თარგმნა ანდრო ბუაჩიძემ
ადრე
ძალიან დიდი ხნის წინათ
არსებობდა უღრმესი ფსკერი
მასზე დაშვება
ყველას შეეძლო
იმას ვინც ფსკერზე აღმოჩნდებოდა
სხვათა წყალობით
ან თავისივე ქარაფშუტობით
უმზერდნენ ზიზღით
ცნობისწადილით
ხალისიანი დაუდევრობით
ან შიშნეულად
ის კი საწყალი ადამიანი
ცდილობდა ფეხზე დადგომას
და ზეაღმოსწრაფვას
თუმცა უკანვე ენარცხებოდა
პირმოთხუპნული.
ეს იყო მართლაც
უღრმესი ფსკერი
სულწაწყმედილი
და მეშჩანური
ფსკერი ორგვარი
ორსახოვანი
ფსკერი ქალთათვის
ფსკერი კაცთათვის
იმხანად იყვნენ
ქვე-დაცემულნი
ქალბატონები
და ბანკროტები
ვაჭარს, მამაოს,
ოფიცერს, სწავლულს
ყველას თავისი ფსკერი ებადა.
სხვა ფსკერიც იყო თურმე
სხვა სიღრმეც
უკვე წარხოცა მეხსიერებამ
და მისკენ კაცი
და ვერც ქალი
ვერ დაქანდება
ფსკერი ხომ იყო
ჩვენს მშობელთათვის
უცხადესი რამ
და ამ ფსკერზე ხომ
ყველას კუთვნილი
ჰქონდა ადგილი
გზასაცდენილებს
და ნირწამხდარებს
იმ ფსკერიდან
ხომ შეიძლებოდა
ზეაღმართული ხელების აჩრდილს
ჩემი ძახილიც ამოჰყოლოდა
ახლა კი უკვე
ამნაირ ჟესტებს
ყავლი გასვლია
და ფსკერიც
უკვე გაუქმებულა
ვარდნას კი ვარდნას
ამ განუწყვეტელს
სულ არ სჭირდება
რაღაც პოზები
კომპოზიცია
ფერწერული
სტატიკურობა
La Chute
დაცემა
კი შეიძლება
ლიტერატურის
და ოცნების მხურვალ წიაღში
ეს მოთხრობა
თქვენც გეხსომებათ
მეტად ზნეკეთილ ადამიანზე
ამ გულახდილმა
აღიარებამ
ჩვენს უდიდეს თანამედროვეს
იქნებ სულ ბოლო
ფრანგ მორალისტს
ჯილდო არგუნა.
იყო უმანკო დაცემები
მეტად უმანკო
თქვენ გეხსომებათ
ჰიპო რეკვისი
ეპისკოპოსი
და მისი მწარე
აღსარებანი.
ჩვენი ვენახის სიახლოვეს მსხლის ხე ჰყვაოდა, ნაყოფებით დამძიმებული. ეს ნაყოფები არც შესახედაობით იტყუებდა მნახველს და არც გემოთი. ჩვენ, უზრუნველმა ყმაწვილებმა, გადავწყვიტეთ მსხლის ხე დაგვებერტყა. და ამ მიზნის აღსასრულებლად გავეშურეთ გვიან ღამით, მოედანზე თამაშს რომ მოვრჩით. შევაგროვეთ უამრავი მსხალი, არა საჩვენოდ, არამედ ტახებისთვის დასაყრელად. გზაში ცოტას გეახელით კიდეც, თუმცაღა აკრძალული გვქონდა.
აი, ჩემი გული, უფალო, აი, ჩემი გული, რომლის მიმართაც წყალობა ჰყავ, მაშინ, როცა იგი უფსკრულის ფსკერზე აღმოჩნდა…
“უფსკრულის ფსკერზე”
ცოდვილნო და მონანიენო
წამებულნო მწერლობისანო
დღეგრძელო სამწყსოვ
თქვენ ხომ ყრმები ხართ
ღვთის სასუფევლის მომლოდინენი
(სად არის ნეტავ სასუფეველი)
– გწამთ ღმერთი? – წამოისროლა უეცრად ნიკოლაი ვსევოლოდოვიჩმა.
– მწამს.
– აკი ნათქვამია, თუკი გწამს და უბრძანებ მთას, დაიძარიო, ის დაიძრება… თუმცა მაპატიეთ, ამ მიდებ-მოდების გამო, მე მინდა გკითხოთ ერთი რამ: შეგიძლიათ თქვენ დაძრათ მთა?
ამგვარ შეკითხვებს სვამდა
“მტარვალი” სტავროგინი
გახსოვთ მისი სიზმარი
და კლოდ ლორენის სურათი
“აქ ცხოვრობდნენ მშვენიერი
ადამიანები”
დრეზდენის გალერეაში
კამიუ
La Chute დაცემა
აჰ, ჩემო კარგო, მარტოსულისთვის უღმერთოდ და უშემოქმედოდ დღეთა სიმძიმე საშინელია.
ამ შემართულმა
უხინჯო გულის
პატრონმა კაცმა
ამსტერდამის კონცენტრულ არხებს
უცნაური თვალით შეხედა
ჯოჯოხეთის წრეებიაო
წამოსცდენია
და ერთ მთლად უცნობ მეინახეს
ისიც კი უთხრა
სულ ბოლო წრეში
ვიმყოფებითო
უკანასკნელი
უკანასკნელი მორალისტი
ფრანგული ლიტერატურისა
რომელსაც
ბავშვობიდანვე სწამდა
ფსკერის
მას სჯეროდა ადამიანის
და ძალიან უყვარდა დოსტოევსკი
იტანჯებოდა
რადგან არსად ეგულებოდა
ჯოჯოხეთი
სამოთხე
კრავი
ტყუილი
მას ეგონა
რომ ფსკერს მიაგნო
რომ დაეცა
რომ იწვა ფსკერზე
არადა
ფსკერი სადღა იყო
უფსკერობა
დაგვბედებოდა
და ამას მიხვდა
პარიზელი ერთი გოგონა
და დაწერა მოთხრობა
სიკვდილზე
სალამი სევდავ
მადლიერი მკითხველები
რკინის ფარდის
ორივე მხარეს
კითხულობდნენ
ამ ნაწარმოებს
ამ გოგონამ
მწყაზარმა ქალმა
იგუმანა
არარსებობა
იმავ ფსკერისა
და ჯოჯოხეთის წრეებისა
ამაღლებისა
და ქვედამხობისა
ყველაფერი თამაშდება
არცთუ გაშლილ
მჭიდრო სივრცეში
ის რაც ოდესღაც
ჯოჯოხეთის კარიბჭე იყო
მწერალმა ქალმა
ვაგინათი შეცვალა
და ვესტიბიულით
მშობლებს ჰკითხეთ
მათ ახლაც ახსოვთ
რეალური
ცხოვრების ფსკერი
სიღარიბის, ხელმოკლეობის
და მორალური
მორალური ფსკერი ყოფნისა
“Dolce vita”
კრისტინა ვილერი
ცხოვრების ფსკერზე იმყოფებოდა
ლორდ დენინგის
რაპორტი
საპირისპიროს ამტკიცებს
Mons pubis
ამ მწვერვალიდან
მოუხილველი
ჰორიზონტები გადაიშლება
სად არის ფსკერი
მწვერვალები
ან უფსკრულები
დროდადრო ვფიქრობ
რომ ყოფნის ფსკერი
ზედ ცხოვრების ზედაპირიდან
არცთუ შორს არის
ეს გახლავთ ფსკერი
თანამედროვე ადამიანთა
მაგრამ ესეც ცდომილებაა
იქნებ “ჩვენს დროში”
უნდა შევქმნათ ახალი ფსკერი
ფსკერი რომელიც
ჩვენს მოთხოვნებს ესადაგება
Mondo Cane
რად მოახდინა
ამ ფილმმა ჩემზე
წარუშლელი შთაბეჭდილება
Mondo Cane ein
ein Faustschlag ins
Gcsicht
Mondo Cane
უვარსკვლავებო ფილმი
Mondo Cane
ადამიანები ამ ფილმში
ჭამენ ცეკვავენ
კლავენ ცხოველებს
ლოცულობენ კვდებიან
ფერადი რეპორტაჟი
ბებერი ადამიანების აგონიაზე
ჩინურ სამზარეულოზე
სანელებლებზე
ძველი მანქანების
მოკვდინებაზე
ფორმების გაბრტყელება
მეტალის კეცვა
განადგურებული საბარგულის
ხრჭიალი
მანქანის მეტალისმიერი
შიგნეულობა
მანქანების სასაფლაო
ფერწერა
არამიწიერი მუსიკის ფონზე
პარიზში თეთრ ტილოებზე
აღბეჭდავენ სხეულს
წმინდა ვერონიკა
ხელოვნების სახე
მილიონერების პირები
მათი ცოლების ტუჩი
და პირი
შემწვარი ჭიანჭველები
მატლები, მწერები
შავი ნამუსრევი
ვერცხლის თეფშებზე
ალისფერი ბაგენი
Mondo Cane-დან
უზარმაზარი ალისფერი
ბაგეები Mondo Cane-დან
და მათი მოძრაობა
შემდეგ გაიმართა დისკუსია
სქემის მესამე ნაწილზე
რომელიც ეხებოდა ეკლესიას
და ღვთის ხალხს
კარდინალმა რუფინიმ
თქვა
რომ ღვთის ხალხის ცნება
ძალზე მიახლოებითია
ვინაიდან მესამე ნაწილმა
ვერ მიიღო
ხმათა უმრავლესობა
გადაეგზავნა
დასახვეწად
ლიტურგიკულ კომისიას
ჩვენი ვენახის სიახლოვეს მსხლის ხე ჰყვაოდა, ნაყოფებით დამძიმებული. ეს ნაყოფები არც შესახედაობით იტყუებდა მნახველს და არც გემოთი… გამოტყდა ავგუსტინე
მიგიქცევიათ ყურადღება
ინტერიერი
თანამედროვე ეკლესიების
ძალზე წააგავს
აეროპორტის
ან სადგურის
მოსაცდელ ოთახს
ფსკერზე ვარდნისას
ჩვენ გზადაგზა
ვერ ვიძენთ ფორმას
ძალაუფლების ატრიბუტიკა
ხელიდან გვისხლტის
ვარდნისას ბოსტანს ვამუშავებთ
ბავშვებს ვზრდით
და ვაკვალიანებთ
კლასიკოსების თხზულებებს
ვფურცლავთ
გულმოდგინედ ვშლით
ზედსართავ სახელს
ვარდნა სიტყვაა
არცთუ ბოლომდე
შესატყვისი
ის ვერ გადმოსცემს
სულისა და სხეულის
სწრაფვას
მათ მოძრაობას
ადამიანში.
მეამბოხენი
და დაცემულნი
ანგელოზები
თავქვე ცვიოდნენ
სულ სხვა არის
თანამედროვე
ადამიანი
ის ვარდება
ერთდროულად
სხვადასხვა მხარეს
ზემოდან ქვემოთ
და აქეთ-იქით
ეს იყო ადრე
რომ ცვიოდნენ
ვერტიკალურად
ახლა ყველანი
ვარდებიან
ჰორიზონტალზე.
© “არილი”