რეცენზია

ეკა ცხადაძე

“მემოთხრობეებსა” და მესტამბეებზე

15 საუკეთესო ქართული მოთხრობა, 2001-2002. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2003.
15 საუკეთესო ქართული მოთხრობა, 2002-2003. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2004.

წიგნები დამაინტრიგებელი სახელწოდებით გამოვიდა ქართული წიგნების ბაზარზე და სრულიად ბუნებრივი ინტერესი გამოიწვია, ორივე კრებული სხვადასხვა წლების რჩეულ მოთხრობებს გვთავაზობს. ერთი მოიცავს 2001-2002 წლებს, მეორე 2002-2003… და მსგავსი კრებულების გამოცემას ყოველწლიურად გვპირდებიან.
სრულიად მოურიდებლად უნდა ითქვას, რომ პირველი მათგანი “15 საუკეთესო ქართული მოთხრობა 2001-2002” გაცილებით კარგია მეორეზე – “15 საუკეთესო ქართული მოთხრობა 2002-2003”. ამ დღეებში მესამეც გამოვიდა.
ცხადია, ყოველთვის ერთგვარი ეჭვი და უნდობლობა ჩნდება, როცა ესა თუ ის ჯგუფი, ორგანო ან გამომცემელი თავისი კრიტერიუმებით შერჩეულ “საუკეთესოებს” სთავაზობს საზოგადოებას. ამგვარ რჩევებს თუ გამორჩევებს მეტწილად ტუჩს უბზუებენ ხოლმე და არცთუ უსამართლოდ. როდესაც ბაკურ სულაკაური თხუთმეტ საუკეთესოს შეგვირჩევს და ამგვარ სელექციას ყოველწლიურად გვპირდება, ჩვენ ინტერესთან და მოლოდინთან ერთად ირონიული დამოკიდებულებაც გვიჩნდება. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ არათუ თხუთმეტის, არამედ ყოველწლიურად ხუთი საუკეთესოს შერჩევაც გაჭირდება. არ დუღს და გადმოდუღს ჩვენი ლიტერატურული და კულტურული ცხოვრება ისე, რომ ყოველ თორმეტ თვეში თხუთმეტი საუკეთესო ავარჩიოთ.
კარგი იქნება სხვა გამომცემლობები თავის მხრივ საკუთარ არჩევანს თუ შემოგვთავაზებენ. სხვა თუ არაფერი, მწერლობის ამბიციის მქონენი გაბედნიერდებიან, ზოგი მათგანი რამდენიმე “კრებულის ლაურეატობას” ერთბაშად გამოჰკრავს ხელს. მართალია, ყოველგვარი შერჩევა, სელექცია, კასტინგი, თანაც ქართული, უნდობლად განგვაწყობს, მაგრამ მართლაც კარგი იქნება “საუკეთესოების” გამორჩევის ბუმი თუ დაიწყება – გამოცოცხლდება ხალხი. მეტწილად ჩვენ ჩვეულებრივი, რიგითი ან მდარე “მემოთხრობენი” გვყვანან, მაგრამ ესეც ხომ სრულიად ბუნებრივია და ფონის შესაქმნელად ნებისმიერ ნიჭიერ შემოქმედს სწორედ ამგვარი რუხი მასა სჭირდება. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” მიერ წარმოდგენილ ამ ორ კრებულში ამგვარი რამ მკაფიოდ ჩანს; არის სწრაფვა მაღალხარისხოვანის და ვარგისის გამორჩევისა, მაგრამ მათში მართლაც კარგი და მოსაწონი ძალიან ცოტაა,
პირველი 2001-2002 წლების კრებული გაცილებით სჯობია მეორეს, 2002-2003-ში შერჩეულს. ზოგ ავტორს ორივე წიგნში მოხვედრის პატივი ხვდა წილად. ესენი არიან: ზურაბ ლეჟავა, აკა მორჩილაძე, ირაკლი სამსონაძე, დავით ქართველიშვილი, ნუგზარ შატაიძე, ბესო ხვედელიძე. ძირითად ბირთვად შეგვიძლია ეს მწერლები მივიჩნიოთ, აქცენტიც მათზე უნდა გაკეთდეს, თუმცა მცირე ზომის მიმოხილვაში გაჭირდება სრულყოფილი ანალიზი – რით და რატომ არის საუკეთესო მათი ტექსტები.
ზურაბ ლეჟავას “მაცივარი სექსის წილ” და “ქურდობის ქალღმერთი” გამომცემლობისთვის უპირატესის ნიშნით აღბეჭდილი სრულიად ტრივიალური თემატიკის გამო გახდებოდა, სხვა ნიშნების გამოძებნა ძალიან გაჭირდება მათთვის.
“მაცივარი სექსის წილ” ნამდვილად “მაგარი” ამბის დაწვრილებით გადმოცემას წარმოადგენს. ცხადია, იგი უყურადღებოდ არ უნდა დარჩენილიყო და მადლობა ღმერთს, რომ არც დარჩა. ზურაბ ლეჟავა შესაშური გულმოდგინებით მოგვითხრობს, როგორ გაყიდა მაცივარი “აფშერონი” ალბერტმა, მოკლე რეზიუმე თავად ავტორმა ჩაატია ერთ აბზაცში: “ჟუჟუნას და ალბერტს მაცივარში შენახული არაყი და ძეხვი უნდა მიერთმიათ; შემდეგ უნდა ეკოტრიალათ ლოგინში ერთად, ხოლო ყველაფერი ამის დამაგვირგვინებელი იქნებოდა ის ღირსშესანიშნავი ფაქტი, რომ მადლიერების გრძნობით აღსავსე ალბერტი უსასყიდლოდ გადასცემდა ჟუჟუნას მაცივარს” (იხ. I კრებ., გვ. 59).
ყველაფერი ეს ჟუჟუნამ ჩაიფიქრა და აღასრულა კიდეც, მერე ეს მაცივარი საგანგებოდ გამოძახებულ ქმარს წამოაღებინა სახლში. ავტორი დაწვრილებით ჰყვება ალბერტის მიუხვედრელობასა და ქალის ტაქტიკოსობას. ბოლოს მაცივარი მაინც ისე გადაეცემა მყიდველს, როგორც მან ჩაიფიქრა: “მაცივარი სექსისა წილ!” გათავდა და მორჩა.
ზურაბ ლეჟავას სადღაც დასაწყისში კარგი ორიენტირი ჰქონდა, მას უნდოდა აღეწერა რიგითი ადამიანის უმწეო ყოფა, რომელიც მშობლებისაგან შეძენილ მემკვიდრეობას და ცოდნას ერთდროულად იყენებს, მაგრამ თხრობამ პიკანტური მიმართულება მიიღო და “ამხანაგთა სათრეველად”გამოსადეგიღა გახდა.
ზურაბ ლეჟავას ეს ამბავი რომ არ მოსწონდეს და მართლაც კარგ მოთხრობად არ მიაჩნდეს, არც დაბეჭდავდა, მაგრამ ეს “მაცივარსექსობანა” “ქომაგიდან” საგანგებოდ რომ გადმოუბეჭდეს “15 საუკეთესოში”, კიდევ უფრო განუმტკიცებდა რწმენას, რომ წერა ემარჯვება კი არადა – “თლათ მისი საქმე როა!”
მეორე კრებულში დაბეჭდილ მოთხრობას “ქურდობის ქალღმერთი” ჰქვია. როგორც ჩანს, მაცდუნებელი სათაურების შერჩევა მართლაც ეხერხება ზ. ლეჟავას, მაგრამ ამგვარ სათაურს თავად სათაურზე უფრო საინტერესო ამბავს რომ მოაყოლებდეს… თუმცა ვის როგორ! მთავარ გმირს “ჟორა-სემიჩკა” ჰქვია, მოკლედ წარმოგიდგენთ მის “უნარ-ჩვევებს” და მეტად აღარ შეგაწუხებთ, დანარჩენი თავად ნახეთ. ამ ჟორა-სემიჩკას ცხვირით ქურდობის ამბავია გასაშტერებელი: “დიახ, სწორედ ცხვირით იპარავდა! დადგებოდა დახლთან, რაღაცას ეკითხებოდა გამყიდველს, აკეთებდა ცრუ მოძრაობას ხელებით ან ფეხებით და შემდეგ, თუ ამ გზით გამყიდველის ყურადღების დაფანტვას მოახერხებდა, დაიხრებოდა და სწრაფად კენკავდა მარცვლებს ცხვირით. ჟორას დიდი, ნიყვივით უსწორმასწორო ცხვირი, ერთი შეხედვით, თითქოს უმაქნისი რამ იყო, მაგრამ სინამდვილეში საუცხოო ბუნებრივი ინსტრუმენტი გახლდათ მზესუმზირის ქურდისა” (იხ. II კრებ., გ. 39).
ამის კომენტირება აუცილებელი არ არის და შეიძლება სხვაგვარად წარმოვაჩინოთ პრობლემა, უბრალოდ დავსვათ კითხვები და გამოვთქვათ ვარაუდები. ჩემი აზრით, ჩვენი, ქართველების დიდი ნაკლია ისიც, რომ ჩვენს გარდა ვერავის ვამჩნევთ. შეიძლება ითქვას, რომ “ჟორა-სემიჩკასნაირი” ცხვირი არ გვაძლევს ცოტა შორს გახედვის საშუალებას. იქნებ ასეთ “საუკეთესო” მოთხრობებს, ამ კრებულებში რომაა, ჩვენი რუსი, აზერბაიჯანელი, სომეხი, ოსი, აფხაზი და ქურთი თანამოქალაქეებიც წერენ? იქნებ უკეთესებიც იქმნება და ჩვენ გაგებაში არა ვართ? ან მხოლოდ “კავკასიური სახლის” პრეროგატივაა სხვათა შემჩნევა?
ძალიან საშური საქმეა ინტენსიური მთარგმნელობითი საქმიანობა, ქართულად გამოცემა ჩვენი არაქართველი მოქალაქეების ტექსტების, შემდეგ მათი ჩართვა ქართული მწერლობის ყოველდღიურობაში, ჩვენეულ კონკურსებში. იქნებ ზოგი მათგანი რომელიმე პრემიის ლაურეატიც კი გახდეს და დაჯილდოებულთა ერთ და იმავე სახელებში სიახლის სიომ დაჰბეროს. ამგვარი ქმედებით გაიზრდება ინტერესი თავად ქართულისადმი, ჩვენი მწერლობისადმი. ასე შეიძლება უფრო წაკითხვადი გავხადოთ ჩვენივე მწერლები მეზობელ სახელმწიფოებში. არა მგონია, მარტო ჩვენ გვრგებოდეს მთელი “მემოთხრობული წყალობა”. გასაგებია, რომ ეს იქნება შრომატევადი და ძნელი საქმე, მაგრამ სახელმწიფოებრივი აზროვნება და ქმედება იოლი არასოდეს ყოფილა.
ახლა მეორე ავტორზე “გადავიდეთ”, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა ჩვენს თანამედროვეობაში და მასზე ძალიან ბევრჯერ გამიმახვილებია ყურადღება; მისი “უთვალავი” ღირსებების გამო აკა მორჩილაძე სამართლიანად იმსახურებს აღიარებას. აკა მორჩილაძეს სრული გამოვლენისთვის ფართომასშტაბიანი რომანების სივრცე სჭირდება, სწორედ აქ არის იგი თავის სტიქიაში, აქ ეძლევა გასაქანი და ხშირად წარმატებებს აღწევს. რაც შეეხება კრებულებში წარმოდგენილ მოთხრობებს – პირველს ეწოდება “ჩემი ცოლის რომანი” და მეორეს – “ტფილისი, გრანტის საგრაფო”. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ამ კრებულების მონაცემების გათვალისწინებით აკა მორჩილაძე და ზურაბ ლეჟავა თანაბარ რანგში გადიან, ორივენი სათაურს მაცდურს გვთავაზობენ და ამის იქით ვეღარ მიდიან. თუმცა ესეც ჩვენი რეალობის ასახვად შეგვიძლია მივიჩნიოთ და კარგ ტენდენციადაც დავსახოთ, ხომ რეალობაა ჩვენი ჟურნალ-გაზეთების მაშოკირებელ-მაინტრიგებელი სათაურები? დაინტერესებული კაცი იყიდი, წაიკითხავ და რაც სათაურში “აითვისე”, იმის მეტს ვერც ვერაფერს გაიგებ. ეტყობა, ჟურნალ-გაზეთების სტილია ამ შემთხვევაში ორიენტირი.
ირაკლი სამსონაძის ორი მოთხრობა: “შემთხვევა, რომელიც არ მავიწყდება” და “ორნი ყველას წინააღმდეგ”, მწერლის საერთო შემოქმედებით კრედოს გადმოსცემენ. ეს ტექსტები დაჯერებული და აწონილ-დაწონილი ჭვრეტის შედეგია, მათში ზოგადი კონკრეტულ მაგალითზე კარგად არის ასახული. ირაკლი სამსონაძე ჩუმად და უპრეტენზიოდ ეწევა სათავისო ტვირთს, თავს არ გვაბეზრებს წარამარა გამოჩენით, მაგრამ იგი სტაბილურად არის ფორმაში და ყოველთვის კერძოზე აღმატებულ პრობლემატიკას გვთავაზობს. მისი ტექსტების წაკითხვის შემდგომ მკითხველს უჩნდება სურვილი, იფიქროს წარსულზე, წუთით მაინც დაუკვირდეს მწერლისეულ ინტერპრეტაციას და თავად გამოიტანოს დასკვნები.
დავით ქართველიშვილი ორივე კრებულში არის წარმოდგენილი, მისი “სენტიმენტალური მოთხრობა ძველებურ ყაიდაზე” ნოსტალგიური განწყობითაა აღსანიშნავი, ამგვარი განწყობა ჩვენი საზოგადოების სულისკვეთებას მართლაც შეეფერება. თანაც დ. ქართველიშვილი აშკარად კარგი მოქართულეა, აქვს წერის კარგი მანერა და ნათელი სიმსუბუქე. იგი იმ ყაიდის შემოქმედებს მიეკუთვნება, რომელთაც უმძიმესი განწყობის კარგი რაკურსით შემოთავაზება რომ ეხერხებათ. ამის ნიმუშად მამის განწყობის გადმოცემაც გამოდგება, რომელიც გარდაცვლილ შვილს იგონებს. მიუხედავად დამთრგუნველი გარემოებისა, ავტორი ახერხებს სწორი აქცენტები ასევე სწორად გადაანაწილოს სხვადასხვა სიტუაციაზე. ძალიან კარგი მომენტია ისიც, როცა ახალგაზრდა კაცი თითქოს გამოდის მისთვის ჩვეული გარსიდან და ხანშიშესული პერსონაჟის სულიერ მდგომარეობას ასე მოერგება.
ამავე ავტორის მეორე ტექსტს “შეჯამება” ეწოდება, იგი გაცილებით ექსპრესიულია, მაგრამ პირველივით თბილი და ნოსტალგიური. დავით ქართველიშვილი თავის განცდებს, დამოკიდებულებას და შეფასებებს ირიბულად გადმოგვცემს, მისი პერსონაჟები თანაბრად იყოფენ მწერლისეულ იდეებს და საერთო ჯამში ჰარმონიული, კარგად წასაკითხი ტექსტი გვეძლევა.
შესაძლოა დავით ქართველიშვილისადმი ზედმეტად კეთილგანწყობილიც ვჩანვართ, მაგრამ მისი ტექსტების ენობრივი მხარე აშკარად იძლევა საამისო საბაბს. შეიძლება ჩვენი ავტორი ბევრს მუშაობს ფრაზის დახვეწაზე, ანდა სულაც ბუნებრივად გამოდის ასე. ორივე შემთხვევაში დასაფასებელია მისეული ზომიერების გრძნობა, ისიც, რომ მკითველს ზედმეტად არ ეკეკლუცება, არ არის ყალბად მანერული და ჩვენი დიდი სურვილია, სწორედ ეს შეინარჩუნოს.
ნუგზარ შატაიძე ორი ტექსტით არის წარმოდგენილი: “ქეთო გალოთებულა” და “მოგზაურობა აფრიკაში”. ორივე რეალობის ასახვას ცდილობს, მათგან “ქეთო გალოთებულა” ტექნიკური შესრულების ორიგინალობით იქცევს ყურადღებას. ნუგზარ შატაიძემ მრავალმხრივი თვალთახედა სხვადასხვა რაკურსით წარმოგვიდგინა. “მოგზაურობა აფრიკაში” ნამდვილად არ არის ნუგზარ შატაიძისთვის ორგანული, ეს მოთხრობა არის კარგად გადამუშავებული და გაშალაშინებული “ჩერნუხა” და თავისუფლად შეიძლება ერზაცად მივიჩნიოთ.
ნუგზარ შატაიძე ძალიან კარგი და ცნობილი მწერალია, ბევრი ამ კრებულებს მისი სახელის გამოც შეიძენს, მაგრამ ჩვენ გაცილებით უკეთესი მოთხრობები წაგვიკითხავს მისი. მიჩვეული ვართ მისეულ მსუყე და სავსე ფერადოვნებას, გვხიბლავს მისი გმირების შინაგანი მთლიანობა და სიპატიოსნე. “მოგზაურობა აფრიკაში” აშკარად ზედმეტად ნაფიქრ-ნალოლიავები ტექსტია, უფრო სენტიმენტალურია, ვიდრე მისანდო და დამაჯერებელი.
“ქეთო გალოთებულა” და “მოგზაურობა აფრიკაში” შესაძლოა მწერლის ახალ ძიებადაც მივიჩნიოთ, იმდენად განსხავდებიან ისინი ჩვენთვის ცნობილი ნუგზარ შატაიძისგან. არის მათში რაღაც ახალი ხმა, ახალი ელფერი, მაგრამ ეს “ახალი” მკაფიოდ სტილიზებულია, გარეშე და ჯერჯერობით არგათავისებული. უნდა ითქვას, რომ ნუგზარ შატაიძის წარმოდგენა “15 საუკეთესოში” იოლად შეიძლებოდა გაცილებით უკეთესი სახით. ამით მოიგებდა როგორც კრებული, ისე ავტორი.
ასევე ორივე კრებულში გვხვდება ბესო ხვედელიძე, რომლის “ძაღლურ ცხოვრებაზე” ადრე საგანგებოდ შევჩერდით და ახლა ბევრს ვერ ვისაუბრებთ. ბესო ხვედელიძე ახალგაზრდა თაობის იმ იშვიათ შემოქმედთ მიეკუთვნება, რომელთაც ბუნებრივად აქვთ მომადლებული ნათელი და მკაფიო წერის მანერა. მას განსაკუთრებით კარგად ეხერხება დიალოგის აგება და თბილი განწყობის ბოლომდე შენარჩუნება. “ჯადოში” კი აშკარა გაუგებრობაა, ვერაფრით მიხვდებით, რა უნდა და რის თქმას ცდილობს ავტორი.
თითო მოთხრობით წარმოდგენილ ავტორთაგან გამოვარჩევთ გურამ გეგეშიძეს.მისი “ნისლი” მართლაც შთამბეჭდავია. ჩვენთვის გურამ გეგეშიძე ძირითადად რომანებით არის ცნობილი, რომელთა საერთო დონე დიდად განსაზღვრავს ჩვენი თანამედროვე მწერლის სახეს. იგი იმ იშვიათ ავტორებს მიეკუთვნება, რომელიც არა მარტო “იცნობს” თავის მკითხველს, არამედ “გრძნობს” მთავარს და მარადიულს. გურამ გეგეშიძეს გაცნობიერებული აქვს პოსტსაბჭოური ყოფის ტენდენციები, აქვს დიდი გამოცდილება და იოლად შეუძლია სათანადოდ წარდგეს ნებისმიერ კრებულში.
“ნისლი” მწყემსად წასული კაცის თავგადასავალია, მისი მორიგი ხიფათიანი განსაცდელი. ავის მოლოდინი, ადამიანთა გადაგვარება, მარტოობა და მყუდრო თავშესაფრის ამაოდ ნატვრა ერთად მოექცა გურამ გეგეშიძის ამ მოთხრობაში.
“ნისლი” სულ ცოტა ხნის წინანდელ რეალობას აღწერს, რომლის რეციდივები ჯერ არ აღმოფხვრილა. მარტოსული და სიმშვიდეს მონატრებული ადამიანი ხანგრძლივად თავს ვერსად შეაფარებს, ყველგან მხეცებად ქცეული და სასტიკი თანამოძმენი არიან ჩასაფრებულნი. საკმარისია ვინმე ფანცქალამ წარმატებულ საქმეს მოჰკიდოს ხელი, რამდენიმე უპოვარს ხელი გაუმართოს და სამუშაო მისცეს, რომ მას მაშინვე დააყაჩაღებენ და უარეს შემთხევაში, სიცოცხლეს გამოასალმებენ. ფანცქალას მწყემსი, მყუდრო გარემოს მონატრებული კაცი, ამაოდ ცდილობს აერიდოს უბედურ და უაზრო სინამდვილეს… მოთხრობის ბოლოს ის და მისი შემთხვევითი ნაცნობები წყვდიადში მიიკვლევენ გზას.
გურამ გეგეშიძემ დინამიკური და მართალი სურათი მოგვცა, მან ჩვენი პოსტსაბჭოური სინამდვილე აღწერა, სწორედ ისეთი მძიმე და არასასურველი გარემო დახატა, რომლის გახსენება უკვე არც გვსიამოვნებს.
მთავარი ისაა, რომ მწერალი გვეუბნება, მართალია, გზა წყვდიადშია, ან შეძლებ მის გავლას, ან ვერა – მაგრამ წინ ჯიუტად უნდა გასწიოო. საინტერესოა ფინალი: “დაიძრნენ. ყაყანით, ძაგძაგით გაუდგნენ თეთრ წყვდიადში გაუჩინარებულ გზას. ადრე თუ გვიან, სადღაც ხომ მიიყვანდათ, თუ მანამ არ დახოცავდნენ ყველას?” გურამ გეგეშიძემ ერთმანეთს მოაყოლა ერთი მეორეზე მძიმე და პირქუში სურათები, მაგრამ თავის გმირს ღირსება შეუნარჩუნა. მთავარი სწორედ ესაა, საკუთარ თავთან იყო მართალი და მიუსაფრობას და სიმარტოეს სამომავლო ორიენტირებით სძლიო. მართალია, საკმაოდ მძიმე ტექსტია, მაგრამ უცებ იგრძნობთ, როგორ ავტორთან გაქვთ საქმე. თუ პირველი, 2001-2002 წლების კრებული მართლაც სჯობს მეორეს – 2002-2003-ისას, ამაში წვლილი გურამ გეგეშიძის ამ მოთხრობასაც მიუძღვის.
ოთარ ჩხეიძეც ერთი მოთხრობით არის წარმოდგენილი – “პაგანინის თითები”. მწერალი ბოლშევიკების სიმხეცეს ააშკარავებს, იგი წერს იმაზე, თუ როგორი მარადიულია უვიცობისა და ძალმომრეობის პრობლემა, როგორი განმეორებადი და უსასრულოა იგი.
“პაგანინის თითები” მოგვითხრობს ისტორიას, რომელიც თითქოს შორეულ წარსულშია საგულვებელი, მაგრამ საოცრად ცინცხალი და ახალი გვეჩვენება. შემოქმედისათვის თითების დაჭრის ამბავი მხოლოდ დაგვირგვინებაა რეალური პროცესების, ინფუზორიათა ტრიუმფის.
შეიძლება გადაჭრით ითქას, რომ ორივე კრებული არათანაბარი სიძლიერის მოთხრობებისგან შედგება, ტოვებს მექანიკურად და ზერელედ შედგენილის შთაბეჭდილებას. ეტყობა, ძალიან იოლად შეადგინეს, ძირითადად თავიანთი ავტორებით და კარგი ნაცნობებით შემოიფარგლნენ, არავის უზრუნია იმაზე, რომ კარგი მოთხრობის გვერდით სუსტებისა და საშუალოების კასკადი არ ყოფილიყო.
კრებულების არათანაბარი დონე ვეღარ გაამართლებს ცუდ ტექსტებს კარგების გვერდით, თავად კარგები შემთხვევით მოხვედრილებად აღიქმებიან ამ დროს.
გამომცემელი პირდაპირ გვეუბნება: “რაღა თქმა უნდა, არ გვაქვს პრეტენზია, რომ ეს შერჩევა ობიექტურია” – იგი მხოლოდ და მხოლოდ გამომცემლობის შეხედულებას გამოხატავს. ყველას აქვს უფლება, გამოსცეს მსგავსი კრებულები და შეადგინოს იგი საკუთარი გემოვნებით”. როგორც ვხედავთ, საქმე გაიოლებულია, არავის უნდა თავის შეწუხება, ცოტა უფრო ფართო მასშტაბის მიცემა საქმისთვის. შედეგიც შესაბამისი იქნება – არავითარი ნდობა და ინტერესი.
კარგი მხატვრული ტექსტის შეფასების უპირველესი კრიტერიუმი მკითხველთა ემოციაა. მთავარია, რა გვრჩება წაკითხვის შემდგომ, როგორი აზრობრივი სიახლე მოგვაპოვებინა მან, რაში დაგვაჯერა ან გადაგვაჯერა.
თავად მწერლები შესანიშნავად ხვდებიან, რას ქმნიან, ისიც კარგად უწყიან, რა ემოციებს აღუძრავენ მკითხველს. მწერლობა მაშინ არის გამართლებული, როცა მწერალი სათავისო გართობის ეტაპს ჩუმად, სათავისოდ გაივლის და მხოლოდ ამის შემდგომ შესთავაზებს მკითხველს ნაწარმოებს. ძნელია, ყველა ასე მოიქცეს, ყველა ამაღლდეს საკუთარ თავზე, მაგრამ ნამდვილად ასეა საჭირო.
ლადო ასათიანის ჩანაწერებში ვკითხულობთ: “რამდენი ნოდარი, რევაზი, თამაზი, ვახტანგი, შოთა, ოთარი, რამაზი, მერი, მეგი და სხვა გმირებია თანამედროვე მწერლების ნაწერებში. როგორი სახე აქვთ? რა აცვიათ? ხშირად ზოგ ავტორს აღარც კი ახსოვს, როგორები არიან მისი ნაწარმოების უსიცოცხლო და უსახო გმირები. აბა დაიძახე: ლუარსაბ თათქარიძე! ოთარაანთ ქვრივი! ტარიელ მკლავაძე! სოლომონ მორბელაძე! მოსე მწერალი! ერემია წარბა! სპირიდონ მცირიშვილი”. შეიძლება მოგვეჩენოს, რომ აგერ, ახლახან დაიწერა ეს შეფასება, იმდენად ზუსტად ასახავს ჩვენს მდგომარეობას.
შესაძლოა ჩვენმა სტრესულმა გარემომ და არნახულად ცვალებადმა ტემპმა მოიტანა ის ტენდენცია, რომ წერა ერთგვარი სტრესის საწინააღმდეგო თერაპია გახდა. მიუხედავად ამისა, ყველაფრის გამოქვეყნება ნამდვილად არ ღირს. ის, რაც მცირე სამეგობრო წრისთვის ცნობილი და მისაღებია, სრულიად სხვაგვარად ჩანს გამოქვეყნებისას. გარემოებათა გამო, ჩვენ ისღა დაგვრჩენია, მწერლობის ამბიციის მქონე პირთა თვითცენზურაზე ვიყოთ დამოკიდებული; ხოლო ყველანაირი ერზაცის “საუკეთესოთა” შორის მოხვედრას უნდობლობით კი არა, უარესით – ირონიით შევხედოთ.

© “წიგნები – 24 საათი”

Facebook Comments Box