ახალი ამბები,  ინტერვიუ

ინტერვიუ ნათია გიორგაძესთან – ყოველთვის ბოლო ლექსისთვის უნდა იზრდებოდე, როგორც ბოლო დღისთვის ამქვეყნად

ესაუბრა გუგა მგელაძე

,,ხმის მატარებელი’’ უცნაური კრებულია. ამ ,,უცნაურობას’’ მრავალი  წახნაგი აქვს, თუმცა რამდენიმე ( ჩემი აზრით, უარსებითეს) მათგანზე შევჩერდეთ: კითხვისას წარმოქმნილი შეგრძნებები მკაფიო კონტურებს გაცილებით გვიან, შეიძლება ითქვას, კრებულის დასრულებიდან რამდენიმე დღის შემდეგ იძენენ. ამ თვალსაზრისით, ,,ხმის მატარებელი’’ შენელებული მოქმედების ნაღმს მაგონებს.

მეორე კომპონენტი ფარული მუსიკაა, რომელიც ქვედინებების სახით, ენის სიღრმეში უფრო ჩანს, ვიდრე ზედაპირზე.

როდის გაჩნდა კრებულის შედგენის იდეა და სათაურის სხვა ალტერნატიული ვერსიები თუ გქონდათ წიგნზე მუშაობის პროცესში?

 მიხარია, შეგრძნებები გვიან თუ ფეთქდება, ჩემთვის წერა თამაშია. სათქმელი, ისე იღებს სათავეს რომ თან ხარ, თან -არა.

ბოლოს რჩები საკუთარი თავის გაუცხოვების მოწმე და უნდა იცოდე, თუ წაგლეკეს, გამარჯვებული ხარ. რაც შეეხება ფარულ მუსიკას, ეს ბგერის განცდაა, გამყოლი დინება, მაგრამ არა კეთილხმოვანება. მას ლექსში ყოველთვის აქვს თავისი დატვირთვა, ამბავს განიცდის, ნიშანს დებს სათქმელში. მაგალითად, ერთი სტრიქონი ამ ლექსში;

დებმა დაიძინეს პატარებმა,

დებმა გაიღვიძეს მოხუცებმა,

ხელისგულებიდან გულისაბა ამოსულა…

სსს  ის,სა,სუ – ეს სიოს ხმაა, ბოლო სტრიქონში იგი ქარიშხლად გადაიქცევა, სტვენს, ყმუის და გეძახის, ამბავი მოაქვს, რომ დადაში მოკვდა. ეს იოლია, არსად არ ახსენებ სიოს და ქარიშხალს.

კრებულის შედგენა მარტივი იყო. სათაურს წერის პროცესში თანდათან ვგრძნობდი, იგი ხმას უნდა დაკავშირებოდა, მატარებელი მე გამოვდექი.  მივწერე ზვიადს, გიგზავნი წიგნს…და ფაილს დავაწერე ხმის მატარებელი. ვერსიები არ მქონია.

,,დაჯექი, შენი შიში მოყევი,

ჯვალოს დაგაფარებ თავზე,

ოლარივით’’  – ამ ციტატით იმის თქმა მინდა, რომ ,,ხმის მატარებელი’’, გარკვეული გაგებით, შიშებზეა ტკივილზე და სიცარიელის ტრაგიზმზე ვახსენოთ თუნდაც: ,,აბორტით მოკლული ბავშვები’’, ,,უთხარით მამაჩემს’’, ,,ჩემი მეზობელი ცოლს სცემს’’…

როგორ იწყებთ ხოლმე ლექსის წერას: ჩნდება შეგრძნებები, კონკეტული ფრაზა, ემოცია თუ თავიდან ბოლომდე უმართავ პროცესთან გვაქვს საქმე?

წინა კითხვაში გარკვეულწილად შევეხე წერის პროცესს, ერთს დავამატებ, არ ვიღებ თემას, არც იდეას, არც ამბავს, ვუსმენ შინაგან შეგრძნებებს და მერე რაც შემიძლია ვმალავ სტრიქონებში. შეიძლება ითქვას უმართავი, მაგრამ ფხიზელი თვალის და ყურის ხელში მიმდინარე ქვეცნობიერი პროცესია.

 ლიტერატურულ კონკურსებსაც რომ შევეხოთ. როგორ ქმნის კონკურსი თანამედროვე სალიტერატურო კონტექსტს? რა ფუნქცია აქვს მას უშუალოდ მწერლისთვის?

კონკურსების არსებობა მნიშვნელოვანია, იქმნება ველი ლიტერატურულ სივრცეში. დამწყები ავტორებისთვის მას გაცილებით დიდი დატვირთვა აქვს, როგორც კარგი, ასევე ცუდი გაგებით. ვფიქრობ, მწერალი თავად უნდა უწესებდეს საკუთარ თავს ჯილდოს, რომელსაც ვერასოდეს აიღებს.

ყოველთვის ბოლო ლექსისთვის უნდა იზრდებოდე, როგორც ბოლო დღისთვის ამქვეყნად.

ხორხე ლუის ბორხესი ამბობდა, რომ ,,ლექსის პირველი წაკითხვაა ყველაზე ნამდვილი. ამის შემდეგ მხოლოდ თავს ვიტყუებთ და ვცდილობთ დავიჯეროთ, რომ შევძლებთ იმ თავდაპირველი შეგრძნების, შთაბეჭდილების ხელახლა გაცოცხლებასა და განმეორებას.(…) როცა ლექსს ვკითხულობ, ამ დროს ჩემში გამოცდილების შეძენის აქტი უნდა განხორციელდეს. სწორედ ესაა პოეზია.’’ შეგიძლიათ გაიხსენოთ ის ლექსები,  გნებავთ კლასიკოსების ან თანამედროვე პოეტების, რომლებმაც თქვენში, როგორც მკითხველში, სწორედ  ,,გამოცდილების შეძენის აქტი’’ განაპირობეს?

 შედევრები სწორედ ამიტომ იქმნება. მოდით, სხვანაირად ამას დავარქვათ აქტობრივი პოეზია. მახსოვს, ბავშვობაში წავიკითხე, „საით მიდიხარ, თეთრო თამბი? მთაში მივდივარ, სანადიროდ…“  ახლა ორმოცდაცხრა წლის ვარ და ისეთივე შთამბეჭდავია, არაფერი შეცვლილა, ასეთი ბევრია ჩვენი თუ უცხო ქვეყნების, კლასიკოსების თუ თანამედროვე ავტორების… გრძელი სია გამოგვივა.

 რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობთ ხოლმე პოეტური კრებულების შერჩევისას? რა არის თქვენთვის  კარგი და ცუდი პოეზია?

კარგი (ოსტატური, გემოვნებიანი, ერთეულების) პოეზია.

ცუდი (მდარე, ნაძალადევი) ლექსები.

ისინი ყოველთვის სახეზეა, არასოდეს ვხელმძღვანელობ წინასიტყვაობებით, დახასიათებებით, პირდაპირ ვიწყებ ტექსტის კითხვას, თუ კავშირი ვერ შედგა ჩემსა და რომელიმე კრებულს შორის კითხვას ვწყვეტ. ვერავინ გადამაფიქრებინებს ერთხელ გაწყვეტილი ურთიერთობის აღდგენას. არ მომწონს და მორჩა! მუდამ მხიბლავს დამალული, ამოსახსნელი სახეები, თუ ყველაფერი ხელისგულზეა, თუ მხოლოდ ერთ პლასტად ვიყოფით ეს ჩემთვის საინტერესო არაა.

 ნობელის კონტექსტში თუ მოიაზრებთ რომელიმე თანამედროვე ქართველ მწერალს?

,,მე ჩემს თავში ავიკვეცე,

არ ვაწუხე ღმერთი მეო,

არ ვინდომე სახელები

ევსტათი და ევფთიმეო…

ბესიკ, ბესარიონი ვარ,

ღმერთო, ნება დამრთე მეო.”

მას რომ არ მისცეს, გული მეტკინა.

 მაქს ფრიში ამბობდა: ,,ვწერ, რათა ცხოვრება გავხადო ასატანი’’. თქვენთვის რა არის წერის პროცესი?

წერის პროცესი ჩემთვის სიცოცხლეა და არა ასატანი ცხოვრებისგან, გამოსავალი. არასოდეს უკითხავთ თქვენთვის, როგორ სუნთქავთ?

მე – ცუდად,  მაშინ თუ არ ვწერ. ასეთი დროც იყო, შემოქმედებითი კრიზისი, მეხუთე წიგნის შემდეგ, ვითომ არაფერი ხდებოდა, მაგრამ  ვიცოდი, რომ აღარ ვიყავი.

 ხშირად მომისმენია, რომ კონვენციური ლექსის წერა დღეს უკვე ერთგვარ ლიტ. აუტსაიდერობად და ჩამორჩენილობად ითვლება. ამას იმით ხსნიან, რომ რითმიანმა პოეზიამ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი უკვე ამოწურა. ეს მცდარი და უსაფუძვლო ბრალდებაა, რაც, მე პირადად, გასული საუკუნის პრესის ფურცლებზე ვერლიბრისა და კონვენციური ლექსის მომხრეებს შორის ატეხილ კამათს მაგონებს.

მოდით, კონკრეტული პოეტების მეშვეობით ზოგად ფონზე, ტენდენციებზე, დაბეჭდილი კრებულების სტრუქტურაზე ვისაუბროთ.

მე და თქვენ ერთ საკითხზე შევთანხმდეთ: ab=ba თუ abcd =wxyz-ს, თუ ეს პოეზიაა ჩემთვის მისაღებია, რაც შეეხება არამარკირებულ ნიშანს, გემოვნებას, რაც თავისთავად ქვენიშნებისგან შედგება თანამედროვე ქართულ პოეზიას აპოლონური (მოვლენებრივი) თუ დიონისური (არსობრივი) ხელოვნების თვალსაზრისით ჰყავს გამორჩეული ავტორები. მე თავს არ შევიკავებ, უბრალოდ არ გამოგყვებით რითმიანი და ურითმო ლექსებით შედგენილი კრებულების დაყოფაში, ამას დახარისხებად ჩამითვლიან. იყოს საერთო სურათი სახელების და გვარების გარეშე, საუკეთესო ლექსებით შედგენილი თანამედროვე ქართული პოეზია. დრომ გადაწყვიტოს, ვინც იქ მოხვდება.

© არილი

 

 

Facebook Comments Box