• ახალი ამბები,  პორტრეტი

    Man Booker Prize-ს გამარჯვებული

    კიდევ ერთი ინდოელი დებიუტანტი

    მაგდა კალანდაძე
    14 ოქტომბერს ლონდონის სამეფო დარბაზში ბრიტანული ბუკერის მეორმოცე მფლობელი გამოვლინდა – ინდოელი არავინდ ადიგა რომანისათვის “თეთრი ვეფხვი” (“The White Tiger”) პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის ლაურეატი გახდა. ბრიტანული ჯილდო ამჯერად სადებიუტო რომანს გადასცეს, რომელმაც არაერთი პოპულარული მწერლის სახელი მოიტოვა ლონგლისტში და ჟიურის წლევანდელ გადაწყვეტილებაზე კრიტიკოსებსა თუ პრესის წარმომადგენლებს აზრთა სხვადასხვაობის, მითქმა-მოთქმის, ვარაუდებისა და არაერთგვაროვანი დასკვნების გამოტანისათვის გასაქანი მისცა. თუმცა, ამ მხრივ მხოლოდ წლევანდელი ბუკერი არ ყოფილა გამორჩეული – ლაურეატის გამოცხადება ყოველ წელს მნიშვნელოვანი მოვლენების ეპიცენტრში ხვდება, ლონგლისტებისა და ფინალისტების გამოქვეყნებას ყველა მოუთმენლად ელოდება, იდება ფსონები, იწერება პროგნოზები, ირჩევა ფავორიტები, და ჟიურის დასკვნითი გადაწყვეტილების შემდეგ უკვე თავიდან იწყება ლიტერატურული მარათონისთვის სამზადისი.
    ბუკერის ორმოცწლიანმა ისტორიამ არაერთხელ დაადასტურა, რომ პრესტიჟურლი ბრიტანული ჯილდოს მფლობელი შეიძლება ნებისმიერი გახდეს, ის, ვინც უბრალოდ კარგ წიგნს დაწერს. კარგი წიგნების დაწერისათვის წახალისება კი ასე დაიწყო: გამომცემლობა Jonatan Cape-ს დირექტორი, ტომ მაშლერი, ჯერ კიდევ 1951 წელს პარიზში იმყოფებოდა, როცა გონკურის პრემიის გაცემის მოლოდინში ფრანგულენოვანი სამყარო ნომინანტი ავტორებისა და წიგნების შეფასება-გადაფასების, პროგნოზების, ლიტერატურული გარჩევებისა და ლაურეატის ამოცნობის ეიფორიაში იყო. ახალგაზრდა გამომცემელი მოიხიბლა ფრანგული ინტელექტუალური ციებ-ცხელებით და კომერციული თვალსაზრისითაც ამგვარი სახის ჯილდოს გაცემა მომგებიანად ჩათვალა – მისი დაკვირვებით, გონკურის პრემიის მფლობელი რომანი იმავე წელს 500.000-იანი ტირაჟით გაიყიდა, მაშინ, როცა ბრიტანეთის ყველაზე პრესტიჟული სომერსეტ მოემის სახელობის პრემია ლაურეატი ავტორის 500-დან 1000 ტირაჟამდე წიგნის გასაღებას თუ ახერხებდა. სომერსეტ მოემის პრემია გარკვეულწილად დახურულ სივრცეში, აუდიტორიასთან ნაკლებად კონტაქტურ გარემოში გაიცემოდა, და ტომ მაშლერიც მიხვდა, რომ საჭირო იყო პროცესის შექმნა – მკითხველების თუნდაც პასიური ჩართვა ლიტერატურული ჯილდოს პოპულარიზაციაში. ამისათვის საკმარისი იყო ლონგლისტებისა და შორთლისტების მიწოდება აუდიტორიისათვის, მათი გამოცხადების მოლოდინის რეჟიმის ინსპირირება, ერთგვარი პასუხისმგებლობის გამოვლენა მკითხველის წინაშე, რაც ამ უკანასკნელთა საპასუხო რეაქციის გარანტი იქნებოდა. ტომ მაშლერის მიერ შემუშავებულმა გეგმა-სტრატეგიამ არა მარტო ფართო აუდიტორიაში გაამართლა – ლიტერატურული პრემიით დაინტერესდა კომპანია Booker-McConel-იც და საპრიზო ფონდის სპონსორობის სურვილი გამოთქვა.
    თავდაპირველად ჯილდოს ფულადი ოდენობა 21 ათას ინგლისურ გირვანქა სტერლინგს შეადგენდა, 2002 წელს კი მისი დაფინანსება Man-Group-მა ითავა და დღესდღეობით გამარჯვებული რომანის ავტორი 50 ათასი ფუნტი სტერლინგის მფლობელი ხდება. გვარიანად დიდი თანხის გარდა ლაურეატს ელვისებური სისწრაფით შეძენილი პოპულარობა, მრავალნიშნა ციფრებით გაყიდული ტირაჟები და მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზე თარგმნა ხვდება წილად. თავის მხრივ არანაკლები ყურადღების ცენტრში ექცევიან შორთლისტში მოხვედრილი სხვა ავტორებიც. მკითხველებისთვის კი პრემიის გაცემა და მისი მოლოდინი მთელი წლის საკბილოა, ერთგვარი განგრძობითი პროცესია, რითაც ლიტერატურული პრემია თითქოს ყოველწლიურ პრესტიჟულ კინოფესტივალებსაც ემსგავსება – ადამიანები უყურებენ ფილმებს და კითხულობენ წიგნებს, ახარისხებენ კარგს და ცუდს, ახალს და ძველს, ცდილობენ, შემზადებული შეხვდნენ დაძაბული მარათონის დასკვნით ნაწილს და მიიღონ ადრენალინის ის არც თუ ისე მცირე დოზა, რომელიც საკუთარი ფავორიტის გამარჯვებას მოჰყვება. ბუკერის პრემია ლიტერატურას პოპულარულს ხდის. წლევანდელი ბუკერი, როგორც უკვე ვთქვით, მოულოდნელობებით იყო სავსე. პირველი, რამაც ყველაზე მეტი მითქმა-მოთქმა და განგაში გამოიწვია, ეს ორი ბუკერიანტის – სალმან რუშდისა და ჯონ ბერგერის შორთლისტს გარეთ დარჩენა იყო. განსაკუთრებული აღშფოთება რუშდის რომანის ფიასკომ გამოიწვია, მით უმეტეს, როცა მწერალი წელს ბუკერთა ბუკერის – პრემიის 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაცმული ჯილდოს მფლობელი გახდა. შორთლისტების გამოქვეყნების შემდეგ პრესა წერდა, რომ ჟიურიმ შეგნებულად დაძირა რუშდი, და რომ მისი შორთლისტში დარჩენა წარმოუდგენელი იყო. თუმცა, დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ ჟიურის წევრებმა მშვიდად განაცხადეს, რომ არავითარ დაძირვას და შეთქმულებას პოპულარული მწერლის წინააღმდეგ ადგილი არ ჰქონია, საქმე გაცილებით მარტივად იყო – უბრალოდ, მის რომანს – “ფლორენციელი ალქაჯი” (The Enchantress of Florence) – დანარჩენი ექვსი სჯობდა, რომლებიც მოხვდნენ კიდეც ფინალისტთა სიაში. შორთლისტი ასე გამოიყურებოდა: არავინდ ადიგა (“The White Tiger”), სტივ ტოლცი (“A Fraction of the Whole”), სებასტიან ბარი (“The Secret Scripture”), ლინდა გრანტი (“The Clothes on Their Backs”), ამიტავ გოში (“Sea of Poppies”), ფილიპ გენშერი (“The Northern Clemency”).
    არავინდ ადიგას გარდა ფინალისტებს შორის კიდევ ერთი დებიუტანტი – სტივ ტოლცი იყო. ადიგას რომანი კი კერი ჰულმის, არუნდატი როისა და დიბისი პიერის რომანების შემდეგ მეოთხე სადებიუტო წიგნია, რომელმაც ბუკერის პრემია მიიღო. მართალია, დამწყები ავტორების პოპულარიზაციისა და წახალისებისთვის ლიტერატურული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო საუკეთესო ტრამპლინი უნდა იყოს და რაღაც მხრივ ასეც არის – თუ წამებში მოპოვებულ მსოფლიო პოპულარიბას ვიგულისხმებთ, – მაგრამ თუკი ბუკერის მფლობელ დებიუტანტებს დავაკვირდებით, ეს წარმატება უფრო ერთჯერადია და მათი მწერლური მისწრაფებაც მთელი სისრულით რატომღაც მხოლოდ პირველ რომანში ვლინდება. რამდენად აღმოჩნდება ბუკერი მისი წლევანდელი ლაურეატისთვისაც დათვური სამსახური, ამის პროგნოზირება ჯერ ძნელია, მით უმეტეს, რომ ინდოელი ავტორი ინტერვიუებში აცხადებს, მწერლობა ჩემი ოცნება იყოო.
    არავინდ ადიგა მადრასში დაიბადა, კოლუმბიის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა Financial Times-ის კორესპონდენტად დაიწყო. ადიგა მეოთხე ინდოელი ავტორია, რომელიც ბუკერის პრემიის მფლობელი გახდა. მანამდე მისი თანამემამულეებიდან სალმან რუშდის, არუნდატი როისა და ვ.ს. ნაიპოლს ერგოთ ბრიტანეთის პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო. გარდა ამისა, წლევანდელი ლაურეატი ბენ ოკრის, 1991 წლის გამარჯვებულის, შემდეგ ყველაზე ახალგაზრდაა, ვინც ბუკერის პრემია მიიღო – ადიგა 33 წლისაა, მისი წინამორბედი კი მასზე ერთი წლით უმცროსი გახლდათ. ჟიურის თავმჯდომარემ, მაიკლ პორტილომ, აღნიშნა, რომ ინდოელი მწერლის რომანი ჟიურის ყველა წევრმა ერთხმად და ყოველგვარი აზრთა სხვადასხვაობის გარეშე დაასახელა საუკეთესოდ, “თეთრი ვეფხვის” (ასე უწოდებს ავტორი მთავარ პერსონაჟს) თავგადასავალმა საერთო აღტაცება დაიმსახურა. ადიგას რომანის მთავარი გმირი, ბალრამ ჰალვაი, ვრცელ წერილს სწერს ჩინეთის პრემიერ მინისტრს, რომლის სტუმრობასაც დელიში ელოდებიან. წიგნი სწორედ ამ წერილებისგან შედგება, პერსონაჟიც თავის თავგადასავალს უცხო ქვეყნის წარმომადგენელ სახელმწიფო მოხელეს უყვება და ინდოეთის ბნელი და ნათელი, კარგი და ცუდი მხარეების შესახებ ესაუბრება. თურმე ნახევარკუნძულის ზღვისკენ მიმართული მხარე – ეს “ნათელი ინდოეთია”, განგას სანაპიროები კი – “ჯურღმული”; თურმე დელიში მხოლოდ ორი სოციალური ფენა არსებობს – ტიპები დიდი ღიპებით, და ღიპის გარეშე. ალბათ ჰალვასაც, რიგით მძღოლს, ღიპიანებს რიგში გადანაცვლება მოუნდა, როცა თავისი უფროსის მკვლელობაში მიიღო აქტიური მონაწილეობა და ამით თავისი ფინანსური მდგომარეობა და სოციალური სტატუსიც რადიკალურად შეცვალა. ადიგას თქმით, მისი წიგნი სულაც არ არის სოციალური ფენებისა და სხვადასხვა საზოგადოებრივი დიფერენციაციების შესახებ, პირიქით, ამაზე წერა საკმაოდ მოსაწყენია და მის რომანში აღწერილი თავგადასავალი აბსოლუტურად განსხვავებულ კონტექსტს მოიცავს. მწერალმა ახლახანს თავისი მეორე წიგნი – “პოლიტიკურ მკვლელობებს შორის” (“Between the Assassinations “) გამოსცა, რომელიც, როგორ თვითონ აღნიშნა, პრიზიორ რომანზე ადრე ჰქონდა დაწერილი, თუმცა კი რომანში გაცხადებული პოლიტიკური შეხედულებებისა და მოტივების გამო მის გამოცემაზე აქამდე თავს იკავებდა. ახლა კი არავინდ ადიგა ცნობილი მწერალია, უფრო მეტიც – იგი ბრიტანული ბუკერის მფლობელია და თავს უფლებას აძლევს, დაწეროს ის, რაც უნდა და თქვას ის, რისი თქმის სურვილიც აქვს – მას ნებისმიერ შემთხვევაში მსოფლიო მოუსმენს და წაიკითხავს.

    სტატია დაიწერა 2008 წლის ოქტომბერში


    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ახალი ამბები,  ახალი წიგნები

    იოსებ გრიშაშვილის "100 ლექსი"

    აღმოსავლური პოეზია ქალაქური ფოლკლორით

    იოსებ გრიშაშვილის “100 ლექსის” შესახებ


    თამარ კიკნაველიძე

    გამომცემლობა “ინტელექტის” სერიას, სახელწოდებით “100 ლექსი”, კიდევ ერთი პოეტის – იოსებ გრიშაშვილის ლექსების კრებული შეემატა. ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა ავტორის სახელობის ბიბლიოთეკა მუზეუმში, რომელიც, სტუმრებთან ერთად, ისტორიულმა არღანმა და კინტოებმაც გამოაცოცხლეს.როგორია წიგნი, რომელიც კახმეგ კუდავას საგამომცემლო პროექტის ფარგლებში დაიბეჭდა? მასში თავმოყრილი ლექსების უმრავლესობა იოსებ გრიშაშვილის შემოქმედების თაყვანისმცემლებისთვის ცნობილია. კრებული შეადგინა ნოდარ გრიგორაშვილმა, რომელიც პოეტის შთამომავალი და მისი სახელობის ბიბლიოთეკა-მუზეუმის ხელმძღვანელია.”იოსებ გრიშაშვილმა უნიკალური გამოცემების შეგროვება 4 წლიდან დაიწყო და 1963 წლამდე არ შეუწყვეტია. აქ დაცულია მრავალმხრივ საინტერესო ლიტერატურა, მათ შორის, მხატვრული, ისტორიული და ეთნოგრაფიული. ასევე, გამოცემები, რომლებიც საქართველოსა და კავკასიაზეა, XVIII-XIX საუკუნეების წიგნები, რომლებიც ავტორთა (ალექსანდრე პუშკინის, გავრილ დერჟავინის, ივანე ტურგენევის, ილია ჭავჭავაძის, ივანე მაჩაბლის და ა.შ.) სიცოცხლეშივე დაიბეჭდა. მათ ავტოგრაფებიც ახლავს. აქ ინახება 1910-იანი წლების უიშვიათესი პრესა, ძირითადად სატირულ-იუმორისტული, რომელთა უმრავლესობაც ჩვენი საზოგადოებისთვის უცნობია. ჩვენთან არის ის, რაც ცენზურამ გაანადგურა, ან აკრძალა, მაგალითად: 1907-08 წლებში გამოცემული ალმანახი “ნიანგი”, 1913 წლის აკაკი წერეთლის “ჩემი ნაწერები”, რომლის პირველ გამოცემაშიც ერთი თაბახი დაეთმო პოემას, სახელწოდებით “ვირონცოვი”, რომელიც ამოიღეს და ხელმეორედ გამოსცეს. ბიბლიოთეკაში სამასამდე წიგნია ისეთი, რომლებიც ბიბლიოგრაფიაში არ არის შეტანილი. ისინი 1629-1920 წლებშია დაბეჭდილი”, – გვითხრა ნოდარ გრიგორაშვილმა (იოსებ გრიშაშვილის დის შვილიშვილი), რომელმაც ბიბლიოთეკა-მუზეუმში მუშაობა სკოლის დამთავრებისთანავე დაიწყო. ეს კულტურული კერა ოფიციალურად 1969 წელს, ნიკო მუსხელიშვილმა გახსნა. ახლანდელი ექსპოზიციის ავტორია ავთანდილ ვარაზი. იქ დაცული მასალებით, ქართველების გარდა, სარგებლობდნენ და სარგებლობენ მკვლევარები გერმანიიდან, ჩეხოსლოვაკიიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, კანადიდან და ა.შ.
    – რას გვეტყვით კრებულზე, რომელიც თავად შეადგინეთ?
    ნოდარ გრიგორაშვილი: – ბიბლიოთეკა-მუზეუმში ცალკე ინახებოდა იოსებ გრიშაშვილის დაუბეჭდავი ლექსები, რომლებიც წლების განმავლობაში არავის უნახავს და წაუკითხვას. მათ შორის 50 ლექსი პირველად 1992 წელს დაიბეჭდა. ამ ორმოცდაათიდან დაახლოებით 40 შესულია კრებულში “100 ლექსი”, რომელშიც ლირიკულის გარდა, მაშინდელი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ შექმნილ ლექსებსაც აღმოაჩენთ. ამ ყოველივეს კი სათანადო მოვლა-პატრონობა სჭირდება. მე რაც შემეძლო ყოველთვის ვაკეთებდი, მაგრამ ბევრი რამ ჩემს ძალებს აღემატება, მაგალითად ის, რომ შენობაში ჩამოდის წყალი, არ მუშაობს სიგნალიზაცია, დაზიანებულია ფასადი…
    – ვის დაქვემდებარებაშია მუზეუმი?
    – ერთ დროს მეცნიერებათა აკადემიას ეკუთვნოდა, მაგრამ აკადემია გაუქმდა და ახლა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებულ ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას ექვემდებარება. ეს უკანასკნელი ბიბლიოთეკა-მუზეუმს ვერც უვლის და ვერც ეხმარება, ამიტომაც გვინდა მისი დაქვემდებარებისგან გავთავისუფლდეთ. ამ საქმეში გვერდით გვიდგას მერია, სხვებიც, რომლებსაც სურთ გადავარჩინოთ ის, რაც მართლაც უნიკალურია. უიშვიათესი გამოცემების გარდა, ჩვენთან დაცულია XIX საუკუნის ძველი თბილისის ფოტოები, აფიშები, პროგრამები, ნოტები, გრამფირფიტები, მუსიკალური საკრავების კოლექცია, მემორიალური ნივთები, ხელნაწერი წიგნები და ა.შ.
    ასეთ მდგომარეობაშია საქართველოს სახლ-მუზეუმების უმრავლესობა. თუმცა, იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმში დაცულ მასალას, რომ განსაკუთრებული დაცვა და გარფთხილება სჭირდება, ფაქტია. ვიმედოვნებთ, რომ თბილისის მერია მის გადარჩენაზე სათანადოდ იზრუნებს.
    ცალკე განხილვის თემაა პაატა ნაცვლიშვილის მიერ დაწერილი წინასიტყვაობა, რომელიც იოსებ გრიშაშვილის ლექსებს ერთვის. ეს წერილი ვრცელია და საინტერესოდ წარმოაჩენს ამ პოეტის შემოქმედებასა და დამსახურებას.
    რატომ იყო იოსებ გრიშაშვილი განსაკუთრებული მოვლენა ქართულ პოეზიაში? ამ კითხვას დასვამს ყველა, ვისაც არ წაუკითხვას მისი “მაჯამა”, “რა კარგი ხარ, რა კარგი!”, “ყურთბალიში”, “ტრიოლეტი შეითანბაზარში”, “ქორწილი ჩემს უბანში”, “წერილები ბოთლში”, “გამოთხოვება ძველ თბილისთან”, “გაბზარული გული”, “გენიოსსების ბედი თბილისის ბაზარზე”, “უცხოეთისკენ”, “მაგიდა”, “ჟამი განხდა”, “”ნარინჯიანო , “ჩემი აღმართი”, “ეპიტაფია”, “თბილისი იყო ჩემი ლექსის მასწავლებელი”და ა.შ. მის პოეზიაც ისეთივე გზასაყარია აღმოსავლეთისა და დასავლეთის, როგორც ჩვენი სამშობლო – საქართველო. ამასთან დაკავშირებით პაატა ნაცვლიშვილი აღნიშნავს: “გრიშაშვილის პოეზია სავსეა აღმოსავლური სახეებით, აღმოსავლური სიმბოლოებით, მეტაფორებითა და შედარებებით – ვარდებითა და ნარგიზებით, სუმბულებითა და ზამბახებით, მიხაკებითა და სოსნებით, მთვარითა და ვარსკვლავებით, ზურნითა და ქამანჩით, ხავერდითა და აბრეშუმით, გვირისტითა და ბადახშეულით, ბულბულებითა და იადონებით, პეპლებითა და ფარვანებით, მარჯნებითა და სპილოებით, ხოხბებითა და ფარშევანგებით, ლეილებით, გულნარებით, ზეინაბებითა და ხათუნებით… აი, აღმოსავლური გავლენის ერთი მკაფიო ნიმუში გრიშაშვილის პოეზიიდან:

    რა კარგი ხარ, რა კარგი! კოხტა,
    ზღვისფერთვალება,
    თმებზე ღამე გიცინის, პირზე –
    დღის ბრწყინვალება.
    რა კარგი ხარ, რა კარგი! შუშპარა
    და მჩქეფარე!
    როცა მოვკვდე, გენაცვა, ძეგლად
    გადამეფარე.
    სიომ ძლივს ინახულა, სადაც
    გძინავს, ის ბინა
    და შენს ტუჩზე გულნარას ვარდი
    ააბიბინა;
    სპილომ ძვლები დაიფშხვნა
    რამდენიმე წვრილ კბილად
    და მარჯნებში ჩაგიბა მარმარილოს
    ბორკილად…”

    აღმოსავლეთის პარალელურად, პოეტს, როგორც ჩანს, დასავლეთიც იზიდავდა და “ევროპაში გაჭრას” ცდილობდა. ამის სამაგალითოა ბარათი, რომელიც იოსებ გრიშაშვილს 1923 წლის 24 მაისს დაუწერია. ეს წერილი ერთ დროს ინახებოდა თამარ და აკაკი პაპავების არქივში, რომელიც 1997 წელს პაატა ნაცვლიშვილმა არგენტინიდან ჩამოიტანა და დღეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული. აი, რას წერს იოსებ გრიშაშვილი: ,
    ,ძვირფასო აკაკი!
    როგორა ხარ? მე კი ძაან ქესატად ვარ ორივმხრივ. მოკლედ: მინდა გერმანეთში მოვიდე – თვალს გავაღებ და ამასთანავე ჩემს პოეზიას უფრო მეტი კიდეგანობა ექმნება.
    აქ ვერც ერთ გაზეთში ლექსი ვერ მივიტანე. ხომ იცი, ჩემი ლექსი უფრო ქალებს დასტრიალებს, ზექვეყნიურია და შეკვეთით ვერ დავწერე ვერაფერი: “ლომოსი” აღარ გამოდის…
    მომწერე საჩქაროდ:
    1. შეიძლება თუ არა ჩამოვიდე შენთან? (ბინას დავიდებ სამსონთან ან ჭიაურელთან).
    2. საგზაო ფულს თან წამოვიღებ.
    3. ხოლო ერთ ლუკმა პურს ნუ დამაყვედრებ და დროებით დამაოკე.
    4. ვიზა, არ ვიცი, საიდან სჯობია…
    აქ ძალიან ძნელია ვიზის მიღება – ისევ მანდედან მომიხერხე – რომ როგორც სტუდენტი, ენები მინდა ვისწავლო სრ. საქ. მწერალთა კავშირის დადგენილებით.
    5. თამარი ისე წავიდა, ისე ქაფურივით გაჰქრა მისი ბრგემოსილობა, რომ ვერაფერი ვერ გამოვატანე: ახალი წიგნები კი (მაგ.აბაშელისა, სანდრო ეულისა და სხვ.) ბევრი გამოვიდა.
    6. აკაკი!.. იცოდე ჩემი მომავალი შენზეა დამოკიდებული: მართალია, ბევრს გაწუხებ მაგრამ მე უფრო მინდა განვითარება: მწყურია ჰორიზონტი. თუ უარს მეტყვი, მერე ინანებთ, მაგრამ გვიან იქნება.
    ველი წერილს, მარშრუტის ავანჩავანს (დარიგებას) და ვიზას უსათუოდ. მოელაპარაკე სხვებსაც. შენი სოსო”.
    იოსებ გრიშაშვილი ევროპაში ვერ წავიდა, მაგრამ პოპულარული გახდა სამშობლოში. “სხვათა შორის, ეს ლექსი (“რომანსი” – თ.კ.) აკაკი წერეთელს საკუთარი ხელით გადაუწერია და იოსებ გრიშაშვილის საღამოზე წაკითხულ თავის მოხსენებაში ჩაურთავს 1914 წლის 23 აპრილს. თავისთავად მრავალმნიშვნელოვანი ჟესტია პოპულარობის ზენიტში მყოფი მხცოვანი პოეტისაგან 25 წლის ყმაწვილის საიუბილეო (!) საღამოზე მოხსენებით გამოსვლა, ხოლო თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ აკაკის ამის შემდეგ ერთი წელიც აღარ უცოცხლია, შეიძლება ვთქვათ, რომ მან ერთგვარად ესტაფეტა გადასცა გრიშაშვილს, პოპულარობის ესტაფეტა, თუმცა გრიშაშვილი აკაკის სიცოცხლეშიც საკმაოდ პოპულარული იყო. რად ღირს თუნდაც ის ფაქტი, რომ 1910 წელს ქუთაისში გამართულ ილიას ხსოვნის საღამოზე თბილისიდან მხოლოდ ვაჟა-ფშაველა და 21 წლის გრიშაშვილი მიუწვევიათ; აკაკის სიკვდილის შემდეგ კი არცერთ პოეტს არ ღირსებია საქართველოში ისეთი პოპულარობა, როგორიც იოსებ გრიშაშვილმა მოიხვეჭა. იყო პერიოდი, როცა მას კვირაში ორ-სამ საღამოს უმართავდნენ, რომელთაც უამრავი ხალხი ესწრებოდა”, – წერს პაატა ნაცვლიშვილი, რომელიც საუბრობს მის წარმომავლობაზე, აღმოსავლურ პოეზიასა და ქალაქურ ფოლკლორზე ამოზრდილ პოეტზე, კრიტიკოსებზე, რომლებმაც მისი შემოქმედება განიხილეს და კიდევ იმაზე, რაც, თითქოსდა, დავიწყებას მიეცა. “… ბევრმა როდი იცის, რომ ძველი თბილისის ფენომენი და თავად ეს სიტყვაშეთანხმება “ძველი თბილისი” სწორედ იოსებ გრიშაშვილმა შემოიტანა და დაამკვიდრა ქართულ აზროვნებაში. შემთხვევითი არ არის, რომ მისი გაუხუნარი წიგნი “ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა” ბოლო სამი წლის განმავლობაში სამჯერ გამოიცა – ქართულად თბილისში და ერთხელ – გერმანულად ბერლინში. ბევრმა არ იცის, რომ გრიშაშვილმა შეადგინა “ქალაქური ლექსიკონი”, რომელშიც მრავალი ისეთი სიტყვაა, თითქმის ყოველდღე რომ ვხმარობთ და სხვა არც ერთ ლექსიკონში არ არის. ბევრმა უკვე არ იცის, რომ გრიშაშვილის ლექსიდანაა დღეს ასე ხშირად ციტირებული ფრაზა: საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო / და თბილისი – შიგ ჩასმული ბადახში. …დღევანდელმა თაობამ ისიც ნაკლებად იცის, რომ იოსებ გრიშაშვილმა საქართველოს თავისი მრავალმხრივი და მდიდარი შემოქმედების გარდა დიდი მატერიალური განძიც დაუტოვა – ეს გახლავთ მისი უნიკალური ბიბლიოთეკა, რომლის მრავალტომიანი კატალოგი მოცულობით უფრო მეტია, ვიდრე გრიშაშვილის დღემდე გამოცემული ორივე ხუთტომეული ერთად აღებული და რომელიც იოსებ გრიშაშვილის სხვა კოლექციებთან ერთად მისი სახელობის ბიბლიოთეკა-მუზეუმშია დაცული ძველ თბილისში, პოეტის მშობლიურ უბანში -ხარფუხში”, – წერს იოსებ გრიშაშვილის “100 ლექსის” წინასიტყვაობის ავტორი და მოგვიწოდებს ამ წიგნით ძველი პოეტი თავიდან აღმოაჩინოთ!

  • ახალი ამბები

    მომგებიანი "ბოროტების ყვავილები"


    შარლ ბოდლერის ლექსების კრებულის პირველი გამოცემა, რომელსაც თან პოეტის ავტოგრაფიც ახლდა, პარიზში ორგანიზებულ აუქციონზე 755 ათას ევროდ გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაცია Agence France-Presse-მა გაავრცელა.
    ეს ლოტი რეკორდული აღმოჩნდა კრებულისთვის, რომელიც 1857 წელს გამოიცა და მისი ტირაჟი 1100 იყო. აღსანიშნავია, რომ 2007 წელს Sotheby-ს საუქციონზე წიგნი პირველი ტირაჟიდან მინაწერით მხატვარ ეჟენ დელაკრუასადმი 560 ათას ევროდ შეიძინეს.
    1845 წლით დათარიღებული წერილი, რომელიც ბოდლერმა მისი ნდობით აღჭურვილ იურიდიულ პირს, ნარსის ანსელიუს მიწერა და სადაც პოეტი აცხადებს, რომ თავის მოკვლა აქვს გადაწყვეტილი, 225 ათას ევროდ გაიყიდა. ეს ლოტიც რეკორდული აღმოჩნდა ცნობილი პოეტების მიერ დაწერილ წერილებს შორის ღირებულების თვალსაზრისით.
    აუქციონზე სულ 180 ლოტი იყო გამოტანილი. მათ შორის ბოდლერის წერილები, წიგნები და ნოვთები, რომელბიც მას ეკუთვნოდა, ან უკავშირდებოდა. ორგანიზატორებმა მოიგეს დაახლოებით 4,05 მილიონი ევრო, რაც მოსალოდნელს ორჯერ აღემატება.
    “ბოროტების ყვავილები” (Fleurs du mal) 1857-1868 წლებში სამ გამოცემად დაიბეჭდა. 1857 წელს კრებულის გამოცემამ სკანდალი გამოიწვია – ბოდლერი საზოგადოებრივი მორალის შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს, რის შემდეგაც ტირაჟის ნაწილი აღარ გაავრცელეს, პოეტი კი 300 ათასი ფრანკით დააჯარიმეს. მისი ლექსების გამოცემაზე აკრძალვა ფორმალურად მხოლოდ 1949 წელს გაუქმდა.
    პარიზში დააბდებული პოეტის მამა, ფრანსუა ბოდლერი, მხატვარი იყო და შვილს ელოვნების სიყვარულს ადრეული ასაკიდან უნერგავდა. შარლმა მამა 6 წლის ასაკსი დაკარგა, მისი გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, დედამისი სხვას გაჯყვა ცოლად და ბიჭს მამინაცვალთან უერთიერთობა არ აეწყო. 1
    11 წლის იყო შარლი, როდესაც ოჯახი საცხოვრებლად ლიონში გადავიდა. ის პანსიონს მიაბარეს. 1836 წელს ბოდლერი დაბრუნდა პარიზში და სწავლა განაგრძო წმინდა ლუდოვიკოს სახელობის კოლეჯში, საიდანაც გამოაგდეს. 1841 წელს ის სამოგზაუროდ გაუშვეს, რათა “ცუდი გავლენებისგან დაეცვათ”. ცოტა ხანში მას მამის მეკვიდრეობა ერგო, მაგრამ მისი გაფლანგვა დაიწყო და 1844 წელს მემკვიდრეობის მართვა სასამართლომ შარლის დედას გადასცა. როდის დაიწყო წერა? ცნობილია, რომ მაშინ, როდესაც მამის მემკვიდრეობა მიიღო და უდარდელ ცხოვრებას ეწეოდა. “ბოროტების ყვავიების” გაკრიტიკებისა და აკრძალვის შემდეგ, ის პოეზიას 1860 წელს მიუბრუნდა და გამოაქვეყნა კრებული, რომელშიც პროზად მოცემული ლექსები გაერთიანდა. 1864 წელს გაემგზავრა ბელგიაში, სადაც ორ წელზე მეტი დაჰყო. იქ მან გონება დაკარგა და ქვის კიბეზე დაეცა. ის პარიზში გადაიყვანეს და მოატავსეს საავადმყოფოში, სადაც გარდაიცვალა კიდეც. ის მონპარნასის სასაფლაოზე დაკრძალეს.

    © “24 საათი”

  • ახალი წიგნები

    მარადიული – ერთი წიგნის ისტორია

    ია ვეკუა
    …ბარონესა პარიზის კაფე “დე ლა კოლომბოს” ღია ვერანდაზე ავიდა, ერთი ჭიქა რძიანი ყავა და სრული სიმშვიდე შეუკვეთა, რამდენიმე წუთის წინ სასაფლაოზე გადმოცემული ქაღალდის შეკვრა გახსნა, შეყვითლებული ფურცლები ამოალაგა, ხელნაწერ სწრიქონებს თვალი გადაავლო და პირველ გვერდზე გამოყვანილი ხელით დაწერილი ერთადერთი სიტყვა “მარადიული” ამოკითხა.
    შემდეგ მეორე გვერდს დააკვირდა, სადაც მარჯვენა კუთხეში მიწერილი ფრაზა დახვდა: “მას, ვინც ერთხელ დავკარგე, რათა სამუდამოდ მეპოვა”. ეს ფრაზა სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, რომ მოხუცი ქალბატონი მრავალი წლის წინანდელ ისტორიას კიდევ ერთხელ დაბრუნებოდა. მასთან ერთად დროში ახლა უკვე ქართველი მკითხველიც იმოგზაურებს – ჩვენთვის პრაქტიკულად უცნობი ავტორის, ნიკოლოზ ჩხოტუას ერთადერთი დასრულებული ნაწარმოები “მარადიული” მის მშობლიურ ენაზე გამოიცა.
    რამდენიმე წლის წინ ქართველმა მკითხველმა კიდევ ერთი ათეულობით წლების წინ დაწერილი და ასევე უცნობი ნაწარმოები, ყურბან საიდის “ალი და ნინო” გაიცნო. აზერბაიჯანელი და ქართველი გოგონას სასიყვარულო ისტორია, რომელმაც შემდგომში მკითხველში პოპულარობა მოიპოვა, თავის დროზე საქართველოში მცხოვრებმა ინგლისელმა ლიტერატორმა პიტერ ნეისმიტმა აღმოაჩინა. მისი აღმოჩენაა ნიკოლოზ ჩხოტუას “მარადიულიც”. 1949 წელს გამოცემულ წიგნს მან ლონდონის ქემდენ თაუნის ერთ-ერთ ბუკინისტურ მაღაზიაში მიაგნო და როგორც თავადვე იხსენებს, ამ აღმოჩენით გაოცებული და აღფრთოვანებული იყო – ქართველი ავტორების ნაწარმოებების ინგლისური ვერსიების, მით უმეტეს, ამავე ენაზე დაწერილის აღმოჩენა ხომ პრაქტიკულად შეუძლებელია. პიტერ ნეისმიტმა წიგნი შეიძინა და საქართველოში ჩამოიტანა, რამდენიმე დღის წინ კი “მარადიული” კიდევ ერთხელ გამოიცა. ამჯერად ორიგინალი, ანუ ინგლისური ვერსიის გარდა ნაწარმოების ქართული ვარიანტიც გამოსცეს, თარგმანის ავტორები კი ირაკლი თოფურია და კახა ჯამბურია არიან.
    “მარადიული” სასიყვარულო რომანია. მისი მოქმედების ძირითადი ხაზი 1897-1899 წლებში ვითარდება და ორი ახალგაზრდას, შოთა იბერიელისა და ტაია რურიკოვას რომანტიკულ ურთიერთობას ასახავს. მათ შეხვედრას ავტორი თითქოს ბავშვური გულუბრყვილობითა და გულწრფელობით აღწერს. გულწრფელია მკითხველთანაც, რომელსაც უბრალოდ მოუთხრობს: “შემიყვარდა თბილისში, 1897 წელს, გვიანი აგვისტოს ერთ მშვენიერ დღეს, რომელიც სხვა დღეებისგან არაფრით გამოირჩეოდა. ტაია მიყვარდა მაშინაც, როდესაც დედამიწას ჯერ კიდევ არ ჰქონდა ფორმა და სავსებით უკაცრიელი, უკუნეთ სიბნელეში ბრუნავდა. და მაშინაც მეყვარება, როდესაც დედამიწა იქცევა უწყლო და უჰაერო ბურთად, რომელიც უაზროდ იტრიალებს ბნელ და მკვდარ უსასრულობაში”.
    როგორც ნიკოლოზ ჩხოტუას ბიოგრაფიიდან ირკვევა, მას სხვა ნაწარმოებების დაწერის მცდელობაც ჰქონია, თუმცა მხოლოდ მეუღლისადმი მიძღვნილი “მარადიულის” დასრულება შეძლო. შესაძლოა სწორედ მწერლის გამოუცდელობის გამო ნაწარმოები მარტივი, ძალიან უშუალო ენითაა დაწერილი. თუმცა ამ უშუალობის მიღმა ნიკოლოზ ჩხოტუას არა მხოლოდ ქალისადმი, არამედ მონატრებული სამშობლოსადმი დიდი სიყვარულის ამოკითხვა შეიძლება. იგი მთელი არსებით აღწერს საქართველოს ბუნების სილამაზეს, კავკასიონის მთების დიდებულებას, ზღვისპირა პეიზაჟებსა და ლანდშაფტის სხვა თავისებურებებს. ნაწარმოებში რამდენჯერმე უსვამს ხაზს თავის წარმომავლობას, საკუთარ ქართველობას და ამით დაუფარავ სიამაყეს.
    ნიკოლოზ ჩხოტუამ კარგად იცოდა, რომ “მარადიულს” ინგლუსურენოვანი მკითხველისთვის წერდა, ვისთვისაც საქართველო პრაქტიკულად უცნობ ქვეყანას, უცხო კულტურას წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ ნაწარმოებს ერთგვარი გზამკვლევის ფუნქციაც შესძინა. ბუნების აღწერის გარდა, იგი არც საქართველოს ისტორიის ცალკეული ეპიზოდების თხრობას იზარებს, ყვება თბილისის დაარსების ლეგენდას, იხსენებს ქალაქის ყველა დამპყრობელსა და ამაოხრებელს, ქალაქისას, რომელიც “საქართველოს დედაქალაქად და კულტურულ ცენტრად რჩებოდა მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისამდე, სანამ რუსეთის მეფეები საბოლოოდ არ დაეპატრონენ ამ პატარა ქრისტიანულ ქვეყანას, იმ დროს სისხლისგან რომ იცლებოდა ისლამური ქვეყნების შემოტევებისგან”. ავტორი ქართულ ადათ-წესებსაც აღწერს და განმარტავს სიტყვა “გამარჯობის” მნიშვნელობას, ვაჟების აღზრდის ტრადიციას: “როგორც კი ბიჭი ისე წამოიზრდება, რომ თოფის ტარებას შეძლებს, მისი გაწვრთნა იწყება: აძლევენ სამ ტყვიას და უშვებენ ტყეში. თუ დაბრუნდა სამი მოკლული ნადირით, ის უკვე კაცია და ყანწით ღვინოს მიართმევენ”… განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ავლენს შოთა რუსთაველის მიმართ, ხშირად მოჰყავს ციტატები “ვეფხისტყაოსნიდან” და ხაზს უსვამს მის გენიალობას.
    საინტერესოა თავად ნიკოლოზ ჩხოტუას ბიოგრაფია, რაც “მარადიულშიც” იკითხება. იგი შალვა ჭყონიასა და თავადიშვილ პელაგია ჩხოტუას ვაჟი გახლდათ (მწერალი მოგვიანებით დედის გვარზე გადავიდა). 1921 წელს, 16 წლის ასაკში სხვა ქართველი თავადიშვილების მსგავსად ევროპაში გაემგზავრა. განათლება პარიზსა და ბერლინში მიიღო, თუმცა ჯანმრთელობის გაუარესების გამო იძულებული გახდა, მრავალი წელი შვეიცარიის ალპებში გაეტარებინა. 30-იანი წლების დასაწყისში საცხოვრებლად ინგლისში გადავიდა, სადაც ინგლისური ენა შეისწავლა, 1933 წელს კი ამერიკაში გაემგზავრა. მომავალი მეუღლე, კეროლ მარმონი, მარმონების საავტომობოლო კომპანიის დამაარსებლის ქალიშვილი, ჰოლივუდში გაიცნო და მალევე დაქორწინდა. იგი წლების განმავლობაში დიპლომატიურ სამსახურში იყო. მალტის ორდენის სრულუფლებიანი ელჩი გახლდათ კოსტა-რიკაში, ჩილეში, პერუსა და ესპანეთში, სადაც თავადვე აარსებდა საელჩოებს.
    ნიკოლოზ ჩხოტუა 1984 წელს ლოზანაში გარდაიცვალა. სიკვდილის წინ კი ექვს შვილს ერთადერთი სურვილის შესრულება სთხოვა – მისი გული საქართველოში დაემარხათ. ვინაიდან საქართველოში ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდი იყო, ცხადია ემიგრანტის თუნდაც სხეულის ნაწილის ფერფლის ჩამოტანა, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. მამის ანდერძის შესრულება შვილებმა მხოლოდ მისი გარდაცვალებიდან ოთხი წლის შემდეგ შეძლეს – 1988 წლის მაისში ნიკოლოზ ჩხოტუას გულის ფერფლი თბილისის წმინდა პანტელეიმონის სახელობის ეკლესიასთან მდებარე სასაფლაოზე ჩუმად დაკრძალეს. ასე აუსრულდა უკანასკნელი ოცნება სამშობლოსგან შორს, მაგრამ მაინც მასთან ასე ახლოს მყოფ, დღემდე ყველასთვის უცნობ ნიკოლოზ ჩხოტუას.
    © “24 საათი”
  • ახალი წიგნები

    ახალი წიგნები – 2009 – იანვარი

    ნიკოლოზ ჩხოტუა, “მარადიული”, ინგლისურიდან თარგმნეს: ირაკლი თოფურიამ და კახა ჯამბურიამ, რედაქტორი: თამაზ ჯოლოგუა. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2009

    “ეს რომანი ლონდონის ქემდენ თაუნის ერთ-ერთი ბუკინისტური მაღაზიის თაროზე აღმოჩნდა. აღმოჩენას გამაოგნებელი ეფექტი ჰქონდა. დღესაც კი იშვიათად თუ მოიძიებთ ქართულ ლიტერატურულ ნაწარმოებს ინგლისურად, რომ აღარაფერი ვთქვათ მათ საერთაშორისო პოპულარობაზე. საბჭოთა პერიოდისდროინდელი რამდენიმე იშვიათი თარგმანისა და თითო-ოროლა თანამედროვე ნაწარმოების გარდა, გაგიჭირდებათ მოიძიოთ გამორჩეულად “ქართული” ხასიათის, მისი შინაგანი ემოციებისა და ნააზრევის ამსახველი სხვა ქართული ნაწარმოები” – წერს ამ წიგნის წინასიტყვაობაში პიტერ ნეისმიტი. ასეთი შეფასების მიუხედავად, ქართველ მკითხველს ნიკოლოზ ჩხოტუას სახელი ბევრს არაფერს ეუბნება. ვინ იყო იგი?
    ნიკოლოზ ჩხოტუა იმ თაობას ეკუთვნის, რომელთაც 1921 წელს, ბოლშევიკური არმიის შემოჭრის შემდეგ საქართველო დატოვეს. 16 წლის ბიჭმა ჯერ ევროპას მიაშურა, შემდეგ ამერიკას, საბოლოოდ კი შვეიცარიაში ჩავიდა და 1984 წელს იქვე გარდაიცვალა. საქართველოში დაბრუნებაზე უკანასკნელ წუთებამდე ოცნებობდა, თუმცა, ნატვრა მხოლოდ სიკვდილის შემდეგ აუხდა. 1988 წელს, მისი სურვილის თანახმად, ოჯახის წევრებმა მწერლის ფერფლადქცეული გული სამშობლოში ჩამოიტანეს და ვერის სასაფლაოზე დამარხეს.
    “მარადიული” ავტორის ერთადერთი დასრულებული ნაწარმოებია, რომელიც 1940-იან წლებში ინგლისურ ენაზე დაიწერა. რომანი, რომელიც მის მეუღლეს ეძღვნება, მარადიულ სიყვარულზე მოგვითხრობს და როგორც მიიჩნევენ, ავტობიოგრაფიულია.

    ირაკლი კობახიძე, “დაბრუნება ტერანუოვაში”. თბ. 2009.

    ტერანუოვა ჩრდილოეთ იტალიაში, ბერგამოს ალპების ერთ მიუდგომელ კუთხეში, მდინარე ოლიოს მარჯვენა ნაპირზეა გაშენებული. სწორედ იქ ხარობს ჯადოსნური ედელვაისი, უკვდავების ყვავილი, რომლის საძებნელად ერთ დროს ჯოაკინო სარტი გაემგზავრა, თუმცა, ოქროს საბადოების აღმოჩენამ ჯადოსნური ყვავილის ისტორია მასაც და მის თანამოაზრეებსაც მალე გადაავიწყა. იმ ადგილას აშენდა ქალაქი, რომელსაც ტერანუოვა, ანუ “ახალი მიწა” უწოდეს.
    ჯოაკინოს შემდეგ ჯადოსნურ ედელვაისს არაერთი ტერანოუველი ეძებდა, მათ შორის, პაოლო სარტორი, რომელსაც მეგობრებთან ერთად ბევრი დაბრკოლების გადალახვა მოუხდა, თუმცა, საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ყვავილი კარგა ხნის ნაპოვნია.
    ჯადოსნური ედელვაისი თითოეული ჩვენგანის სულში ხარობს, თუმცა, სანამ ამას მივხვდებით, ბევრი წყალი ჩაივლის. ჩვენ კი მაინც ვეძებთ, ვეძებთ, რათა მკაცრმა სინამდვილემ არ მოგვკლას – ასეთია ახალგაზრდა მწერლის კონცეფცია.
    ზღაპარში ცხოვრება ადამიანის მუდმივი მოთხოვნილებაა, მნიშვნელობა არა აქვს, პირველყოფილ წყობაში ცხოვრობს თუ ტექნოლოგიური მიღწევების საუკუნეში. ამიტომ იწერება დღესაც ჯადოსნური ამბები. “დაბრუნება ტერანუოვაში” ერთ-ერთი ასეთი წიგნია, ზღაპარი პატარა დიდებისთვის, რომელიც ოცნებასა და რეალობას შორის საზღვრის წაშლას ცდილობს და ადამიანს ამქვეყნიური ცხოვრების არსის გარკვევაში ეხმარება.

    ერნესტ ჰემინგუეი, “იქ, მიჩიგანში”, იგლისურიდან თარგმნეს ვახტანგ ჭელიძემ და ანა რატიანმა. თბ. “ინტელექტი”, 2009.

    სერიით “ნობელის პრემიის ლაურეატები” გამომცემლობა “იტელექტი” ამჯერად ჰემინგუეის გვთავაზობს. ქართველ მკითხველს საშუალება ეძლევა კიდევ ერთხელ გადაავლოს თვალი საყვარელი ავტორის მოთხრობებს. “იქ, მიჩიგანში,” “ვაიომინგის ღვინო,” “ბატონი და ქალბატონი ელიოტები,” “კილიმანჯაროს თოვლიანი მთა” და, რასაკვირველია, ლეგენდარული “მოხუცი და ზღვა,” ნაწარმოები, რომლისთვისაც 1954წელს ავტორს ნობელის პრემია მიანიჭეს.
    გასული საუკუნის ცნობილმა ამერიკელმა მწერალმა თავისი ეპოქის ლიტერატურაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა. გახსოვთ, ალბათ, ყელიან სვიტერში გამოწყობილი მწერლის ცნობილი ფოტო – როგორი უბრალო და ამავე დროს, შთამბეჭდავია; მისი ჩაცმულობა, ცხოვრების სტილი, წერის მანერა ხშირად ხდებოდა თანამედროვეთა მიბაძვის საგანი, თუმცა, ჰემინგუეი იყო ის ერთადერთი და განუმეორებელი, რომელმაც ამერიკულ ლიტერატურაში ახალი ეპოქა შექმნა.
    “ჰემინგუეიმ მწერლობაში გამოსვლისთანავე იგრძნო, რომ საჭირო იყო ახლებურად წერა, გატკეპნილი გზით სიარული აღარ შეიძლებოდა” – წერს მთარგმნელი ვახტანგ ჭელიძე. და მართლაც, მან გაკვალა ბილიკი, რომელსაც დღემდე მიჰყვებიან მისი შემოქმედების მოყვარულები. სწორედ მათთვისაა განკუთვნილი ეს წიგნი.

    მიშელ უელბეკი, “პლატფორმა”, ფრანგულიდან თარგმნა ირმა ტაველიძემ. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2009.

    ქართულად ითარგმნა სკანდალური ფრანგი მწერლის, მიშელ უელბეკის კიდევ ერთი რომანი. 2001 წელს დაწერილ “პლატფორმას,” ისევე, როგორც მის ნებისმიერ ნაწარმოებს, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ავტორს ადანაშაულებდნენ რასიზმში, შოვინიზმსა და პორნოგრაფიაში, თუმცა, თავად მიიჩნევდა, რომ ეს რომანი ნამდვილ და ამაღელვებელ სიყვარულზეა, როგორსაც თანამედროვე დასავლურ სამყაროში ვეღარ შეხვდები.
    რა ხდება რომანში? მისი მთავარი გმირი, 40 წლის მიშელი ტაილანდში მოგზაურობისას მომხიბლავ ვალერის გაიცნობს, რომელიც სასტუმრო ბიზნესში მოღვაწეობს. მათ შორის ვნება იფეთქებს. საკურორტო დასვენების სრულიად ახალი ფორმა, რომლის იდეაც წყვილს ამ მოგზაურობის დროს უჩნდება, ლეგალურ სექს-ტურიზმს ეფუძნება. წარმატებით განხორციელებულ ჩანაფიქრს საკმაოდ კარგი შემოსავალი მოაქვს. დამსაქმებლები ტურისტების ნაკადს მკვდარ სეზონზეც კი ვერ აუდიან, თუმცა, მოულოდნელად, იდილია მთავრდება. ერთ-ერთ დისკოტეკაზე ფანატიკოსი მუსულმანები ბომბს აფეთქებენ და “გალანტური გართობის” მონაწილეებს ტყვიებით უმასპინძლდებიან. იღუპება ვალერიც. შემთხვევით გადარჩენილი მიშელი კი ცხოვრების მიმართ ყველანაირ ინტერესს კარგავს.
    წიგნი დახუნძლულია უელბეკისათვის ესოდენ დამახასიათებელი სექსუალური სცენებით, თუმცა, აურზაურის მიზეზი ეს არ გამხდარა. სკანდალი ისლამის მიმართ გამოქმულმა ავტორის პოზიციამ გამოიწვია, რომელიც ამ რელიგიას განწირულად მიიჩნევდა. უელბეკი მკაცრად აკრიტიკებს დასავლეთსაც. რომანის მთავარ გმირს ეზიზღება ეს სამყარო, რომელიც დაცლილია გრძნობებისგან, ირგვლივ სიყალბე და ტყუილი სუფევს. ერთადერთი ხსნა სიკვდილშია, რომელსაც პატაიაზე გადახვეწილი მიშელი მოთმინებით ელოდება.

    მერაბ ღაღანიძე, “გზავნილი “არილის” მკითხველს”, რედაქტორი: მალხაზ ხარბედია. თბ. “მემკვიდრეობა”, 2009.

    წინამდებარე წერილები იმ პერიოდისაა, როდესაც ქართულ ყოფაში მობილური ოპერატორებისა და შესაბამისად, ელექტრონული გზავნილების ეპოქა დაიწყო. ბევრისთვის ეს თანამედროვე ტექნოლოგიების ერაში ფეხის შედგმას ნიშნავდა, ლიტერატურის მოყვარულთათვის კი, რომელთა უმეტესობა მაშინ “არილის” მკითხველი გახლდათ, მერაბ ღაღანიძის ლიტერატურული გზავნილებით გახდა მნიშვნელოვანი.
    ამ წერილების ავტორი 1997-98 წლებში პრაჰაში ცხოვრობდა და როგორც თავადვე აღნიშნავს, “ახალი ცოდნის მოპოვებისა და ახალი უწყების წვდომის სიხარული” ამოძრავებდა. მაშინდელი გლობალური ქსელი საკმაოდ მწირი გახლდათ და დასავლეთში მიმდინარე უახლესი ლიტერატურული პროცესების შესახებ ინფორმაციის მოპოვებაც ჭირდა, ამიტომ მოვლენების ეპიცენტრიდან ჩამოსულ გზავნილებს სიახლეებს მოწყურებული ქართველი მკითხველი ღრუბელივით ისრუტავდა. როჟე გაროდისა და ტიმოთი ლირის, მირჩა ელიადეს, აიზაია ბერლინისა და სხვათა შესახებ დაწერილი ესეები დიდი ინტერესით იკითხებოდა. იმ პერიოდში “არილს” მერაბ ღაღანიძის წერილებმა უამრავი მკითხველი შემატა.
    წინამდებარე კრებულში თავმოყრილია 27 ესეი, რომელიც გასული საუკუნის მიწურულს საფოსტო გზავნილების სახით ჩამოდიოდა საქართველოში და ევროპული სამყაროდან შემოსული თავისუფლების სურნელით იყო გაჟღენთილი.

    რევაზ გაჩეჩილაძე “ჩემი XX საუკუნე”, ტომი 1, რედაქტორი: თეა ქიტოშვილი. თბ, “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2009

    პროფესორ რევაზ გაჩეჩილაძის წინამდებარე ნაშრომი პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებების მოყვარულთ დააინტერესებთ, ასევე, მათაც, ვისთვისაც საკუთარი ქვეყნის უახლესი წარსულის ცოდნა და ანალიზი მნიშვნელოვანია.
    წიგნის ავტორი გლობალურ ხედვას გვთავაზობს. მისთვის საკმარისი არ არის საქართველოს, როგორც ერთი კონკრეტული ქვეყნის ისტორიის ანალიზი. დასკვნების გამოსატანად აუცილებელია მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური პროცესების გათვალისწინებაც. “არცერთი ისტორიული მოვლენა არ შეიძლება ამოიგლიჯოს დროითი კონტექსტიდან: ის გასაგები ხდება მხოლოდ თავისსავე ეპოქასთან კავშირში” – წერს რევაზ გაჩეჩილაძე.
    წინამდებარე ტომში XX საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური განვითარების ისტორიულ-გეოგრაფიული ასპექტებია წარმოჩენილი. ავტორი აანალიზებს საბჭოთა სისტემას და შეფასებას აძლევს სტალინიზმს. ვფიქრობთ, მისი მოსაზრებები ამ თემატიკით დაინტერესებული მკითხველისთვის საყურადღებო იქნება.

    “წახნაგი, ფილოლოგიურ კვლევათა წელიწდეული”, მერაბ ღაღანიძის რედაქციით. თბ. “მემკვიდრეობა”, 2009.

    “წახნაგი”: ფილოლოგიურ კვლევათა წელიწდეული” ჩაფიქრებულია პერიოდულ სამეცნიერო გამოცემად, რომლის გამოქვეყნება, ბუნებრივია, ყოველწლიურად ივარაუდება და რომელიც შეძლებისდაგვარად ეცდება, წარმოაჩინოს ის საუკეთესო, რაც ქართველი მკვლევარების უახლეს ფილოლოგიურ ძიებათა ნაყოფს ასახავს” – წერს გამოცემის წინათქმაში ლიტერატორი მერაბ ღაღანიძე.
    ამ გამოცემის იდეა ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგ პროფესორებს შორის გაჩნდა და თავდაპირველად ადგილობრივი ჟურნალის სახე უნდა ჰქონოდა, თუმცა, მოგვიანებით თანამოაზრეთა რიცხვი გაიზარდა და წელიწდეულიც გაცდა საუნივერსიტეტო ჟურნალის ფარგლებს.
    გამოცემის მიზანია გამოაქვეყნოს სამეცნიერო ნაშრომები, პუბლიკაციები, ნარკვევები, ლექციები, საარქივო-დოკუმენტური, მემუარული თუ სხვა ტიპის საინტერესო მასალები ფილოლოგიურ კვლევათა ყველა სფეროში.
    პირველ ნომერში შევიდა შუქია აფრიდონიძის, იუზა ევგენიძის, მაკა ელბაქიძის, ზურაბ კიკნაძის, გაგა ლომიძის, ირმა რატიანისა და სხვათა ნაშრომები, სამომავლოდ კი “წახნაგის” ფურცლები არა მხოლოდ ღვაწლმოსილ და დაფასებულ მეცნიერებს, საინტერესოდ მოაზროვნე ახალბედა ფილოლოგებსაც დაეთმობა. დღეს, როდესაც ამ სფეროში სამეცნიერო გამოცემათა რიცხვი ძალზე მწირია, ფილოლოგიურ კვლევათა წელიწდეულის გამოჩენა ქართული ფილოლოგიური სკოლის შემდგომი განვითარებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

    მერი ინაძე, “ძველი კოლხეთის ისტორიის საკითხები”, სერიის მთავარი რედაქტორი: ბუბა კუდავა. თბ. “არტანუჯი,” 2009.

    გამომცემლობა “არტანუჯი” “კოლხური სერიის” მორიგ წიგნს გვთავაზობს. თეა კალანდიას, აკაკი ჭანტურიასა, დანიელ ფიფიასა და ანა ჩიქვანაიას შემდეგ დაინტერესებული მკითხველი მერი ინაძის “ძველი კოლხეთის ისტორიის საკითხებს” გაეცნობა. წიგნში განხილულია ძველი კოლხეთის მიწა-წყალზე მცხოვრები საზოგადოების ისტორია და გენეზისი, სატაძრო-საქალაქო ცენტრების წარმოქმნა-განვითარება, მისი კავშირი ეგეოსურ-მცირეაზიურ, ბერძნულ და ელინისტურ სამყაროსთან… ეს და სხვა მნიშვნელოვანი თემები ისტორიულ ფაქტებს, მდიდარ არქეოლოგიურ აღმოჩენებსა და სამეცნიერო კვლევებს ეფუძნება. ნაშრომში წარმოდგენილი მასალები წლების განმავლობაში იბეჭდებოდა სხვადასხვა სამეცნიერო გამოცემაში, ერთად თავმოყრილს კი მკითხველი პირველად იხილავს.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • კულტურა/ლიტ.თეორია

    ანტიკური რიტორიკის თეორიის ცნებათა რეინტერპრეტაციისათვის…

    ქეთევან ბეზარაშვილი

    ანტიკური რიტორიკის თეორიის ცნებათა რეინტერპრეტაციისათვის ბიზანტიურ და ქართულ ლიტერატურაში
    © სემიოტიკა