ის ქმნიდა კარნავალს. ავტორიც თვითონ იყო და პერსონაჟიც. ცდილობდა კარნავალში ჩაება რაც შეიძლება მეტი მოქმედი პირი, თავს უკეთ გრძნობდა ხალხმრავლობაში.
ხელისუფლების სიმბოლოებს არად აგდებდა, იტაცებდა თავისივე გამბედაობა, მით უმეტეს, თუ ამის გამო მაყურებელი აღტაცებას ვერ მალავდა. საბჭოთა ნორმებს დაუპირისპირდა, მაგრამ ვერ წარმომიდგენია დოგმა (თუნდაც, საკრალური), რომელსაც ფარაჯანოვი გუნდრუკის კმევას დაუწყებდა. პროტესტანტი იყო, ოღონდ არტისტული ბუნებისა. მოხდენილი და ორიგინალური ჟესტისთვის სიცოცხლეს წირავდა. იყო დემოკრატი, ჩვენი კაცი, ჩვენებური. იერარქია მისთვის არ არსებობდა, არც რაიმე კომპლექსი. ის ეფლობოდა ცხოვრებაში, როგორც მორევში, რათა მთელი ძალით ეგრძნო არსებობა – ფიზიკურიც, რომელიც იმდენად წარმტაცია, რამდენადაც წარმავალი. მან თავისი სენსუალიზმი, რაფინირებული და ოდნავ დეკადენტური, ოსტატურად გამოხატა ფილმებსა და იმპროვიზაციებში. მისმა ბრწყინვალე ფილმმა – “წინაპართა აჩრდილები” – გამათავისუფლებელი როლი შეასრულა. ეს იყო სილამაზის იდეოლოგიური სიმძიმეებისაგან გათავისუფლების მაგალითი. დრო გავიდა, “დავიწყებულ წინაპართა აჩრდილების” სიუჟეტი დამავიწყდა, მაგრამ რა დამავიწყებს მის ნაღვლიან ჰანგებს და პლასტიკის სიწმინდეს, მათ წარმტაც თანაფარდობას.
ყოველივე, რაც შემდეგ ფარაჯანოვმა შექმნა, არსებითად “წინაპართა აჩრდილებიდან” გამოდის: “კიევის ფრესკებიც”, “საიათნოვაც”, “სურამის ციხეც”, “აშუღ-ყარიბიც” და სხვა.
“საიათნოვას” ერთი სცენის გადაღებას ვესწრებოდი (ძველი სტუდიის პავილიონში). მაშინ პირველად ვნახე ფარაჯანოვი გადაღებაზე. მესამე სართულის სიმაღლიდან დავყურებდი მის ჟესტიკულაციებს, ვისმენდი მის განკარგულებებს. ის, ასე ვთქვათ, ფლობდა სიტუაციას, ბობოქრობდა, ბრაზობდა, ტუქსავდა მსახიობს, თან ქების სიტყვასაც არ იშურებდა. აშკარად ჩანდა, რომ მხოლოდ მან, ერთმა, იცოდა, რა რისთვის კეთდებოდა გადასაღებ მოედანზე.
ჰქონდა სევდიანი თვალები, აღმოსავლური, ამიტომ ღიმილი უხდებოდა. თბილისელი იყო, უყვარდა თბილისის ქუჩები, ბაღები, მოედნები, მაგრამ მისი უხმო ცრემლები (მიგრძვნია) მდინარე არაქსში ცვიოდა. ის ყოველთვის სასოებით ლაპარაკობდა სომეხი ხალხის რელიგიურ კულტურაზე – სარწმუნოებრივი სიწრფელის მხრივ, ძნელად, ვინმე სომეხ ერს შეედაროსო.
ფარაჯანოვს უყვარდა მეგობრების დასაჩუქრება. უსათუოდ, რაიმე ორიგინალურს მოიფიქრებდა. მხოლოდ თენგიზ აბულაძე და ანზორ სალუქვაძე დაასაჩუქრა პრაქტიკულად საჭირო ნივთებით – ამერიკული კოსტუმითა და ფეხსაცმლით. მე კი, იმათი ხელით, კიევიდან კერამიკული ნაკეთობები გამომიგზავნა. თუმც დღემდე მგონია, რომ ის კერამიკა ჩემმა მეგობრებმა მოსკოვის რომელიღაც მაღაზიაში შეიძინეს.
თ.აბულაძე და ა.სალუქვაძე საქმიანი ვიზიტით ჩავიდნენ კიევში, – “ვედრებისთვის” ოპერატორს ეძებდნენ. ფარაჯანოვმა მათ საშა ანტიპენკო ურჩია. ასე დაუხასიათებია: “ვუნდერკინდია, ტვინში მხოლოდ ერთი ხვეული აქვს და ისიც კინოს შესწირაო”. ანტიპენკოს უკვე გადაღებული ჰქონდა “კიევის ფრესკები” (რეჟისორი ს.ფარაჯანოვი) და კინონოველა “ბალეტი”.
დღე-დღეზე ველოდით საშას ჩამოსვლას თბილისში და ერთ საღამოს ბინაში გამომეცხადა იგი – ცისფერთვალება ყმაწვილი, ხელში იოანეს სახარება ეჭირა. ღამე კითხულობდა და პირჯვარს იწერდა. მალე გაუყენეს გზას შატილისკენ, სადაც “ვედრების” გადაღება იგეგმებოდა. ანტიპენკოს აქამდე ტრამალების მეტი არაფერი ენახა და ფშავ-ხევსურეთისა და შატილის ხილვამ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ამ შთაბეჭდილებით შეუდგა იგი გადაღებას.
“ვედრების” ერთ-ერთი პირველი შემფასებელი ფარაჯანოვი იყო. დიდ ფილმად მიაჩნდა, მაგრამ შენიშვნაც ჰქონდა: ეხამუშებოდა ფილმში ლექსით დიალოგი, ამბობდა: “შეიძლებოდა ლექსისთვის გვერდი აგევლოთ, ზოგან მაინც, და თემა პლასტიკით გადაგეწყვიტათ”. და მან, ჩემს თვალწინ, ვაჟას პოემის ერთი სტროფი ქორეოგრაფიულად გაითამაშა. მოძრაობა მისთვის ყველაფერი იყო. საერთოდ, ძნელია დაწყნარებული ფარაჯანოვის წარმოდგენა. ყველგან, ქუჩა იქნებოდა ეს თუ დარბაზი, მას გარს ეხვია ცნობისმოყვარეთა ამალა. და ფარაჯანოვი მათ თვალწინ, როგორც ჯადოქარი, სინამდვილესა და წარმოსახვას შორის არსებულ საზღვარს შლიდა.
მაგონდება კიევი. ფარაჯანოვის ბინა-სენაკი, რომლის კედლებს ამშვენებდა მაცხოვრისა და ღვთისშობლის ხატები, ნიშში იღვენთებოდა თაფლის სანთელი. იმ საღამოს ელოდებოდა სტუმრებს, კანადიდან. სუფრაზე გამოჰქონდა ძვირფასი ჭურჭელი, წკრიალებდა ბროლი და ფაიფური. წარმოვიდგინე უცნობი საზოგადოება, ხანგრძლივი დებატები სუფრასთან და ვთხოვე, გამიშვი-მეთქი. “რას ამბობ, – გაუკვირდა, – აქ საინტერესო ხალხი მოიყრის თავს, კანადის უკრაინელები, მათ შორის – ქალები. რომელიც მოგეწონება, გაგაყოლებ. თუ გინდა, ორი ერთად წაიყვანე”. დავიბენი, არ ვიცოდი, რა მეპასუხა. ფარაჯანოვმა კი განაგრძო: “როცა ასეთი ძვირფასი ჭურჭელი გამომაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ საჭმელი დიდი არაფერი მაქვს. ვერცხლითა და ბროლით ვეწევი სიღარიბის კომპენსაციას”.
ძირითადად, რუსულად ლაპარაკობდა, მაგრამ დროდადრო ისეთ ხატოვან ქართულ სიტყვას გამოურევდა, რომ გული გაგინათდებოდა.
და ჰა, სტუმრებიც გამოჩნდნენ. ჯერ ილიენკო, და კიდევ – ვიღაც მხატვარი. მყისვე იმართება პოლიტიკური დისპუტი. ფარაჯანოვი, როგორც ყოველთვის, უცერემონიოდ გამოხატავს თავის პოზიციას. ამდენი ანტისაბჭოთა ფრაზეოლოგია მანამდე არც მომესმინა. ვფიქრობდი: “ალბათ, არც ისე საშიშია მგელი, როგორც ხატავენ-მეთქი”. მოვიდნენ კანადელებიც, მათ შორის – მშვენიერი ქალიშვილებიც. ფარაჯანოვმა თვალი ჩამიკრა. მერე ადგა, ილიენკოც თან გაიყოლია და სამზარეულოდან ვერცხლის ლანგრით თევზი შემოიტანეს. თევზი ისეთი სიმეტრიით ეწყო ლანგარზე, რომ ფიროსმანი მოგაგონდებოდათ. ბოლოს მოიტანეს ყველი, თანაც იმდენი, რომ მთელი სუფრა დაიფარა. ვიღაცამ იკითხა: – საიდან ამდენი ყველი? ფარაჯანოვმა სიცილით უპასუხა: – ამ ყველს თავის ისტორია აქვს. ვიღაც თბილისელ გადამყიდველს კიევიდან, ყალბი ქვითრით, რამდენიმე ტონა ყველი უნდა გაეტანა, მაგრამ გაუგეს და დაატოვებინეს. ნაწილი მთავრობამ წაიღო, ნაწილი მაღაზიას მისცეს გასაყიდად. იმ თბილისელს ფული გადახდილი ჰქონია და ჩვენი მაღაზიაც ჩალის ფასად ჰყიდის ყველს. მეც ვისარგებლე ღვთის წყალობით…” გავაწყვეტინე: – ხომ არ შეგიტყვია, ის თბილისელი რა რჯულისა იყო?
ფარაჯანოვმა ჩემსკენ გამოიხედა და სიცილით დაუმატა: “ახ, შენ აქა ხარ? Прошу прощеня!”
ძნელი მისახვედრი იყო, მართალი თქვა თუ მოიგონა. ალბათ, ეს მისტიფიკაცია იყო.
სასმელი რომ მოეკიდათ, გაცხარდა კამათი. კანადელებიც გამოცოცხლდნენ. გამოვტყდები, ასე ახლოს პირველად ვხედავდი უცხოელებს. მომწონდა მათი უბრალოება, გულღია რეაქციები. ბოლოს, ფარაჯანოვი და ილიენკო შეეჯახნენ ერთმანეთს. ილიენკო არ იზიარებდა მის რადიკალიზმს. კანადელ სტუმრებს მოუხდათ მათი დაშოშმინება.
მეორე დღეს იაპონიის მარიონეტების სპექტაკლის სანახავად წავედით. ფარაჯანოვი გამოჩნდა თუ არა დარბაზში, მაყურებელი ახმაურდა. ყოველი მხრიდან სალამს უგზავნიდნენ. ის კი მათ შოკოლადის ფილებს ესროდა. და ისინიც, ფილები რომ დაეჭირათ, იძულებული ხდებოდნენ ნახტომი ეკეთებინათ. იდგა ერთი ჟრიამული, მაგრამ წესრიგისკენ მომწოდებელი არავინ გამოჩენილა: ორიოდე წუთით ყველა ჩაება ამ აჟიოტაჟში.
სპექტაკლი დაიწყო. ყურადღება მიიქცია მსახიობთა ნიღბებმა და შავმა ხელთათმანებმა, რომლებიც გასაოცარი სიმარდით მართავდნენ მარიონეტებს. ფარაჯანოვს გადავულაპარაკე: “აი, როგორც ახლა სცენაზე ადამიანები ათამაშებენ მარიონეტებს, ასევე ჩვენ, ადამიანებს, გვათამაშებს ბედისწერა”. აზრი მოეწონა და სხვასაც გაუმეორა. მერე მითხრა: – “აი, ამ ბედისწერის თემაზე ვაპირებ გადაღებას. თბილისში ჩამოვალ თუ არა, წაგაკითხებ სცენარის პროექტს…”
ფარაჯანოვი დააპატიმრეს. მგონი, ერთ-ერთ ბრალდებად ნაციონალისტობა წაუყენეს, ოღონდ უკრაინის სასარგებლოდ. გული გვეწვოდა, როცა ამ დიდი ენერგიისა და ფანტაზიის შემოქმედს მავთულ-ხლართებში გამომწყვდეულს წარმოვიდგენდით. უცხოეთის რადიოთი ვიგებდით, რა მძიმე სამუშაოებს ასრულებინებდნენ მას, როგორ ლახავდნენ მის თავმოყვარეობას. საზღვარგარეთის კულტურის წარმომადგენლებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს მოძრაობა ფარაჯანოვის გასათავისუფლებლად. ამ მოძრაობას მხარი აუბეს სოფიკო ჭიაურელმა, ელდარ და გიორგი შენგელაიებმა – ესეც უცხოეთის რადიოთი მოვისმინე. უცხოელებისთვის ეს ადვილი იყო, ჩვენებისთვის კი – მეტად სახიფათო. ამიტომ, ბუნებრივია, ვინც ფარაჯანოვს საჯაროდ უჭერდა მხარს, გმირებად მოჩანდნენ. თუმცა, შედეგი ამ მოძრაობისა, კარგა ხანს არ ჩანდა. კიდევაც შევეგუეთ ფარაჯანოვის პატიმრად ყოფნას, რომ ერთ მშვენერ დღეს, საკოლმეურნეო ბაზრის კუთხეში, სადაც ყვავილებს ჰყიდდნენ, შევნიშნე იგი, უზარმაზარი თაიგულით ხელში! უნებურად ვიყვირე: – ბატონო სერგო! მოტრიალდა და წამოვიდა. მომიახლოვდა თუ არა, მკითხა: თუ დაოჯახდიო. როგორც კი მიიღო დადებითი პასუხი, თაიგული მომაწოდა: – მაშინ, აი, ეს გადაეცი შენს მეუღლეს ჩემგანო!
ასეთი იყო ფარაჯანოვი!
უცებ საუბარი შეეხო ერთ პოლიტიკურ მონანიებას, რომლის მხილველიც წინა დღით ვიყავით ყველანი. ფარაჯანოვმა თქვა: “როცა ასეთ გზას ადგები, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. რუსი ნაროდნიკები გაიხსენე, ისინი წინასწარ ემზადებოდნენ განსაცდელისთვის: შიმშილისათვის, უძილობისათვის და ცემა-ტყეპისთვისაც…”
ამას ამბობდა ხმამაღლა, გამვლელები ჩერდებოდნენ და უსმენდნენ. ფარაჯანოვი წარბს არ იხრიდა: დარჩა ქედმოუხრელი!
გამიგონია, რომ პოლ ვერლენი სიკვდილის წინა დღეებში, იმ სახლის სხვენს, სადაც თავს აფარებდა, ნაირფერად ღებავდაო. რისთვის? ამის პასუხია გალაკტიონის სტრიქონი: “სიკვდილის გზა არრა არის, ვარდისფერ გზის გარდა”.
ფარაჯანოვიც ალამაზებდა საკუთარი სიკვდილის გზას, ნიჭიც ჰქონდა ამისთვის და სითამამეც.
(c) „არილი”