• პროზა

    ბექა ქურხული – აჭარელი


    მეოცე საუკუნის ოციან წლებში საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროს, ხევსურები და ფშაველები არღუნის ხეობაში იყვნენ გადასულები მითხოველებთან შესარიგებლად.

    ლაპარაკის დროს, ჯარეგის თემში, სოფელ ჭანეთის ზემოთ მინდორზე, ერთ მითხოველს თავისის შინშის-ბიძაშვილის ნაქონი, ნაქისტარი კარაბინი დაუნახავს სულხანაურთ გიგიას ხელში. ის მითხოველი ხევსურების ხელით იყო მოკლული. ქისტს უცვნია თავისი მკვდარი ბიძაშვილის ნაქონი კარაბინი და გაგიჟებულა.

  • AUDIO,  ახალი წიგნები,  რეცენზია

    მალხაზ ხარბედია – უილიამ ბატლერ იეიტსი – კელტური მიმწუხრი


    AUDIO

    გამომცემლობა “ინტელექტმა” ნობელიანტების სერიაში გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პოეტის, უილიამ ბატლერ იეიტსის კრებული გამოსცა, სადაც მედეა ზაალიშვილის მიერ თარგმნილი იეიტსის ლექსები, პიესები და პროზაული ტექსტებია შესული.

    ირლანდიელებზე ერთხელ ერთმა რუმინელმა თქვა ძალიან ზუსტად. უფრო სწორად, ერთ ირლანდიელ ემიგრანტზე თქვა ერთმა რუმინელმა ემიგრანტმა. ანუ ემილ მიშელ ჩორანმა – სემუელ ბეკეტზე თქვა: “ბეკეტი ირლანდიელია. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ აბსოლუტურად არაარსებითი”-ო. კიდევ ერთი ასეთი დიდი ირლანდიელი შეიძლება გავიხსენოთ, ოღონდ მისი ირლანდიელობა უფრო არსებითი იყო და არა გადამწყვეტი, ანუ ჯეიმს ჯოისი, ვინაც ასევე უარი თქვა ირლანდიაზე, წლების მანძილზე არ დაბრუნებულა იქ და შემდგომი ცხოვრება დუბლინის ტექსტში, “ულისეში”. ზემოთჩამოთვლილი მაგალითების გარდა კიდევ არსებობს ერთი, უმნიშვნელოვანესი მაგალითი, რომელიც ხშირად ამოდის ლიტერატურის მოყვარულის მეხსიერებაში, და იგი უილიამ ბატლერ იეიტსია, კელტური აღორძინების უმთავრესი წარმომადგენელი და ინგლისური მოდერნიზმის ერთ-ერთი სიმბოლო, ირლანდიური პოეტური კულტურის გვირგვინი და თანამედროვე მსოფლიო პოეზიის წინაპარი. სხვათა შორის, იეიტსს ეკუთვნის ერთი ძალიან საინტერესო გამონათქვამი მშობლიური ენის შესახებ. მან ირლანდიური ენის შესახებ თქვა ერთხელ, ირლანდიური ჩემი ნაციონალური ენაა, მაგრამ არა მშობლიურიო. ამ მხრივ მას ბევრი რამ აკავშირებდა ტავის ანტიპოდთან, ჯოისთან. ლიტერატურათმცოდნე ზაზა შათირიშვილმაც იეიტსზე საუბარი სწორედ პოლუსების მონიშვნით დაიწყო, სადაც ერთ მხარეს იეიტსი აღმოჩნდა, მეორე მხარეს კი ჯოისი:

    “იეიტსი მიეკუთვნება XIX საუკუნის დასასრულისა და XX-ის დასაწყისში აღმოცენებულ იმ მოძრაობას, რომელსაც უწოდებენ კელტურ ან ირლანდიურ აღორძინებას. ამ თვალსაზრისით, შეიძლება ვთქვათ, რომ იეიტსი და ჯოისი ირლანდიური კულტურის ორი პოლუსია. იეიტსი, რომელიც ცდილობდა ირლანდიური ფოლკლორისა და მითოსის აღორძინებას, ცხადია ინგლისურ ენაზე, და მეორე მხრივ ჯოისი, რომელმაც უარი თქვა ირლანდიაზე, შეგნებულად წავიდა ირლანდიიდან და ისე გარდაიცვალა, რომ არასოდეს დაბრუნებულა ამ ქვეყანაში”.

    იეიტსი კი ათწლეულების მანძილზე ირლანდიის სიმბოლოდ იქცა, იგი იყო უძველესი კელტური სამყაროს მთავარი მესიტყვე, მაგრამ ამავე დროს ინგლისურენოვანი პოეტი, რომელმაც მნიშვნელოვანწილად შეცვალა მისი თანამედროვე ენა და პოეტური კულტურა:

    “უამრავი მისი პოეტური ფრაზა იქცა იდიომად. ისინი ინგლისური ენის ნაწილი გახდა და დღეს ბევრმა არც იცის, რომ რაღაც გამოთქმები სწორედ იეიტსს ეკუთვნის. მაგალითად, როდესაც საბჭოთა კავშირი ინგრეოდა, იწერებოდა სტატიები ასეთი სათაურებით – The Centre Cannot Hold, ანუ ცენტრი ვეღარ იკავებს, ეს სიტყვები კი იეიტსის “მეორედ მოსვლიდანაა”. ან კიდევ, Thing Fall Apart, როცა ყველაფერი იფანტება. ან ფრაზა ლექსიდან “გაცურვა ბიზანტიისკენ”, That is no country for old men, არ არის ადგილი მოხუცებისათვის, სიტყვები, რომელიც დღევანდელი საქართველოსვისაც ძალიან მნიშვნელოვანია”.

    ზაზა შათირიშვილი, ისევე, როგორც ბევრი სხვა ლიტერატურათმცოდნე, ორ პერიოდს გამოჰყოფს იეიტსის შემოქმედებაში:

    “ორი პერიოდი გამოიყოფა მართლაც. პირველს ნამდვილად შეიძლება დავარქვათ სიმბოლისტური პერიოდი. სიმბოლისტური ამ სიტყვის ფრანგულ-ქართულ-რუსული გაგებით. ეს ის პერიოდია, როდესაც იეიტსის ტექსტი იქსოვება ემბლემებით, როგორც მას პოლ დე მანი უწოდებდა, ანუ ემბლემური ხატებისაგან. როცა კითხულობ მის ადრეულ კრებულებს, ხვდები, რომ ეს არის ძალიან გამჭვირვალე და მარტივი სიმბოლიზმი, როგორიც არის მაგალითად, ადრეული პაოლო და ტიციანი, ძალიან ადრეული ბლოკი… სადაც ეს ემბლემური ხატები ლექსიდან ლექსში გადადის. ასეთი ხატებია – ქარი, ირემი, ლერწამი, ვარდი… ვარდის ხატი, შეიძლება ითქვას, მთლიანად გასდევს იეიტსის შემოქმედებას.”

    მაგრამ 10-იანი წლებიდან მის ლექსებში გარდატეხა მოხდა:

    “10-იანი წლებიდან იწყება გარდატეხა, და სხვათა შორის ეს რამდენადმე დაკავშირებული იყო ისეთ პოეტთან, როგორიც არის ეზრა პაუნდი, რომელიც მასზე გაცილებით უმცროსი იყო. 10-იან წლებში პაუნდი, შეიძლება ითქვას, თავს ახვევს იეიტსს და ხდება მისი მდივანი. ისინი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში თანაცხოვრობენ, სთოუნ კოტეჯში, იეიტსის ცნობილ კოშკში (სხვათა შორის, მის ერთ-ერთ ბოლო კრებულს ასეც ქვია), და აქედან იცვლება იეიტსის სტილი, ანუ 10-იანი წლების შუა პერიოდიდან ხდება გარდატეხა იეიტსის პოეზიაში. ოღონდ გარდატეხა არა ტექნიკურ-ფორმალისტური, არამედ თემატურ-შინაარსობრივ-მოტივური, იცვლება პოეტის ხატწერა. ადრეული, მარტივი ემბლემურ-სიმბოლური ხატწერა იცვლება უფრო ჰერმეტული და მრავალმნიშვნელოვანი ხატებით”.

    იეიტსის ამ პერიოდის ლირიკა, ისევე როგორც ადრეული ლექსები, ამ კრებულშიცაა წარმოდგენილი. მედეა ზაალიშვილის მრავალწლიანმა შრომამ მოიცვა ასევე იეიტსის უმნიშვნელოვანესი წიგნი “კელტური მიმწუხრი” სრულად, 5 პიესა და სხვ. საინტერესო მასალები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კრებულში შევიდა იეიტსის ქრესტომათიული ლექსების ქართული თარგმანებიც. მაგალითად, “გაცურვა (ან მოგზაურობა) ბიზანტიისკენ”. ლიტერატურათმცოდნე ზაზა შათირიშვილი ამ ლექსსაც შეეხო ჩვენთან საუბარში:

    “იეიტსის ბიზანტიას არაფერი კავშირი არა აქვს იმ ბიზანტიასთან, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ. იეიტსის ამ ლექსში ბიზანტია არის მარადიული სიბრძნისა და ახალგაზრდობის ეზოთერულ-უტოპიური მხარე. ლექსი, როგორც ვიცით, იწყება სიტყვებით, რომ თანამედროვე სამყაროში არ არის ადგილი მოხუცებისთვის… მაშ სად? სადაც არის მარადიული ახალგაზრდობა, განახლება, ანუ ბიზანტიაში. და ბოლოს პოეტი ხვეწნით მიმართავს, ოღონდ ვის, არ ჩანს, რომ თუკი მეორეჯერ დაბადება მიწერია, მინდა, რომ მოვიდე როგორც ოქროს ჩიტი, რომელიც ბიზანტიის იმპერატორსა და სეფექალებს გამოაღვიძებს სიმღერით იმის შესახებ, რაც იყო, რაც არის და რაც იქნება… ეს არის ქრესტომათიული ალუზია არამხოლოდ პარმენიდეზე, არამედ კალხასის, ცნობილი წინასწარმეტყველის ფრაზაზე ჰომეროსიდან, რომელმაც იცოდა რაც იყო, რაც არის და რაც იქნება…

    ცხადია ძნელია გაუძლო ცდუნებას და იეტსისა და ირლანდიის ურთიერთობის ისტორია საქართველოს არ დაუკავშირო. ამ ცდუნებას ვერც როსტომ ჩხეიძემ გაუძლო 80-იანი წლების დასაწყისში, როცა იეიტსზე დაწერა სტატია. ეს სტატია ამ კრებულს უძღვის წინ და იგი თავის დროზე იეიტსის შემოქმედების ერთგვარი შესავალიც იყო ქართველი მკითხველისთვის. ეს წერილი შესაძლოა ბევრს ახსოვს მასში მოთხრობილი იდუმალი ისტორიით იმის შესახებ, თუ როგორ მიიღო კოლაუ ნადირაძემ უცნობისგან საერთაშორისო ფოსტით გამოგზავნილი ამანათი, რომელშიც ქართველი პოეტისთვის აბსოლუტურად უცნობი პოეტის, უილიამ ბატლერ იეიტსის მოზრდილი ტომი იდო.

    ასე ჩამოაღწია თავის დროზე იეიტსმა საქართველოში, ახლა კი უკვე მედეა ზაალიშვილის თარგმანში უფრო სრულყოფილი წარმოდგენა შეგვიძლია შევიქმნათ პოეტზე, რომლისთვისაც ირლანდიელობა არსებითიც იყო და გადამწყვეტიც.

    © radiotavisupleba.ge

  • AUDIO,  ახალი წიგნები,  კრიტიკა,  რეცენზია

    მალხაზ ხარბედია – ლელა სამნიაშვილის "ფრაქტალები"


    AUDIO

    გამომცემლობა”სიესტამ” ლელა სამნიაშვილი ახალი პოეტური კრებული, “ფრაქტალები” გამოსცა.გამომცემლობა

    “ფრაქტალები” ლელა სამნიაშვილის რიგით მეოთხე კრებულია. 4 წლიანი პაუზის შემდეგ ბევრისთვის კარგად ნაცნობმა და საყვარელმა პოეტმა კიდევ ერთხელ მოუყარა თავი ახალ ლექსებს. ზოგის აზრით ლელა შეიცვალა ამ ბოლო კრებულში, თუმცა არის რაღაცეები, რაც მუდმივად რჩება ლელაში – პირველ რიგში ეს არის ინტონაცია, შემდეგ ლექსის ვიზუალური მხარე და რა თქმა უნდა, მუდმივი თემები. ამაზე ღირს უფრო ჩაღრმავებით ვილაპარაკოთ, სხვა დროს, მანამდე კი ლელას 12 წლის წინანდელი ერთი პატარა ლექსი მინდა გავიხსენო, რომელმაც მის ბოლო კრებულში ახალი სიცოცხლე შეიძინა.

    მაშინ ლელა ასე წერდა:

    ვიდრე თვალები შეაშრება

    მწვანე აკვარელს, –

    თვლიდეს ადამი

    დღისით – ვაშლებს,

    ღამით – ვარსკვლავებს…

    და უცაბედად მოგინდება

    სურვილით, მწველით –

    ედემში იყოს ორი პოეტი –

    ევა და გველი.

    გადავშლით მის ბოლო კრებულს და ვკითხულობთ პირველივე ლექსის სათაურს – “გაფრენა. ლილიტი”, სადაც გაცილებით უფრო რთულადაა დამუშავებული ეს 12 წლის წინანდელი თემა. ასეთი დიქრონული ვარიანტები და თემატური გამეორებები სხვაც ბევრია კრებულში და ზოგმა შეიძლება ამასაც დაუკავშიროს წიგნის სახელწოდება, “ფრაქტალები”. ყოველ შემთხვევაში, თავად ლელა სამნიაშვილი ასე განმარტავს სათაურს:

    “ფრაქტალები არ არის მაინცდამაინც ჰუმანიტარული ტერმინი. ქაოსი სიმეტრიიდან… იგი უფრო გეომეტრიული ტერმინია და არის ისეთი ფიგურა, რომელიც თავის თავს იმეორებს სხვა მასშტაბით, უფრო მცირე, ან უფრო ფართო მასშტაბით. გააჩნია საიდავ ვიწყებთ ათვლის წერტილს და მიმართულებას. მე საერთოდ მაინტერესებს ფიზიკა, მათემატიკა და ფრაქტალების ცნებაც აქედან მოვიდა. მემგონი ზოგადად ფარდობითია ყველაფერი და ამ ცნების გადატანა შესაძლებელია პოეზიაშიც. იმიტომ, რომ სიტყვები, იდეები ისევე იმეორებენ ერთმანეთს და მოიცავენ ერთმანეთს ისევე, როგორც ეს გეომეტრიული ფიგურები”.

    კრებულში ბოლო რამდენიმე წლის ლექსებმა მოიყარა თავი:

    “აქ არის შესული ბოლო სამი წლის პერიოდში დაწერილი ლექსები და ბევრი არც მირჩევია. ძირითადად თითქმის ყველა ლექსი შევიდა, რაც ბოლო წლებში დავწერე. ეს ლექსები ძირითადად ლიტერატურულ პერიოდიკაში დაიბეჭდა, “ლიტერატურა – ცხელ შოკოლადში”, “ჩვენს მწერლობაში”, ლექსები ქვეყნდებოდა ლიტერატურულ საიტებზეც და ბოლოს ყველა ამ ლექსმა ერთ კრებულში მოიყარა თავი”.

    მანამდე კი თანამედროვე ქართული და უცხოური პოეზიის მკითხველს ლელას წიგნების გარდა მის თარგმანებსაც შევახსენებ. პირველ რიგში სილვია პლათის ლექსებს, რომელიც წიგნადაც გამოსცა და სულ ახლახანს გამოცემულ პლათის რომანსაც, “ზარხუფი”, რომელმაც, სამწუხაროდ ცუდად მიაღწია მკითხველამდე. მახსოვს ლელას სულ პირველი პუბლიკაცია ჩვენთან, “არილში”. ეს იყო ინგლისურენოვანი პოეტების მცირე ანთოლოგია, 1997 წლის იანვარში დაბეჭდილი, ემილი დიკინსონი, თომას ჰარდი და სხვები:

    “ზოგადად, მგონია, რომ ყველა მავნე ჩვევა მოდის ბავშვობიდან, ისევე, როგორც კარგი ჩვევები. და პოეზიაც ჩემთვის ერთ-ერთი ასეთი მავნე ჩვევაა, შეიძლება ითქვას, იმიტომ, რომ ბავშვობაშივე დავიწყე თხზვა, ჯერ ზეპირად, მერე წერილობით და მივეჩვიე წერას, გაყვა სკოლის პერიოდს, ხოლო სტუდენტობის პერიოდიდან უკვე “არილში” ვბეჭდავდი ჩემს ლექსებს. თან ჩემი ფაკულტეტი ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი იყო, და ამასთანავე ვთარგმნიდი ამერიკულ და ბრიტანულ პოეზიას, ასევე პროზას. ჩემი პირველი კრებული 2000 წელს გამოქვეყნდა. გამომცემლობა “მერანმა” დაბეჭდა. კრებულს “ფოტოაბები” ერქვა, შემდეგ ამას მოჰყვა “კავკასიური სახლის” მიერ გამოშვებული “გველის წელიწადი” და “სიესტამ” გამოსცა 2006-ში “მუდმივი ტატუ” და ეს არის ჩემი მეოთხე კრებული””.

    ამ ოთხივე კრებულის მანძილზე, რომელიც ლექსის თხზვის 10-ზე მეტ წელს მოიცავს, ლელა, შეიძლება ითქვას, ერთხელაც არ გადასცდენია თავის ძირითად გეზს, მას არასდროს გადაუხვევია არჩეული გზისთვის, პოეტური ქარაფშუტობა, ანუ მოდუნება მას არ ჩვევია. იგი ყოველთვის ზუსტია, მკაცრი და მოქნილი. მისი თანამედროვე პოეტები, თითქმის ყველა თაობის, სწორედ ამ სიზუსტეს მიიჩნევენ მის მთავარ თვისებად. ერთის აზრით, ლელასთან მხოლოდ ზუსტი და მართალი მეტაფორები გვხვდება, იგი “არ იპრანჭება”, მასთან ვერ იპოვი თითიდან გამოწოვილ სახეებს და ფრაზებს. მისი ხმა არასდროს აგერევა სხვებისაში, ლელას შეუძლია იყოს ძალიან ბასრიც და ძალიან ფაქიზიც. ნაწილისთვის მთავარი ღირსება ისაა, რომ ლელას ლექსებში ხშირად აქვს პოზიცია, მკვეთრად გამოხატული პოზიცია. სხვებს ლელას ლექსები გარეგნულადაც მოსწონს, იტაცებს მისი ხაზოვანება, შეიძლება ითქვას გეომეტრიულობა, ტირეების პატარ-პატარა ხიდები (გავიხსენოთ თუნდაც ცვეტაევა). ზოგისთვის ლელა ზედმეტად ცივია, სხვებისთვის კი ეს ღირსებაა. იგი არ შიშვლდება სხვა პოეტებივით, მისი სახეები ახალია, არ გვხვდება კლიშეები და კლიშესაც მხოლოდ იმიტომ მიმართავს, რომ მისი დეკონსტრუქცია მოახდინოს. როგორც ერთმა მისმა კოლეგამ მომწერა ამასწინათ, “ლელას შენელელბული მოქმედების ბომბი აქვს ზოგ ლექსში. მშვიდად და დამაჯერებლად გიწყობს ამბოხს“.

    დაახლოებით ასეთია პოეტი ლელა სამნიაშვილი, ხშირად ძალიან ჰერმეტულიც, ძნელად გასაგები. როგორც ზემოთაც ვთქვით, იგი ზუსტია, მაგრამ ეს სიზუსტე სიცხადეს არ ემსახურება, არამედ სრულყოფილებას, უფრო სწორად, ამისკენ სწრაფვას.

    სხვა საქმეა ლელას ლექსის ფორმალური მხარე, ბგერები, მუსიკალობა, რითმა. იგი ხშირად ძალიან რთულ გზას ირჩევს, ბეწვის ხიდზე გადის, რათა რიტმულ და რითმულ ბანალობებს თავი დააღწიოს. მაგალითად, მას ასეთი ლექსი აქვს, “მთვარეული”:

    მთვარე თმის სარჭია –

    მაღლა წევს ღამის ცას –

    ჩინური ქაღალდის ფარანი,

    და რომც მოვაცილოთ

    ცას დეკორაცია,

    არ მოისაკლისებს არავინ.

    რომელიც ქართული ლექსისთვის ძალზე იშვიათი ორი საზომის შეხამებითაა დაწერილი, ექვსმარცვლიანით და ცხრამარცვლიანით. ეს საზომები გურამიშვილიდან მოყოლებული ვიცით, ექვსმარცვლიანის ყველაზე ცნობილ ნიმუშს გალაკტიონის “ქებათა ქება ნიკორწმინდას” წარმოადგენს, ცხრამარცვლიანი კი კარგა ხანს უქმად იყო, მხოლოდ მთიბლურში გვხვდებოდა და ერთი-ორგან გალაკტიონთან, სანამ ლელამ არ მოარგო ექვსმარცვლიანს.

    ლელას კიდევ ერთი თვისებაა ის, რომ იგი კარგი მკითხველია და არც თავისი თანამედროვეებისთვის იშურებს სიტყვებს:

    “საბედნიეროდ, მგონი, დღეს უკვე ისეთი მომენტი დადგა ქართულ პოეზიაში, რომ გამიჯვნა ქალ ავტორებსა და მამაკაცებს შორის და სიხარული იმის გამო, რომ გამოჩნდა ასეთი საინტერესო ქალი-ავტორი, უკვე უადგილოა. ძალიან ბევრი კარგი ქალი ავტორია და ძალიან ბევრის დასახელება შეიძლება, წინა თაობიდან დაწყებული, სადაც ელა გოჩიაშვილია, რა თქმა უნდა, კიდევ უფროა ადრე ძალიან საინტერესო იყო ლია სტურუას შემოქმედება, დალილა ბედიანიძე, მოგვიანებით რუსუდან კაიშაური, მაია სარიშვილი, თეონა ბექიშვილი წერდა, თუმცა კარგა ხანია მისი აღარაფერი წამიკითხავს, ეკა ქევანიშვილი ჩემთვის ძალიან საინტერესო ავტორია… ბევრია, ძნელია ჩამოსათვლელადაც. ბოლო დროს კიდე დიანა ანფიმიადი გამოჩნდა, რომელიც ასევე ძალიან საინტერესოა ყველა თვალსაზრისით. თუმცა, ამის მიუხედავად, მე მაინც ვერ ვიტყოდი, რომ რამე განსაკუთრებული აქცენტია გასაკეთებელი ან ადგილია მისაჩენი ქალი პოეტებისთვის. საბედნიეროდ”.

    სხვათა შორის, თავად ლელასაც არ აკლია ყურადღებიანი მკითხველი და შემთხვევითი არაა, რომ ყველაზე კარგად ლელას ლექსები სწორედ პოეტებს ესმით.

    © radiotavisupleba.ge

  • AUDIO,  ესე,  პორტრეტი,  რეცენზია

    მალხაზ ხარბედია – მალტე ლაურიდს ბრიგე – 100


    AUDIO

    წელს შესრულდა 100 წელი რაინერ მარია რილკეს ერთად-ერთი რომანის, “მალტე ლაურიდს ბრიგეს ჩანაწერების” გამოცემიდან.

    XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში პრაღამ ორი დიდი მწერალი აჩუქა მსოფლიოს, რილკე და კაფკა, ორი განდეგილი, რომელთა ლექსები და პროზა განმსაზღვრელი აღმოჩნდა არამხოლოდ სიტყვიერების, არამედ აზროვნების ისტორიისთვისაც. მათი ცხოვრება დღევანდელი გადმოსახედიდან მსოფლმხედველობრივ გმირობად მოჩანს, შემოქმედება კი ერთგვარ წინასწარმეტყველებად იქცა, რაშიც ბევრი დარწმუნდა წლების მანძილზე.

    რილკეს ერთად-ერთი რომანის, “მალტე ლაურიდს ბრიგეს ჩანაწერების” გამოსვლიდან წელს 100 წელი გავიდა, რომანი კი დღემდე არ კარგავს აქტუალობას და წესით ყველა თაობის ადამიანს უნდა აკითხებდეს თავს. უფრო მეტიც, იგი შეიძლება ახალი, ყველაზე თანამედროვე იმპულსების მომცემიც კი გახდეს. ეს მომავალში. მანამდე კი მოდით ვნახოთ, რა ადგილი უკავია “მალტე ლაურიდს ბრიგეს ჩანაწერებს” გასული საუკუნის კონტექსტში. რომანის მთარგმნელის, ნაირა გელაშვილის აზრით, “ჩანაწერები” ბევრი რამისთვის აღმოჩნდა განმსაზღვრელი:

    “ეს რომანი წინ უსწრებს ქრონოლოგიურად XX საუკუნის რომანს და ჩანასახობრივად მოიცავს ყველა არსებით ნიშანსა და შტრიხს, რაც შემდეგ ჩვენ უკვე ვნახეთ განვითარებული XX საუკუნის რომანების უზარმაზარ მასაში. რილკეს ეს რომანი სხვადასხვა ასპექტებს მოიცავს, რომელიც რა თქმა უნდა, პირველ რიგში არის ტრადიციული რომანის მსხვრევა, რეალისტურ თხრობას ჩვენ აქ ვეღარ ვხედავთ და მთლიანად, თავისი სტრუქტურით, განწყობილებითა და პრობლემებით, ეს ნამდვილად XX საუკუნის რომანია და აქ წამოჭრილი პრობლემები გახდა შემდეგ ძირითადი, წამყვანი ფილოსოფიური მიმართულებების საფუძველი, როგორც მაგალითად, სიცოცხლის ფილოსოფია, ეგზისტენციალიზმი, ფენომენოლოგია და ა.შ. და საოცარი ეს რომანი სწორედ იმით არის, რომ რა პრობლემებიც შემდეგ უზარმაზარ ფუნდამენტურ ფილოსოფიურ ნაშრომებად და დიდ რომანებად გაიშალა, ამ შედარებით პატარა მოცულობის რომანშია წარმოდგენილი ძალიან კომპაქტურად”.

    რილკეს ეს რომანი 90-იანი წლების დასაწყისში წავიკითხე. სამოქალაქო ომი ახალი დამთავრებული იყო, აფხაზეთის ომი კი ალბათ სულ ახალი დაწყებული. ვისაც არ ახსოვს, შევახსენებ, რომ ნაირა გელაშვილის მიერ თარგმნილი “მალტე” 1992 წელს გამოვიდა: არსებობდა ასეთი სერია, “საზღვარგარეთული რომანი”, პრიალა უსახური ყდები, ე.წ. “სკრეპებით” დაკერებული გვერდები, მოყვითალო ქაღალდი… რომანის გამოსვლა ჩვენი ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდს დაემთხვა, პერიოდს, როცა ნახევარი ჯოჯოხეთი უკვე გავლილი გვქონდა, ნახევარზე მეტი კი – გასავლელი. მახსოვს როგორ დავეწაფეთ მაშინ ახალ საკითხავებს, პირველად გამოიცა აკრძალული წიგნები, ქართველები, რუსები, უცხოელები, ჰაერში გაიელვებდნენ ხოლმე ფილოსოფიური მიმდინარეობები, სახელები, წიგნის სათაურები, ცნებები. ყველას პირზე ეკერა სიტყვა – “გაუცხოება”. რილკეს ეს რომანიც ამ გაუცხოების პიკზე გამოვიდა საქართველოში, რაც ნაირა გელაშვილის ძველ წინასიტყვაობაშიც ჩანს, თუმცა დღეს ამ გაუცხოების კიდევ ერთი სახე გამოვიდა წინა პლანზე:

    “აი ასეთი შეკითხვა ისმება თვითონ რომანში: ნუთუ შესაძლებელია, რომ ადამიანის მთელი სულიერი მუშაობის, მთელი გამოცდილების, მთელი ცოდნისა თუ მიღწევების მიუხედავად, ის მაინც ზედაპირზე დარჩეს. აი ეს არის შესაძლებელი და ეს არის დაშვებული რომანში, რომ დიახ, ეს ასეა, და რომ საუკუნეები სასკოლო შესვენებასავით გაუშვეს ხელიდან, რომლის დროსაც ვაშლსა და ბუტერბროდს მიირთმევდნენ. ამით შეძრული იყო რილკე, და მასთან ერთად ყველა დიდი მოაზროვნე. ანუ ამდენი საუკუნე კაცობრიობამ იმისთვის იმუშავა, იღვაწა და იბრძოლა, რომ დღეს ასეთი ადამიანი მიგვეღო, როგორიც მივიღეთ? აი ეს არის რილკესთვის უდიდესი სასოწარკვეთის საფუძველი. იგი ამბობს, რომ ასე ცხოვრების გაგრძელება აღარ შეიძლება. მან დაინახა XX საუკუნის დასაწყისში, რომ ადამიანი იმდენად დაშორდა თავის არსს და შესაბამისად სამყაროს და სამყაროს შემოქმედ ძალას, რომ შეუძლებელია ამან უბედურება არ მოიტანოს”.

    ამ თვალსაზრისით რილკე ერთ-ერთი პირველი ეკო-რომანის ავტორიცაა, რომანი წინასწარმეტყველებისა, სადაც მსოფლიო ომების გარდა თანამედროვე ადამიანის დამანგრეველი ბუნებაცაა განჭვრეტილი.

    რილკე რომანის წერას 1904 წელს შეუდგა რომში, მასზე 6 წლის მანძილზე იმუშავა და ამ დროის მანძილზე იმხელა ენერგია შეალია ამ ნაწარმოებს, რომ შემდგომმა რამდენიმე წელმა, შეიძლება ითქვას, დუმილში ჩაიარა:

    “რომანის დაწერის შემდეგ 12 წლის მანძილზე ის იყო ნერვიული უმოქმედობისა და სიჩუმის მდგომარეობაში. არაფერი არ დაუწერია, მხოლოდ “მარიამის ცხოვრება” გამოაქვეყნა, ლექსების კრებული, მაგრამ ესეც იყო ძველი ლექსების გადამუშავება. ფაქტობრივად, 12 წელიწადი ეს იყო გარინდებული მდგომარეობა და საკუთარ თავში, საკუთარ სულში უკან მიქცევის, ანუ ძალიან ღრმა შინაგანი მუშაობის პერიოდი”.

    ეს განდეგილობისა და “უკან მიქცევის” წლები ორი ძალიან მნიშვნელოვანი პოეტური ციკლით დაგვირგვინდა, რომელიც თითქმის ერთდროულად დაიწერა. “დუინური ელეგიები” და “სონეტები ორფევსისადმი”, შეიძლება ითქვას, “მალტე ლაურიდს ბრიგეს” ნაბახუსევზე შექმნილი შედევრებია, დასავლური პოეზიის გვირგვინი, მსოფლიო პოეტური აზროვნების მწვერვალი. და ეს ყველაფერი მოჰყვა რომანს, რომელმაც გაფრთხილებასავით გაიჟღერა თავის დროზე:

    “ეს არის რომანი განგაში, ალარმისტული რომანი, რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება და რომ უნდა მოხდეს ადამიანის სასწრაფოდ გარდაქმნა. თუმცა რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უტოპიად დარჩა, იმიტომ, რომ რეალურად მართალია კი წარმოიშვა ახალი ღირებულებები და ძალიან დადებითი რამ ევროპაში, როგორიცაა ეკოლოგიური მოძრაობები, ბუნების დაცვითი მოძრაობები, იგივე ქალის უფლებების დაცვა, ბავშვის უფლებების დაცვა… სწორედ რილკე ამბობდა, რომ XX საუკუნე უნდა იქცეს ბავშვის უფლებებისთვის ბრძოლის საუკუნედო, რადგან ქალის უფლებები უკვე დადგა დღის წესრიგში, მაგრამ ბავშვზე არავინ ლაპარაკობსო. და რილკესთან სწორედ ამ ევროპას ვხედავთ, რომლის სულშიც იკვეთება ეს ღირებულებები და რომელიც იწყებს ბრძოლას სამართლიანობის ყველა ფორმისთვის”.

    კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი რილკეს ამ რომანში, ყველაფრის ახლიდან დაწყებაა. უფრო სწორად, ეს დეტალი კი არა, თემაა, რომანის მთავარი თემა:

    “ის ამბობს, რომ დღევანდელი ადამიანი არის ის, ვისაც ყველაფერი თავიდან აქვს სასწავლი. მან ყველაფერი მცდარად იცის: სიყვარული, თხრობა, ბუნებასთან მიმართება და ისეთი პროზაული რაღაცაც კი, როგორიცაა ძილი, ჭამა, დასვენება. ერთი სიტყვით, დღევანდელმა ადამიანმა არაფერი სწორად არ იცის”.

    ასერომ, ჩავთვალოთ, რომ ყველაფერი ისევ თავიდან გვაქვს დასაწყები და დროზე დავიწყოთ, დავიწყოთ, თუნდაც რილკედან.

    © radiotavisupleba.ge

  • AUDIO,  ახალი წიგნები,  კრიტიკა,  რეცენზია

    მალხაზ ხარბედია – პირველი ქართული სამხედრო რომანი


    AUDIO

    გურამ მეგრელიშვილისა და თამაზ დემეტრაშვილის ახლხანს გამოსული რომანი irrata.ru მთლიანად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს ეძღვნება.

    ბოლო დროს ძალიან ხშირად ისმის ჩივილი თანამედროვე ქართული რომანის ერთფეროვნების შესახებ. მკითხველის პასიურობის ერთ-ერთი მიზეზი, ხარისხთან ერთად, არჩევანიცაა, რადგან დღეს შეუძლებელია ქართულ ბაზარზე შეიძინო კარგი ქართული დეტექტივი, პოლიტიკური რომანი, საყმაწვილო პროზა, და მრ. სხვ. ე.წ. სამხედრო რომანიც ამ ხარვეზთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, სანამ რამდენიმე თვის წინ, გამომცემლობა “ალიანსმა” გურამ მეგრელიშვილისა და თამაზ დემეტრაშვილის რომანი irrata.ru არ გამოსცა, წიგნი, რომელიც მთლიანად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს მიეძღვნა.

    ეს არ არის დოკუმენტური რომანი, არამედ ალტერნატიული სიუჟეტის მქონე ნაწარმოებია, სადაც რეალობის საპირისპიროდ, მოვლენები გასხვავებულად ვითარდება. ეს არის რეალურ ფაქტებზე დამყარებული ე.წ. მოდელირებული რომანი, რომელიც ყველაზე ცნობილი ეროვნული მოდელირებისგან განსხვავებით, რომელიც გასულ წელს ვიხილეთ “იმედის” ეთერით, მომავალს კი არ ეწვალება, არამედ, წარსულის რეკონსტრუქცია-ცვლილებას ახდენს.

    ამ რომანის შექმნის იდეა საქართველოს ფარგლებს გარეთ დაიბადა, ამერიკულ გამომცემლობა “ალიანსში”. გამომცემლობის მესვეურებმა მოისურვეს ერთ-ერთი რუსი ავტორის მიერ დაწერილი წიგნის საპირისპიროდ, რომელიც ამახინჯებდა რუსეთ-საქართველოს ომის ფაქტებს, შექმნილიყო წიგნი, სადაც მოვლენების ალტერნატიული განვითარება იქნებოდა წარმოდგენილი. აქვე გეტყვით, რომ ამ ალტერნატიული სიუჟეტის მიხედვით ომში იმარჯებს ქართული მხარე, რუსეთის ჯარები კი მთლიანად ტოვებენ საქართველოს ფარგლებს.

    რუსეთ საქართველოს ომის შესახებ უკვე დაიწერა რამდენიმე ნაწარმოები, სადაც ასევე შეიძლება თვალი გავადევნოთ ალტერნატიულ სიუჟეტს, რის მაგალითადაც ზაზა ბურჭულაძის “ადიბასი” გამოდგება, მაგრამ ბურჭულაძის აბსურდულ-კომიკური აქცენტებისგან განსხვავებით, irrata.ru-ში ყველაფერი სერიოზულად ხდება და იგი გარკვეულ ზემოქმედებაზეა გათვლილი. ანუ პირდაპირ რომ ვთქვათ, სამხედრო რომანის გარდა, ეს არის, პროპაგანდისტული რომანი, ჟანრი, რომელიც კარგადაა აპრობირებული დასავლეთში (განსაკუთრებით ჰოლივუდის პროდუქციაში) და რომელიც კონკრეტულ მიზნებზეა გათვლილი. იმას, რომ irrata.ru პროპაგანდისტული რომანია, არც ერთ-ერთი ავტორი გურამ მეგრელიშვილი უარყოფს:

    “მე ვთვლი, რომ გარკვეულწილად ასეც არის. თუმცა მე ძალიან დიდი სურვილი მქონდა ასე არ ყოფილიყო და ძალიან მკაცრი ვყოფილიყავი ჩვენი მოსახლეობის მიმართაც, მაგრამ წერის პროცესს ხშირად ვერ ვაკონტროლებთ ავტორები. ასე ვთქვათ, თავისით ვითარდება მოვლენები და ისე გამოვიდა, რომ გარკვეულწილად არის კიდეც პროპაგანდისტული რომანი, ანუ ის ოდნავ სენტიმენტალური მომენტები, რომელიც გვხვდება წიგნში რამდენიმე ადგილას, ზუსტად იმას ემსახურება, რომ რაღაცნაირად იმოქმედოს ჩვენზე და წიგნის მიზანიც ეს იყო, რომ ჩვენი თვითშეფასება რაღაცნაირად ამაღლებულიყო და გამოვსულიყავით საცოდავი მდგომარეობიდან”.

    წიგნი ორი ნაკადისგან შედგება, ერთი ესაა მხატვრული ტექსტი, სადაც რამდენიმე მთავარი გმირი მოქმედებს და მეორე, ახალი ამბების რიგი, ანუ სამხედრო ოპერაციების მსვლელობის მშრალი აღწერა. ეს მეორე დისკურსი ხაზგასმით თანამიმდევრულია, ზუსტად ისეთი, როგორადაც აღწერს ხოლმე მოვლენებს ქართული სატელევიზიო მედია, და სავსეა კლიშეებითა და შემდეგნაირი გამოთქმებით: “გაკეთდა პირველი კომენტარები…”, “ვიდეომასალა გადაღებულ იქნა უპილოტო საფრენი აპარატებიდან…”, “ყველა გზა ქართული შენაერთების მიერ იყო კონტროლირებული…”, “საჰაერო თავდაცვის ძალებმა სრული კონტროლი დააწესეს…”, “ქვედანაყოფები სრულ მზადყოფნაში მოვიდნენ…” და ა.შ. ცხადია ავტორებმა ეს რეალობის ეფექტისთვის გააკეთეს, თუმცა საბოლოო ეფექტი მკითხველს მაინც რომანის ბოლოს ელის, სადაც ნათქვამია, რომ “რუსული მხარე აიძულეს ხელი მოეწერა ქაღალდისთვის, რომლის თანახმადაც ის სრულად დატოვებდა სსაქართველოს ტერიტორიას და ეს უახლოესი ერთი თვის განმავლობაში უნდა მომხდარიყო”.

    გურამ მეგრელიშვილს უკვე იცნობს ქართველი მკითხველი, იგი თავიდან ზემხას ფსევდონიმითაც წერდა, თუმცა ამ რომანში ეს ავტორი მაინც ძნელი საცნობია, რადგან იგი ისეთ ამოცანას შეეჭიდა, რომელიც ალბათ გარკვეულ დათმობებზე წასვლასაც მოითხოვდა. კარგადაა დაწერილი რეტროსპექტივები, ე.წ. ანალეფსისები, როცა ავტორი ამათუიმ პერსონაჟის ამბავს ან ბიოგრაფიას გვიყვება და წარსულში გადავყავართ, ასევე ძლიერია ზოგიერთი სცენა, დახასიათებები, თუმცა რომანში კლიშეებსაც ვხვდებით. მაგალითად, როდესაც ერთ-ერთი გმირი ცხინვალის დაბომბვის ამბავს გაიგებს, საქმეში მთხრობელი ერთვება: “მიშას შიგნით რაღაცამ გაიტკაცუნა”. იგივე პერსონაჟი უსუსურად გრძნობს თავს, რადგან არ შეუძლია ცხინვალში შესვლა და თავისი მცირეწლოვანი შვილის გადმოყვანა და “მის სხეულში, შიგნით, ვიღაც მოიკუნტა და გაისუსა”. მემგონი ასე წერის დრო წავიდა, განსაკუთრებით ომზე როცა ვწერთ.

    რომანში ძალიან ბევრი მზეა. მზეა ქვესათაურებშიც, მზეს ემალებიან ჯარისკაცები, თბილისელები, თუმცა მეორეს მხრივ განუწყვეტლივ ღამეზეა საუბარი. და ეს დაპირისპირება გარკვეული დრამატურგიული ხერხის ფუნქციას იძენს. საქმე იმაშია, რომ ქართველ მეომრებს ღამის მოწყობილობა აქვთ, რუსებს კი არა, ქართველებს ხელს სიბნელე გვიწყობს, რადგან ღამის ხედვის ხელსაწყოებით ვართ აღჭურვილი და საბოლოოდაც რომანში ყველაფერს სწორედ ღამის ოპერაცია წყვეტს. ფინალური შეტევის წინ ისტორიული სიტყვები გაისმის. ოპერაციის ხელმძღვანელი ამბობს: “იმედია ღამის ხედვის ელემენტები ყველას დატენილი გაქვთ ბიჭებო…”.

    ცხადია, მოდელირებისა და ჟანრის კანონების გამო რომანი კომპიუტერულ თამაშსაც ემსგავსება. ბევრი უცხოური კომიქსის, რომანისა თუ ფილმის მიხედვით გაკეთებული თამაშები გვინახავს, მაგრამ თამაში, რომელსაც ერთ-ერთი ამერიკული კომპანიის შვილობილი ქართული კომპანია შემოგვთავაზებს მალე, იმით გამოირჩევა, რომ იგი ქართული პროდუქტის მიხედვით იქნება მომზადებული. მართალია ტექნიკური ბაზა თამაშს უცხოური ექნება, “სტალკერისა”, მაგრამ სამაგიეროდ სიუჟეტი და გმირები ადგილობრივები იქნებიან, პლიუს რა თქმა უნდა რუსები და ამერიკელები.

    ავტორს რომანის, როგორც იტყვიან, მთავარი მესიჯის შესახებაც ვკითხე:

    “ჩემი მხრიდან მთავარი მესიჯი შემდეგია. ჯერ ერთი როცა ვწერ, უფრო სწორად, როცა ვამთავრებ წიგნის წერას, ავტორიდან მკითხველად ვიქცევი და ის ტექსტი ჩემი საკუთრება ნამდვილად აღარ არის… შესაბამისად, ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის ამ ტექსტის მთავარი “მესიჯი” რამდენიმე მკვეთრად გამოხატული ტიპაჟი იყო – პირველ რიგში ქოთანა, მიშა, სტალკერას რომ ეძახიან… და ეს ადამიანები ნაწარმოების ბოლოს რაღაცნაირად გარდაიქმნებიან. მხოლოდ ქოთანა რჩება ისევ ისეთად, ჰოდა მეც სწორედ იმის თქმა მინდოდა, რომ არ უნდა დავრჩეთ ქოთანად. სხვათა შორის, ჩემს თავშივე ვეძებდი მის მანკიერებებს. მას პროტოტიპი არა ჰყავს, საკუთარი არაცნობიერიდან ამომყავდა ეს გმირი და ჩემს ქოთანას დავცინოდი და განვიკითხავდი, ასე ვთქვათ. ეს ქოთანობა უნდა მოვსპოთ, რომ ომის დროს ფანჯრის რაფაზე არ უნდა იჯდე და მეზობლის ოს ქალთან შევარდნაზე და გაუპატიურებაზე არ უნდა ფიქრობდე, მარტო იმიტომ, რომ გაგამართლებენ”.

    მოკლედ, პირველი ქართული სამხედრო რომანი, მხნე პროპაგანდისტული ელფერით, უკვე სახეზეა, ბევრმა ინტერესით წაიკითხა წიგნი, სხვებმა აითვალწუნეს. მთავარი ერთია, ქართული რომანის მწირ შემადგენლობას, კიდევ ერთი წევრი შეემატა და როგორც გურამ მეგრელიშვილმა გვითხრა, სულ მალე იგი მეორე, ქართული პროზისთვის ასევე უცხო ჟანრის, ჰორორის ათვისებასაც შეეცდება.

    © radiotavisupleba.ge

  • ახალი წიგნები

    ახალი წიგნები – 2011 – მარტი

    ზურაბ ლეჟავა, “უხურდავებელი მონეტა”, მოთხრობები, თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2010.

    გასული წელი ზურაბ ლეჟავასთვის განსაკუთრებულად წარმატებული გამოდგა: ჯერ იყო და მისი წიგნი – “ბავშვის ნაკბენი კარალიოკზე ოქტომბრის თვეში” ლიტერატურულ კონკურს “გალას” გამარჯვებული გახდა, მერე მოთხრობა “მაცივარი სექსისა წილ” ილინოისის ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ მომზადებულ “საუკეთესო ევროპული მოთხრობების კრებულში” შევიდა, წლის ბოლოს კი “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” კიდევ ერთი კრებული გამოსცა, რომელსაც ამჯერად წარმოგიდგენთ. “უხურდავებელი მონეტა” კრებულის მთავარი მოთხრობაა, რომელიც ზურაბ ლეჟავამ 2010 წელს დაწერა. მასში ავტორისთვის სახასიათო იუმორითაა აღწერილი პროფესორ კუზანოვის მიერ ტრანსსექსუალი მამაკაცის სხეულიდან შექმნილი ორი არსების – ტასოსა და მისი კლონის, ვასოს ისტორია. “წყვილს” ერთმანეთი შეუყვარდება და დაქორწინების უფლების მოსაპოვებლად ბენილუქსში გასამგზავრებას გადაწყვეტს, რისთვისაც ფული სჭირდება. ამ მიზნით ტასო და ვასო შავი მაგიის მაგისტრები ხდებიან, რათა შემდეგ ქვესკნელიდან გამოძახებულ მაჯლაჯუნას შავი კატის სანაცვლოდ უხურდავებელი მონეტა დასცინცლონ. მთავარი სიუჟეტის ფონზე მოთხრობაში თანამედროვე ქართველ პოლიტიკოსთა მთელი არმია გაიელვებს, ძირითადად, გაშარჟებულ-იუმორისტული სახით. საერთოდაც, ეს მოთხრობა მთლიანად ერთი დიდი შარჟია – ცრურწმენების, ცრუფასეულობებისა და ცრუიდეალების წინააღმდეგ მიმართული. კრებულში ხუთი მოთხრობაა შესული.

    ბესო სოლომანაშვილი, “რეისი ლონდონი-ზუზუმბო”, მოთხრობები, თბ, დიოგენე, 2010

    პირველი მოთხრობა, რომლითაც ბესო სოლომანაშვილი მკითხველმა გაიცნო და მწერლების წრეშიც დააფასეს, იყო “კონტრაბანდისტები”.Aმისი გადამუშავებული ვერსია ავტორმა ამ წიგნშიც შეიტანა. მისი ავტორობით ორი პროზაული კრებული გამოიცა: “კონტრაბანდისტები” და “ზამორა.” ეს უკანასკნელი განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ამავე სახელწოდების ვრცელი მოთხრობის, “ზამორას” გამო, რომელიც გასული საუკუნის მიწურულის ტაბუდადებულ თემებს ასახავდა. “რეისი ლონდონი-ზუზუმბო” ბესო სოლომანაშვილის მესამე წიგნია, რომელიც მწერლის სამ ახალ და ერთ ძველ მოთხრობას აერთიანებს. კრებულის ცენტრალური ოპუსი, რასაკვირველია, “რეისი ლონდონი-ზუზუმბოა,” ვრცელი მოთხრობა, რომელიც ზუზუმბოზე მცხოვრები კახელი მევლუდასა და თუში არჩილას ლონდონური “ვოიაჟის” ამბავს გვიამბობს. ერთს – შვილის ავადმყოფობა, მეორეს მატერიალური პირობები აიძულებს აიბარგონ მადლიანი კახეთიდან და ინგლისის დედაქალაქში არალეგალურად იმუშაონ. მიუხედავად იმისა, რომ უსამშობლოოდ უჭირთ, თავის გატანას ასე თუ ისე ახერხებენ, ვიდრე აღდგომის ერთ მზიან დღეს ქართული ტრადიციები არ “შემოუტევთ” და ლონდონელი ბატკნის დაკვლას გადაწყვეტენ. როგორ დასრულდება ეს სევდიანი, თუმცა იუმორით მოყოლილი ამბავი, წიგნიდან შეიტყობთ.

    შოთა ჩანტლაძე, “100 ლექსი”, შემდგენელი ჯარჯი ფხოველი, თბ, ინტელექტი, 2010

    გამომცემლობა “ინტელექტი” “100 ლექსის” სერიას განაგრძობს. ამჯერად შოთა ჩანტლაძის ლექსებს გვთავაზობს. ეს პოეტი ბოლო წლებში ზოგმა ხელახლა წაიკითხა, ზოგმა უბრალოდ, აღმოაჩინა, ყველა ერთად კი მიხვდა, რომ საქმე ჰქონდათ ნამდვილ პოეტთან, რომელმაც ნაადევად დატოვა წუთისოფელი. პოეტის სიცოცხლეში მისი ლექსები არ დაბეჭდილა, არც ხმამაღლა წაკითხვა უყვარდა. შოთა ჩანტლაძის პირველი წიგნი – “წავიდა თოვლი” 1971 წელს გამოსცა მუხრან მაჭავარიანმა. მეორე, შედარებით სრულყოფილი – “თენდება, ღამდება” კი 1984 წელს – ემზარ კვიტაიშვილმა. მან ჯერ კიდევ ორმოცდაათიან წლებში ჩაუყარა საფუძველი სამოცდაათიანების პოეზიის განუყოფელ ნაწილს – ვერლიბრსა და ირონიულ-პაროდიულ ნაკადს, თუმცა მისი ლექსები კარგა ხანს დარჩა შეუმჩნეველი. მიუხედავად იმისა, რომ ირგვლივ ხელოვანი ადამიანები ეხვია, ლიტერატორთა და სტუდენტთა ვიწრო წრის გარდა მის პოეზიას თითქმის არავინ იცნობდა.

    პაატა ქურდაძე, “ფსიქოდელიური ქრონიკა 2009”, წიგნი გამოცემულია ასოციაცია Moulin de P.-ს მიერ, თბ. შპს “თობალისი,” 2010,

    “პაატა ქურდაძე – მწერალი, ესეისტი, დოკუმენტალისტი. დაიბადა საქართველოში, ქალაქ თბილისში 1958 წელს. 1991 წლიდან ცხოვრობს საფრანგეთში, ქალაქ პარიზში” – ეს ის მწირი ინფორმაციაა, რასაც “ფსიქოდელიური ქრონიკის” ავტორის შესახებ წიგნის გარეკანზე ვკითხულობთ. უფრო ვრცლად კი მასზე თავად გამოცემიდან შეიტყობთ. პაატა ქურდაძეს საქართველოში ნაკლებად იცნობენ (უფრო სწორად, ნაკლებად იცნობდნენ ამ წიგნის გამოსვლამდე). მარტო იმიტომ არა, რომ ოცი წელია პარიზში ცხოვრობს. მაინცდამაინც აფიშირებული არც მაშინ იყო, როდესაც თბილისში მყოფი მეგობრებთან ერთად “რეაქტიული კლუბის” შემოქმედებას ქმნიდა. იმ პერიოდში მისი მეგობრები – კოტე ყუბანეიშვილი და ირაკლი ჩარკვიანი უფრო ჩანდნენ. პაატა ქურდაძის ლექსებსაც ხშირად მათ მიაწერდნენ. ამას არც განიცდიდა – მთავარი იყო “რეაქტიკოსთა” კონცეფცია მიეტანათ მკითხველამდე, თუმცა საბოლოოდ ვერც ეს ოცნება აიხდინა და 90-იანი წლების დასაწყისში პარიზში რამდენიმე თვით წასული, იქაურობას ორ ათეულ წელიწადს შემორჩა. ფრანგულ საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში “ყურებამდე ჩაფლული” საქართველოს არ ივიწყებს და მიუხედავად ფიზიკური შორსმყოფლობისა, ქართულ სინამდვილეს არ წყდება. მეტიც, ცდილობს ბოლომდე ჩაყვეს თითოეულ ფაქტსა თუ მოვლენას, ჩაწვდეს მათ არსს და ძირისძირობამდე გაანალიზოს თანამედროვე ქართულ ყოფაში არსებული პრობლემები. წიგნში საუბარია 2009 წლის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე, თუმცა პარალელურად ბოლო ორი ათწლეულის საქართველოს ისტორიაც არის მიმოხილული. “ფსიქოდელიური ქრონიკა” წლის განმავლობაში მომხდარ თითქმის ყველა მეტნაკლებად მნიშვნელოვან სოციალ-პოლიტიკურ და კულტურულ მოვლენას ეხმაურება. ავტორი სვამს მწვავე შეკითხვებს, რომლებმაც ნიჰილიზმისა და უნიათობის ჭაობში ჩაფლულ ქართულ საზოგადოებაზე სილის გალაწუნებასავით უნდა იმოქმედოს, თუმცა, რამდენად რეალური იქნება შედეგი, მომავალი გვიჩვენებს.

    თამარ ბარბაქაძე, “ლირიკის ჟანრები”, რედაქტორი: ირმა რატიანი, თბ, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, 2010.

    თამარ ბარბაქაძის ეს ნაშრომი ლირიკის უმთავრეს ჟანრებს: ოდას, ჰიმნსა და ელეგიას ეთმობა. ტერმინი “ლირიკოს” პირველად ელინისტური ეპოქის ცნობილმა ფილოსოფოსმა ფილოდემუსმა გამოიყენა თავის თხზულებაში, რომელშიც პოეზიას კომიკურად, ტრაგიკულად და ლირიკულად ყოფს. თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობაში ამ ტერმინს განსხვავებული მნიშვნელობა აქვს. დღეს “ლირიკა” გულისხმობს ლექსის ფორმით დაწერილ ყველა მცირე ნაწარმოებს, რომელშიც პოეტის განცდები და ემოციაა გადმოცემული. ლირიკის, როგორც ლიტერატურის ერთ-ერთი ძირითადი გვარის გამოყოფა მხოლოდ მე-18 საუკუნეში მოხდა, თუმცა მისი საყოველთაოდ მიღებული დეფინიცია დღემდე არ არსებობს. ლირიკის უმთავრესი ჟანრების გარდა ნაშრომში განხილულია ლირიკული ციკლის განვითარების ეტაპები, ლირიკული გმირისა და ავტორის ურთიერთმიმართების პრობლემა, “გრაფიკული” და “კომბინატორული” ლექსი. ასევე გაანალიზებულია სამეცნიერო ნოვაციები ლირიკის თეორიაში.

    რევაზ ლომინაძე, “რუსული მართვა-გამგებლობა საქართველოში”, რედაქტორი ფარნაოზ ლომაშვილი, თბ. ემ-პი-ჯი, 2011

    მიუხედავად ამ თემაზე დაწერილი არაერთი ნაშრომის თუ მონოგრაფიისა, რუსული მართვა-გამგებლობა ქართულ ისტორიოგრაფიაში სათანადოდ გააზრებულ-დამუშავებული ჯერ კიდევ არ არის. მთელი რიგი საკითხები, მათ შორის, აღმოსავლეთ საქართველოში რუსული მმართველობის დამყარების პროცესი, ცვლილებები მმართველობაში 1840 წლის რეფორმამდე და რეფორმის შემდეგ, საქართველოს მართვა-გამგებლობის მიმართ რუსეთის მმართველ წრეებში არსებული წინააღმდეგობის არსი, საქართველოში რუსი მოხელეების სამართლებრივი და ფაქტობრივი მდგომარეობა და სხვ. ზედაპირულად და ხშირ შემთხვევაში, მიკერძოებულადაა გაშუქებული. რევაზ ლომინაძე ამ ნაშრომში ქართულ და რუსულ საარქივო წყაროებში აღმოჩენილ ახალ მასალებს ამზეურებს. ეს კი საფუძველს გვაძლევს ამ თემასთან დაკავშირებული საკითხები განსხვავებულად დავინახოთ და სწორად გავაანალიზოთ ისინი. მონოგრაფიაში დეტალურადაა მიმოხილური საქართველოში რუსული მმართველობის დამყარების პროცესი, მისი სტრუქტურა, ხასიათი და ევოლუცია, ადმინისტრაციული რეფორმისთვის მზადება, განსაზღვრულია საქართველოში რუსეთის ადმინისტრაციული პოლიტიკა 1801-1844 წლებში. ნაშრომი დიდ დახმარებას გაუწევს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებითა და ზოგადად, საქართველოს ისტორიით დაინტერესებულ ადამიანებს.

    ნიკოლო მაკიაველი, “მთავარი”, იტალიურიდან თარგმნა, წინასიტყვაობა და კომენტარები დაურთო ბაჩანა ბრეგვაძემ, რედაქტორი: თეა ქიტოშვილი, თბ. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2010.

    სერია “სამხედრო ბიბლიოთეკა” სპეციალურად სამხედრო პირებისთვის შეიქმნა, თუმცა მისი ეგიდით გამოცემული წიგნები ამ სფეროს წარმომადგენელთა გარდა სხვებსაც დააინტერესებს. მაგალითად, პოლიტიკოსებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ლაპარაკია იტალიური რენესანსის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ წარმომადგენელზე, ისტორიკოსსა და სახელმწიფო მოღვაწე ნიკოლო მაკიაველზე; ადამიანზე, რომლისთვისაც მიზანი ამართლებს საშუალებას. “მთავარი” მაკიაველის ცხოვრებისეული გამოცდილებისა და ისტორიის ანალიზის ნაყოფია, რომელიც 1532 წელს, მისი გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ გამოიცა. ამ წიგნმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა მომდევნო თაობების მმართველთა აზროვნებაზე. მაკიაველი მიიჩნევს, რომ პოლიტიკის წარმოება, რომელიც ხალხის მიმართ პასუხისმგებლობას გულისხმობს, კრიტიკულ სიტუაციაში არ შეიძლება ეფუძნებოდეს ისეთსავე მორალს, როგორც კერძო ურთიერთობებში. მორალით სარგებლობა პოლიტიკაში უპასუხისმგებლობის ტოლფასია, რადგან ასეთ დროს მმართველმა შეიძლება დაკარგოს ყველაფერი: საკუთრება, თავისუფლება, მოქალაქეების სიცოცხლე – რისი უფლებაც მას არა აქვს. ნაშრომში გამოთქმულია არაერთი საინტერესო მოსაზრებაა, მათ შორის ლაშქრის შერჩევისა და მოწყობის, მმართველობის ფორმების, დაპყრობილი ქვეყნების მართვისა და სხვათა შესახებ. მკითხველი ასევე გაეცნობა ბაჩანა ბრეგვაძის წერილს, სადაც მთარგმნელი საკუთარ შეხედულებას გვთავაზობს მაკიაველის პიროვნებასა და მის მსოფლმხედველობასთან დაკავშირებით.

    ვაცლავ ჰაველი, “გთხოვთ, მოკლედ”, თარგმნა სულხან მუხიგულაშვილმა, რედაქტორი: ნათია ნაფეტვარიძე, თბ. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2010.

    თქვენ წინაშეა გამოჩენილი ჩეხი მოღვაწის, ესეისტის, დრამატურგის, დისიდენტისა და წარსულში ორი სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტის, ვაცლავ ჰაველის ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელიც ავტორმა 2006 წელს დაწერა. იგი ჟანრის კლასიკურ ჩარჩოებში ვერ თავსდება და ეს არც არის გასაკვირი, თუ ავტორის მრავალმხრივი შემოქმედების არაორდინარულობას გავითვალისწინებთ. გამოცემაში აღწერილია ვაცლავ ჰაველის მოღვაწეობა ხავერდოვანი რევოლუციიდან (1989) 2003 წლამდე – როდესაც მისი მეორე ვადით პრეზიდენტობა დასრულდა. წიგნი სამ დამოუკიდებელ ჟანრს მოიცავს: პასუხებს ჟურნალისტ კარელ ჰვიჟძალას შეკითხვებზე; .ჰაველის მიერ მისი აპარატის, კანცელარიისა და სხვა პირებისადმი წერილობით გაცემულ ბრძანებებს, თხოვნებს, დავალებებს და ვაშინგტონში ხანგრძლივი ვიზიტისას დაწერილ დღიურს, რომელიც მიკროესეების კრებულის სახეს ატარებს. სამივე ჟანრი ენაცვლება ერთმანეთს (ხანდახან ერთ გვერდზე სამივე გვხვდება), რაც ნაწარმოებს ექსპრესიულობას ანიჭებს და საინტერესოდ საკითხავს ხდის. ავტორი გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს პრეზიდენტის ინსტიტუტზე, მთავრობასთან ურთიერთობაზე, პარტიებისა და საზოგადოების როლზე პოლიტიკურ ცხოვრებაში, სახელმწიფოს როლზე მსოფლიოში და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც აუცილებლად დაინტერესებს ქართველ მკითხველს.

    © „ლიტერატურაცხელი შოკოლადი

  • ესე (თარგმანი)

    იოსიფ ბროდსკი – ა. პლატონოვის ქვაბულის ბოლოსიტყვაობა

    სამოთხის იდეა ადამიანური აზროვნების ლოგიკურ დასასრულს წარმოადგენს იმ გაგებით, რომ უფრო შორს ეს აზროვნება ვერ მიდის; რადგანაც აღარაფერია სამოთხის მიღმა, აღარაფერი ხდება. და ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ სამოთხე – ჩიხია; ესაა უკანასკნელი თვალის შევლება სივრცეზე, საგნის დასასრული, მთის მწვერვალი, პიკი, საიდანაც ვეღარსად გადააბიჯებ, მხოლოდ ქრონოსში – სწორედ ამიტომაც შემოჰყავთ ხოლმე მარადიული ცხოვრების ცნება. იგივე შეიძლება ითქვას ჯოჯოხეთის შესახებაც.
  • ესე,  პორტრეტი

    დავით ანდრიაძე – თოჯინები და ანგელოზი

    იმპროვიზაციები ზურაბ ნიჟარაძის ოპუსების თემებზე



    “თუკი სიზმარს ჩემთვის ბედნიერება მოაქვს, ხოლო გამოფხიზლებას – უბედურება, მე შემიძლია ვიძინო და არასოდეს გამოვფხიზლდე”

    ლ.არიოსტო, “შმაგი ორლანდო”




    პეპლების კონცერტი

    მაინც, რით მხიბლავს ნიჟარაძე? ჩემგან ნუ გაიკვირვებთ და უპირველეს ყოვლისა, იმით, რომ იგი ზედმეტად არაფერს ართულებს. საოცრად ტაქტიანი მხატვარია. ტაქტიანთან და კორექტულთან კი – სხვა გზა არაა, – შენც ტაქტიანი უნდა იყო. ნიჟარაძე ახერხებს, იყოს, ასე ვთქვათ, ჩვენი “ყველა”, თანაც მხოლობით რიცხვში. ამ ჩემს ტექსტში ნათარგმნი ინტონაცია თავადვე დავიჭირე, თუმცა თარგმნადობა არც ნიჟარაძისთვისაა მთლად უცხო!

    ახლა განვაგრძოთ… “არიან მხატვრები, რომლებიც ჩვენს “შესახებ” არ არიან (სტილში ნუ შემედავებით – ჩემი საქმისა მე ვიცი!)” ნიჟარაძეში კი სწორედაც ჩვენს საკუთარ თავს ვცნობთ, იგი ჩვენს განცდებს ეხმიანება. ჭკუისა არ იყოს, “გაზომილი” აქვს ჩვენი გრძნობები, იცის მისი “სუსტი”, ანუ მგრძნობიარე წერტილები, ეროგენული ზონები. იცის, როგორადაც გამოიწვიოს თანაგრძნობა, სად გააბას ესთეზისის მაინტრიგებელი ძაფი და სად გაწყვიტოს, სად აუწიოს ხმას, სად დაუწიოს (მეც ხომ ვიცი?!).

    ვინა სთქვა, თითქოს მისი ფერწერა უშუალო იყოს? უშუალო კი არა, ეს უფრო “ახალი გულწრფელობაა”. ამგვარი მხატვრობა თავდაცვითი ხასიათისაა. ეს არის საკუთარ ნიჟარაში შეყუჟვა. ამასთან, გზაა უხეში მატერიის წინააღმდეგ მიმართული, სიმძიმის წინააღმდგომი გზა, იმ სიმძიმისა, რომელიც გარდუვალადაც კი უნდა საჭიროებდეს ფერწერისაგან რეალიზაციასა და ფორმას. მაგრამ დგება დრო, როცა მხატვარი გამოდის ნიჟარიდან და ფერწერულად განცდილი, ანუ შემსუბუქებული რეფლექსიის თავისუფალ პროცესს აღ-გვიწერს. მის ფერწერას არ ახლავს ოსტატობის კაენისეული დამღა. თუმცა, ამგვარი დისკურსი არც სალიერიზმთან აშკარად დაპირისპირებულ მოცარტიზმად ჩაითვლება… ემოც-არტისტიზმად, კი ბატონო!

    ეს ეთერული (ოღონდ, არამც და არამც – იმაგინაციური) პოეტი-ფერმწერი, რა ხანია იშვიათი მაესტრიით ახდენს ჰაეროვნების კულტივირებას. საგანში მძიმე სტატიკას კი არა, მსუბუქ თამაშს გადმოსცემს, ხავერდის მტრედისფერი ჭავლი გლისანდოსავით გადაირბენს მისი ტილოების ტექსტურაზე და… დროებით ჩერდება. ამასობაში ჰაერის ნაკლებობა ცხოვრებას კიდევ უფრო მწარეს ხომ არ ხდის, სიყვარულის ტექსტიც ხომ არ იფლითება?! თუმცა ეს მაინც ამაო ეჭვებია, ალბათ. თვით ნიჟარაძე არაა ეჭვიანი, მაგრამ არც მთლად უამისობა იქნება.

    ასეა თუ ისე, ამ მშვენიერ სამყაროს სწორედაც ლაჟვარდოვანი მდინარეები “ჩამორეცხავენ”, ილუზორულად ეშვებიან ძირს, ქალაქში, რომლის სახელი და ტოპოლოგია მხატვარმაც არ უწყის… იქ კი, ზევით – სამყარო თმის ღერის სიმსხოდ ნატიფდება…

    ასე მწკრივდებიან ჰაეროვანი თაღები, ჟღერენ არფები, ბუკსა და ნაღარას სცემენ ჯადოსნურ ხალიჩაზე მფრინავი არტსეკულარიზებული ანგელოზები, იღვრება სუფთა, აუმღვრეველი, თბილი ლაჟვარდი…

    ასე იბადება ტრანსტექსტუალური (პირველი?) სიყვარული, რომლის გასაზიარებლადაც ჯადოსნური ფლეიტის მალენიავში მოფრინავენ ლურჯი ანგელოზები, ეს ეთერული პეპლები, უცნაურ კონცერტს რომ აწყობენ. მერე შეუმჩნევლად ღამდება, “შეღამების ქნარი” ფარვანების მოფრენის მაუწყებელია, მოფრენისა და მერე ისევ გაუჩინარების – გაუჩინარებისა, უცხო მხარეში; და ეს სრულებითაც არაა ლიტერატურა.



    თოჯინების “მე”

    ზურაბ ნიჟარაძე სამყაროს ილუზიების გარეშე უცქერის… ეს ვინ, ნიჟარაძე? – იკითხავს მისი მხატვრობის ზერელე პერლუსტრატორი, რომელიც ამ მხატვრის სიმპათიურ სამყაროში, ალბათ, ყოფიერების ილუზიურ, სპეციფიკურად გულგრილ, ინდიფერენტულ, თუნდაც ზერელე ჭვრეტას აფიქსირებს; და შეიძლება მართალიც იყოს. მე კი მაინც მგონია, რომ ნიჟარაძე მთლიანობისაკენ ისწრაფვის, მთლიანობისაკენ თავის მოტყუების გარეშე, თუნდაც ეს მთლიანობა თოჯინური, სათამაშო იყოს. თითქოს სად რილკე და სად ნიჟარაძე, მაგრამ არასრულყოფილ ნახევარპიროვნებებს, ანუ როგორც მერაბ მამარდაშვილი იტყოდა, ნახევრადდაბადებულებს, ჩვენი მხატვარი ხშირად ისევ მთლიანი თოჯინების “მე”-ს ამჯობინებს. თოჯინების “მე”-ო? კი მაგრამ, თოჯინების “მე” ვინ გაიგონა, ანდა სადა აქვთ მარიონეტებს “მეობა”? აქვთ, დამიჯერეთ, აქვთ! ყოველ შემთხვევაში, თუ ჩემი არ გჯერათ, ნიჟარაძეს დაუჯერეთ…

    თოჯინა და ანგელოზი კი როგორც მხატვრის(?!) პერსონალური მონოლოგიის პროტაგონისტები ისევ თამაშობენ, ისევ უპირისპირდებიან ადამიანს, როგორც სრულყოფილებანი – სრულყოფილებანი, როგორც სულიერი, ისე სხეულებრივი გაგებით…

    ისევ რილკე მახსენდება, ის რილკე, კლაისტის კვალად რომ გვიმეორებს, გამჩანაგებელი რეფლექსიისათვის მიუწვდომელი გრაცია ან ღმერთის, ან უსასრულო აზროვნების პრივილეგიაა, ანდა მარიონეტისა – მარიონეტისა, მისი ავტომატიზმითო. ხედავთ?! თოჯინა და ანგელოზი ისევ ერთად არიან, ისევ ერთად თამაშობენ ყოფიერების თეატრში. სინთეზი სწორედ ამგვარ თეატრში მიიღწევა, თოჯინურ თეატრში; მარიონეტული ესთეზისი ანესთეზიასაც მოასწავებს. უხეშ სინამდვილესთან შეხებისას ეს სინთეზური მთლიანობა ისევე იმსხვრევა, როგორც ფაიფურის ნაკეთობა – გარდუვალი დასასრულის ტრაგიკულ წინათგრძნობაში… ესაა წინათგრძნობა, რომელსაც სიკვდილი ჰქვია. სიკვდილი, რომელსაც სიცოცხლემდე ატარებს ადამიანი – ჯერ კიდევ დაუბადებელი, გაუჩენელი ადამიანი; ატარებს, როგორც პატარა ლამაზ კენჭს. ერთხელაც იქნება და ადამიანმა ეს კენჭი წყალში უნდა გადააგდოს, მშვიდსა და აუმღვრეველ წყალში (და არა მიწაში ჩაფლას), ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ზოგიერთის მიერ წყალში მოსროლილი კენჭი კითხვის ნიშნის მაგვარ კონფიგურაციებს შემოწერს, ზოგისა კი – უბრალო წრეებს… სხვაფრივ: ზოგის კენჭი სულში უფრო ხანგრძლივად მჟღერ კითხვა-მელოდიას ახმოვანებს, კითხვას, რომელსაც ჰქვია “რატომ” (“რატომ”, “რატომ”, “რატომ”..?)… ზოგის კენჭი კი ერთხელ გაიჟღერებს ყურის ნიჟარაში; “ტყაპ”… და გათავდა…

    თამაშის გაგრძელება

    თოჯინა და ანგელოზი კი კვლავაც ვირტუოზულად თამაშობენ ონტოლოგიურ თეატრში. თამაშობენ დამდგმელი რეჟისორის იდუმალი ხელის კარნახით, თამაშობენ ხელოვანის მკაცრი კონტროლით… თუმცა აბსოლუტური კონტროლი შეუძლებელია, რადგან მაგიური ჯაჭვის რომელიმე რგოლში მაინც იჩენს თავს ადამიანური არსება, თავს იჩენს იმისათვის, რომ მექანიზმების კოორდინირება შეეძლოს და მაყურებლის თვალით აღიქვას იგი. აი, ამ მომენტში კი მარიონეტი ცოცხლდება და… შე-ცდება; შეცბება კიდეც…

    ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს. ეს თვით წარმოდგენის მარიონეტიზაციის დასაწყისიცაა, რომლის პროცესში “სპექტაკლის” ცოცხალი რეალობა მექანიკურში გადაიზრდება. რაც შეეხება ფერწერულ წარმოდგენას, აქ მარიონეტული მექანიკურობა ილუზორულ სინამდვილედ, თანაც ესთეტურად ცოცხალ სინამდვილედ გვეცხადება.

    ქართულ ფერწერაში ნიჟარაძისეული მარიონეტების თეატრის “არქეტიპი” ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვის 20-30-იანი წლების ოპუსებია. ამ დიდი მაესტროს ადრეული სურათების პერსონაჟები, თავის მხრივ კუბიზმის პრიზმაში გარდატეხილი კლასიკური ფერწერის (ჯორჯონე, ტიციანი, რუბენსი, ველასკესი) პროტაგონისტები არიან. ბაჟბეუქ-მელიქოვისეულად დეციტირებულ ფიგურებში ტანის ყველა ღერძი პერპენდიკულარულად “ირითმება”: მხრები – კისერთან, მკერდი – ტორსთან, მათი სიმივით დაჭიმული სხეულები უცნაურ ხმებს გამოსცემენ და ლამის აუდიოვიზუალურად მუზიცირებენ. კორსაჟების ხაზულობებიც ფარული ბაჟბეუქისეული ციტატებია, ოღონდ ნიჟარაძისეული ქალების ტანი განძარცვულია კრისტალიზებული სტრუქტურისაგან, ფაქტურის ვიბრაციაც “ხელოვნურადაა” დაყოვნებული… ერთი კია, თავის “თეატრში” ნიჟარაძეც მარიონეტების მეოხებით გაათამაშებს სცენებს, ოღონდ ეს უკვე “ძველი ოსტატების” სურათებიდან ასხლეტილი რემინისცენციები კი არა, მეოცე საუკუნის ევროპული ფერწერის რეპერტუარიდან ნასესხები ალუზიებია. ეს უკვე “სხვა” დიალოგია. მეტიც, თავისებური უკანონო ქორწინებაა პიკასოსი შაგალთან – ქორწინება იტალიურად, გათამაშებული ნიჟარაძის ჟანრულ თეატრში. სხვათა შორის, თბილისის რიტუალების სასახლის მოხატულობა ამგვარი ქორწინების პლაც-პარადია. რაც შეეხება თვით პერსონაჟთა დიალოგს, მათი “ჟანრი” უფრო “ქარაფშუტული” დიატრიბაა, ვიდრე რეფლექტორული სოლილოკვიუმი.

    Lidum serium

    ნიჟარაძისეული დისკურსი “მატყუარაა”. ერთი შეხედვით, აღსაქმელად რთული არ არის. მისი სურათების სააზროვნო სარჩულიც აბრეშუმივით მსუბუქია, სამაგიეროდ, არც თუ მარტივია ის ასოციაციური ტექსტურა, მისი ოპუსების პოეტურ-ფენომენალურ ქსოვილს რომ ქმნის, სწორედაც ქსოვილს, თავის მხრივ ინტერტექსტუალურ გირლიანდებად რომ “ნაოჭდება”.

    ნიჟარაძის მხატვრობის ძლიერი მხარე პოეტურ-ფერწერული აზროვნებისა (თუ ორაზროვნების) თვალშეუდგამი, წრიული პროცესია. ესაა გემოვნებიანი ფერწერა, რომლითაც “გურმანები” ფენოვანი ნამცხვარივით იკოკლოზინებენ პირს. მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ნიჟარაძის მხატვრობა მხოლოდ ამგვარი “მომხმარებლისათვის” იყოს განკუთვნილი. ისიც სათქმელია, რომ ნიჟარაძისათვის ფერწერის, როგორც პროცესის ჩვენება, უკვე კარგა ხანია აღარაა თვითმიზანი.

    ის მაინც ფერწერული თამაშის მაესტროდ რჩება, თავის პერსონაჟებს კარნავალური სიმსუბუქით რომ ეპყრობა და ეს სიმსუბუქე სერიოზული ფერწერით მიიღწევა. ეს ერთგვარი ნეორენესანსული სერიოზული თამაშიცაა – ის Lidum serium-ია, პიკო დე ლა მირანდოლა ეკლოგებისა თუ პოემების მთხზველთაგან რომ მოითხოვდა. ეს ის პიკოა, რომელიც 1484 წელს მედიჩის, ერთ-ერთ ეპისტოლეში უცხადებდა რა პიეტეტს, იმასაც სწერდა, რომ მას აღაფრთოვანებს არა მარტო ის, რაც გამოგონილია ლორენცოს ტექსტებში, არამედ ისიც, რაც აღმოცენებულია მატერიისაგან, რითაც მისი სულია დაკავებული. მივაქციოთ ყურადღება – “ის, რაც აღმოცენებულია მატერიისაგან”. თითქოსდა რა კავშირი უნდა ჰქონდეს ლორენცოს ნიჟარაძესთან, მაგრამ ამ უკანასკნელთანაც – რომელი პიკო დე ლა მირანდოლა მე ვარ (თუმცა “ის ძველი” პიკო არც ნიჟარაძეა) – სწორედ ისაა აღმაფრთოვანებელი თუ არა, მოსაწონი მაინც, რომ მისი ოპუსები მატერიისაგან აღმოცენებულის შთაბეჭდილებას ახდენს. მატერიაში კი, ცხადია, ქრომატულ კონსისტენციას ვგულისხმობ. ფერწერა ხომ ნიჟარაძისათვის ამ მატერიის გაცოცხლების დღესასწაულია.

    რენესანსი და რენესანსულობა ჩვენს მხატვარში სხვა ასპექტებითაც ვლინდება, თუნდაც ჰედონიზმით, არკადიანული ჰარმონიისაკენ სწრაფვით, გონებამახვილობით. თუმცა ამ უკანასკნელიდან ერთი ნაბიჯია ბაროკალური “კონჩეტოს” ესთეტიკამდე.

    ნიჟარაძისეული ოპუსები თითქოსდა პეტრარკასა და კავალკანტის სონეტებივით თუ კანცონებივით ნატიფია და მედიდურიც. აქაც ტაქტიანადაა დაქორწინებული “La gravita e la dolcezza”, ანუ “სერიოზული მნიშვნელოვნება” და “სიტკბოება”. დიახაც, სიტკბოება, რომელიც სინატიფის მეორე სახელია…

    მისი სამყაროს მთლიანობას გამჭოლი ინტონაციური “ქარგა” განსაზღვრავს. ამ ინტონაციას კი ირონიაც ქმნის. ირონია, რომელიც წინ მიდენის ფერწერულ ოქტავათა ტალღებს. თუმცა, სიტყვა “მიდენის” – საქონლის მხატველებს უფრო შეჰფერის… ნიჟარაძის ნახევრად სერიოზული, ნახევრად ლაზღანდარულ-სახუმარო ტონი თვით კომპოზიციის ფუნქციაა. ამბივალენტური ინტონაცია მოქმედების მსვლელობას შეესატყვისება. ღიმილი კი ზუსტად იმდენად გვაუცხოებს მხატვრის მიერ შემოთავაზებულ სამყაროსთან, რამდენადაც ეს აუცილებელია, რათა ფერწერული “ქაოსი” განიმსჭვალოს ავტორის ფხიზელი ნებელობით… გაუცხოება თავგადასავალთა სამყაროს კი არ ანგრევს, არამედ საჭირო მანძილით გადასწევს უკან. აქედან გაცილებით ხელსაყრელია საცქერლად, უფრო ზუსტად, საამო არის საცქერლად (“დიაცის უბესავითა”?), ხოლო ხელსაყრელი – გან-სახილველად.

    და მაინც, ყველაფერი მუსიკაში წყდება – მუსიკაში და მუსიკით. დიახაც, არა ფერწერაში, არამედ ბგერწერაში, ანუ იმ მოუხელთებელ მუსიკურ სტიქიაში, თვით სამყაროს რომ წარმოგვიდგენს თავ-გადასავლად. ესაა ჰორიზონტს მიღმა სწრაფვის რენესანსული გეოგრაფიული “პათოსი”, რომელიც სივრცულ ღიაობას გამოიხმობს, ამ უკანასკნელს კი ხდომილობითი თუ ინფორმაციული ღიაობის მოტივთან აზავებს. ღია ფერწერული დისკურსი ამგვარი თვალსაწიერითაა გამთლიანებული, ხოლო ახლომხედველ მხატვართა ხარბი პასტოზი აპლომბური ტექნოლოგიური მატრაკვეცობაა და მეტი არაფერი.

    სახე და ნიღაბი

    ნიჟარაძის საუკეთესო ოპუსებში ამოუცნობი (თუ აუხსნელი) მიმზიდველობაა, იდუმალი (აუტანელი ტერმინია!) მაგნეტიზმი… ჩვენს მხატვარს ვერ ვაკადრებდი ისეთ ტრივიალურ გამოთქმას, როგორიცაა “სულიერი სიღრმე” – ამ ტერმინს თავისი მუშტრები ჰყავს. ნიჟარაძე პრინციპულად “ზედაპირული” მხატვარია და ამ “ზედაპირულობით” არის ღრმა. ამგვარი სიღრმე ახლავს “ლელა პატარიძის პორტრეტს”, … ენკაუსტიკის ამ უცნაურად საცნაურ დეციტაციას…

    მხატვრის რენომე ბევრწილად განისაზღვრება მისი, როგორც პორტრეტისტის კულტურით. ნიჟარაძე მოდელთან მრავალსეანსიანი ფლირტის ოსტატია. რაც უფრო ახანგრძლივებს ამგვარ “დიალოგს”, მით უფრო მეტ სახასიათოს “იჭერს” მოდელში და მით უფრო ანზოგადებს, მე ვიტყოდი, “ამრგვალებს” ჟანრულ ანდა კვაზიჟანრულ სცენამდე. ყოველი ოპუსის უკან კი ისევ და ისევ ირონიული ღიმილია ჩასაფრებული, ღიმილი, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, “ავტორის” არსებობისკენაა მიმართული.

    ძნელი სათქმელია, ღიმილი სახეს მიეწერა თუ ნიღაბს. ნიჟარაძე თავის მოდელებს, აქტიორებს თვით “აიძულებს” (აი, როდისაა იგი უზურპატორი!) მიმართონ გრძნობადი გამომსახველობის, როგორც მიმესისური უმანკოების დაკარგვისა თუ სხეულის დამატებითი იდენტიფიკაციისას წარმოშობილი სირთულეების კომპენსაციას. ამგვარი კომპენსაციის თოკი ისევ და ისევ მხატვარ-რეჟისორს უკავია, მოკლედ ბერკეტები მის ხელთაა. ასე ძლიერდება პერსონაჟების თეატრალური დისკურსი და სხეულების სივრცული გაფორმებულობა.

    ნიჟარაძისეულ მოდელებს (“გმირობა” მათ ნაკლებად შეჰფერით) შეუმჩნეველი ნიღბები უფარავენ პირ-სახეს. მსუბუქად დაფარულ უძრავ პირ-სახესა და მოძრაობაში მყოფ ტანს შორის ოპოზიცია ნიღბის ტარების ძირეული ესთეტიკური იმპლიკაციაა. იქნებ, ნიღაბი სულაც არ გამოსახავს პირ-სახეს, არც გადაფარავს, უბრალოდ (თუმცა, რაღა “უბრალოდ”?!) მიმიკას აღბეჭდავს და ყურადღების კონცენტრირებას ახდენს სახეზე, როგორც “სხვის” ტანზე. ამიტომ ხომ არ მიმართავს მხატვარი ნეიტრალურ (თუ ნახევარ) ნიღაბს; ნიღაბს, რომელიც იგულისხმება და მოდელის სახეს კი არა, როგორც უკვე მივანიშნე, “სხვის” ტანს ფარავს; ტანსაც და კანსაც…

    ადამიანი უნდა დახატო როგორც პეიზაჟი; პირ-სახე – თითქოსდა, “ქვეყანაა შორი ჰორიზონტით”. ძნელი სათქმელია, ნიჟარაძე რამდენად ამართლებს რილკეს ამ პოეტურ თეზისს (ანკი ვინ დაავალდებულა?!), იმას კი ვგრძნობ, რომ ესეც – ნიღაბ-პორტრეტის ლანდშაფტიზირებისაკენ მიმავალი ერთ-ერთი თემშარაა. ლანდშაფტს თავისი ნიღაბი აქვს, მაგრამ ამ თემას ჩემი ესეისტური პორტრეტის მოდელთან კავშირი არა აქვს.

    ნასესხები აურა

    ნიჟარაძისეული ხატები განწყობილებათა მრავალპლანიანობით სუნთქავენ. სწორედაც სუნთქავენ, თანაც არა ჟანგბადის ბალიშებით, არამედ იმ აურით, რომელიც ხშირად პროცენტიანი სესხითა აქვს აღებული. ოღონდ – ღმერთო ჩემო! – როგორი გალანტურობითაა ნასესხები ეს ყველაფერი. კიდევ მეტი, ეს აურაა დეციტირებული. აურის დეციტაცია – ესეც, ნიჟარაძის ინტერტექსტუალური სამყაროს კიდევ ერთი პარადოქსი! თამაშის სტიქია ჩვენს მხატვარს ძვალ-რბილში აქვს გამჯდარი, ყოფითი სცენა შეუმჩნეველი პედალირებით გადაჰყავს “ცხოვრება-თეატრის” სამყაროში. უცებ, იქნებ მხატვრისათვის მოულოდნელადაც კი, ჩვეულებრივი “ისტორია” სცენაზე აღმოჩნდება, კულისებს “შემოკრებს” და ვირტუალური რამპით განათებულ სინამდვილედ წარმოგვიდგება. ანალოგიურ მეტამორფოზას განიცდიან მისი მოდელებიც.

    ნიჟარაძე “პორტრეტისტი” უფროა, ვიდრე პორტრეტისტი. ეგრეთ წოდებული ფსიქოლოგიური ტიპისა თუ ხასიათის დიალექტიკურობისადმი იგი ინდიფერენტულია. მას არ იზიდავს მოდელის ქარაქტეროლოგიურ წვრილმანებში ჩხირკედელაობა – ხასიათის მთლიანობა აინტერესებს, რაც განწყობილებათა მუსიკითაა წარმოჩენილი. თუმცა ხასიათის მკაფიობა, შინაგანი სიცხადე და გარკვეულობა მაინც “სახეზეა”. მხატვარი, რომ იტყვიან, ხშირად წერტილს არ სვამს i-ის თავზე. ყოველგვარი “თავის მოხვევის” გარეშე გვიტყუებს თავის (იმავე მოდელის “მე”-ს) სამყაროში. ქვეტექსტებში შემოინახავს დეტალამდე დაწნეხილ, ერთი შეხედვით, სასხვათაშორისოდ მოსროლილ ფერწერულ ფრაზას, როგორც დაუდევარი მონასმით აღბეჭდილ გასაღებს. მიდი და, თუ ბიჭი ხარ, ეძებე! სურათის სივრცე სწორედ ამგვარი გასაღებებით იხსნება. ნაწერის არარეპრეზენტაციულობა, უხეში ტექნიკური პირობითობების პედალირებისაგან თავშეკავება, უფრო ზუსტად, დროული პედალირება – აი, ნიჟარაძის არისტოკრატული ხელწერის მომხიბლავი თვისებები, მისივე ტოლერანტული ნატურის ანაბეჭდები.

    Varieta

    რენესანსს მაინც ვერ ვეშვები… ერთი ცნება – ხატი მახსენდება – Varieta, ანუ მრავალსახოვნება რომ ჰქვია. ეს ძნელად მოსახელთებელი ესსემა “ძველ იტალიაში” ორი მნიშვნელობით მოიხმობოდა.

    ჯერ პირველი ვთქვათ: ყოველი ადამიანი “ბუნებისგან” ან “ცითგან”, ანდა “ფორტუნასაგან” ფლობს მიდრეკილებებს, ძალისხმევას, ნიჭიერებას. აქედან გამომდინარე უნდა გაზომოს ადამიანმა საკუთარი თავი და დაიკავოს თავისი ადგილი. ესაა Varieta, როგორც ინდივიდებს შორის განსხვავება.

    მეორეც: ყველა უნდა ეცადოს, საკუთარ თავში განავითაროს და მოიპოვოს ყოველმხრივი ცოდნა, ინტერესები, ჩვევები, ცისქვეშეთში არსებული ყოველგვარი განსჯის უნარი. მოკლედ, “უნივერსალურ ადამიანად” ჩამოყალიბდეს. ეს უკვე მსოფლიო Varieta-ა, როგორც ინდივიდის შიგნით განსხვავება – საკუთარ თავში ჩაღრმავებული, გონებითა და მიკროკოსმოსით, ფანტაზიით გამრავალფეროვნებული…

    არ მინდა ისე გავიჯირითო რენესანსულ სამყაროში, რომ ჩემი ინტერკულტურული კენტავრით მიწაზე მოვადინო ზღართანი. მაგრამ იმ თეზისს მაინც ნუ დავკარგავთ, რომ თუ ქართულ ფერწერაში რაღაც Neovarieta-ზე მოგვიხდება რეფლექტირება, მის პროტაგონისტად, უპირველეს ყოვლისა, ალბათ, ზურაბ ნიჟარაძე უნდა მოვიხსენიოთ. ყოველ შემთხვევაში, Varieta-ს ზევით მოხმობილი ორპუნქტიანი დეფინიცია ნიჟარაძის ნატურას სიმულაკრის ნიღბითაც რომ მოერგოს, ესეც სიმპტომატური ინტერკულტურული აქცია იქნება.

    ხელის ხმა

    ნიჟარაძე გარკვეული მსოფლმხედველობითი ჰორიზონტის მხატვარია. მიუხედავად იმისა, რომ იგი მრავალსახოვანი მხატვრული ტექსტების მიჯნებზე “მუშაობს”, ეს – მაინც მისი ჰორიზონტია.

    თითქოს ვერ ვიტყვით, რომ თავისი ფერწერით იგი რაღაც მეტაფიზიკურ შეკითხვებს სვამდეს. და მაინც, სად წაუვალთ იმ გარემოებას, რომ წინასწარ დახასიათებული მსოფლმხედველობა მეტაფიზიკური შეკითხვაა? ამგვარი შეკითხვების გარეშე საქმე გვაქვს უთვალსაწიერო ხელოსანთან. საწიერის მსახველი რაღაა? რა და, წარმოსახვა. მაგრამ რას ხსნის წარმოსახვა? მსოფლმხედველობით ჰორიზონტს. ყოველივე ეს, ცხადია, მჭლე ფილოსოფიური იწილო-ბიწილოა; და მაინც, ასე იკვრება წრე. ბოლოს და ბოლოს, მხატვრობა სხვა არაფერია, თუ არა წარმოსახვის ხორცშესხმა. ხორცშესხმა და… მერე განსხეულება. ნიჟარაძეს ერთიც შეუძლია და მეორეც. განსხეულების შესახებ რეფლექსია შეუქცევადი პროცესია, რომელიც ერთგვარ ფერწერულ Non-finito-მდე ჭიანურდება. მასალისმიერ რეფლექსიაში ჩაძირულ მხატვარს ხანდახან ავიწყდება კიდეც, თუ როდის მივიდა ტილოსთან, რისი ხატვა დაიწყო. სამაგიეროდ, არასოდეს ტოვებს განცდა, რატომაც დაიწყო ხატვა. სხვისი არ ვიცი და მე ეს პროცესი უფრო ღირებული მგონია, ვიდრე ჰაი-ჰარად გათამაშებული გაზეპირებული მოტივების პერსევერაცია. არადა, ნიჟარაძესაც აქვს გაზეპირებული მოტივები, თუმცა მათი “ბოლეროსეული” ვარირებაც ძალუძს.

    ნიჟარაძის სურათების შემხედვარე იმაშიც ვრწმუნდებით, რომ მარტო წარმოსახვა (თუ ფანტაზია) დიდი ვერაფერი შვილია, თუ მას არ ახლავს ამ წარმოსახვაზე გამუდმებული ფიქრი, კვაზიდიალოგი, საკუთარი ტეხნეს – თვალის გონებით ხედვა, ანუ საკუთარი ხელის ხმის გაგონება. ეტყობა, ხელსაც აქვს თავისი ხმა, ხელიც გამოსცემს “სხვისთვის” გაუგონარ ხმას. ხელის ხმა! – ესეც ნიჟარაძისეული დისკურსის კიდევ ერთი პარადოქსი.

    ეს – “ხელის ხმაა” (თუ ხელის ხმევა?!), იმ ანგელოზებსა და თოჯინებს რომ ამოძრავებს, როგორც ონტოლოგიური თეატრის, თუგინდ ბალაგანის პროტაგონისტებს, აგორაზე – ყოფიერების ამ “ამაოების ბაზრის” მოედანზე რომ გამოსულან და თავის რიგს უცდიან.

    უცადონ!..

    © “არილი”

  • ესე

    ზურაბ ქარუმიძე – დიდი თამაშის დასასრული ანუ გოდო აკაკუნებს

    2001 წლის 11 სექტებმერს, მანჰეტენზე, საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენთან ტერორისტების მიერ გატაცებული “ბოინგის” შეჯახებით დასრულდა პოსტმოდერნიზმი: კულტურის მდგომარეობა, რომელიც ორმოც წელიწადზე მეტ ხანს გაგრძელდა. დასრულდა ეს თამაში, რომელიც ქმნიდა გამოგონილი ორიგინალების აბსოლუტურად იდენტურ ასლებს; დასრულდა ონტოლოგიური მუშაითობა ნამდვილსა და შეთხზულს შორის გაბმულ ბაწარზე; დასრულდა ორაზროვან და განუსაზღვრელ ნიშანთა ღია სისტემებში როგორც ლაბირინთებში ხეტიალი…
    პოსტმოდერნიზმის დასასრული ერთობ მოდერნისტული კი გამოდგა: სწორედ მოდერნიზმი გამოირჩეოდა ირაციონალური დესტრუქციულობით და სისტემათა ნგრევისადმი მიდრეკილებით… მაგრამ ეს არ გულისხმობს მოდერნიზმში დაბრუნებას, არც შუასაუკუნეებში დაბრუნება იგულისხმება ამ შემთხვევაში… აქ საერთოდ არა გვაქვს საქმე რაიმენაირ დაბრუნებასთან. ეს წინსვლაა, ხოლო თუ საით – არავინ იცის. ეს არის ტერორით დაფეთებული ცივილიზაციის ბრმა ნაბიჯი რაღაცა ახლისაკენ… რაღაცა სხვისაკენ… ფაუსტური გარღვევა, რომლის აუცილებლობაზე ადრეც ითქვა, განხორციელდა…
    ტ.ს. ელიოტისეული პროგნოზისაგან განსხვავებით (იხ. მისი “ფუტურო კაცები”) არც ღნავილით და არც ქვითინით, არამედ ზათქით და ნგრევით, და კიდევ კასტრაციით და თავისკვეთით დასრულდა პოსტმოდერნიზმი.
    ჯერ კასტრაციისა ვთქვათ, – უფრო მოკლეა. ორ პენისს, ვეება, ასათსართულოვან პენისს, ორი “ბოინგი” გაშლილი მაკრატელივით დაეტაკა და წაჭრა…
    ეს მოხდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს, მაშინ წარიკვეთა ორი ვეება, ასათსართულოვანი თავი პოსტმოდერნისა – ტერორის მათრობელა როკვაში გადარეული ფანატიკოსების ახირებით, როგორც სალომემ იცეკვა შვიდი საფარველის ცეკვა ჰეროდეს წინაშე, ნათლისმცემლის სანუკვარი თავის სანაცვლოდ. ილუზიების, სიმულაციური ხატების შვიდი საფარველი აეხადა თანამედროვე კულტურას და გამოჩნდა ის უტყუარი, უპირობო და ერთადერთი ინსტანცია, რომელსაც ამ ეტაპზე რეალობის სახელი დაერქმევა. მარტივად რომ ვთქვათ, რეალობის გრძნობა დაგვიბრუნდა.
    რას შეიძლება ეწოდოს “რეალობა” პოსტმოდერნიზმის დაცემის შემდგომ? რეალობა არის იქ სადაც დაგვარი ხვდება მისდამი სრულიად სხვას.
    თამაში, რომელიც პოსტმოდერნიზმის პირობებში გასცდა ესთეტიკის სფეროს და ყოველდღიურობა მოიცვა იმდენად, რომ სხვაობა ყოველდღიურობასა და ესთეტიკას შორის მოიშალა, ამჯერად იქცა დაგვარის დამოკიდებულებად სხვაგვარის მიმართ – სხვაგვარის დათმენა იქნება ეს, თუ ძალადობის აქტების ერთობლიობა მის წინააღმდეგ. დაგვარის მიმართება სხვაგვართან – ტოლერანტული დიალოგის თუ აგრესიული ფორმით: ერთიც და მეორეც გულისხმობს რეალობის შესაძლებლობას – რეალობა განიცდება იქ, სადაც მე ვხვდები ჩემდამი სრულიად სხვას; რეალობა, სინამდვილე ამ შეხვედრაშია – ამ შეხვედრის “ალაგია”.
    მავანი შენიშნავს, კი მაგრამ, განა სხვაგვარობისადმი და სხვისადმი ღიაობა არ წარმოადგენდა პოსტმოდერნიზმის ერთ-ერთ ძირეულ პრიორიტეტს?!.. გნებავთ სექსუალური ორიენტაციის “სხვაგვარობა”, ეთნიკური, კულტურული, რელიგიური უმცირესობისადმი, თუ სხვა რამ ალტერნატიულისადმი გახსნილობა და დიალოგისათვის მზადყოფნა – განა ამას არ ქადაგებდა პოსტმოდერნიზმი?!
    დასტურ, რომ ამას ქადაგებდა. მაგრამ საქმეც ისაა, რომ პოსტმოდერნიზმის “სხვა” და “სხვაგვარი” ე.წ. “თავისი” სხვა და სხვაგვარია. პოსმოდერნისტული (დასავლური) ცივილიზაცია თავადვე ქმნიდა “თავის” სხვას, როგოც მისაღებსა და ხელმისაწვდომს, გასაგებსა და განმარტებისათვის კომფორტულს. ეს იყო შეთხზული სხვა (შდრ.: “ხელოვნური სხვა”, რომეზეც წერდა ბოდრიარი. იხ. მისი ესსე ქალაქი და სიძულვილი, “არილი”, ¹ 16, 2001), გამოგონილი სხვაგვარობა, რომელსაც პოსტმოდერნიზმი თავის დაგვარობაში ისევე ეთამაშებოდა, როგორც პოსტმოდერნისტი მწერალი თამაშობდა შეთხზული და “ნამდვილი” სამყაროებით.
    ეს “თავისი სხვაგვარობა” იმდენად “გათავისდა” პოსტმოდერნისტულ სისტემაში, რომ ოდესღაც მარგინალური და ალტერნატიული ორიენტაცია ლამის ცენტრალურად იქცა ამ სამყაროსათვის. სხვა როგორც იდუმალი, როგორც ის, რაც ხელიდან გისხლტება, რომლის გაგებაც გარკვეულ გასაღებს საჭიროებს – ჰერმენევტიკულ ძალისხმევას – ასეთი სხვა გაუხშოვდა და გაქრა. იგი განქარდა კომპიუტერული ტექნოლოგიების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ტოტალურ ექსჰიბიციონიზმში, პორნოგრაფიულ გამჭვირვალებაში; მოხდა მისი ტირაჟირება, სავაჭრო მარკად ქცევა; მოხდა მისი დემპინგი, ჭარბწარმოების შედეგად გაუფასურება და საბოლო ჯამში მასობრივი მოხმარების ნაგვად გადაიქცა.
    და აი, მანჰეტენზე დატრიალებული კოშმარიდან, დასავლური ცივილიზაციის წინაშე აღიმართა ჭეშმარიტი სხვა, რომელთან შეხვედრაც რეალობის დაკარგულ გრძნობას აცოცხლებს და განაპირობებს რეალობას როგორც ასეთს. და როგორც ჭეშმარიტი შეხვედრა ნამდვილ სხვასთან, დასავლური ცივილიზაციის ეს შეხვედრაც ამ სხვასთან ქალაქში მოხდა – ქალაქთა ქალაქში, ქალაქთა ქალაქის გულში, მანჰეტენზე.
    ამ შეხვედრის სირთულე, ამ განცდის პარადოქსულობა იმაში მდგომარეობს, რომ ეს სხვა და მისი სახე ჯერ გაურკვეველია. განვლილ წელთა გამოცდილების ინერციით ეს შეხვედრა ისახება როგორც რელიგიურ-იდეოლოგიური ფანატიზმის ბრძოლა ლიბერალურ-დემოკრატიულ პრაგმატიზმთან. მავანი ცდილობს იგი დასახოს კონკრეტულ პიროვნებად (ბენ ლადენი, სადამ ჰუსეინი), ქვეყნად (ავღანეთი), ქვეყნების ერთობად (ე.წ. ნაძირალა სახელმწიფოები), თუ რელიგიურ-ფსიქოპათურ გადახრად (თალიბური ტერორიზმი, ისლამური ფუნდამენტალიზმი, ანტიგლობალისტური ანარქიზმი), და ა.შ. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ეს ახლად მოვლენილი “რეალური სხვა” ამ ჩარჩოებში ვერ თავსდება, მისი განმარტება და განსაზღვრა ხელიდან გვისხლტება, და ეს ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან რაიმეს განსაზღვრა მისი ნეგაციაა, – Omnis determinatio est negatio. აბსოლუტური სხვა არ წარმოადგენს არც კონკრეტულ ადამიანს, არც შეთქმულთა ორგანიზაციას, თუმცა შესაფერისი წარმოსახვისა და მისტიკური მიდრეკილებების მქონე კაცმა შეიძლება რომ ვიღაცა შემხვედრის, კონკრეტული ადამიანის გამოხედვაში ამოიკითხოს მისი ნაკვთები, ისევე როგორც რაიმე ფარული ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ტექსტში, თუ ვიდეომასალაში.

    ჭეშმარიტი, აბსოლუტური და არა “შენი” სხვა, თვითონ გამოდის კონტაქტზე, (“გარედან მოდის” – ბოდრიარი), თავს გახვევს ურთიერთობას, და ამდენად მისი “ერთი ნახვით” შეცნობა ილუზიაა. მას ვერ შეიცნობ, ვიდრე საკუთარ კლიშეებს და სტერეოტიპებს არ დაანგრევ, – ისევ და ისევ სხვის მეშვეობით.
    რაკიღა ეს სხვა მოუხელთებელია განმარტებითი თვალსაზრისით (არანაკლებ, ვინემ სემუელ ბეკეტის გოდო), აჯობებს ისევ იმ რეალობის განცდიდან გამოვიდეთ, რომელიც ამ სხვასთან შეჯახებისას გამოჩნდა. სწორედ ამ განცდაში უნდა ამოვიკითხოთ გარედან მოსული სხვის ნიშნები.
    რეალობის ახალი განცდა სცილდება იმ ურბანიზირებული და ვირტუალური სიძულვილის ფარგლებს, რომელთა გამოც ღაღადებს ბოდრიარი. დასავლური ეკლეკტური კულტურის melting pot დაიმსხვრა და საკუთრ თავზე მიმართული ვირტუალური სიძულვილის ვექტორები გარეთ გაიფანტა. ერთი მხრივ, ეს სიძულვილი დაკონკრეტდა: სიძულვილი ბენ ლადენის, თალიბანის, ანტიგლობალისტების, და ა.შ. მიმართ; ხოლო მეორე მხრივ, სისტემის აღვსილობის და უნივერსალობის განცდას დაუცველობის და მოწყვლადობის განცდა ჩაენაცვლა, რასაც დაერთო განადგურების შიში და აგრესია პოტენციური მოწინააღმდეგის მიმართ. ნეგატიურობა, კონფლიქტურობა, სიკვდილი კვლავ დაუბრუნდა იმ საზოგადოებას, რომელიც ბოდრიარისავე სიტყვით ემყარებოდა გადარწმუნების, დაშოშმინების, ნეიტრალიზაციის, კონტროლის ძალადობას.
    პოსტმოდერნიზმი გამოირჩეოდა უკიდურესი რელატივიზმით – იგი არ ცნობდა მყარ ღირებულებებს; იგი ახდენდა მათს დეკონსტრუქციას, და ამგვარად ადგენდა ღირებულებათა რელატიურ ბუნებას, ანუ რაიმე ღირებულება ამგვარი იყო მხოლოდ იმდენად, რამდენადაც არსებობდა მისი საწინააღმდეგო, ანტი-ღირებულება.
    ამჟამად, პოსტმოდერნიზმის ნანგრევებში მოხეტიალე თაობისათვის კვლავ დგება სტაბილურ ღირებულებათა პრობლემა. მავანი თავშესაფარს პოულობს ათი მცნების და ისეთი ტრადიციული ღირებულებების წიაღში, როგორიცაა (ისაია ბერლინის ნუსხით) ადამიანურობა, მშვიდობა, ომი, სტაბილობა, თავისუფლება, ძალაუფლება, ამაღლება, დაცემა, და ა.შ. ანუ, ის ღირებულებები, რომლებსაც ჩვენი ენა და სიმბოლოები უკრიტიკოდ ღებულობენ, როგორც უპირობოს და იმთავითვე გასაგებს – ჩვენი ყოფიერების საფუძველშივე მყოფს. ესეგვარ ლტოლვილთა შემთხვევაში რეალობის ახალი განცდა კარგად დავიწყებული ძველის ბანალური შემობრუნებაა. ასევე, მავანნი ანტი-ისლამურ და ანტი-ანარქისტულ აგრესიაში მოიოხებენ გულს.

    ხოლო მათთვის, ვინც არ აპირებს, ან ვერ ახერხებს ტრადიციულ ღირებულებათა თავშესაფარში დაყუდებას, ანდა აგრესიულ განმუხტვას, ახლად განცდილი რეალობა უკიდურესად არამდგრად, არაპროგნოზირებად სივრცედ რჩება, – გამრუდებულ, პარადოქსულ, აპორეტიკულ სივრცედ. სწორედ ამგვარ სივრცეში მოუწევთ ქმედება კრიტიკული აზრის და ხელოვნების ხალხს. და რაც მთავარია, სწორედ მათ ეკისრებათ დიალოგი ამ აბსოლუტურ სხვასთან – მისი განსიტყვება და გამოსახვა. ეს კი, თავის მხრივ, შესაბამის კორექტივებს შეიტანს როგორც ხელოვნებაში, ისე კრიტიკულ თუ თეორიულ აზრში საერთოდ.
    ციტირებული ესეის ბოლოში ბოდრიარი აღნიშნავს: – “აპოკალიფსის ავტორები მეთოდური ადამიანები იყვნენ. ისინი ეპისტოლეებს უგზავნიდნენ ერთმანეთს, იმის ნაცვლად, რომ თავად ანტიქრისტეს აზრი გაერკვიათ.” ახალ ხელოვნებასაც და ფილოსოფიასაც მოუწევს თავი დაანებოს შიდა მოხმარებისათვის განკუთვნილი “ეპისტოლეების” წერას და “ანტიქრისტეს აზრის” გარკვევა სცადოს, ცხადია, ტრადიციული რელიგიურ-ესქატოლოგიური კონოტაციის გარეშე, რადგან “ანტიქრისტე” ქრისტიანობის მიერ “შეთხზული” სხვაა, “თავისი სხვა”და არა აბსოლუტური სხვა.
    2001
    © “არილი”

  • ესე,  პოეზია

    გიორგი კეკელიძე – ორიათასიანელთა ვირტუალური ხიბლი


    ტიციან ტაბიძემ ერთხელ დაწერა: ,,გაფიზის ვარდი მე პრუდომის ჩავდე ვაზაში. ბესიკის ბაღში ვრგავ ბოდლერის ბოროტ ყვავილებს’’. არავინ იცის, ეს დასავლურ-აღმოსავლური ესთეტიკის სინთეზის მცდელობა იყო (ამაზე საუბრობს ლევან ბრეგაძე ესეში ,,ევროპა ვართ თუ აზია’’) თუ აზიურობის კომლექსით დაავადებული ქართველის ბებერი კონტინეტისკენ სწრაფვა. ,,ორივენიცა’’ – იტყვის ალბათ ლუარსაბი, მიუხედავად საკუთარი მკვეთრად განსაზღვრული ორინეტაციისა და მეც დავეთანმხები. თუ XX საუკუნის დასაწყისის სამამულო მანიფესტებსა თუ ანალიტიკურ წერილებს გადახედავთ, ხშირად წააწყდებით წინადადებას, რომელიც ლამის იდიომადაც კი იქცა – ,,ევროპული ხაზით გამართვა’’. დასავლეთისკენ სწრაფვა ქართული ლიტერატურის, ოდესღაც ალბათ ლატენტური, მერე და მერე კი გაცნობიერებული ვნება გახლდათ. თეიმურაზე მეფის ,,მუსიკობას’’ თუ არ ჩავთვლით, ეს ლტოლვა ყველგან იგრძნობა. რამდენად თანმიმდევრულნი ვიყავით – ცალკე და მთავარი საკითხია.

    ცხადია – აცდენა მეტი იყო, ვიდრე თანხვედრა. რადგანაც ჩვენი თემაა პოეზია, მოდი მასზე ვთქვათ, სად რა მიმდინარეობებს ვსწვდით კუდში, სად გაგვექცა, სად გავექეცით (ეს უკანასკნელი, ისე, სიტყვის მასალად აღვნიშნე). საერთოდ, პოეტურ ნიმუშებს, ლიტერატურის თეორიტიკოსები სახელს ძნელად არქმევდნენ, თუმცა არსებობდა რაღაც მკვეთრად განსაზღვრული კონტექსტი, რომელიც გარკვეულ მიჯნას თვითონვე ავლებდა და ვთქვათ, შანდორ პეტეფსა და ტრისტან ცარას სხვადასხვა კალათაში ათავსებდა.

    საქართველოში, ჰიმნოგრაფიასა და ფოლკლორს რომ თავი დავანებოთ (პირველი რელიგიური ინსტრუმენტი, მეორე კი მეტ-ნაკლებად სპონტანური ნარატივია), შუასაუკენიბიის საერო ლიტერატურა მთლიანად აღმოსავლური ლიტერატურიითაა დავალებული (ამ მინიშნებებს ისე ნუ გავიგებთ, თითქოს მე სპარსული ან არაბული პოეზია არ მიყვარდეს – სრულიად პირიქით – უბრალოდ ,,ევროპული ხაზის’’ ამბავს ვაგრძელებ). დღეს მკველავრთა ნაწილი მიიჩნევს, რომ შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანი’’ ადრერენესანსული ტექსტია, რაინდული რომანისთვის დამახასიათებელი სამკუთხედებითა და ანტიკური აზროვნებისი ნაკადით, მაგრამ ევროპული ლიტერატურისთვის მისი მიკუთვნება, ცოტა თამამი გადაწყვტილებაა, რადგან ,,შაჰ-ნამესი’’ გაცილებით მეტია მასში, ვიდრე, ვთქვათ, უფრო გვიანდელი ,,ღვთაებრივი კომედიის’’. საუკუნეების მერე იყო გურამიშვილი, ახალი ვერსიფიკაციული ვარიაცებით და გენიალური ,,ვესელა ვესნას ხმაზე ნამღერლებით’’, მაგრამ რაიმე სახის თანმიმდევრულობაზე იმდროინდელ კონტინეტურ ჰავაზე აქ საუბარი გაჭირდება ფრაგმეტულობის გამო.

    ერთადერთი მიმდინარეობა, რომელიც ,,ევროპელი კოლეგის’’ პარალელურად წარმოიშვა და თანაარსებობდა, ქართული რომანტიზმია. ეს ის შემთხვევაა, როცა ექსპორტირებული ესთეტიკა (რუსულის გზით) და ადგილობრივი პრობლემატიკა ერთმანეთს ისე შეერწყა, რომ ტიპური ლიტერატურული სკოლა მივიღეთ.

    რაღაც მანამდეც და მერეც გამოვტოვეთ და რეალიზმს მივადექით – ფრანგული სიმბოლიზმის ფუძემდებალთაგანმა შარლ ბოლდერმა ,,ბოროტების ყვავილები’’ მაშინ გამოსცა, როცა ქართული რეალიზმის ფუძმედებელთაგანი ილია ჭავჭავაძე სრულიად არაბოროტული სახით პეტერბურგის უნივერსიტეტის კარს აღებდა (1857). ისე, ეს რეალიზმი დიდი მცოცავი კია, დროში ვერ განსზაღვრავ – უბრალოდ თავსართად ხან კრიტიკულს ირქმევს და ხან მაგიურს. მერე იყო ტიციანის ხსენებული სიტყვები და ცისფერი ყანწები, ქართული დადა და გრიგოლ ცეცხლაძე, H2SO4 და ქართული ფუტურიზმი, კომეტა-გალაკტიონი, მაგრამ თემატიკა, ხარისხის მიუხედავად ევროპულ მოვლენებს წლებით ისევ ჩამორჩებოდა. საბჭოთა პერიოდში შედევრებიც იქმნებოდა, მაგრამ ჟანრი ვერ იყო იმდროინდელი მსოფლიოს ასაკის. ეს უკვე შეგნებულად, რკინის ფარდის და სხვა მანქანების მეშვეობდა, თუმცა ემიგრანტი ავტორებიც კი, რომელთაც დიდი ინფორმაცია და სულ სხვა გარემო ჰქონდათ, მაინც საოცრად სეპარატულები დარჩნენ და ნოვატორული ძიებები, გნებავთ ფორმალური, გნებავთ თემატური კუთხით, მათთვის უცხოა. საქართველოში კი, უფრო სწორად საბჭოეთში, ყველაზე თვთმყოფადი ჟანრი პროლეტპოეზიაა, თუმცა მისი ხარისხი და ბრუტალურობა ცალკე საკითხია. წითელი 70-წლეულის მოდერნულობაზე (20-30 წლების ავნგარდულ მცდელობების გამოკლებით, ესეც ხელოვნების სხვა დარგებში უფრო) რა უნდა ვთქვათ, როცა 60-წლებში ვერლიბრის დამკვიდრება მკრეხელობად მიიჩნიეს და ერთი-ორი ავტორი ანათემას გადასცეს, მოგვიანებით კი მუხრან მაჭავარიანს უიტმენის ლექსწყობის დამნერგავად მიიჩევდნენ.

    რაღაც დიდის გამოტოვების შეგრძნება, განსაკუთრებით ცხადად, ქართველი 90-ნელების ბიტ-თაობით გატაცებისას გამოჩნდა. თავისუფლების შემოტანამ ინფორმაცია მოიყოლა, ახალგაზრდა ქართველი ავტორების ნაწილისთვის, რომელთაც, სრულიად გასაგები მიზეზების გამო ამბოხის, სიტყვის თავისუფლების (რაგინდარა გაგებით) წყურვილის გამო 50 წლით ,,ბებერი’’ გინზბერგისა და კერუაკის ტექსტები აღმოჩნდა ახლოს. 90-იანების მეორე ნახევარში, ეს ვნება ნელ-ნელა დაიწმინდა და თუ პოეზიის მოყვარულები ამ არაპოეტური ტერმინის გამო არ დამძრახავენ – საშუალო სტატისტიკური ლექსი (კარგი ავტორის) სადღაც ბროდსკისა და სტრენდის შორის მერყეობდა.

    არავინ იცის, როდის იყო ქართული პოეზია ევროპულთან ასე თანმიმდევრულად ახლოს, როგორიც დღესაა. ეს უნებლიე პროცესია და ინტერნეტმა განაპირობა, ოღონდ ამ შემთხვევაში არა როგორც ინფორმაციის მიღების, არამედ გავრცელების კუთხით. შესაბამისად ჩემს ნათქვამში ირონია უფრო დაძებნთ, რადგან ძველი ინერცია ისევ არსებობს, სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები აქტიურად მოღვაწეობენ – წიგნებს გამოსცემენ, პრემიებს იღებენ და სხვა. ინტერენტი კი საკუთარი გზით მიდის – მისი არსებობდა დღითიდღე გვაეჭვებს ,,ხარისხის ნიშნის’’ სამომავლო არსებობაში. ეს მგონი უკვე არც კლასიკური პოსტმოდერნის ნიშანი აღარ არის – მაღალსა და დაბალს შორის ზღვარის წაშლაზე მეტი ხდება, ჯერ კიდევ სახელდაუქმეველი ამბავია. ის, რაც ყოველთვის ხდებოდა, მაგრამ სხვადასხვა დროს განსხვავებული ფილტრი ახარისხებდა – მთავარი ,,მარეგულირებელი’’ კი კრიტიკა იყო.

    ჩემი თაობა (მათ შორის მეც) ყველაფერზე ვწერთ, ათასნაირ გაცვეთილ ფორმას ვიყენებთ, ვწერთ განსხვავებულად, სხვადასხვა ნიჭისანი ვართ (თუმცა ერთსა და იმავე ჯილდოებს გვაძლევენ და ა.შ.).

    მთავარი მომხარებელთა (წარსულში – მკითხველი) მიერ მათი ტექსტების ნახვების რაოდენობაა, სხვა – ინტელექტურია ის თუ გრაფომანული, ინტერტექსტუალური ძიებებია თუ გაცვეთილი დიმპიტაური-დამპიტაური, მითოლოგიური თემების დამუშავება, ურბანული მოტივების სიჭარბე, სკაბრეზული ლექსი თუ უფლის სადიდებელი, რომანტიკული, დაუმთავრებელი დითირამბებია თუ სტერილური ჰაიკუები, შაირით დაწერილი ლექსები თუ ეულბეკის მდორე ვერლიბრის მსგავსი ნაწარმოებები.

    თუმცა თავს აღარ შეგწყენთ, რამდენიმე მისამართს მოგცემთ (lib.ge, literatura.ge, urakparaki.ge, ასევე სოციალურ ქსელებში პირადი გვერდები) და თქვენვე გაერთეთ.

    გართობამდე გაითვალისწნეთ – შორს არაა დრო, როცა პოეზიის ხარისხი fb-like-ების რაოდენობით განისაზღვრება. გარდაუვალი საქმეა, ამის ერთადერთი ფარი მრავალგზის ნაძაგები სნობიზმია. მე სნობების მხარეს ვარ.

    © „ლიტერატურაცხელი შოკოლადი