Uncategorized

მანანა კვაჭანტირაძე – სიმღერაში (გა)დარჩენილები

besik-kharanauli-trtrrr

“მაგრამ მოვიდა უფრო სხვა მყობადი

და გვესმის ძველების მედგარი ძახილი:
ახალი, ახალი! მოგვეცით ახალი!”
გალაკტიონი

“მშვენიერი არის ის, რაც სასოწარმკვეთია”.
პოლ ვალერი

რეკვიემი – სამგლოვიარო ხასიათის მრავალხმიანი ციკლური საგუნდო ნაწარმოები. ჩამოყალიბდა შუა საუკუნეების კათოლიკური ეკლესიის პოლიფონიურ მუსიკაში, როგორც სულის მოსახსენებელი მესა. XVIII-XIX სს-ის გამოჩენილი კომპოზიტორების რეკვიემებმა საკონცერტო ესტრადაზე გადაინაცვლეს და მიიღეს საერო ჟანრის ხასიათი, რომელსაც მხოლოდ ტრადიციული მოსახსენებელი ხასიათი შემორჩა.
ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

90-იანი წლების ნახევრის კულტურული ცხოვრება საქართველოში შეიძლება დახასიათდეს, როგორც ფრაგმენტული, დაქსაქსული და ქაოტური. შუა პერიოდიდან ლიტერატურაში თავს იჩენს ანომიური (კრიზისული) მოვლენების დაძლევის პროცესი. საზოგადოებრივი ცნობიერება მტკივნეულად რეაგირებს კულტურულ ღირებულებათა ჩანაცვლების ფაქტებზე: არცთუ იშვიათად მას აღიქვამს როგორც უცხოს, მიუღებელს, როგორც ფარულ იდეოლოგიურ დივერსიას, თუმცა იმავდროულად ცდილობს კულტურის მორღვეული ნაწილების განახლებას და ჩანაცვლებას – ითვისებს და გარდაქმნის მისთვის უფრო მისაღებ ნაკადებს, იხსენებს დავიწყებულ ძველს და სისტემის მოწესრიგებისათვის იღვწის.
პარალელური, ურთიერთგადამკვეთი, ზედმდები თუ აცდენილი ვექტორებით დასერილი, ნაირგვარი რხევებით მოცული კულტურის სივრცე ძალზე არაერთგვაროვანი და დაძაბულია, მოუწესრიგებელი და მღელვარე. იგი ჯერ კიდევ კარგავს მეტს, ვიდრე იძენს. კულტურის ფუნდამენტური სხეული ფხიზლად იცავს და ეწინააღმდეგება დაშლის პროცესის გაღრმავებას. სოციო-კულტურულ და შემოქმედებით სფეროებში მიმდინარე მოვლენების დახასიათება ბესიკ ხარანაულის ერთი ლექსის ფრაზით შეიძლება: “მომავალი მაშინ იბადება, / როცა აწმყო ეჭვებზე კრუხავს. / როცა პოეტი იტყვის მწარედ – / ასე წერა აღარ შეიძლება”. “ასე” – ბუნდოვანი ცნებაა, არანაკლებ ბუნდოვანია ისიც, თუ როგორ შეიძლება წერა. ბესიკ ხარანაული ამბობს, მაგრამ არაფერს ამტკიცებს: “მე იმის თქმა კი არ მინდა, / თითქოს ყოველი ახალი დრო წინსვლა არის პოეზიაშიო – / რამის მტკიცება რომ მინდოდეს, / ვიტყოდი, რომ პირიქითაა”… ეს ფრაზა ჩიხის აღიარებას ჰგავს, რომელიც საპირისპირო პროცესში უნდა გადავიდეს და გადადის კიდეც. “მომავლის დაბადების” განმ-ცხად-ებლად ისევ და ისევ გამოდის პოეტი, პოეტური დისკურსი (პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: თუკი შემოქმედებითი სიახლე, ჩვეულებრივ, ახალ თაობას შემოაქვს ხოლმე, “ლომის წილი” მის სრულყოფაში სწორედ ძველ თაობაზე მოდის). არაერთგვაროვანი, მყარ სემანტიკურ ცენტრს მოკლებული კულტურის სივრცის მიმართ აღძრული ეჭვი – საიდან ლაპარაკობენ – იფანტება პოეტური სიტყვის ძალით, რომელიც საკუთარ თავზე იღებს სტრუქტურული ღერძის აღდგენას და ძველი სისტემის იმ ფუნდამენტურ ღირებულებათა დაცვას, რომელიც ახალი წესრიგის საყრდენადაც უნდა იქცეს.
ბესიკ ხარანაული წერს “მკვდრების სიმღერას” – ძველი ეპოქის გამოსათხოვარ რეკვიემს.
კულტურულ გადაფასებათა დუღილში ენა წარმატებით იყენებს ქაოსის “კრეაციულ პოტენციალს” და სულიერ გამოცდილებათა იმ ფრაგმენტებს, რომლებიც ნორმატიულ ეთოსს მიღმა დარჩნენ, მაგრამ არსად გასულან სასიცოცხლო წრიდან, პოეზიაში ჰპოვეს ადგილი და ახლა თავიდან იღებენ მონაწილეობას ღირებულებათა ახალი სისტემის ჩამოყალიბებაში.
პირველივე პარადოქსით, რომელიც ლექსის სათაურშია გამოტანილი, ბესიკ ხარანაული სიკვდილ-სიცოცხლის ოპოზიციას მომღერალი მკვდრების პარალოგიზმად გარდაქმნის და ფიზიკური და მეტაფიზიკური სამყაროების ერთიანობას აღადგენს. ჩვეული აღქმის ავტომატიზმისაგან გათავისუფლებული ენა იბრუნებს პირველად სპონტანურობას და “მეხსიერების საშიში სიღრმეებიდან” ამოაქვს აზრის დაპირისპირებულ სტრუქტურათა თავდაპირველი ერთიანობის მარადიული სიბრძნე, რომელიც ახსოვს ენას და რომელსაც დავშორდით ჩვენ – ცხოვრების გზაზე აჩქარებით მავალნი. აქედან – ხელახალი და ირონიული შეფასება ცხოვრებისა: “ეს ცხოვრება არაა იმათთვის, ვისაც ეჩქარება, / ესაა ცხოვრება იმათთვის, ვისაც აგვიანდება, / ვინც შეიყოლა დარდმა და მწუხარებამ”… და ა.შ.
თანამედროვეობის ფუნდამენტურ კითხვას – ვისთვისაა ეს ცხოვრება – ბესიკ ხარანაული “მწუხარებას შეყოლილთა” და “დაგვიანებულთა” სიბრძნით პასუხობს. სწორედ ინდივიდუალურ გამოცდილებათა ამ კორპუსს ანიჭებს იგი ჭეშმარიტებისა და ხსოვნის უფლებამოსილებას. როცა ტექსტს ბოლომდე ჩავიკითხავთ და მისი ამო-კითხვის პროცედურასაც გავივლით, მკვდრების სამყაროს უცნაური ხიბლის აღიარება მოგვიწევს. მისი არათანმიმდევრულობის სისტემურობა, ზედაპირულობის სიღრმე, მერყეობის გამძლეობა, მისი თამაშისა და სიცრუის ჭეშმარიტება გაგვაოცებს, ამ სიმღერისა და ამ ყოფნის დიდი პოეზია აგვაფორიაქებს.
მნიშვნელობათა სარეაბილიტაციო ველს ქმნიან ნონსენსი და პარადოქსი – აზრის არანორმატიული სტრუქტურები. ერთი მაგალითი: “ჯეჯილი მოსავალზე მეტი არის, იმედი – პურზე”… ან: “ადამიანი ფასობს ცდუნებებით”. იმ კულტურისათვის, რომელშიც როგორც საერო, ისე სასულიერო ლიტერატურული ტრადიცია “ცდუნებას” კარგი / ცუდის ოპოზიციის მარჯვენა მხარეს აკუთვნებს, ცხადია, ასეთი შეფასება ნონსენსია. გავიხსენოთ: “პური გულის სათქუმელი არა სჭამო” (“გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება”) და “რაც არა გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა” (“ვეფხისტყაოსანი”). “ცდუნება” საბასთან განმარტებულია, როგორც “მართლის შეცდუნება”. თანამედროვე ქართულში იგი სწორი (მართლის) გზიდან გადახვევას, ზნეობრივ შეცდომას ნიშნავს. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ თანამედროვე სოციალურ ეთიკაში სწორი/არასწორის, ზნეობრივი/არაზნეობრივის ოპოზიციებმა დაკარგეს სიმძაფრე, კონტრასტულობა, მისი წევრები კი დაშორდნენ თავდაპირველ მნიშვნელობებს. ბესიკ ხარანაულს შემოაქვს საკუთარი ათვლის წერტილი, რომელიც, ერთი შეხედვით, უპირისპირდება ნორმატიულ აზრს, სინამდვილეში კი სიცოცხლეს უბრუნებს დავიწყებულ (თუ გაძევებულ) მარადიულ ცოდნას. დავაკვირდეთ: “ტექსტის მნიშვნელობათა სივრცეში “ცდუნება” ინდივიდუალური გამოცდილების სასინჯი ქვაა, “გულისთქმას აყოლილთა” გან-საცდელი. იგი მოძრაობის, ლტოლვის, ცოცხალი ცდის მანიფესტაციაა. ცდუნებაზე უარის თქმით ადამიანი უარს ამბობს სიცოცხლის მაცდუნებელ ხიბლზე, იმ გზაზე, რომელზედაც მისი სულიერი სრულყოფა ხდება, “ძე შეცთომილის” თვით იდეაზე. ცდუნების აღიარება სისუსტეების აღიარებაა, ადამიანის იმ თავდაპირველი მნიშვნელობისაკენ მიბრუნება, რომელიც დაცემისა და აღდგომის, მონანიებისა და განახლების გზად მოიაზრებოდა და რომელსაც ასე ძალიან დაშორდა საკუთარ შეუმცდარობაში დარწმუნებული ადამის შთამომავლობა.
“მკვდრების სიმღერის” ტექსტი წარმოადგენს ფლუქტუაციათა ველს, ალტერნატიული კულტურული ორიენტაციების თანაარსებობის სივრცეს, sens-ის (აზრის) და non-sens-ის (უაზრობის) თამაშს, თანაც ნონსენსი გაიგება არა როგორც უაზრობა, არამედ როგორც უცვლელი, გაყინული, ერთმნიშვნელოვანი აზრის საპირწონე. ნონსენსითა და პარადოქსით ბესიკ ხარანაულს წამიერად გამოჰყავს ენა ჩვეული რეჟიმიდან და სამყაროსა და ადამიანზე ახალ ხედვას ამკვიდრებს. მაგალითად: “როგორც კი ტყუილის თქმა მომინდება, / ვგრძნობ, თუ როგორ მიბრუნდება სიცოცხლის ხალისი”, ან: “მე ვტყუი, ესე იგი – ვარსებობ”…
ძველ ქართულში “მომატყუებელი” განიმარტებოდა, როგორც “მომცემი, მომნიჭებელი, შემქმნელი, შემოქმედი”. სხვადასხვა დროს “ტყუილის” მნიშვნელობა უკავშირდებოდა სიბრძნეს (“სიბრძნე სიცრუისა”), წარმოსახვას (გამონაგონი, შეთხზული), ესთეტიკურს (“მშვენიერი მატყუვრობა”). ამდენად, “მომატყუებელი” უკავშირდება სიბრძნის გადამცემს, შემოქმედს, მომნიჭებელს, ხელშემწყობს. ამ მნიშვნელობათა ფონზე ძალზე ლოგიკურია (და პარალოგიკურიც!) დეკარტეს ცნობილი ფრაზის ირონიული პერიფრაზიც: “მე ვტყუი, ესე იგი, ვარსებობ”. ტყუილის სიბრძნე, სიცოცხლისუნარიანობა და შემოქმედებითი ძალა უპირისპირდება რაციოცენტრიზმს, გამანადგურებელ კარტეზიანულ ეჭვს, ხოლო ქართული ნონსენსი – ევროპულ ნაციონალიზმს. როგორც ჩანს, ტყუილის ცნების ზემოხსენებული მნიშვნელობები ყველაზე ღრმა კონოტაციურ ფენებში დარჩნენ და მხოლოდ პოეზიაში შეინახეს ცოცხალ ენასთან კავშირი ერთი ასოციაციური მნიშვნელობის სახით მაინც. სწორედ ეს გახევებული მნიშვნელობა ამოტივტივდა ენის რხევისას აზრსა და ნონსენსს შორის, ანუ მაშინ, როცა ენა ფორმის მეხსიერების წყალობით თავისი უჩვეულო პოეტური უნარის პოსტულირებას ახდენდა. შესაბამისად, ტყუილი უკავშირდება სიცოცხლის ხალისს, შემოქმედებას, თხზვას, თამაშს, განახლებას, “ანცობას” (როცა პოეტი ისვენებს “ლექსისგან და სხვა ანცობისგან”).
ლექსი სამი ნაწილისგან შედგება, რომლებიც არა მხოლოდ ნარატივის ტიპით, არამედ სტრუქტურულად და გრაფიკულადაც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ექსპოზიციისა და რეპრიზისაგან განსხვავებით (პირველი და მესამე ნაწილები), რომლებიც მყარ და უალტერნატივო აზრს აკანონებენ (“გაფრთხილებთ”, “გახსოვდეთ”, “არავინ მოგატყუოთ”, “არ გადაახვნევინოთ” და ა.შ.), ტექსტის შუა ნაწილი აზრის თავისუფალი, ნაკლებად სტრუქტურირებული სივრცეა, აზრისა და ნონსენსის სათამაშო მოედანი. ნონსენსი საპირისპირო მიმართულებებად ჰყოფს არა მხოლოდ აზრს, არამედ დროსაც. ორივე დრო – წარსული და მომავალი – ისე თანაარსებობენ აწმყოში, როგორც აზრი და უ-აზრობა ნონსენსის პარალოგიკურ სტრუქტურაში. აწმყო უძრაობს და ამ უძრაობაში (“ვისვენებთ”, “მიწაში ვართ”) ერთდროულად იკითხება როგორც დროთა კრიზისი, ისე ორი სუპერსისტემის მიჯნაც. “ზედმეტობისაგან” თავისუფლება ნიშნავს განსხვავებათა წაშლას ოპოზიციის წევრებს შორის, ანუ სიცოცხლის ნიშნების გაქრობას, რადგან მეტობა არის სიცოცხლის ნიშანი. დავით გურამიშვილი: “თუ ხარ ღვიძილი, რაღა არს ძილი? / თუ ხარ სიმაძღრე, რა არს შიმშილი? / თუ ხარ სიცოცხლე, რა არს სიკვდილი? / იყავ ერთ-ერთი, იწამე ღმერთი!” ეს დასვენება და უძრაობა წინ უსწრებს “მკვდრების გალახვის დღეს” – კულტურის დროის უარყოფით ნიშნულს, “შავ ჯუჯას” – კოლაფსს. ესაა “ბოლო ჟამი”, რომელიც სულიერების გარდაცვალების მერე დგება და რომელიც იქცევა მითად და ხსოვნად მომავალი თაობებისთვის.
მიუხედავად ფრაგმენტულობისა, ბესიკ ხარანაული დიდ ნარატივს ყვება. სიმღერის თითოეული ფრაზა თითქოს არყოფნიდან მოდის და უსასრულობაში იფანტება. ისინი ერთი მთლიანი, უხილავი აზრის ფრაგმენტებია, რომელთაც სწორედ ტკივილის ერთიანობა არ აძლევს შესაძლებლობას, ნაწილებად დაიშალონ. ამ ფრაზებს უკან დგას “ვინ”-ის პრეზუმპცია საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებაზე (“ვინც იცის…”, “ვინც იხუმრა…”, “ვინც სიკვდილის წინ დაიბარა…” და ა.შ.), საკუთარი “მწუხარე” და “შეყოვნებული” ცხოვრების ჭეშმარიტებაზე. დავაკვირდეთ: სიმღერის თითქმის ყველა ფრაზა იწყება ნაცვალსახელით “ვინც”. ამ აქტით ენა “მოლაპარაკე ყოფიერების” (ჰაიდეგერი) მრავალწახნაგოვან “მე”-ობას აღნიშნავს, ანუ იმათ, ვინც არსებით ადამიანურ ქმედებებს ასრულებს. ეს – მომღერალი “მე”-ებია: სიმღერაში შეფიცულები, სიმღერაში შეთქმულნი, ცხოვრებაზე სიმართლით კი არა, სიმღერით ამაღლებულები (“და თუმცა ჩვენში არ ერია არც ერთი მართალი… ჩვენ მაინც ვმღეროდით”). შერეკილების, ონავრების, მატყუარების, არხეინებისა და დარდიანების სიბრძნე და თამაში, პარადოქსის ბურუსი და მჭვირვალება ერთდროულად, სიცოცხლის ხიბლით მოზელილი, უცნაური მატერია აზრისა. მისი ტალღების ხმაურში სიცოცხლის დედა წიაღის ის რიტმებიც ჩაგვესმის, სიცოცხლესთან სიკვდილის შეხება რომ ბადებს.
ცნობილი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი ოქტავიო პასი ერთ უცნაურ მექსიკურ დღესასწაულზე გვიამბობს: ყოველი წლის 15 სექტემბერს, ღამის 12 საათზე უამრავი მექსიკელი გარეთ გამოდის და ერთად გაჰყვირის მთელი საათის განმავლობაში – ხმის ჩახლეჩამდე, გამწარებით და მონდომებით. ეს ყვირილის დღესასწაულია. მექსიკელი ყვირილით ზეიმობს, რათა უკეთ დადუმდეს მთელი დანარჩენი წელი. ქართველი წელიწადის ნებისმიერ დროს მღერის და ამ სიმღერის ნიშს უგებს ცხოვრებას. როცა მკვდარი მღერის, იგი სიკვდილის სივრციდან დროებით სადღესასწაულო მოედანზე გამოდის და იქიდან აძლევს ხმას ცოცხლების სამყაროს. სიმღერის წამი დიდი დროის ნაწილია. ჩვენი ერთიანი სიმღერა კი, შესაბამისად, საერთო დროის სადღესასწაულო ფრაგმენტი, თუმცა ამ სიმღერაში ყველაზე ნაკლებად ხალისიანი ბგერები ისმის. ეს ძველი და მარადიული სიმღერაა: შეუძლებელზე და განუხორციელებელზე, “ჰო”-სა და “არაში” დაკარგულებზე”, ჯვრის მტვირთველებზე. ბესიკ ხარანაულის მკვდრები ცდუნების, სიცრუის, თამაშის სიბრძნეზე მღერიან,. “სიბრძნისთვის წაყრუებასა” და “სილამაზისთვის თითებშუა ცქერის” სიბრძნეზე, იმათზე, ვინც იცის, თუ რა მადლია წვიმისთვის ხელის შეშვერა (შეშველება); ვინც ხედავს, როგორ უწყვილდება ხოლმე სიხარული ბოროტებას, ნიჭიერება – ღალატს, შთაგონება – რაიმეს შებილწვას; ვინც გრძნობს: “კაცს ეჭვი რომ არ გაუმართლდება, სიყვარული უნდა დადოს იმის ადგილას”. ერთი სიტყვით, “მკვდრების სიმღერა” “არათანმიმდევრული გიჟების” სიბრძნეა, ახალი ქართული ეკლესიასტე, ის ყველაფერი, რითაც ეს ქვეყანა, ამათი ცხოვრება და ამათი სიმღერა მეტი იყო ყველა დანარჩენზე. ქართული ცხოვრების დიდი პარადოქსი იმათი გამოცდილება, ვინც დროს კი არ ეწევა, არამედ მისდევს, კი არ ჩქარობს, არამედ იგვიანებს და ცხოვრების გზას ოცნებითა და ღიღინით მიუყვება ხოლმე; იმათი ცოდნა, “ვინც ვერ…”, “ვინც არ…”, მაგრამ “ვინც მაინც”… შედგა ყველა მოლოდინის, ცუდი წინათგრძნობისა და შიშის მიუხედავად – სწორედ სიმღერის წყალობით, სწორედ სიტყვით და “ცრემლის მეხსიერებით” – თამაშში, ტყუილში, ცდუნებებში და სიმღერაში. ქართული სიმღერა და მარადიული ქართული “პოტსმოდერნი” უძველესი კულტურის შიგნით; უწყვეტი ქაოსი დიდ წესრიგში; სიცოცხლის მფეთქავი წერტილები და კოლაფსები ერთსა და იმავე სივრცეში!
“მკვდრების სიმღერა” – სიმღერაში დახარჯულ თაობათა გამოსათხოვარი რეკვიემია.
სიმღერა – კულტურის დრო-სივრცეთა გამაერთიანებელი, ქართული შემოქმედებითი ყოფიერების, ხასიათისა და ტემპერამენტის ფუნდამენტური ნიშანი; ერთიანი სულიერების გაბმული მელოდია, რომელიც შეიძლება წაიმღერო ან წაიღიღინო, იგალობო ან დაიტირო, ამოიოხრო (“მათი სიმღერა ერთი გრძელი ამოოხვრაა და მაინც სიმღერას ეძახიან”) ან დააგუგუნო; “ლილეოდაც” თქვა და “მრავალჟამიერადაც”, ურმულადაც და კაფიადაც, ავთანდილის სიმღერადაც და ვაჟას ვედრებადაც. პოეზიისა და სიმღერის “გვირისტით შეკრულთა”, “ამაოებაზე მოქეიფეთა” და შერეკილთა მარადიული სიმღერა; სიმართლით კი არა, სიმღერით მართალთა მელოდია, იმათი სიმართლე, ვინც მღეროდა და ცხოვრებად აქცევდა ყველაფერს, რაც არ იყო ცხოვრება; ვინც წერდა, რათა სიტყვის ძალით ექცია ცხოვრებად და თამაშობადა, რათა ერთ მშვენიერ დღეს ეხილა ამ თამაშიდან დაბადებული საქმე და შე-საქმე.
არა სიმართლის, არამედ სიმღერის მძებნელთა სიბრძნის პარადოქსი. ქართული ცხოვრების ჭეშმარიტების, გაძლებისა და ხსოვნის პარადოქსი იმათ გასაგონად, ვინც თუნდაც მომავალში, თუნდაც ოდესმე – არ აღიარებს ამ ცხოვრების ნამდვილობას, ვინც არ სცნობს ამათ ცხოვრებას, ვინც ვერ შეიგრძნობს ამ სიმღერის ხიბლს.
მომღერალი მკვდრებიდან, ამ დიადი გვამიდან მოდის ახალი აზრი და სიცოცხლე, რათა ოდესმე “მკვდრის გამლახველთა” შთამომავლებს ასწავლოს წარსულის თითქმის დაუჯერებელი გამოცდილება: ცხოვრების გემო და სურვილი, დიდ-პატარა ეშმაკური სიბრძნეები შეუმდგარი ცხოვრების (“წვირიანი ცხოვრების”) გასანამდვილებლად, ანუ გენეტიკურ-კულტურული კოდის საიდუმლო ნიშნები.
“მკვდრების სიმღერა” მაგიური ტექსტია – მიღმური ცოდნითა და ტრაგიკული პასუხისმგებლობით დატვირთული მომავალი სიცოცხლის მიმართ. ამიტომ იგი ისე უნდა აღვიქვათ, როგორც სასტიკი გაფრთხილება წინაპრისა შთამომავლისადმი – არ დავიწყებაზე; როგორც დაფიცება ფიცის ფორმულის გარეშე; როგორც ძველი კულტურისა და ტრადიციის სიტყვა და ანდერძი მომავალი საქართველოსათვის:
“მანამდის – / ვიდრე ძალა შესწევს ჩვენს ლანდებს, / გაფრთხილებთ: / არავინ მოგატყუოთ, არავის დაუჯეროთ, / არ გადაახვნევინოთ ჩვენი საფლავები, / გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ნამდვილად იყო! / და უფრო მეტიც… / რომ ირწმუნოთ ჩვენი ნათქვამი, / რომ ღირსებაც ვიცოდით და თავის დაცინვაც, / რომ გვექეიფა ამაოებაზე და რომ გვეხალისა, / თუმცა კი ჩვენში არ ერია არც ერთი მართალი, / ბნელში და შიმშილში, შიშში, მონობაში, / ჩვენ მაინც ვმღეროდით!..”
ბესიკ ხარანაულის ტექსტი გარდაცვლილი ეპოქის ქართული პანორამაა: “ხან ჯოჯოხეთი და ხან ლურჯი ქედები”, დაუსრულებელი ქანქარისებური რხევა საპირისპირო პოლუსებს შორის (“ხან… ნან”); ქვეყანა, რომელიც შეიძლება “ჩოქვითაც შემოიარო” და “უფრთხის ღირსიც” უწოდო; “ვინ”-ების უნიკალურ გამოცდილებათა ერთობლიობა კონტრაპუნქტში, სადაც “საკუთარი სიმღერა ყველას საფლავში მიაქვს”.
ის, რასაც პოეტი დარაჯად უდგას და სახარებისეული კატეგორიულობით სამჯერ იმეორებს, ეს ხსოვნაა: “არავინ მოგატყუოთ, არავის დაუჯეროთ, / არ გადაახვნევინოთ ჩვენი საფლავები. / გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ნამდვილად იყო”. ასეთი გაფრთხილება სჭირდებათ ძლიერად დაეჭვებულებს, საკუთარი თავის მიუგნებლობით გაავებულებს, გულ-მავიწყობით გულ-ამოჭმულებს; იმათ, ვინც “მარტო პირჯვრისწერა ისწავლა ქრისტესგან”… და იმათაც, ვინც მკვდრების გალახვით აპირებს წარსულის ჭეშმარიტებაზე პასუხის მიღებას. ეს ყველაფერი დროთა კონფლიქტია, ახალი დროის, სიმულაკრული ცივილიზაციის შურისძიება ტრადიციულ კულტურებზე – შეუმდგართა, ეჭვიანთა, “გამოგონილთა” შურისძიება იმათზე, ვინც “ნამდვილად იყო” სიმღერის ძალით მაინც.
საგანგებოდ ბოლოსთვის შემოვინახეთ ლექსის ერთი ფრაზა, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია როგორც კონტექსტის გარეშე, ისე ლექსის საერთო სულისკვეთების ასახსნელად: “ბრძენი არასდროს არ დაიცავს თავის სიმართლეს, / ბრძენი ელოდება ბრმა შემთხვევას, / როდესაც მას დაუჯერებენ”. ბესიკ ხარანაული ჭეშმარიტ აზრს (“სიბრძნეს”) განიხილავს არა აუცილებლობის, არამედ შემთხვევითობის სივრცეში (“არ დაიცავს” ნიშნავს – არ შეურაცხყოფს, ეჭვს არ შეიტანს). შემთხვევითობის სტატუსი სწორედ აზრისა და ნონსენსის შეპირისპირებით დგინდება. ნონსენსი ის აზრია, რომელიც არამყარი, შემთხვევითი ადგილიდან, ქაოსიდან დაიმზირება. აზრი მონოსემანტიკურია, ჩაკეტილი, “ფინალური”; ნონსენსი პირიქით – ღიაა და მრავალმნიშვნელოვანი. მოულოდნელი და საეჭვო, იგი სიცოცხლის იმპულსს გადასცემს გახევებულ აზრსა და ენას. ენა ამოძრავებას იწყებს სწორედ ალოგიკური ელემენტის წყალობით და სწორედ მაშინ, როცა მნიშვნელობა თავისთვის უჩვეულო, თითქოს შემთხვევით ადგილას აღმოჩნდება. მეტაფორის ალოგიკურობისაგან განსხვავებით, რომელიც ხატწარმომქმნელ პოტენციალს ატარებს, ნონსენსი აზრს წარმოქმნის, რადგან შინაგანად, უღრმესი შესაბამისობით (თითქოს იძულებითაც კი!) დაკავშირებულია აზრის ყველაზე იდუმალ წიაღთან. შემთხვევითობა დეტერმინაციის თავისჩენაა ისევე, როგორც ნონსენსია ცნობიერების უხილავი სიღრმეების თავისჩენა. შემთხვევითობის ეფექტი ენაში სხვა არაფერია, თუ არა სიტყვათა უჩვეულო შეწყვილებები და ენისათვისვე მოულოდნელი მნიშვნელობების აღმოცენება, როცა დეტერმინაცია ფლუქტუაციტაში გადადის და ენა სიცოცხლის შემთხვევითი, სპონტანური “ულუფებით” ივსება.
შენიშნულია, რომ აზრი და ნონსენსი ერთდროულად ურთიერთგამომრიცხველნიც არიან და ურთიერთშემავსებელნიც. ის, რაც ერთ კულტურაში, ევოლუციასა და დინამიკაში აზრითა და სტრუქტურითაა დაჯილდოებული, მეორეში ნონსენსად შეიძლება მოგვევლინოს. ბესიკ ხარანაულთან ისინი ერთად მიუყვებიან პოეზიის გზას – ძველი და ახალი ცოდნა, აზრი და ნონსენსი. ეს მიქსია – ახალი სიმღერა, რომელსაც კარგად ახსოვს ძველი სიმღერის მელოდია.

© “წიგნები – 24 საათი”

Facebook Comments Box