I. წიგნისთვის ღია და ფარული მიძღვნები
ბოლო სიყვარული – ქალაქი ზღვით
სინამდვილეში არც ისეთი პატარაა,
მაგრამ განსაზღვრება ”პატარა ქალაქი”
ჯერ ხომ ისედაც გაცილებით ტევადია
და ორჯერ უფრო – თუ ვგულისხმობთ ზღვისპირა ქალაქს.
*
მე ერთხელ ვთქვი და მომეწონა,
და იმ დღიდან გამუდმებით ვიმეორებ,
რომ ეს ქალაქი ჩემი ბოლო სიყვარულია
(რასაც მოსდევს კარგად დამუშავებული მოკლე პაუზა)
და დავძენ ხოლმე: ქალივით მიყვარს.
მსმენელები, როგორც წესი, მიღიმიან.
ოღონდ ადგილობრივები – ცოტა სხვანაირად.
*
ეს ერთადერთი ქალაქია საქართველოში,
სადაც ჩემ თავს ვასეირნებ. ეს ფრაზაც ძველია,
მაგრამ ნაკლებად ეფექტური, როგორც ვატყობ, მსმენელებისთვის;
სამაგიეროდ, ბევრად უფრო გასაგები. ჩემთვისაც კი. ესეც საქმეა.
*
მაშ ასე, ჩემ თავს ვასეირნებ. ხოლო სეირნობა,
როგორც ჩანს, თავის მოტყუების მეთოდებს შორის
მართლაც საუკეთესოა (თუ არ ჩავთვლით რამდენიმე აუცილებელ,
მაგრამ ლექსში სახსენებლად მაინც უხერხულ
საქმიანობას). გარკვეული უხერხულობა
ახლავს ამასაც, სეირნობას; განსაკუთრებით –
როცა ჩემ თავს ვასეირნებ. მას უხარია,
მე კი, რომელსაც კარგად მესმის
უაზრობაც, უსაფუძვლობაც
ამ გულუბრყვილო სიხარულის, არაფერს ვიმჩნევ,
რადგანაც მახსოვს, თუ რამდენი წელი დაჭირდა
მის დარწმუნებას, რომ ბათუმი ერთადერთი ქალაქია საქართველოში,
სადაც ჯერ კიდევ შეიძლება სეირნობა. ძლივს დამიჯერა
და ვცდილობ, აღარ გავაწბილო. ხშირად ვუმტკიცებ,
რომ ზღვა არაფერ შუაშია, და არც ქალაქის
ძველი უბანი – ვიწრო ქუჩებით
და ორ-სამ, სამ-ოთხ სართულიანი
აივნიანი შენობებით; და რომ მთავარი,
რამაც ამ ქალაქს მიაჯაჭვა მისი გული, რაღაც სხვა არის…
შემეძლო მეთქვა – პოეზია, მაგრამ არ ვრისკავ:
ხომ შეიძლება მიხვდეს, რომ დავცინი?
*
ეს ერთადერთი ქალაქია საქართველოში,
სადაც ჩემ თავს ვასეირნებ; ვათამამებ. მას აქვს სურვილი
და უფლებაც, გააყოლოს თვალი გოგონებს –
მათ ნამზეურ მხრებსა და ფეხებს,
მე კი, უფლება რომც მქონოდა,
ალბათ თვალის გაყოლებას ვერ გავბედავდი,
და თუკი მაინც გავხედავდი – ისეთებს არა,
ვინც ჯერ კიდევ შეიძლება (თუნდაც ლექსში) გოგონებად მოიხსენიო.
*
ზღვა არაფერ შუაშია, და არც ქალაქის
ძველი უბანი – ვიწრო ქუჩებით,
სადაც ვიწყებთ სეირნობას
და მივდივართ პორტისაკენ. როგორც ფოთოლს ჭიანჭველები,
საბუქსირე კატარღები ნაპირისკენ მიაღოღებენ
გიგანტურ ტანკერს. პორტის გვერდით პატარა კაფე
ზღვისკენ გადგმული ხის აივნით – აი ადგილი,
სადაც ისევ ვმთლიანდები –
მე, რომელიც საკუთარ ვასეირნებდი,
და მე, რომელსაც ჩემი თავი მასეირნებდა,
სწორედ ამ კაფის აივანზე ვერწყმით ერთმანეთს,
და გარკვევით ვერასდროს ვხვდები,
თუ რომელი რომელს ერწყმის
და რომელში ვმთლიანდები –
გააჩნია, რას ვსვამ და რამდენს.
*
ეს ქალაქი ჩემი ბოლო სიყვარულია.
ესეც ცალმხრივი – პირველივით. ზღვისპირა კაფე,
რომელსაც უკვე ცხრა წელია, ცოტა მეტიც, ერთგულად ვსტუმრობ
და მსიამოვნებს, რომ მიმტანებს
აღარაფრის შეხსენება აღარ ჭირდებათ –
კარგად იციან, რას დავლევ და რას მივაყოლებ
(რაც ერთიორად მაამაყებს, თუ კაფეში სტუმრებს მივიყვან),
და მეც არასდროს მავიწყდება
ერთ-ერთ მათგანს თანაგრძნობით გამოვკითხო
პატიმარი მეუღლის და ავადმყოფი შვილის ამბები,
ხოლო მეორეს ლიმონათით გავუზავო ჭიქა არაყი,
რომ, როცა მოვა და გადაკრავს, ვიტრინიდან მომზირალი მეპატრონე
ვერაფერს მიხვდეს.
*
ცხრა წელია, ცოტა მეტიც… როდესაც აქ ვარ,
თითქოს ჩემი ადრინდელი აქ-ყოფნებიც ერთმანეთს ებმის
და მეჩვენება, რომ ერთი დღე იწელება
და ეს ცალკე ცხოვრებაა; და ერთადერთი,
რასაც ასეთი კლინიკური სიცოცხლიდან გამოვყავარ,
რაც მახსენებს დროის დინებას,
ის პატარა და ლამაზი, სასაცილო ბოშა-გოგოა,
რომელსაც, თითქოს გუშინ იყო, გულუხვად რომ ვასაჩუქრებდი,
დღეს კი უკვე სამათხოვროდ შვილებს მიგზავნის.
…………
II. წიგნისთვის ბოლოსწინა ლექსები
* * *
ერთხელ,
ერთხელაც კი
ვერ დავასწარი ცხოვრებას: ყოველთვის,
რამდენიმე წამით ადრე,
ვიდრე თვალს ავახელ,
გრძნობს, რომ ვიღვიძებ
და სასწრაფოდ თავს იწესრიგებს,
რომ გაღვიძებულს
დამხვდეს ზუსტად ისეთივე,
როგორიც დავტოვე.
* * *
შორიდან და მისალმებით ჩვენ ერთმანეთს ადრეც ვიცნობდით,
მაგრამ ახლოს, სალაპარაკოდ, პირველად შევხვდით ათიოდ წლის წინ
ერთი კოლეგა-თანამსმელის დაკრძალვაზე, და მან თავი დამამახსოვრა
საკმაოდ დამაჯერებელი მოსაზრებით იმის შესახებ,
რომ პოეტმა უნდა წეროს მხოლოდ ის და მხოლოდ ისე,
რასაც და როგორც დაწერდა შემდეგ, როცა ცხოვრება უკვე ჩავლილია,
მკვდრებს რომ წერა შეძლებოდათ. წლები გავიდა
და ჩვენ ერთმანეთს ისევ ვხვდებით, გვერდიგვერდ ვსხედვართ
და რამდენიმე ჭიქის შემდეგ, როცა სასმელი ეს-ესაა გვეკიდება
და ჯერ საერთო წასულების შესანდობარიც
არ შეგვისვამს, ის უეცრად იხრება ჩემკენ
და იგივეს მიმეორებს. სიტყვა-სიტყვით. დავიწყებია,
რომ ეს ოდესღაც უკვე მითხრა; რაც მთავარია,
დავიწყებია, თუ სად მითხრა, ვის ქელეხში. ვეღარ გათვალა,
რომ უკვე მეც მყავს ჩემი კაცი ჯოჯოხეთში
და მისგან ვიგებ ნებისმიერ იქაურ ტყუილს,
რომელიც ჩვენკენ, ცოცხლებისკენ, ერთადერთი უტყუარი სიმართლეა,
თუნდაც წერისას.
* * *
ერთი სული გაქვს, როდის ჩავიძინებ,
გამუდმებით ბრუნდები ჩემკენ.
გადმოიხრები და დამყურებ,
მაკვირდები, ხომ არ გატყუებ.
რომც გატყუებდე, რას შემატყობ:
თვალდახუჭული და უძრავი
ვწევარ და ვსუნთქავ.
დაიცდი, ისევ მაკვირდები:
ვწევარ და ვსუნთქავ.
ერთი სული გაქვს, რათა ადგე,
უხმაუროდ ჩაიცვა და გაიპარო.
ნუ იტანჯები, საყვარელო.
როგორც კი მართლა ჩავიძინებ,
თვითონვე გეტყვი.
© kalmasoba.com