ინტერვიუ,  პოეზია

ინტერვიუ თორნიკე სიბაშვილთან – ,,ბევრი კარგი ლექსი იწერება, იმის მიუხედავად, რომ თანამედროვე ქართული პოეზიის ზოგადი ფონი ტენდენციურია”

,,არილის” ინტერვიუს სტუმარია თორნიკე სიბაშვილი, პოეტი. ,,საბას” წლევანდელი ფინალისტი დებიუტის ნომინაციაში.

ესაუბრა გუგა მგელაძე

ჩვენი საუბარი ქართველი პოეტისა და ესეისტის, ანდრო ბუაჩიძის წიგნში ამოკითხული ციტატით მინდა დავიწყო: ,,ადამიანი შეიძლება წერდეს ვერსიფიკაციულად უნაკლოდ გამართულ ლექსს, მაგრამ არ იყოს პოეტი, არ იყოს პოეტი იმის გამო, რომ არ ჰქონდეს უნარი მხატვრულ სახეში ემოციური მუხტის შეტანისა.’’

პირდაპირ გკითხავთ: როგორია თქვენი მკითხველური პრინციპები (მოწონება-დაწუნების მექანიზმი) პოეზიის შეფასების პროცესში?

ვერსიფიკაციულად უნაკლოდ გამართული ლექსების კითხვით განებივრებულები არ ვართ, ასეთი ლექსის წერა არ მგონია მაინცდამაინც ადვილი საქმე, ამიტომ, პოეტს გარჯა უნდა დავუფასოთ. იქნებ, ლექსი სრულებით საპყრად გდების მომენტშია დაწერილი?! იქნებ, პოეტს სურდა, რომ სწორედ ეს – ემოციური იმპოტენციის -მომენტი გადმოეცა ჩვენთვის, ვთქვათ, ვერსიფიკაციულად უნაკლოდ?!

პოეტი ყოველთვის ტოვებს ლექსში კვალს, მოტივს და კარგი მკითხველი მას იპოვის. თუკი ეს შეუძლებელია, მაგრამ ლექსი მაინც ვერსიფიკაციულად უნაკლო და გამართულია, ისღა დაგვრჩენია,  დაველოდოთ ლექსის კითხვისთვის შესაფერის მომდევნო მომენტს ან ბევრი სხვა ვერაღქმული მოვლენის მსგავსად ისტორიის კუთვნილებად ვაქციოთ. მაინც მგონია, რომ მხატვრულ სახეში ემოციური მუხტის აღქმას პროფესიულ განათლებასთან ერთად, ემოციური ინტელექტი და სათანადო განწყობა სჭირდება, ცხოვრების თანამედროვე ტემპი კი ისეთია, რომ მათი თანხვედრა, შესაძლოა სიცოცხლის არც-ერთ ხელსაყრელ მონაკვეთზე არ შედგეს. ამასთანავე, არანაირი სურვილი არ მაქვს, ვინმე გადავუწყვიტო პოეტი არის თუ არა. შეგვიძლია ტექსტებზე ვიმსჯელოთ, ვიკამათოთ, დავიწუნოთ და მოვიწონოთ. შეგვიძლია ტექსტები დავწვათ, შევჭამოთ, წყალში ჩავალბოთ. არა?! ამიტომ, მეც პირდაპირ გიპასუხებთ: პოეზიის შეფასებისას ძალიან მომთხოვნი ვარ და ვცდილობ ეს მავნე ჩვევა დავივიწყო. მირჩვენია ხელში კარგი პოეტური კრებული ავიღო მაგ. „არტისტული ყვავილები“ და სრულებით გადავეშვა მასში.

ლია სტურუას ახალი კრებულის უკანასკნელ ლექსში ასეთი ფრაგმენტი გვხვდება:

,,ტკივილი, ქაღალდზე რომ გადაიტანო,

მართი კუთხეები გამოგივა, ბევრი,

შუბლი კვადრატებად დაიშლება,

თავიც თუ მიაყოლე, კუბებად…

საკუთარი თავის დემონტაჟს უყურებ

და სანამ გაჟრიალებს,

ანუ სახეზეა ჭიანჭველების ეფექტი,

იცი, რომ ამ უმეტაფორო დროში,

რომლისთვისაც არც ერთი მთვარე

არ მიგიშუქებია, ნგრევის მერე დალაგებულზეც,

ლექსს დაწერ, კუთხეებიან ტკივილს დახატავ,’’

რა არის თქვენთვის ის მთავარი ,,გამღიზიანებელი’’, რაც შემდეგ ლექსებში ,,კუთხეებიან ტკივილად’’ ტრანსფორმირდება ხოლმე?

ყურადღებით თუ მოუსმენთ და დააკვირდებით, ტკივილი, რომელიც თქვენშია, ვიბრირებს. შეიძლება ძალიან სუსტად, შეუმჩნევლად, მაგრამ ის გონებაში აუცილებლად გამოიწვევს ცალკეულ რყევებს. ეს ვიბრაცია შეიძლება გამთენიისას გზის პირას დაგდებული ცხენის უსულო სხეულის დანახვისას გაძლიერდეს, შეიძლება საწერ მაგიდასთან, შეიძლება საჭესთან ყოფნისას. ალბათ, ტკივილი საკმარისად უნდა გაზარდო, საკმარისად მოუარო, რომ  მცენარის მწიფე ნაყოფივით თავისით, სხვა ახალშეძენილი ტკივილის თანხლებით კი არა, უმტკივნეულოდ მოგწყდეს. რადგან ტკივილის მტკივნეული მოწყვეტისას განცდილი ტკივილი, სხვა დროს და თანაც შეუფერებელ დროს შეგვახსენებს თავს, მაგ. კლდეზე ასვლის ან ჩამოსვლისას. ტკივილისთვის ბევრი არაფერია საჭირო, გაივლი ქუჩაში, თვალს მოკრავ რაიმეს, დაჯდები დაფიქრდები და გეტკინება. ასეთია ცხოვრება! ბოლო დროს, როცა ფიქრის – წერის პროცესისას თავი პიქსელებად დაშლას იწყებს, ვმღერი. ეს მეხმარება. კითხვაზე სრული პასუხი ვერ გაგეცით, ამის საკომპენსაციოდ გეტყვით, რომ ზოგჯერ ტექსტებს, რომლებსაც აქვთ სრულყოფილი, ლამაზი ფორმა, ვანაწევრებ. რატომ უნდა ჰქონდეთ ლექსებს დახვეწილი ფორმა? რატომ უნდა იყოს ყველა ლექსი ლამაზი?

ლიტერატურულ კონკურსებსაც რომ შევეხოთ. როგორია მათი პოლიტიკა? საერთოდ, რას ნიშნავს მწერლისთვის კონკურსში გამარჯვება?

ლიტ. კონკურსში გამარჯვებას თავისი ხიბლი აქვს. ერთ-ერთია დაჯილდოების ფინანსური მხარე. დღეს თითქმის ყველა მწერალს, დამატებით უამრავი საქმის გაკეთება უწევს იმისთვის, რომ თან წეროს და თან ღირსეულად იცხოვროს. იცხოვროს-მეთქი და ზოგჯერ არსებობასთანაც გვაქვს ხოლმე საქმე. ეს კი წერის ხარისხზე პირდაპირ მოქმედებს. კონკურსიდან მიღებული ჰონორარი ცხოვრების რამდენიმე ხანს ამარტივებს და უფლებას გაძლევს გონების სიღრმეში  ჩაბრუნებულ საკითხებს, იდეებს დაუბრუნდე. ამასთან, კონკურსში გამარჯვება ახალგაზრდა ავტორისთვის აღიარებაა, აღიარება კონკრეტული პირების მიერ, თუკი ეს საჭიროა მისთვის, სხვა მწერლებისთვის კი საჩუქარი. კონკურსები ხელს უწყობს ლიტერატურული პროცესების განვითარებას, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია თანამედროვე ლიტერატურისთვის.
კონკურსების პოლიტიკაზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, ერთია დეკლარირებული პოლიტიკა, მეორე ამ პოლიტიკის გატარებისთვის საჭირო გარემოს შექმნა. ამავე დროს, ყოველთვის გამოიძებნება მხარე, რომელიც უკმაყოფილო დარჩება კონკრეტული პოლიტიკის მიხედვით მიღებული შედეგით. ყველა შემთხვევაში, ნებისმერი კონკურსის საბოლოო შედეგი მაინც სუბიექტურია, ამისთვის ყველა მწერალი მზად უნდა იყოს!  საბედნიეროდ არც-ერთი ლიტ. კონკურსის ჟიურის წევრი არ ვყოფილვარ და იმედი მაქვს ასე გაგრძელდება.

ხშირად მომისმენია, რომ კონვენციური ლექსის წერა დღეს უკვე ერთგვარ ლიტ. აუტსაიდერობად და ჩამორჩენილობად ითვლება. ამას იმით ხსნიან, რომ რითმიანმა პოეზიამ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი უკვე ამოწურა. ეს მცდარი და უსაფუძვლო ბრალდებაა, რაც, მე პირადად, გასული საუკუნის პრესის ფურცლებზე ვერლიბრისა და კონვენციური ლექსის მომხრეებს შორის ატეხილ კამათს მაგონებს.

როგორ აფასებთ თანამედროვე ქართულ პოეზიას? მოდით, კონკრეტული პოეტების მეშვეობით ზოგად ფონზე, ტენდენციებზე, დაბეჭდილი კრებულების სტრუქტურაზე ვისაუბროთ.

არ ვიცი, ჩამორჩენილობასთან რა კავშირი აქვს, მაგრამ ცუდი კონვენციური ლექსების წერა, მართლა ცუდია. ხოლო რაც კარგია, ის ნამდვილად კარგია. ასევე, ცუდი ვერლიბრის წერაც ცუდია, მაგრამ თუ ეს ვინმეს ეხმარება, რატომაც არა?! ის, რომ რითმიანმა პოეზიამ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი ამოწურა, ცალსახად სუსტი ჰიპოთეზაა და უარყოფისთვის არის განწირული. იქნებ თანამედროვე კონვენცირული ლექსი გალაკტიონის ჩრდილში არ დგას (რაც ძირითადად გვესმის), იქნებ გალაკტიონის გენიის ფრთების ქვეშ იზრდება?! ანდაც, იქნებ სულ არ აინტერესებს გალაკტიონი?! დებიუტანტ მწერლებს რატომ უნდა გამოვუტენოთ გონება მსგავსი დისკუსიით. „ო, მიანებე თავი ამ კამათს!“

საბედნიეროდ, ქართულ პოეზიაში ყველაფერი ძალიან კარგადაა. ვგულისხმობ ტექსტუალურ მხარეს. ბევრი კარგი ლექსი იწერება, იმის მიუხედავად, რომ თანამედროვე ქართული პოეზიის ზოგადი ფონი ტენდენციურია, პოეტური კრებულების უმრავლესობის სტრუქტურა კი არასახარბიელო. ეს ერთის მხრივ, შეიძლება აიხსნას იმით, რომ არ გვყვავს უფრო მეტად მომთხოვნი მკითხველი, მეორეს მხრივ კი აიხნას ავტორების უყურადღებობით. რადგან (ეს უკვე გითხარით): ბევრ მწერალს არ აქვს ფუფუნება, რომ სრული ძალები მიმართოს პოეტური კრებულისკენ, მან მთელი თავისი ენერგია უნდა გადაანაწილოს რამდენიმე სამსახურზე, ოჯახზე (შეყვარებულზე; პარტნიორზე; მეგობრებზე), შინაურ ცხოველებზე, სოციალურ ჩართულობებზე, საკუთარ თავზე და წერაზე. ეს მარტივი ვერ იქნება! ვთვლი, რომ ქართველი მწერლები არიან გმირები, ზოგიერთი დასაღუპად განწირული და თავდადებული. ადვილია მათზე ლაპარაკი, მათი შექება, გალანძღვა, დავა, რომ ეს სიტყვა აქ უნდა დაეწერათ ის კი იქ. შეგვიძლია დავუთვალოთ მარცვლები, დავუმარცვლოთ დრომოჭმული სალექსო ფორმების სტრუქტურები, მაგრამ მთავარია არ გამოგვრჩეს ადამიანი და არ დავრთგუნოთ თანაგანცდის გრძნობა, რომელიც კარგ მკითხველს აუცილებლად უნდა ჰქონდეს.

ალბათ უნდა მეთქვა, რომ ვაი, ცუდია სულ სამშობლოზე წერა, ღმერთი; ტაძარი; ხატება, რამე. ძალიან გაგვიუბრალოვდა-მეთქი და აქვე დამესახელებინა თანამედროვე პოეზიის რამდენიმე გამორჩეული სახე, მაგრამ ამას არ გავაკეთებ! პატრიოტულ კონვენციურ ლექსებზე პატრიოტული ლექსების კონკურსის მესვეურებმა ილაპარაკონ (ასეთი არსებობს, დიახ), თავისუფალი ლექსის მწერლები ჩვენი ბოჰემური თავისშექცევით დაღლილები, ხელებს ერთმანეთის ხელებში მსუბუქად მოვათავსებთ და ძლიერ ტექსტებზე მაღალფარდოვნად ვილაპარაკებთ.

თქვენი სადებიუტო პოეტური კრებულის ,,დეტექტივი’’ კითხვისას ამოვიწერე:

,, დუმილი როგორ დავარღვიო –

ბალიშის პირი გამოვარღვიო

და სიზმრები გადმოვალაგო?

სიზმრები რას იტყვიან,

რომელ ენაზე იტყვიან,

ექნებათ ფორმა?!

ასეც რომ მოხდეს,

ხმამ მკვდარი ენის

საშვილოსნო რომ გამოხიოს,

რას გავიგებთ, რას გავიხსენებთ?’’

როგორ იქმნებოდა ,,დეტექტივის’’ კონცეპტუალური საზრისი? თავიდანვე დიდი ციკლის ნაწილებად აღიქვამდით კონკრეტულ ლექსებს? ამას იმიტომ ვაამბობ, რომ კრებულში შემავალი ლექსები თითქოს ერთმანეთს ჯაჭვური პრინციპით აგრძელებენ.

ვერ დაგეთანხმებით, რომ დუმილი დამაჩლუნგებელია. პირიქით – დუმილი ამბოხია, დუმილი დენთია! „დეტექტივს“ დაბეჭვდამდე მრავალი წინააღმდეგობა შეხვდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც შეიკრა და გამოიცა. ლექსები უკვე გავლილის რეტროსპექტივაა და ბუნებრივად დალაგდა ასე, ამიტომ ბოლო დროს დაწერილი ლექსები კრებულში განზრახ არ შევიტანე. მინდოდა ცხოვრების კონკრეტული ეტაპი, ამ დროს დაწერილი ტექსტები ერთ სივრცეში მომექცია და საკუთარი თავისთვის მეტი შესაძლებლობა მიმეცა. სასიამოვოა თქვენგან იმის მოსმენა, რომ ლექსები ერთმანეთს ჯაჭვური პრინციპით აგრძელებენ, ე.ი. ჩანაფიქრი გარკვეულწილად განხორციელდა. თუ შეიძლება, ბოლო წინადადება კიდევ გამიმეორეთ.

კრებულის სათაურსაც რომ შევეხოთ.  სიტყვა დეტექტივი თვალთვალის, დაკვირვების,  ასოციაციას აჩენს, ოღონდ ამ ამპლუაში,ავტორზე მეტად, მკითხველი გვევლინება. ამით იმის თქმას ვცდილობ, რომ თქვენი ლექსების მიღმა არსებული ,,რეალობა’’ სწორედ მკითხველის აღმოსაჩენია. თქვენ როგორ აღიქვამთ კრებულის სათაურს? გქონდათ მუშაობის პროცესში ალტერნატიული ვერსიები?

დიახ, სწორედ ამიტომ დაერქვა კრებულს „დეტექტივი“, თუმცა სიტყვა „რეალობას“  ბრჭალებში არ ჩავსვამდი, სხვა რომელიმე სიტყვა, ალბათ კიდევ უფრო სხვა წინადადებაში უკეთესად მოიხდენდა.
პოეტური კრებულის სათაურად მქონდა სხვა ვერსიებიც. პირველად დავარქვი „სიზმრები“, იმიტომ რომ სინოპსისი დღე-დღეზე იყო წარსადგენი და რაც მოვიფიქრე, ეგ იყო – „სიზმრები“. როგორც იცით და რაც კრებულის ფიზიკური არსებობის ფორმამ დაამტკიცა, „სიზმრებს“ ახლა „დეტექტივი“ ჰქვია. შეიძლება ცოტა უცნაურია, მაგრამ ჩემი ლექსების მკითხველისთვის მიმართულების ერთ-ერთი  მაჩვენებელია.

მაქს ფრიში ამბობდა: ,,ვწერ, რათა ცხოვრება გავხადო ასატანი’’. თქვენთვის რა არის წერის პროცესი?

ძალიან კარგად უთქვამს მაქს ფრიშს, მგონია წერის პროცესი ჩემთვისაც ეგ არის.

 ვახტანგ ჯავახაძის ჩანაწერების კრებულს ჰქვია მეტად ორიგინალური სათაური ,,ლექსიდან ლექსამდე’’. როგორია,თქვენი დაკვირვებით, სივრცე  (განზომილება) ლექსიდან ლექსამდე?

სივრცე და განზომილება იგივეა, როგორიც ამ ლექსიდან იმ ლექსამდე იყო. განსაკუთრებული მოთხოვნილება არ მაქვს მივიდე ლეპტოპთან, საწერ მაგიდასთან და ვწერო ლექსები. მუდმივად ლექსში ვდგავარ. მგონი სადმე უნდა გამომეხატა თავი და შევძელი, ლექსებს ფონი მოვუძებნე, შევტოპე და მორევმაც დაუნდობლად დამატრიალა. ხშირად საკუთარ თავს ვუკითხავ ახალ ლექსებს, თუ მომწონს ე.ი. შედგა, ემოციას გავცემ და თანადროულად ვიღებ კიდეც. მერე უმეტესად მავიწყდება. ბოლო დროს საკმარის დროს არ ვუთმობ წერას, ძალიან ზარმაცი ვარ და საწერ მაგიდასთან ჯდომას კლდე-კლდე სიარული მირჩევნია. თანაც, ამ დროსაც ხომ შეიძლება დაიწეროს ლექსი? – რამდენიც გინდა!

თანამედროვე ქართული პოეზიის ანთოლოგიის შედგენა რომ გთხოვონ, თანაც მხოლოდ თითო ავტორის თითო ლექსის შერჩევის უფლებით, ვის შეიტანდით?

იფ, იფ. ძალიან კარგ ანთოლოგიას გავაკეთებდი. სრულებით არ დავიზარებდი, ალბათ. ლექსების ჩამოთვლას ვერ დავიწყებ, რადგან სათაურების ჩამოთვლას, მათი მთლიანად წაკითხვა მირჩევნია, თქვენი ფორმატი კი არ მგონია ეყოს ამ საქმეს. თანამედროვე ქართული პოეზიის ანთოლოგიაში აუცილებლად და ყოველგვარი დავის გარეშე იქნებიან: ბესიკ ხარანაული; დიანა ანფიმიადი; ვახტანგ ჯავახაძე; შალვა ბაკურაძე; პაატა შამუგია; ტარიელ ჭანტურია; ზვიად რატიანი; შოთა იათაშვილი. ზაზა თვარაძე გამახსენდა და ამასთან მისი ლექსი ამეტყველდა გონებაში:

ჩავალ ეზოში, გადავხედავ პატარა ბავშვებს.

ცარცით ასფალტზე შემოვხაზავ

დიდ კითხვის ნიშანს.

ქარი ქრის, ეზო ქარით არის პირთამდე სავსე.

ქარი წაიღებს ჩამოცვენილ ფოთლებს

და ქვიშას.

მე ვხედავ ბავშვებს,

და ჩამავალ მზის მყიფე სხივებს

და უნებურად მაგონდება, რომ ეს ქვეყანაარის იგივე _ მუდამ, მუდამ არის იგივე,

ეს ქვიშაც მუდამ ისე ყრია, როგორც ეყარა.

ჩავალ ეზოში. გადავხედავ ქვიშაში ბავშვებს.

ისინიც ისე მიყურებენ დიდი თვალებით

როგორც გნომები…

ეჭვითა და სიფრთხილით სავსე

ავალ ჩემს სახლში, ქვეშაგებში ჩავიმალები

და არ ვიფიქრებ არც ქვიშაზე და აღარც ცარცზე

არც სხვა რაიმე მინერალზე,

რაც ქვეყნად არი,

რომ საღამოა,

და რომ ცარცით მიწაზე ნაწერს

მალე გადაშლის წვიმისა და სიბნელის ჩვარი.

ამიტომ უფლება უნდა მომცეთ, რომ თანამედროვე ქართული პოეზიის ანთოლოგიაში, ცოცხლებთან ერთად თანამედროვე ქართველი პოეტებიც შევიყვანო, მკვდრები. – ზაზა თვარაძე, ზურაბ რთველიაშვილი, ნუგზარ ზაზანაშვილი, ომარ თურმანაული და სამწუხაროდ ა.შ.

© არილი

Facebook Comments Box