიძე პირველხარისხოვანი ნოველისტი იყო („პირველხარისხოვანი მწერალი“ ფოლკნერს დავესესხე, მომწონს ეს გაწონასწორებული შეფასება). სიტყვის ოსტატიო, დამკვიდრდა ჩვენში. რას ნიშნავს სიტყვის ოსტატი, თუ არა სიტყვით ხატვას და ნაღდი მწერლობაც ეს მგონია – სიტყვით ხატვა. ეგ იყო – სიტყვით მხატვარი’’ – წერს ირაკლი სამსონაძე. სწორედ მან უწოდა ,,პურის მოთხრობას’’ ,,დაკარგული სიტყვების ოაზისი’’.

2006 წელს პრემია ვანო ჩხიკვაძის კრებულს ხვდა წილად. „ზამთრის წიგნი“ 1990-იანი წლების შესახებ დაწერილი ქრონიკაა. შესაძლოა, მკითხველს ადგილ-ადგილ იმის შთაბეჭდილებაც კი დარჩეს, რომ დოკუმენტურ პროზას ეცნობა. წიგნი, უმეტესად, სამაჩაბლოს კონფლიქტს ეხება. ავტორი ცდილობს ამ დაპირისპირების მიზეზის დანახვას და გამონაგონის გზით იმ რეალურ ამბებთან შეყოვნებას, რომლებიც მან თავად გამოიარა. წიგნის ერთ-ერთი საინტერესო მხარე ისაა, რომ იგი ფოტო-კადრების ერთობლიობას წააგავს. გაფანტული სურათები ნელ-ნელა ერთიანდებიან და კრებულის ბოლოს ერთ მთლიანობას კრავენ, რაც ომის თავზარდამცემ ბუნებას კიდევ ერთხელ უჩვენებს მკითხველს და ამასთან შეახსენებს, რომ ეს ყველაფერი სულ 10-ოდე წლის წინ ხდებოდა.

***

2007 წელს ,,საბა’’ ლაშა იმედაშვილმა მიიღო კრებულისთვის ,,სამი მკვლელობა ძველ თბილისში’’. ეს ტექსტები ცნობილი ისტორიული მკვლელობების პოსტმოდერნისტულ ,,წაკითხვად’’ შეგვიძლია აღვიქვათ.

ლაშა იმედაშვილის მოთხრობათა  ანალიზისას კრიტიკოსი ნუგზარ მუზაშვილი ასეთ მოსაზრებას გვთავაზობს: ,,ჩვენ თვალწინ ხდება ზოგიერთი ჩვენი დიადი მეტათხრობის მუტაცია მრავალ წვრილმან და პარადოქსული ელფერის ამბებად, რომელთა მიზანია არა ახალი მეტამოთხრობების აშენება, არამედ არსებული კრიზისის ავტორისეული გაგების დრამატიზება (ჟან ფრანსუა ლიოტარი) (…) თვალში საცემია ორმაგად კოდირებული ციტატები და ნონსელექციის პრინციპი – ტექსტში განხორციელებულია რეალისტური ხელოვნებისათვის წარმოუდგენელი სხვადასხვა ჟანრისა და მხატვრული სტილის სინთეზი.’’

***

2008 წელს პრემია დავით ქართველიშვილს გადაეცა კრებულისათვის „ოთხი მოთხრობა“. ამ ავტორზე საუბრისას, ალბათ, კარგი იქნება დავით გაბუნიას ფრაზა გავიხსენოთ: „…დათოს პროზა, მოთხრობები და ორი რომანი ყოველთვის უტრიალებდა არაფრით გამორჩეული კაცის ყოველდღიურობას და მის მოსაწყენ და რუტინულ ცხოვრებას. ეს სიცხადე და სიმარტივე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე..“ მართლაც, თუკი რამე გამოარჩევს ავტორს მისი თანამედროვეებისგან, ეს ის გაბედულებაა, რომელსაც ადამიანი მოსაწყენ დეტალებზე დაკვირვებისას გამოიმუშავებს. მწერალი არ გაურბის ყოველდღიურობას, არ ცდილობს სივრცის დატოვებას მაშინაც კი, როდესაც ყველაფერი ერთ წრეზე ტრიალებს. ეს ყველაფერი, ალბათ, იმიტომაც ხდება ამგვარად, რომ საბოლოოდ, ყველა კარგმა მწერალმა იცის: ლოდი მაინც დაგორდება, ხოლო სიზიფესეული შრომა მხოლოდ მაშინაა დასაფასებელი, თუკი გზად რამე აღმოჩენა მოიხელთე.“

,,გიგი სულაკაური თითქოს ბოლომდე ენდობა ,,მეხსიერების თვითდინებას’’ და იმაზე წერს მოთხრობას, რაც მისი მხედველობის ზედაპირზე ამოტივტივდება. ამიტომ ,,ბავშვობის თემა’’ აქ შეიძლება მარტო პირობითად არსებობდეს. (…) აქ არის რაღაც გამოუთქმელი სევდა, რომელსაც ყველა პერსონაჟი ასხივებს. (…) გიგი სულაკაურისთვის არ არსებობს  განსხვავებული თემები, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის თემატური ნიშნით წინასწარვე არ ჰყოფს მასალას, რომელიც მოთხრობად უნდა აქციოს. მისთვის მთავარი ხატვაა, საგნობრივი სამყაროს კონფიგურაცია, ნატურა და მისი თავისებური აღქმა, დეფორმირება. ადამიანის ხატვის დროსაც  ის გამახვილებულად აღიქვამს გარეგნულ ნიშნებს, რომლის მეშვეობითაც შინაგანს გამოხატავს.’’ – ასე აფასებს ლიტერატორი ანდრო ბუაჩიძე 2009 წლის ,,საბას’’ ლაურეატის კრებულს.

გიგი სულაკაურის კრებული ,,თამაში რევოლვერით’’ 17 მოთხრობას ერთიანებს.  ,,ლექსის დაწერის შემდეგ უნდა დაცარიელდე ან ისეთი გრძნობა დაგეუფლოს, თითქოს რაღაც დააშავე.’’- წერს ერთგან. აღნიშნული კრებულიც სწორედ ერთ-ერთი საუკეთესო პოეტის პროზაული აღსარებებია: ბასრი, მკაცრი და სევდიანი.

***

2010 წელს პრემიის გამარჯვებული კოტე ჯანდიერი გახდა მოთხრობების კრებულით ,,კონკიას ღამე’’, რომელიც აერთიანებს უახლესი ქართული ლიტერატურის რამდენიმე შედევრს. ესენია: ,,საოჯახო ქრონიკა’’, ,,დაპატიჟება კინოში’’, ,გლობალიზაცია’’, ,,კონკიას ღამე’’…

წიგნის რედატორი, ფილოლოგი ანა ჭაბაშვილი  ,,გლობალიზაციას’’ ასე ახასიათებს: ,,მე ვფიქრობ, რომ აქ მწერალმა მიაღწია შემოქმედებით სიმწიფეს (…) და ეს მოთხრობა ღირსია იმისა, რომ იგი არამარტო ქართველმა, არამედ მსოფლიო მკითხველმაც გაიცნოს,(…) რადგან იგი მსოფლიო მასშტაბის ნაწარმოებია და, ჩემი აზრით, მომავალში სახელმძღვანელოების ავტორებმა ეს მოთხრობა უნდა შეიტანონ ქრესტომათიაში. ‘’

კოტე ჯანდიერის მოთხრობებს რამდენიმე ცენტრალური თემა და მოტივი აერთიანებს. ერთ-ერთი მათგანია ტოტალური გულგრილობით დაავადმყოფებული ადამიანების ფსიქიკის კვლევა. ჯანდიერის მოთხრობის პერსონაჟები მუდმივად სიცარიელის, მარტოობის, უსიყვარულობის გამო არიან უბედურები. ამბობს კიდეც მოთხრობის ,,დაპატიჟება კინოში’’ პერსონაჟი: ,,მე საფერფლე ვარ, რომლის ფსკერზეც მძიმედ თვლემს ფერფლის ოკეანე.’’

***

2011 წელს ძალიან საინტერესო ფინალისტებიდან ჟიურიმ მაკა მიქელაძის  კრებული ,,მე და ჩემი კუსტურიცა’’ გამოარჩია. მანანა ღარიბაშვილის თვალსაზრისით მაკა მიქელაძე ,,სრულიად ორიგინალური ხელწერის მქონე შემოქმედია, რომელსაც აქვს სტილის საოცარი შეგრძნება.’’

,,მე და ჩემი კუსტურიცა’’ რვა მოთხრობას აერთიანებს: ,,ლურსმანი’’, ,,ქურდბაცაცები’’, ,,ერთი მოთხრობა ორ რთულ სიმღერაზე’, ,,სურათი’’, ,,მე და ჩემი კუსტურიცა’’, ,,ძმები ფრთებით’’, ,,ერთი მოთხრობა ფულზე და სულზე’’ და ,,გადამწერელნი’’. კრებულში ასახული რეალობა დამთრგუნველი და შემაძრწუნებელია.

***

2012 წელს ბესო ხვედელიძემ  რიგით მეორე ,,საბა’’ კრებულისათვის ,,წითელი’’ მიიღო. გივი ალხაზიშვილი თავის წერილში ,,სველზე სველი და მაინც წითელი’’ წერდა: ,,წითელი – ასე  ჰქვია ბესო ხვედელიძის ახალ, მეთერთმეტე წიგნს, სადაც შვიდი ახალი მოთხრობაა დაბეჭდილი. კრებულის დამაგვირგვინებელი მოთხრობა ,,წითელი’’ მოულოდნელობის ეფექტზეა აგებული და დასაწყისში შემოთავაზებული ფონეტიკური თამაში – კი-ს ნაცვლად ყი და კიკინის მაგივრად ყიყინი, ხოლო ყ-არსის ჩანაცვლება კ-ანით შინაარსობრივ თამაშში გადაიზრდება, თავგზას უბნევს მკითხველს და ამძაფრებს გროტესკულ მუხტს, ქმნის გაურკვევლობის თუ იდუმალების შეგრძნებას, ფინალში რომ ამოტივტივდება ზედაპირზე და ყველაფერს ნათელს ჰფენს, მაგრამ მაინც რჩება უცნაური სევდა იმ პერსონაჟების ბედით გამოწვეული, ასე თბილად რომ დახატა მწერალმა…’’

2013 წელს მინიჭებული ,,საბა’’ არც ირაკლი სამსონაძისათვის ყოფილა პირველი.  2005 წელს მას პრემია მონოპიესისათვის ,,ბებო მარიამი ანუ ტრადიციული ქართული სუფრა’’ მიენიჭა.

ერთ-ერთ ინტერვიუში ამერიკელი დრამატურგი,  ედუარდ ოლბი არტურ მილერის  პროზაული ტექსტების შეფასებისას ასკვნის, რომ დრამატურგები  სუსტი  პროზაიკოსები არიან. ამ საკამათო დებულების გაბათილებას,  ქართული კონტექსტის ფარგლებში, ორი  დრამატურგის: ლაშა ბუღაძის და ირაკლი სამსონაძის დასახელებითაც შევძლებთ.

სხვათა შორის, ირაკლი სამსონაძის ადრეული და პრინციპში, ბოლო პერიოდის  პიესები ფანტასმაგორიის და ტრაგიკომედიის ჟანრული მახასიათებლებით გამოირჩევა.  შეიძლება ითქვას, მისი  დრამატურგიის მთავარი  და უხილავი პერსონაჟი სწორედ ატმოსფეროა, რის მოხელთებასაც, სპექტაკლად ქცევის შემთხვევაში, დიდი სიფრთხილე და პიესის ენობრივი ფაქტურის სწორად აღქმა სჭირდება, თუმცა აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ტრაგიკომიზმის და სარკაზმის დოზები სამსონაძის პროზაში კიდევ უფრო ინტენსიურად  გვხვდება.

***

არჩილ ქიქოძე  თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი უნიკალური ხმაა.,,ჩიტის და კაცის ამბავი’’, რომელიც ხუთ მოთხრობას აერთიანებს, 2014 წელს ,,საბას’’ პრემიით დაჯილდოვდა.

უპირველესად, ავტორზე საუბრისას, რაც შეიძლება შევნიშნოთ, ისაა, რომ ის ამბავთა კარგი მთხრობელია. მან თითქმის ყოველთვის იცის, თუ რას მოელის თავისი გმირებისგან, შესაბამისად, თხრობისას არასდროს კარგავს მოთმინებას. მისი სტილი დინამიკურია და, ამასთან, დეტალებზეც სათანადოდაა ორიენტირებული, რაც ნაწერს იდუმალ ბუნებას სძენს. არჩილ ქიქოძე მკითხველს ერთგვარ ლაბირინთში ეპატიჟება, საიდან გამოსვლაც მხოლოდ მაშინ შეუძლია ადამიანს, თუკი ის ამბების უკან საკუთარ რეალობას დაინახავს.

 

***

ზაალ სამადაშვილი ,,ჩვეულებრივი’’ ამბების უბადლო მთხრობელია. ,,ჩვეულებრივში’’ ყოველდღიურ, ყოფით ამბებს ვგულისხმობ და ეს ამბები, დიდწილად, მწერლის ოჯახს, სამეგობრო წრეს, თბილისს უკავშირდება, თუმცა ის ასევე დიდი გატაცებითა და აზარტით საუბრობს მწერლებზე, საყვარელ წიგნებზე, ლიტერატურაზე, როგორც ცხოვრებაზე და ცხოვრებაზე ლიტერატურით.

ლიტერატურული პრემია ,,საბა’’ ორჯერ, 2016 და 2019 წლებში, მიენიჭა კრებულებისათვის: ,,იუნკერ ერისთავის ბუცები’’ და ,,ოსტატთან შეხვედრა’’.

,,ოსტატთან შეხვედრას’’ მწერალი ნინო სადღობელაშვილი ასე ახასიათებს: „ზაალ სამადაშვილის ახალი მოთხრობები, ნოველები და მინიატურები დოკუმენტური სინამდვილეცაა და ჩვენი უახლესი წარსულის, რთული და ნაღვლიანი დროის უტყუარი ანაბეჭდიც. თუმცა, კარგი მწერლის ხელში სინამდვილეც სხვაგვარად იკითხება და მთავარი ამ წიგნში სწორედ ესაა – თხრობის თავისებურება. ზაალ სამადაშვილი თხრობის ოსტატია. მის მონაყოლ ისტორიას მეტატექსტის სიღრმე და სიმსუბუქე თანაბრად ახლავს. ესაა „ტყვიაგაუმტარივით საიმედო გარსი“ ყველა ბრძოლის გადასატანად – ამ ამბების მოყოლის სურვილი.’’

მისი სტილი ყოველთვის ,,ნათელი და რბილია’’( ინგა მილორავა), ხოლო ამბები ემოციური მუხტისა და სიფაქიზის სრულფასოვან სინთეზს ქმნიან.

***

რუსუდან რუხაძის კრებულზე საუბრისას მაკა ლდოკონენი აღნიშნავს: ,,ერთი თქვენგანი გამცემს” ჰქვია კრებულს და ეს სახარებისეული ფრაზა ისე ორიგინალურად არის ინტერპრეტირებული ამ მოთხრობაში, რომ მე, ცოტა არ იყოს, სახტად დავრჩი, იმიტომ რომ მქონდა მოლოდინი, რომ ძალიან რელიგიური საკითხები და თემატიკა წამოიჭრებოდა წინა პლანზე, მაგრამ ღალატზეა ხომ ეს მოთხრობა, მაინც ღალატზეა. ეს არის ღალატის გააზრების მექანიზმზე: როგორ იაზრებს სხეული ღალატს, რა ხდება მასში, რა პროცესები. აქვს კიდეც ფრაზა ასეთი: “როდესაც სხეული სიტყვებს მარხავს, მერე ეს სხეული იწყებს უკვე ტკივილის ენაზე საუბარს”. (…) და აი, როდესაც უხილავი სინდისი ჩვენს სხეულში იწყებს ხელების ფათურს, იქ უკვე კანონზომიერებას არ ექვემდებარება არც გონება და არც სხეული. ალბათ, ეს არის ამ მოთხრობის მთავარი სათქმელი.’’

რუსუდან რუხაძის რიგით მეორე კრებული, რომელიც ათი, სხვადასხვა თემატიკის მოთხრობას აერთიანებს, 2017 წლის საბას პრემიის ლაურეატია. მოთხრობების ამ კრებულში ყველა მოთხრობა სიყვარულზეა, დამალულ და ხმამაღალ, დავიწყებულ და გახსენებულ, დაკარგულ და ნაპოვნ სიყვარულზე, რომელიც ერთ დღეს შეიძლება ზღვის კენჭებიანი ქილასავით შემთხვევით აღმოაჩინო ბედნიერი და მზიანი დღეების სახსოვრად…

***

2018 წელს „საბას“ დაჯილდოება ფრანკფურტში გაიმართა, სწორედ ის, საზეიმო სცენაზე ქართველი მკითხველისთვის შედარებით უცხო ავტორმა, ლევან მუსხელიშვილმა პრემია საუკეთესო პროზაული კრებულისთვის მოიპოვა.  უცხოეთში მცხოვრებმა ავტორმა წერა გვიან დაიწყო,  მინიმალიზმი, მაგიური რეალიზმი, სიზმრისეული განწყობა და ჭეშმარიტების ძიების პროცესისთვის დამახასიათებელი  ერთგვარი მსუბუქი დიდაქტიკა, ეს ის რამდენიმე ნიშანია, რომელიც ახასიათებს ლევან მუსხელიშვილის პროზას.  მოთხრობათა სიუჟეტი ხან ჯალალ ედ დინის ეპოქაში ვითარდება, ხანაც იაპონიის შუაგულში და ადამიანებს დიდი კულტურული ოდისეისკენ მიუძღვის. აღსანიშნავია, რომ კრებულმა ჟიურის ერთსულოვანი მხარდაჭერა დაიმსახურა.

***

მამუკა დოლიძე ქართველი ფილოსოფოსი და პროზაიკოსია. 2004 წელს  სწორედ მან ჩამოაყალიბა საართველოს ფენომენოლოგიური საზოგადოება და ინტერდისციპლინარულ მეცნიერებათა კვლევის ცენტრი, რომელიც შევიდა მსოფლიო ფენომენოლოგიური საზოგადოების შემადგენლობაში.

მოთხრობების, ესეების და სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორმა პრემია ,,საბა’’ წიგნისათვის ,,გასეირნება დროთა სივრცეში’’ 2020 წელს მიიღო. კრებულში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და ფილმად ქცეული მოთხრობა ,,მდგმურებიცაა’’ დაბეჭდილი. ავტორის თქმით ,,მოთხრობას ორი პლანი აქვს: ერთი – რაც ხდება ადამიანის შინაგან სამყაროში და რაც ხდება გარეთ. (…) სულ მინდოდა მუსიკალური ემოცია გამომეხატა სიტყვით. რა თქმა უნდა, ეს თითქმის შეუძლებელი ამოცანაა, რადგან სიტყვას სხვა სპეციფიკა აქვს, მაგრამ სწორედ ამ შეუძლებლობისაკენ მისწრაფებაში დაიბადა ჩემი მწერლობა’’.

***

შარშანდელი ,,საბა’’ რამდენიმე თვალსაზრისით აღმოჩნდა საინტერესო:

პირველი: თარგმანის ნომინაციაში განსაკუთრებული ყურადღება მიენიჭა პოეზიას.

მეორე: ,,საბას’’ ჟიურიმ ორი დებიუტანტი წაახალისა.

მესამე: გაიმარჯვა ორმა კრიტიკოსმა.

მეოთხე: წლის საუკეთესო პროზაული კრებულის ნომინაციაში გიორგი სოსიაშვილის, გორის უნივერსიტეტის რექტორის კრებული გამოარჩიეს.

,,ოთხი მოთხრობა’’ გორის უნივერსიტეტის გამომცემლობამ დაბეჭდა. მასში თავმოყრილი ტექსტები ომსა და ტრავმულ გამოცდილებას იკვლევს.

ლიტერატორი ბელა წიფურია აღნიშნავს: ,,არის გარკვეული შემთხვევები, როცა ლიტერატურის და ტექსტის მნიშვნელობას ადამიანები ხელახლა გააცნობიერებენ და ემოციურად შეიგრძნობენ ხოლმე. ეს განცდა მქონდა, როდესაც გიორგი სოსიაშვილის წიგნს ვკითხულობდი. ეს პირადულია ავტორისთვის, და ეს პირადული იყო ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის, რადგან ის რაც გადმოტანილია ამ ტექსტებში, არ არის თითოეული ჩვენგანისგან განყენებული მდგომარეობა. იოლი არ არის ტექსტმა მოახდინოს ასეთი ემოციური ზეგავლენა და, მით უმეტეს, ეს არის ძალიან გულწრფელად გამოხატული ზემოქმედება. გიორგი სოსიაშვილი ამას დიდი ოსტატობით ახერხებს.’’

***

საინტერესოა, რა გველის 2022 წელს. „საბას“ პროზაული კრებულის ნომინაციას წელსაც ბევრი ამბავი აქვს მოსაყოლი, მიუხედავად იმისა, რომ წელს მოკლე სია მართლაც რომ მოკლეა და სულ სამი წიგნითაა წარმოდგენილი.

© არილი

Facebook Comments Box