(ინტერვიუ)
არაბულიდან თარგმნა დარეჯან გარდავაძემ
როდესაც ნაჯიბ მაჰფუზთან ამ შეხვედრის ნებართვა ვითხოვე, უარს ველოდი მისი ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, მაგრამ ის, ჩვეულებისამებრ, დამთანხმდა, უწინდელი კეთილგანწყობით მიმიღო და ხანგრძლივი დროც დამითმო, მიუხედავად მტანჯველი ტკივილებისა; სხვათა შორის, მას არც ჩვეული ხალისი დაუკარგავს. ჯანმრთელობის თაობაზე რომ ვკითხე, მიპასუხა: “მტკივან ხელს ახლაც ვმკურნალობო”, შემდეგ კი სიცილით დააყოლა: “მაგრამ სმენა და მხედველობა ისე დამიქვეითდა, მკურნალობა ვეღარას უშველისო”. მან მწერლობასა და ლიტერატურაში განვლილ გზაზე, იმ უმნიშვნელოვანეს ქმნილებებზე ისაუბრა, რომლებშიც საკუთარ თავს ხედავს, ცენზურაზე და იმაზეც, თრგუნავს თუ არა იგი მხატვრულ შემოქმედებას.
– როგორია თქვენი დღის განრიგი, უწინდებურად დათქმული შეხვედრებით არის შეზღუდული?
– ჩემი დღე იწყება ჩემს მეგობარ მუჰამედ საბრისთან ერთად. ის გაზეთ “ალ-აჰრამის” თანამშრომელია და პრესას მიკითხავს ხოლმე. ამის შემდეგ ველოდები მკურნალ ექიმს, შუადღისას ვსადილობ და ცოტა ხნით ვიძინებ. ძალიან ხშირად მოდიან ჩემთან მეგობრები, რომელთა მეშვეობითაც ვეცნობი პოლიტიკისა და ლიტერატურის სიახლეებს, რადგან მე ვერ ვკითხულობ, ვერ ვუყურებ ტელევიზორს და ვერ ვუსმენ რადიოს.
– თქვენზე მოწყობილი თავდასხმისა და ამ ამბის შედეგებზე მინდა გკითხოთ…
– (ირონიულად იღიმება) ამ უბედურების შედეგად, უკვე ორი წელია, ვეღარ ვწერ. ჯერაც ვმკურნალობ და კალამს ხელში მხოლოდ სავარჯიშოდ ვიღებ. ვიმედოვნებ, წერას ისევ შევძლებ.
– არ გიფიქრიათ, უკარნახოთ ვინმეს და ჩააწერინოთ, რათა თქვენს ნაწერებთან შეხვედრის სიხარული არ მოაკლდეს კალამს მონატრებულ მკითხველს?
– მართალი გითხრათ, არ შემიძლია. მთელი ცხოვრება აზროვნებას და საკუთარი ხელით წერას ვარ შეჩვეული, ახლა ვეღარ გამოვიცვლები. აი, ჩემს მემუარებს კი უკვე სამი წელია ვკარნახობ ჟურნალისტს. ეს მემუარები სადაცაა დასრულდება და მალე ცალკე წიგნადაც გამოვა.
– თქვენი ბოლო ნაწერები ავტობიოგრაფიული ხასიათისაა. როგორ იქმნებოდა ისინი და თქვით თუ არა მათში სათქმელი?
– პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ეს ჩემი ბოლო ნაწერები როდია. დავწერე ძალიან მოკლე ნოველები, რომლებიც იბეჭდება ჟურნალში “ნახევარი დუნია”. ამ ნოველებმა მაგრძნობინა, რომ მე კვლავ ვმუშაობ. ავტობიოგრაფია უცნაურ ვითარებაში დაიწერა; კუჭს ვუჩიოდი და ლონდონში აღმოჩნდა, რომ ოპერაცია მჭირდებოდა. ლონდონში წასვლამდე, მერე კი იქიდან დაბრუნებისა და გამოჯანმთელების შემდეგაც ვეძებდი რაიმე თავშესაქცევს. ამიტომაც ვიწერდი ყველაფერს, რაც თავში მომდიოდა. გამოქვეყნებაზე კი არ ვფიქრობდი. წერა რომ დავამთავრე, გადავიკითხე და აღმოვაჩინე, რომ ნაწერი რედაქტირებას საჭიროებდა. ჩავასწორე. გამოქვეყნებაზე ისევ არ მიფიქრია, რადგან ჟანრი ვერ მოვუძებნე. ის არც ნოველა იყო, არც რომანი და რასაკვირველია, არც პოეზია… მაშ, რა სახით შემეთავაზებინა იგი მკითხველისთვის? ჩემი მეგობრების ნაწილი მირჩევდა მის გამოქვეყნებას, ნაწილი წინააღმდეგი იყო. ცოტა არ იყოს, მომწყინდა ეს დაუმთავრებელი ურთიერთდაპირისპირება და მისთვის რომ ბოლო მომეღო, ავდექი და “ალ-აჰრამს” გავუგზავნე. დაიბეჭდა და ჩემთვის სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ იგი ბევრს მოეწონა.
– მოგენატრებათ ხოლმე თქვენი რომელიმე ნაწარმოების წაკითხვა?
– მართალი გითხრათ, არასოდეს მიყვარდა ჩემი ნაწარმოებების კითხვა მათი დაწერის შემდეგ, მაგრამ ვუყურებდი კი მათ ტელევიზიით ან კინოში; თუმცა, ამჟამად, ორივე ერთნაირად მიჭირს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ფილმებად ან სერიალებად ეკრანიზებული ჩემი ნაწარმოებების უმრავლესობა სავსებით მისაღები მგონია, მცირე გამონაკლისთა გარდა.
– ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენს რომანებს ეკრანიზებამ პოპულარობა შეჰმატა?
– შედარებაც არ არის ნაბეჭდ ჩარჩოში მომწყვდეულ ნაშრომსა და მის ეკრანიზებულ ვარიანტს შორის, იქნება ეს სატელევიზიო თუ კინემატოგრაფიული ვარიანტი. ჩემი ტექსტები ზეპირად იცის მილიონმა მაყურებელმა მაშინ, როცა მათი მკითხველი რამდენიმე ათასს არ აღემატება. ეკრანიზება ლიტერატურისთვის სასარგებლოა, რადგან იგი ავრცელებს მას იმ ხალხშიც, რომელიც არ კითხულობს.
– თქვენი რომანების ეკრანიზებული ვარიანტები ნაჯიბ მაჰფუზის პიროვნების ამსახველია თუ რეჟისორის?
– კინემატოგრაფიულ ფილმებში რეჟისორი ნომერ პირველი ფიგურაა, რადგან ის ასრულებს მთავარ სამუშაოს. იგი მწერლის ნაწარმოებს მისეული თვალთახედვით გვთავაზობს. ასევე ხდება ტელევიზიაშიც. ნაწერი, რომელიც ხილულ მხატვრულ ნაწარმოებად იქცევა, უკვე რეჟისორს ემორჩილება. არასოდეს მიცდია საკუთარი აზრი მომეხვია თავზე რომელიმე რეჟისორისთვის. მათ თავიანთი შეხედულებისამებრ მოქმედების სრულ თავისუფლებას ვუტოვებდი.
– თქვენი რომანებიდან რომელია ყველაზე ახლოს თქვენს გონებასა და გულთან?
– არ არსებობს ასეთი განსაზღვრული რომანი. როგორც შვილებს არ არჩევენ, ისე მათ ვერ განვასხვავებ. თუმცა ზოგ რომანზე მეტი ჯაფა მაქვს გაწეული სხვებთან შედარებით, მაგალითად, ტრილოგიაში, ეპოპეაში “ალ-ხარაფიში”, “ათას ერთ ღამეში” და ზოგ ნოველაში.
– ნაჯიბ მაჰფუზი თუა მისი რომანების გმირთა შორის?
– ზუსტად მისი მსგავსი არა, მაგრამ ბევრჯერ მითქვამს, რომ ქემალი, ტრილოგიაში, წარმოადგენს იმ ინტელექტუალურ და სულიერ განათლებას, რომელზეც გაიზარდა მთელი ჩემი თაობა.
– დიდტანიანი რომანი კონტრასტს ხომ არ ქმნის ჩვენი ეპოქის სწრაფ რიტმთან?
– ლოგიკა ამას ადასტურებს. სწრაფ ეპოქას უფრო მსუბუქი ნაშრომები ესადაგება, თუმცა რომანს თავისი მკითხველი ჰყავს მთელ მსოფლიოში. ისე კი, ღმერთმანი, არ ვიცი, ამ ინტერნეტის ეპოქაში ეყოლებაღა მკითხველი 1000-გვერდიან რომანს?
– ნასესხობა თუ მიგაჩნიათ დასაშვებად ლიტერატურაში?
– ნაწერი, პირველ რიგში, ავტორის სულის გამოძახილი უნდა იყოს, სხვა მწერლების რა გავლენის ქვეშაც არ უნდა იმყოფებოდეს იგი. ნასესხობა ალბათ უფრო კინოში შეიძლება მოხდეს…
– აქვს თუ არა ტალანტს განსაზღვრული ასაკი?
– ვიღაცა დიდხანს წერდა ბევრს, ვიღაცა უფრო ნაკლებს, ვიღაც კი მთელი სიცოცხლე ერთ რომანს წერს… ყოველ ნიჭს თავისი ასაკი აქვს. მე ვიცნობ ხალხს, რომელთაც ერთი ან ორი ნაწარმოები შექმნეს და ამის შემდეგ აღარაფერი.
– შეიძლება მწერალმა დროებითი უნაყოფობის შემდეგ ისევ განაგრძოს წერა?
– ეს მე შემემთხვა. 5 წელი (1952-57 წ.წ.) წერა შეწყვეტილი მქონდა, მხოლოდ კინოსცენარებს ვწერდი, შემდეგ კვლავ დავუბრუნდი ლიტერატურას.
– თქვენ სახელმწიფო მოხელე იყავით და თან მწერალი, მოქმედებს თუ არა თანამდებობა მწერალზე?
– მოქმედებს და ეს გავლენა პოზიტიურიცაა და ნეგატიურიც. ყველაზე უარყოფითი თვისება, რაც ამას თან ახლავს, ეს მწერლის აქტივობის სამსახურისთვის ხარჯვაა, პოზიტიური მხარე კი ცხოვრებისეული გამოცდილება და იმ პიროვნებებთან ნაცნობობაა, რომლებთანაც მას სამსახური აკავშირებს.
– სიყვარული? უნდა გამოსცადოს იგი მწერალმა, რომ წეროს მასზე?
– მე ასე მგონია, თუ კაცი შეყვარებულია, ის უკეთ წერს. როცა უყვარს, მისი სული უფრო სავსე და მდიდარია, რაც განაწყობს როგორც სიყვარულზე, ისე სხვა თემებზე საწერად.
– შეიძლება წერა შემოსავლის მიღებისა და კომერციული მიზნით?
– ეს პიროვნებასა და მის ზნეობაზეა დამოკიდებული. ზოგი კარგად გამოიძიებს ხოლმე, ხალხს რა სჭირდება. წერს და აქვეყნებს მას და შემოსავალსაც იღებს, მაგრამ ეს არ არის ნამდვილი მწერლობა, ეს წერის გარკვეული სახეა, იგი მწერლის შინაგანი “მე”-დან მოდის, რომელიც ამ თავისი ექსპერიმენტით საკუთარ კმაყოფილებას უფრო წინ აყენებს, ვიდრე ნაწერის მკითხველი საზოგადოებისთვის მისაღებლობა-მიუღებლობას.
– ნაჯიბ მაჰფუზის შემოქმედებას რა გამოარჩევს სხვათაგან?
– ერთი ნიშნით მისი დახასიათება არ შემიძლია, რადგან ის ერთმანეთს უთავსებს ისტორიულ მწერლობას, რომანტიზმს, რეალიზმს, სიმბოლიზმსა და ექსპრესიონიზმს.
– თქვენ ხანმოკლე პერიოდი (სულ 10 თვე) ხელოვნების ნაწარმოებთა ცენზურას ხელმძღვანელობდით. ცენზურა ეხმარება ხელოვნებას?
– მიმაჩნია, რომ გონივრული ცენზურა თავად შემოქმედთა სასიკეთოდ მუშაობს. იგი კანონის და ზნეობრივი ეთიკის საფუძველზე განსაზღვრავს დასაშვებსა და აკრძალულს. ცენზურაში მუშაობის მანძილზე ვიყავი ხელოვნების ქომაგი და ამასვე ვითხოვდი ჩემი კოლეგებისგან… ისე, მწერალს ბევრად მეტი თავისუფლების მიცემის საშუალება აქვს საკუთარი თავისთვის, ვიდრე კინემატოგრაფისტს.
– როგორ გგონიათ, თქვენს მიერ ნობელის პრემიის მიღებით, არაბული რომანი მსოფლიო ლიტერატურის ორბიტაზე გავიდა?
– დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ არაბ ლიტერატორს შეიძლება ეწოდოს მსოფლიო დონის, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი წაკითხვა შესაძლებელია მშობლიური გარემოს ფარგლებს გარეთაც.
– ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზაციაზე რა აზრისა ხართ?
– ნორმალიზაცია ზავსა და მშვიდობას გულისხმობს, მათ პარალელურად მიმდინარეობს. მშვიდობას კი ამჟამად წინ დაბრკოლებები ეღობება.
– მიმდინარე ვითარებაში, როცა სამშვიდობო პროცესი კრიზისს განიცდის, დასაშვებად მიგაჩნიათ ისრაელელ მწერლებთან შეხვედრა?
– ამასთან მაგას რა კავშირი აქვს! თვით ომის პირობებშიც კი შეუძლიათ ჩემთან კონტაქტი. ხელის შემშლელი რა უნდა იყოს? რატომ ვეტყვი უარს ვინმეს, თუკი იგი ჩემთან შეხვედრას ითხოვს?! რისი უნდა მეშინოდეს?!
© “არილი”