არილის ბლიცინტერვიუს სტუმარია მწერალი ირაკლი სამსონაძე
როგორ დაიწყებდით ავტობიოგრაფიას?
დაბადებამდე წარსულიდან.
რა უფრო მნიშვნელოვანია, რეალობის ასახვა თუ გამონაგონი?
ხატვა.
თემა, პრობლემა, რომელიც ყველაზე მეტად გაღელვებთ
სამშობლო.
რომელია თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი
ჰამლეტი. შექსპირმა ჰამლეტს კაცობრიობისთვის უმთავრესი კითხვა გააჟღერებინა – ყოფნა – არყოფნა…
კლასიკური ნაწარმოები, რომელიც არ წაგიკითხავთ
ვერ ვიხსენებ.
რომელი ისტორიული პერსონაჟი იწვევს თქვენში ზიზღს?
სტალინი.
თქვენი საყვარელი ფილმი/რეჟისორი? რატომ?
ფელინის „ამარკორდი“. ყოვლისმომცველია, ადამიანის ბავშვობიდან სიკვდილამდეა და ძალიან პოეტურია.
საყვარელი მხატვარი? რატომ?
მირიან შველიძე. იმიტომ, რომ ჩემი მეგობარი იყო და კარგი მხატვარი, ძალიან ექსპრესიული. დრო მოვა და კიდევ უფრო მეტად დაფასდება, ვიდრე ახლა.
ყველაზე უცნაური თვისება, რომელიც გახასიათებთ
სიზარმაცე.
ცრურწმენები ან აკვიატებები თუ გაქვთ?
გატენილი ვარ ცრურწმენებით. მაგალითად, მარჯვენა ფეხით უნდა გავიდე შინიდან, მარცხენა ფეხით არ გავდივარ. ასეთი რაღაცები.
სიკვდილზე თუ ფიქრობთ ხოლმე?
გამუდმებით. სხვანაირად ვერც დავწერდი ვერაფერს. მწერლობა სიკვდილზე ფიქრია. სიკვდილის გარდაუვალობის შეგრძნებაა.
თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი გატაცება
წერა.
ნებისმიერ ისტორიულ მოვლენაში მონაწილეობა რომ შეგძლებოდათ, რომელი იქნებოდა და რას შეცვლიდით მასში?
საქართველოს გასაბჭოებისას, რომ შემძლებოდა, ამას შევცვლიდი. ეჭვი მეპარება, რამე შემეცვალა, მაგრამ მაინც, რადგან ასეთია კითხვა.
დიონისე თუ აპოლონი?
დიონისე.
ნაწარმოები, რომლის ავტორიც იქნებოდით
„დონ კიხოტი“.
ადამიანი, ვისიც გშურთ
არავისი არ მშურს.
თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი შეცდომა
არ ვიცი.
დაასახელეთ თანამედროვე საქართველოს სამი საუკეთესო პოეტი
ბესიკ ხარანაული, ზვიად რატიანი, ლელა სამნიაშვილი.
სიტყვა, რომელიც არ გიყვართ
შური.
თქვენი საყვარელი სიტყვა (სიტყვები)
სიყვარული.
დაასახელეთ 21-ე საუკუნის სამი საუკეთესო ქართული რომანი
ერთს დავასახელებ: ოთარ ჭილაძის „გოდორი“.
ფრაზა, რომელიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია
„გაივლის წლები და დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგომი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია იმ შორეულ საღამოს გაიხსენებს, მამამისმა ყინულის სანახავად რომ წაიყვანა პირველად…“ მაგით რომ იწყება რომანი, ყველაზე მაგარია.
საყვარელი სტრიქონები ვეფხისტყაოსნიდან. რატომ?
„ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“. რატომ და იმიტომ, რომ ბოროტსა სძლია კეთილმან.
რომელია საუკეთესო ქართული ლექსი?
აკაკი წერეთლის „განთიადი“.
რამდენ ენაზე კითხულობთ?
ორ ენაზე: ქართულად და რუსულად.
ქალი/კაცი პერსონაჟი, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ
დონ კიხოტი და ანა კარენინა.
მწერალი, რომელთანაც ისაუბრებდით? რატომ? და რის შესახებ?
ტოლსტოისთან ვისაუბრებდი „ჰაჯი-მურატთან“ დაკავშირებით. გენიალური რამეა.
თქვენი ყველაზე დიდი შიში
შემოქმედებითი სიბერწე.
რომელ დროში ცხოვრებას ისურვებდით?
მეთორმეტე საუკუნის საქართველოში, შოთას დროს.
რომელია საუკეთესო დასასრული?
ოთარ ჭილაძის „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან“ – „ცალხელა კაცს მეტი არც მოეთხოვება“. ზუსტი წერტილია.
ენა თუ ამბავი? რატომ?
ამბავი ვერ იქნება, თუ ენა არ არის. ამბავი მოაქვს ენას, ამიტომაც, პირველ რიგში, ენა.
პროცესი თუ შედეგი?
პროცესი.
რომელია თქვენი მეთერთმეტე მცნება?
ათი მცნების დაცვა.
როგორც ჟურნალისტი, რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?
როდემდე?
ყველაზე დასამახსოვრებელი ამბავი, რომელიც ოდესმე გსმენიათ ან წაგიკითხავთ
რაც მსმენია, ის დავწერე „ქელეხი-ქორწილში“. რეალური ამბავია, ქუთაისელი კაცი იყო, კოლორიტული და მამაჩემისგან გავიგე – თავის საოხრეს გადაუხადა ქელეხი. მარტო ქართველს შეიძლება გაეკეთებინა.
რა აზრის ხართ ლიტერატურის კრიტიკოსებზე
ლიტერატურული კრიტიკის გარეშე ლიტერატურა არ არსებობს. სრულფასოვანი არ არის. კრიტიკას დიდი ფასი აქვს და უმნიშვნელოვანესია.
წიგნები, რომელთა შინაარსებიც საერთოდ არ გახსოვთ
რამდენიც გინდა! წამიკითხავს და აღარ მახსოვს.
რა იქნებოდა თქვენი პერსონალური ჯოჯოხეთი?
როცა ვერ ვწერ, ეგ არის ჯოჯოხეთი. მაშინ იწყება უბედურება, ჩემ ჭკუაზე არა ვარ.
თქვენს პერსონალურ სამოთხეს როგორ აღწერდით?
ტანჯვიდან შვება.
მთელი ცხოვრება ერთი წიგნის წაკითხვა რომ მოგისაჯონ, რომელს აირჩევდით?
„ვეფხისტყაოსანს“.
კითხვა, რომელზე პასუხიც გინდათ, რომ იცოდეთ
მერე რა არის, სიცოცხლის მერე?
წინა რესპონდენტის შეკითხვა: თქვენ როგორ გესმით სიტყვა „წარემართას“ მნიშვნელობა „შუშანიკის წამების“ დასაწყისში: „კარად სამეფოდ წარემართა ვარსქენ პიტიახში“?
წავიდა, მე ასე მესმის.
რას ჰკითხავდით შემდეგ რესპონდენტს?
შენი მთავარი კითხვა რა არის?
© არილი