მწერალთა სახლისა და საბერძნეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერითა და ორგანიზებით, საქართველო ეროვნული სტენდითა და ლიტერატურული პროგრამით პირველად წარდგა ათენის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე.
2-18 სექტემბერს საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ქართული ლიტერატურული ტექსტების თარგმანები. მათ შორის მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა ბექა ადამაშვილსა და ივა ფეზუაშვილს, ევროპის ლიტერატურული პრემიის ქართველ ლაურეატებს. ისინი თავიანთ წიგნებს წარადგენენ ბაზრობის ტერიტორიასა და ათენის სხვადასხვა კულტურულ სივრცეში. იგეგმება ქართულ დიასპორასთან შეხვედრაც.
მნიშვნელოვანია, რომ ბოლო პერიოდში მწერალთა სახლის ხელშეწყობით ბერძნულად ითარგმნა სხვა ავტორებიც, რომელთა წიგნების პრეზენტაციებიც გათვალისწინებულია ლიტერატურული პროგრამის ფარგლებში. პაატა შამუგიას კრებულის „შიზოგადოება“, რომელიც ეკატერინე ჯანაშიამ თარგმნა, პრეზენტაცია 2021 წლის 27 ნოემბერს თესალონიკის საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე გაიმართა. „შიზოგადოება“ ჟურნალ Esquire -ის ბერძნულმა განყოფილებამ მკითხველის რჩეულ 10 წიგნთა შორისაც დაასახელა. ბერძნულ ენაზე ითარგმნა და NS Vakxikon Publishers I.K.E. მიერ გამოიცა ლაშა ბუღაძის ,,ლიტერატურული ექსპრესიც”, რომლის ბერძნულად გამოცემისას თავად ავტორი აღნიშნავდა: „საბერძნეთს არა მხოლოდ სულიერ, არამედ ბიოგრაფიულ მეორე სამშობლოდ მივიჩნევ და ამ წიგნის გამოცემა დამატებით მახარებს. მითუმეტეს, რომ ამ რომანის გმირის სამატარებლო ოდისეა ბერძენ ქალს უკავშირდება“. გარდა ამისა, იორღოს გუმასის თარგმანით გამოიცა ანთოლოგია „წიგნი თბილისზე“. ასევე, ბესიკ ხარანაულის „ხეიბარი თოჯინა“ (მთარგმნელი: სტერია კავალუ), რომლის პრეზენტაციისას პოემიდან ნაწყვეტები ბერძნულ და ქართულ ენებზე წაიკითხეს. აღსანიშნავია ახალგაზრდა ქართველი პოეტების ანთოლოგიაც, რომელიც იმავე გამომცემლობამ დაბეჭდა კვლავ მწერალთა სახლის მხარდაჭერით. წიგნი შეადგინა და წინასიტყვაობა დაურთო შოთა იათაშვილმა, მთარგმნელი კი სოფიო შამანიდია. ანთოლოგიაში შემდეგი ავტორები მოხვდნენ: დიანა ანფიმიადი, გიორგი არაბული, ბექა ახალაია, დათო ყანჩაშვილი, გიორგი კეკელიძე, ზაზა კოშკაძე, ლია ლიქოკელი, ნიკა ლაშხია, ნინი ელიაშვილი, გიო ლომიძე, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, სალომე ბენიძე, ერეკლე დეისაძე, პაატა შამუგია, გიორგი შონია, ზურა ჯიშკარიანი, თორნიკე ჭელიძე, ალექს ჩიღვინაძე და გიორგი ჩუთლაშვილი.
გარდა იმისა, რომ ბაზრობაზე მსურველები ამ წიგნების შეძენას შეძლებენ, დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა. 5-9 სექტემბერს საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში ქართულიდან ბერძნულად მთარგმნელთათვის მთარგმნელობითი სემინარი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას 6 მთარგმნელი მიიღებს: ეკატერინე ჯანაშია, ანი უძილაური, მარი სალაღაია, ვერიკო მგელაძე, ზურაბ ვაჩეიშვილი და თამარ ალავერდაშვილი, რომლებიც 2022 წელს გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე სემინარის ბერძენმა ხელმძღვანელმა Dimitris Tsekouras და ქართველმა თანახელმძღვანელმა ანინა გოგოხიამ შეარჩიეს.
სემინარის მონაწილეები ისაუბრებენ აქტუალურ პრობლემებზე, რომლებიც თარგმნისას იჩენს თავს და ერთობლივად განიხილავენ სათარგმნად შერჩეულ ტექსტებს, იმუშავებენ როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურადაც.
3 სექტემბერს ათენში ბექა ადამაშვილის რომანის „ამ რომანში ყველა კვდება“ პრეზენტაცია ჩატარდა, 4 სექტემბერს ივა ფეზუაშვილთან, ევროკავშირის 2022 წლის ლიტერატურული პრემიის მფლობელთან გაიმართება დისკუსია, რის შემდეგაც დიასპორის წარმომადგენლებს ავტორები ერთად შეხვდებიან, ათენის საკვირაო სკოლის ბავშვებს კი საბავშვო ლიტერატურას გადასცემენ.
საქართველოს ათენის ბაზრობაზე სტენდს უსასყიდლოდ უთმობს საბერძნეთის გამომცემელთა ასოციაცია მწერალთა სახლთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში. სტენდზე გამოფენილი იქნება უახლესი ქართული გამოცემები, ქართული ლიტერატურის უცხოენოვანი თარგმანები. გარდა ამისა, წარმოდგენილი იქნება ქართული ლიტერატურის კატალოგები და სხვადასხვა საინფორმაციო ბროშურა საქართველოს შესახებ.
ათენის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე ქართული ლიტერატურული პროგრამის მხარდამჭერია ევროკავშირის ლიტერატურული პრემია (EUPL) და გამომცემლობა ინტელექტი.
არილი ათენის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის შესახებ ივა ფეზუაშვილს გაესაუბრა:
რა მოლოდინები გაქვთ? თქვენი აზრით, რატომაა მნიშვნელოვანი, რომ საქართველო პირველად წარდგება ეროვნული სტენდითა და ლიტერატურული პროგრამით ათენის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე? კონკრეტულად თქვენი წიგნი, “ბუნკერი” რით იქნება საინტერესო ბერძენი მკითხველისთვის?
ივა ფეზუაშვილი: ნებისმიერ საერთაშორისო ბაზრობაზე მნიშვნელოვანია, რომ ქართული სტენდი გვქონდეს, პირველ რიგში, იმიტომ, რომ უცხოელ გამომცემლობებთან და წიგნის გამავრცელებლებთან კონტაქტები გაებას. ათენის შემთხვევაში კი, ბიზნესის გარდა, ქართული დიასპორაა გათვალისწინებული, აქ უამრავი ემიგრანტია და მათ პირველად შეეძლებათ, რომ ათენში ქართულ ენაზე იყიდონ წიგნები.
პროგრამას რომ შევეხოთ, ბექა ადამაშვილის რომანი უკვე ნათარგმნია ბერძნულად და მისი საღამოს მოდერატორი მიხაილ მარმარინოსი იქნება. ეს კაცი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თეატრის რეჟისორი და საქართველოზე შეყვარებული ადამიანია. დარწმუნებული ვარ, ბექა ადამაშვილის ამ ერთი ღონისძიებით მთელ ქართულ ლიტერატურაზე გაიზრდება ინტერესი.
ჯერჯერობით ბერძნულად ჩემი ერთადერთი მოთხრობაა თარგმნილი. მთავარი მიზანი ბუნკერის “გაყიდვაა”, ევროკავშირის პრემიის ლაურეატობა ამ საქმეში ძალიან გვიწყობს ხელს. ვფიქრობ, წიგნის სიუჟეტი და თხრობის სტილი საინტერესო იქნება. ლიტერატურა, მითუმეტეს თანამედროვე, ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა, რომ კონკრეტულ ქვეყანაზე, მის წარსულსა თუ აწმყოზე ბევრი რამე შეიტყო. დარწმუნებული ვარ, ბერძენი მკითხველი “ბუნკერით” ბევრ პარალელს იპოვის საქართველოსა და საბერძნეთს შორის.
© არილი