-
-
ქეთი თუთბერიძე – ლექსები
-
ანდრო ბუაჩიძე – მოკლედ ნათქვამი სიტყვა
-
პიტერ აკროიდი – სურნელით გატანჯული მკვლელი
-
ახალი წიგნები – 2008 – აპრილი
-
ახალი წიგნები – 2008 – აპრილი
-
ბესიკ ხარანაული – ლექსები (1992-2002)
-
მალხაზ ხარბედია – ანას ხანა
ქართულ პოეზიაში სულ რამდენიმე სახელია, პოეტების რიცხვი, ვისაც მხოლოდ სახელით უხმობდნენ, მცირე იყო. ყველას გვახსოვს გალაკტიონის ფორმულაც, შოთას, ილიას, აკაკისა და ვაჟას რიგში საკუთარი თავიც რომ იგულისხმა, გვახსოვს სიის შევსების სხვა მცდელობებიც, წარმატებული და წარუმატებელი. ბესიკიც გვახსოვს, ტატოც, გოგლაც, სხვებიც. ყველა ეპოქას თავისი ჰყავდა, იყო ეპოქები, როცა რამდენიმე ეს “სახელი” ერთად ბობოქრობდა. თუმცა ჩვენს ხანას ერთი ჰყავდა ასეთი სახელი, ანა.
გალაკტიონმა 1907 წელს დიდი ეპოქის დასასრული უწოდა, ეპოქა დასრულდა 1959-შიც, თავად გალაკტიონის სიკვდილით და კიდევ ერთი 50 წლიანი ციკლის დასასრულ, 2008-ში უკანასკნელი ხანა დასრულდა (ვინ იცის, შესაძლოა მეტი ვეღარც ვერანაირ ხანას ვეღირსოთ, ანუ ყველანაირი “ეპოქები” წარსულს ჩაბარდა?!). სულ რაღაც ორი კვირის წინ, ჩვენ შეგვეძლო გვეთქვა, რომ გვყავს ანა, რომ საბედნიეროდ ჯერ კიდევ მისი ხანა დგას და რომ ყველანი მის ხანაში ვცხოვრობთ (თუმცა რატომღაც იშვიათად ვამბობდით ამას, ან ცალყბად აღვნიშნავდით, ან საერთოდ არაფერს ვიტყოდით რამეს). ახლა უკვე გვიანია, ახლა მხოლოდ უნდა გავიხსენოთ როგორი იყო ეს დროება, აღვიდგინოთ ის პერიოდი ჩვენი ცხოვრების, როცა ანა არსებობდა, ჩვენ კი ვერ ვხედავდით მის არსებობას, ვერ ვამჩნევდით მის დუმილს, აქტუალური არ იყო მისი სისუფთავე. პირველ რიგში საკუთარ თავს ვსაყვედურობ ამას. ეს მეც მეხება, ყველას გვეხება.
ქართულმა ტელევიზიებმა ერთმანეთზე უხერხული სიუჟეტები მიუძღვნეს ანა კალანდაძეს. ჟურნალისტებს მაგალითი საქართველოს პრეზიდენტმა მისცა 11 მარტის შუადღის გამოშვებებში (საღამოს საინფორმაციოებში ეს სიტყვები ამოჭრილი იყო). მან, სამძიმრის შემდეგ გალაკტიონის ლექსი წაიკითხა, როგორც ანა კალანდაძისა: “ატმის რტოო, დაღალულო რტოო…” და მხოლოდ შემდეგ გაახსენდა “თუთა”. რუსთავი 2-მა გამოაცხადა, რომ ანა კალანდაძე ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ხიდისთავში დაიბადა. ტელეკომპანია “მზის” კულტურის მიმომხილველმა დანანებით აღნიშნა: “ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთი ცნობილი სახე გამოაკლდა”, თითქოს საუბარი ხელისუფლების ან ოპოზიციის მხარდამჭერ რომელიმე ძველ “ინტელიგენტზე”, ექიმზე, ან უბრალოდ კაი ბიჭზე იყო.
ანა კალანდაძის გარდაცვალების ამბავი რომ გავიგე, ორმა ფრაგმენტმა შემახსენა თავი, ამეკვიატა. ეს იყო არა ძველი, კლასიკური სტრიქონები, არამედ სიტყვები უკანასკნელი ლექსებიდან: “და უცხო ნათელს სული პეპლებრ გაეკიდება”, “სიზმარში, სიზმარში გიხილე, ადგილსა მას ყვავილოვანსა”. ვიჯექი და ვიმეორებდი ჩუმად, “და უცხო ნათელს სული პეპლებრ გაეკიდება”, “და უცხო ნათელს სული პეპლებრ გაეკიდება” და მივდევდი ბოლო წლების მანძილზე ჩემთვის უკვე გაუცხოებულ ამ პოეტურ ნათელს, სტრიქონებს, რომელიც მომავალში ახლიდან უნდა ვიპოვო, ხელახლა წავიკითხო, სინანულით სავსე გაგებით გავიგო. ამ გაუცხოებას, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი განიცდის ახლა და სწორედ ეს უხერხულობა მაძლევს საფუძველს ვიფიქრო, რომ ანა კალანდაძეს ჩვენ კიდევ არაერთხელ აღმოვაჩენთ ახლიდან. რა ვიცი… მემგონი აღმოვაჩენთ…© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
-
ანდრო ბუაჩიძე – გამოთხოვება ანა კალანდაძესთან
ანდრო ბუაჩიძე
სახსოვარი
გამოთხოვება ანა კალანდაძესთანანა კალანდაძემ მართლაც სასწაულებრივი რამ შეძლო: მან სამშობლოს სიყვარული, საქართველოსადმი აღძრული გრძნობა ყველაზე ღრმად პიროვნულ, ყველაზე ფაქიზ, ინტიმურ გრძნობად აქცია. ეს ხომ მანამდეც უიშვიათესი იყო ქართულ პოეზიაში. მისი სამშობლოზე დაწერილი ლექსები არც თემატური ნიშნით არის აღბეჭდილი და არც აპოლოგეტური პათეტიკით.
რთულია ისეთ თემაზე წერა, რომელიც უკვე ტრივიალურად არის ქცეული. ხშირად თვითონ თემა ირგებს ტრივიალურობის სამოსელს და აღარც უნდა მისგან განძარცვა. მაგრამ მოდის პოეტი და წერს ასეთ ლექსს:შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო,
შენ ისე ღრმა ხარ…
სამკვიდრო შენს ქვეშ მტრად შემოსულმა ვერავინ ნახა:
ვერცა ოსმალომ, ვერცა მონღოლმა
და ვერცა სპარსმა…
შენი დიდების მომღერალია
ოშკი და ზარზმა,
ბებერი ტაო,
შენ ისე ღრმა ხარ, ისე ფაქიზი,
ქართულო ცაო…თუ აქამდე სამშობლოზე დაწერილი ლექსები ხმამაღლა ითქმებოდა, ახლა არათუ ხმადაბლა, არამედ ჩურჩულით წარმოითქმის.
ეს მხოლოდ ლექსი არ არის, ლოცვაა, ფსალმუნია, რომელიც ცისკენ თავაღერილმა უნდა წარმოთქვა. ასეთ სათქმელს მოწამეობრივი მუზა კარნახობს ადამიანს.
ანა კალანდაძემ საქართველო – სიყვარულის საყოველთაო საგანი, თავის სისხლხორცეულ, პიროვნულ, თითქოს ჯერ ხელუხლებელ უინტიმურეს საგნად აქცია. ასეთი რამ კი მაშინ არის შესაძლებელი, როცა გრძნობა ნაუცბათევად, ბუნებრივი თავისთავადობით იღვიძებს შემოქმედებაში. ხშირად სამშობლოზე ფიქრი სხვა გრძნობებთანაა შერწყმული. პოეტმა საქართველო მარადისობის ფონზე დაინახა და ამიტომაც ახლავს ამ ხატს ცის პეიზაჟი:მათ გადაიარეს ცა პირამიდების,
ხეთა და მიდია…
ზღაპრული ურარტუ, ქართული მინდვრები,
კვლავ საით მიდიან?
რამდენი მწვერვალი გადავლეს უკლებლივ,
კვლავ ფეხქვეშ რაოდენ
მწვერვალებს ითვლიან
ღრუბლები…
კვლავ საით მიდიან ღრუბლები?
რა ვიცი… მიდიან…ამ ლექსში თითქოს სასხვათაშორისოდ არის ნახსენები “ქართული მინდვრები”, არადა, უმთავრესი ხომ პოეტისათვის ქვეყნიერების ის წერტილია, საიდანაც უმზერს მარადისობას. ანა კალანდაძის მუზას საქართველოს ხნიერი ფესვების შეგრძნება ახალისებს, მის წარმოდგენაში სამშობლო მარადისობის თანამდევია. პოეტი გამუდმებით ეძებს ათასწლეულთა იმ ნიშას, რომელშიც კულტურულ სიძველეთა კვალია შენახული. ეს არის იყალთო, დავით გარეჯი, შიომღვიმე, ზედაზენი. ოღონდ აქ ყველაფერი საუკუნეთა საბურველშია გახვეული. ეს არის არა პირქუში, არამედ სხივთა მომფენელი, სიცოცხლის ცხოველი ნიშნით აღბეჭდილი ხანიერება:
ზედაზნის ტყეებზე
ციმციმებს ვენერა,
ციმციმებს ვენერა,
ლურჯ სხივთა მფენელად,
ნაზ სხივთა მფენელად,
მკრთალ სხივთა მფენელად….მარადიულობიდან გამოღწეული იდუმალების გარეშე ანა კალანდაძის პოეზია არც არსებობს. მისი ლექსები წამიერების ჩრდილში შეყოვნებული მარადიულობაა. და ასე გრძელდება მუდმივად – აწმყოს მოხელთება, მარადიულობის შეჩერება წამიერების ჩრდილქვეშ:
რკინის აივანს, მყუდრო აივანს
იშვიათად თუ ეწვევა კაცი…
სამაგიეროდ ნუშის და ცაცხვის
აქ ფოთოლცვენა ისე ხშირია….
ნუთუ ამ ფოთლებს ამ მღვიმეების,
ამ მარტოობის არ ეშინიათ?XX საუკუნის ოციან, ოცდაათიან, ორმოციან წლებში ჯერ კიდევ არსებობდნენ ევროპაში ლირიკოსები, რომელთა ცნობიერებაში სამყაროს ჰარმონიული ხატი იყო შენარჩუნებული. მაგრამ მათ ლირიკულ სუნთქვას უკვე ეტყობოდა ჟანგბადის უკმარისობით გამოწვეული ფორიაქი. ისინი თითქოს შეგნებულად გაურბოდნენ დიდი ქალაქების ხმაურიან ქუჩებს და ბუნების ნირვანას აფარებდნენ თავს. ეს იყო არა სინამდვილიდან გაქცევა, არამედ შინაგანი წონასწორობის აღდგენის ცდა. მათ სურდათ შეენარჩუნებინათ მუდმივი ფიქრი მარადიულზე და წარუვალზე. პიროვნების, ამ შემთხვევაში პოეტის, ლირიკული წყობა თავის თავდაპირველი მნიშვნელობით სწორედ მარადიულის ფონზე ფიქრს გულისხმობდა. დუინოს სასახლის სიახლოვეს მოსიარულე რაინერ მარია რილკეც ამ საფიქრალით იყო გარემოცული.
ვფიქრობ, გალაკტიონთან ერთად ანა კალანდაძეც ამგვარ ლირიკოსთა ძველი მოდგმის ნაშიერია. ეკოლოგიური კატასტროფების და ტექნიკური გაუცხოების ხანაში ის მომეტებული თავდავიწყებით ესწრაფვოდა ცის და მიწის პირველქმნილებას და ზოგადად ადამიანურ პირველსაწყისებს. ანა კალანდაძეს სურდა ყველაზე უფრო სასტიკ და სისხლიან საუკუნეში ადამიანის ყველაზე უფრო სათუთი, ფაქიზი გრძნობები გადაერჩინა. ის წერდა ლექსს იაზე:ია სავსეა ფშავის ტყეებში
ხატისხევაზე…ანას პოეზიის გეოგრაფია საქართველოთია გარშემოწერილი და, რა თქმა უნდა, მრავალფეროვანია, რადგან ყველა კუთხეს მოიცავს – გურია, ქართლი, ფშავი, ხევსურეთი, თუშეთი… მაგრამ პოეტის წარმოდგენაში საქართველოს, ამავე დროს, თავისი კუთვნილი უღრმესი და დაუსაბამო ცა ჰქონდა. ეს ცა ანასთვის ისეთივე მეტყველია და ცხოველმყოფელი, როგორც მიწა, მიწიერი სითბო.
ჩამოშვებულ
კლდეებზე მაღლა
ვინ დადგა სახლი?
ნისლმა? ღრუბლებმა?
წვიმამ? ქარებმა?
იდუმალებამ!
იდუმალებამ!ასეთი იდუმალთმეტყველება მთელი ის პოეზიაა, რომელიც ანამ გვისახსოვრა.
ეს სახსოვარი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენს მერკანტილურ საუკუნეში ზოგჯერ დაუსაბამო სიმაღლესაც უნდა ავაპყროთ თვალი.© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
-
დავით ჩიხლაძე, დათო ბარბაქაძე – “დ/დ”.
ბოდვაში გამჟღავნებული L’art Poetique
დავით ჩიხლაძე, დათო ბარბაქაძე, “დ/დ”. თბ. “სიესტა” 2007.
კოკა ჯიქია
ამასწინათ წიგნის მაღაზიიდან გამოსულს გზაში უმცროსი მეგობარი გადამეყარა, წერა-კითხვის მოყვარული პატარა, თმაგაწეწილი ლამაზი გოგო. უყურადღებოდ არ დარჩენია მავანი მაღაზიის ლოგო წიგნებით სავსე პარკზე და ქუჩაშივე სათითაოდ დაფურცლა ჩემი ახალი შენაძენები. გამიკვირდა, როცა ქართული თუ უცხოური ლიტერატურული პროდუქტების არცთუ ისე მწირ არჩევანში მაინცდამაინც დათო ბარბაქაძისა და დავით ჩიხლაძის მიმოწერა ატრიალა ყველაზე დიდხანს ხელში, მერე კი არც მეტი, არც ნაკლები, წიგნი გულზე მიიხუტა და ხომ მათხოვებ გადასაქსეროქსებლადო, თხოვნა-სიხარულიანი თვალები შემომაჭყიტა. ერთი კვირით დამითმე, პატარა საქმისთვის მჭირდება და მერე შენი იყოს წიგნი-მეთქი, – დავემშვიდობე გახარებულს და გზა გავაგრძელე. საკუთარი თავი გამახსენდა პირველ კურსზე, როცა მასობრივი კომუნიკაციების საფუძვლებს ვსწავლობდით და მარშალ მაკლუენის ერთადერთ წიგნს გულზე ახუტებულს დავათრევდით აქეთ-იქით, “ვაქსეროქსებდით”, კონსპექტებს ვიწერდით და ლამის ვიზეპირებდით – მერე რა, თუ დიდად არ გვესმოდა კომუნიკაციის მისეული თეორიები, ავტორიტეტი გვჭირდებოდა, რომელსაც დავუჯერებდით, კერპი, რომელსაც ვეთაყვანებოდით, და ახლა ვხვდები, რამდენადაც უფრო მიუწვდომელი და პირდაპირ რომ ვთქვათ, გაუგებარი იყო ჩვენთვის მაკლუენი, იმდენად უფრო ძლიერი იყო მისით აღფრთოვანების ილუზია.
თუ მაშინ პრობლემა ჩვენში იყო, სკოლის მერხს ახლადმოშორებულ უწიგნურებში, დათო ბარბაქაძისა და დავით ჩიხლაძის მიმოწერის შემთხვევაში მკითხველის მსგავსი აღფრთოვანება ავტორების თვითმიზანს უფრო ჰგავს, თვითაღიარების დაუოკებელ სურვილს, რისი საშუალებაც ამჯერად რამდენიმე წლის წინანდელი პირადი წერილები აღმოჩნდა. წიგნის ჟანრი თავად ავტორებს ასე განუსაზღვრავთ: “პიესა ლექსად”. ლექსის ლირიკული გმირების მოძებნა კი არ გაგვიჭირდება, მით უმეტეს, რომ მომოწერის ფორმა ლიტერატურის რაობა-როგორობაზე მეტად მის ვინაობაზე სვამს აქცენტებს. ასე რომ, მივყვეთ თანმიმდევრულად: დავით ჩიხლაძე – პოეტი, პერფორმანსარტისტი, ლიტერატურისა და ხელოვნების კრიტიკოსი. დათო ბარბაქაძე – პოეტი, ესსეისტი და მთარგმნელი. ადგილმდებარეობა – პერფორმანსარტისტისა – ნიუ-იორკი (ნიშანდობლივია), მთარგმნელ-ესსეისტისა – მიუნსტერი. დროში განფენილობა – 2003 წლის თებერვალი-ივლისი. ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ მიმოწერა შემდეგი სენტენციით იწყება: “მაღაზიებში ერთი წიგნიც ვერ მიყიდია! უკვე მეორედ მოხდა. სტერილური მეჩვენება ეს ყველაფერი: დერიდაც, კრისტევაც, და მრავალი სხვა. კინაღამ ბოდრიარის წიგნი Imposible Exchange გადავაგდე (რა ბედიც ეწია ცოტა ხნის წინ კრისტევას, რობერტ ანტონ ვილსონს, კროვლეის, ჰაკიმ ბეის),” – ეს დავით ჩიხლაძის ადრინდელი წერილია, რომელსაც მიმოწერის დასაწყისში მისი მიუნსტერელი მეგობარი იხსენებს.
წიგნის ავტორები თავს შექმნილი კონტექსტის მიღმა გრძნობენ, სრულიად სხვა პლასტზე, რომლის გადმოსახედიდანაც უკვე ესთეტიკურ ტკბობას ნაკლებად ანიჭებთ ხსენებული ტექსტები და რახან გასხივოსნებამდე არც ისე დიდი ნაბიჯია, მაშინ რაღა უდგას წინ იმას, რომ თავად შექმნან ტექსტი, რომელიც ფორმა-შინაარსობრივ სრულყოფილებას მიაღწევს… როგორც უკვე ვთქვი, აქ საქმე სრულიად სხვა პლასტებთან და განზომილებებთან გვაქვს, ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ ბარბაქაძე და ჩიხლაძე გასხივოსნების, სრულყოფილების გზად ყბედობას მიიჩნევენ და მერეც არჩეული გზის ბოლომდე ერთგულნი რჩებიან. “მნიშვნელობისგან გათავისუფლება, თუნდაც მისი (მათი) გაძლიერების გზით, ალბათ მართლა ერთადერთი (შესაბამისად განიხილე ერთადერთის მნიშვნელობა) ანტიკური გამოსავალია. ანუ როდესაც ყბედობა მხოლოდ ხელოვნებაა ან აქამდე მიდის. შეიძლება ასეთი წმინდა ყბედობა მიიჩნეოდეს ღმერთთან მიახლოების უტყუარ ფორმად ინფორმაციული ეპოქის ანთროპოლოგიისათვის”, – სწერს დავითი დათოს. “ერთადერთის” მნიშვნელობის ძიებაზე ჩვენ ნუ მოვცდებით, წინ გაცილებით უფრო საინტერესო რამ გველოდება: თუ თავიდან ეჭვი გეპარებოდათ, რომ ყბედობა პირდაპირი რეისი იყო გასხივოსნებისაკენ, წიგნის შუაში, როცა უკვე ღვთისკენ მიმავალი ნახევარი გზა გავლილია (უფრო სწორად, ნაყბედია), ყბედობა კიდევ უფრო ამაღლებული ფორმით გვევლინება და საქმე უკვე პროსოდიულ ბოდვასთან გვაქვს. “წმინდა ბოდვა ადამიანს არ ამძიმებს იმდენად, რამდენადაც იგი უფრო არაცნობიერია და მეტყველების სილამაზეს წარმოაჩენს; მაშინ რიდესაც წმინდა წყლის ბოდვა უფრო გონებრივი ან მნიშვნელობით არეულის სინონიმია, და რაციონალური, დაგეგმილი მეტყველების ბორძიკი და სიმძიმე ახასიათებს”, – განმარტავენ ავტორები. მიმოწერის წიგნად გამოცემა კი უკვე ის საფეხურია, როცა საკუთარი გენიალურობითა და ნათელშემოსილობით ტკბობა ვეღარ აკმაყოფილებს ავტორებს და სრული ნეტარებისათვის თანაგანცდა სჭირდებათ, მკითხველი, ვინც, მართალია, ვერასდროს შესწვდება ხსენებულ პლასტებს, თუმცა კი ყოველთვის სიხარულით “გადააქსეროქსებს” გზას ყბედობიდან ბოდვამდე. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, “დ/დ” – ეს არის ორმაგი წყურვილის მოკვლა პერფორმანსარტისტისა და ესსეისტისა: უწინარეს ყოვლისა, ფიგურალურად რომ ვთქვათ, მათ წერილების სახით გაამჟღავნეს თავიანთი L’art Poetique, და გარდა ამისა, თანადროული ქართული კულტურის ჩვენება გააცხადეს ინტერნაციონალური ბოდვის ფორმებში.
© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“