სალი რუნის „ჩვეულებრივი ადამიანები“ და „საუბრები მეგობრებთან“ ქართულად უკვე თარგმნილია. ახლახან ითარგმნა მისი ახალი რომანიც – „მშვენიერო სამყაროვ, სად ხარ“, რომელიც პირველად 2021 წელს გამოიცა და მალევე გახდა ბესტსელერი.
მისი წინა ორი რომანის მსგავსად, მოქმედება მიმდინარეობს კვლავ ირლანდიაში, სადაც რუნი გაიზარდა და ცხოვრობს. ტექსტში ავტორისთვის დამახასიათებელ პერსონაჟებს ვხვდებით: წარმატებულ მწერალ ელისს, მის საუკეთესო მეგობარ აილინს, რომელიც ლიტერატურის ჟურნალში რედაქტორის ასისტენტია და ფელიქსსა და საიმონს. სწორედ ეს ოთხი პერსონაჟია რომანის ცენტრში. მათ, მიუხედავად იმისა, რომ დაუსრულებლად აანალიზებენ საკუთარ ემოციებსა და დამოკიდებულებებს, არ შეუძლიათ, იცოდნენ, სინამდვილეში რა სურთ.
„თავიდან წიგნი წარმომიდგა, როგორც ამბავი ოთხი პერსონაჟის შესახებ. ორი ქალის მეგობრობის ისტორია და მათი ურთიერთობები ორ კაცთან. მაგრამ შედარებით დიდი დრო დამჭირდა და ბევრი ცდა, რათა მომეფიქრებინა, როგორ უნდა მომეყოლა ეს ამბავი“ – იხსენებს ავტორი წერის პროცესს.
ელისი და აილინი ხშირად საუბრობენ ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის, პოლიტიკისა და თავიანთი სასიყვარულო ცხოვრების შესახებ. როგორც „The Guardian”-ის სტატიაში ვკითხულობთ, მხატვრული ლიტერატურისთვის ორი ქალის ინტელექტუალურ მეგობრობაზე კონცენტრირება უჩვეულოა და ეს გვეხმარება იმის ახსნაში, რატომ გრძნობენ ასეთ მიზიდულობას რუნის ტექსტებთან ახალგაზრდა გოგონები: რუნი გადმოგვცემს იმას, რისი რეპრეზენტაციაც არც ისე ხშირია ლიტერატურაში.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი რომანის გმირებმა, შესაძლოა, ავტორი მოგვაგონოს, რუნი უარყოფს მის ავტობიოგრაფიულობას და ამბობს, რომ სულაც არ წერს საკუთარ თავსა და იმ მოვლენებზე, რომლებიც ნამდვილად გადახდა თავს. სამაგიეროდ, აღნიშნავს, რომ გამოცდილებებს იყენებს, როგორც „მენტალურ ბიბლიოთეკას“.
მის შემოქმედებას გამოარჩევს ისიც, რომ ინტიმურის გვერდით ყოველთვის ჩანს ზოგადი, უნივერსალური თემები, განსაკუთრებით კი ამ უკანასკნელ რომანში. მწერალი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: „მინდა ისეთ კულტურაში ვცხოვრობდე, სადაც ხალხი ხელოვნებას ქმნის, მაშინაც კი, როცა ირგვლივ ყველაფერი ინგრევა. ეს აძლევს ჩემს ცხოვრებას მნიშვნელობას“.
ხოლო იმის გასაგებად, პერსონაჟების ცხოვრებას რა აძლევს მნიშვნელობას, მისი ახალი რომანის წაკითხვაა საჭირო.
სალი რუნის რომანები ქართულად თარგმნა გურამ ღონღაძემ, რომელსაც არილი ავტორისა და მისი ბოლო რომანის შესახებ გაესაუბრა:
სალი რუნის რამდენიმე ტექსტი თარგმნეთ, შესაბამისად, შეგიძლიათ, მათ მსგავსებებზე ისაუბროთ. როგორია ავტორის სტილი, რა არის მისი სათქმელი და რა გამოარჩევს სხვა თანამედროვე ავტორებისგან?
გურამ ღონღაძე: სალი რუნის სამივე რომანის ყველა პერსონაჟი ძალიან ბევრს ლაპარაკობს. ლაპარაკობენ ყველაფერზე: პოლიტიკაზე, სამყაროს უთანასწორო მოწყობაზე, სოციალურ კლასზე, რასიზმზე, სქესთა ომზე და, რაც მთავარია, პირად ურთიერთობებზე. ლაპარაკობენ მაგიდასთან ჩამომსხდრები, ბართან სასმლის მოლოდინში დაყუდებულები, საცეკვაო მოედანზე, სკოლის დერეფნებში, ლოგინებში; ლაპარაკობენ და ლაპარაკი რომ არ ჰყოფნით, ერთმანეთს სწერენ: წერილებს, ელექტრონულ შეტყობინებებს, მესიჯებს… მისი რომანების პერსონაჟები გამუდმებით ეძებენ თანამოაზრეს, გამზიარებელს; ეძებენ მეგობარს. ალბათ, სწორედ აქედან დაიბადა ავტორის მთავარი სტილისტური არჩევანი: დიალოგის წინ არ დასვას ტირე, რადგან, ამ შემთხვევაში, ფურცლები აჭრელებული იქნება უამრავი უსასრულო ხაზით, ჭკვიანურად ჩამოყალიბებული აზრისა თუ დაუსრულებელი ფიქრის წინ დაკიდებული სიმბოლოებით.
ამ უცნაური ირლანდიელი ქალის სადა, დეტალებისგან ერთდროულად დაცლილი და, მეორე მხრივ, სავსე სამყარო ბოლო წლებში საოცრად მოდური გახდა ლიტერატურულ სამყაროში. წიგნის თაროებზე გამოჩნდა მწერლის უამრავი მიმბაძველი, რომლებიც ჩვეულებრივი ადამიანების ყოველდღიური ამბების ამსახველი რომანებით ცდილობს მკითხველის მოხიბვლას, თუმცა სალი რუნის პერსონაჟების სახეები განსაკუთრებულად დაუვიწყარია, მათი ხმები — განუმეორებელი; წიგნის დახურვის შემდეგ დიდხანს გაგყვება ფიქრი, რომ ეს ხალხი პირადად გაიცანი და რაღაცნაირად შეგცვალეს.
ახლახან გამოიცა „მშვენიერო სამყაროვ, სად ხარ“. რით განსხვავდება ეს რომანი მისი სხვა ტექსტებისგან? რა იყო განსაკუთრებით საინტერესო ამ თარგმანზე მუშაობისას?
გურამ ღონღაძე: მწერლის ბოლო რომანი — „მშვენიერო სამყაროვ, სად ხარ” — წინა ორ ნამუშევარს ბევრი რამით ჰგავს, თითქოს იმავე პერსონაჟებს უბრუნდები, თუმცა ასაკმომატებულებს, ოცდაათ წელს მიახლოებულებს, სხვანაირი სევდითა და დაღლით სავსე ადამიანებს. თუმცა, ახალ რომანს აქვს სრულიად უჩვეულო ფორმა (ყოველი მეორე თავი ერთი გრძელი წერილია, რომელსაც უახლოესი მეგობრები ერთმანეთს სწერენ) და მთხრობელი (დააკვირდით, ხანდახან როგორ მიგვითითებს გავხედოთ კედელს; ან როგორ ცდილობს არ შეგვიშვას საძინებელში, სადაც შეყვარებულები დასაძინებლად ემზადებიან). რომანის ბოლო თავებში ავტორმა ისეთი „თავაშვებული” თხრობა შემოგვთავაზა, ისე ოსტატურად შეაზავა ერთმანეთში აწმყო, წარსული და მომავალი, და, ამასთანავე, ნამდვილი ლინგვისტური ფეიერვერკი მოაწყო, რომ ვირჯინია ვულფის რამდენიმე ტექსტი გამახსენა.
წიგნის თარგმნა მთელი მსოფლიოსთვის რთულ და დაძაბულ პერიოდში, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დროს დავიწყე და ქვეცნობიერად, ამ ტექსტში დავიწყე უსაფრთხო თავშესაფრის ძიება. ბოლო აბზაცების თარგმნის დასრულების შემდეგ გამიჩნდა შეგრძნება, რომ „მშვენიერი სამყარო” მართლა არსებობს და მისკენ ნელა, თუმცა მტკიცე ნაბიჯით მივდივართ. იმედი მაქვს, ასეთივე სასიამოვნო და ოპტიმისტურ გემოს დაუტოვებს მკითხველს რომანის ქართული თარგმანი.
© არილი