დინა ოგანოვას ფოტო
ესაუბრა თაკო წულაია
გვანცა ჯობავა გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პირველ ქართველ-ვიცე პრეზიდენტად აირჩიეს. ინტერვიუც სწორედ ამ მნიშვნელოვან სიახლეს ეხება. გვანცა ჯობავა იხსენებს ვიცე-პრეზიდენტობამდე გავლილ გზას, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის საქმიანობას და საუბრობს ლოკალური თუ საერთაშორისო ლიტერატურული სივრცის გამოწვევებსა და პრობლემებზე. ინტერვიუდან შეიტყობთ იმასაც, რას ცვლის ეს ამბავი ქართველი ავტორებისა და გამომცემლებისთვის და რა იქნება მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება.
ცოტა ხნის წინ გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პირველ ქართველ ვიცე-პრეზიდენტად აგირჩიეს. უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ. მოგვიყევით თქვენს საქმიანობაზე გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციაში, რა გზა გაიარეთ წევრობიდან ვიცე-პრეზიდენტობამდე?
მადლობა მოლოცვისთვის! ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ყველა იმ ადამიანის მოლოდინი გავამართლო, ვინც ამ ფაქტს საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ მხარი დაუჭირა და/ან სიხარულით შეხვდა.
გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციასთან აქტიური თანამშრომლობა 2015 წელს, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ახლად არჩეული თავმჯდომარის რანგში დავიწყე. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ქართულ საგამომცემლო სექტორს, განსაკუთრებით კი სასკოლო სახელმძღვანელოების გამომცემლებს, განათლების სამინისტროს მიერ წარმოებული უსამართლო პოლიტიკისა და ჩვენი საავტორო უფლებების უხეში დარღვევის გამო განსაკუთრებულად უჭირდა. სწორედ ამიტომ რჩევებისა და რეკომენდაციებისთვის გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის სახელმძღვანელოების გამომცემელთა მსოფლიო ფორუმს მივმართეთ და იმავე წელს კიოლნში გავემგზავრეთ ჩვენს ადვოკატებთან ერთად ფორუმზე მოხსენებისთვის და რჩევების მისაღებად. ამის შემდეგ ასოციაციის ხელმძღვანელები არაერთხელ ჩამოვიდნენ საქართველოში მათი წევრი ასოციაციის მხარდასაჭერად, ერთად ვხვდებოდით განათლების მინისტრებს თუ სამინისტროს სხვა თანამდებობის პირებს. ვფიქრობ, თანამშრომლობის პირველივე ეტაპზე მსოფლიო ასოციაციისთვის აშკარა გახდა ქართველი გამომცემლებისა და ავტორების მებრძოლი, უშიშარი და სამართლიანი ბუნება, ის ფაქტი, რომ საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია სრულიად თავისუფალი იყო სახელმწიფო ორგანიზაციების პოლიტიკური გავლენებისგან და დაუღალავად იბრძოდა თავისი წევრების უფლებების დასაცავად, საგამომცემლო ინდუსტრიის განვითარებისთვის ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად. ამან იმთავითვე ნდობით აღავსო მსოფლიო ასოციაცია ჩვენ მიმართ და ამ ჩვენთვის ურთულეს პერიოდში ღირსეული ბრძოლით მათი კეთილგანწყობა დავიმსახურეთ.
მას შემდეგ ჩვენი ასოციაცია განსაკუთრებულად გააქტიურდა საერთაშორისო ასპარეზზე, აქტიურად ვმონაწილეობდით მსოფლიო ასოციაციის საქმიანობაში, რასაც დაემატა 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის პროექტი, რომლისთვის მზადების პერიოდში ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მთავარი პარტნიორის, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ავტორიტეტი და რეპუტაცია საერთაშორისო ასპარეზზე ერთიორად გაიზარდა. ვფიქრობ, სწორედ აღნიშნული გარემოებების ერთობლიობამ განაპირობა ის, რომ სწორედ 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გამართულ გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის გენერალურ ასამბლეაზე ამავე ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის პირველ ქართველ წევრად ამირჩიეს. მას შემდეგ ვმუშაობდი ასოციაციის თითქმის ყველა კომიტეტში: გამოცემის თავისუფლების, საავტორო უფლებების, ინკლუზიური გამოცემებისა და წიგნიერების; ვიყავი სახელმძღვანელოების გამომცემელთა მსოფლიო ფორუმის წევრი, რამაც საბოლოოდ იქამდე მიგვიყვანა, რომ წელს ასოციაციის წევრებმა შიდა გამოკითხვებისა და პირადი ინტერვიუების დროს შესაძლო მომავალი ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატებს შორის დამასახელეს. არჩევნები სექტემბერში გაიმართა, სადაც ჩემი კონკურენტი ინდოეთის გამომცემელთა ასოციაციის პრეზიდენტი პრანავ გუფთა იყო, თუმცა 114 დელეგატიდან 68-მ მხარი ქართველ კანდიდატს დაუჭირა.
აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ამ წარმატებას დიდწილად ვუმადლი ასოციაციის გენერალურ მდივან ხოსე ბორგინოს, რომელიც პირველი შეხვედრისთანავე ქართველი გამომცემლების უდიდეს მეგობრად იქცა, და ასოციაციის ამჟამინდელ პრეზიდენტ, არაბთა გაერთიანებული საემიროების ერთ-ერთი საემიროს, შარჯის პრინცესას, შეიხა ბოდურ ალ კასიმის, რომელმაც ჩემი შესაძლებლობების ირწმუნა და, რაც მთავარია, გამამხნევა, რომ მეც მქონოდა საკუთარი თავის რწმენა. ბოდური მსოფლიო ასოციაციის 125 წლიანი არსებობის მანძილზე მეორე ქალი პრეზიდენტია და მთელი მისი მმართველობის პერიოდში ჯიუტად ცდილობდა, რომ ქალი გამომცემლებისთვის საკუთარი თავის წარმოჩენის შესაძლებლობა მიეცა. ვფიქრობ, ამ შესანიშნავმა არაბმა ქალმა მოახერხა და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანა. მის შემდეგ, 2023 წლის 1-ლი იანვრიდან, ასოციაციის ახალი პრეზიდენტი ბრაზილიელი ქალი გამომცემელი, კარინე პანსა (ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი) გახდება და ვიცე-პრეზიდენტიც ისევ ქალი იქნება, ჩემი სახით. მსგავსი რამ ამ ასოციაციას საუკუნეზე მეტია არ ახსოვს.
ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ოფიციალურად 2023 წლის 1 იანვარს დაიკავებთ. რა გეგმები გაქვთ, რა იქნება თქვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულება?
გულწრფელად მწამს იმ ადამიანების, მათი განუზომელი შესაძლებლობების, ვინც მთელ მსოფლიოში ეძებს და გამოსცემს კარგ წიგნებს და ადამიანების მრავალფეროვან ხმებს, თავისუფალ იდეებსა თუ თავისუფლების იდეებს ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომს ხდის. რა უნდა იყოს ამაზე დიდი წვლილი, რაც ადამიანმა სამყაროს გაკეთილშობილებაში შეიძლება შეიტანოს!
როგორც ზემოთ უკვე ვთქვი, ბოლო წლებში ვმუშაობდი გამოცემის თავისუფლებისა და წიგნიერების კომიტეტებში, ჩემთვის ეს ორივე მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი საარჩევნო კამპანიის დროს არაერთხელ აღვნიშნე, რომ ჩემთვის უმთავრესია გამომცემლებს, მწერლებს შეექმნათ ჯანსაღი გარემო, სადაც მათ არ შეეზღუდებათ სიტყვისა და გამოცემის თავისუფლება, სადაც ისინი დაცული იქნებიან თვითცენზურისგან, სადაც დაცული იქნება მათი საავტორო უფლებები. მსგავსი გარემოს შესაქმნელად კი აუცილებელია, ყველამ ერთად ვიზრუნოთ თავისუფალი საზოგადოებებისთვის, თავისუფლების იდეის მხარდასაჭერად. ამ მიზნის მიღწევა კი, ფაქტობრივად, შეუძლებელია განათლების გავრცელების გარეშე. წიგნიერი, განათლებული, მოაზროვნე საზოგადოება კი თავად ირჩევს თავისუფლების გზას და აუცილებლად იბრძვის მის დასაცავად. ვინ თუ არა ჩვენ, ქართველებმა, ძალიან კარგად ვიცით, რომ ნებისმიერი ძალადობა, ადამიანების უუფლებობა, უსამართლობა სწორედ იქ იდგამს ფესვებს ყველაზე ადვილად, სადაც განათლების ნაკლებობაა.
ძალიან ფართოა ჩამონათვალი იმ ქვეყნებისა, რომლებსაც გამომცემელთა მსოფლიო ასოციაცია აერთიანებს და აბსოლუტურად ყველა კონტინენტს მოიცავს. თითოეულს თავისი ინტერესები, გამოწვევები, სირთულეები აქვთ, თითოეული ინდივიდუალურია და ძალზე ფაქიზ, დაკვირვებულ მოპყრობას საჭიროებს. პრეზიდენტთან ერთად, ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა გარკვეულწილად პოლიტიკურ საქმიანობასაც გულისხმობს, რომელიც ორგანულად უნდა შეაზავო შენს პირად თუ სხვების შემოქმედებით ბუნებასთან – მოგეხსენებათ, რომ ამ პოსტზე თანამშრომლობა მომიწევს როგორც ჩემს კოლეგებთან, გამომცემლებთან, მწერლებთან, საგამომცემლო საქმის ექსპერტებთან, ასევე სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსებთანაც, შესაძლოა, ზოგჯერ მათი ოპონირებაც კი მომიხდეს.
ვაპირებ, ხელი შევუწყო ასოციაციაში ახალი წევრების შემოერთებასაც, სწორედ ამ მიზნით დეკემბერში მივემგზავრები სოფიაში. ვფიქრობ, ბულგარეთი (და სხვა არაერთი ქვეყანა) აუცილებლად უნდა იყოს ამ გაერთიანების წევრი და მინდა, ჩვენს ბულგარელ კოლეგებს ამ გზის გავლაში დავეხმარო. ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ჯერჯერობით ადგილობრივი გამომცემელთა ასოციაციებიც არ აქვთ. სომეხმა კოლეგებმა უკვე დაიწყეს ამაზე მუშაობა და სიამოვნებით გავუწიე კონსულტაცია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ყოფნის დროს. იმედია, აზერბაიჯანშიც მალე დაიძვრება მსგავსი პროცესები. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სამეზობლოში გვყავდეს ჯანსაღ ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორი ორგანიზაციები და ამის წახალისებას ჩემი ახალი პოზიციიდან კიდევ უფრო აქტიურად ვეცდები. მქონდა შემოხმიანება პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებიდანაც. თუკი ჩემი არჩევა ამ თანამდებობაზე მათთვის გახდება სტიმული იმისთვის, რომ უფრო გააქტიურდნენ მსოფლიო საგამომცემლო ასპარეზზე, ცხადია, ამას მნიშვნელოვან გამარჯვებად მივიჩნევ. ვფიქრობ, ამ სივრცეში ძალიან დიდი პოტენციალია თავმოყრილი და მინდა ამის წარმოჩენას მეტად შევუწყო ხელი; გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რაოდენ რთული რეგიონია ბევრი თვალსაზრისით და რამდენი გამოწვევა არსებობს, თუმცა მეიმედება, რომ შევძლებ განსაკუთრებით რთულ ქვეყნებში მცხოვრებ გამომცემლებს მხარი დავუჭირო და ცხადია, არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში – ასეთი ქვეყნების ჩამონათვალი ძალიან ვრცელია.
ამასწინათ, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, ბრიტანელმა კოლეგამ ჩემს არჩევასთან დაკავშირებით მითხრა: „ჩვენ გვჭირდება ახალი პერსპექტივა“. წლების წინ, როდესაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამ საპატიო სტუმრის სტატუსი მოგვანიჭა, ეს იყო მათთვის უდიდესი ექსპერიმენტი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ეს ნდობა გავამართლეთ და დღემდე ფრანკფურტის საუკეთესო, ყველაზე წარმატებულ „ექსპერიმენტად“ ვრჩებით, რომლითაც ძალიან ამაყობენ. მსოფლიო ასოციაციის მიერ ჩემი არჩევაც ვიცე-პრეზიდენტად თითქოს რაღაცით წააგავს კიდეც ფრანკფურტის მაშინდელ ექსპერიმენტს – მე ერთ-ერთ ყველაზე პატარა ქვეყანას, თანაც, სამწუხაროდ, პოლიტიკურად ძალზე წინააღმდეგობრივ ქვეყანას წარმოვადგენ, ქვეყანას, რომლის ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია. თუმცა ჩემს ქვეყანას აქვს თავისი დადებითი და ძლიერი მხარეები, რაც უპირველესად მდიდარ კულტურაში, პროფესიონალიზმში, დიდ ენთუზიაზმში და ძლიერ, იმედისმომცემ სამოქალაქო საზოგადოებაში გამოიხატება, ასევე უნიკალურ გამოცდილებაშიც, სწორედ ასეთ არასტაბილურ გარემოში გადარჩენის და ჰუმანიზმის იდეალებისთვის ბრძოლისა. ახლა ჯერი ჩვენზეა, ზუსტად ისე, როგორც ფრანკფურტის პროექტის დროს, საერთაშორისო საზოგადოებას მადლობა ასეთი გულწრფელი მხარდაჭერისთვის მათი იმედების მაქსიმალურად გამართლებით უნდა გადავუხადოთ.
ეს ყველაფერი, ბუნებრივია, ურთულესი გზის გავლას გულისხმობს, მაგრამ მსგავსი შესაძლებლობა ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ჩნდება და წარუმატებლობაზე ფიქრის უფლებას საკუთარ თავს ვერ მივცემ. ვაპირებ, რომ ამ საქმეს მთელი ჩემი დრო და ენერგია მივუძღვნა.
ქართული საგამომცემლო სივრცისთვის, ქართველი ავტორების, გამომცემლებისა და მკითხველებისთვის რას შეცვლის თქვენი ახალი პოზიცია?
ამ შეკითხვას ბევრი მისვამს და ძალიან მიჭირს პასუხის გაცემა, არ მინდა გადამეტებული მოლოდინი შევქმნა ან ტრაბახით თავი მოვიწონო. ყოველთვის ვამჯობინებ შედეგზე მაშინ ვისაუბრო, როდესაც ეს შედეგი გამოჩნდება. თუმცა, ვადასტურებ, რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, ალბათ, არაერთი შესაძლებლობა მექნება ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის, ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ. რაც შეეხება გამომცემლებს, ამ ეტაპზე, ვფიქრობ, ჩემი ამ პოსტზე ყოფნაც კი საერთაშორისო საზოგადოების თვალში თავისთავად ხაზს უსვამს იმას, რომ ქართულ საგამომცემლო ინდუსტრიაში რაღაც ძალიან საინტერესო და ყურადსაღები ხდება, იმიტომ, რომ ცხადია, მე ციდან არ ჩამოვვარდნილვარ, ამ წრეში, ამ საზოგადოებაში, ამ სექტორში გავიზარდე, ვისწავლე, ყალბისა და ნამდვილის გარჩევა ვცადე. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი კარგი შესაძლებლობა გამოჩნდება ამ გზაზე, რომლიდანაც თავის წილს საქართველოს საგამომცემლო სექტორი და ქართული ლიტერატურაც მიიღებს და ამისთვის ჩემს ძალებს არ დავიშურებ. თუმცა, რაც მამწუხრებს ის არის, რომ დღეს ჩვენი კულტურის სფეროში არსებული გაუგონარი „უკულტურობის“ ფონზე, სახელმწიფო ინსტიტუციების მხარდაჭერის იმედი ნაკლებად მაქვს. სამწუხაროდ, არ მაქვს მოლოდინი, რომ ოფიციალური უწყებები საქართველოში გლობალური პროექტების განხორციელებაში მხარს დაგვიჭერს, რაც თავისთავად იმას გულისხმობს, რომ კულტურის პოლიტიკის არარსებობის გამო, შესაძლოა, ბევრი შესაძლებლობა, უბრალოდ, დავკარგოთ. თუმცა, ბუნებით ოპტიმისტი ადამიანი ვარ და იმედს არ ვკარგავ, რომ რაღაც აუცილებლად შეიცვლება უკეთესობისკენ.
თქვენი აზრით, რა პასუხისმგებლობები აქვს გამომცემელთა ასოციაციას? რა როლი აქვს, ზოგადად, თანამედროვე სამყაროში? პატარა ქვეყნის წარმომადგენლისთვის რას ცვლის ასეთი მასშტაბის ასოციაციის ნაწილად ყოფნა?
გამომცემელთა მსოფლიო ასოციაცია, რომელიც 1896 წელს პარიზში დაფუძნდა და რომლის სათავო ოფისი ამჟამად ჟენევაში, შვეიცარიაში მდებარეობს, მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციაა, რომელიც ლობირებს და იცავს საგამომცემლო სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებისა და კერძო პირების უფლებებს და 76 ქვეყნის 92 ორგანიზაციას აერთიანებს აფრიკიდან, აზიიდან, ავსტრალიიდან, ევროპიდან და ამერიკიდან. და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ თითოეულ ჩვენს წევრ ასოციაციას თავის მხრივ თავადაც უამრავი წევრი გამომცემლობა ჰყავს, ჩვენი საქმიანობა მსოფლიო საგამომცემლო ინდუსტრიაში დასაქმებულ 5.6 მილიონ ადამიანს სწვდება. გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციას საკონსულტაციო თანამშრომლობა აქვს გაეროსთან და პოპულარიზაციას უწევს და იცავს მთელ მსოფლიოში გამოცემის თავისუფლებას და ადამიანის უფლებების ფუნდამენტურ ასპექტს – გამოხატვის თავისუფლებას, ასევე ხელს უწყობს წიგნიერების გავრცელებას.
ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს იუნესკოსთან, რომელმაც სწორედ გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის იდეით დააფუძნა 2001 წელს „წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პროექტი. ჩვენ დღემდე სტაბილურად ვრჩებით წევრებად იმ ჟიურის, რომელიც წიგნის მსოფლიო დედაქალაქს კონკურსის წესით მსოფლიოს უამრავ ქალაქს შორის ირჩევს. ასევე აქტიური თანამშრომლობა გვაქვს ჟენევაში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან, რომლის სესიებსაც აქტიურად ვესწრებით და იქ ჩვენი მთავარი მოვალეობა მთელ მსოფლიოში გამომცემლების უფლებებისა და ინტერესების დაცვაა.
რაც შეეხება იმას, თუ რას ცვლის პატარა ქვეყნისთვის ასეთი გლობალური ორგანიზაციის წევრობა, ვფიქრობ, ამის საუკეთესო მაგალითი სწორედ საქართველოა. მე პირადად ამ ასოციაციაში საქმიანობის წლებში ყოველდღიურად ბევრს ვსწავლობდი ასოციაციის ხელმძღვანელებისა თუ სხვა ქვეყნების წევრი ასოციაციებისგან. აქ შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო მსოფლიოს წამყვანი ამერიკელი, ბრიტანელი, გერმანელი, ფრანგი, ავსტრალიელი, არაბი, კანადელი, იაპონელი (და სია ძალიან გრძელია) გამომცემლების გვერდით, ასოციაციაში თავს იყრის საგამომცემლო საქმის ყველაზე წარმატებული და ყველაზე წარუმატებელი პრაქტიკები, სწავლა კი, დამეთანხმებით, ორივედან შეიძლება. მეც და ჩემი კოლეგებიც ადგილობრივი გამომცემელთა ასოციაციიდან ყოველთვის ვცდილობდით ეს გამოცდილება, რაც ასე უხვად იყრიდა თავს ჩვენ გარშემო, მაქსიმალურად წამოგვეღო საქართველოში. ვფიქრობ, ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ამ წლის აპრილში ჩატარებული კავკასიისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების საერთაშორისო საგამომცემლო კონფერენცია, რომელიც წიგნის მსოფლიო დედაქალაქის პროექტის ფარგლებში ჩვენი ასოციაციის ორგანიზებით და უმაღლესი რანგის მომხსენებლების მონაწილეობით ჩატარდა და ვფიქრობ, რომ საუკეთესო მაგალითია იმის, თუ რამდენი ვისწავლეთ გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციაში და რაოდენ წარმატებით გამოვიყენეთ ეს ცოდნა საკუთარ ქვეყანაში. აღარაფერს ვამბობ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალსა და სხვა პროექტებზე, რომლებიც ჩვენი ცოდნის ზრდასთან ერთად ყოველწლიურად სულ უფრო მასშტაბური, მრავალფეროვანი ხდება და სულ უფრო უახლოვდება მსოფლიოში არსებულ მაღალ სტანდარტს. ამასთანავე, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციასთან თანამშრომლობის კვალდაკვალ, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, რომელსაც ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილისა და თავმჯდომარის სტატუსით წარმოვადგენდი, საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ და ავტორიტეტულ ასოციაციად ჩამოყალიბდა, რითაც ძალიან ვამაყობ და რისთვისაც ძალიან ვემადლიერები ასოციაციის წევრ გამომცემლებსა და ასოციაციის თანამშრომლების შესანიშნავ გუნდს.
მსოფლიო ასოციაციამ კი, რომელმაც ვიცე-პრეზიდენტად დამასახელა, უნიკალური შესაძლებლობა მომცა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პატარა, მაგრამ ამასთანავე უძველესი ქვეყნის წარმომადგენელს, რომ ეს შემთხვევა ვაქციო მოტივაციად სხვა ჩვენი მსგავსი ქვეყნების წარმომადგენლებისთვის, ვიყო მაგალითი იმისა, რომ მსოფლიო ასოციაცია თანაბრად აფასებს მის წევრებს, განურჩევლად მათი ქვეყნების განსხვავებული შესაძლებლობებისა.
არაერთი ქვეყნის გამომცემელთან გქონიათ საქმიანი ურთიერთობა. აქედან გამომდინარე, რით განსხვავდება ქართული საგამომცემლო პოლიტიკა და ლიტერატურული პროცესები ასოციაციის წევრი სხვა ქვეყნების მუშაობის სპეციფიკისგან?
ვფიქრობ, გარკვეულწილად ყველა ბაზარი ინდივიდუალური და განსხვავებულია და ეს ასეც უნდა იყოს იმიტომ, რომ საგამომცემლო საქმე, ერთი მხრივ, ბიზნესია, თუმცა, მეორე მხრივ, ხელოვნებაა, ხელოვნება კი ინდივიდუალურობის გარეშე, დამერწმუნებით, ფასს დაკარგავს. ჩვენ მსოფლიოს ყველაზე მცირე წიგნის ბაზრების რიგებში ვართ და თანაც ვსაუბრობთ, ვწერთ და გამოვცემთ იმ ენაზე, რომელიც მხოლოდ ჩვენი მოქალაქეებისთვისაა გასაგები, ამიტომ სრულიად ბუნებრივია, ვერ გვექნება პრეტენზია, რომ ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ესპანურ, არაბულენოვანი ქვეყნების მასშტაბებზე გავიდეთ ჩვენი ლიტერატურის გავრცელების კუთხით, მაგრამ შემიძლია თამამად ვთქვა, რომ განსაკუთრებით 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის მზადების პერიოდში ჩვენმა სექტორმა იმხელა გამოცდილება მიიღო, რომ ჩვენს მასშტაბებში, უმცირესი რესურსით, ხშირად მწვერვალებსაც ვიპყრობთ და მომავალში კიდევ უფრო მეტის გაკეთებასაც შევძლებთ. ჩვენი ლიტერატურა კვლავაც აქტიურად ითარგმნება მსოფლიოს უამრავ ენაზე, არ წყდება ინტერესი ჩვენ მიმართ გერმანიაში, რაც წლევანდელმა ფრანკფურტის ბაზრობამაც დაადასტურა, ყოველთვის ყურადღების ეპიცენტრში ვართ და არათუ ძველი მეგობრები არ გვივიწყებენ, მუდმივად ვიძენთ ახალ მეგობრებსა და პარტნიორებს. ჩვენი სექტორისთვის მკვეთრად დამახასიათებელი ბუნებაა (რაც ყოველთვის ინტერესს იწვევს უცხოელ კოლეგებში) ჩვენი თამამად გამოხატული პოლიტიკური შეხედულებები და პოზიციები, ვფიქრობ, ეს მათ თვალში კიდევ ერთხელ წარმოგვაჩენს როგორც თავისუფალ ადამიანებს. წელსაც, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, ჩვენი დელეგაციის უპირობო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და პროტესტი რუსეთის იმპერიული აგრესიის წინააღმდეგ შეუმჩნეველი არავის დარჩენია. ძალიან ვამაყობ ჩვენი სექტორის ასეთი ბუნებით და მიმაჩნია, რომ წარმოუდგენელიც კია, სამყაროში მიმდინარე ყველაზე აქტუალური მოვლენები და მით უფრო ჩვენს რეგიონში მიმდინარე ომი უყურადღებოდ დავტოვოთ იმ ადამიანებმა, რომლებიც თავისუფალ სიტყვას ვემსახურებით და ვერ ვაცნობიერებდეთ, რამხელა ასპარეზი აქვს ლიტერატურას საიმისოდ, რომ საქართველოს სატკივარი მსოფლიო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი და გასაგები გავხადოთ და ვიბრძოლოთ მისი ევროპული მომავლისთვის.
დიდი იმედი მაქვს, რომ დადგება ის დროც, როდესაც ამ უდიდეს პოტენციალს ჩვენი ხელისუფლებაც სათანადოდ შეაფასებს და დააფასებს, გააცნობიერებს, რამხელა სიკეთის მოტანა შეუძლია ამ პატარა სექტორს ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის არა მხოლოდ კულტურის დარგში, არამედ პოლიტიკური, ეკონომიკური, ტურისტული კუთხით. დიდი იმედი მაქვს, რომ აუცილებლად დადგება ის დრო, როდესაც სახელმწიფო ბრძოლის გამოცხადების ნაცვლად გვერდში დაგვიდგება და ამ დიდ საქმეებში მხარს დაგვიჭერს.
თქვენი დაკვირვებით, რა გამოწვევების წინაშე დგას მსოფლიო და კონკრეტულად ქართული საგამომცემლო სივრცე? ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრისას აღნიშნეთ, რომ სასკოლო სახელმძღვანელოების საავტორო უფლებებთან დაკავშირებით გვქონდა სერიოზული პრობლემები. კიდევ რა სირთულეებს აწყდებოდით მუშაობისას?
ყველა ქვეყნის, დიდ, საშუალო თუ პატარა წიგნის ბაზრებს საკუთარი გამოწვევები აქვს. თუმცა ბოლო, პანდემიურ წლებში ეს გამოწვევები თითქოს საერთო გახდა და ამ ბიოლოგიურ ომში ყველა თანასწორები გავხდით. პანდემიამ დაგვაახლოვა კიდეც, ერთმანეთის მიმართ მეტად სოლიდარულები გაგვხადა და ერთ ენაზეც აგვამეტყველა. თუმცა დღეს, პანდემიური შოკის შემდეგ, მსოფლიო საგამომცემლო ინდუსტრია გამოღვიძებას იწყებს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მალე შევძლებთ ძველ ნიშნულებსაც დავუბრუნდეთ და წინაც გავიხედოთ. ძალიან ბევრ ქვეყანას აწუხებს გამოცემის თავისუფლების, თვითცენზურის, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის, წიგნიერების საკითხები. ბევრგან იჩენს თავს საავტორო უფლებებთან დაკავშირებული საკითხები, პრობლემებია საგანმანათლებლო ლიტერატურის მიმართულებითაც, თუმცა ყოველთვის მოიძებნება დადებითი და უარყოფითი გამოცდილებები.
რაც შეეხება საქართველოს, წიგნის ბაზრის ბოლო კვლევასაც თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ საქართველოში მოქმედი არცერთი გამომცემლობა არ განეკუთვნება დიდი ბიზნესის კატეგორიას, მხოლოდ რამდენიმე ჯდება საშუალო ბიზნესის კატეგორიაში და ყველა დანარჩენი მცირე ბიზნესს წარმოადგენს, ეს უკვე თავისთავად გამოწვევაა. ამას კი, ცხადია, ემატება ქვეყანაში არსებული არასტაბილური ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება, რაც მუდმივად გადაუჭრელს ტოვებს ჩვენი სექტორის მნიშვნელოვან პრობლემებს. სასკოლო სახელმძღვანელოების თემას ზემოთაც შევეხედეთ და მართლაც, ის დარტყმა, რომელიც 2013 წელს განათლების სამინისტრომ მთელ ჩვენს სექტორს მიაყენა, დღემდე აისახება ჩვენს საქმიანობაზე. ამჟამად სასკოლო სახელმძღვანელოების კუთხით სახელმწიფოსთან თანამშრომლობა მეტნაკლებად დასტაბილურებულია, თუმცა მის უარყოფით შედეგებს დღემდე ვიმკით: დავკარგეთ რამდენიმე წელი და უამრავი ენერგია, რაც სასკოლო სახელმძღვანელოების გაუმჯობესებისთვის უნდა მოგვეხმარებინა, ნაცვლად ამისა კი გადარჩენისთვის ვიბრძოდით და ამასთანავე, კერძო სექტორის საავტორო უფლებების ასეთი პირდაპირი უგულებელყოფითა და აბუჩად აგდებით სახელმწიფომ, სამწუხაროდ, იმის მაგალითი მისცა თავის მოსახლეობას, რომ საავტორო უფლებას ამ ქვეყანაში სათანადო ფასი არ აქვს. შედეგად ყოველწლიურად ძლიერდება საქართველოში შავი ბაზარი, რომელიც სავსეა არალეგალური, კონტრაფაქციული გამოცემებით და ასევე ინტერნეტ მეკობრეობა – სოციალური სივრცეც სავსეა დასკანერებული წიგნებით. სახელმწიფო კი აღნიშნულის წინააღმდეგ არანაირ ქმედით ნაბიჯებს არ დგამს, არც კანონმდებლობაა იმის შესაბამისი, რომ ეფექტურად შევძლოთ ამ უკანონობის აღკვეთა. ისედაც პატარა წიგნის ბაზრისთვის კი, მოგეხსენებათ, ეს უდიდესი ფინანსური ზარალია. სხვათა შორის, ამ თვალსაზრისით, ამჟამად ამერიკაში უპრეცედენტო სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ამერიკის უდიდესმა გამომცემლებმა, “ჰაშეტმა”, “ჰარპერ კოლინზმა”, “პინგვინ რენდომ ჰაუსმა” და ლიტერატურულმა სააგენტო “ვაილიმ” გადაწყვიტეს “Internet Archive”-სთვის მათი წიგნების დასკანერებისა და ინტერნეტში უკანონოდ გავრცელებისთვის სასამართლოში ეჩივლათ. პროცესში ჩართულია ამერიკის გამომცემელთა ასოციაცია და მხარს უჭერს გამომცემელთა მსოფლიო ასოციაცია. ამ პროცესისკენ ამჟამად დიდი ყურადღებაა მიპყრობილი იმიტომ, რომ, როგორც ამბობენ, ე.წ. სატესტო პროცესია, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს, როგორ სახეს მიიღებს სამომავლოდ ინტერნეტ მეკობრეობასთან ბრძოლა. იმედია, ჩვენც მივიღებთ ამ თვალსაზრისით გარკვეულ გამოცდილებას, რადგან თუ ეს ყველაფერი ამერიკის წიგნის ბაზარს აზიანებს, ქართული წიგნის ბაზრისთვის, ფაქტობრივად, ნგრევის ტოლფასია. თუმცა, კვლავაც დავძენ, იმისთვის, რომ მსგავს სამართლებრივ ბრძოლას აზრი ჰქონდეს, აუცილებელია გამართული, ქმედითი კანონმდებლობა.
ცხადია, პრობლემური საკითხების ჩამონათვალი გრძელია. აუცილებლად გამოვყოფდი საბიბლიოთეკო სისტემასაც, რომელიც ჩვენს ქვეყანაში, ფაქტობრივად, არ არსებობს. რეგიონული ბიბლიოთეკები არ ეკუთვნის არცერთ სამინისტროს და მათი ახალი წიგნებით მომარაგება თუ ინვენტარით აღჭურვა ამა თუ იმ რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, რაც ცალსახად არასწორი პოლიტიკაა. მოგეხსენებათ, რომ განათლებისა და წიგნიერების, ზოგადად კულტურის მნიშვნელობის შეფასება სახელმწიფო უწყებებში ძალიან უჭირთ, ამიტომ ბიბლიოთეკებს გაჭირვებით გააქვთ თავი. არადა, თუკი ვსაუბრობთ განათლების გავრცელებაზე, წიგნთან ხელმისაწვდომობაზე, ჩვენს საზოგადოებაში თავისუფალი, კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაზე, ამ შედეგის მიღწევა ბიბლიოთეკების გაძლიერების გარეშე, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
ზოგადად კი, პრობლემას ვხედავ კულტურის პოლიტიკაში და/ან კულტურის პოლიტიკის არარსებობაში. თუნდაც მხოლოდ ლიტერატურის სფეროზე რომ ვისაუბროთ, ლიტერატურული ჟურნალების მხარდაჭერის შეჩერება, წიგნისა და ლიტერატურული ფესტივალების უგულებელყოფა, ლიტერატურულ კონკურსებთან ბრძოლა და ცენზურის მცდელობა – ეს ყველაფერი ძალიან საშიში ტენდენციებია, რაც დემოკრატიულ სახელმწიფოს უბრალოდ არ ეკადრება. რაც საბოლოოდ, ცხადია, აფერხებს განვითარებას და ანგრევს მიღწეულს; კრიტიკულად განწყობილი, თავისუფალი ორგანიზაციებისთვის სახელმწიფო მხარდაჭერაზე უარის თქმა თავისთავად თვითცენზურისთვის ნოყიერი ნიადაგის შექმნას ნიშნავს. კულტურის სფეროსადმი ასეთი მიდგომა დაუშვებელია, რადგან ღირებულ ხელოვნებას სწორედ თავისუფალი ადამიანები ქმნიან. ასეთ ხისტ პოლიტიკაში კი სახელმწიფოებრივად აზროვნების ვერანაირ ნიშანწყალს ვერ ვხედავ. მაგრამ მჯერა, რომ ჩვენი სექტორი, ქართველი გამომცემლები და მწერლები ასეთ გამოწვევებს, რომლებიც პერიოდულად გვეღობება და წინსვლაში ხელს გვიშლის, აუცილებლად ღირსეულად გაუმკლავდებიან და თავისუფლების კურსს არასდროს გადაუხვევენ – ისტორიულად ასე იყო ყოველთვის, ასე არის დღესაც და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე იქნება.
© არილი