17 ოქტომბერს ლონდონში ბუკერის პრემიის ლაურეატი გამოცხადდა: გამარჯვებულად შეან კარუნატილაკა და მისი „მაალი ალმეიდას შვიდი მთვარე“ დაასახელეს.
„მოკლე სიაში ნომინირებული ექვსი წიგნიდან ნებისმიერი ღირსეული გამარჯვებული იქნებოდა. ის, რამაც ჟიური განსაკუთრებულად აღაფრთოვანა და ასიამოვნა „მაალი ალმეიდას შვიდ მთვარეში“, იყო ამბიცია, გასცდენოდა საზღვრებს და თავშესაქცევი, გამბედავი თხრობის ტექნიკა. ესაა მეტაფიზიკური ტრილერი, სიკვდილის შემდგომი კრიმინალური ფიქცია, რომელიც ზღვარს არა მხოლოდ განსხვავებულ ჟანრებს შორის, არამედ სიცოცხლესა და სიკვდილს, სხეულსა და სულს, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორისაც შლის. ესაა სრულიად სერიოზული ფილოსოფიური თამაში, რომელიც მკითხველს „სამყაროს ბნელ გულში“ მიუძღვება – შრი-ლანკას სამოქალაქო ომის საშინელებაში. ამავე დროს, მკითხველი აღმოაჩენს სინაზესა და სილამაზეს, სიყვარულსა და ერთგულებას და სწრაფვას იდეალისკენ, რომელიც განსაზღვრავს თითოეული ადამიანის ცხოვრებას“ – ამბობს ჟიურის წევრი ნილ მაკგრეგორი.
„მაალი ალმეიდას შვიდი მთვარის“ მოქმედება 1990 წელს, შრი-ლანკას სამოქალაქო ომის დროს მიმდინარეობს. ომის ფოტოგრაფი მაალი ალმეიდა გაიღვიძებს და აღმოაჩენს, რომ მკვდარია. მას მხოლოდ „შვიდი მთვარე“ დარჩა, რათა საყვარელ ადამიანებს დამალული ფოტოებისკენ გაუძღვეს, რომლებიც მის ქვეყანაში დაწყებული კონფლიქტის სისასტიკეს ასახავს.
კარუნატილაკა 1975 წელს, შრი-ლანკაში დაიბადა. განათლება ახალ ზელანდიაში მიიღო, შემდეგ კი ლონდონში, ამსტერდამში, სინგაპურში ცხოვრობდა და მუშაობდა. მისი სადებიუტო რომანი 2011 წელს გამოიცა. გამარჯვებული რომანის იდეა 2009 წელს გაუჩნდა, როცა ფიქრობდა, როგორი იქნებოდა ომის ტრავმაზე ლაპარაკი, გარდაცვლილს საუბარი რომ შესძლებოდა. თუმცა თავდაპირველად ყოყმანობდა და ფორმის შერჩევაზეც ბევრი იფიქრა.
კარუნატილაკა მეორე შრი-ლანკელი ავტორია, რომელმაც ბუკერის პრემია მიიღო, მაიკლ ონდააჩის შემდეგ, რომელიც 1992 წელს „ინგლისელი პაციენტისთვის“ დაჯილდოვდა.
„წიგნზე ფიქრი 2019 წელს დავიწყე, სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, როცა გაცხარებით კამათობდნენ, რამდენი მოქალაქე დაიღუპა და ვისი ბრალი იყო. მოჩვენების ისტორია, რომელშიც გარდაცვლილს შეუძლია საკუთარი პერსპექტივა შემოგთავაზოს, საკმარისად უცნაური იდეა ჩანდა განსახორციელებლად, მაგრამ არ ვიყავი იმდენად მამაცი, რომ აწმყოზე დამეწერა, ამიტომაც 20 წლით უკან დავბრუნდი, 1989 წლის ბნელ დღეებში“ – ამბობს ავტორი და დასძენს: „ბევრი რამ ავიღე მითოლოგიიდან. მათ შორის იდეა, რომ სული შვიდი დღის განმავლობაში რჩება ერთ ადგილას – ამის დანახვა განსხვავებული ფორმით ბუდიზმსა და აღმოსავლეთის სხვა რელიგიებშიც შეგიძლიათ. მაგრამ ნამდვილი აღმოჩენა სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის ისე აღქმა იყო, როგორც მთავრობის ბიუროკრატიის, ვიზის გამცემი ოფისის, სადაც სულები დახეტიალობენ და არ იციან, საით მოუწევთ წასვლა. ჩვენ გვაქვს ილუზია, რომ ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, როცა უკანასკნელად ამოვისუნთქავთ. ხუჭავ თვალებს, მერე ახელ და მოულოდნელად ყველაფერი გასაგები ხდება. მაგრამ ჩემთვის ის უფრო დამაჯერებელია, რომ როცა გამოიღვიძებ, ბევრად უფრო დაბნეული იქნები, ვიდრე მანამ იყავი“.
როგორც გამარჯვებული ავტორი ამბობს, ახალგაზრდობისას ონდააჩის, რუშდისა და მარკესის მსგავსად ცდილობდა წერას, თუმცა ყველაზე დიდი გავლენა მასზე კურტ ვონეგუტმა მოახდინა. ინტერვიუში ასახელებს ბუკერის პრემიის მფლობელი წიგნებიდან მისთვის ყველაზე გამორჩეულებს: „ღრუბლების ატლასი“, „მხევლის წიგნი“, „გოგონა, ქალი და სხვა დანარჩენი“, „შუაღამის შვილები“ და „ლინკოლნი ბარდოში“.
© არილი