-
-
ახალი წიგნები – 2008 – დეკემბერი
“ბარდ ბიდლის ზღაპრები”
ჯოან როულინგი
“The Tales of Beedle the Bard “
JK Rowling
109 გვ. Bloomsburyჰარი პოტერის ჯადოსნური თავგადასავლების მოყვარულებს სიურპრიზი ელით – ჯოან როულინგის ახალი წიგნი უკვე გაყიდვაში გამოვიდა. “ბარდ ბიდლის ზღაპრები” თავდაპირველად მხოლოდ 7 ეგზემპლარად გამოიცა, რომელთაგანაც ავტორმა ექვსი წიგნი თავის ახლო მეგობრებს დაურიგა, მეშვიდე კი აუქციონზე 800 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. “ბარდ ბიდლის ზღაპრები” ხუთი ჯადოსნური ამბისგან შედგება, სწორედ ეს წიგნი დაეხმარა ჰარის და მის მეგობრებს მათი დაუძინებელი მტრის – ვოლდემორის დამარცხებაში და, შესაბამისად, ზღაპრების შინაარსიც თემატურად ჰარი პოტერის მეშვიდე წიგნს – “სიკვდილის საჩუქრებს” უკავშირდება.
“ბაღდადელი ულისე”
ერიკ-ემანუელ შმიტი
“Ulysse from Bagdad”
Schmitt Eric-Emmanuel
300გვ. Albin Michelერაყის გაუთავებელი ომების, გამუდმებული ქაოსისა და ქვეყანაში გამეფებული განუკითხაობის, სიღატაკის გამო ახალგაზრდა საად საადი სამშობლოს დატოვებას გადაწყვეტს. იგი ბრიტანეთში მიემგზავრება, იმედი აქვს, რომ ევროპაში ნორმალურ სამუშაოს იშოვის და თავის ოჯახს მატერიალურად მაინც დაეხმარება. მართალია, მისი სახელი – საად საადი არაბულ თარგმანში “იმედის იმედს” ნიშნავს, მაგრამ რამდენად გაუმართლებს თავგადასავლებისა და უკეთესი მომავლის საძიებლად მიმავალ ახალგაზრდა ერაყელს თავისი იმედები – ამის გადაწყვეტა მხოლოდ ერიკ-ემანუელ შმიტის ხელშია. ფრანგი მწერლისთვის “ბაღდადელი ულისე” მეექვსე რომანია. ქართველი მკითხველი კი ავტორს უკვე ქართულ თარგმანშიც იცნობს ( “ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი”, “ბატონი იბრაჰიმი და ყურანის ყვავილები”).
“ამას ჩემი ბებიაც ფლობს”
ფილიპ დელერმი
“Ma grand-mère avait les mêmes “
Philippe Delerm
93 გვ, Pointsმარტივი ფრაზები, რომლებიც ერთი შეხედვით არაფერ გასაკუთრებულს არ გვეუბნებიან, თუმცა კი სადღაც მიმალულ ქვეცნობიერს მაინც გვიფორიაქებენ; სიტყვები, რომლებიც ცალ-ცალკე თითქოს უმნიშვნელო საგნებსა და მოვლენებს ასახავენ, მათი ერთობლიობა კი სიამოვნების მიღების ჩვენში დაფარულ უნარებს აღვიძებს – ფილიპ დელერმის ახალი წიგნი სწორედ ასეთი სიტყვებისა და ფრაზების კრებულია, სადაც ავტორის უკიდურესი ეგოცენტრიზმი, პირველ პირში გადაწყვეტილი წინადადებები მათი მარტივი ფორმებისა თუ შინაარსის გამო მკითხველს თანაავტორობის საშუალებას აძლევს და საბოლოოდ კი ნიღაბს ხსნის ფარულ ადამიანურ ზრახვებს. იუმორი, თვითირონია, სიმარტივე და თხრობის სილაღე – აშკარაა, ფრანგი ავტორი ჩვეულ სტილს არ ღალატობს.
“გულმოწყალება”
ტონი მორისონი
“A Mercy”
Toni Morrison
167 გვ. Alfred A. Knopf.ნობელის პრემიის ლაურეატი ახალ რომანში ისევ უბრუნდება მონათმფლობელობის მტკივნეულ თემას. ამჯერად მოქმედების დროდ მეჩვიდმეტე საუკუნეა მონიშნული, ამერიკული ქვეყნების ფორმირების ხანა. მერილენდის ერთ-ერთ პლანტაციაში მომუშავე მონა თავის პატრონს, იაკობს, გასასტუმრებელი ვალების ალტერნატივად საკუთარ ქალიშვილს სთავაზობს, მაშინ, როცა იაკობის მეუღლის, რებეკას, ჯანმრთელობა დღითიღე უარესდება და იგი ბავშვის ნაყოფს კარგავს. ეპოქის სისასტიკე, ცხოვრებისეული დრამები, ადამინების პირადი ტრაგედია და ბიბლიური ალუზიები – ასეთია ტონი მორისონის ახალი წიგნი. “გულმოწყალება” ნობელიანტი მწერლის მეცხრე რომანია.
“ჯერარდ მენლი ჰოპკინსი. ცხოვრების გზა”
პოლ მერიენი
“Gerard Manley Hopkins. A Life.”
Paul Mariani
496 გვ. Viking1898 წელს, 23 წლის ასაკში ჯერარდ მენლი ჰოპკინსმა თავისი ლექსების დაწვა გადაწყვიტა. გადაწყვეტილების შესახებ კი შემდეგი ჩანაწერი გააკეთა: “მსხვერპლის სისხლი დაიღვარა”. შემდეგში კი ასეთი საქციელი იმ უსიამოვნო შეგრძნებით ახსნა, რომელიც თავისი და უოლტ უიტმენის პოეზიას შორის აღმოჩენილმა მსგავსებამ გამოიწვია მასში. ბრიტანელი პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების კიდევ არაერთ საინტერესო ფაქტს წაიკითხავთ პოლ მერიენის წიგნში, რომელიც თითქმის დეტალურად აღგვიწერს ჰოპკინსის ცხოვრების გზას. რელიგიური წინააღმდეგობები, კულტურული დაპირისპირებები, პოეტური ძიებები და ახალი ფორმა-შინაარსები – ეს ყველაფერი ჯერარდ მენლი ჰოპკინსის შემოქმედებას უკავშირდება.
„ენი ლეიბოვიცი მუშაობის პროცესში“
ენი ლეიბოვიცი
„Annie Leibovitz At Work“
Annie Leibovitz
237 გვ. Random House.ფოტოხელოვნების შესახებ ერთ-ერთ მედიტაციაში სიუზან ზონტაგი წერდა, რომ ყველა ფოტოგრაფი მხოლოდ იმისკენ მიისწრაფვის, რათა მისი ნამუშევარი ყველას დაამახსოვრდეს და ამით დაუვიწყარი დარჩეს. თითქოს, ასეთ დროს სულ ერთია, ვინ დგას ობიექტივის წინ, ვის გამომეტყველებასა და სხეულის მოყვანილობას აფიქსირებს ფირი, მაგრამ ჭირვეული ესეისტის საყვარელი თავის ახალ წიგნში სხვა ბევრ საინტერესო ფაქტთან ერთად ამ სადუმლოსაც გვიმხელს – თურმე, ენი ლეიბოვიცის ფოტოკამერას ფავორიტებიც ჰყოლია, და მაგალითად, გრძელფეხება ნიკოლ კიდმანის გადაღებას შუბლშეკრული, ბრაზიანი გრიმასის მქონე უილიამ ბეროუზის გადაღება ერჩივნა. წიგნში ასევე შესულია ლეიბოვიცის ფოტონამუშევრების რეპროდუქციები, სხვადასხვა ფოტო-ესეებთან ერთად აქ ფოტოგრაფის დედის, მერილინ ლეიბოვიცის ფოტოებსაც ნახავთ.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
-
ზაალ დგებუაძე – მოპარული და ფალსიფიცირებული იდეალები
“რომანტიკული (წაიკითხე: პატრიოტული – ზ.დ.) რევოლუციის გმირად მიმაჩნდა თავი და მსოფლიოში ყველაზე მურდალი და თვალთმაქცი წყობის (წაიკითხე: ხელისუფლების – ზ.დ.) ხელის ბიჭად ვიქეცი”
სლავომირ მროჟეკი1988 წლის შემოდგომის ახალგაზრდული და 89 წლის აპრილის საყოველთაო ამბოხის დროს ჩვენ ისე მივუახლოვდით რეალობას, რომ თვით ყველაზე ამაღლებული და განყენებული (რეალობაზე მაღლა ან მის გარეთ მყოფი) ცნებებიც კი – პატრიოტიზმი, ძმობა, ერთობა, თავისუფლება, შესაძლოა აგრეთვე სიყვარული, ამ სიტყვის ყველაზე ტევადი და დარწმუნებული აზრით, – რამდენიმე დღის განმავლობაში ყოფა-ცხოვრებაში შემოიჭრა და რეალობად იქცა. თანაც, არა ცალკეულ ადამიანთა ინდივიდუალურ ფსიქიკურ რეალობად, არამედ, ასე ვთქვათ, საერთო სახალხო სინამდვილედ, ხალხის მამოძრავებელ და წარმმართველ ძალად. სხვაგვარად ვერ აიხსნება, რომ იმ დღეებში თბილისში არ დაფიქსირებულა არც ერთი დიდი თუ მცირე კრიმინალური შემთხვევა. დასახელებული აბსტრაქტული იდეალები მაშინ უფრო ძლიერ ზემოქმედებასაც კი ახდენდა ხალხზე, ვიდრე სხვა დროს თუნდაც სავსებით კონკრეტული სიკვდილის შიში. გავიხსენოთ, რომ ორიოდე წლის შემდეგ, “თბილისის ომის” დროს, მარადიორები ტყვიებს არ უშინდებოდნენ და ბრძოლის ტერიტორიაზე დღე და ღამ დაუზარებლად ძარცვავდნენ სახლებს.
ახლა 89 წლის აპრილის ამბოხის გახსენება, რომლის მოწმე და მონაწილე ლამის მთელი თბილისი იყო, მაინცდამაინც არავის სიამოვნებს. და მიზეზი 9 აპრილის დარბევისას განცდილი შოკი როდია – შოკმა დიდი ხანია გაიარა. არა, მიზეზი დამარცხების მწარე გრძნობასა და იმ იდეალების გაუფასურებაშია, რომლებიც მაშინ გვამოძრავებდა.
რა მოხდა საყოველთაო სიყვარულისა და ერთობის იმ რამდენიმე დღის შემდეგ? როგორ გავლიეთ საუკუნის დასასრულამდე დარჩენილი წლები?
პირადად ჩემთვის ყველაფრის ერთგვარ შეჯამებად იქცა 2000 წლის დეკემბრის მიწურულს ნანახი “ფსიქო” (მეორე ათასწლეულის ბოლო გადაცემა), სადაც აჩვენეს ფრაგმენტები ბესო სოლომონაშვილის ფილმისა ქუჩის მუსიკოსებზე. მაშინ შევიტყვე, რომ უსინათლო მომღერალი ქალები, რომელთა ჟრუანტელისმომგვრელი ხმა – “ჯერ ხომ მცხეთის სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში საქართველოს ცხელი გული ასვენია!” – 9 აპრილის ჩეხვის დროს გაისმოდა როგორც პირდაპირ ისტორიიდან მოღწეული მოწოდება გმირობისა და გაუტეხლობისკენ და სიამაყითა და შემართებით გავსებდა (ეს დახასიათება ახლა შეიძლება მაღალფარდოვან სიყალბედ მოგვეჩვენოს, მაგრამ მაშინ ესეც რეალობა იყო), დიახ, სწორედ ეს ქალები ორი ათასწლეულის მიჯნაზე მიწისქვეშა გადასასვლელებსა და მეტროს სადგურებში სწორედ ამავე სიმღერის მეშვეობით მათხოვრობენ, რათა შიმშილით არ ამოსძვრეთ სული და მათი ხმა ახლა, ალბათ, ყველა გრძნობას აღძრავს, – სიბრალულიდან დაწყებული და მრისხანებით დამთავრებული, – სიამაყისა და შემართების გარდა…
ამ კერძო ფაქტში არეკლილია მთელი ჩვენი 9 აპრილის შემდგომი ცხოვრება: გაღატაკებული, მოღორებული, ღირსებააყრილი ხალხის ბედი…
ამბოხი შეიძლება იყოს დაუკონკრეტებელ ზოგადჰუმანისტურ იდეალებზე დაფუძნებული, ან სრულიად უმიზნო და უპროგრამო (იხ. “არილის” ნომრები მიძღვნილი პარიზის 1968 წლის მოვლენებისა და “ბიტნიკებისადმი”, 2001 წ. N10 და 2000 წ.N9). ასეთ შემთხვევებში დამარცხების სიმწარე გაცილებით ნაკლებია, რადგან თვით მეამბოხეთა მამოძრავებელი იდეალები ან მოტივები შეუბღალავი რჩება. მოსახლეობის ფსიქოლოგიური მდგომარეობის თვალსაზრისით ყველაზე მძიმე ვითარება იქმნება მაშინ, როცა მასების წარმმართავ “წმინდა” იდეალებს პოლიტიკის უბინძურესი საქმოსნები ეუფლებიან და მათ ხალხის მოღორების და გაყვლეფა-გატყავების საშუალებად იყენებენ.
სწორედ ეს დაემართა ჩვენში პატრიოტიზმს, რადგან 1988-89 წლების ამბოხი მთლიანად მისი ნიშნით იყო აღბეჭდილი, მისი ლოზუნგებით მიმდინარეობდა. ამაზე ხმამაღლა ლაპარაკს ერიდებიან (ალბათ, ცნება “სამშობლოსადმი” ქართული კლასიკური ლიტერატურიდან ლამის დედის რძესთან ერთად შეწოვილი პიეტეტის გამო), მაგრამ დღეს საქართველოში სიტყვა “პატრიოტიზმს” ყოველგვარი ხიბლი აქვს დაკარგული და, განსაკუთრებით ჩვენი ახალგაზრდა თაობისთვის, ლამის “ჩამორჩენილობის”, “გონებაშეზღუდულობის” ან, კიდევ უარესი, “ანგარებიანი უტვინო აფერისტობის” სინონიმად არის ქცეული.
ცხადია, ეს არც, ზოგადად, თვით იდეალების უვარგისობის ბრალია და არც, კერძოდ, საკუთრივ პატრიოტიზმის დრომოჭმულობისა. ყველაფრის გაუფასურებასა და ტოტალური ნიჰილიზმის დამკვიდრებაში ბრალი მიუძღვით ხელისუფლების სათავეში მოხვედრილ იმ უვარგის ადამიანებს (პოლიტიკოსებს, დილეტანტ გენერლებსა და სარდლებს, პროფესიონალ ბანდიტებს), რომლებმაც ილუზიონისტის (ან გაწაფული ჯიბის ქურდის) სიმარჯვით გამოგვაცალეს ხელიდან იდეალები და სანაცვლოდ მათი ფალსიფიცირებული და სრულიად უვარგისი დუბლიკატები შემოგვაჩეჩეს.
საერთოდ, ამ ადამიანებს მოუშორებლად თან სდევს ერთი მურდალი თვისება (ერთგვარი წყევლა, რომელიც, როცა ისინი ხელისუფლებას დაეუფლებიან ქვეყნისთვის შეჩვენებად იქცევა ხოლმე): შეხებისთანავე გახრწნან თვით ყველაზე მაღალი რეალური იდეალები, თავიანთი ნამდვილი მიზნების ილუზიურ შესანიღბ მასალად აქციონ ისინი, ხოლომათ ნაცვლად რეალობად დაამკვიდრონ უმდაბლესი მერკანტილური მისწრაფებები და მტაცებლური ინსტინქტები. მათ ისიც კი მოახერხეს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფოებრიობის დაცვის სავსებით რეალური ამოცანები აფხაზეთის ომის დაწყებით გადაექციათ მოსახლეობის გასაბრიყვებელ ფუყე ილუზიურ ლოზუნგებად, პატრიოტიზმით ან, უბრალოდ, კაცური სინდისით ამოძრავებული ბიჭები – ჯარისკაცები და მოხალისეები – გამოეყენებინათ “საზარბაზნე ხორცად”, ხოლო რეალობად დაემკვიდრებინათ სულ სხვა რანგის მოვლენები: ხელისუფლების კიბეზე საფეხურების გადანაწილება და ფული, უკონტროლო იარაღი და ნარკოტიკები…
ამ ადამიანებმა, არა მხოლოდ აფხაზეთი, საქართველოც დაგვაკარგინეს. ამას მოწმობს მოსახლეობის სრული გულგრილობა ქვეყნის ცხოვრების უკლებლივ ყველა სფეროსადმი, და ეს ისეთ უკიდურესად პოლიტიზირებულ საზოგადოებაში, როგორიც საქართველოშია! დღეს ნებისმიერ ახალ მოვლენაში, იქნება ის პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სამხედრო ხასიათისა, ხალხი, უწინარეს ყოვლისა, უმაღლეს ხელისუფალთა ანგარებიან ზრახვებს, მათ კრიმინალური ელფერის მქონე “ანცობას” ხედავს, რადგან, უბრალოდ, დაკარგული აქვს რწმენა, რომ ყველაფერ ამას მის რეალურ ცხოვრებასთან რაღაც კავშირი შეიძლება ჰქონდეს.
წინა სტატიაში (“არილი”, 2001 წ.N15) ვწერდი საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სივრცეში დამკვიდრებულ ურჩხულზე (უფრო კი, მის გახრწნილ გვამზე) – საბჭოთა იმპერიიდან მემკვიდრეობით მიღებულ სახელისუფლებო სისტემაზე. ოღონდ, დღეს ამ მონსტრუოზული წარმონაქმნის ბატონობას ვეღარავის დავაბრალებთ: სისტემის ერთგულ მსახურთა მოსვლა ხელისუფლების სათავეში ჩვენივე წყალობით – ჩვენი არჩევნის ან ჩვენი გულგრილობის გამო – ხდება. დღევანდელი ვითარების წაორმომქმნელი უმთავრესი მიზეზი ჩვენსავე მენტალიტეტში უნდა ვეძებოთ: კანონებისადმი უპატივცემულობასა და თანამდებობის პირთა წინაშე ქედმოდრეკაში, ყოველგვარ უზნეობასთან შეგუებასა და ქარიზმატული ლიდერების მოყირჭებულ ხიბლში.
ჩვენ ჯერ საკუთარი პიროვნული თავისუფლებისა და მოქალაქეობრივი ღირსების შეგნება უნდა მოვიპოვოთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ფიქრი მოპარული იდეალების დაბრუნებაზე, რეალობის დაბრუნებაზე ან, არსებითად, საქართველოს, როგორც ჩვენი სახელმწიფოს, როგორც სამშობლოს დაბრუნებაზე.2001
© “არილი” -
ანდრო ბუაჩიძე – დავითაშვილის ქუჩა
ანდრო ბუაჩიძე
დავითაშვილის ქუჩა
ესკიზი გაყვითლებული რვეულიდან
ეს იყო სოლოლაკში, კარგა ხნის წინათ. არ ვიცი რატომ ხდებოდა ასე, ვისი საიდუმლო სურვილით თუ ნებით. არ ვიცი რატომ იყო იქ რაღაცნაირი ღრმა ნაღველი ვიწრო ქუჩების გადაკვეთილ კიდეებზე, ხეებქვეშ ჩაფენილი, რომელიც გამუდმებით ცახცახებდა და აქა-იქ ძალაგამოცლილ სხივებს იქსოვდა სიღრმეში. ვის ჭირდებოდა ეს ან რატომ მოხდა ასე. რატომ აღმოვჩნდი მე ამ დაქსაქსულ სინათლეში, ნაღვლიანი ფანქრების გასწვრივ, გრძელ დღეებში, ჩვეულებრივი და უცნაური საღამოების ანაბარა, საკუთარი თავის ანაბარა, ყველაფრის ანაბარა, რაც შეიძლება ცხოვრებამ მოულოდნელად მოგიტანოს და მერე ნელ-ნელა წაგართვას შეუმჩნევლად, ისე, როგორც ღამე ჰკრეფს გაფანტულ სინათლეებს ჩამუქებული ქვაფენილებიდან და უშველებელი სადარბაზოების შეუღწეველი წიაღებიდან. არ ვიცი რატომ ხდება, რომ რაღაც გაკვესავს სიცარიელეს, აინთება და თანდათან თვითონვე ჩაქრება. ვინ ანთებს სინათლეს და ვინ აქრობს, ვისი ნებასურვილით ანთებს და ვისი ნება-სურვილით აქრობს.
ეს იყო სოლოლაკში, დიდი ხნის წინათ. მახსოვრობასაც აჩნდება ხოლმე დრო გაცვეთილი ბეჭედივით. და ეს ბეჭედი ჰგავს ძველი შენობების კედლებს, რომელთაც რაღაც უცნაური სიძველის ფერი ედება, ფერი მღვრიეა და ღრმა, დღეების და ღამეების სიმრავლით გაჟღენთილი და გაქვავებული, როგორც სარკეში არეკლილი ჩამოღამებული ოთახის სივრცე.
ახლა რომ ვიხსენებ, მაგონდება, რომ რაღაცნაირად ნელა ვმოძრაობდი მე იმ დროში. ნელა ვცხოვრობდი, ნელა დავდიოდი, ნელა ვფიქრობდი. და დროც ნელა მოედინებოდა ჩემთან ერთად. მე მას ყველგან ვხედავდი. ვხედავდი უმიზეზოდ გამოღებული განჯინის ბნელ სიღრმეში, კედლებზე და აქერცლილ იატაკებზე, ნაწვიმარ აკაციის ხეებქვეშ, ბებიაჩემის და ბაბუაჩემის ხელებზე და სახეებზე, და სულ უცხო ადამიანების ზურგებზე, ნელა რომ აუყვებოდნენ აღმართს ჩვენი ფანჯრების ქვეშ, წვიმიან დღეებში. მე არ მიკვირდა, მაგრამ მიხაროდა, როცა ვხედავდი დროს, რომელიც სინათლესავით სათუთად ედებოდა ათასგვარ ნივთებს და ადამიანების გლუვ, ჩაღრმავებულ, აბურცულ, მეტყველ და უმეტყველო სხეულებს და სახეებს.
მე არ ვიცოდი, რა იყო ეს ან საიდან დაიწყო. შეიძლება იქიდან, ჩვენი ეზოს ერთ-ერთ კიბეზე რომ ვიჯექი და ვტიროდი. ვტიროდი, რადგან ქუჩიდან უშველებელი წითელი, საშინელი სახანძრო მანქანების მშფოთვარე გნიასი აღწევდა. უსულო მანქანები ადამიანებივით ყვიროდნენ, ადამიანები კი გარბოდნენ სახლებისკენ და გამალებულები შერბოდნენ სახლებში. მე ვიჯექი და ვტიროდი. და თუმცა სახლთან ვიყავი, ვგრძნობდი უსახლკარობას, უნუგეშობას, უაზრობას, შიშს. ვგრძნობდი, რომ ქვეყანა დიდი იყო და საშინელი, მე მის შიგნით ვიყავი და გასაქცევი უკვე აღარსად მქონდა. ვგრძნობდი, რომ სხვებმაც იცოდნენ ეს და ამიტომაც მკიდებდნენ ხელს და შევყავდი სახლში.
არ ვიცი, იქნებ აქედან დაიწყო დრო. იქნებ აქედან დაიწყო და აქედან უნდა დაწყებულიყო ჩემი თავის შეგრძნება უშველებელ სიცარიელეში. ყოველ შემთხვევაში, მერე და მერე ყველაფერი უფრო მშვიდად გაგრძელდა და უკვე წამოზრდილი, როცა ნაშუადღევს სკოლიდან ვბრუნდებოდი, მე ვხედავდი დროს, რომლის კეთილისმყოფელი და უწყინარი სახე, ყველგან და ყველაფერზე ირეკლებოდა, როგორც მზის სუსტი სინათლე თავსხმა წვიმის შემდეგ.
მე ნელა ვმოძრაობდი. ნელა, ფეხათრევით მივდიოდი სახლისკენ. მე ვგრძნობდი სახლს, სახლის მზემოფიცხებულ უზარმაზარ გრილ კედლებს. არც ქუჩები იყო უცხო ჩემთვის.
ეს იყო სოლოლაკში, დიდი ხნის წინათ, სადაც ვიწრო ქუჩებია და დიდი სადარბაზოები. ღრუბლიან დღეებში სადარბაზოები ნაღვლიანი ბურუსით ივსება. შეგიძლია შეხვიდე ამ სადარბაზოებში და შენ იგრძნობ, როგორ შეგიწოვს ბურუსის ნაღვლიანი სინოტივე, შენ მოხვდები ხმების, ბგერების, გრძელი სხივების პანოპტიკუმში. სულ ახლოს, ალაყაფის კართან, მზით განათებულ ტროტუარზე ბავშვები ჩაირბენენ. ხმაური წამით შეარხევს ბურუსიან ნოტიო მდუმარებას, სადარბაზოში გრგვინვით შემოვარდება ხალისიანი, სიცოცხლის ჟინით გაგიჟებული ბგერები და მერე გაქრება. ნუთუ ასე ქრება ყველაფერი. ასე ეშვება და ქრება. ეს შენ არ იცი, არ იცი და რომ იცოდე, ვერც გაიგებ, ვერც დაიჯერებ.
შენ ბავშვი ხარ და არ იცი, რომ არსებობს სიკვდილი. შენ არ იცი, რომ სიკვდილს თავის ფერი და სუნი აქვს, შენ არ იცი, რომ სიკვდილი ნიშნავს ყველაფერს, მაგრამ შენ იცი, რომ რაღაცეები ქრება და უჩინარდება სიცარიელეში, რაღაცეები ქრება, და ვისი ნება-სურვილით ქრება, ვერავინ გეტყვის, ვერავინ გეტყვის, ვისი ნებასურვილია მუდმივი ქრობის ურჩი წინამძღვარი.
შენ ბრუნდები სკოლიდან სახლში. ბრუნდები დაღლილი, მოშვებული, ენერგიადაცლილი, და ფეხსაცმლის ჭვინტით მოაგორებ ცარიელ ასანთის კოლოფს ან კონსერვის დაჭეჭყილ ქილას. შუადღეა და დაავითაშვილის ქუჩა ცარიელია. მხოლოდ გასტრონომს ზემოთ, გაზეთების ჯიხურის ირგვლივ იკრიბება მოყაყანე ადამიანების პატარა ჯგუფი, პატარა წრე, რომელიც შეჩქვიფდება და აზუზუნდება, მერე დაქუცმაცდება და ასისინდება ნაშუადღევის შეუსაბამოდ ნაზ და ლირიკული დიდებებით სავსე, ოქროსფრად გადაცრეცილ ჰაერში, ჰაერში ოდნავ შერხეული, ოდნავ მტოკვარე დაჭიმული სინაზის სიმია გაბმული და აკაციის ხეებქვეშ, ნაადრევად ჩამოცვენილ წვრილ ფოთლებზე დაუდევრად მიმოისვრის ჩრდილოვან ტალღებს. შენ გრძნობ მთელი არსებით ოქროსფერი ნაშუადღევით გაჯერებულ ჰაერში ჩამოჟონილ უხილავ წვეთებს, ნაზ რხევებს, სხივებით მოოჭვილი ქამელეონის ასხლეტას და გაუჩინარებას აკაციების უკვე შებღალულ კენწეროებთან. შენ სავსე ხარ ნაშუადღევის ნებისმიერ გარემოსთან თანხმობის და შერიგების მოწოლილი სურვილით, მოთენთილობით და ტკბილი სიზანტით, დაქსელილ ძარღვებში რომ გივლის და თვლემას გგვრის. ნახევრად თვლემ კიდეც, მარტო შენ კი არა, მთელი ქუჩა, მთელი სოლოლაკი, უზარმაზარი, უშველებელი ქვეყნიერების ერთი პაწია ნაგლეჯი, ქალაქის განაპირა კიდეში მაღალი მთის კლდოვან თხემებქვეშ ჩამოზიდული პატარა ნირვანა, პატარა ტერიტორია, რომელიც სავსეა ჩიხებით და გასასვლელებით, ტეხილი ქუჩებით და სახეებზე ჩამოკონწიალებული აივნებით, მიწაში ჩამძვრალი სარდაფებით და ჩამობურულ ეზოებში შემავალი ალაყაფის ჭიშკრებით. ათასი ხმით, ათასი გადატეხილი ბგერით, ბგერის უმცირესი ნამსხვრევებით, გაცვეთილი ფერების და მიმწყდარი შეძახილების ვიბრირებით, ხეებში ჩამოღწეული სინათლეების და მოძრავი ჩრდილების გაუთავებელი, მთრთოლვარე ტოკვით და ერთი წუთითაც არ გტოვებს იმის განცდა, რომ ეს მხოლოდ მცირე ნაწილია დიდი ქვეყნიერების, იმ ქვეყნიერების, სადაც რაღაც ხდება, რაღაც საშინელი, რაღაც სასტიკი, ვიღაცას იჭერენ, ვიღაცას კლავენ, ვიღაცას იტაცებენ, ვიღაცას უსპობენ სიცოცხლეს. ოღონდ შენი გულუბრყვილო აზრით, ეს ყველაფერი შორს ხდება, იქ, იმ დიდი ქვეყნიერების ნაწილში და არა აქ, სადაც არაფერი არ შეიძლება მოხდეს, ისე ნელა მიედინება დრო და ისეთი სიწყნარეა ჩაფენილი თხელი ბურუსით გაჟღენთილ სადარბაზოებში.
და არ იცი რატომ აღმოჩნდი აქ, მაინცდამაინც აქ. საიდან დაიწყო ყველაფერი და სად უნდა დამთავრდეს, ან უნდა დამთავრდეს კი საერთოდ? იწყება აქ, ამ სინათლით მოქსოვილ ქვეფენილების ხლართებში რამე ან მთავრდება? ნუთუ მთავრდება კიდეც? ყველაფერი ძალიან ნელა მოძრაობს და შენც ნელა მოძრაობ ამ ყველაფრის არაფრისმთქმელ წიაღში. ეს ადამიანებიც, გაზეთების ჯიხურთან და ლუდის წერტთან რომ დგანან, დიდი ხანია შენს ბავშვურ ცნობიერებაში ნაშუადღევის დაუბოლოვებელ ზიგზაგებს შეერწყნენ და დაკარგეს თავიანთი სახე. შენ არ იცი, რომ ესენი ჩვეულებრივი გზააბნეული ძე-ცთომილები არიან, როგორიც ათასია ანდა მილიონი, ქალაქის კლოაკებში მოფუთფუთე მათხოვრები და ნაციხარები – ქუჩის დამტვერილ კიდეებზე მიხვეტილი ჭუჭყი – ლოთები, მაწანწალები, მუქთახორები, უდიდესი ბედისწერის ანაბარა მიგდებული გლახები, ბინძური მოხალისეები დღე და ღამე რომ ტრიალებენ იქ, სადაც მათი საარსებო სარჩო მოიძევება, მდარე, უგემური, მაგრამ მუდმივი და დაუყვედრებელი, მათივე უაზრო სიცოცხლესავით უაზროდ გაჩენილი და ამიტომ მათთვისვე განკუთვნილი. აქვე არიან სხვებიც: შოფრები, სადაზღვევო უწყების მუშაკები, მაკლერები, ყასბები, ხელოსნები, სოფლიდან ჩამოთესლილი უსაქმური გლეხები, სამუდამოდ მოწყვეტილნი კარმიდამოს და ქალაქის სარდაფებს მიტმასნილნი, უსახლკარო ნაბიჭვრები და სახიჩარები, ბედისმაძიებელი გაუმაძღრები და სამუდამოდ ხელჩაქნეული უბედურები. შენ არ იცი, შენ ვერ ხედავ მათი ცხოვრების ტლანქი დანით დასერილ სახეებს. ეს სახეები მიწისფერია და უხეში ნაოჭების სქელი ბადით დაქსელილი, რადგან ისინიც შენსავით შემთხვევით მოხვდნენ ამ მზით გადაფენილ ქვაფენილებზე, რატომ და რისთვის, არც მათ იციან, მაგრამ ის კი ახსოვთ, რომ ვიდრე აქამდე მოაღწევდნენ, გრძელი გზა გამოიარეს და ამ გზამ თავის მკაცრი ბეჭედი დაასვა მათ ისედაც უიღბლო არსებობას. აქაც პატარა კლოაკაა, ნაშუადღევის უდრტვინველ, მშვიდობისმომფენელ სხივებში გამოხვეული პაწია სამყარო, რომლის წრეშიც ბაქტერიებივით ტრიალებენ პირზე დუჟმომდგარი, ლუდისკათხამომარჯვებული კაცები. ისინიც ცლიან კათხებს და ერთდროულად აწყობენ აყროლებულ დახლზე. მერე ხმაშეწყობით, მოყაყანე ერთფეროვნებით ჰყვებიან ათასნაირ ამბებს, რომელთაც მოსაღამოვებამდე გასდით ყავლი და დღის სინათლეზევე იფანტებიან უსიცოცხლო სხივებივით.
ქუჩის გადაღმა მაღალი ფანჯრებია, ფეხისწვერებზე ვიწევი და ფანჯრებში ვიჭვრიტები. ამ ფანჯრებს შიგნითაც ისეთივე ბლანტი ბურუსია, როგორიც ყველგან: სადარბაზოების მაღალ კიბეებზე, ეზოების შესასვლელებში, გრილი ბინების ოთახებში. მხოლოდ აქ გარაჟია და მანქანები დგანან. ყოველ ფანჯარაში მანქანაა. ფანჯარა თხელი ბადით არის დაცული და სიღრმიდან ბენზინის და მანქანის რაღაცნაირი ნაცნობი სუნი აღწევს. მანქანებიც რაღაცნაირად დგანან ამ დიდ ოთახებში, მკაცრად გარინდულნი, ცარიელნი, თითქოს ყველასაგან მოსროლილნი და მიტოვებულნი. მანქანების შიგნითაც სქელი ბურუსია ჩამდგარი, მხოლოდ მინებში, უკანა მხრიდან მზის სხივი იჭრება და ტყდება შიგნით, აქაც დრო მიედინება ნელა და მდოვრედ. მიტოვებული მანქანები დროში დგანან და მე შემიძლია შევიჭვრიტო თითოეულ ფანჯარაში და დავინახო დროის ფრთხილი, უხმაურო დინება გარინდებული მანქანების წიაღში. ვინ მოვა და ვინ შეიჭვრიტება აქ, ვინ დაინახავს როგორ მიცოცავს გადამტყდარი მზის სხივი მანქანის უკანა სკამის გადაცვეთილ საზურგეზე. გარაჟებში სრული სიწყნარეა, მხოლოდ ზოგჯერ მეტალის წკირი გაიტკაცუნებს, თითქოს რაღაც ჩატყდაო მანქანაში. ესეც დრო არის, გადამტყდარი წამებია.
ყოველდღიური მომქანცველი სვლა სკოლაში და უკანდაბრუნება, წყნარი რიტუალია, რომელსაც მე უპროტესტოდ ვასრულებ თალმუდისტივით. ის ჩემს ნებაზე არ არის დამოკიდებული. ჩემი ნების გარეშე არსებული ვითარება მკარნახობს ნაშუადღევის გრძელი გზა გამოვიარო და შეიძლება სწორედ იძულება მაგრძნობინებს დროის უჩინარი დინების რიტმს. გარაჟის ზემოთ პურის მაღაზიაა, მწვანე აბრაზე მსუყე ყვითელი ასოებით არის წარწერილი “პური” და ყოველივე იმდენად ნაცნობია, რომ თვალის ნაზი ბადურა ძალდაუტანებლად იჭერს ათასგზის აღქმულ შეფერილობებს, ტონალობებს და მრგვალი ასოების მოხაზულობებს. თუ სადმე ტეხილია ან ხარვეზი, ისიც შეუმჩნევლად თავსდება მხედველობის ფაქიზ მატერიაში, ისე, რომ მე ვერც ვამჩნევ მის არსებობას. თითქოს ეს თავის თავში მცხოვრები საგნები თვითონვე პოულობენ გზას, რათა ჩემს არსებაში სამუდამოდ დასახლდნენ, სამუდამოდ, დაიმკვიდრონ დროსთან ერთად ადგილი, რომელსაც მერე დროც ვერასგზით ვეღარ ამოშლის. ეს საგნები განმარტოებით არ ცხოვრობენ, მათ უერთდება ჰაერში გაფანტული სიფრიფანა ქსელი ხმების, ფერების, აუხსნელი ნაწილაკების და უთქმელი ნიშნების. ყოველივე კი სიცოცხლის ეთერული ფარდაა, ჩემს მიერ ათასჯერ შერხეული და ჩემს არსებასთან უკვე განუშორებლად შემკვრივებული.
მე ნელა ვეშვები მენავთის სარდაფში. აქ ყველაფერი ნავთის სუნით არის გაჟღენთილი. საკმარისია ასანთის ერთი გაკვრა და ნავთით სავსე მიწური გაქრება. მენავთე დაბალი და სქელი კაცია. მსხვილი ნავთისფერი ულვაშები აქვს და ულვაშებსზემოდან ვიწროდ მოწკურული თვალები კეთილად უციმციმებს. მე წყლიან თვალებში შევყურებ და მეჩვენება, რომ იქიდანაც საზარელი ნავთის შავი წვეთები ბზინავს. მენავთე იღიმება, რადგან მიცნობს და რაღაცას მეკითხება, მაგრამ მე არაფერი არ მესმის, ხმა იკარგება ნავთით გავსებულ ბიდონებს შორის. გარშემო ყველგან სხვადასხვა ზომის და მოცულობის თავახდილი ჭურჭელი დგას. შავი ზედაპირი ლივლივებს და შიგ დღის ელექტროშუქიდან არეკლილი სხივები დაცურავს. ამ შავი ზედაპირის დანახვისთანავე შემზარავი გრძნობა მეუფლება: “აი, ეს არის ნავთი”, ნავთი, ნავთი, ნავთი, ყველაფერი ნავთით არის გაჟღენთილი, ყველაფერს ნავთის სუნი აქვს, მენავთე იღიმება და ახლა უკვე მესმის მისი ხმა: “ნავთი ხომ არ დაგაბარეს?”, “ნავთზე ხომ არ გამოგგზავნეს?” ბიდონებს უკან სარეცხის საპნების უშველებელი გროვა აწყვია. სარდაფის სიღრმეში სიმეტრიულად დაწყობილ საპნის უხეშ ნაჭრებზე თხელი ნავთისფერი ბურუსია ჩამოწოლილი და აქაც საიდანღაც იპარება დღის ჯიუტი სინათლე. სადღაც ჭერსა და მიწურ იატაკს შორის სხლტება შემთხვევით მოხვედრილი სხივი და შეხუთულ ჰაერში იბნევა. ვიწრო სივრცე ოდნავ ნათდება და უფრო მკაფიოდ იკვეთება მენავთის ლურჯი, დანაოჭებული ხალათი, სქელი ნაცრისფერი ულვაშები და განუწყვეტელი ღიმილი, რომელსაც მოელვარე, უეცრად მოვარდნილი დღის სინათლე კვეთს და მე ვხედავ, რომ აქაც დრო დაცურავს, დრო ეტმასნება სინათლის სხივებთან ერთად ნავთისგან დასველებულ კედლებს და მენავთის ნავთიან, გაღიმებულ სახეს.
ყოველდღე ერთიდაიგივე მეორდებოდა – მე ვუახლოვდებოდი ალაყაფის მძიმე კარს. ქვის კიბის რამდენიმე საფეხურს ავივლიდი და ზარის ღილაკს თითს ვაჭერდი. კარი იღებოდა გამობმული ფარატინა თოკის გამოქაჩვით. კარის გამღები კიბის თავზე იდგა და სვეტზე გამობმული თოკის ბოლო ეჭირა. ეს ადამიანი მეტწილად ბებო იყო. კარის გაღებას თან საყვედურიან ტუქსვას მოაყოლებდა და უმალვე შებრუნდებოდა სამზარეულოში. მე კი ჩანთას იქვე მივაგდებდი, ვეშვებოდი კიბის საფეხურზე და დიდხანს ვიჯექი გაშტერებული. კარს ზემოთ, საღებავებით გასვრილი მინიდან ზღვა სინათლე იღვრებოდა წითელ კიბეებზე. კიბის გვერდით ცარიელ ადგილას ძველისძველი შავი სკივრი იდგა. სკივრზეც იღვრებოდა სინათლე და სინათლეში მობზრიალე მტვრის გრძელი სვეტი. მე არ ვიცოდი საიდან მოქროდა ჰაერში მოძრავი უმცირესი მტვრის ნამცეცები, მაგრამ მათ მოძრაობაში ვხედავდი დროის წრიულ ზიგზაგებს, ბრუნვებს, ტეხილებს. დღე უკვე საღამოსკენ იყო გადახრილი და თითქოს დროის სახეც უფრო ხელშესახებად იკვეთებოდა ყველა საგანზე. შემოსასვლელის პატარა, მაგრამ საკმაოდ ტევადი სივრცეც დროის ჩამუქებული ხსნარით იყო შეფერილი. კიბის პირველ, ბრტყელ საფეხურზე უფორმო ჩრდილი ტყდებოდა და იატაკს უერთდებოდა. მე მესმოდა ქუჩიდან აკრეფილი ჟრიამული როგორ იკარგებოდა მოახლოებული საღამოს უშველებელ სიცარიელეში. მერე კიდევ ერთხელ შემახსენებდა თავს ბებიაჩემის საყვედურნარევი ტუქსვა და ავდიოდი ოთახებში, სადაც უზარმაზარ ფანჯრებზე ჩამოფარებულ ფარდებს აკაციის ხეების მოძრავი სილუეტები დასთრევდა.
საწოლ ოთახში დიდედა კატო იწვა. ის მისუსტებული ხმით ლაპარაკობდა და უხმოდ ხუჭავდა თვალებს. ჩალურჯებულ თვალის უპეებს ვარდისფერი ზოლი აჩნდა და თვალის უპეებზე აღბეჭდილი ფერთა სიმკვეთრე მდუმარე სიცოცხლისუნარიანობას ამჟღავნებდა. დიდედა კატო უმთავრესად დუმდა. და თითქოს მისი დუმილი უფრო მეტყველი იყო, ვიდრე საუბარი. მის სახეს აჩნდა დაღლილობა, რომელიც არ შეიძლებოდა დროთა განმავლობაში გაქარწყლებულიყო, რადგან ეს მხოლოდ დაღლილობა კი არ იყო, არამედ ხანგრძლივი და მტანჯველი ჟამთა სიავის მღვრიე ანარეკლი, რადგან არსებობს დაღლილობა, რომელიც წარუშლელია და აღმოუფხვრელი…
ეს იყო სოლოლაკში, დავითაშვილის ქუჩაზე, კარგა ხნის წინათ. არ ვიცი რატომ ხდებოდა ასე, ვისი საიდუმლო სურვილით თუ ნებით. არ ვიცი რატომ იყო იქ რაღაცნაირი ღრმა ნაღველი ვიწრო ქუჩების გადაცვეთილ კიდეებზე, ხეებქვეშ ჩაფენილი. რატომ აღმოვჩნდი მე ამ დაქსაქსულ სინათლეში, ნაღვლიანი ფანჯრების გასწვრივ, გრძელ დღეებში, ჩვეულებრივი და უცნაური საღამოების ანაბარა, რაც შეიძლება ცხოვრებამ მოულოდნელად მოგიტანოს და მერე ნელ-ნელა წაგართვას…
© “არილი” -
მაიკლ როსენი – ლექსები
-
ლაშა ბუღაძე – საშინაო დავალება: როსტომ-ხანი
ლაშა ბუღაძე
საშინაო დავალება: როსტომ-ხანი
1.
2. 11. 1937.
ეს ფოტო 1937 წლის 2 ნოემბერსაა გადაღებული. ცენტრში
ლავრენტი ბერია დგას. მისგან ხელმარჯვნივ უნივერსიტეტის მაშინდელი რექტორი პეტრე დონდუა. მეორე რიგიდან პროფესორი ილია ზედგენიძე შემოგვცქერის. პროფესორს კისერი აქვს მოღერებული (შესაძლოა, ფეხისწვერებზეც იწეოდეს), რადგან წინ საკმაოდ მაღალი მამაკაცი (მათემატიკოსი იური ჯანელიძე?) უდგას. მეცნიერები ტერასულად დგანან უნივერსიტეტის პირველი კორპუსის კიბეზე. არავინ იღიმება – სერიოზული და მკაცრი სახეებით შემოგვყურებენ.
ბერიას მიხაკები უჭირავს.ამ ფოტოგადაღებიდან ერთი კვირის გასვლის შემდეგ ლავრენტი ბერია მეცნიერთა ნაწილს ცენტრალურ კომიტეტში დაიბარებს. გამოიძახებენ მხოლოდ ისტორიკოსებს. მათ შორის, პროფესორ ილია ზედგენიძესაც.
ბერია იტყვის:
– ისტორია უნდა გადავწეროთ, ამხანაგებო.
მერე კი, რახან მცირე აღელვებას შეატყობს ისტორიკოსებს, არა საუფროსო, არა მბრძანებლური, არამედ მეგობრული, შინაურული ტონით გააგრძელებს საუბარს:
– მარტივად: ვინც უსამართლოდ მიჩქმალულია ისტორიაში, ზეით უნდა ამოვწიოთ და ერს ხელახლა გავაცნოთ. ვისთვისაც უსამართლოდ აქვთ ტალახი ნასროლი, უნდა განვბანოთ, გავასუფთაოდ და ნამდვილი, გაწმენდილი სახით წარვუდგინოთ ერს. ვისი კარგი საქმეც უსამართლოდ მიჩნეულა ცუდად, თავიდან უნდა შევაფასოთ და ერს კარგზე კარგი ვათქმევინოთ.
ბერია რომ გაჩუმდება, მოწვეულთა შორის ყველაზე აქტიური, პროფესორი მამია ხელაშვილი ალაპარაკდება:
– უნდა დავეთანხმო ამხანაგ ბერიას, – იტყვის იგი, – ჩვენი
სირცხვილია ესა, ისტორიკოსების… ამხანაგ ბერიას კი არ უნდა დაესწრო ჩვენთვის, არამედ ჩვენ, პირველებს უნდა ამოგვეღო ხმა! განა არ ვიცით, რამდენი ასეთი ლაფსუსია თუნდა ქართლის ცხოვრებაში?! მრცხვენია და ბოდიშს ვიხდი, ლავრენტი პავლოვიჩ, – თავს დახრის პროფესორი, – ყველა ჩემი კოლეგის სახელით ვუხდი მშობელ ერსა და დიად პარტიას ბოდიშს…
მართალია, არც მამია ხელაშვილს ეცოდინება ზუსტად, რაზე მოუხდის ლავრენტი ბერიას ბოდიშს და ვერც მისი მდუმარე და შეშინებული კოლეგები მიხვდებიან, ქართლის ცხოვრების რომელი “ლაფსუსები” იგულისხმა მოსაუბრემ, მაგრამ თავებს კი მაინც ააქანქარებენ უკმაყოფილოდ – აბა, აბა, როგორ მანამდე არ აღვიმაღლეთ ხმაო…
თუმცა, როგორც გაირკვევა, არც ბერია აღმოჩნდება ამ მხრივ უცოდველი. ამა თუ იმ ისტორიული პერსონაჟის მიმართ გამოტანილ არასამართლიან განაჩენებზე პირველს, არც მეტი, არც ნაკლები, თავად ცოცხალ ისტორიას – იოსებ სტალინს გაუმახვილებია ყურადღება.
სტალინს უთქვამს:
“გაესაუბრეთ მოწინავე მეცნიერებს. სთხოვეთ, ჩაუკვირდნენ ზოგიერთი ჩვენი წინაპრის ცხოვრებას. გაჩნდა ეჭვი, რომ ზოგან ისტორია სცოდავს მათ შეფასებაში – ადამიანი იყო, პროგრესულად აზროვნებდა და მოხსენიებული კი აუგადაა”.
ბელადის ციტირებისას ბერიას სხეული სტალინის სულით გაიმსჭვალება და მცირე ხნით – ამას აშკარად შეიგრძნობენ და დაინახავენ მეცნიერები – ღვიძლი ძმასავით დაემსგავსება სტალინს. ბერია მედიუმივით დაუთმობს სტალინის სიტყვებს თავის ტანს. ბელადის მოწიწებულ ციტირებას მოჰყვება და უნებლიედ მის იმიტირებასაც კი შეეცდება.
მეცნიერები, ისე, თითქოს დანაშაულზე წაასწრესო, დარცხვენილები ჩაქინდრავენ თავებს და ხმამაღლა ამოიოხრავენ.
ამასობაში, ბერია საქმეზე გადავა. მეცნიერებს თავად სტალინის მიერ გამორჩეულ ისტორიულ პირთა სიას წარუდგენს და საქმიანი კილოთი დასძენს:
– აბა, ამხანაგებო, მივუდგეთ ამ ხალხს ისე, როგორც სტალინი გვასწავლის, – გაიღიმებს იგი, – ზოგს მეორე ცხვირი მივუწებოთ, ზოგს მესამე ხელი, ზოგს კი დაკარგული თავი დავუბრუნოთ ადგილზე.
სტალინის სია კი ასეთი იქნება:
1. პირველი გიორგი (ეკლესიის ამშენებელი ქ. მცხეთაში)
2. მესამე გიორგი (მ. თამარის მამა)
3. ბაღვაში ლიპარიტი (დემოკრატი)
4. სააკაძე გიორგი (დიდი ქვეყნის სამსახურში)
5. ხანი-როსტომი (მშვიდობა)
6. არჩილი (პეტრე პირველი???)
7. მეორე ერეკლე (რუსეთი და საქართველო)
8. მეთორმეტე გიორგი (რუსეთთან შეერთება)
“გეგონება. დასახვრეტთა სიაა”, – უნებურად გაეფიქრება პროფესორ ილია ზედგენიძეს და შეშინებული ახედავს ბერიას – ჩემი ფიქრები ხომ არ გამოიცნოო (ბერიაზე ამბობდნენ, აზრების კითხვაც შეუძლიაო).
ბერია ისტორიის სახელმძღვანელოს რედაქტირებისკენ მოუწოდებს პროფესორებს. ხოლო შეხვედრას ამ სიტყვებით დაასრულებს:
– როცა ამ საკითხებს ჩაუჯდებით, მუდამ გახსოვდეთ, რომ მე და
ამხანაგი სტალინი ზეიდან დაგყურებთ.სტალინის ისტორიულ პერსონაჟთა სია რვაკაციანია. ალბათ, ამიტომაც დაიბარა ბერიამ რვა მეცნიერი და არა, ვთქვათ, ათი, ან თხუთმეტი.
– როგორც ჩანს, ამხანაგ ბერიას სურვილია, რომ თითომ თითოზე ვიმუშავოთ, – დაასკვნის მეცნიერთა შორის უხუცესი, აკადემიკოსი ენვერ ჭელიძე.
მეცნიერები სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის კაბინეტში იკრიბებიან და პროფესორ მამია ხელაშვილის შლაპაში ჰყრიან ფურცლის ნაგლეჯებს, რომლებზედაც ისტორიულ პირთა სახელებია დაწერილი.
– მაშასადამე, ვისაც რა ამოუვა, იმაზე დაწერს, – იტყვის
ენვერ ჭელიძე და პირველი თავად ჩაყოფს ხელს შლაპაში.
– უი, უი, თავი მეტკინა, – გაიხუმრებს შლაპის მფლობელი მამია ხელაშვილი და სიცილით მოათვალიერებს კოლეგებს.
– სააკაძე გიორგი. – ფურცლის ნაგლეჯზე დაწერილს წაიკითხავს ბატონი ენვერი.
– ბაღვაში ლიპარიტი. – ამოუვა პროფესორ კონსტანტინე ორაგველიძეს, – ოო, – მოიქექავს კეფას, – რთულია… მაგრამ საინტერესოა, – დაამატებს იქვე და მამია ხელაშვილისკენ გაიხედავს. “რთულიაო, არ უნდა მეთქვა, – გაიფიქრებს შეცბუნებული, – სადმე არ წამოაყრანტალოს ამ შეჩვენებულმა!”
– ხანი-როსტომი. – გაშლის დაკუჭულ ფურცლის ნაგლეჯს პროფესორი ილია ზედგენიძე და შვებით ამოისუნთქავს (“ყველაზე მარტივი შემხვდა”), კოლეგებს თავის დაკვრით გამოემშვიდობება და კარისკენ წავა.
ჩვენც მას გავყვებით.რატომ ამოისუნთქა შვებით პროფესორმა? რატომ არის “მარტივი” როსტომ-ხანი?
ამ შეკითხვებზე თავად სტალინის მინიშნება იძლევა პასუხს, რომელიც როსტომ-ხანის გასწვრივ არის მიწერილი: მშვიდობა.
ჭკვიან ისტორიკოსს არ უნდა გაუჭირდეს ბელადის სურვილის ამოცნობა. ქართველთა მაჰმადიანმა მეფემ კახეთს მშვიდობა მოუტანა და ამიტომაც გამოარჩია იგი ბელადმა სხვათაგან. ბელადი მიუნიშნებს ისტორიკოსს: მშვიდობის დამყარება და მერე ამ მშვიდობის შენარჩუნებაა ჭეშმარიტი გმირობა.
პროფესორს უხარია: “ვგონებ, სწორ გზაზე ვარ”.
და მართლაც, რატომ უნდა სძულდეს ქართველს როსტომ-ხანი? რაკი მუსლიმანია? რაკი ქრისტეს რჯულზე არ გადმოვიდა და მის აღმზრდელ სპარსელებს კახეთი არ მოაოხრებინა?
როსტომ-ხანი პროგრესული მეფე გახლდათ. აი, ასე შეაფასებს როსტომს პროფესორი. ის პოლიტიკოსი იყო და არა რელიგიური ფანატიკოსი. ქრისტიანული კახეთის გამაჰმადიანება კი არ უცდია, არამედ მთელი თავისი ცოდნა და ენერგია ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ აღმშენებლობას მოახმარა.
პროფესორი დაწერს: როსტომ-ხანი ათეისტი იყო, მისი რელიგიურობა მხოლოდ თავისი ხალხის (სპარსელების?) ტრადიციების ერთგულებით იყო განპირობებული. როსტომ-ხანს – იმ ეპოქის მსოფლიო მმართველებისგან განსხვავებით – შეიძლება ითქვას, დიდად არც აღელვებდა რელიგიური საკითხი. ხალხთა რელიგიურობას ის მხოლოდ წინაპართა პატივისცემით ხსნიდა. როსტომ-ხანისთვის მიუღებელი იყო ქრისტიანული აღმსარებლობის გამო ვინმეს მოკვდინება. მას არასდროს დაუძალებია ქრისტიანი კახელებისთვის რჯულის შეცვლა. როსტომ-მეფის მთავარი საზრუნავი ხალხთა კეთილდღეობა და მშვიდობა იყო.
და აი, აქ კი პროფესორს მის თავს ზემოთ უხილავად მდგომი ბელადის ხმა შეაჩერებს: ჩემი თვისებები განაბნიე მასში! – ჩაესმება მას.
რასაკვირველია! სხვანაირად, აბა, როგორ!
რატომ თავიდანვე ვერ მიხვდა ამას? განა ყველა საამაყო გმირი და მეფე, ვისაც კი უარსებია, სტალინის თვისებებს არ უნდა ატარებდეს? განა სტალინში არ უნდა მოგროვდეს მათი ყველა სათნოება და დიდებულება?
მთავარი დავალება სწორედ ეს უნდა იყოს: საკაცობრიო ისტორია მხოლოდ სტალინით უნდა იყოს შევსებული. ოღონდ მხოლოდ ის ნაწილი ისტორიისა, რაც საამაყოა, რაც ბრწყინვალეა და რაც ამაღლებულია. მიზანი: მაკედონელზე წერდე და სტალინი ამოიცნო მასში. ბაგრატ-დავით-თამარზე ფიქრობდე და აქაც სტალინი გეცნოს. სააკაძეზე წაიკითხო და სტალინი ამოგეკითხოს. როსტომ-მეფის რაციონალიზმმა კი სტალინის სიბრძნე მოგაგონოს. სტალინი – როგორც უკიდეგანო ოკეანე იერთებს ზღვებსა და მდინარეებს – ისევე შეირთებს ამ გმირთა და ბრძენთა ნიშან-თვისებებს. ქართველი ისტორიკოსი ქართველ გმირთა ორგანოებს მიაძერწავს მის მონოლითურ პორტრეტს, უკრაინელი ისტორიკოსი უკრაინულს, რუსი რუსულს, სომეხი სომხურს, აზერბაიჯანელი აზერბაიჯანულს, ბელორუსი ბელურუსიულს, მოლდოველი მოლდოვურს, თურქმენი თურქმენულს, ყირგიზი ყირგიზულს, ყაზახი ყაზახურს, უზბეკი უზბეკურს, ტაჯიკი ტაჯიკურს… სტალინით უნდა განიმსჭვალოს საბჭოური ცივილიზაციის ისტორია. მომავალში კი ეგებ მთელი კაცობრიობისაც.
– როსტომ-ხანზე წერდე და სტალინი გამოგდიოდეს! –
გაიმეორებს პროფესორი ზედგენიძე და, კმაყოფილი თავისი მიგნებით, მემატიანეთა დავთრებში დაუწყებს ძებნას კახეთის მეფეს.
იქ კი ეწერება:
რომ როსტომი ირანის შაჰის კარზე აღზრდილა,
რომ დავით-ხანის ნაბუშარი იყო, დედა კი შინდისელი გლეხის ქალი ჰყოლია,
რომ ისპაჰანის მოურავის წოდება ჰქონდა
და რომ სამოცდაშვიდი წლის ასაკში გამომართულა ქართველების სამართავად.
არავისთვის დაუძალებია გამაჰმადიანება და ეკლესიებსაც კი აღადგენდა, მტრების მოსყიდვა შეეძლო, მეტად ურჩებს კი უხმაუროდ ჰკლავდა.
ზედგენიძე გაიფიქრებს: “პარალელები უნდა მოვძებნო სტალინთან”.
წინადადება, “მტრების მოსყიდვა შეეძლო, მეტად ურჩებს კი უხმაუროდ ჰკლავდა”, ბუნებრივია, მის ტექსტში არ შევა.
არც “როსტომ-ხანი” მოეწონება, ყველგან “როსტომ-მეფედ” მოიხსენიებს.
“როსტომ-მეფე ბრძენი და შორსმჭვრეტელი ხელმწიფე იყო, – ჩაწერს, – მისი სიდინჯე და გულკეთილობა მთელ კახეთს გადმოედო”.
როსტომ-ხან-მეფის პიროვნული დახასიათებისას მხატვრულ ხერხებს მიმართავს და ისე აღწერს კახელების მაჰმადიან მეფეს, რომ სტალინი გამოუვა:
“როსტომი უაღრესად პატიოსანი, თავმდაბალი და თავის სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი იყო. მემატიანეს ცნობით, მეფეს მეტადრე ჰყვარებია კახეთის ველების ცქერა! დადგებოდაო, თურმე, ასე, ყალიონით (!) ხელში და ცრემლიანი მზერით გაჰყურებდაო ალაზანს…”
თავისივე შეთხზულ ამბავს რომ მიაწერს მემატიანეს, ეს ოდნავადაც არ შეაწუხებს, პირიქით, მეტი დამაჯერებლობისათვის, ძველქართული ჩუქურთმით შეალამაზებს ნაამბობს: “და დგებოდიეს კახთ მეფეთ მეფეი როსტომ ალაზანისა ველსა ზედა და ცრემლითა თვისითა ალტობიებდეს მიწასა ამას მადლიანსა. ხელთ ეპყრობიეს მუნ ყალიონ მამა-პაპათა და იხარობიებდეს გული მისი ცქერითა ველთა ამად კახეთისაითა”.
ამგვარ ლიტერატურულ სითამამეს არა მხოლოდ პროფესორი ზედგენიძე, არამედ სხვა მისი კოლეგა-მეცნიერებიც გამოიჩენდნენ. მეცნიერები შინაურულად “ისტორიის შელამაზებას” უწოდებდნენ ასეთ მხატვრულ გადახვევებს.
ზედგენიძის თავში ასეთნაირი ისტორიულ-ლიტერატურული ეპიზოდიც კი დაიბადება:
“როსტომ-მეფეს არაგვის ერისთავ დათუნას მცირე ამბოხის ამბავს ატყობინებენ.
– რაის ითხოვს? – ჰკითხულობს ვითომ როსტომი.
– მაჰმადიანთა და ქრისტიანთა წაკიდება სწადიან, მეფეო, –
ეუბნებიან, – ჰსურს, ქრისტიანნი გადაგიმტერონ.
– ვერ წააკიდებს, – პასუხობს მაცნეს ბრძენი მეფე, – რჯული აქუთ სხვაგვარ, თუარ სამშობლო ერთი აქუთ.”
პროფესორს მოეწონება თავისივე შეთხზული სცენა. თუმცა ვიდრე ტექსტში შეიტანდეს, მანამდე კიდევ ერთხელ ჩაფიქრდება. კიდევ ერთხელ ჩაუკვირდება თავის თეორიას (რადგან აქ შეცდომის დაშვება არ შეიძლება – მარტო წოდებას კი არა, სიცოცხლესაც დაჰკრგავ!): ხომ არ სცდება? ნამდვილად ენდომება სტალინს, რომ როსტომში იქნას ამოცნობილი? მეტისმეტი ხომ არ მოსდის პროფესორს?
“ენდომება! ენდომება! – თავს გაიმხნევებს პროფესორი, – მაშ, მშვიდობას რაღად მიაწერდა მისი სახელის გასწვრივ? ესე იგი, ესიმპათიურება ეს მუსლიმანი-კახელი! ასე არ არის?!”
და კმაყოფილი გაიფიქრებს:
“ეგ გორელი ტეტია მე ვერ მაჯობებს ჭკუაში. ეგონა, ვერ მივხვდებოდი, რა უნდა!”
ზედგენიძეს ყმაწვილურად აუთამაშდება გუგები. ჩაიღიმებს და დაწყებულ აბზაცს მიუბრუნდება. კალმის წვერს ფურცელს დააჭერს. ოფლიან ცხვირზე ჩამოსრიალებულ სათვალეს კი ძგიდეს მიაბჯენს.
ასოს გამოყვანასაც ვერ მოასწრებს – კარზე დაუბრახუნებენ.
პროფესორი შეხტება. არ ადგება. მოიცდის. ბრახუნი განმეორდება.
– ვინ არის? – დაიყვირებს დუმილისგან (და საუკუნო შიშისგან) ხმადამჯდარი.
პასუხად ისევ ბრახუნი შემოესმება.
პროფესორი წამოდგება. დერეფანში გავა და კარს გამოაღებს.
ზღურბლზე პირქუში სამხედრო იდგება – ტყავის მუნდირში. ხელში მაუზერით.
– ვინაა, ამხანაგო, ტეტია! – შეუბღვერს პროფესორს განრისხებული სამხედრო.2.
27. 12. 1999.
მაია მასი თმას აღარ იღებავს. აღარც ივარცხნის. თმა რეზინით აქვს კეფაზე შეკრული. მხრებზე ქერტლის თხელი ფენა ადევს. შავ კაბაზე ლაქები ეტყობა.
აგრესიული არ არის – მკაცრია. ბავშვებს ეშინიათ მისი. მაგრამ არ სძულთ. მაია მასს თექვსმეტი წლის ბიჭი მოუკლეს შარშან. ისიც ამ სკოლის მოსწავლე. სახლის სადარბაზოსთან ჩაცხრილეს. დიდი კაცივით მოკლეს. ძალიან სერიოზულად.
მაია მასი ბავშვებს ეცოდებათ. თუმცა შვილი რომ ცოცხალი ჰყავდეს, ისეთი მკაცრია, აუცილებლად შეზიზღდებოდათ.
მაია მასი ისტორიის მასწავლებელია. მისი გაკვეთილები მოსაწყენი და დამთრგუნველია.
ეგონათ, რომ იმ სკოლაში, სადაც მისი შვილი სწავლობდა, ვეღარ შეძლებდა მუშაობას. მაგრამ პირიქით კი მოხდა: ამბობდა, მეროს (ბიჭს მერაბი ერქვა) კლასელებს რომ ვხედავ, უკეთ ვხდებიო.
მაია მასს მიწამდე დათრეული, ანაფორის მსგავსი შავი კაბა აცვია. უჯიბეებო ჟილეტი და ნაცრისფერი პერანგი. დაფის წინ, ხის მაგიდასთან ზის და გაქუცული ტყავის ჩანთიდან მეთერთმეტე კლასის ისტორიის სახელმძღვანელოს იღებს. მოსწავლეები მდუმარედ და შიშით შეჰყურებენ.
მაია მასი წიგნს მაგიდაზე დებს და წარბებშეჭმუხნული ფურცლავს. ყოვნდება.
– ჰმმ, – გამოსცემს პირმომუწული, – როსტომ-ხანი…
წინა მერხებთან მსხდომი გოგონები მაია მასს დაკვნეტილ და ჩაყვითლებულ ფრჩხილებზე უყურებენ.
– პარაგრაფი მეთვრამეტე, – ამბობს ხმამაღლა, – როსტომ-ხანი! სამოცდამეორე გვერდი.
მოსწავლეები თავთავიანთ სახელმძღვანელოებს შლიან. სამოცდამეორე გვერდს ეძებენ.
– სამოცდამეორე? – ისმის აქა-იქ.
– პარაგრაფი მეთვრამეტე! როსტომ-ხანი! – ხმა უმკაცრდება მაია მასს.
“ვინო?”
მაია მასს თავისი ისტორიის მასწავლებელი, ციალა ჩაჩანიძე ახსენდება, – როგორც კი როსტომ-ხანის სახელი ახსენა, მაშინვე მოხუცი მასწავლებლის ხმა ჩაესმა ყურში:
” – როსტომ-ხანმა ჩინგიზ-ყაენზე და შაჰ-აბასზე მეტი ზიანი მოუტანა საქართველოს!”
მეთვრამეტე პარაგრაფის ჩაკითხვამდე მაია მასი ციალა ჩაჩანიძის პათოსით იწყებს მეტყველებას. მაია მასიდან მისი ძველი მასწავლებლის ხმა ისმის. იგი ციალა ჩაჩანიძით იჟღინთება – როსტომ-ხანი ჯერ კიდევ ამ ქალმა შეაძულა. თავად დიდი ხნის წინ მკვდარი ციალა ჩაჩანიძე კი ძალიან უყვარს, რადგან საქართველოს ისტორია მას სწორედ ციალა მასწავლებელმა შეაყვარა. ნაწილობრივ ნამდვილი, ნაწილობრივ შეულამაზებელი, ნაწილობრივ თავისუფალი საბჭოური იდეოლოგიისაგან. როსტომ-ხანზე მას შემდეგ არ შეუცვლია აზრი. ამიტომაც ჩაესმა ხმა შორეული სამოცდათექვსმეტი წლის ოქტომბრიდან (მაშინ მაია მასი მეათე კლასის მოსწავლე იყო. ცასა და დედამიწას ლეონიდე ბრეჟნევი მართავდა, პიონერ გოგონებს კი თეთრი წინდები ეცვათ).
– როსტომ-ხანმა ჩინგიზ-ყაენზე და შაჰ-აბასზე მეტი ზიანი მოუტანა საქართველოს! – თქვა და ხმამაღლა ჩაიკითხა მეთვრამეტე პარაგრაფის მშრალი ტექსტი (ციალა ჩაჩანიძისეული და საბჭოური ვერსიის უსიცოცხლო კომბინაცია).
მაია მასი წაკითხულმა არ დააკმაყოფილა.
– როსტომ-ხანი ეშმაკი მეფე იყო, – ამოხედა ბავშვებს, – ვითომ არაფერს არ ერჩოდა ქრისტიანობას, სინამდვილეში, ვინც კი მღვდელი იყო, ყველა გარყვნა, მოქრთამა და გაათახსირა!
ისეთი სიტყვები თქვა, სკამზე ჯდომა აღარაფრით გამოდიოდა. უნდა წამომდგარიყო.
– ქართველები გაირყვნენ, – წამოდგა, – გადაჯიშდნენ როსტომ-ხანის მეფობისას!.. თუკი უწინ… ვთქვათ, თუნდაც დემეტრე თავდადებულის ეპოქაში – ან კიდევ უფრო აქეთ – სამი-ოთხი ათასი ბერი თვალისდაუხამხამებლად შეეწირებოდა სარწმუნოების დაცვას, ეხლა, როსტომ-ხანის მოჩვენებითი მშვიდობიანობის დროს, ერთ წესიერ სასულიერო პირსაც კი ვეღარ იპოვიდი, ყველა გადაეგვარებინა მაჰმადიან მეფეს… ერიც, ბავშვებო, და ბერიც! სპარსული ცხოვრების წესმა მთლიანად ჩაკლა ქართველებში წესიერების გრძნობა… გახშირდა მრავალცოლიანობა, მრუშობა…
მამათმავლობაცო, უნდოდა ეთქვა, მაგრამ მიხვდა, ამ სიტყვის წარმოთქმით კიდევ უფრო დააბნევდა და შეაშინებდა მისი ტირადისგან ისედაც საკმარისად დაზაფრულ ბავშვებს.
მოსწავლეებმა იცოდნენ: მაია მასს ცხოველ სიამოვნებას ჰგვრიდა ცუდი მეფეებისა და მოღალატეების ლანძღვა. ყველა ნაძირალა ქართველში – მნიშვნელობა არ ჰქონდა, ეს ქართველი მისი წინაპარი იყო თუ თანამედროვე – თავისი შვილის მკვლელს ხედავდა. მისი შვილის ნამდვილი მკვლელი რომ დაჭერილი ყოფილიყო, ალბათ, ბევრად უფრო ლმობიერი იქნებოდა სხვა უზნეო ქართველების მიმართ (მკვლელს – მოკლულის თანატოლს – გულმოდგინედ მალავდნენ რუსეთში).
მაია მასის იარაღი სიტყვებია. მას შეუძლია წყევლოს შვილის მკვლელი და ლანძღოს ყველა ცუდი ქართველი. ის ასეთად აქცია დახვრეტილი ბაბუების ხსოვნამ (ტყუპები იყვნენ – ორივეს 1937 წელს გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი), ციალა ჩაჩანიძის რისკიანმა პატრიოტიზმმა, გადაგდებული პრეზიდენტის სიყვარულმა და ერთადერთი შვილის მკვლელობამ.
თვითონაც დიდი სიამოვნებით შეეწირებოდა რომელიმე მტარვალს. თავის მოკვლა კი არაფრით შეეძლო (და ყველაზე მეტად სწორედ ამის გამო სძულდა საკუთარი თავი), თორემ სხვისი ხელიდან (ოკუპანტის, სატანისტის, თუნდაც თავისი შვილის მკვლელის ხელიდან) უდრტვინველად, წმინდანივით მიიღებდა სიკვდილს.
ალბათ, რამდენი ნეტარი და წამებული შეემატებოდა ქართველ წმინდანთა ზეციურ არმიას, როსტომ-ხანს რომ არ ეეშმაკა და მოჩვენებითი ტოლერანტობა რომ არ გამოეჩინა ქართველი ქრისტიანების მიმართ!
– წარმოიდგინეთ, რამდენი სული დაღუპა ამ კაცმა! – ბრაზობს მაია მასი.
ალბათ, როგორ ველოდით რჯულისთვის წამებას, ძუძუების დაშანთვას, მტკვარში ჩახრჩობას, ნეხვით ავსებულ კასრში ჩატენვას, თაფლით გაწებილი სხეულის მზეზე ამოშრობას, კიდურების წაწყვეტას, თავების დაჭრას, ცეცხლში დაფერფვლას…
გმირებს გმირობა არ ჩაადენინა ამ უღმერთომ. უდრეკ მორწმუნეებს ქრისტეს ერთგულების საშუალება არ მისცა. გასაწმინდანებლად, გასაგმირებლად გამზადებული ასობით, ათასობით ქართველი უპრინციპო, გულგრილ და მორჩილ მონად აქცია!
– ასეთი საშინელი მმართველი არასდროს გვყოლია, – ასკვნის მაია მასი.
წინა მერხებთან მსხდომი ბავშვები (მეტწილად, გოგონები) რვეულებში ინიშნავენ: როსტომ-ხანი. გვ. 62. დანარჩენებს, მართალია, ეშინიათ მაია მასის, მაგრამ მაინც არაფერს იწერენ. საკუთარ თავებს (და, ალბათ, მაია მასსაც) სცდიან.
მაია მასი სახლში მიდის. აგზნებულია. როსტომ-ხანის ლანძღვამ აღაგზნო. ზოგჯერ, უგულოდ, უემოციოდ ატარებს ხოლმე გაკვეთილებს, მაგრამ საკმარსია რომელიმე ამორალურ ქართველს წააწყდეს ისტორიის სახელმძღვანელოში, რომ მაშინვე ცოცხლდება…
მაია მასი ფიქრობს: “ეს დღეები როსტომ-ხანზე ჩავატარებ გაკვეთილებს.” უნდა, რომ მორალზე, ზნეობაზე ესაუბროს ბავშვებს. მოძღვარივით დადგეს დაფის წინ და იქადაგოს.
მაია მასი სანთელს ანთებს მკვდარი ბიჭის დიდი შავთეთრი ფოტოს ქვეშ.
ოთახში ფოტოგამოფენაა მოწყობილი. საითაც გაიხედავ, ყველა მხრიდან ეს ბიჭი გიყურებს: ორი წლის… რვა წლის… ათი წლის… თერთმეტი წლის… თექვსმეტი წლის…
თაროებში უსწორ-მასწოროდ, ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად შეტენილ წიგნებსაც მისი ფოტოები ფარავს. მაია მასი ფოტოებს კოცნის და გვერდით ალაგებს. დამტვერილ და სუნიან წიგნებს იღებს. ნაცრისფერი და მოყვითალო წიგნებია. ამბები როსტომ-ხანზე ამ წიგნებში უნდა მოიძიოს. უნდა, რომ კიდევ ერთხელ დარწმუნდეს ციალა მასწავლებლისგან ნაანდერძევ პრინციპებში.
ი. ჯავახიშვილი:
მარტო ოთხი ტომი აქვს. ამ ოთხ ტომში ვერსად პოულობს როსტომ-ხანს.
ნ. ბერძენიშვილი:
მარტო ერთი აბზაცი ეძღვნება. ეცოტავება.
ი. ზედგენიძე:
“როსტომ-მეფე – მშვიდობის ბურჯი”.
– მშვიდობის ბურჯი არა ჩემი ფეხები!
მაია მასი ილია ზედგენიძის ნარკვევს კითხულობს როსტომ-ხანის შესახებ. ეს როსტომ-ხანის აპოლოგიაა. სადღეგრძელოა.
მაია მასი ნარკვევის ავტორზე ბრაზობს. კვლავ ციალა მასწავლებლის პრინციპების ერთგული რჩება.
პროფესორი ილია ზედგენიძე 1937-ში დახვრიტეს (მისი ტყუპი ბაბუებივით).
“ეგეთ კრეტინობებს თუ წერდა, დახვრეტდნენ, აბა რას უზამდნენ!” – ფიქრობს.3.
4. 10. 2084.
– კლინიკური გიჟია, ბატონო პრეზიდენტო, ნამდვილი
ავადმყოფია!
– ანუ? ჩამოაყალებეთ.
– გამეორებაც მიჭირს…
– რა კარგია! მოდი, ყველამ ერთად გამოვცადოთ ჩემი მოთმინება! ვერთობით?
– ცხოველებივით იქცევიან… ადამიანის ხორცს ჭამენ.
– ნუ ცმუკავთ, მე მიყურეთ!
– თქვენ თავს ითხოვენ, ბატონო პრეზიდენტო…
– ?
– …ასე გვითხრეს.
– თავს… როგორ?
– პირდაპირი მნიშვნელობით. თავს… იმას, რაც კისერზე დგას… ან…
– ან – რა?
– არც მჯერა, ამას რომ ვიმეორებ… ან მამონი უნდა აღიაროთ.
– ვინა?
– მამონი. მათი ღვთაება თუ რაღაც ჯანდაბა!
– გვეთამაშებიან?
– ოფიციალურ მოთხოვნათა ჩამონათვალში აქვთ შეტანილი. თან, პირველ ნომრად!
– ვან-გოგი?
– ვან-გოგი არა, მამონი!
– გვაშაყირებენ…
– არა. შევატყობდით.
– და ვაღიარებ, კი ბატონო!.. თუკი გაეთრევიან, ვაღიარებ! ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ჩემთვის.
– ვეჭვობ, მხოლოდ ვერბალური აღიარება იკმარონ… პირობებში უწერიათ, რომ აღიარების შემდეგ ათასი ახალშობილი უნდა შეწიროთ მამონს.
– გვაშინებენ, ხალხო, რა მოგივიდათ! ვეღარ უნდა მიხვდეთ?! პანიკას თესავენ…
– …თუ არა და მთელ მოსახლეობას ამოგიწყვიტავთო.
– ვინ თქვა?
– განცხადება სატელიტიდან გავრცელდა.
– რამდენი კონფესიაა ჩვენთან?
– ზუსტი ციფრი არ მახსოვს. გავიგებ. მხოლოდ ოფიციალურად დარეგისტრირებულები გაინტერესებთ?
– ყველა მე დამწყევლის… მეცინება.
– სამდღიანი ვადა გაქვთ.
– არა… მართლა მეცინება.
– ან უნდა შევაკვდეთ. ან…
– ან ათასი ახალშობილი შევწიროთ! ისიც ხომ არ გაგირკვევიათ, გოგონები ურჩევნიათ, თუ ბიჭები?!
– ჩვენ გენოციდის პირას ვართ, ბატონო პრეზიდენტო.
– უთხარით, რომ მამონს ვაღიარებ, ბავშვებს კი არ შევწირავ! ოცდამეერთე საუკუნეა, ბოლოს და ბოლოს!
– გადაგვთელავენ.
– გადაეცით, რაც გითხარით! დრო უნდა მოვიგოთ… მანამდე ბომბდამშენებსაც მოგვაშველებენ.
– ქალაქში შემოსასვლელ მთავარ ტრასაზე დგანან. რაც კი ძროხა უნახავთ ახლო-მახლო, ყველა უმად უჭამიათ.
– უმად? დარწმუნებული ხართ?
– კოცონი მაინც ხომ უნდა დაენთოთ?! მზვერავები გვიდასტურებენ, რომ მსგავსი არაფერი უქნიათ…
– მზვერავებიც არ შეგვიჭამონ!
– …
– ვაი, ვაი… როგორც ჩანს, აქ მარტო მე ვიქცევი არასერიოზულად! მოკლედ… რაც არი – არი. შეუთვალეთ ის, რაც გითხარით.
– მხოლოდ თეორიულ აღიარებას არ შეგვარჩენენ, ბატონო პრეზიდენტო, დარწმუნებული ვარ.
– ბარემ ბავშვებიც ხომ არ გამოგატანოთ? გააკეთეთ ის, რასაც გეუბნებით.8 ივნისი. 19. 45. ოკუპაციის მე-2-ე დღე
პეტრეს თავს ითხოვენ. ლ. კ.-მ მოიტანა ინფორმაცია. უფრო დიდი იდიოტიზმი: მაგათი ღვთაება უნდა აღიაროს. სატელიტზეც ტრიალებს უკვე მოთხოვნა. პეტრე იცინის. არ იჯერებს. ველოდებით დახმარებას ნახევარკუნძულიდან. 14 ქალაქი აქვთ აღებული. წრიულად დაფრინავენ – ბზიკებივით. აბსოლუტურად სხვანაირი მფრინავი ობ.-ი აქვთ – ბომბები, ძროხები, პლასტმასის კოტეჯები, გვამებიც კი (თავიანთი მკვდრები) ამ ობ.-ზე აქვთ შებმული და დაფრინავენ. ცენტრი ჯერჯერობით უარს ამბობს ბირთვულ პასუხზე. მიზანია გაურკვეველი. გაფანტულები არიან. ჯერაც უცნობია მათი დისლოკაციის ადგილების რაოდენობა. პასუხის შემთხვევაში ჩვენც მიზანში ვხვდებით. და არა მარტო ჩვენ: მთელი სამხრეთ-აღმოსავლეთ კასპია. პეტრემ სატელიტიდან გაავრცელა თავისი განცხადება. თქვა: ჩვენ გვებრძვის ცივილიზაციის მიღმიერი ტომი. ალბათ. გ.-მ დაუწერა. ჩვენები ჰაერში კიდიან უგაზოდ. არც მინდა წარმოვიდგინო, რა დღეში არიან. ჟანგბადს ვეღარ ვაწოდებთ. ამბობენ: ამათ ადამიანის ხორცის ჭამაც შეუძლიათ. სატელიტ-ფოკუსმა მათი მებრძოლები გადაიღო: ყავისფერი კანი, წვრილი თვალები და ნაჩვრეტები ყურების მაგივრად. პეტრე ამბობს: ვაღიარებ მამონს (მაგათი ღვთაებაა), და იცინის. ბოლომდე არ ჯერა. რომ ეს კრეტინიზმი შეიძლება სიცოცხლის ფასად დაუჯდეს მის ხალხს. ლ.კ. კი ჯიუტად იმეორებს, რომ პრეზიდენტის სიტყვიერ “მოქცევას” არ იკმარებენ. კიდევ ჰქონიათ რაღაც მოთხოვნები, რომლებსაც მეც კი არ მიმხელენ. ბავშვები ნიჟარებში შევაწვინე. პეტრე ამბობს, რომ ნელისთვის არ უნდა მეთქვა ნიჟარის კოდი. ვეჩხუბე: მეთქი, ნელის გაზრდილი ვარ, თავს შეაკლავს ჩვენ გამო. ბოდიში მომიხადა. ვსვამ სამსაათიან საძილეს. მეშინია დოზის მომატება.
9 ივნისი. 21. 00. ოკუპაციის მე-3-ე დღე
დილიდან დაჭრილებს ვნახულობ. პეტრემ მთხოვა. უნდა, რომ ხალხში ვტრიალებდე. მითხრა: “შენ ხომ მათი დედა ხარ”. უმეტესობას ყურები აქვს წაჭრილი. დისპანსერის დირექტორმა მითხრა: ყურებს იმიტომ ათლიან, რომ თვითონ არა აქვთ – შურთ ჩვენი. უნდათ, რომ ჩვენც მაგათნაირ მუტანტებად ვიქცეთ. პეტრე საათში ერთხელ სატელიტიდან მიმართავს ხალხს. ამხნევებს. “ოფიციალურად”, ჯერჯერობით, ისევ ქრისტიანია. ნახევარკუნძული მუშტებს იქნევს. ამათ ფეხებზე კიდიათ. 14 ქალაქი აქვთ დაკავებული. ხუთთა კავშირის განცხადება გავრცელდა შუაღამისას: არ გამოვრიცხავთ ბირთვულ პასუხსო. გაუგებარი განცხადებაა. ვერ ვხვდებით, უნდა გაგვიხარდეს, თუ პირიქით, უნდა გვეწყინოს? ნამდვილად არ მინდა სიკვდილი დანარჩენი სამყაროს გადასარჩენად! ბავშვებმა ნიჟარაში ისაუზმეს. ლ.კ.-მ თქვა, რომ, თუ რამეა, პირველებს მე, ნელის და ბავშვებს გაგვიყვანენ. პეტრეს – ცალკე. ჩვენებს რვა საათში დაელევათ ჟანგბადი. მიწაზე დაჯდომას ვერ ახერხებენ. სულ – 412 ცალი შეგვრჩა. გაგვინადგურეს: 1135 ცალი. ბავშვებს გადასხმებს უკეთებენ. ერთ საათში ნიჟარაში შევაწვენ. მინდა საქ. ისტორიის ფაილები გავხსნა და ძილის წინ წავუკითხო. საშინლად გამოვიყურები: გავხდი და თევზს დავემსგავსე. ძალიან დიდი ცხვირი მქონია. აი. ისევ პეტრეა სატელიტზე.
10 ივნისი. 21. 30. ოკუპაციის მე-4-ე დღე.
წავიკითხე დოქ. ჟ. ლალიაშვილის სოც. ანალიზი. ციტატა: “დამაფიქრებელი და ეგებ საიმედოც (მინდა, სწორად გამიგოს მკითხველმა) ჩვენს ამჟამინდელ მდგომარეობაში მხოლოდ ერთია: ჩვენს ეპოქაში, მატერიალიზმის ზეობისას, 21-ე საუკუნის ბოლოს კვლავ დღის წესრიგში დადგა რწმენისათვის ბრძოლა. საერო კონსტიტუციის საფუძველზე არჩეული პრეზიდენტისგან რჯულის შეცვლას ითხოვენ! განა ეს საოცარი არ არის? ვინ წარმოიდგენდა თუნდაც ორასი-სამასი წლის წინათ, რომ ომის პირობების გაცხადებისას კვალაც გაისმებოდა თანამედროვე ცივილიზაციის მიერ ესოდენ მივიწყებული სიტყვა “ღმერთი”? ნეტავ, ნაკლებად ტრაგიკულ ვითარებაში შეეხსენებინათ ჩვენთვის მისი არსებობა. თანამედროვე პოლიტიკოსებს, სამწუხაროდ, წარმოდგენა არა აქვთ (ანკი საიდან უნდა იცოდნენ!), როგორ, რა მეთოდით იცავდნენ თავს უწინ (ვგულისხმობ შუასაუკუნეებს) რჯულის წამგლეჯთაგან. ამ მხრივ, თავდაცვის არანაირი იმუნიტეტი არ გვაქვს გამომუშავებული. ყველას გვესმის: ეს კათარზისია. ოღონდ აბსურდული ელფერის მქონე. დამპყრობელთა ურდომ (უფრო სწორად, მათმა ანაქრონისტულმა მოთხოვნამ) სერიოზულად აღგვაქმევინა ჩვენივე რწმენა. არ გამკიცხოთ, მაგრამ იქნებ მადლობა გვეთქმის მათთვის ამის გამო?”
ტექსტი ნელის წავუკითხე. მითხრა, რომ ეთანხმება. მე კი ვუთხარი, რომ დოქტორი ჟ. ლალიაშვილი, ისევე როგორც ბევრი ჩემი თანამოქალაქე, პანიკამ გააგიჟა (არ მინდოდა მეთქვა – გამოაშტერა). პეტრეს ვერ დავუკავშირდი. ს.-მ მითხრა, რომ ლურჯ ზოლზეა. აქამდე არ შემხმიანებია. ჩვენები, ალბათ, უკვე იგუდებიან ჰაერში. ნახევარკუნძულელები უფრო გააქტიურდნენ. გამოაცხადეს, მდინარეებს შევყინავთო. იმედია, უკვე სხვანაირი თამაში დაიწყება. ბავშვებს ნიჟარაში შევუცურდი. საქ. ისტორიის ფაილი გავხსენით. ვიღაც ზედგენიძის ნარკვევი წავუკითხე მაჰმადიან მეფეზე. ამათგან განსხვავებით ძალიან კეთილი ყოფილა: არავისთვის დაუძალებია თავისი რელ.-ის აღიარება. საამაყოა. პირველი ცივილიზებული მეფე ჩვენ გვყოლია, ქართველებს! ხვალ ულტიმატუმის ბოლო დღეა. პეტრემ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ჩემი აზრით, უნდა აღიაროს მამონი. ასე უფრო მეტ დროს მოვიგებთ…”2008. აგვისტო
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
-
ჯონ ფაულზის "ფრანგი ლეიტენანტის ხასა"
კრისტოფერ ლემან-ჰაუპტი
ჯონ ფაულზის “ფრანგი ლეიტენანტის ხასა” სამგზის წაკითხვას საჭიროებსგაფრთხილებთ: სანამ ჯონ ფაულზის ახალი რომანის კითხვას დაიწყებდეთ, დარწმუნდით, რომ ბუხარში დანთებულ ცეცხლს შეშის მხოლოდ ერთი ნაფოტი აქვს შეკეთებული. თუ, საუბედუროდ, არა გაქვთ ბუხარი, რომელსაც უნდა მიუჯდეთ ამ წიგნის კითხვისას, გამოიყენეთ მაღვიძარა – მისი წკრიალი გამოგაფხიზლებთ ხოლმე. რომანი შეიცავს 467 გვერდს, და რაც არ უნდა სწრაფად კითხულობდეთ, სისხლის ცირკულაციისთვის მავნეა ერთ მდგომარეობაში ხანგრძლივად ყოფნა. აიძულეთ თავი, დროდადრო ადგეთ და იმოძრაოთ. ეს წიგნი გვთავაზობს იდუმალებით აღსავსე ამბებს, რომლებიც დაუოკებელ ცნობისმოყვარეობას აღგვიძრავს და გვაიძულებს, ხარბად, სულმოუთქმელად დავეწაფოთ მას. ასე გრძელდება ნაწარმოების ბოლო გვერდამდე (და შემდეგაც). როდესაც “ფრანგი ლეიტენანტის ხასას” პირველად გავეცანი, ვეღარ მოვითმინე და წიგნი ხელმეორედ გადავიკითხე. მისი თითოეული ეპიზოდის აღქმისას ვითვალისწინებდი რომანის დასასრულს. დრო რომ მქონოდა, წიგნს კიდევ ერთხელ გადავიკითხავდი. ამასთან, ნაწარმოების ენა ძალზე დახვეწილი და სადაა, მაგრამ ტექსტის არსის წვდომა საკმაოდ ძნელი საქმეა.
ჯონ ფაულზის ნაწარმოები იმდენად “რომანულია”, რომ ავტორმა ის სწორედ ამ მიზეზით შენიღბა ვიქტორიანული რომანტიკითო, იფიქრებს ზოგიერთი მკითხველი. მოქმედება ვითარდება 1867 წელს. რომანის მთავარი გმირი, ჩარლზ სმითსონი მალე უნდა დაქორწინდეს მდიდარი კომერსანტის მშვენიერ ასულზე, ერნესტინა ფრიმენზე. ჩარლზი შუახნის (32 წლის) ძალ-ღონით აღსავსე მამაკაცია. ის წარჩინებული ოჯახიდანაა (იმედოვნებს, რომ მემკვიდრეობით მიიღებს ბარონეტის ტიტულს) და, როგორც მრავალმხრივ განათლებული და პროგრესული მეცნიერი, დარვინის თეორიის მიმდევარია.საბედისწერო შეხვედრა
ერთ დღეს ჩარლზმა, რომელიც საცოლესთან ერთად ზღვის ნაპირზე სეირნობდა, დაინახა განმარტოებით მდგარი უცნაური ქალი. ამ უკანასკნელმა “დაჟინებული მზერა ისარივით სტყორცნა შორეულ ჰორიზონტს”. ერნესტინა დაინტერესდა უცნობის ვინაობით, და ჩარლზმა შეიტყო, რომ ეს იყო სარა ვუდრაფი, ფრანგი საზღვაო ოფიცრის ყოფილი სატრფო.
სარა არ გამოირჩეოდა უზადო სილამაზით, მაგრამ მისი მზერა და ქცევა მეტყველებდა განსაკუთრებული, იდუმალი თავისებურებების შესახებ, ერნესტინა კი მეტად პროზაული არსება გახლდათ. რომანის პირველივე გვერდი გვაგრძნობინებს, რომ სარას და ჩარლზის ცხოვრებისეული გზები უნდა გადაიკვეთოს, მაგრამ ფაულზი ოსტატურად ახერხებს ამ შეხვედრის გადავადებას გაურკვეველი დროით. აქედან გამომდინარე, გმირების შეხვედრა მარტოოდენ ჯადოსნური ეროტიკული ურთიერთობების მომასწავებელ შესაძლებლობად წარმოგვიდგება. და, საბოლოო ანგარიშში, რა არის უფრო მაცდუნებელი, ვიდრე შესაძლებლობა? (შევნიშნავთ, რომ თუმცა ფაულზის პროზა მორალისტის აღშფოთებას ნამდვილად არ გამოიწვევს, მაგრამ მწერალი კარგად იცნობს პორნოგრაფიულ ვიქტორიანულ ლიტერატურას.) მოკლედ, რომანი უკიდურესად ვიქტორიანულია და თუ დიკენსის თაყვანისმცემელი ბრძანდებით, დაღუპულხართ.
ერთი მითხარით, რა საჭიროა ვიქტორიანული რომანი რობ-გრიიეს ეპოქაში? რა ღირებულება აქვს სახეცვლილ გოთიკას (“კოლექციონერი”, “მოგვი”) თანამედროვეობისთვის? აქ გვებადება ერთგვარი ბუნდოვანების, გაურკვევლობის შეგრძნება. წიგნის პირველივე გვერდი ააშკარავებს, რომ ფაულზს არ სურს, დაკმაყოფილდეს მე-19 საუკუნის მანერების, მორალის, ლიტერატურის, ხელოვნებისა და მეცნიერების გონებამახვილური (და ხშირად – ბრწყინვალე) ანაქრონისტული კომენტირებით. ამ მხრივ სასიამოვნოდ გვაოცებს არა მარტო “ფრანგი ლეიტენანტის ხასაში” გადმოცემული ამბავი, არამედ – ნაწარმოების ფორმაც, და მოლოდინი განუზომლად ამძაფრებს ზემოხსენებული ბუნდოვანების განცდას.ორნაირი დასასრულის ალტერნატივა
ნება მომეცით, შევაჯამო. შეიძლება, მკითხველი სიმპათიით ან აღტაცებით განიმსჭვალოს ჩარლზის მიმართ; 1960-იანი წლების განათლებული ადამიანები გაიზიარებენ გმირის დარვინისტულ თვალსაზრისს სარა ვუდრაფის შესახებ და თანაუგრძნობენ ქალის შეუპოვარ სიძულვილს ვიქტორიანული მორალისადმი; ზოგიერთი სარას ცხოვრებაში საკუთარ ბედს ამოიცნობს; რომელიმე ჩვენგანი დაინტერესდება ნაწარმოების დასასრულით, ხოლო მავანი პიროვნება იმასაც განჭვრეტს (ალღოს აუღებს რა ფაულზის ჩანაფიქრს), რომ ამბავი სასიკეთოდ დამთავრდება.
ამასთან, ირკვევა, რომ ფაულზის წინაშე წამოჭრილია რთული დილემა; ამ უკანასკნელს მწერალი თავაზიანად განმარტავს 55-ე თავში, სადაც აღწერილია ავტორისა და ჩარლზის ერთობლივად გამგზავრება ლონდონში (დიახ, ზუსტად ასეა). ფაულზმა არ იცის, როგორ დაასრულოს ნაწარმოები. მას არ ძალუძს მანიპულირება ინტრიგით, ანუ ის ვერ ახერხებს, “აუწყოს მავან მკითხველს, როგორი იყო მავანი პერსონაჟის წარმოდგენით, სამყარო”, რადგან რომანში აღწერილი ამბავი ასი წლის წინ მოხდა და “ჩვენთვის ცნობილია ყველა მოვლენა, რაც ამ ხნის განმავლობაში განხორციელდა”. მწერლის აზრით, ერთადერთ გამოსავალს წარმოადგენს წიგნის დამთავრება ფინალის ორი ვარიანტით.
მწერალი განაგრძობს თხრობას. პირველ შემთხვევაში ნაწარმოები მთავრდება ამაღელვებელი, სასიამოვნო “დიდი იმედებით”, ე.ი. ეროტიზმის სრული განზავებით ფაულზის მომხიბვლელ თხრობაში. ესაა სწორედ ის ამბავი, რომელსაც ველოდით.
შემდეგ დგება მეორენაირი დასასრულის ჯერი. ის ამსხვრევს მკითხველის სენტიმენტალურ მგრძნობიარობას, რომლითაც სიამოვნებით ვიმსჭვალებით ხოლმე, და გიგანტური ნაბიჯით ფარავს დისტანციას ვიქტორიანულ რომანსა და “ახალ რომანს” შორის. ამგვარი ფინალი გვაიძულებს, გაოცებით ვიკითხოთ, მაინც რომელ საუკუნეს ახასიათებდა მეტი სექსუალური თავისუფლება – მე-19-ს თუ მე-20-ს? ზოგიერთი მკითხველი გაოგნდება. სხვებს კი – გაეცინებათ. ასეა თუ ისე, “ფრანგი ლეიტენანტის ხასა” წარმოადგენს შესანიშნავი რომანისტის მოულოდნელ, მაგრამ პროგნოზირებად შემოქმედებით მიღწევას.The New York Times
Book Review, 1969,
10 ნოემბერი.ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ
-
პაულო კოელო – ალქიმიკოსი
გაგა ლომიძე
“ალქიმიკოსის” მაგიური სინამდვილე
პაულო კოელო. ალქიმიკოსი. ინგლისურიდან თარგმნა დავით აკრიანმა. თბ. ტრიადა, 2002. პირველი გამოცემა “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”.“…ნარცისის სიკვდილის შემდეგ, ნიმფებმა იპოვეს ტბა. წინათ ანკარა წყალი ახლა უკვე ცრემლების ტბად ქცეულიყო. “რა გატირებს?” ჰკითხეს მათ. “ნარცისის გამო ვტირი” – უპასუხა ტბამ. “ეს ხომ ისედაც ცხადია, რადგან ჩვენ სულ მუდამ დავდევდით მას ტყეში, მხოლოდ შენ შეგეძლო ახლოს გეხილა შენი მშვენიერება”. “ნუთუ ლამაზი იყო ნარცისი?” – იკითხა ტბამ. “შენზე უკეთ ვინ უნდა იცოდეს?” – თქვეს გაოცებულმა ნიმფებმა, – “ის ხომ ყოველდღე შენს ნაპირებთან მოდიოდა და ტკბებოდა საკუთარი თავით!” ტბა ერთხანს დუმდა. ბოლოს თქვა: “მე ნარცისისთვის ვტირი, მაგრამ არასდროს შემიმჩნევია, რომ მშვენიერი იყო. ყოველთვის, როცა მუხლს მოიყრიდა ჩემს ნაპირებთან, მისი თვალების სიღრმეში საკუთარ სილამაზეს ვჭვრეტდი”.
“ალქიმიკოსის” პროლოგიდანვის არ უოცნებია შორეულ ქვეყნებში თავგადასავლების ძიებაზე… მაშინაც კი, როცა მზე იყო ღმერთი, სულიერი მოგზაურობის მომლოდინე ქურუმებს ძაღლისთავიანი ანუბისი სირიუსისკენ წარუძღვებოდა…
“წადი, საკუთარი ფარა იყიდე და მთა-ბარი მოიარე. ერთხელაც მიხვდები, რომ ჩვენი მხარე საუკეთესოა, ჩვენი ქალები – ულამაზესნი” – ამ სიტყვებით ისტუმრებს მამა საკუთარი ბედის ძიებით შეპყრობილ უძღებ შვილს – სანტიაგოს და რომან “ალქიმიკოსის” ავტორი, ბრაზილიელი მწერალი პაულო კოელო ჩვენც მასთან ერთად გვამოგზაურებს სიზმრებისა და ნიშნების სამყაროში. “სამყარო, როგორც ტექსტი” – ასე შეიძლება განვსაზღვროთ ჩარჩო რომანისა, რომელიც სამყაროს სემიოტიკურ აღქმის იდეას გვთავაზობს. “მიჰყევი ნიშნებს” – არაერთხელ გვაფრთხილებს რომანი. სამყაროს ტექსტუალიზაცია ერთი მხრივ წიგნის, ან თეორიული ცოდნის სასრულობაზე მიგვითითებს და მეორე მხრივ მოქმედებისკენ, პრაქტიკული “ცოდნისკენ” განგვაწყობს. მოდით, მივყვეთ ნიშნებს.
ამ თვალსაზრისით კოელოს ენაც თითქოს ცდილობს “ღმერთის ენას” დაუახლოვდეს. მის მეტაფორებს გარკვეულ იდეამდე მივყავართ, იდეიდან კი ღმერთის მიერ მოცემულ კონკრეტულ ნიშნამდე, რაც ჩვენს ბედს განაპირობებს და რაზე მინიშნებასაც რომანში თითქმის ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით. ყველაფერი კი მიმართულია საკუთარი სრულყოფისკენ. “როდესაც უკეთესები ვხდებით, ვიდრე ვართ, ჩვენს ირგვლივაც ყველაფერი უმჯობესდება”. ეს ცხადდება ჭუჭყიანი ბროლის გაწმენდის მეტაფორაშიც. საკუთარი თავის სრულყოფა არის “ალქიმიის შესწავლა ყოველდღიურ ცხოვრებაში”, რაც მსოფლიო სულსაც სრულქმნის. სამყაროს სიყვარული მართავს. კოელოს თქმით, სიყვარული არის ის, “რაც ნადავლს შავარდნად აქცევს, შავარდენს – ადამიანად, ადამიანს კი – უდაბნოდ. ეს ის არის, რაც ტყვიას ოქროდ აქცევს, ოქროს კი მიწას უბრუნებს”. და მეტამორფოზა ხდება არაორგანული ბუნებიდან, ორგანულის გავლით ადამიანამდე, როგორც კოელო ამბობს, სამყაროს ამ “გვირგვინ-ქმნილებამდე”, რომელსაც შეუძლია ყველაფერი შეცვალოს. აქ შეიძლება გავიხსენოთ ეპიზოდი, სადაც ბიჭი ქარად უნდა გადაიქცეს – ნაწილი, რომლის დაწერასაც ავტორმა ყველაზე დიდი დრო დაუთმო. “დღესავით ნათლად მახსოვს მასზე მუშაობის პროცესი… მაგრამ სამყარო შეითქვა ჩემს დასახმარებლად” – იგონებს კოელო.
პოეტური მეტაფორებითა და ალაგ ჩართული იგავებით სავსე მისი ტექსტი ერთი ამოსუნთქვით გვაკითხებს თავს. პაულო კოელო შეიძლება მივიჩნიოთ მაგიური რეალიზმის გამგრძელებლად, სადაც ფანტასტიკა ნორმადაა მიჩნეული, ყოველგვარი ეჭვის თუ გაოცების გარეშე; ყოველდღიური მოვლენები და იგავური სამყარო ერთსა და იმავე განზომილებაშია. კოელოს lo real maravilloso თავისი პოეტიკით ზოგჯერ ბორხესს მოგვაგონებს (განსაკუთრებით მისი “უკვდავი” მახსენდება), სადაც ყოველგვარი საოცრება შეიძლება მოხდეს და ეს ჩვენც ისე უნდა მივიღოთ, როგორც ბავშვებს ჩვევიათ ხოლმე. “ზოგჯერ ვცდილობთ, რომ უფროსებივით მოვიქცეთ” – აღნიშნავს ერთ-ერთ ინტერვიუში კოელო – “და ვერ ვხვდებით, რომ, როგორც ეს იესომ თქვა, ბავშვებისთვისაა სასუფეველი.ამიტომ უნდა ვიყოთ ბავშვები, რომ ყოველ დილას მზის ამოსვლას და ღამით მთვარეს შევხაროდეთ. ამით უაღრესად დიდ ცხოვრებისეულ გამოცდილებას მივიღებთ”.
ამ ცხოვრებისეული გამოცდილების მისაღებად რომანში ერთმანეთს ხვდება პრაქტიკა და თეორია, გული და გონება, მოქმედება და ოცნება… (იქნებ ოქციდენტური და ორიენტალისტური მსოფლხედვაც). კოელოს აზრით, ადამიანი, რომელიც საკუთარ სიზმარს არ მიჰყვება, უარს ამბობს ღმერთის ხილვაზეც, ვინაიდან ბედნიერი ადამიანები საკუთარ თავში ატარებენ ღმერთს. ალბათ ამ მოსაზრებალო კოელო საკუთარ გამოცდილებასაც გულისხმობს. იგი ბავშვობიდანვე ოცნებობდა მწერლობაზე, თუმცა დედამისისი დაჟინებით სამართლის სკოლაში ჩააბარა. “1960-იანი წლების ჰიპურმა მოძრაობამ გამბედაობა შემმატა, რომ უარი მეთქვა ყველაფერზე და საკუთარ ოცნებას გავყოლოდი” – იგონებს კოელო. ერთ-ერთ ინტერვიუში, ცოტა არ იყოს, პროვოკაციული შეფერილობის რევოლუციური სულისკვეთებით აღნიშნავს: “მე იმედი მაქვს, გვეყოფა გამბედაობა, რომ უარი ვთქვათ სამუშაოზე, ყოველგვარ ფორმალობებზე… და მივყვეთ ჩვენს ბედს”.
“ალქიმიკოსის” წარმატება, ნაწილობრივ ალბათ იმანაც განაპირობა, რომ მისთვის დამახასიათებელია სადა და პოეტური ენა (და ეს თარგმანშიც იგრძნობა). ზოგჯერ პაროდიამ, მაგ., მელქისედეკის მონოლოგში, შეიძლება გაგვახსენოს კლასიკური ნაწარმოებების ჰოლივუდური “რიმეიკი”. შესანიშნავია სანტიაგოსა და ფატიმას შეხვედრის ეპიზოდი, სადაც ერთი ნახვით სიყვარული კოსმიურ ხარისხშია აყვანილი და სიყვარულის ახსნა საოცრად პოეტური: “მე შენ მიყვარხარ, რადგან მთელი სამყარო შეითქვა და დამეხმარა, რომ მეპოვნე”. როცა ხილული სამყაროს მიღმა სულიერ მოვლენებს ვჭვრეტთ, მაშინ ღმერთის ენაც გასაგები ხდება; ჩვენ მის ნიშნებს ვკითხულობთ. ღმერთის ენა – სიყვარულის ენაა, რასაც სანტიაგო არაერთხელ აცნობიერებს თავისი ხანგრძლივი მოგზაურობის გზაზე. “არსებობს უნიკალური ენა, ყველასთვის გასაგები, თუმცა ამჟამად დავიწყებული” – ვკითხულობთ რომანში. აღმოსავლურ მისტიკასთან “დაბრუნება”, ეგვიპტეში მოგზაურობა, ერთგვარად, წარსულისკენ, ფესვებისკენ, იმ კულტურისკენ რეტროსპექციაა, სადაც ყველასთვის საერთო – პრაენა – სიყვარული ეგულებათ. ამ ინტუიციური, უსიტყვო მეტყველებისვის “უცხოს” გაგება არ არსებობს. მთელი ეს მოგზაურობა სანტიაგოსთვის თვითშემეცნების გზა-მეტემფსიქოზია, სადაც იგი “იგონებს”, რომ თვითონაც ღმერთის ნაწილია და ყველაფერი – ერთია. კოელოს ანთროპოლოგიური ძიებანი მთავრდება იმით, რასაც შეიძლება გლობალური ჰუმანიზმი თუ ჰუმანისტური გლობალიზაცია დავარქვათ: რომანის მთავარი გმირის სახელი – სანტიაგო პირველად დასასრულს ჩნდება, როცა იგი შინ ბრუნდება, საკუთარი თავის იდენტიფიკაციას ახდენს და შეიმეცნებს, რომ მართალია სამყარო “ერთი ხელითაა დაწერილი”, მაგრამ ყველას და ყველაფერს თავისი ადგილი აქვს.
“ალქიმიკოსის” კითხვისას (იქნებ სიტყვა ალქიმიის წყალობით) მკითხველი და გმირი იმანენტურია. სანტიაგოსთან ერთად, ჩვენც ვჭვრეტთ ქვიშის მარცვალში შესაქმის საიდუმლოს. ეს უაღრესად ოპტიმისტური რომანი საკუთარი ძალის რწმენას გვმატებს (“როცა რაღაც გსურს, მთელი სამყარო შეითქმება, რათა ამ სურვილის განხორციელებაში დაგეხმაროს”) და შეგვახსენებს, რომ ყოველი ჩვენგანის ცხოვრებაში ყოფილა წუთი, როცა ბედი საკუთარ არჩევანს გვთავაზობს; ის, ვინც მას მიჰყვება – ბედნიერია.
მაგრამ იქ, სადაც ყველაფერი თითქოსდა წესრიგშია, ეჭვი თავის ხლართებს აგებს. ბორხესი წერდა: “სამყარო ჩვენ გამოვიგონეთ, როგორც მუდმივი, იდუმალი, ხილული, სივრცესა და დროში მყოფი; მაგრამ მისი აგებისას დავტოვეთ უგუნურების უმნიშვნელო, მარადიული ნაპრალი, რომელიც გვარწმუნებს, რომ სამყარო – ჩვენი წარმოსახვაა”. იქნებ კოელომ სასურველი რეალობად (ან, უარეს შემთხვევაში, შესაძლებლობად მაინც) წარმოგვიდგინა, რომ ჩვენს სანუკვარ ოცნებებზე ეთამაშა… იქნებ სამყაროს ენაც ისეთივე უტყვი და გაქვავებულია, როგორც ეგვიპტური იეროგლიფები “ალქიმიკოსის” გარეკანზე.© “წიგნები – 24 საათი”
-
სიცილის პოეტიკა უახლეს მხატვრულ აზროვნებაში
-
ლიმონის სიმბოლიკა ოთარ ჭილაძის რომანებში