ახალი ამბები,  ახალი წიგნები

ოქტომბრის ბიბლიოდღიური

ოქტომბერში გამომცემლობებს არაერთი საინტერესო სიახლე ჰქონდათ. ერთი მხრივ, ნობელიანტი მწერლის რომანი ითარგმნა პირველად, მეორე მხრივ, კარგად ნაცნობი ტექსტის ახალი თარგმანის წაკითხვა გახდა შესაძლებელი. გარდა ამისა, გამოიცა ის რომანიც, რომელსაც მკითხველი დიდხანს ელოდა.

ოქტომბერში გამოცემული წიგნების შესახებ უფრო ვრცლად ჩვენს ბიბლიოდღიურში წაიკითხავთ:

ანი ერნო, „წლები“, გამომცემლობა “პალიტრა L”, 2022, მთარგმნელი: ლალი უნაფქოშვილი

წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია ფრანგ მწერალსა და ლიტერატორს, ანი ერნოს მიენიჭა. მისი რომანი “პალიტრა L”-მა გამოსცა და შეძენას ფესტივალზე შეძლებთ.

რომანი ,,წლები” აგებულია მწერლის თორმეტი ფოტოსურათისა და მეხსიერებაში დალექილი მოგონებების, განცდების, მოვლენების გარშემო. ეს წიგნი არის ცდა, აღადგინოს კოლექტიური მეხსიერება ინდივიდუალურ მეხსიერებაში: ეპოქისთვის დამახასიათებელი კადრები, ფოტოები, ისტორიული მოვლენები, სლოგანები თუ რეკლამები – ყველაფერი ერთად აღებული ავტორისთვის ამბის თხრობის ინსტრუმენტია.

ეს რომანი არაერთი ჯილდოს მფლობელია და ბევრი კრიტიკოსი მას ანი ერნოს მაგნუმ ოპუსად მიიჩნევს.

ფრანსუა ვიიონი, „მცირე ანდერძი, დიდი ანდერძი“, სულაკაურის გამომცემლობა, 2022, მთარგმნელი: დავით წერედიანი

XV საუკუნის ფრანგი პოეტის, ფრანსუა ვიიონის (1431 – 1463) შემოქმედებამ ჩვენამდე მისი ხელნაწერებისა და გამოცემული წიგნების ფრაგმენტების წყალობით მოაღწია. ვიიონის ძირითად ნაწარმოებებად მისი მცირე და დიდი ანდერძები მიიჩნევა. ამ კრებულში, ანდერძების გარდა, ვიიონის ჩართული ლექსები – ბალადებიცაა მოცემული.

პოლ ვალერი მის შემოქმედებას ასე აფასებდა: „…ვიიონს ყველა დროში კითხულობდნენ, მაგრამ მისი სახელი დღეს კიდევ მეტი დიდებით არის მოსილი, ვიდრე ოდესმე… ეს პოეზია თამამად უძლებს ყოველგვარ შედარებას შემდგომ ეპოქებთან, იმასთან, რაც მომდევნო ოთხი საუკუნის დიდმა პოეტებმა შემოიტანეს ყველაზე ძალმოსილი თუ ყველაზე სრულყოფილი. ვინაიდან ფორმას ოქროს ფასი აქვს“.

„მცირე ანდერძი, დიდი ანდერძი“ სულაკაურის „მსოფლიო კლასიკის“ სერიას შეემატება.

კობო აბე, „სხვისი სახე“, სულაკაურის გამომცემლობა, 2022, მთარგმნელი: ირაკლი ბერიაშვილი

მკითხველი დიდხანს და მოუთმენლად ელოდა კობო აბეს წიგნს „სხვისი სახე“, რომლის შეძენაც ფესტივალზე იქნება შესაძლებელი.

შეუძლია ადამიანს სახის გარეშე არსებობა? შეიცავს სახე რაღაც შეუცვლელს და იმდენად ფასეულს, რომ უმისოდ ადამიანი საკუთარ თავსაც კარგავს?

ეს ერთადერთი კითხვა არ არის, რომელსაც კობო აბე მკითხველის და ალბათ საკუთარი თავის წინაშეც სვამს.

ამ რომანში მწერალს მკითხველი შეჰყავს ადამიანის სულის უძირო სამყაროში; სამყაროში, სადაც ბურუსი და უაზრო ქაოსი მეფობს. ძალიან ძნელია ამ დახლართულ და იდუმალ ლაბირინთში ხეტიალი და იქიდან გამოსავლის პოვნა.

ამ ყველაფერს კიდევ უფრო ართულებს ის, რომ ადამიანები ერთთავად ნიღბით დადიან. ხანდახან საკუთარ რეალურ სახესთან პირისპირ დარჩენისაც ეშინიათ. დროდადრო კი ისეც ხდება, რომ ეს გამოგონილი სახე-ნიღაბი დამოუკიდებელ არსებობას იწყებს.

კობო აბე ჩვეული ოსტატობით აშიშვლებს ნიღბებისა და რეალური სახეების ამ მასკარადს და ყველაფერს, რის დამალვასაც ადამიანები ყველანაირად ვცდილობთ.

ფიოდორ დოსტოევსკი, „იდიოტი“, სულაკაურის გამომცემლობა, 2022, მთარგმნელი: გივი კიკილაშვილი

1867 წლის მიწურულს, 27 ნოემბრის ცივ, ნესტიან დილას, ვარშავიდან მომავალ მატარებელში ერთმანეთს სრულიად შემთხვევით, მაგრამ საბედისწეროდ გადაეყრებიან პარფენ სემიონოვიჩ როგოჟინი და ლევ ნიკოლაევიჩ მიშკინი – ასე იწყება მსოფლიო ლიტერატურის გამორჩეულად ღრმა, მისტიკური და მრავლისმომცველი რომანი, ფიოდორ დოსტოევსკის (1821-1881) „იდიოტი“.

„იდიოტის“ ახალი თარგმანი „მსოფლიო კლასიკის“ სერიაში გამოიცემა. იმავე სერიაში დოსტოევსკის სხვა წიგნების შეძენაც არის შესაძლებელი („მოთამაშე/იატაკქვეშეთის ჩანაწერები/უპოვარნი“,„დანაშაული და სასჯელი“, „ძმები კარამაზოვები“).

© არილი

Facebook Comments Box