ახალი ამბები

2022 წლის ბუკერის პრემიის მოკლე სია გამოცხადდა

6 სექტემბერს 2022 წლის ბუკერის პრემიის მოკლე სია გამოცხადდა

წლევანდელ ბუკერის მოკლე სიაში მოხვდა 6 ავტორი, რომლებიც გრძელი სიიდან შეირჩა. გრძელ სიაში 13 ავტორი იყო დასახელებული. თავის მხრივ, თითოეული ნომინანტი გამოვლინდა იმ 169 წიგნიდან, რომლებიც 2021 წლის 1 ოქტომბრიდან 2022 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით დაიწერა და პრემიაზე გამომცემლებმა წარადგინეს. ბუკერის პრემია ნებისმიერი ეროვნების ავტორს შეიძლება გადაეცეს, მთავარია, რომ წიგნი ინგლისურად იყოს დაწერილი და ინგლისში ან ირლანდიაში გამოცემული.

როგორც ჟიურის წევრმა, ნილ მაკგრეგორმა აღნიშნა, მთავარი, რაზეც შეთანხმდნენ და შერჩეულ წიგნებს აერთიანებს, ისაა, რომ „თითოეულ ტექსტში ავტორი იყენებს ენას არა უბრალოდ იმის მოსაყოლად, თუ რა მოხდა, არამედ სამყაროს, წარმოსახული ქვეყნიერების შესაქმნელად, სადაც ჩვენ, როგორც გარეშე პირებს, შესვლა, ცხოვრება, ყველაფრის თავად განცდა და შეგრძნება შეგვიძლია. ამ წარმოსახვით სამყაროში ხდება რაღაც, რაც ინდივიდისა და საზოგადოებისთვისაა მნიშვნელოვანი. ისინი აანალიზებენ, ვინ არიან და ვინ შეიძლება, გახდნენ. ყოველი ნომინირებული წიგნი ამტკიცებს სიმართლის ძიებისა და გაზიარების მნიშვნელობას“.

თითოეული ავტორი, რომელიც მოკლე სიაში მოხვდა, £2,500-ს მიიღებს, ხოლო გამარჯვებულს £50,000 გადაეცემა.

ბუკერის პრემია პრემია პირველად 1969 წელს გაიცა და მას შემდეგ, როგორც ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ, ყოველწლიურად რადიკალურად ცვლის მწერლების კარიერას. გამარჯვებულსა და მოკლე სიაში მოხვედრილ ავტორებს, აქვთ გარანტია, რომ მათი მკითხველების რაოდენობა საგრძნობლად გაიზრდება, წიგნების გაყიდვები კი მკვეთრად მოიმატებს. ამიტომაც არის ინგლისურენოვან სამყაროში ბუკერი უმნიშვნელოვანესი ჯილდო. მის მფლობელთა შორის ისეთი ავტორები გხვდებიან, როგორებიც არიან: მარგარეტ ეტვუდი, რიჩარდ ფლენეგანი, პიტერ კერი, დიბისი პიერი, არუნდატი როი, მაიკლ ონდააჩი, ჯონ მაქსველ კუტზეე, სალმან რუშდი, უილიამ გოლდინგი, აირის მერდოკი და სხვ.

რაც შეეხება წლევანდელ ბუკერს, 2022 წლის ბუკერის პრემიის გრძელ სიაში ნომინირებულ ავტორებს შორის ვხვდებოდით ყველაზე ახალგაზრდა და ყველაზე ასაკოვან მწერლებს, მათ შორის, ვინც ოდესმე დასახელებულა გრძელ სიაში. მოკლე სია კი მოიცავს მწერლებს ხუთი სხვადასხვა ქვეყნიდან და ოთხი კონტინენტიდან. ასევე, სამ დამოუკიდებელ გამომცემელსა და რამდენიმე ტექსტს, რომლებიც რეალური მოვლენებითაა ინსპირირებული.

 

წარმოგიდგენთ ბუკერი 2022-ის მოკლე სიას:

 

დიდება, ვაიოლეტ ბულავაიო

Glory by NoViolet Bulawayo

„დიდება“ ავტორის მეორე რომანია ბუკერის სიაში. პირველად მისი სადებიუტო ნაწარმოები 2013 წელს იყო ნომინირებული. როგორც ერთ-ერთმა ჟიურის წევრმა აღნიშნა, ახალ ტექსტში არ იგრძნობა არანაირი ნიშანი „რთული მეორე რომანის“ სინდრომისა. მისი წიგნი ორუელის „ცხოველების ფერმითაა“ შთაგონებული.  მოქმედება ცხოველთა სამეფოში ვითარდება, მთხრობელი კი მოხუცი ცხენია. ავტორმა განმარტა, რომ მან სცადა, ზიმბაბვეში 2017 წელს განვითარებული მოვლენები აესახა, რისთვისაც პოლიტიკური სატირა ყველაზე შესაბამის ფორმად ჩათვალა. ავტორის სტილი ასეთია: ირონიული თხრობა, რომლითაც სასტიკ სიმართლეს ამხელს. ამგვარად, ეს ტექსტი უშიშარი და ინოვაციური ქრონიკაა  ზიმბაბვეში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების, თუმცა კონკრეტული კონტექსტი მკითხველს უნივერსალური სათქმელის დანახვაში ხელს არ უშლის, რადგან მწერალი ამ სატირული ნაწარმოებით მსოფლიოში ყველა დესპოტურ რეჟიმს ეხმიანება. გარდა ამისა, მთხრობლის ხმა გვაფიქრებინებს, რომ ჩვენსა და ცხოველთა სამყაროს შორის საზღვრები არ არსებობს.

 

დიდი არაფერი, კლერ კიგანი

Small Things Like These by Claire Keegan

1985 წელი, პატარა ირლანდიური ქალაქი. პროტაგონისტი ბილია, რომელსაც ცოლი და ხუთი ქალიშვილი ჰყავს. ბილი მოულოდნელად აღმოაჩენს ისეთ რამეს, რაც პატარა ქალაქთან დაპირისპირებისკენ უბიძგებს და ამ გზაზე მკითხველიც მასთან ერთადაა, გრძნობს მის შიშსა და მიღებული გადაწყვეტილების სიმძიმეს. ეს წიგნი მკითხველს აიძულებს, ჰკითხოს საკუთარ თავს, რას აკეთებს თავად, როცა უსამართლობას ეჩეხება. ავტორი ამ ტექსტით იმედს გვაძლევს, მთავარი გმირის ძალასა და სიკეთეს გვიჩვენებს და ამტკიცებს, რომ ერთი ადამიანის მცდელობასაც შეუძლია სამყაროს შეცვლა.

 

ხეები, პერსივალ ევერეტი

The Trees by Percival Everett

„შემაშინებელი და სასაცილო წიგნი, რომელიც სვამს შეკითხვებს ისტორიისა და სამართლიანობის შესახებ, მაგრამ კონკრეტული პასუხის გაცემის საშუალებას არ გაძლევს“ – ასე დაახასიათა „ხეები“ ბუკერის ჟიურიმ. ნომინირებული რომანი პოლიჟანრული ნაწარმოებია, სადაც მისტიკა, ჰორორი, კომედია ერთდროულად გვხვდება. ყველაფერი, რასაც ეს ტექსტი მოიცავს, თანამედროვე სამყაროში რელევანტურია. რაც შეეხება სიუჟეტს, მოქმედების ადგილი პატარა ქალაქია, სადაც სასტიკი მკვლელობები ხდება. დეტექტივების წყვილი კი ამ დანაშაულების გამოძიებას ადგილობრივების წინააღმდეგობის ფონზე ცდილობს.

 

მაალი ალმეიდას შვიდი მთვარე, შეან კარუნატილაკა

The Seven Moons of Maali Almeida by Shehan Karunatilaka

კოლომბო, 1990 წელი: მაალი ალმეიდა მკვდარია და ის ისეთივე დაბნეულია, როგორც ჩვენ, მკითხველები, – ასე აჯამებს ჟიური ტექსტის შინაარს.

მაალი ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი ჰალუცინაციაა, რომელიც მისი მეგობრის მიერ მიცემული აბებითაა გამოწვეული, მაგრამ არა, ის ნამდვილად მკვდარია. მანამ კი შრი-ლანკაში მიმდინარე სისასტიკის მოწმე იყო, როგორც ფოტოგრაფი, რომელიც ჟურნალ-გაზეთებისთვის მუშაობდა.

რაც შეეხება სათაურს, თითოეულ სულს შვიდი მთვარის განმავლობაში შეუძლია წარსული ცხოვრების გახსენება, შემდეგ კი ყველაფერი ავიწყდება. მთავარ გმირსაც სწორედ შვიდი მთვარე დარჩა, რათა მოასწროს ის, რისი გაკეთებაც სურს.

 

ო, უილიამ! ელიზაბეტ სტრაუტი

Oh William! by Elizabeth Strout

მთავარი გმირი ლუსი ბარტონია, განქორწინებული ქალი, რომელიც ნელ-ნელა იგებს, რომ ძალიან ცოტა სცოდნია უახლოეს ადამიანებზე. ესაა ამბავი ქალის შესახებ, რომლის ცხოვრებაც ეჭვებითა და სინანულითაა სავსე. ავტორი ყოველდღიურობისა და პატარა დეტალების მისტიკურობას გვიჩვენებს, მკითხველს კი კიდევ ერთხელ აფიქრებს ქორწინების, ოჯახური ცხოვრების, სიყვარულისა და მარტოობის ბუნებაზე.

 

თრიქლ უოქერი, ალან გარნერი

Treacle Walker by Alan Garner

მთავარი გმირი ბავშვია, რომლის სამყაროც კომიქსებისა და მატარებლის ხმისგან შედგება მანამ, სანამ უცნობი არ დააკაკუნებს მის კარზე, რის შემდეგაც იგი სრულიად იცვლება. როგორც ჟიური ამბობს, „ესაა უნიკალური კომბინაცია კვანტური ფიზიკისა და ფოლკლორის, რომელიც წარმოდგენილია ემოციური და სრულიად ადამიანური ამბით“.  ხოლო კითხვაზე, რით შეაყვარებს ეს ტექსტი მკითხველს თავს, პასუხობენ, რომ ეს იქნება იუმორი, სიბნელე და სინათლე, ბიჭისა და მისი უფროსი სულიერი მეგზურის პიროვნული მახასიათებლები და ის, თუ როგორ ცდილობენ ერთმანეთთან ურთიერთობას. ეს წიგნი, პირველ ყოვლისა, იმ პრობლემებზეა, რომლებთანაც ბრძოლა ყველა ჩვენგანს უწევს. ჩვენი მოლოდინები სამყაროზე, უპასუხო შეკითხვები, ის, რისი ცოდნაც არ შეგვიძლია – ნომინირებული ტექსტი სწორედ ამ თემებს შეეხება.

ბუკერი 2022-ის გამარჯვებული 17 ოქტომბერს დასახელდება.

© არილი

Facebook Comments Box