ლვოვის წიგნის ფორუმზე მწერლები საუბრობენ იმის შესახებ, თუ რატომ გვჭირდება ახლა წიგნები ისე, როგორც არასდროს:
„ომმა უამრავ ადამიანს წაართვა ლაპარაკის უნარი. ბევრი მწერალი ამბობს, რომ წერა აღარ შეუძლიათ. მკითხველების ნაწილი ამტკიცებს, რომ ვეღარ კითხულობენ. ომის რეალობა ისეთია, ყველაზე მნიშვნელოვანი რამეების ჩამორთმევა რომ შეუძლია – შენი ცხოვრების, დროისა და ფიქრის უნარის. ძნელია, წერო, იფიქრო და იოცნებო, როცა რაკეტა შენი რეალობის შუაგულს ხვდება.
მაგრამ ლიტერატურა კვლავ მნიშვნელოვანია. ჩვენ ვწერთ და ვკითხულობთ რეალობის გასაგებად. ვწერთ და ვკითხულობთ რეალობის გამოსაგონებლად. ომის დროს განსაკუთრებულად გჭირდება ორივე.
როცა ომია და კარგავ რაღაც შენთვის ძვირფასს (თუ ყველაფერ ძვირფასს არა), ფიქრობ, რომ ყველაფერი უმნიშვნელოა. ამ თვალსაზრისით, ომი და ძალადობა ნამდვილად მნიშვნელობის არარსებობაა. ამიტომაც არ აქვს გამართლება არავის, ვინც აგრესიულ ომს იწყებს. მაგრამ მათ, ვინც თავს იცავს, სჭირდათ მნიშვნელობის ძებნა, რათა ყოველდღიურად გაუწიონ წინააღმდეგობა.
ამბობენ, რომ ომს იგებს ის, ვინც ბრძოლის ველზე მძიმე არტილერიის ცეცხლში დგას და უკან არ იხევს. მაგრამ არავის შეუძლია ამასთან გამკლავება, თუ არ ესმის თავისი წინააღმდეგობის აზრი. სანამ ბრძოლის ველზე უძლეველად გადაიქეცი, გჭირდება სიტყვების პოვნა შენი სამომავლო გამარჯვების გასამართლებლად.
ლიტერატურა, სხვა ყველაფერთან ერთად, გვაძლევს უნარს, რომ ეს სიტყვები ვიპოვოთ“.
„ომი, ჩვეულებრივ, ამბების გამო ხდება. ხალხს ჰგონია, რომ როგორც მგლები და შიმპანზეები, ჩვენც ტერიტორიებისთვის ვიბრძვით, მაგრამ ეს ნაკლებადაა სიმართლე. მგლების ხროვა და შიმპანზეების ჯგუფები სანადირო მიწებისა და ხილის ხეებისთვის იბრძვიან, რომელთა გარეშეც ისინი შიმშილით დაიხოცებიან. ადამიანები კი იმ ფანტაზიის გამო იბრძვიან, რომ კონკრეტული ადგილები ეკუთვნით. ისრაელელებსა და პალესტინელებს იერუსალიმი საჭმელად არ სჭირდებათ. ჰიტლერი პოლონეთში იმიტომ არ შეჭრილა, რომ გერმანელებს სახლების ასაგებად ადგილი აღარ ჰყოფნიდათ. თუ ხალხი ნამდვილად ტერიტორიებისთვის იბრძვის, მაშინ რუსეთი – მსოფლიოში ყველაზე დიდი ქვეყანა – ყველაზე მშვიდობიანი უნდა იყოს. რაში სჭირდებათ მეტი ტერიტორია?
ომების უმრავლესობა პოეტების გონებაში წარმოიშვა. გენერლები მოგვიანებით ჩნდებიან და როცა ისინი ფიქრობენ, რომ „ნამდვილი პოლიტიკის“ კანონებს ემორჩილებიან, სინამდვილეში, მითების შემქმნელის ოცნებებს მიყვებიან. რა უბიძგებდა პუტინს უკრაინაში შეჭრისკენ, თუ არა ზღაპრები წარმოსახვით მუქარაზე და ფანტაზიები ძალაუფლებასა და დიდებაზე. ომს, საბოლოოდ, იმ ისტორიებში შეგვიძლია მივაკვლიოთ, რომლებიც პუტინს 1950-იანებში, ბავშვობისას უყვარდა და ასევე, იმ ამბებში, რომლებსაც რუსი ბავშვები დღესაც სწავლობენ სკოლაში.
მაგრამ მშვიდობაც იწყება გონებაში ზოგიერთი პოეტისა, რომელთაც შეუძლიათ, ომის კვამლში უკეთესი მომავალი დაინახონ. როცა ქვემეხები გრუხუნებენ, მუზები უფრო ხმამაღლა ლაპარაკობენ და განსაკუთრებული სიფრთხილით არჩევენ სიტყვებს. ხოცვა-ჟლეტის შუაგულში დიდია ცდუნება, რომ სიძულვილის მარცვლები დავთესოთ. მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ამის ნაცვლად შეთანხმების თესლი გამოვიყენოთ“.
„ლიტერატურა ომის მიმდინარეობისას ღვთისგმობაა, რადგან ომის რეალობის სიტყვებით გამოხატვა შეუძლებელია. ომი გაჩუმებს, უსიტყვოდ გაქცევს. ვერასოდეს შეძლებ იმ ტკივილის გამოხატვას, რომელსაც საყვარელი ადამიანების დაკარგვისას განიცდი. ვერც მასობრივი საფლავებისა და დამწვარი მანქანების, რომლებშიც ადამიანები სხედან, საშინელებას გადმოსცემ და ვერც იმ დედების მდგომარეობას, შვილები რომ მოუკვდათ. ყოველი მცდელობა დუმილის დარღვევისა ღვთისგმობად გამოიყურება.
ამავე დროს, ლიტერატურა ომის დროს მოვალეობაც არის. ჩვენ გვაქვს ლაპარაკის, მოწმედ ყოფნის, აღსარების, ჩვენებების მიცემის მოვალეობა. ბოროტება, რომელიც სიჩუმეში იმარხება, ის ბოროტებაა, რომელიც დაბრუნდება. უკრაინელებმა ეს კარგად იციან. გენოციდის მცდელობა, რომელსაც შემოჭრილი რუსებისგან ვხედავთ, საშინელია არა მხოლოდ იმიტომ, რომ სისასტიკის განსახიერებაა, არამედ იმიტომაც, რომ ის განსახიერებაა განმეორებული სისასტიკის. რეგიონში დანაშაულის წინა შემთხვევები დიდხანს დარჩა სიჩუმეში, ხოლო ადამიანები, ვინც ამ ისტორიების მოყოლა სცადეს, ციხეში გაგზავნეს ან მასობრივად დახოცეს. თუმცა, ჩვენ უნდა გავარღვიოთ დუმილის მანკიერი ციკლი. ეს აქცევს ლიტერატურას ბოროტების წინააღმდეგ აჯანყების აქტად“.
„ომი ისტორიებს შლის: ომი კლავს და შემდეგ სამხილებს მალავს იმ იმედით, რომ მსოფლიო ვერასოდეს შეიტყობს მსხვერპლის სახელებს. ყოველი ქალაქის გათავისუფლების შემდეგ, უკრაინელები ბევრს შრომობენ გარდაცვლილთა სახელების აღსადგენად, პატივით კრძალავენ და სამყაროს მათ ისტორიებს უამბობენ. ხანდახან წარმატებას ვაღწევთ, მაგრამ არა ყოველთვის. როცა ამას ვწერ და იზიუმისკენ მივდივარ ომის დანაშაულებათა ჩასაწერად, შესაძლოა, ოკუპანტები მარიუპოლის გენოციდის სამხილებს ანადგურებენ. ჩვენი ყველა მცდელობის მიუხედავად, უამრავ ამბავს ვერასოდეს შევიტყობთ. როგორც ადამიანის უფლებათა აქტივისტი, მე აღვნუსხავ ომის დანაშაულებს და სამართლიანობას ვიცავ. მაგრამ, ამავე დროს, როგორც მწერალმა, ვიცი, რომ არსებობს ჭრილობები, რომელთა მოშუშებაც მხოლოდ ამბებს შეუძლიათ“.
„სრულმასშტაბიანი შემოჭრისას კითხვაზე ფოკუსირება და დიდ ლიტერატურაში მორალიზმის მოსმენა ძალიან ძნელია ჩემთვის. სრულმასშტაბიანი ომი ყველაფერს კრისტალური სიცხადით გიჩვენებს და ცხოვრების ჩვეულ გზასა და ადამიანების უმწეობით ავსებს.
რამდენიმე ათას წიგნიანი ბიბლიოთეკა ტვირთია, რომელსაც თან ვერ წაიღებ ევაკუაციისას. ჩანთაში მხოლოდ მოგონებები შეიძლება მოათავსო იმ წიგნებისა, რომლებიც წაგიკითხავს. ადგილების ხშირი ცვლისას კი ეს მოგონებებიც იკარგება.
მაგრამ ჩვენი წიგნებისა და კულტურის ეშინიათ რუსებს, რამაც აღმიდგინა ლიტერატურის ძლევამოსილების რწმენა. პირველი, რასაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკეთებენ, ყოველთვის ადგილებისთვის სახელების რუსული მანერით შეცვლა, საბჭოთა სიმბოლოების დაბრუნება და ბიბლიოთეკების განადგურებაა. ოკუპანტები ეძებენ „მავნე“ წიგნებს, თითქოს ისინი ისეთი საშიში იყოს, როგორიც „ხორციელი“ ამბოხი.
ლიტერატურა არ იბრძვის, მაგრამ მწერლები ომში მიდიან და ქვეყანას იცავენ. ამავე დროს, ისინი, ვინც საკუთარი ხელით არ იბრძვიან, ცდილობენ, თავისი გამოცდილება წიგნებით გადმოსცენ.
მე კითხვა ისევ მიჭირს, მაგრამ წერისა და მთელი ამ სრულმასშტაბიანი შემოჭრის საშინელების ასახვის გარეშე, აქ არ ვიქნებოდი“.
„როცა დესტრუქციას ვაწყდებით, ჩვენი იარაღი ჩვენი სიტყვები და მათი გამოყენების თავისუფლებაა. ლიტერატურა ომის სიმახინჯეს გამოხატავს და მის გავლენას ადამიანის ბედზე. ის ყოველთვის მომავალს აკვირდება. ლიტერატურა ომს ვერ შეაჩერებს, მაგრამ თავისი ესთეტიკური და წარმოსახვითი ხედვით მის სიმახინჯეს უპირისპირდება. ომის სახეს გამოკვეთს და ღრმად აანალიზებს მისი ბრუტალური მექანიზმების საშინელებას, მის გავლენას ადამიანის ტრაგიკულ ბედზე.
როცა სირიაში პოპულარული აჯანყება დაიწყო და მერე ომით გაგრძელდა, წუთითაც არ მიყოყმანია, რომ ჩემი ვალდებულება წერა იყო ომზე და ომის წინააღმდეგ – ჩემი რომანებით, დოკუმენტალისტიკითა და ჟურნალისტიკით. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ომისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა უკეთესი მომავლის შექმნის ნაწილია, იმიტომაც, რომ ომის წინააღმდეგ და ომზე წერა მცდელობაა, რომ ჩვენი სიტყვები სამართლიანობის აქტისა და ცვლილებების მოძრაობის ნაწილი გახდეს“.
„ომი საკუთარი მოკვდაობის პირისპირ გვაყენებს, ისევე როგორც ყველაზე უარესისა და უკეთესის პირისპირ ადამიანის ბუნებაში. წიგნებს შეუძლიათ, გაგებაში დაგვეხმარონ. პირველ მსოფლიო ომში რიგითმა ფრანგმა ჯარისკაცებმა ტოლსტოის „ომი და მშვიდობა“ მოითხოვეს, რათა სანგრებში მიმდინარე დაუსრულებელი ომის აზრის გაგება ეცადათ. ჩვენ შეგვიძლია, ომისგან გავიქცეთ, სულ მცირე, ჩვენს წარმოსახვაში მაინც. მეორე მსოფლიო ომისას ორი ყველაზე პოპულარული წიგნი ინგლისში რიჩარდ ლეველინის „როგორი მწვანეა ჩემი ხეობა“ და ერნესტ ჰემინგუეის „ვის უხმობს ზარი“ იყო, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შესახებაა. შეიძლება, გიყვარდეთ ან გძულდეთ ეგზიუპერის პატარა პრინცი, მაგრამ ის 1943 წლის მძიმე დღეებშია გამოქვეყნებული და მსოფლიოს ყველა დროის ბესტსელერია. როცა ის მოხეტიალე პრინცის სიკვდილით სრულდება, იმასაც გვპირდება, რომ სიბრძნის პოვნა შესაძლებელია და სიყვარული, საბოლოოდ, იმარჯვებს. იმედიც მნიშვნელოვანია“.
(ფოტოს ავტორი – დიეგო ჰერერა კარსედო. უკრაინა, 2022 წლის ივლისი)
© არილი