თარგმანი,  ინტერვიუ

კარლ უვე კნაუსგორი – პრუსტის კითხვარი

Vanity Fair

სრულყოფილი ბედნიერება როგორი წარმოგიდგენიათ?

საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნა ოთხშაბათ საღამოს, ჭურჭლის რეცხვა, ნაცრისფერი ცის ქვეშ ურნიდან ნაგვის გადაყრა, ბავშვების შორეული ხმების მოსმენა ზედა სართულიდან, მოულოდნელად მოტრიალება და მის თვალებში ჩახედვა, ვინც გიყვარს. რაზეც მე ვლაპარაკობ, ესაა გრძნობა, რომ ცოცხალი ხარ. და შეყვარებული ხარ.

რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?

ჩემი რომელიმე შვილი ჩემზე ადრე რომ მოკვდეს.

ცოცხალი ადამიანებიდან ვის აღმერთებთ ყველაზე მეტად?

ბარაკ ობამას, როგორც პრეზიდენტის, ღირსება აღსანიშნავი მგონია. ამ დღეებში, როცა ამაზე ვფიქრობდი, კიდევ უფრო.

თქვენი რომელი თვისება გაღიზიანებთ ყველაზე მეტად?

თითქმის ყველა და საერთოდ არ ვხუმრობ.

სხვა ადამიანებში რომელი თვისებაა ყველაზე მიუღებელი?

აგრესია. ქედმაღლობა.

რა არის თქვენი განსაკუთრებული მახასიათებელი?

როგორც პროტესტანტს, ძლიერი სამუშაო ეთიკით, ისევ მაოცებს, რომ მთელი დღე შემიძლია წიგნებს კითხვაში გავატარო. ეს ძალიან ექსტრავაგანტური და დეკადენტურია.

რომელი იყო თქვენი ფავორიტი მოგზაურობა?

მაისში აღმოსავლეთ ნორვეგიის ხეობებში მოგზაურობა, როცა მთები გადავკვეთეთ და მწვანე ფიორდებზე დავეშვით, სადაც ალუბლისა და ვაშლის ხეები ყვაოდა და მყინვარები თეთრად ანათებდა ლურჯი ცის ქვეშ. ეს ის მოგზაურობა იყო, რომელსაც ყველას ვურჩევდი.

რა შემთხვევაში იტყუებით?

ვიტყუები, ვინმეს ზიანი რომ ავარიდო თავიდან, მაგრამ დიდად არ მეხერხება. ერთხელ მეგობარმა თავისი ჩვილი მაჩვენა. ცოტათი უსიამოვნოდ გამოიყურებოდა, როგორც ახალდაბადებული ბავშვი შეიძლება გამოიყურებოდეს, მაგრამ თავს ვერ ვაიძულე, მომეტყუებინა და მეთქვა, რა ლამაზი ან საყვარელია-მეთქი, რაც, ცხადია, შესაბამისი რეაქცია იქნებოდა. ნაცვლად ამისა, გავჩუმდი. შემდეგი შეხვედრისას ბავშვი უკეთ გამოიყურებოდა, მეც ბედნიერმა ვთქვი: „გამოსწორებულა!“. მას შემდეგ ამ სიტყვებს ჩემი მეგობარი სულ მახსენებს. ასე რომ, ვნატრობ, ნეტავ უკეთესი მატყუარა ვიყო და უფრო ხშირად ვიტყუებოდე.

რომელი ცოცხალი ადამიანი გძულთ?

ალბათ, მეტისმეტად ნაივური ვარ იმისათვის, რომ ადამიანი მძულდეს. ვპოულობ რაღაც მოსაწონს ან საინტერესოს ყველა ადამიანში, ვისაც ვიცნობ ან ოდესმე შევხვედრილვარ. თუმცა, არის ერთი გამონაკლისი. ოღონდ არ შემიძლია თქმა – მან არ იცის და შოკისმომგვრელი იქნება, ამის შესახებ აქედან თუ შეიტყობს. მაგრამ ის ისეთი საშინელია!

რომელ სიტყვებს ან ფრაზებს იყენებთ ზედმეტად ხშირად?

„ამის გაკეთება შემიძლია – უბრალოდ, გამომიგზავნე“.

რას ნანობთ ყველაზე მეტად?

მილიონ წვრილმანს ვნანობ, მაგრამ მნიშვნელოვანს – არაფერს.

ახლა როგორ გრძნობთ თავს?

დასვენებულად.

ერთი რამის შეცვლა რომ შეგეძლოთ თქვენს ოჯახში, რას შეცვლიდით?

ისინი ისედაც მუდამ იცვლებიან.

რა მიგაჩნიათ თქვენს უდიდეს მიღწევად?

არასოდეს მეგონა, თუ მართვის მოწმობას ავიღებდი. 40 წლის ვიყავი, როცა, როგორც იქნა, მივიღე. ახლაც შემიძლია გავოცდე, როცა ჩემს თავს საჭესთან აღმოვაჩენ.

სიკვდილის შემდეგ რომელ ადამიანად ან საგნად დაბრუნდებოდით?

ფანჯარა?

თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი?

თავადი მიშკინი.

რა არ მოგწონთ ყველაზე მეტად?

სახეობათა გადაშენება, ტყეების განადგურება, აგრიკულტურის ინდუსტრიალიზაცია. და ნორვეგიის გეგმა, რომ ნავთობისთვის არქტიკა გაბურღონ.

როგორ ისურვებდით სიკვდილს?

თვითაალებით, ღრმა სიბერეში.

რა არის თქვენი დევიზი?

„არასოდეს მიჰყვე ფულს“

© არილი

Facebook Comments Box