ესაუბრა თაკო წულაია
მანანა დოიაშვილს „საბა“ წლის საუკეთესო პიესის ნომინაციაში გადაეცა. წინამდებარე ინტერვიუში ის საუბრობს პიესის ინსპირაციის, ეშმაკისა და ღმერთის (როგორც მისი პერსონაჟების) და თანამედროვეობის მთავარი პრობლემების შესახებ. გვიზიარებს, როგორი წარმოუდგენია ჯოჯოხეთი და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, როცა რეჟისორები მის პიესებს დგამენ ხოლმე.
რას გულისხმობს ვირტუალური ღმერთის მეტაფორა? რა იყო თქვენი პიესის ინსპირაცია?
აი, ახლა, ამ წუთას, როცა მე თქვენ ვირტუალურად გაძლევთ ინტერვიუს, სწორედ მის – ვირტუალის ღმერთის სამყაროში ვიმყოფებით, რომელზეც ჯერ კიდევ 2000 წლის წინ ითქვა: ,,ხოლო არარაჲ არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს”. და, მართლაც, ჩვენ თვალწინ აღმოცენდა სრულიად ახალი ვირტუალური სამყარო.
როცა ონლაინ დავწერე სტატუსის სახით ჩემი მოგონება გარდაცვლილ დედაზე და აღსარებაც კი ვირტუალურად ჩავაბარე ამავე ღმერთსა და იქ მყოფი მეგობრების ავატარებს – შემეშინდა.
შიში – ეს იყო ინსპირაცია ამ ტექსტის წერისას; შიში – რეალური ადამიანის, რეალური ცხოვრების დაკარგვისა; შიში – ფიზიკური ურთიერთობების, ავთენტური აღქმის, ემოციების, შეგრძნების, გრძნობების ფორმაციისა და, რაც მთავარია, საკუთარი თავის დაკარგვის შიში, რადგან ამ ახალ რეალობაში ცხოვრება ონანიზმს ჰგავს, ილუზორულია, საზღვრები არ არსებობს და უსარგებლო პროექციებითაა სავსე.
თავად ჩემი ღმერთი მეტაფორა კი არა – ჰოლოგრამაა და ეშმაკიც, რომლის გაქრობაც ღილაკზე თითის ერთი დაჭერითაა შესაძლებელი.
როგორ იქცნენ ღმერთი და ეშმაკი თქვენს პერსონაჟებად? ლიტერატურაში ხშირად გვხვდება ხოლმე მათი წყვილი, თქვენი ინტერპრეტაცია რითაა სხვებისგან განსხვავებული და ყურადღების ღირსი?
ჩემმა ღმერთმა თავად თქვა უარი საკუთარ შექმნილ უნიკალურ სამყაროზე, განუსაზღვრელ ძალაუფლებასა და ღვთაებრიობაზე – ადამიანების სასარგებლოდ. მან არც გასხივოსნება მოგვთხოვა და არც მარადიული დანაშაულის გრძნობა აგვკიდა… დაგვანახა, სად და ვინ ვიყავით. მერე აიკრა გუდა-ნაბადი და თავის ეშმაკიანად გაქრა. მხოლოდ მან მიგვიღო ისეთებად, როგორებიც ვიყავით და აღარ მოინდომა ჩვენი შეცვლა არც უკეთესობისკენ და არც უარესობისკენ. უკან დაგვიბრუნა ჩვენი ავკარგიანი სული და ცხოვრება.
რა მიგაჩნიათ თანამედროვეობის მთავარ პრობლემებად? ტექსტში პანდემიის, როგორც ადამიანებს შორის დისტანციის გაზრდის კიდევ ერთი მიზეზის, თემასაც ეხებით. რა გამოცდილება იყო ადამიანებისთვის პანდემია? პირადად თქვენთვის?
თანამედროვეობის მთავარ პრობლემად ვიღაცის, სხვისი ფანტაზიის რეალობაში ცხოვრება მიმაჩნია – გლობალურადაც და ლოკალურადაც. ვერაგულად შემოპარებულ სცენარებში მონაწილეობა. სიყვარულის და ფილტრის არქონა ჩვენში და არსებულ, ყველასთვის ხელმისაწვდომ უამრავ ინფორმაციასა და პროექციაში. მრუდე სარკეებით სავსე გარემოში ვიმყოფებით, ვცხოვრობთ, ვკარგავთ თავებს და ვხდებით სხვები – შემოთავაზებული იკონების მსგავსნი. ვაზროვნებთ, ვფიქრობთ და ვიკვებებით კიდეც სხვისი ინსტრუქციებით. ეს იწვევს ბიოლოგიური, მენტალური, ასტრალური სხეულების დისჰარმონიას ადამიანში, მის დანაწევრებას, ანუ გაუცხოებას საკუთარ თავთან…
პანდემიამ ეს კიდევ უფრო მძაფრად დამანახა, როცა ადამიანი ადამიანისთვის მტერი გახდა და ხელის გასაწვდენი მანძილი დაუძლეველი აღმოჩნდა. სამაგიეროდ, ყველასგან მიტოვებულმა, თავის ანაბარა დარჩენილმა ადამიანებმა წუთით მაინც გაიხსენეს, რა მნიშვნელოვანია რეალური, ფიზიკური შეხვედრა, დანახვა, შეხება და აქედან გაჩენილი საზრისი და არა ვირტუალური ,,სამოთხის ილუზია” , სადაც მოგზაურობა, მთელი თავისი ცრუ ხიბლით, ჯერ კიდევ წინ გველოდება.
„სამი საცერის“ პრინციპს წერისას ან ცხოვრების თავად თუ იყენებთ ხოლმე? სიმართლე, სიკეთე და სარგებლიანობა ტექსტის წერისას ან საუბრისას თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია?
აქამდე მისასვლელად დიდი დრო დამჭირდა. არაერთხელ დამიკარგავს სულ ყველაფერი და ყველა მნიშვნელობით გავკოტრებულვარ. დღეს კი ის ჩემი ორგანული ნაწილია, თანდაყოლილივით.
„ჯოჯოხეთი ადგილი არ არის, ის მდგომარეობაა“. რა მდგომარეობაა ჯოჯოხეთი? არილის ბლიცინტერვიუს შეკითხვა რომ გავიმეოროთ, როგორი იქნებოდა თქვენი პერსონალური ჯოჯოხეთი?
ის, რაც დღევანდელობის მთავარ პრობლემად მიმაჩნია, საკუთარი გამოცდილებიდან მოდის. მეც მიცხოვრია და ვყოფილვარ სხვა ადამიანის ფანტაზიის რეალობაში. როცა ვიცოდი, სადაც ვიყავი. ვიცოდი, რომ სასწრაფოდ უნდა დამეტოვებინა იქაურობა, რომ ბოლომდე არ დავკარგულიყავი, მაგრამ ეს არ შემეძლო, უძლური ვიყავი, მოჯადოებულივით. იმდენად მიმზიდველი იყო მისი სამყარო, უსასრულო, განუმეორებელი და თანაც უსაფრთხო.
სხვის მატრიცაში და ნააზრევში შინაგან ობიექტად ყოფნა – ეს იყო ჩემი პერსონალური ვირტუალური ჯოჯოხეთი; როცა ბოლომდე ვაცნობიერებდი, რომ მხოლოდ სხვისი პროექცია ვიყავი და მიუხედავად ამისა, არ მეთმობოდა იქაური ეფემერული მდგომარეობა და შეგრძნებები. იქიდან გამოსვლა კი ყველაზე მტკივნეული პროცესი აღმოჩნდა. აი, ეს იყო ნამდვილი ჯოჯოხეთი, რომლის შეცვლა და საკუთარ რეალობაში დაბრუნება ყველაზე მეტად გამიჭირდა.
ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ ცოცხალ დრამატურგებთან მუშაობას უფრთხიან რეჟისორები. როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება ასე? თანამედროვე პიესების ხარისხი ხომ არაა პრობლემა?
კი, რეჟისორები თითქოს ერიდებიან ცოცხალ დრამატურგებს. ეს რისკია მათთვის და გამოწვევაც, მაგრამ უნდა გაბედონ. თუ ასე არ მოხდა, მგონია, რომ თეატრი ახალგაზრდობას, თინეიჯერ მაყურებელს დაკარგავს. რაც შეეხება პიესების ხარისხს – ეგ, ალბათ, თქვენი ვარაუდია და ვარაუდადვე დავტოვებ.
როგორც იმავე ინტერვიუში გაიხსენეთ, ერთხელ, როცა თქვენი პიესა დადგეს, მისი ფინალი და ჟანრი შეცვალა რეჟისორმა, თუმცა მაინც მოგეწონათ. გარდა ამისა, პიესის სცენაზე დადგმა დიდწილად რეჟისორის აღქმაზეცაა დამოკიდებული; იმაზე, თუ როგორ კითხულობს ტექსტს. როცა ჟანრობრივადაც კი იცვლება პიესა, ხომ არ იკარგება მისი ავთენტურობა? სად არის საზღვარი? რას თანხმდებით და რას – არა, როცა თქვენს პიესებზე იწყებენ მუშაობას?
არასდროს ვფიქრობ წერისას, რა ჟანრში ვწერ და ამას ჩემთვის არც აქვს არსებითი მნიშვნელობა, ამიტომაც მისი ცვლილება ხანდახან მისაღები მგონია ტექსტის გაცოცხლებისას. ამ დროს რეჟისორი დრამატურგის ფანტაზიაში იმყოფება და უნდა მოახდინოს მისგან სეპარაცია, რომ დეკლამატორად არ იქცეს უნებურად. ამიტომაც ზოგჯერ არ ვეწინააღმდეგები ასეთ ცვლილებებს.
არცერთ სიტყვას არასდროს ვწერ ისე, სიტყვის მასალად და რეჟისორისგან ელემენტარულს ვითხოვ – მინიმუმ პატივისცემით მოეპყროს და არ აკუწოს ტექსტი, რომელიც თავადვე აირჩია.
როგორია სცენაზე საკუთარი პერსონაჟების ხილვა?
არაერთგვაროვანი. თუ მათთან ერთად ცოცხალ პროცესში ვარ ჩართული, მაშინ მათთან ერთადვე თავიდან ვიბადები. თუ მათ პირველად ვნახულობ პირდაპირ სცენაზე, ძალიან რთული – ზოგს ვიღებ, ზოგს- ვერ. ვუცხოვდები საკუთარ გმირებთან და ვხდები უბრალოდ მაყურებელი. ხანდახან ეს იმ ლოდებს ჰგავს, გულზე რომ მოგაყრიან და მოაყოლებენ – მსუბუქი იყოს ეს მიწა შენთვისო.
ელოდით თუ არა გამარჯვებას? სხვა ნომინანტების პიესებს თუ გაეცანით?
სხვა ნომინანტები ჩემი უახლოესი მეგობრები არიან. ერთი წავიკითხე, მეორე ჯერ არა.
რაც შეეხება ჩემს მოლოდინს – წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, არ ველოდი. მაგრამ ვერ გავითვალისწინე ის, რომ ,,საბა” პატარა აღარ არის, ის ჩვენთან ერთად გაიზარდა და უკვე ზრდასრული დამხვდა წელს – 20 წლის. ხოდა, დამინახა, მიცნო და წელში გამართული, მყარი ნაბიჯებით მოვიდა ჩემთან. მეც ჩავკიდე ხელი და წავედით შინ, ჩემს სამყაროში და ფანტაზიაში, სადაც სწორედ ახლა თქვენც მსტუმრობდით. მადლობა თქვენ და ჩემს საყვარელ მეგობარ ,,არილს”.
© არილი