• პროზა

    მიკა ხარაბაძე

    Ik’s Gravity[1]

    სინოფსისის წერა მაინცდამაინც არ მიყვარს, სცენარის წერა მირჩევნია. სინოფსისის წერისას სულ მეჩვენება, რომ ჩანაფიქრი არ ვარგა და მისი დამუშავება არ ღირს (ვიცი, დროდადრო ყველა “მესცენარეს” ასე ჰგონია, მაგრამ მე ეს ნაკლებად მამშვიდებს). საკუთარი ჩანაფიქრით აღფრთოვანებული სცენარის წერის დროსაც არ ვარ – უბრალოდ, პრობლემები სცენარის წერისას უფრო ასატანი მეჩვენება (არ ვიცი, რატომ), ვიდრე “სინოფსისფსმისას.”
    ავიღოთ ასეთი მონახაზი: ფილმის დასაწყისში გმირი კედელს მიჯაჭვული აღმოჩნდება, რადგან მსოფლიო მიზიდულობის კანონი ოკაზიურად დაირღვა და მიწის პერპენდიკულარულ სიბრტყეში (მხოლოდ გმირისთვის) გადაადგილდა. გმირი ფილმის ბოლომდე მიწაზე ვერ ჩამოდის, სხვა პერსონაჟები კი ამაოდ ცდილობენ ამ მოვლენის ახსნას.
    მოქმედების ადგილი მასაჩუსეტსია (არა მარტო იმიტომ, რომ ის ჰოლივუდთან უფრო ახლოსაა, ვიდრე, ვთქვათ, ქვემო მსხალგორი ან ზემო მაჩხაანი, არამედ იმიტომაც, რომ ბოსტონი მასაჩუსეტსშია, ჰარვარდის უნივერსიტეტი ბოსტონთანაა, გმირის მამა ჰარვარდის ლაბორატორიებში ლეპიდოპტეროლოგიურ[2] გამოკვლევებს აწარმოებს, გმირი კი მეგობარ გოგონასთან ერთად მაიამიდან ბოსტონში მამასთან საშობაოდ მიემგზავრება და “ხიფათიც” მაშინ შეემთხვევა, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია – ჰენრი ჯეიმსის[3] დროინდელი ახალი ინგლისის რუკა მაქვს, რომლის გამოყენებასაც ბავშვობიდან ვაპირებ… მინდა, “ძარღვიანად” აღვწერო ადგილები, სადაც, ვიცი, ფეხს ვერასდროს დავადგამ). გმირს იკ ნიუტონი ჰქვია. ის სარეკლამო და მუსიკალური კლიპების რეჟისორია, ოცდაათი წლის, ჟიგოლოს გარეგნობით. მართალია, იკი ნარკოტიკებს ეტანება და ქალებსაც სცემს, მაგრამ პროფესიულ წრეებში მოწესრიგებული, ნიჭიერი, ზომიერად ფიცხი რეჟისორის რეპუტაციით სარგებლობს. მისი ნამუშევრები საუკეთესოთა სიებში ხშირად ხვდება, თუმცა იკი “დიდ კინოში” გადასვლაზე საერთოდ არ ფიქრობს, რადგან თვლის, რომ თავის სათქმელს ისედაც კარგად ამბობს. ის კმაყოფილია, როცა რეკლამის საშუალებით საგნების უჩვეულო კუთხით წარმოჩენას ახერხებს, როცა ადამიანებს საგნების იმგვარად აღქმას აიძულებს, რაგვარადაც ადრე არავის აღუქვამს. იკს მოსწონს ბრბოს გემოვნების წარმართვა, დროდადრო ამ გემოვნების ახლად შექმნა, ამ გემოვნებით მანიპულირება.
    როცა ფილმის დასაწყისზე ვფიქრობ, თვალწინ ასეთი სცენა წარმომიდგება: იკი მოტელ “მუტალას”[4] ნომერში სააბაზანო ოთახის კარზე აკაკუნებს. სააბაზანო ოთახში იკის მეგობარი გოგონაა ჩაკეტილი. იკი მას კარის გაღებას სთხოვს. გოგონა არ გააღებს. იკი კაკუნს განაგრძობს, თანდათან მოთმინებიდან გამოდის, კარს მუშტებს დაუშენს. გოგონა კარს კვლავ არ გააღებს. იკი საშინლად განრისხდება, გოგონას კარის შემტვრევით დაემუქრება. გოგონა სააბაზანო ოთახის ვიწრო სარკმლიდან ქუჩაში გადაძვრება და ავტოსტრადისკენ გაიქცევა. ნომერში მარტო დარჩენილი იკი, რომელიც გოგონას გაპარვას ვერ გაიგებს, შორიდან გამოექანება, ჰაერში ახტება და სააბაზანო ოთახის კარს ორივე ფეხით მიენარცხება. კარი არ შეიმტვრევა, იკი კი თითქოს მიეწებაო, ორივე ფეხით კარზე შემდგარი დარჩება. ის იატაკზე ჩამოსვლას შეეცდება, მაგრამ ვერ მოახერხებს. ჯერ კარზე, შემდეგ კედელზე გაუბედავად სიარულს დაიწყებს. შეეცდება, ჭერზე ან სხვა კედლებზე გადავიდეს, მაგრამ ვერც ამას მოახერხებს…
    ამრიგად, იკისთვის მიზიდულობის ცენტრი სხვა მიმართულებით, მხოლოდ ერთი კედლის მხარეს გადაინაცვლებს. ცხადია, მოქმედების განვითარებასთან ერთად ამ მოვლენის გარშემო უამრავი ბუნებრივი კითხვა გაჩნდება. მაგალითად, ასეთი (თუმცა ფილმი მხოლოდ ამ კითხვებზე პასუხების გაცემას არ შეეწირება):
    რატომ არ შეუძლია იკს სხვა კედელზე ან ჭერზე გადასვლა?
    რა მოხდება, სულ იმ მიმართულებით რომ იმოძრაოს, საიდანაც “იზიდავენ” – დედამიწას შემოუვლის და საწყის ადგილას დაბრუნდება თუ რაღაც გარკვეულ წერტილში კვლავ “ნორმალური” გახდება?
    არიან კიდევ სადმე ადამიანები მსგავსი შესაძლებლობებით და არის თუ არა მათ შორის რაიმე კავშირი?
    რა არის ამ მოვლენის გამომწვევი მიზეზი – ცვლილებები ორგანიზმში, ცვლილებები სამყაროში, წარსულში ჩადენილი რაიმე ცოდვა, მისტიკა (სულებთან კავშირი), აფექტი (რისხვის შემოტევა), დაუკმაყოფილებელი ლიბიდო? ან იქნებ რაიმე ზებუნებრივია ამის გამომწვევი და “ადამიანური” მეთოდებით შეუძლებელია მიზეზის დადგენა?
    საერთოდ, მიზეზის დადგენა რომ მოხერხდეს, იკის მიწაზე ჩამოსვლაც მოხერხდება?
    ცნობილია, რომ დრამატულ ნაწარმოებში აუცილებლად უნდა წარმოებდეს რაღაც მოქმედება, თორემ ნაწარმოები “დრამატული” ვეღარ იქნება. კონფლიქტი, როგორც ცნობილია, წარმოშობს მოქმედებას. კონფლიქტს, თავის მხრივ, წარმოშობს ხასიათი პროტაგონისტისა, როცა ეს უკანასკნელი ანტაგონისტებითაა გარშემორტყმული. თუ დრამატული ხელოვნების სანახაობით სახეობებზეა საუბარი (მაგალითად, სათავგადასავლო ფილმებზე), მაშინ მოქმედება რაც შეიძლება მძაფრი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მაყურებელი მოიწყენს. მაყურებელმა რომ არ მოიწყინოს (კინოპროდუქციის ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი დედამიწის ზურგზე ფილისტერებისთვის იქმნება, ხომ ასეა?), ამისათვის პროტაგონისტის კედელზე მოთავსება საკმარისი არ არის. ამისათვის კონფლიქტია საჭირო. რასაკვირველია, როცა პროტაგონისტი კედლიდან ვერ ჩამოდის, შეიძლება თქმა, რომ სიტუაცია კონფლიქტურია, მაგრამ მაინც მეტი რამ არის საჭირო – ვთქვათ, მეტი კონფლიქტი, ან არსებულის გაღრმავება. ვცადოთ გაღრმავება.
    ახლა იმ შესაძლო ვარიანტებს ჩამოვთვლი, რაც, მგონია, ნებისმიერ ჰოლივუდელ სცენარისტს მოუვიდოდა თავში:
    იკის “ფენომენის” შესახებ პრესა და ტელევიზია შეიტყობს. ტელეკომპანიებს შორის იკის გამო ნამდვილი ომი გაჩაღდება. მთელი მეცნიერება ფეხზე დადგება. იკი საქვეყნოდ ცნობილი გახდება, მაგრამ თავისუფლებას დაკარგავს.
    იკი თავისი ახალი უნარის ფარულად გამოყენებას დაიწყებს. მას ნებისმიერი მრავალსართულიანი სახლის ფანჯრებში შეუძლია შეჭვრეტა, ვუაიერისტული ოცნებების ასრულება. შეუძლია რეკორდების დამყარება ალპინიზმში, ცათამბჯენებზე აძვრომა-ჩამოძვრომაში. შეუძლია “სუპერმენად,” “ბეტმენად,” “სპაიდერმენად” გადაქცევა.
    იკის უჩვეულო შესაძლებლობების შესახებ ყველაზე ადრე CIA (ЦРУ) შეიტყობს. იკს “აიყვანენ,” საიდუმლო ლაბორატორიაში გამოსაკვლევად მოათავსებენ, მაგრამ მაფია (გნებავთ, ალ-ქაიდა) იკს გაიტაცებს და თავის შავბნელ საქმეებში მის ჩათრევას შეეცდება.
    უცხოპლანეტელები დედამიწაზე აგენტებს შეარჩევენ – როგორც ჩანს, გალაქტიკაში ახალი კატაკლიზმია მოსალოდნელი. დანიშნულ დროს ყველა აგენტს შეკრებენ (“მიიზიდავენ”), რათა დაარიგონ, როგორ უნდა უზრუნველყონ კაცობრიობა სხვა განზომილებაში გადასვლისას სიმშვიდით. სიმშვიდით. სიმშვიდით.
    დაახლოებით იგივე, რაც წინა პუნქტში, ოღონდ აგენტებს ამჯერად ლუციფერის მოციქულები შეარჩევენ – როგორც ჩანს, დედამიწაზე მისი უწმინდურესობა აპირებს ჩამობრძანებას. უფრო სწორად, ამობრძანებას.
    ფროიდისტულ-დიდაქტიკური ამბები. იკს ბავშვობაში რაღაც საძაგლობა აქვს ჩადენილი, რაც საერთოდ აღარ ახსოვს, მაგრამ ზებუნებრივი ძალები ამ გზით შეახსენებენ ყველაფერს. როცა იკი იმ წერტილში მოხვდება, საიდანაც “იზიდავენ,” საიდუმლოს ფარდა აეხდება (ასეთივე რამ შეიძლება რელიგიურ-ზნეობრივი ამბებით, ტელეპატიით, მოგზაურობა-გამოკვლევით ვიღაცის გადასარჩენად და ა.შ.).
    კვაზიმეცნიერული ისტორია. გლობალური ცვლილებები მატერიაში. წათამაშება გრავიტაციასთან, ფიზიკისა და ბიოფიზიკის ფუნდამენტურ კანონებთან (კლონირება არ გვინდა). ამიერიდან ყველა მოკვდავს შეეძლება გარკვეულ მდგომარეობაში (ვთქვათ, რისხვის შემოტევისას) მსგავსი უნარის გამომუშავება.
    ექსცენტრიკული კომედია. იკი თავისი შეძენილი უნარით ქუჩაში მარტოდმარტო აღმოჩნდება. მას უამრავი თავგადასავალი გადახდება (დევნაც იქნება ვირაჟებით), რომლის დროსაც იკი ყველანაირად შეეცდება, არავინ არაფერი გაიგოს… ბოლოს და ბოლოს ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდება.
    ფილოსოფიური იგავი. ცხოვრების ამაოებისაგან უნებლიე განდგომა. ფასეულობათა გადაფასება. ჭეშმარიტების ძიება. მოკლედ, ერთგვარი ბუდა იძულებით.
    და ბოლოს სიზმარი. იკს დაესიზმრება, რომ ის ნორმალურ მდგომარეობაში გაიღვიძებს, მაგრამ ახლა სხვები “ამოტრიალდებიან.” უმრავლესობას ჯადოსნური ღრუბელი მიიწებებს, რომელიც დედამიწის გარშემო მოძრაობს (ვინც შენობებს გარეთაა, ცაში გაფრინდება, ვინც შიგნით – ჭერს მიეკვრება). არიან იკისთანებიც. იკი ფიქრობს, რომ განკითხვის დღე დადგა, ცოდვილნი ღრუბელმა შეისრუტა, უცოდველნი კი მიწაზე დარჩნენ. გამოდის, იკიც უცოდველია, მაგრამ რატომ? იმიტომ, რომ თავის საქმეს კარგად აკეთებს? იმიტომ, რომ მხოლოდ იმას აკეთებს, რაც მოსწონს? იმიტომ, რომ… (მადლობა ღმერთს, ჰოლივუდში არავინ მეძახის!)
    ისევ მოტელ “მუტალას” დავუბრუნდეთ. კედელს მიჯაჭვული იკი მობილური ტელეფონით მამას დაურეკავს, შველას სთხოვს. მამა დაუყოვნებლივ მიდის შვილთან მოტელში. თავდაპირველი შოკისა და დაბნეულობის შემდეგ მამა-შვილი გამოსავლის ძებნას შეუდგება. ისინი ასეთი დილემის წინაშე დგანან: მომხდარის შესახებ სხვებსაც შეატყობინონ ან მხოლოდ საკუთარი ძალებით სცადონ პერტურბაციასთან შებრძოლება. მამა თვლის, რომ ერთადერთი სწორი გზა ჰარვარდის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში იკის ფარულად გადაყვანა და იქ მისი ორგანიზმის საფუძვლიანი გამოკვლევაა. ის დარწმუნებულია, რომ ანომალიის მიზეზს თუ დაადგენენ, იკის ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნებაც შესაძლებელი გახდება. იკი მტკიცე უარზეა, რადგან მას დარჩენილი ცხოვრების ტყვეობაში გატარება არ სურს – ღმერთმა იცის, როდის დაადგენენ ანომალიის მიზეზს! თანაც მომდევნო დღეებში გადაღებები აქვს დანიშნული… მამასა და შვილს შორის მწვავე კამათი წარმოიშობა, რაც, პრინციპში, მათი განსხვავებული მსოფლმხედველობებით უფროა გამოწვეული, ვიდრე გამოსავლის პოვნის სურვილით.
    იკს დიდი ხანია, ეჭვი აქვს, რომ მამამისი მთელ მის მოღვაწეობას თავისებურ პროსტიტუციად თვლის და მიიჩნევს, რომ მდაბალ მატერიალურ საგნებზე პოეტური ნიჭის დახურდავება აღმაშფოთებელია (აღარაფერი ვთქვათ სამარცხვინო სურვილზე – მოემსახურო პლებსის გემოვნებას). არადა მამა ასე სულაც არ თვლის. ის ძალიან აფასებს ყველა იმ სარეკლამო ვირტუოზს, ვინც საოცარი გამომგონებლობითა და ხშირ შემთხვევაში დახვეწილობით “გვატეხს” თავს… რას ეძახიან?.. ნეოკულტურულ “ასლეტუმ ასლევს.” მისთვის გასაგები და მისაღებია ის ხიბლიც, რასაც იკი ბრბოს გაბრიყვებაში, ფორმალურ ექსპერიმენტებსა თუ ნატიფ ესთეტიზმში პოულობს. თუმცა ყოველივე ეს წარმავალია და გარკვეულ დროს გვერდზე გადგომა ცუდი არ არის (“მით უმეტეს თუ უკვე ყველაფერს ისედაც გვერდზე მოექეცი,” ხუმრობს მამა).
    უნდა გამოვტყდე, რომ არ ვიცი, ამის შემდეგ მოვლენები როგორ განვითარდება. ვიცი, რომ არც ზემოთ ჩამოთვლილი “ჰოლივუდური” ვარიანტების დამუშავება მხიბლავს და არც მამაშვილურ-თაობათაშორისი მსოფლმხედველობით-წინააღმდეგობრივი ურთიერთობების გარკვევა მიტაცებს, თუმცა ძირითადი მოტივი სხვადასხვაგვარად პაროდირების საშუალებას უდავოდ მაძლევს (ეს კი მიტაცებს). თუ ყველაფერი ისე წავიდა, რომ ამბის მთავარი თემა “თამაში” და “მანიპულაცია” გახდა, რასაკვირველია, გმირიც ბოლომდე თამაშის ელემენტი უნდა იყოს – ფინალმა მხოლოდ ხაზი უნდა გაუსვას მის “ელემენტარულობას.”
    ასეთი ფინალი თითქოს უკვე კიაფობს ბურუსში: ვხედავ ინტერიერს, ვხედავ იკს, შესაძლოა ოთახში კიდევ ვიღაც ზის… იკი კედელზე ბოლთას სცემს, რაღაცას ამბობს… (რა ცუდად მესმის!) მგონი, ამბობს, რომ თავი რომელიღაც იდიოტური ფილმის პერსონაჟი ჰგონია. ამბობს, რომ თუ ეს ასეა, ამ ფილმს ფინალიც იდიოტური ექნება. იკი კამერას გაუვლის, რომელიც იქვე, კედელზე დგას და მის შტატივს წამოედება. კამერა გადაყირავდება და შტატივიანად იატაკზე დავარდება. იმავდროულად იკიც ჩამოვარდება კედლიდან იატაკზე. იწყება ტიტრები. იკი ილანძღება. ფილმი მთავრდება.

    [1] ავტორმა გაგვაფრთხილა, ტექსტი ბოლომდე დამუშავებული არ არის, იდეას ბუნდოვანება დაჰკრავს, კონფლიქტის კონტურებს სიმკვეთრე აკლია, ძირითადი მოტივი სუსტად ისმისო… ჩვენ დელიკატურ კითხვაზე, თუ რატომღა აპირებს ის “ნედლი მასალის შესახებ საქვეყნოდ მასლაათს,” ავტორმა გვიპასუხა, რომ ჩანაფიქრის დამუშავებისას ჩამოწოლილმა პრობლემების ზვავმა ის და მისი ჩანაფიქრი ერთად შეიძლება შთანთქას, ამიტომ მისი მხრიდან ეს, უბრალოდ, თავდაცვითი ღონისძიებაა. “თუ თქვენი ჟურნალისთვის ამგვარი პოზიცია მისაღებია,” დასძინა მან, “მაშინ არც მასალის სინედლე და სიფერმკრთალე იქნება მიუღებელი – ფერმკრთალი კაპილარების ქსელში სისხლსავსე ძარღვს ხომ ადვილად გამოარჩევს დაკვირვებული მკვლევარი!” კინაღამ ვუთხარით, “მკვლევარი” იფიქრებს – “ღმერთს უთხრეს, ჩხიკვი მომკვდარაო და, ვფიცავ, მე მისი დაბადებაც არ გამიგიაო,” მაგრამ თავი შევიკავეთ, ტექსტი კი ავიღეთ – “დაე, იცოდნენ დამწყებმა სცენარისტებმა” (ავტორის სიტყვებია), “როგორ არ უნდა წერონ საჰოლივუდო სინოფსისები!” (რედაქტორის შენიშვნა.)
    [2] ლეპიდოპტეროლოგია – მეცნიერება ქერცლფრთიანთა შესახებ.
    [3] ჰენრი ჯეიმსი (Henry James, 1843-1916) – ამერიკელი მწერალი; მისი ერთ-ერთი რომანის სახელწოდებაა “ბოსტონელები” (The bostonians, 1886), სადაც ამერიკელი რეფორმატორებისა და უტოპისტების დემოკრატიული ტრადიციები დაცინვის საგნადაა გადაქცეული.
    [4] Motel ინგლისურად motorists’ hotel-ის შემოკლებული ფორმაა და მას ასოციაციურ-კალამბურული “ჟღერადობის” გარდა კიდევ ბევრი… პარდონ, არცთუ ბევრი საერთო აქვს მთავარ ქართულ სიტყვასთან. რაც შეეხება “მუტალას” – ასეთი სახელწოდების ქალაქი, შვედური პორნოინდუსტრიის ყოფილი ცენტრი, სტოკჰოლმის სამხრეთ-დასავლეთით, ვეტერნის ტბის პირას არის გაშენებული (“ჩვენი” მოტელის მფლობელი სწორედ იქიდან გახლავთ წარმოშობით).

    © “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი”

  • ახალი წიგნები

    ახალი წიგნები (ნოემბერი, 2007)


    პიტერ აკროიდი
    “ტემზა: წმინდა მდინარე”
    Peter Ackroyd
    “Thames: Sacred River”490 გვ. Chatto & Windus


    ლონდონში ძალიან ცოტა ადგილია დარჩენილი, სადაც ძველი ქალაქის ნამდვილი ხმის მოსმენა შეიძლება. ერთ-ერთი ასეთი ადგილი ტემზაა. საკმარისია, იქირაოთ ნავი და სანაპიროდან გრინვიჩისაკენ დაუყვეთ – დაუვიწყარი ამბების, ისტორიებისა და თავგადასავლების თანამონაწილე გახდებით, მოისმენთ უძველეს სახალისო ისტორიებს, რომლებიც დღემდე მენავეებს შორის მამებიდან შვილებს გადაეცემათ. სწორედ ეს მარშრუტი გაიარა აკროიდმაც იმისთვის, რომ დაეწერა “ტემზა: წმინდა მდინარე” – დიკენსის, ელიოტის, ბლეიკის ბიოგრაფიების მერე მან არც მეტი, არც ნაკლები – მდინარის, როგორც პერსონაჟის, ბიოგრაფია შექმნა. “ტემზა ყველაზე ძველია, რაც კი ლონდონს შემორჩა, და ის არასოდეს იცვლება. იოლი შესაძლებელია, მასში იურული პერიოდის რეპტილიებს ჰქონდეთ ზურგი გასველებული, ან, სულაც, არქიმედეს აბაზანაც ტემზას წყლით ყოფილიყო სავსე”, – ამბობს მწერალი.

    ვაცლავ ჰაველი
    “ციხესიმაგრისკენ და უკან”
    მთარგმ. პოლ უილსონი
    Vaclav Havel
    “To the Castle and Back”
    Translated by Paul Wilson.
    383გვ. Alfred A. Knopf

    ჩეხეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი, ასევე ცნობილი დრამატურგი და ნოველისტი, ვაცლავ ჰაველი, სამწერლო საქმიანობას განაგრძობს – ამჯერად მისი ბოლო წიგნი ავტობიოგრაფიულ ელემენტებს მოიცავს და მასში ფრაგმენტულადაა აღწერილი ევროპის შუაგულში მიმდინარე ყველა ის მოვლენა, რომელთა განვითარებაშიც ყოფილ პატიმარს, დისიდენტს, შემდგომში კი მშვიდობიანი სახელმწიფო გადატრიალების ლიდერსა და ქვეყნის პრეზიდენტს მონაწილეობა აქვს მიღებული. ინგლისური გამოცემის წინასიტყვაობაში ჰაველი გვირჩევს, არ წავიკითხოთ წიგნი და ამით თავი ავარიდოთ ყველა იმ დამთრგუნველი და უარყოფითი მოვლენის გახსენებას, რომელთაც წიგნის ავტორმა თავის დროზე ვერ აარიდა თავი. თუმცა კი, რასაკვირველია, ასეთ დროს ჰაველს არ უნდა დავუჯეროთ.

    “იწვოდე ნათელში”
    ტრეისი შევალიე
    “Burning Bright“
    Tracy Chevalier
    400გვ. HarperCollins

    ქელევეის ოჯახი სახცოვრებლად ლონდონში გადადის. ოჯახის ახალგაზრდა წევრი – ქერა, ლამაზი, საკუთარ თავზე შეყვარებული ჯემ ქელევეი აბსოლუტურად საპირისპირო ხასიათისა და გარეგნობის თანატოლს – შავგვრემან, ღარიბ და გარშემომყოფთა შორის გათქვეფილ გოგონას – მეგი ბათერფილდს გაიცნობს და მალე მათი ნაცნობობა სასიყვარულო თავგადასავალში გადაიზრდება. ახალგაზრდა წყვილის ურთიერთობა მეტად უცნაური მეზობლების, ექსცენტრული მხატვრისა და მისი მეუღლის უჩვეულო ყოველდღიურობის გასწვრივ ვითარდება, და ეს მხატვარი, არც მეტი, არც – ნაკლები, უილიამ ბლეიქია. სწორედ მისი პოტური შემოქმედება გახდა მწერლის ახალი წიგნის შთაგონების წყარო. ტრეისი შევალიე ისტორიული რომანით – “გოგონა მარგალიტის საყურით” – გახდა პოპულარული, რომელიც ფლანდრიელი მხატვრის, იან ვერმეერის, ამავე სახელწოდების ტილოს მიხედვით შეიქმნა.


    “კონან დოილი: ადამიანი, რომელმაც შერლოკ ჰოლმსი შექმნა”
    ენდრიუ ლისეტი
    “Conan Doyle: The Man Who Created Sherlock Holmes“

    Andrew Lycett
    525გვ. Weidenfeld & Nicolson

    თუ შერლოკ ჰოლმსი ცივი გონებითა და მკაცრად გათვლილი რაციონალურობით გამოირჩეოდა, თავისი პერსონაჟისგან განსხვავებით არტურ კონან დოილი ემოციური, ცხოვრებისეული სირთულეებით გაბეზრებული და არაორდინალური პიროვნება იყო. ენდრიუ ლისეტის ბიოგრაფიულ ნაშრომში მწერლის ცხოვრების საინტერესო დეტალები და მისი სულიერი მდგომარეობაა ასახული – არეული ოჯახი, ავადმყოფი მეუღლე, რელიგიური გატაცებები. თუ აქამდე კონან დოილს ფართო აუდიტორია უპირატესად შერლოკ ჰოლმსის თავგადასავლების ავტორად იცნობდა, ლისეტის წიგნი მკითხველს მისი ისტორიული რომანების შესახებაც შეახსენებს, რომლებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია ყველასათვის საყვარელი მწერლის კიდევ უფრო ახლოს გასაცნობად. კონან დოილის გარდა ენდრიუ ლისეტი რედიარდ კიპლინგის, იან ფლემინგისა და დილან ტომასის ბიოგრაფიების ავტორია.

    “ბინდისა და სიბნელის განთიადი”
    იასმინა რეზა
    L’aube le soir ou la nuit
    Yasmina Reza
    189 გვ. Flammarion

    თითქოს არაფერით გამორჩეული არ უნდა იყოს დიდებისა და ძალაუფლებისათვის მებრძოლი მორიგი ადამიანის გზა, არც მისი პორტრეტი უნდა განსხვავდებოდეს დიდად სხვა წინამორბედთაგან – როგორც წესი, ერთი და იმავე მიზნისაკენ სწრაფვა ადამიანებს კიდევ უფრო ამსგავსებს ერთმანეთს. თუმცა, სხვა საქმეა, როცა მოვლენების განვითარებას მწერალი აკვირდება და მერე ამ ყველაფერს მხატვრულ ნაწარმოებად, ორიგინალურ ტექსტად აქცევს – მისი პერსონაჟი ინდივიდუალობას იძენს და უკვე თვითმყოფადი, საინტერესო ხდება – ფრანგი დრამატურგისა და ნოველისტის, იასმინ რეზას ახალი წიგნი “ბინდისა და სიბნელის განთიადი“ საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ცხოვრებისა და მოღვაწეობის გზას აღწერს.

    “მოდი, წავდეთ.“
    არნოლდ შტადლერი
    „Komm, gehen wir“.
    Arnold Stadler
    360 გვ. Fischer

    იტალიის პატარა ქალაქში ჯიმი წინაპრების მოსაძებნად ჩავიდა, როზმარი და როლანდი კი აქ თაფლობის თვეს ატარებენ. საქორწინო მოგზაურობის ბოლო დღეს წყვილს შემთხვევით სანაპიროზე მოხეტიალე უცნობი ახალგაზრდა გადაეყრება, და ეს შეხვედრა სამივესთვის ახალი ცხოვრების დასაწყისი ხდება. ერთი ღამე საკმარისი აღმოჩნდა სასიყვარულო სამკუთხედის შესაკრავად, სრულიად უცნობი ადამიანების ცხოვრების გადასაკვეთად და ბედნიერება-უბედურების სამთა შორის ხელახლა გადასანაწილებლად. „მოდი, წავიდეთ“ გერმანელი მწერლის, არნოლდ შტადლერის, ბოლო რომანია. შტადლერი 1999 წლის ბიუხნერის პრემიის ლაურეატია და დღემდე ის 20-მდე რომანის, მოთხრობებისა და ესეების კრებულის ავტორია.

    (c) „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი”

  • ახალი წიგნები

    ახალი წიგნები (ნოემბერი, 2007)

    ლეო ქიაჩელი, “ჰაკი აძბა”. (ყველა დროის საუკეთესი ქართული მცირე რომანი). თბ. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა 2007.

    როცა ირგვლივ რევოლუციის აჩრდილი დაძრწის, სამოქალაქო ომი არ ცხრება და საზღვაო ქალაქი კრეისერების შიშით თრთის, მსხვერპლი გარდაუვალია – იმის გარდა, რომ ადამიანები იღუპებიან, იცვლება ფასეულობები, კითხვის ნიშანი ჩნდება ისეთი ცნებების გვერდით, როგორიცაა ზნეობა, მეგობრობა, თანადგომა… მერე ამ კითხვისნიშნებს პასუხებიც სხვადასხვანაირი გაეცემა ხოლმე და ხშირად ისეც ხდება, რომ უსამართლობა და გაუტანლობა ზეიმობს. 1918 წლის სოხუმი, კრეისერ “შმიდტი” სანაპიროზე, საყოველთაო შიშით გაჯერებული საზოგადოება და ახალგაზრდების სისხლი – ამ ყველაფრის მსხვერპლად. ლეო ქიაჩელის მცირე რომანის ახალი გამოცემა კიდევ ერთხელ გაგვახსენებს აფხაზი თავადის – უჯუშ ემხასა და მისი ძიძიშვილის, ჰაკი აძბას, ტრაგიკულ ამბავს.

    ცისფერყანწელები, “ასი ლექსი”. შემდგენელი მაია ჯალიაშვილი. თბ. “ინტელექტი” 2007.

    თუ მოგენატრათ ავზნიან ქალაქში მოხეტიალე რაინდების აჩრდილები და ცხენზე ამხედრებული ანგელოზები, თუ ვერაფრით ივიწყებთ მარცვლებად და რითმებად დალაგებულ ავტორპორტრეტებს, ან თუ უბრალოდ აღარ გყოფნით შემოდგომის ცის მკრთალი ფერი და მეტი სილურჯე მოგენატრათ, მაშინ “100 ლექსი” ნამდვილი სიურპრიზია თქვენთვის. წიგნში ცისფერყანწელების რჩეული ნაწარმოებებია თავმოყრილი – გრიგოლ რობაქიძე, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, სანდრო ცირეკიძე, გიორგი ლეონიძე, კოლაუ ნადირაძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, ნიკოლო მიწიშვილი და სხვები, რომლებმაც ქართულ ლიტერატურაში თავიანთი ეპოქა შექმნეს – ახლა უკვე მათი შემოქმედება ერთ წიგნად არის შეკრული.

    ირაკლი მახარაძე, “გურული მხედრები ამერიკაში”. უცნობი გურული მხედრის ჩანაწერები, „ერთხელ ამერიკაში“. თბ. „არეტე“ 2007.

    ალბათ აქამდეც გსმენიათ საზღვარგარეთ გაჯირითებული გურული მხედრების შესახებ – ოკეანის გაღმა-გამოღმა იქაურ ცხენოსნებს რომ აკვირვებდნენ, სხვადასხვა შოუებსა და წარმოდგენებში იღებდნენ მონაწილეობას, და ხანდახან, ალბათ, თვითონაც უკვირდათ თავიათნი წარმატების. ირაკლი მახარაძის წიგნში „გურული მხედრები ამერიკაში“ ერთადაა თავმოყრილი მოჯირითეების საოცარი ამბები და თავგადასავლები, რომლებსაც თან ერთვის უნიკალური ფოტომასალა ამერიკა-საქართველოს არქივებიდან. აქვეა პატარა ბროშურაც, სადაც უცნობი გურული მხედრის თავგადასავლები მისივე დღიურის სახითაა შემონახული.

    დაი სიჟი, “ბალზაკი და ჩინელი მკერავი გოგონა”. (რომანი). მთარგმნელი დალი იაშვილი. რედაქტორი გია დარსალია. თბ. “არეტე” 2007.

    “ინტელექტუალური ბურჟუების’’ – სტუდენტების ხელახალი აღზრდისა და მათი “ღარიბ გლეხებად” ჩამოყალიბების მიზნით კულტურულმა რევოლუციამ ორი მეგობარი ჩინეთის მიყრუებული სოფლისკენ მოისროლა. სოფელში ბიჭები მოწყვეტილი აღმოჩნდნენ ცივილიზაციის ყოველგვარ ნიშანწყალს და ვერც კი იფიქრებდნენ, რომ ერთ-ერთი ღარიბი მკერავი გოგონას სახლში დასავლური ლიტერატურის საკმაოდ დიდ კოლექციას აღმოაჩენდნენ… “ბალზაკი და ჩინელი მკერავი გოგონა” ფრანგულენოვანი ჩინელი მწერლის, დაი სიჟის პირველი რომანია, რომელიც მალევე ბესტსელერი გახდა და არაერთი ლიტერატურული პრემია მოიპოვა. დაი სიჟი ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს.

    მორის მერლო-პონტი, “თვალი და გონება”. მთარგმნელი დოდო ლაბუჩიძე-ხოფერია. თბ. “აგორა” 2007.

    სად გადის გამყოფი ხაზი სუბიექტსა და ობიექტს შორის, ან არსებობს თუ არა საერთოდ მათ შორის ზღვარი, რამდენად მყარია ჩვენ მიერ აღქმულისა და სინამდვილის კავშირი, ან კიდევ რამ შეიძლება დაარღვიოს ეს კავშირები… “თვალი და გონება” ფრანგი ფილოსოფოსის, მორის მერლო-პონტის ბოლო დასრულებული ნაშრომია. წიგნი ერთგვარი მედიტაციაა მხატვრებსა და მხატვრობაზე, აღქმის ფენომენურობაზე, ხილვის მაგიურ თეორიებსა თუ უხილავ სამყაროზე. “თვალი და გონება” მერლო-პონტის პირველი ნაწარმოებია, რომელიც ქართულ ენაზე ითარგმნა და იგი მხატვრობით, ზოგადად, ხელოვნებითა და ფილოსოფიით გატაცებულ მკითხველებს დააინტერესებს.

    “სემიოტიკა”, სამეცნიერო ჟურნალი. მთ. რედაქტორი ცირა ბარბაქაძე. თბ. “ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა”, 2007.

    საქართველოში სემიოტიკის კვლევის ცენტრი ერთი წლის წინ დაფუძნდა და მას შემდეგ ინტენსიურად განაგრძობს მუშაობას. ამის ერთ-ერთი დასტურია წინამდებარე სამეცნიერო ჟურნალიც, რომელშიც ნიშნებისა და სიმბოლოების ურთიერთმიმართებით დაინტერესებული მკითხველი არაერთ საინტერესო მასალას გაეცნობა – პოეზიისა და რითმის სემიოტიკა, პოლიტიკური მეტაფორები, სხვადასხვა კონტექსტები თუ ინტერპრეტაციები… ქართველი ავტორების ნაშრომებთან ერთად ჟურნალში წაიკითხავთ რომან იაკობსონის, იური ლოტმანისა და სხვა სემიოლოგთა პუბლიცაკიების თარგმანებს.

    © “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი”

  • ახალი ამბები

    ახალი ამბები (ნოემბერი, 2007)


    ბრიტანული ბუკერი ირლანდიელ ავტორს

    16 ოქტომბერს ბრიტანული ბუკერის პრემიის ლაურეატი გამოვლინდა – პრესტიჟული ჯილდო ირლანდიელ მწერალ ქალს, ენ ენრაიტს გადაეცა რომანისათვის “კრება” (“The Gathering”). გამარჯვებულის გარდა ბუკერის პრემიაზე წელს 5 ავტორი იყო ნომინირებული – ნიკოლა ბარკერი (“Darkmans”), მოჰსინ ჰამიდი (“The Reluctant Fundamentalist”), ლლოიდ ჯონსი (“Mister Pip”), იან მაკიუენი (“On Chesil Beach”), ინდრა სინჰა (“Animal’s People”). ენ ენრაითი წლევანდელ ფინალისტებს შორის აუტსაიდერად ითვლებოდა და ფსონებიც ძირითადად იან მაკიუენსა და ლოიდ ჯონსზე იყო გადანაწილებული, თუმცა, 50 ათასი ფუნტი სტერლინგისათვის ბრძოლაში ირლანდიელი ავტორი უფრო წარმატებული აღმოჩნდა. ენრაითი აქამდე ტელეპროდიუსერად მუშაობდა. “კრება” მწერლის მეოთხე რომანია. მასში ერთი დიდი ირლანდიური ოჯახის ისტორიაა მოთხრობილი – თაობათა შორის ურთიერთობა და ოჯახური პრობლემები რომანის მთავარი თემაა.

    ანტირელიგიური ლიტერაურა National Book Awards – ზე

    National Book Awards–ის ფინალისტების სია გამოცხადდა. 20 ფინალისტს შორის ყველაზე დიდი ყურადღება დოკუმენტური პროზის ჟანრში წარდგენილი ავტორების ნაშრომებმა მიიპყრეს – ქრისტოფერ ჰიჩენსის ანტირელიგიურმა ”ღმერთი არ არის დიადი: როგორ წამლავს რელიგია” (“God is Not Great: How Religion Poisons Everything”) და ტიმ ვაინერის წიგნმა ამერიკის კონტრდაზვერვის შესახებ – ”ფერფლით დატოვებული მემკვიდრეობა: CIA-ს ისტორია” (“Legacy of Ashes: The history of the CIA”). “წელს პირველი შემთხვევაა, როცა ნომინანტთა სია არ შეიცავს 11 სექტემბრის, ისლამისა და ცენტრალური აღმოსავლეთის პრობლემატიკით დატვირთულ ტექსტებს”, – განაცხადა National Book Awards–ის ფონდის ხელმძღვანელმა. ფონდი საუკეთესო ამერიკელ ავტორებს ავლენს და პრემია 4 სხვადასხვა ჟანრში გაიცემა – მხატვრული და დოკუმენტური პროზა, პოეზია და საყმაწვილო ლიტერატურა. საბოლოო გამარჯვებულთა ვინაობა ნოემბერში იქნება ცნობილი. სხვადასხვა დროს National Book Awards-ის ლაურეატები იყვნენ ჯონ აპდაიკი, ფილიპ როთი და რალფ ელისონი.

    ფილის უითლის წიგნები 35 ათას დოლარად

    18-ე საუკუნეში მოღვაწე მწერლის, ფილის უითლის საავტორო წიგნის ძველისძველი კოლექცია სამხრეთ კალიფორიის უნივერსიტეტმა შეისყიდა. წიგნში ავტორის სხვა ნაწარმოებებთან ერთად მისი პირველი ლექსიცაა შესული, რომელიც მწერალმა 13 წლის ასაკში დაწერა. უითლის წიგნის პირველი გამოცემა სულ რაღაც 100 ეგზემპლარადაა შემორჩენილი და აქამდე იგი თომას კუპერის ბიბლიოთეკის კოლექციის კუთვნილება იყო. ფილის უითლი პირველია აფროამერიკელ მწერალებს შორის, ვისი ნაწარმოებებიც წიგნად გამოიცა. იგი აფრიკაში დაიბადა და 7 წლის ასაკში ბოსტონელმა ოჯახმა მონების ბაზარზე იყიდა. მისი წიგნი ლონდონში 1773 წელს დაიბეჭდა და ერთი წლის შემდეგ უკვე უითლიც გაათავისუფლეს მონობიდან. წიგნის პირველმა ამერიკულმა გამოცემამ კი მწერლის გარდაცვალების შემდეგ, 1784 წელს იხილა დღის შუქი. სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტმა უითლის თითოეულ წიგნში 35 ათასი დოლარი გადაიხადა.

    ფრანკფურტის წიგნის 59-ე საერთაშორისო ფესტივალი

    ფრანკფურტის წიგნის 59-ე ფესტივალმა წინა წლების რეკორდი მოხსნა – ფესტივალზე 108 ქვეყნიდან 7448 გამომცემლობა და წიგნის 400 ათასი დასახელება იყო წარმოდგენილი, სტუმრების რიცხვმა კი 300 ათასს გადააჭარბა. ფესტივალი 11-დან 14 ოქტომბრამდე გაგრძელდა და მისი ძირითადი პროგრამა საგამომცემლო საქმიანობის განვითარება, ციფრული ტექნოლოგიების ფართოდ გამოყენება და განათლების პოპულარიზაცია იყო. ფესტივალის დირექტორმა, იურგენ ბოოსმა, განაცხადა, რომ დღესდღეობით დაახლოებით 770 მილიონი ადამიანი ზოგადი განათლების დეფიციტს განიცდის და ფრანკფურტში შეკრებილი საზოგადოების მოვალეობაა, ამ პრობლემის გლობალურად გადაჭრის მეთოდები შეიმუშაონ. ”ის ეპოქა დამთავრდა, როცა წიგნის ფესტივალი მხოლოდ საზეიმო მოვლენად ითვლებოდა”, – აღნიშნა მან პირველივე დღეს, გახსნის საზეიმო ცერემონიაზე. 11-დან 14 ოქტომბრამდე მკითხველებს ასევე საშუალება ჰქონდათ, მწერლებისა და გამომცემლებისაგან საინტერესო სემინარები მოესმინათ – ფრანკფურტს წიგნის ფესტივალს წელს უმბერტო ეკო, გიუნტერ გრასი და ფეი უელდონი სტუმრობდნენ.

    კატა რომის პაპის ბიოგრაფიას წერს

    იტალიაში მალე გაყიდვაში იქნება წიგნი, სადაც რომის პაპის, ბენედიქტ XVI-ის ცხოვრების შესახებ მისი კატა, სახელად – კიკო, ჰყვება. სახალისო ბიოგრაფიის ავტორი, ჟურნალისტი ჟან პერეგო, მილანში ცხოვრობს. მისი თქმით, ”იოზეფი და კიკო” საყმაწვილო ჟანრის წიგნი იქნება. მასში აღწერილია პაპის მთელი ცხოვრება – დაბადებიდან უწმინდესად არჩევის დღემდე. პერეგომ აღნიშნა, რომ იგი პირადად არასოდეს შეხვედრია პაპს, მაგრამ მისი პერსონა იმდენად კეთილი, მშვიდი და გაწონასწორებულია, რომ ყოველთვის ჰქონდა სურვილი, მის შესახებ დაეწერა. წიგნის წინასიტყვაობა ბენედიქტ XVI-ის პირადმა მდივანმა, გეორგ გენსვაინმა მოამზადა. ”ეს პაპის ყველაზე განსხვავებული ბიოგრაფიაა – თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ მას კატა გვიყვება. კიკო დიდი ხანია, რაც ბენედიქტ XVI-ს იცნობს და მის შესახებ საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი დეტალები იცის”, – წერს გენსვაინი.

    გიუნტერ გრასი 80 წლისაა

    გერმანელ მწერალს, ნობელის პრემიის ლაურეატს – გიუნტერ გრასს, 16 ოქტომბერს 80 წელი შეუსრულდა. მწერლის იუბილე მის მშობლიურ ქალაქში – გდანსკში (ყოფილი დანციგი) 3-დღიანი ზეიმით აღინიშნა. გრასი ასევე პოლონეთის ყოფილ პრეზიდენტს, ლეხ ვალენსას შეხვდა და გერმანია-პოლონეთის მიმდინარე ურთიერთობებზე გაესაუბრა. წლების წინ, როცა გრასმა თავის ერთ-ერთ რომანში აღიარა, რომ ახალგაზრდობაში იგი ჰიტლერის საიდუმლო შეიარაღებულ ორგანიზაციაში მსახურობდა, ვალენსამ საკითხი დასვა, ჩამოერთმიათ მწერლისთვის გდანსკის საპატიო მოქალაქეობა. თუმცა კი, როცა გრასმა ქალაქის მერს, პაველ ადამოვიჩს, წერილი მისწერა და აუხსნა, რომ ეს მისი ახალგაზრდობის მწარე შეცდომა იყო, მას საპატიო წოდება შეუნარჩუნეს. ახლა კი პოლონეთი ნობელიანტის 80 წლის იუბილეს ზეიმობს, მის საპატივცემულოდ სხვადასხვა ღონისძიებებთან ერთად ”თუნუქის დოლის” თეატრალური წარმოდგენაც კი შედგა.


    მწერლები ღაზას სექტორის ტერიტორიაზე

    ებრაელი მწერლები – ამოს ოზი, დევიდ გროსმანი და აბრაამ იეჰოშუა იმ 11 აქტივისტს შორის არიან, რომლებმაც ისრაელის მთავრობისადმი პეტიციას მოაწერეს ხელი. პეტიციის მოთხოვნა ღაზას სექტორში ჰამასის ისლამისტური დაჯგუფების წინააღმდეგ საომარი მოქმედების შეწყვეტას ითვალისწინებს. აქტივისტების მოწოდებაზე ისრაელის მთავრობამ უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ ახლა ლოიალურიბის გამოჩენა მოვლენების გაუარესებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება. ჰამასის ოფიციალური მიზანი ისრაელის გეოგრაფიული რუკიდან წაშლა და მის ადგილას (დასავლეთ სანაპიროსა და ღაზის სექტორის ჩათვლით) ისლამური თეოკრატიის შექმნაა. საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ებრაელი ავტორების პეტიცია მემარცხენე გაზეთში, “Ha’aretz”-ში, დაიბეჭდა, თუმცა, მათი ავტორიტეტი ისრაელის მთავრობისთვის სტრატეგიის შეცვლის მიზეზი არ აღმოჩნდა – რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, ვერც ამოს ოზის სახელმა და ”ისრაელის სინდისად” აღიარებულმა წოდებამ იმოქმედა.

    ბრიტანეთის ბიბლიოთეკას საფრთხე ემუქრება

    ბრიტანეთის ბიბლიოთეკის საგანძურს აუქციონზე გაყიდვის საშიშროება ემუქრება. თუ აქამდე ბიბლიოთეკაში მსოფლიო ლიტერატურის არაერთ მნიშვნელოვან და ორიგინალური დოკუმენტზე მკითხველს თავისუფლად მიუწვდებოდა ხელი, ახლა უკვე სახელმწოფო დაფინანსების შეკვეცამ მკითხველთა ინტერესზე შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს. წერილით, რომელიც ”The Observer”-ში გამოქვეყნდა, მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი დაწესებულების აღმასრულებელი დირექტორი, ლინ ბრენდლი, მთავრობას მიმართავს, ხელი შეუწყოს ”ერის შემოქმედებითი აზროვნებისა და მეხსიერების ასწლოვანი რესურსის შენახვას”. ბრენდლიმ ასევე აღნიშნა, რომ ბიბლიოთეკის ოფიციალური ვებ-გვერდიდან, რომელსაც წელიწადში 67 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს, საკმაოდ დიდი თანხა შედის სახელმწიფო ბიუჯეტში და, სხვა თუ არაფერი, მთავრობა ვალდებულია, დაიცვას მსოფლიო კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლები აუქციონზე გატანისა და კოლექციონერების ხელში ჩავარდნისგან.

    ადოლფ ჰიტლერის პირადი წერილები

    ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გერმანელებისათვის მეტად საინტერესო წიგნის პრეზენტაცია შედგა – წიგნს ”წერილები ჰიტლერის მისამართით” ჰქვია და მასში 1925-45 წლებში ჰიტლერისათვის მიწერილი პირადი წერილებია თავმოყრილი. განწყობილება და მიმართვები ფიურერის მიმართ მრავალფეროვანია – წერილებს შორის არის როგორც აღფრთოვანება, პატივისცემა და მატერიალური დახმარების მოლოდინი, ასევე ხშირია დაზარალებულთა და ნაცისტური სისტემის მსხვერპლთა ვედრება, დატოვოს პოსტი. გარდა ამისა, ჰიტლერს სხვადასხვა პირად შეკითხვებსაც უსვამდნენ, კერძოდ, ეტანებოდა თუ არა იგი ალკოჰოლს ან თამბაქოს, ზოგიერთი წერილთან ერთად საჩუქრებსაც უგზავნიდა – მაგალითად, თაფლსა და ცხვირსახოცებს. წერილების ავტორებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ფიურერის სტუმრად დაპატიჟებასაც ბედავდნენ. წიგნმა გერმანიაში დიდი ინეტერესი გამოიწვია და მისი ნაწყვეტები ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გერმანულ ტაბლოიდში, ”ბილდში”, იბეჭდება.

    © “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი”

  • პროზა

    მიკა ხარაბაძე


    თეატრი

    ცხოვრება თეატრია. თეატრი წარმავალია.
    ცხოვრება წარმავალია. ხელოვნება მარადიულია.
    თეატრი წარმავალია. თეატრი ხელოვნება არ არის.

    კახა ბარამიძე. “სილოგისტიკა.”

    თეატრი არასდროს მყვარებია. არ ვიცი, მიზანთროპიისადმი მიდრეკილების წყალობითაა თუ სიყალბისადმი ჰიპერესთეზიის გამო ხდება, მაგრამ ცოცხალი მსახიობის თამაშს როცა ვუყურებ, თავს უხერხულად ვგრძნობ (“უხერხულად კი არა, სირცხვილით იწვები და გაქცევა გინდება,” ჩამესმის კახა ბარამიძის ხმა). არ დავმალავ, სახელგანთქმული სპექტაკლებიც მინახავს – რობერტ სტურუას “კავკასიური ცარცის წრე,” ინგმარ ბერგმანის “ჰამლეტი,” პიტერ ბრუკის “კაცი, რომელიც…” – მაგრამ ეკრანის შუამავლობის გარეშე ჩემთვის კათარზისი წარმოუდგენელია (“IN KINO VERITAS,” ჩამესმის კახა ბარამიძის ხმა). მიუხედავად ამისა, იყო პერიოდი, როცა თეატრში ხშირად დავდიოდი – ეს მას შემდეგ, რაც მესამე ცოლმაც მიმატოვა და უიღბლობის ხორცშესხმულ პარადიგმად ვიქეცი (“თეატრში სიარული საკუთარ თავთან ანგარიშსწორებაა და არა გულის გადაყოლება,” ჩამესმის… არა, ეს უკვე აუტანელია! გიკრძალავ ჩემ ტექსტში, გესმის? ჩემ ტექსტში შემოჭრას!). თეატრში ხშირად იმიტომ დავდიოდი, რომ, გაგეცინებათ, სპექტაკლის დადგმა მინდოდა. ასეთი სურვილი ბეკეტის ორმა პიესამ, “თამაშმა” და “ეჰ, ჯომ” გამიჩინა. ბეკეტის დიდი თაყვანისმცემელი სულაც არ ვარ – ჩემთვის ის ყოველთვის “ჯოისის მდივნად” დარჩება, – მაგრამ PLAY და EH JOE სწორედ ჩემთვისაა, რომ იტყვიან, ზედგამოჭრილი.
    “თამაში” ერთაქტიანი პიესაა. მასში სამი პერსონაჟი მონაწილეობს: მამაკაცი და ორი ქალი. ისინი ურნებში არიან მოთავსებულნი (ბეკეტის “საფირმო” კომბინაციაა) და მონოტონური ხმებით ადიულტერის საფუძველზე წარმოქმნილი თავიანთი ტრაგიკული ურთიერთობის პერიპეტიებს აღწერენ. ეს ერთგვარი განკითხვის დღეა, “ტემპერირებული” სამ ხმაში, რასაც მე “შექსპირული ცხოვრება-წარმოდგენა-თამაშის ბეკეტური ვერსია” დავარქვი (ფრაზაში ხომ არ გაიხლართეთ?), სხვები კი, რამდენადაც მესმის, “აბსურდის თეატრს” ეძახიან. “აბსურდისას” ალბათ იმიტომ ეძახიან, რომ “თამაშისას” გმირები ურნებიდან არ ამოდიან, წინ და უკან არ დარბიან, არ ცეკვავენ, არ მღერიან, ემფატიკურად არ მეტყველებენ, თვალებს არ აბრიალებენ, დორბლებს არ ყრიან, ხელებს არ ასავსავებენ… ერთი სიტყვით, იმას არ აკეთებენ, რასაც პლებსის მსახური თეორეტიკოსები “სანახაობას” უწოდებენ და ჩემისთანა “NARCISSUS POETICUS-ები” სათოფეზე არ ეკარებიან.
    სანახაობითი ეფექტებით არც “ეჰ, ჯო” გამოირჩევა. ამ არაჩვეულებრივი პიესის გმირი სამოცი წლის მარტოხელა მამაკაცი გახლავთ, სახელად ჯო, რომელსაც მთელი “მოქმედების” განმავლობაში ქალის ხმა ჩაესმის. ქალი – ჯოს ყოფილი საყვარელი – მეტად არასასიამოვნო ამბებს ჰყვება ჯოს შესახებ. ჯო ყველაფერს ხმის ამოუღებლად და გაუნძრევლად ისმენს… სულ ეს არის.
    პირველად, რასაკვირველია, რუსთაველის თეატრს მივაშურე. იქ, როგორც ყოველთვის, რემონტი მიმდინარეობდა, მაგრამ თეატრის დირექტორი, გია თევზაძე, ადგილზე დამხვდა. მან ყურადღებით მომისმინა, თავაზიანად ამიხსნა, რომ ფული არა აქვთ, მიმანიშნა, რომ რუსთაველის თეატრი ექსპერიმენტების ადგილი არ არის, “თუმცა ყველაფერს მაინც რობიკო წყვეტსო,” დაამატა (ივლისის გაგანია სიცხე იდგა – “რობიკო” უკვე შვებულებაში იყო გასული) და დამემშვიდობა.
    რუსთაველის თეატრიდან მარჯანიშვილის თეატრში წავედი. გზაზე რობერტ სტურუა დავინახე – ეკლესიის ეზოში მსახიობების ჯგუფთან ერთად იდგა (მგონი, ვიღაცის ჯვრისწერას ელოდებოდა). როგორც ყველა ცრუმორწმუნე ათეისტმა, მეც ჩავთვალე, რომ ეს კარგი ნიშანია და პირდაპირ მივაჭერი. ვუთხარი, ბატონო რობერტ, თქვენთან ლაპარაკი მინდა-მეთქი. ხვალ დილით თეატრში მოდი, იქ ვილაპარაკოთო (დარწმუნებული ვარ, მორიგი თავხედი ინტერვენტინტერვიუერი ვეგონე). რაღას ვიზამდი? ისევ მარჯანიშვილის თეატრში წავედი.
    იქ, როგორც ყოველთვის, არაფერი საინტერესო არ ხდებოდა, მაგრამ თეატრის დირექტორი, გაიოზ კანდელაკი, ადგილზე დამხვდა. მან ყურადღებით მომისმინა, თავაზიანად ამიხსნა, რომ ფული არა აქვთ, მიმანიშნა, რომ მარჯანიშვილის თეატრი ექსპერიმენტების ადგილი არ არის, “თუმცა ყველაფერს მაინც ოთარი წყვეტსო,” დაამატა… ამ დროს კარი გაიღო – ოთახში ოთარ მეღვინეთუხუცესი შემოვიდა. ჩავთვალე, რომ ეს კარგი ნიშანია და ჩემი ამბავი მასაც ვუამბე. ოთარ მეღვინეთუხუცესმა ყურადღებით მომისმინა, მითხრა, რომ ფილტვები სუფთა მაქვს, პულსი – ნორმალური, დოიაშვილი კარგა ხანია ბეკეტის “გოდოს” უტრიალებს, მაგრამ ლუესის გამო ვერ დგამს, გურანდას წნევა აწუხებს… ვინა-მეთქი, “გოდოს” ვინ ვერ დგამს? დოიაშვილიო, დავითი – აი ჯორჯ ბუშმა რომ უთხრა, “Good Job-ო” და ხელი რომ ჩამოართვა და კინაღამ ლოყაზეც რომ მოუთათუნა და რომ უთხრა (კინაღამ), “აი შე პუტკუნაო…” არ ვიცი, ამას რატომ ვყვები – სიზმრების მოყოლა გულის ამრევ სიბრიყვედ მიმაჩნია, უნიჭო ფროიდისტებისთვის განკუთვნილ უკიდეგანო მარაზმად (თქვენ ამას როგორ გაკადრებთ), თანაც მშობლიური აბსურდის გადმოსაცემად აბსურდისა და ანაქრონიზმის ენით ლაპარაკი არც ისე “მხატვრული” გზაა… არ ვიცი, ამას რატომ ვყვები.
    ისევ მარჯანიშვილის თეატრს დავუბრუნდეთ. ვიფიქრე, ოთარ მეღვინეთუხუცესი კარგი მსახიობია და გაუხარდება, ჯოს როლს თუ შევთავაზებ-მეთქი. ასეთი და ასეთი როლია, ხმის ამოღება არ დაგჭირდება, სულ უნდა იჯდე და წინ იყურო-მეთქი… არ გაუხარდა. სხვა გეგმები მაქვსო, მითხრა. რაღას ვიზამდი?
    მეორე დილით რუსთაველის თეატრში მივედი. რობერტ სტურუას რამდენიმე საათი ვუცადე, მაგრამ არ მოვიდა. მომდევნო დღესაც მივედი. ვიღაცამ მითხრა, რობიკო ტატრებზე გაემგზავრა, იქ ერთი თვე დარჩებაო. ერთი თვის შემდეგ თეატრში ისევ მივედი და რამდენიმე დღე ვიარე, სანამ რობერტ სტურუასთან შეხვედრას მოვახერხებდი. ბოლოს, როგორც იქნა, შევხვდი და ვუთხარი, თქვენს თეატრში ბეკეტის დადგმა მინდა, შეიძლება-მეთქი? როგორ არ შეიძლება, ბეკეტის დადგმა მეც მინდაო (“გოდო” ჯერ კიდევ არ ჰქონდა დადგმული), ოღონდ მაჩვენე, რა გაგიკეთებიაო. ბევრი არც არაფერი გამიკეთებია, ორად ორი პატარა ფილმი მაქვს-მეთქი თაროზე შემოდებული. ძალიან კარგი, ჩამოიღე და მომიტანე, ვნახავო. მივიტანე ფილმები და დირექტორს დავუტოვე. იმ დღის შემდეგ სამი თვის განმავლობაში კვირაში ორჯერ მივდიოდი რუსთაველის თეატრში – რა ქნა უფროსმა, ნახა-მეთქი? არა, არ უნახავსო. ბოლოს ამომასხა და გია თევზაძეს ვუთხარი, ჩემი ფეხი აღარ იქნება თქვენს დამპალ თეატრში, ეგ თქვენი რობერტ სტურუა უკან გაიკეთეთ-მეთქი.
    გოჩა კაპანაძე შემხვდა იმ დღეებში და მითხრა – რატომ გიკვირს, ეს ხომ ერთი კაცის თეატრიაო. ერთი კაცის თუა, სახელმწიფო თეატრი რატომ ჰქვია-მეთქი. ჩემი აზრით შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მთავარი რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართველოს სახალხო არტისტი, სახელმწიფო, მარჯანიშვილის და რუსთაველის სახელობის პრემიების ლაურეატი, უდიდესი ფეთქებადი ძალისა და გასაოცრად თამამი სცენური თუ ფილოსოფიური აზროვნების მქონე (“დეილი ტელეგრაფი”), ქართული თეატრის სასიქადულო მგოსანი და კერპი (“ფატა-მორგანა”), ღრმად პატივცემული მეტრი რობერტ-რობიკო სტურუა (რამე ტიტული ხომ არ გამომრჩა?) გოგოლისა და ჩეხოვის უბადრუკი ჩინოვნიკებივით არ უნდა იქცეოდეს. აბა შენა ყოფილხარო, გაეცინა კაპანაძე გოჩას. ორ-სამ თვეში თავისუფალ თეატრში მიდი, შეიძლება ავთო ვარსიმაშვილმა სპექტაკლი დაგადგმევინოსო. მანამდე მისვლას აზრი არა აქვსო.
    მანამდე სამეფო უბნის თეატრში მივედი. იქ ზრდილობიანად მიმიღეს, მაგრამ ბეკეტი არ გვინდა, არარენტაბელურიაო. ვიფიქრე, ნუთუ ისე დავეცემი, რომ “სარდაფშიც” ჩავალ-მეთქი? ჩავედი. ლევან წულაძემ – აი ჭოლას რომ ეძახიან – მითხრა, კი ბატონო, დავიანგარიშოთ, რა დაჯდება და ფულს თუ იშოვი, იმუშავეო. გამიხარდა. მართალია, სარდაფია, მაგრამ რაღაც ხომ მაინც დაიძრა ადგილიდან-მეთქი, ვიფიქრე. მეორე დღეს “დასაანგარიშებლად” მივედი. არ დამხვდა. სამი თვის განმავლობაში კვირაში ორჯერ მივდიოდი, სახლშიც ვურეკავდი, მაგრამ, დედას გეფიცებით, ვერც ერთხელ ვერ შევხვდი. ასეა, ჭონაზე სიარულს რომ დაიწყებ ათეისტი კაცი…
    ამასობაში თავისუფალ თეატრში მისვლის დროც დადგა. ავთო ვარსიმაშვილი კეთილი კაცი აღმოჩნდა. მან პირდაპირ მითხრა – მსახიობები შეარჩიე, სარეპეტიციო ადგილი მოძებნე, რეპეტიციები გაიარე, შედეგი მაჩვენე და თუ მომეწონება, ჩემს თეატრში შემოგიშვებო. გამიხარდა. პირველად ამ ხნის მანძილზე მიუკიბ-მოუკიბავი პასუხი მივიღე. პრობლემა მხოლოდ ის იყო, რომ არც მსახიობებს ვიცნობდი (კარგ მსახიობებს ვგულისხმობ), არც სარეპეტიციო ადგილი გამაჩნდა, არც სახსრები (რა კარგი სიტყვაა!), არც ავტორიტეტი, რომ ვინმე ცარიელ ენთუზიაზმზე შემეგდო… მე ვთქვი, მორჩა კალოობა და ამ დროს გამახსენდა, რომ ოდესღაც თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობოზე გიგა ლორთქიფანიძესთან ვსწავლობდი. ვიფიქრე, მივალ გიგასთან (ჯერ კიდევ რექტორი იყო), იქნებ გამიხსენოს და მიშველოს-მეთქი.
    მივედი. გიგამ ვერ გამიხსენა, მაგრამ მაინც მომისმინა. ის ჯერ გაბრაზდა – თეატრალური ინსტიტუტი ექსპერიმენტების ადგილი ხომ არ გგონიაო! მერე მოლბა და სამსახიობო ფაკულტეტის დეკანს, შალვა გაწერელიას დაელაპარაკა. შალვა გაწერელიამ თავისთან მიხმო, გამომკითხა, ვინ ვარ, ბეკეტის დადგმა რატომ მინდა, ბერეტს რატომ არ ვიხდი – ვუთხარი, ვინც ვარ, ბეკეტის დადგმა იმიტომ მინდა, რომ მან თეატრის ნამდვილი არსი იცის, ბერეტს კი ტატუირებული თხემისა და “ჩინური” ნაწნავის გამო არ ვიხდი. მკითხა, დადგმას როგორ აპირებო. როგორც ბეკეტს აქვს, ზუსტად ისე-მეთქი. როგორო, მსახიობები მთელი სპექტაკლის განმავლობაში ურნებში უნდა გყავდესო გამომწყვდეული? დიახ, სწორედ ასეა-მეთქი (დიდი ხანია, შემჩნეული მაქვს – თუ ავტორის მითითებებს ზუსტად იცავ, შეზღუდული წარმოსახვის ხალხს უნიჭო პედანტი ჰგონიხარ). აბა შენა ყოფილხარო, მითხრა და თავისი მოწაფეები, გოგა ბარბაქაძე, მაია დობორჯგინიძე და ნინო იოსელიანი გამაცნო – ესენი ყველაზე ნიჭიერები არიანო.
    უნიჭოები ნამდვილად არ აღმოჩნდნენ, მაგრამ რამდენიმე კვირა დამჭირდა მათ ძვალ-რბილში გამჯდარი სცენური სიყალბის (ასეთია ქართული თეატრალური პედაგოგიკის შედეგი) აღმოსაფხვრელად. რეპეტიციებს საღამოობით აფთიაქში ვატარებდით, სადაც ღამის დარაჯად ვმუშაობდი. როგორც იქნა, ცოტა ადამიანურად დაიწყეს ლაპარაკი და ზაფხულიც მოვიდა. “ჩემი მსახიობები” თავიანთ ჯგუფელებთან ერთად თურქეთში საგასტროლოდ გაემგზავრნენ. დღემდე არ ვიცი, დაბრუნდნენ თუ არა იქიდან… ალბათ ცოცხლები აღარ არიან, თორემ შემომეხმიანებოდნენ.

    © “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი”

  • პოეზია

    გივი ალხაზიშვილი


    * * *
    …და რადგან ცხოვრება თითქმის ისეთია,
    როგორსაც ყველანი ნაღდად ვიმსახურებთ,
    რა გვაქვს საწუწუნო? ყოველდღიურობა
    დაუნდობელია, თანაც უსახური.

    ჩვენ კი თავს ვაფარებთ სიტყვების ქვეყანას
    და ზეცას, იგია ქვეყნის სახურავი,
    რომელიც ფანჯრიდან ჟამიჟამ გაკრთება,
    როგორც არქაული რეალობა –
    მზის სამფლობელოდ და ღრუბლების ნაკვთებად
    და ცის ფრინველები, ცად რომ რიალებენ,
    კარგავენ ფრთებსაც და წონას და ჩრდილებსაც
    და ჩვენი თვალების ცაში ბრუნდებიან,
    რადგანაც მათ უყვართ ხსოვნის ბუდეები
    და ბებერ ბავშვების ბინდში ჩაბუდება.

    შენ ერთხელ ამბობდი,
    რომ არდადეგების ჯამია ზაფხული,
    ბალახის სურნელი სუნთქვაა იმ დროის,
    რომელიც იყო და არის და იქნება,
    რომ წინსვლით შესაძლო ყოფილა უკუსვლა
    და გაყუჩებული მომავლის მიგნება.

    შეერწყმის დროდადრო ქალაქურ ნარატივს
    ქალაქელ-სოფლელის ყანის ნოსტალგია,
    ის დადის, უჭირავს ვენახის სასხლავი,
    კორპუსთან, იქ, სადაც მისი ბოსტანია.

    შენ კი აგემოვნებ თბილისურ კოქტეილს
    თვალითაც, სუნითაც და კიდეც მოწრუპავ
    ამ ზაფხულს, რომელიც ძველ არდადეგების
    შესაკრებელია და ჩიტზე მომცროა
    მიზეზი დარდისა, შენში რომ დაფრინავს
    და გულს რომ გიჩქროლებს
    ხსოვნათა მიჩქმალვით,
    შენ გზა დაგეკარგა, როდესაც იპოვე
    თავი და ამჯერად აღარსად იჩქარი.

    ფლირტი

    რა შეედრება პროვინციულ ქალაქის ინტიმს,
    ეს ოცნებები, ამბობ: ცაში ფორდებიანო.
    დების სიმღერა, ჩემი ბანი და ბანში ბინდი
    და ბებერ უბნის ერთადერთი ფორტეპიანო.

    შენი ცინიზმი: სამარეში სწორდებიანო –
    ეს სურვილები კუზებია, რომ იბურცება.
    შავ-თეთრ ღიმილში ჩაკარგულა ფორტეპიანო
    და მუსიკიდან მოღწეული დრო იფურცლება.

    დები დებია, მაგრამ ჩემი ტემბრი საბანო,
    გადამდებია და საშიში, ამ ღამესავით,
    მიახლოვდები, შენით ვსუნთქავ იასამანო,
    ობერტონების ჰაერში და გულში მთესავი.

    თვალები იქით. მზერა იქით. იქით ვეთრევი,
    საითაც ფიქრში გაგისტუმრეთ ჩემო არზებო,
    ან რა გამოვა იმ ღამეთა გადათეთრებით,
    მხოლოდ დუმილის გაღრმავება, სადაც ვარსებობ.

    აგვისტო

    ამ სერიალში აღარაა შენი ადგილი,
    გამუდმებით რომ მეორდება დილის ათიდან
    შუაღამემდე და ეს ყოფა ვინც განადიდა,
    ტელევიზორთან ზის უაზროდ, ისე ყვინთაობს,
    რომ მაგიდაზე, დამტვერილზე ტოვებს ნაკვალევს
    ათივე თითის – უეცარი თვლემის გრაფიკას.
    ფანჯარაში კი იმზირება მზე მოყვითალო
    და იატაკზე შუქ-ჩრდილებად აფენს ნაფიქრალს.

    შენი ადგილი აღარაა ამ სერიალში,
    გაისეირნებ, გაექცევი ჩრდილში აგვისტოს.
    მენაგვეები. უშოვიათ ამათ დაგვის დრო,
    დღეებს მოხვეტენ და ცხოვრებას მოენატრება
    წასვლა და იგი ვერსად წავა, ისევ მიცურავს
    უმუშევარი ხეებისკენ, რომ გაფიცულან,
    სადაც ფოთლები უყვითლდება ბაღს ნაადრევად.

    ამ სერიალში აღარაა შენი ადგილი
    და იქით მიხვალ, სადაც ახლაც ლუდის ბარია
    მოგნატრებია ცივი ლუდის ძველი არია.
    გული, რომელიც ზარხოშისგან დანასერია
    მოგთხოვს ჭრილობის დაამებას თუ გაყუჩებას,
    ძლივს სუნთქავ, იგრძნობ ნესტოების გალაყუჩებას
    და ძილ-ბურანში ამონტაჟებ ახალ სერიალს.

    შენშია ხსოვნა, სიცოცხლეზე მძლავრად მფეთქავი,
    გამოპარული აჭედილი სახლის ფანჯრიდან,
    ბედნიერი ხარ ნატვრის ხეთა ჭრელი ნაჭრითაც,
    შენს უთენებელ ღამეში რომ ჩამოკონკილა,
    როგორც დიადი სინანულის დაუცველობა
    და ხის მერქანზე მოზოზინეს ჰგავს ლოკოკინას,
    სანაპიროსკენ უნიათო შენი მსვლელობა.

    პაროლი

    აი, სინათლე, იგი ქრება თანდათანობით,
    მე მასთან ერთად და ბოლომდი ვიდრე ჩავქრები,
    ამ სიმუნჯიდან სიტყვები მაქვს ამოსაკრები,
    ვიდრე ხმაურმა არ წაშალა და არ მომპარა.
    გასუსული ვარ და აღსავსე, როგორც დომფალა
    დუმილის სუნთქვით და გაღწევას ვნატრობ გარსიდან,
    ვფეთქავ უპულსოდ, პულსი სიტყვას კვლავ ესინჯება,
    მე უკვე აღარ. აღარც მინდა გადავუშალო
    გული არავის. ფიქრში ვცდილობ დამესიჯებას.

    ცრუ მეტაფორა. რიოშია, აღარ ვენდობი
    და ცის ფურცელი მყოფნის ახლა და ეს ფერდობი,
    ფანჯრიდან რომ ჩანს, ჩემთან ერთად და უჩემოდაც
    რომ გამოჩნდება, ჩვენს სახეებს არ იმახსოვრებს,
    ჩვენ კი აღარ ვართ, არ ვიყავით, აღარც ვიქნებით,
    ჩვენ საბოლოოდ, იმ ერთ სიტყვად ჩამოვიქნებით,
    რომელიც იყო, ახლაც მყოფობს, მარად იქნება,
    ვიგულისხმებით ჩვენ ცვალებად პარადიგმებად
    იმ სერიების და მწკრივების, ანუ უღლების,
    დაუსრულებლად რომ გრძელდება დასაბამიდან,
    მარად უცვლელი, ცვალებადი და ხელუხლები.

    აი, სინათლე, გუბურებში ისე ერთობა,
    როგორც თვალებში, ურიცხვია და ვინ დაითვლის
    მრავალენოვან სიტყვის ფუსფუსს და მის კავშირებს
    ზმნასთან, გულებთან, მაჯისცემა რომ გაახშირა
    ბგერათა რხევამ, მინიშნებამ, მოულოდნელმა
    სიტყვამ, რომელიც ჩვენშია და თავის სახლშია?!

    როცა გულისხმა აღმოხდება ღამის ტკივილებს,
    ბნელი ჭრილობის უნებლიე ამომკემსავი,
    შუაღამისას, ბევრი ფიქრობს, ალბათ, ჩემსავით
    რომ არ თენდება, არ თენდება. ნეტავ, გათენდეს!
    ამ ხმით, არც ღამის მღვიმეები ამოივსება
    და ამ ღმუილსაც ვეღარავინ დააპატენტებს.

    შენ ისევ სხვაგან, იქით, სადაც ში-თანდებული
    წყდება სექტემბერს და შრიალით დაბლა ეშვება,
    შენში ჩამქრალა უძილობოთ გაზანტებული
    ღამეთა ცეცხლი, დაისვენე ძველო ფიტულო,
    ჩიტის გალობა პაროლია და ორკესტრები
    სინათლის კარნახს ასრულებენ უპარტიტუროდ.

    შეხვედრამდე

    ჩვენ, თავშექცევით არსებულნი, როგორც დღე-ღამე,
    ვხვდებით ერთმანეთს გარიჟრაჟზე და საღამოხანს,
    წახვალ და ვიცი, დათქმულ დრომდე, რომ აღარ მოხვალ,
    მეც შეხვედრამდე მოუთმენლად დაგელოდები.
    ქშინავს ქალაქი გახვითქული და მოქირქილე
    ქარი თავს იქცევს გორაკების გამელოტებით.

    არ ვიმეორებთ. იმ სიტყვების გამეორებით
    რა შეიცვლება? არაფერი. აღარასოდეს.
    შენ მოგინდება ჟამი-ჟამად რომ კალმასობდე,
    აქო ანბანი, ითამაშო და ხალისობდე,
    აღმოაჩინე, დაგრჩენია ორი სიმბოლო –
    ორი ნიშანი. ვერ მიაღწევ ახალ ასომდე.

    და ეს ცხოვრება საათივით მოწიკწიკეა,
    და ფეხაკრეფით შემოვუვლით ზეცის ციფერბლატს,
    იგივე წუთი წამოგვცდება, რომ ჩაიფერფლა,
    როგორც ეს მთვარე, ჩაბჟუტილი ცის აბაჟური.
    კლასიკური და უცვლელია ჩვენი შეხვედრა
    და არაფერი ურევია ეპატაჟური.

    და ჩვენ ვარსებობთ მონატრებულ სიახლოვეთა
    თანდათან დნობით და ორივე ნახევარსფერო
    გადაივსება შენი შუქით, მზევ, ათასფერო,
    ჩაბნელებული მღვიმეები და კულისები
    და გადის ჟამი, შეყვარებულ დღე-ღამეების
    სუნთქვის სიხშირით, როგორც იყო ნაგულისხმევი.

    ელეგია

    მე გამახსენდა, შენ მიამბობდი,
    რომ რუთის ხელით
    ხორბლის მარცვლის შემგროვებელი,
    ღმერთი ყოფილა,
    რადგან სხვაგვარად ვერ იხილავდი,
    მათ ყოველდღიურ აღმოცენებას
    გულის სიღრმიდან, ჟამნის კითხვისას.

    ეს მაშინ მოხდა, როცა აგვისტოს სექტემბრისკენ გადადინება
    თანდათანობით, ჩუმად მავსებდა და გავიფიქრე,
    რომ შემოდგომამ თავშესაფარი ჰპოვა ჩემში
    და ჩემს გარეთაც, სადაც განვივრცე,
    როცა შენ, თურმე, გაიგონე იმათი სუნთქვა
    და შეგრძნებათა ჰაერის ჩქამი,
    რომლის ექო ჩვენი სუნთქვაა.

    ჩიტები არ ვართ და სიტყვების მარცვლებიც გვყოფნის,
    მუდამ რომ ვკენკავთ და ხსოვნათა დარბაზებს ვავსებთ,
    შთაბეჭდილებებს იქ ვინახავთ და ამ ქალაქის
    დეკორაციებს გადაღებილს და მათ სიგლუვეს
    ვშორდებით ისევ, ვუბრუნდებით გადავიწყებულ
    საუკუნეებს, რომ გვეგონა გამოვიგლოვეთ.

    საკურთხის სუფრა, თვალზე ბინდის ჩამოფარება
    და სადღაციდან მოღწეული მტრედის ღუღუნი,
    მუდმივი მკვიდრის, ყველა დროის და საუკუნის,
    შეუწყვეტელი დინებების უცვლელ მოტივის
    გამეორება. სინზე ხილი, დღემდე მოღწეულ
    შემოდგომების სევდიანი ნატურმორტივით.

    ეს, მაშინ იყო,
    როცა აგვისტომ სექტემბერში გადააღწია
    ჩვენი სუნთქვით და გულისცემის არითმიებით
    და ძველი სარკე ირეკლავდა ერთად ათას სხივს
    და ჩვენს თვალებსაც, მოლოდინით გადავსებულებს,
    დღე მთავრდებოდა ჩამავალ მზის სისხლის გადასხმით.

    ეს იგავია და იგავის ძველი მკვიდრები
    ისევ იგივეს ვიმეორებთ, ვცდილობთ გართობით
    დროის გაყვანას და ნუგეშიც არის იგივე,
    ყველას ზეცაში მოუნიშნავს თავის ფართობი.

    და ბავშვის მზერა გადაურბენს ნაკადულივით
    ჩვენი სიტყვების ხავსიან ქვებს და უძრაობას
    აბალახებულს, უბგერებელ ხმით ამოქოლილს,
    შენ მიამბობდი და რატომღაც ეს შემოდგომა,
    დღეს სიტყვა-სიტყვით მიმეორებს ადრე მოყოლილს.

    აბა, რა ვიცი, მერამდენე დღე შემომაცვდა,
    ან რამდენი ხმა ეხეტება ცის უდაბნოში,
    იმეორებენ ნაწყვეტ-ნაწყვეტ ზემოთ ამ ამბავს,
    მე აქ ვიხსენებ, შეღამება გვიცვლის სამოსელს,
    და ყველას ერთად ბინდის ქსოვილს შემოგვალამბავს.

    და ფოთოლ-ფოთოლ ცის ჩამოსვლა, არის ნიშანი,
    რომ ახლოვდება ის ღრუბელი, ჩვენ რომ შეგვიწოვს
    ყველას, თანდათან, გაგვაშიშვლებს, როგორც ბაბილოს –
    ფანჯრების წინ რომ გაწოლილა გოდოლთან ახლოს
    და სინანულით გაიფიქრებ: ვაი, ბაბილონს!

    მაშინებს შენი შეკითხვები. საფეხურები
    აღარც მაღლა და აღარც დაბლა მიემართება,
    ვერ გავაღწიეთ, არ შეიხსნა ცამ ურდულები
    და ჩვენ, ქალაქელ ბეღურებსაც, შებინდებისას,
    იგივე ფიქრი წამოგვცდება წაჟღურტულებით.

    © “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი”

  • რეცენზია

    ანდრო ბუაჩიძე

    გზაჯვარედინი

    მალხაზ ხარბედია, პირადი ბიბლიოთეკა, თბ. “არეტე”, 2006.

    ყველაფერი იმით დაიწყო, რომ “პირადი ბიბლიოთეკა” რუბრიკას დაერქვა და “24 საათში” სვეტს უძღოდა წინ.
    მოგვიანებით მალხაზ ხარბედიამ შეკრიბა გამოქვეყნებული მასალა და სტრუქტურულ მთლიანობად აქცია და როგორც თვითონ დასძენს წინასიტყვაობაში, თავი მოუყარა იმ ნაწარმოებებზე გამოთქმულ შთაბეჭდილებებს, რომელთაც დროის გარკვეულ მონაკვეთში კითხულობდა ან ხელახლა გადაიკითხავდა ხოლმე. თვითონ ამ ჟანრს “სალაღობო რეცენზიები და მოკლე წინასიტყვაობები” უწოდა, პირველსათავეების და წარმომავლობების მისამართიც არ დავიწყნია: ხორხე ლუის ბორხესის “პირადი ბიბლიოთეკა” და უმბერტო ეკოს “შიდა რეცენზიები”.
    სიტყვა “სალაღობო”, ჩემი აზრით, განმსაზღვრელია მთლიანად ამ წიგნისთვის. მხოლოდ ეს სიტყვა, ამ შემთხვევაში, არ უნდა გავიგოთ “მსუბუქის” მნიშვნელობით. სიახლეზე რომ ვსაუბრობდი, სწორედ ამას ვგულისხმობდი – კრიტიკული თხრობის უჩვეულო ტონალობას, თვალშისაცემ სილაღეს და თავისუფლებას, რომელიც პირველივე სტრიქონებიდანვე გიზიდავს.
    ავტორი ამა თუ იმ მნიშვნელოვან თხზულებაზე რომ საუბრობს, ამავე დროს ესთეტიკური დაგემოვნების განწყობასაც აღვიძებს მკითხველში, ეს კი თავისუფალი თხრობის გარეშე წარმოუდგენელია.
    წერილი, რომელიც კიარან კარსონის “სამყურა ჩაის” ეხება, ასე იწყება: “ისევ აქა ვართ, სამთვიანი შესვენების შემდეგ კვლავ დავუბრუნდით ამ დალოცვილ კუთხეს, მშობლიური სვეტის ტერიტორიას და ძველი მეგობრების წრეს. ასეთ მეგობრებთან კი ჩაისაც დალევდა კაცი”.
    ჩაის დალევაზე რომ საუბრობს, მახვილგონივრული მინიშნების მეშვეობით რომანის დაგემოვნებას თუ დაჭაშნიკებას, მის შეძლებისდაგვარად სრულფასოვან, გონებრივთან ერთად ემოციურ აღქმასაც გულისხმობს.
    პასკალ კინიარის წიგნზე მსჯელობისას ავტორი უპირველეს ყოვლისა ხმებზე აკეთებს აქცენტს: “პირველი, რამაც ჩემი ყურადგება მიიქცია ამ შესანიშნავი წიგნის კითხვისას, არაიმდენად მოთხრობილ ამბავთან იყო კავშირში, რამდენადაც სხვა, უცხო ფენომენთან. წიგნში გადმოცემული სევდიანი ისტორიის ფონზე განუწყვეტლივ რაღაც ხმიანობს, ავტორს არცერთი ხმოვანი დეტაილ არ ეპარება და ე.წ. აუდიო-ეფექტები გარკვეულ საზრისადაც კი ყალიბდება”.
    ეს ბოლო შენიშვნა მართლაც რომ საგულისხმოა. პასკალ კინიარის რომანს ხმები, მელოდიური პასაჟები, უაღრესად დახვეწილი ხელწერა ქმნის. მთელი რომანი თითქოს ვიოლაზე შესრულებული სევდიანი მელოდიაა.
    ყოველივე ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ საბჭოთა პერიოდის მხატვრულ გამოცემებს, ლექსების კრებულებს თუ პროზაულ ნიმუშებს ისეთი “პირქუში” წინათქმები უძღოდა, რომ თვითონ ნაწარმოების წაკითხვის ხალისი გეკარგებოდა. ამ წინათქმებში უმთავრესად თხზულების “იდეოლოგიური მხარე” იყო მკაცრად მონიშნული. კაცი იფიქრებდა, ესთეტიკურ ფენომენთან, მხატვრულ ნაწარმოებთან კი არა, ორაზროვან დეკლარაციასთან გაქვს საქმე, რომელიც გაშიფრვას საჭიროებსო. გონებაჭვრეტითი დამოკიდებულება ლიტერატურისადმი დღესაც არსებობს და მრავლად იწერება ე.წ. “გარჩევის” წიგნები, რომელსაც მხატვრული ნაწარმოების ზემოქმედების საიდუმლოებასთან, მის მომნუსხველ მადლთან ზიარების ნიშანწყალიც კი არ ატყვია.
    მალხაზ ხარბედია ამის საპირისპიროდ ყოველთვის ცდილობს ნაწარმოების ესთეტიკური ზემოქმედების ველში შეიყვანოს მკითხველი, იგრძნოს და მასაც აგრძნობინოს ნაწარმოების მხოლოდ გონებით ვერსაწვდომი პლასტები. ყოველივე ამას კი ავტორი უაღრესად თავისებურად აკეთებს. ის თამაშობს, მახვილსიტყვაობს, მოულოდნელ ლიტერატურულ თუ ცხოვრებისეულ წიაღსვლებს გვთავაზობს, იუმორს იშველიებს, იღიმება ან საკმაოდ სერიოზულად, ისე, რომ არ კარგავს თხრობის საერთო ტონალობას, თავის წიგნიერ ასოციაციებსაც გვანდობს; აი, ვთქვათ, უილიამ ფოლკნერის “სოფელისადმი” მიძღვნილი წერილი როგორ იწყება: “მოდი, გზაჯვარედინებით დავიწყოთ, მტვრიანი გზაჯვარედინებით. ამერიკული ლიტერატურა და კინო ხომ სავსეა ასეთი გზაჯვარედინებით, სადაც ზოგი თავს პოულობს, ზოგი კი იკარგება”.
    ამის შემდეგ ავტორი გვატყობინებს, რომ ჯეფერსონში იმყოფება, იოკნაპატოფას ოლქის ცენტრში, გზაჯვარედინზე დგას და სამხრეთისკენ მიმავალ დილიჟანსს ელოდება, ფრანგისხევში უნდა ჩავიდეს, იქ, სადაც ფლემ სნოუპსი დასახლდა თავის ჯალაბობასთან ერთად. და აი, ასე შეჰყავს მკითხველი მალხაზ ხარბედიას ფოლკნერის რომანის დახლართულ სამყაროში.
    მახსენდება აკირა კუროსავას ერთი კინონოველა, რომელიც სხვა ნოველებთან ერთად სიზმრებად არის წარმოდგენილი. საგამოფენო დარბაზში მდგარი დამთვალიერებელი დიდხანს შეჰყურებს ვან-გოგის პეიზაჟებს და სხვათაშორის, მხატვარსაც შეხვდება და გაესაუბრება.
    ზუსტად ასევე შევყავართ მალხაზ ხარბედიას ფოლკნერის “ლანდშაფტში”, თითქმის მთელ იოკნაპატოფას მოგვატარებს, გვერდს ავუქცევთ ჯოანა ბარდენის სახლს, სადაც ქრისთმასმა რომანიდან “აგვისტოს ნათელი” მის ბარდენი მოკლა. ცენტრში კონფედერაციის ჯარისკაცის ძეგლია. ქალაქს რო გავცდებით, ორიოდე საათის სავალზე ტალის და არმსტიდის ფერმებიც გამოჩნდება და ფრანგისხევიც იქვეა…
    ყოველი წერილი გზამკვლევია მწერლების რთულ და მიმზიდველ სამყაროში, მხოლოდ მალხაზ ხარბედიას ეს გზამკვლევი თავისებურია, ლაკონურია და მოქნილი, ყოველი წერილის მოკლე მონაკვეთზე მინიშნებულია ამა თუ იმ მწერლის უცნაურობა თუ თავისებურება, როგორც ბიოგრაფიული ხასიათის, ისე შემოქმედებითი. ავტორი ფაქტობრივად გვაინტრიგებს და პროვოცირებას გვიწევს, რათა გადავდგათ “საბედისწერო” ნაბიჯი, გადავლახოთ რეალობის ზღურბლი, შევიდეთ მწერლების წარმოსახულ ქვეყნიერებაში, რომელიც უფრო ღრმად დაგვანახებს ჩვენსავე რეალობას.
    “პირადი ბიბლიოთეკის” დროითი და სივრცობრივი არეალი უაღრესად ფართოა: აქ ჰესიოდედან დღევანდელ დღემდე, ნებისმიერი ღირსეული მწერლის ნებისმიერ ნაწარმოებს შეიძლება შეხვდეთ. ეს წიგნი ლიტერატურულ სიახლეთა დასაჭაშნიკებლადაც გვიბიძგებს და სიძველეთა გემოსაც გვახსენებს.
    და კიდევ ერთი რამ: როგორც ირკვევა, მალხაზ ხარბედიას ამ წიგნის წერისას სხვა მიზანიც ჰქონდა. ის ებრძოდა ლიტერატურულ ამნეზიას: “ვკითხულობთ გადაბმით და ერთი წლის შემდეგ აღმოვაჩენთ, რომ აღარაფერი გვახსოვს. ამ წერილებით ვცდილობ, მხოლოდ კი არ ჩავინიშნო, არამედ სამუდამოდ ჩავიბეჭდო ის ნაღდი და ღირებული, რასაც ვკითხულობ, ეს წამალივითაა, ამიტომაც შეიძლება წიგნს “ანტიამნეზინიც” ეწოდოს.”

    © “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი”

  • პოეზია

    ეკა ქევანიშვილი


    როგორ მიდის

    ფეხაკრეფით.
    როგორც თოვლი თებერვალში
    გადაკვეთავს ქარის სეზონს.
    ტალახიანს, სუბსარქისი მიასრისავს მთის ძირებთან.
    როგორც ბოლო მგზავრი ბაქანს
    მოფრიალე ცხვირსახოცით,
    გვიან მატარებელს ატანს
    წინა ღამის მაჯის ცემას – ერთი ჩაწყვეტილი ვენით.
    ნელა.
    მობარბაცე ბოლო ლოთი როგორც ტოვებს
    სანახევროდ ალაგებულ ჭირის სუფრას
    და სტუმარი,
    გადაქანცულ დიასახლისს რიჟრაჟამდე
    უსარგებლო ქებას უთვლის.
    მიდის ასე.
    დნება.
    როგორც ვერცხლი თითზე – სიბერემდე.
    მკერდი – ტანზე.
    იპარება.
    სიკვდილის წინ როგორც ძაღლი
    უთმობს სადარაჯო ეზოს სხვა ძაღლს
    და ლასლასით მიმავალი გზაზე
    ნაღვლობს პატრონების გადაკარგვას.
    ფრთხილად, სულის შეგუბებით,
    როგორც დედა,
    ხურავს ჩვილის ოთახის კარს, როცა სძინავს.
    როგორც ქურდი,
    ჯიბესავსე სხვისი ფულით – სხვისი მომავალი დარდით
    გარბის უხმოდ ქალაქიდან.
    ასე ურცხვად,
    სხვა გულების დასახვრეტად.
    მი(მ)დის გული
    გაშვებამდე – ჯადოქრული ძალით ვაცმევ
    შენს ნაჩუქარ ფრთიან წაღებს,
    შელოცვით,
    რომ ხვალ დაბრუნდნენ,
    გზა იციან.
    რომ დაბრუნდნენ.
    რომ დაბრუნდნენ.

    ვინ მოიგონა

    ვინ მოიგონა ყვავილების ჩუქება მკვდრებისთვის?
    ქვის ხანის სულ პირველმა შეყვარებულმა კაცმა.
    რომელსაც,
    ჩემი ლეგენდით,
    ყნოსვით ნაპოვნი ძალიან ახალგაზრდა ქალი,
    ერთ დღეში დაუბერდა და
    ყვავილების მდელოზე
    მოუკვდა.
    პირველი მკვდარი ქალი იყო,
    ყვავილები კი, სულ შემთხვევით, მათზე დავარდნილს,
    აეკრა მკერდზე – პირველი კაბა.
    პირველი მოდა –
    ასე ჩაცმული მისცეს მკვდარი წყალს.
    და მას შემდეგ, არც არავის წარმოედგინა
    უყვავილო მიცვალებული.

    ყვავილების თმაში ჩაწვნაც იმ დღეს დაწესდა.
    მაინც გკითხავ,
    ვინ შეუხამა ზამბახები გარდაცვალებას?
    სულ პირველი,
    ლიანებისგან დაწნული კუბო აყვავდა ვითომ?

    და მიხაკები, მიხაკები ვიღამ გაწირა სამკვდრო გზაზე
    თითო მეტრის გამოტოვებით გასრესისათვის?
    და ბავშვები? ათი წლის ქვემოთ,
    უზარმაზარ გვირგვინებზე ჩაფრენილი პაწაწინა არსებები
    დიდი მისიით..
    მეც მკლავები მაშინ დამაწყდა,
    მიხაკების შენს ქუჩაზე გამოზოგვისას.

    სხვა ლეგენდით,
    სიკვდილის შავმა
    დიდი ოთახი წამებში ისე ჩამოაბნელა,
    ჭერზე, კედლებზე, დერეფნებში,
    შეშინებულმა ჭირისუფლებმა უცებ აანთეს
    სისხლისფერი გლადიოლუსის თაიგულები –
    სიკვდილის ჭრელი მაკიაჟი,
    შუადღის მზეზე გასახმობი…

    ჩემს ლეგენდაში,
    ისე მსურდა გავქცეოდი ქვის ხანის
    კაბის ტანზე ჩამოცმას,
    სიჩქარისაგან
    ფერდობებზე ჩამოკიდებულ იელების
    ცეცხლა ბუჩქებში გაბლანდული
    ჩავილეწე მაინც დაბლობზე
    და მძაფრი სუნით მოვიტყუე გარდაცვალება.

    იქ კი შენ დამხვდი,
    და ტანსაცმელშემოხეულს შემომაცვი
    მოყვითალო ქრიზამთემები..

    (c) “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი”

  • ლექცია

    დორის ლესინგი


    ნობელის პრემიის მიუწვდომლობის გამო

    (სანობელე ლექცია)

    ინგლისურიდან თარგმნა ირმა ტაველიძემ

    ზღურბლზე ვდგავარ, მორიალე მტვრის ღრუბლებში იქით ვიყურები, სადაც, როგორც მითხრეს, ჯერ კიდევ გაუკაფავი ტყეა. გუშინ მანქანით გავიარე რამდენიმე მილი კუნძებსა და შავად ჩანახშირებულ ნახანძრალებს შორის – იქ, სადაც 1956 წელს ყველაზე საოცარი ტყე იყო, რაც კი ოდესმე მინახავს. ყველაფერი განადგურებულია. ხალხს ჭამა უნდა. მათ საწვავი სჭირდებათ ცეცხლის დასანთებად.
    ეს ჩრდილო-დასავლეთ ზიმბაბვეა – ადრეულ ოთხმოციან წლებში და მე აქ მეგობარს ვესტუმრე, რომელიც სკოლის მასწავლებელი იყო ლონდონში. ის, როგორც ვამბობთ ხოლმე, “აფრიკას ეხმარება”. ფაქიზი სულის, იდეალისტი ადამიანია და იმ ყველაფერმა, რაც სკოლაში აღმოაჩინა, შოკში ჩააგდო, სრულ დეპრესიამდე მიიყვანა, რომლიდან გამოსვლაც ძალიან გაუჭირდა. ეს სკოლა ყველა იმ სკოლას ჰგავს, ქვეყნის დამოუკიდებლობის შემდეგ რომ ააშენეს. აგურის ოთხი დიდი ოთახია, გვერდიგვერდ, პირდაპირ მტვერში ჩადგმული: ერთი – ორი – სამი – ოთხი და ბოლოში ნახევარი ოთახი, რომელიც ბიბლიოთეკას წარმოადგენს. საკლასო ოთახებში დაფები კი არის, მაგრამ ჩემს მეგობარს ცარცი ჯიბით დააქვს – სხვა შემთხვევაში, მოიპარავენ. სკოლაში არც ატლასებია, არც გლობუსი, არც სახელმძღვანელოები, არც რვეულები და კალმები, ვერც ბიბილიოთეკაში ნახავთ ისეთ წიგნებს, რომლების წაკითხვაც მოსწავლეებს მოუნდებათ: აქ ამერიკული უნივერსიტეტებიდან გამოგზავნილი ტომებია – ისეთი მძიმე, რომ აწევა გაგიჭირდებათ, თეთრკანიანთა ბიბლიოთეკების მაკულატურა, დეტექტიური მოთხრობები, ან წიგნები ასეთი სათაურებით: “უიკ-ენდი პარიზში”, ან “კეთილდღეობა ჰპოვებს სიყვარულს”.
    აქ ერთი თხაც არის, რომელიც საკვების პოვნას ცდილობს აქა-იქ შერჩენილ გადამხმარ ბალახში. დირექტორმა სკოლის ფონდი გაფლანგა და თანამდებობიდან გაათავისუფლეს, რაც იმ კითხვას ბადებს, რომელსაც ხშირად ვსვამთ ხოლმე, თუმცა, ჩვეულებრივ, უფრო ფართო კონტექსტში: რატომ იქცევიან ადამიანები ასე, როცა იციან, რომ ყველა მათ უყურებს?
    ჩემს მეგობარს ფული არა აქვს, იმიტომ რომ მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც მისგან სესხულობენ, როგორც კი ხელფასს იღებს და ვალსაც ალბათ არასდროს დაუბრუნებენ. მოსწავლეების ასაკი ექვსიდან ოცდაექვს წლამდე მერყეობს, რადგან ზოგიერთი, ვინც მანამდე სკოლაში ვერ იარა, აქ სწორედ ამის გამოა მოსული. ყოველ დღე ზოგ მოსწავლეს გრძელი გზის გავლა უხდება, წვიმასა თუ მწველ მზეში, ხანდახან – მდინარეების გადალახვაც. ისინი საშინაო დავალებებს ვერ ასრულებენ, რადგან სოფლებში შუქი არ არის და ძნელია ცეცხლმოდებული კუნძის შუქზე ისწავლო რამე. გოგოებმა წყალი უნდა მოიტანონ და სადილი მოამზადონ, როგორც კი შინ დაბრუნდებიან და დილით, სანამ ისევ სკოლის გზას დაადგებიან.
    როცა ჩემს მეგობართან ერთად მის ოთახში ვზივარ, იქაურები მორცხვად შემოდიან და ყველა, ყველა წიგნებს თხოულობს: “ძალიან გთხოვთ, წიგნები გამოგვიგზავნეთ, როცა ლონდონში დაბრუნდებით.” ერთმა კაცმა კი მითხრა: “კითხვა გვასწავლეს, მაგრამ წიგნები არა გვაქვს”. ყველა, ვისაც შევხვდი, წიგნებს ითხოვდა.
    იქ რამდენიმე დღე დავრჩი. ირგვლივ მტვერი ირეოდა, წყალი არ იყო, იმიტომ რომ საქაჩი გატყდა და ქალები წყალს ისევ მდინარიდან ეზიდებოდნენ.
    ინგლისიდან ჩამოსული კიდევ ერთი იდეალისტი მასწავლებელი კინაღამ შეიშალა, როცა ნახა, რასაც წარმოადგენდა ეს “სკოლა”.
    ბოლო დღეს, რომელიც სემესტრის დასასრულს დაემთხვა, მათ თხა დაკლეს, პატარ-პატარა ნაჭრებად დაახვავეს და დიდ ქვაბში მოხარშეს: ამას ისე ელოდებოდნენ – სემესტრის დასასრულის ნადიმს, მოხარშულ თხასა და ფაფას. როცა ეს ხდებოდა, მანქანით სადღაც წავედი, ისევ ტყის შავად ჩანახშირებულ ნახანძრალებსა და კუნძებს შორის ვიარე.
    არა მგონია, რომ ამ სკოლის მოსწავლეებმა ოდესმე პრემიები მიიღონ.
    მომდევნო დღეა და უკვე ჩრდილოეთ ლონდონის სკოლაში ვარ, ძალიან კარგ სკოლაში, რომლის სახელიც ყველამ ვიცით. ეს ბიჭების სკოლაა. მშვენიერი შენობა, მშვენიერი ბაღი.
    ყოველ კვირა ამ მოსწავლეებს რომელიმე ცნობილი ადამიანი სტუმრობთ და ბუნებრივად ხდება, რომ მოწვეულთა შორის მოსწავლეების მამები, ნათესავ-ახლობლები, დედებიც კი აღმოჩნდებიან ხოლმე. პოპულარული ადამიანის სტუმრობა მათთვის ბევრს არაფერს ნიშნავს.
    ჩრდილოეთ ზიმბაბვეს მორიალე მტვერში გახვეული სკოლა ისევ გონებაში მიტრიალებს, ვუყურებ ამ თითქოსდა მომლოდინე სახეებს და იმის მოყოლას ვცდილობ, რაც წინა კვირაში ვნახე. საკლასო ოთახები წიგნების, სახელმძღვანელოების, ატლასების, კედელზე მიმაგრებული რუკის გარეშეც კი. სკოლა, სადაც მასწავლებლები გვთხოვენ, წიგნები გამოგვიგზავნეთო – იმისთვის, რომ იცოდნენ, როგორ ასწავლონ. თვითონ მხოლოდ თვრამეტი-ცხრამეტი წლისანი თუ იქნებიან და წიგნებს ითხოვენ. ამ ბიჭებს ვეუბნები, რომ ყველა, აბსოლუტურად ყველა წიგნებს ითხოვს: “ძალიან გთხოვთ, წიგნები გამოგვიგზავნეთ”. დარწმუნებული ვარ, აქ, თითოეულისთვის, ვისაც კი ოდესმე სიტყვა წარმოუთქვამს, ნაცნობი იქნება ის წუთი, როცა არაფრისმთქმელ, უშინაარსო სახეებს უყურებ. მსმენელებს თითქოს არ ესმით, რასაც ამბობ: მათ გონებაში არ მოიძებნება ის სურათები, რომლებსაც თქვენს ნათქვამს დაუკავშირებდნენ. ამ შემთხვევაში – მტვრის ღრუბლებში გახვეული სკოლის სურათები, სადაც წყალი არ მოდის და სემესტრის დასრულებას ზარ-ზეიმით დაკლული, დიდ ქვაბში მოხარშული თხით აღნიშნავენ.
    ნუთუ ნამდვილად არ შეუძლიათ ამ ბიჭებს ასეთი უკიდურესი სიღარიბე წარმოიდგინონ?
    ლამის ტყავიდან გამოვძვრე. ისინი ზრდილობიანად მისმენენ.
    აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მათ შორის ისინიც იქნებიან, ვინც პრემიებს მიიღებენ.
    მერე ეს ყველაფერი მთავრდება და მე მასწავლებლებთან ვრჩები. როგორც ყოველთვის, ვეკითხები, როგორი ბიბლიოთეკა აქვთ და მოსწავლეები თუ კითხულობენ. და აქ, პრივილეგირებულ სკოლაში, მესმის ის, რაც ყოველთვის მესმის, სკოლებსა და უნივერსიტეტებშიც კი:
    “ხომ იცით, როგორც ხდება. ბევრ ბიჭს საერთოდ არაფერი წაუკითხავს და ბიბლიოთკაც მხოლოდ სანახევროდ მუშაობს”.
    “ხომ იცით, როგორც ხდება”. ჰო, რა თქმა უნდა, ვიცით, როგორც ხდება. ყველამ კარგად ვიცით.
    ჩვენ ფრაგმენტებად დანაწევრებად კულტურაში ვცხოვრობთ, სადაც ის, რაც რამდენიმე ათწლეულის წინ ეჭვს არ იწვევდა, უკვე საეჭვო გამხდარა და ახალგაზრდა კაცებმა და ქალებმა, წლობით რომ იღებდნენ განათლებას, ჩვეულებრივ, არაფერი იციან სამყაროს შესახებ, არაფერი წაუკითხავთ, მხოლოდ ესა თუ ის სპეციალობა ესმით, მაგალითად, კომპიუტერები.
    ის, რაც თავს დაგვატყდა, განსაცვიფრებელი გამოგონება – კომპიუტერები, ინტერნეტი, ტელევიზია – მთელი რევოლუციაა. და ეს არ არის პირველი რევოლუცია, რომლის წინაშეც ჩვენ, ადამიანთა მოდგმა აღმოვჩნდით. ტიპოგრაფიულმა რევოლუციამ, რომელიც რამდენიმე ათწლეულს კი არ გრძელდებოდა, არამედ გაცილებით დიდი დრო მოიცვა, მსოფლმხედველობა და აზროვნების მანერა შეგვიცვალა. დაუფიქრებლად მივიღეთ ეს ყველაფერი – როგორც ყოველთვის, არც კი გვიკითხავს: “რას მოგვიტანს ბეჭდვის გამოგონება?” ასევე, ერთხელაც არ მოგვსვლია აზრად, რომ გვეკითხა: როგორ შეგვცვლის, როგორც შეცვლის ჩვენს გონებას ინტერნეტის სიახლეები, რომელმაც მთელი თაობა არაფრისმაქნისად აქცია, ისე რომ სრულიად საღ გონებაზე მყოფნიც კი აღიარებენ: როგორც კი მიეჯაჭვნენ, თავის დაღწევა გაუჭირდათ და ხშირად აღმოუჩენიათ, რომ თურმე მთელი დღე გაუტარებიათ ბლოგებსა და ბლაგებსა და ჯანდაბაში.
    სულ ახლახანს, ნებისმიერი საშუალო განათლების მქონე ადამიანიც კი პატივს სცემდა სწავლა-განათლებასა და ასევე, კრძალვით ეპყრობოდა ჩვენს დიდ ლიტერატურულ ფონდს. რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით, რომ როცა ეს ბედნიერი ხანა სუფევდა, ხალხი თავს იტყუებდა, თითქოს კითხულობდა, თითქოს სწავლას პატივს სცემდა, მაგრამ ისიც ხომ დამტკიცებულია, რომ მშრომელ კაცებსა და ქალებს კითხვის დიდი მოთხოვნილება ჰქონდათ. მე-18 და მე-19 საუკუნეების მუშათა ბიბლიოთეკები, ინსტიტუტები, კოლეჯები ამის ნათელი დასტურია.
    კითხვა, წიგნები ოდესღაც ზოგადი განათლების ნაწილს წარმოადგენდა.
    ახალგაზრდებთან საუბრისას ასაკოვანმა ხალხმა უნდა გააცნობიეროს, თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებდა კითხვა განათლების მიღების პროცესში, რადგან, დღეს, ახალგაზრდებმა ასე ცოტა რამ იციან. და თუ ბავშვებს არ შეუძლიათ კითხვა, ეს იმიტომ, რომ მათ არაფერი წაუკითხავთ.
    ყველამ ვიცით ეს სევდიანი ამბავი.
    მაგრამ არ ვიცით მისი დასასრული.
    ერთი ძველებური გამოთქმა გვახსენდება – “კითხვა სისრულეს მატებს ადამიანს” – დავივიწყოთ ჭარბ კვებასთან დაკავშირებული ანეკდოტები – კითხვა მართლაც ავსებს ქალსა თუ კაცს ინფორმაციით, ისტორიით, ყოველგვარი ცოდნით.
    ჩვენ ხომ ერთადერთი ხალხი არა ვართ მსოფლიოში. არც ისე დიდი ხნის წინ მეგობარმა დამირეკა, რომელმაც მითხრა, რომ ზიმბაბვეს ერთ-ერთ სოფელში მოხვედრილა, სადაც სამი დღე-ღამე არაფერი უჭამიათ, მაგრამ წიგნებსა და მათი მოპოვების გზებზე საუბრობდნენ, განათლებაზე ლაპარაკობდნენ.
    მე ერთი პატარა ორგანიზაციის წევრი ვარ, რომელიც იმ მიზნით შეიქმნა, რომ სოფლებში წიგნები ჩაეტანა. სხვათაშორის, ამ ხალხის ერთმა ჯგუფმა მთელს ზიმბაბვეში იმოგზაურა. როგორც გვაცნობეს, სოფლები – განსხვავებით იმისგან, რასაც ამბობენ ხოლმე – სავსეა მოაზროვნე ადამიანებით, პენსიონერი მასწავლებლებით, ყოფილი მასწავლებლებით, არდადეგებზე მყოფი ბავშვებით, მოხუცებით. მე თვითონ პატარა გამოკვლევა დავაფინანსე – იმის შესახებ, თუ რისი წაკითხვა სურდა ხალხს და აღმოვაჩინე, რომ შედეგები შვედური გამოკვლევისას თანხვდებოდა, რომლის შესახებაც არაფერი ვიცოდი. ხალხს იმის წაკითხვა უნდოდა, რისი წაკითხვაც ევროპაში სურთ, თუ საერთოდ სურთ – ყველანაირი რომანების, სამეცნიერო ფანტასტიკის, პოეზიის, დეტექტივების, პიესების, შექსპირის, პრაქტიკული სახელმძღვანელოები კი – მაგალითად, როგორ გავხსნათ საბანკო ანგარიში – სულ ბოლო იყო სიაში. შექსპირის ყველა ნაწარმოები უნდათ: სახელი გაუგონიათ. სოფლელების წიგნებით მომარაგების პრობლემა ის არის, რომ მათ არ იციან, რომელია ხელმისაწვდომი. ასე რომ, პროგრამული ნაწარმოები, მაგალითად – «კასტერბრიჯის მერი» პოპულარული ხდება, რადგან მათთვის ეს ნაცნობია. “ცხოველთა ფერმა”, გასაგები მიზეზების გამო, ყველაზე პოპულარულია რომანებს შორის.
    ჩვენი პატარა ორგანიზაცია წიგნებს შოულობდა, რა გზითაც შეეძლო, მაგრამ გვახსოვდა, რომ ინგლისიდან ჩამოტანილი, კარგი რბილყდიანი წიგნი ერთი თვის ხელფასი ჯდებოდა: ეს მუგაბეს ტერორისტულ რეჟიმამდე იყო. ახლანდელი ინფლაციის პირობებში კი, რამდენიმე წლის ხელფასი მაინც დაჯდება. თუმცა წიგნებით სავსე ყუთის სოფელში ჩატანისას – და გაიხსენეთ, იქ საშინლად ჭირს ბენზინის შოვნა – ამ ყუთს ცრემლებით შეეგებებიან. შეიძლება, “ბიბლიოთეკა” მხოლოდ ხის ძირას აგურებზე გადებულ ფიცარს ერქვას, მაგრამ მთელი კვირის მანძილზე აქ წერა-კითხვის გაკვეთილები გაიმართება – ხალხი, ვისაც კითხვა შეუძლია, ასწავლის იმათ, ვისაც არ შეუძლია – და ეს იქნება ნამდვილი მოქალაქეობის გაკვეთილები. ერთ შორეულ სოფელში კი, იმის გამო, რომ ტონგაზე რომანები არ იყო, ორი ყმაწვილი დაჯდა და რომანების წერა დაიწყო ამ ენაზე. ზიმბაბვეში დაახლოებით ექვსი ძირითადი ენაა და ყველა მათგანზეა რომანები – ძალადობით, ინცესტით, დანაშაულითა და მკვლელობებით სავსე.
    ჩვენს პატარა ორგანიზაციას ჯერ ნორვეგიამ დაუჭირა მხარი, მერე კი – შვედეთმა. ამ მხარდაჭერის გარეშე წიგნების მარაგი მალე ამოიწურებოდა. ზიმბაბვეში გამოცემული რომანები და აგრეთვე, პრაქტიკული სახემძღვანელოები იმ ხალხთან იგზავნება, ვინც ისინი ენატრება.
    ამბობენ, ხალხს ისეთი მთავრობა ჰყავს, როგორსაც იმსახურებსო, მაგრამ არა მგონია, ზიმბაბვეს შემთხვევაში, ეს მართალი იყოს. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ წიგნებისადმი პატივისცემა და წყურვილი მუგაბეს რეჟიმიდან კი არ მომდინარეობს, არამედ თეთრკანიანთა ბატონობის ეპოქიდან. საოცარი მოვლენაა ეს წიგნების წყურვილი და ყველგან, ყველგან ჩანს, კენიიდან მოყოლებული – იმედის კონცხამდე.
    ეს უდავოდ ერთ ფაქტს უნდა უკავშირდებოდეს: მე, პრაქტიკულად, ჩალით გადახურულ მიწურში გავიზარდე. ასეთ სახლს ყველა დროში ყველგან აშენებდნენ, სადაც კი ლელქაში ან ბალახი მოიძებნებოდა, ასევე, აყალო მიწა, ბოძები – კედლებისთვის. მაგალითად, საქსონურ ინგლისში. ის ქოხი, სადაც ვიზრდებოდი, ერთის ნაცვლად, გვერდიგვერდ მოთავსებული ოთხი ოთახისგან შედგებოდა და რაც მთავარია, წიგნებით იყო სავსე. ჩემმა მშობლებმა წიგნები მხოლოდ ინგლისიდან აფრიკაში კი არ ჩაიტანეს, არამედ ბავშვებისთვის დედაჩემი ინგლისიდანაც იწერდა ხოლმე მათ, დიდი ყავისფერი ქაღალდის ამანათებით ჩემი სიყმაწვილის მთავარი სიხარული იყო. წიგნებით სავსე მიწური.
    ზოგჯერ წერილებს იმ ხალხისგან ვიღებ, რომლებიც სოფელში ცხოვრობენ, იქ, შესაძლოა, შუქი არ იყოს, ან წყალი არ მოდიოდეს ონკანში (როგორც იმ გრძელ მიწურში, რომელშიც ჩვენი ოჯახი ბინადრობდა), მაგრამ “მეც მწერალი ვიქნები, იმიტომ რომ მეც ისეთივე სახლი მაქვს, როგორშიც თქვენ ცხოვრობდით”.
    მაგრამ, აი, აქ არის სირთულე.
    მწერლები იმ სახლებში არ იბადებიან, სადაც წიგნები არ არის.
    აი, აქ არის უფსკრული. აი, ეს არის სირთულე.
    მე ზოგიერთი თქვენი ბოლოდროინდელი პრემიის ლაურეატის სიტყვებს გადავხედე. თუნდაც განსაცვიფრებელი ფამუქი ავიღოთ. მან თქვა, რომ მამამისს 1500 წიგნი ჰქონდა. მისი ნიჭი ჰაერიდან არ მოსულა, ის დიდ ტრადიციას უკავშირდებოდა.
    ავიღოთ ვ.ს. ნაიპოლი. ის ამბობს, რომ ინდური ვედები ღრმად იყო ჩაბეჭდილი მისი ოჯახის მეხსიერებაში. წერისკენ მამამისმა უბიძგა. და როცა ინგლისში ჩამოსვლის უფლება მოიპოვა, მან ბრიტანულ ბიბლიოთეკაში დაიწყო სიარული. ასე რომ, ის დიდ ტრადიციას დაუახლოვდა.
    ავიღოთ ჯონ კუტზეე. იგი მხოლოდ დიდ ტრადიციას კი არ უკავშირდებოდა, არამედ თვითონ წარმოადგენდა ტრადიციას: ლიტერატურას ასწავლიდა ქეიფ თაუნში. და რა საწყენია, რომ არასდროს დავსწრებივარ მის გაკვეთილს, ჩემთვის არასდროს უსწავლებია ამ არაჩვეულებრივად მამაც, შეუპოვარ გონს.
    იმისთვის, რომ წერო, იმისთვის, რომ ლიტერატურა შექმნა, მჭიდრო კავშირი უნდა გქონდეს ბიბლიოთეკებთან, წიგნებთან, ტრადიციასთან.
    მე მყავს ერთი მეგობარი ზიმბაბვეში. მწერალი, შავკანიანი. და ეს არის მთავარი. მან თვითონ ისწავლა კითხვა მურაბებისა და ხილის კომპოტების ქილებზე მიწებებული ეტიკეტებიდან. იმ ადგილას გაიზარდა, მე რომ მანქანით მოვიარე, სოფლელი შავკანიანების გარემოში. მიწა ხრეშნარევ ქვიშას წარმოადგენს, მეჩხერი, დაბალი ბუჩქებით. ქოხები ღარიბულია, შედარებაც კი არ შეიძლება მდიდრების მოვლილ ქოხებთან. სკოლა – ასეთი ხომ უკვე აღვწერე. მან გადაგდებული საბავშვო ენციკლოპედია იპოვა ნაგავსაყრელზე და იქიდან სწავლობდა.
    1980 წელს, დამოუკიდებლობის მიღებისას, ზიმბაბვეში კარგი მწერლების ჯგუფი არსებობდა, მოჭიკჭიკე ჩიტების ნამდვილი ბუდე. ისინი ძველ სამხრეთ როდეზიაში გამოიჩეკნენ, თეთრკანიანთა ბატონობის დროს – მისიონერულ სკოლებში, ბევრად უკეთეს სკოლებში.
    იმ მწერლებმა რთული გზა გაიარეს წიგნიერებამდე, რამაც ისინი მწერლებად აქცია. ვიტყოდი, რომ მურაბების ქილებზე მიწებებული ეტიკეტები და გადაგდებული ენციკლოპედიები სულაც არ იყო გამონაკლისი. ჩვენ ხომ იმ ხალხზე ვსაუბრობთ, ვისაც ნორმალური განათლების წყურვილი კლავდა, რაც მათთვის ბოლომდე მიუწვდომელი რჩებოდა. ქოხი თუ ქოხები ბევრი ბავშვით, მუშაობისგან ქანცგაწყვეტილი დედა, ბრძოლა საკვებისა და ტანსაცმლისათვის…
    და მაინც, მიუხედავად ამ სირთულეებისა, მწერლები გაჩნდნენ და კიდევ არის რაღაც, რაც არ უნდა დავივიწყოთ. იმ დროს ზიმბაბვე ფიზიკურად ნაკლებად დაპყრობილი ქვეყანა იყო, ვიდრე ასი წლის წინ. ამ ხალხის ბაბუები და ბებიები შეიძლება თავისი კლანის მეზღაპრეებიც კი იყვნენ. არსებობდა ზეპირსიტყვიერი ტრადიცია. ერთმა ან ორმა თაობამ ამბები დაიხსომა და ნაბეჭდ ტექსტებში, წიგნებში გადაიტანა. აი, ნამდვილი მიღწევა!
    ამასწინათ რამდენიმე ანგარიში გადმომიგზავნეს აფრიკის საგამომცემლო სფეროდან. უფრო პრივილეგირებულ ადგილებში, როგორიც ჩრდილოეთ აფრიკაა, თავისი განსხვავებული ტრადიციით, საგამომცემლო სივრცის შესახებ საუბარი სრულიად განხორციელებადი ოცნებაა.
    აქ იმ წიგნებზე ვსაუბრობ, რომლებიც არასდროს დაწერილა, მწერლებზე, მათი შექმნა რომ ვერ შეძლეს, რადგან იქ გამომცემლები არ არიან. არგაგონილი ხმები. შეუძლებელია, ამ გაფლანგული ტალანტისა და პოტენციალის შეფასება. თუმცა წიგნის შექმნის იმ სტადიის წინ, რომელიც გამომცემელს, მხარდაჭერას, ხელშეწყობას ითხოვს, კიდევ არის რაღაც, რაც მათ აკლიათ.
    მწერლებს ხშირად ეკითხებიან: როგორ წერთ? პროცესორით? ელექტრო საბეჭდი მანქანით? ბატის ფრთით? ხელით? მაგრამ მთავარი კითხვაა: მონახეთ ადგილი, ის თავისუფალი ადგილი, რაც თქვენს ირგვლივ უნდა იყოს, როცა წერთ? ამ სივრცეში, რომელიც მოსმენისა და ყურადღების მოკრებისთვის გჭირდებათ, თავისით მოვა სიტყვები, სიტყვები, რომლებითაც თქვენი პერსონაჟები ისაუბრებენ, მოვა იდეები, მოვა შთაგონება.
    თუკი მწერალს ამ სივრცის პოვნა არ შეუძლია, მაშინ ლექსები და მოთხრობები შეიძლება მკვდრადშობილი დაიბადოს.
    როცა მწერლები ერთმანეთს ესაუბრებიან, მათი კითხვები ყოველთვის ამ სივრცეს ეხება, ამ პარალელურ დროს. «იპოვე? ჩაებღაუჭე?»
    მოდით, ახლა სრულიად განსხვავებულ სივრცეში გადავინაცვლოთ. ჩვენ ლონდონში ვართ, ერთ-ერთ მეგაპოლისში. აქ ახალი მწერალი გამოჩნდა. ცინიკურად ვკითხულობთ: როგორი ძუძუები აქვს? ლამაზია? თუ კაცია, მაშინ – ქარიზმატულია? სიმპათიურია? ვხუმრობთ, მაგრამ ეს ხუმრობა არ არის.
    ამ ახალ აღმოჩენას ტაშს უკრავენ, ხშირად ბევრ ფულსაც აძლევენ. მათ საბრალო ყურებთან პაპარაცების ზუზუნი იწყება. ზეიმებს უმართავენ, აქებენ, მთელს მსოფლიოში დააქროლებენ. რაც შეეხება ძველებს, რომლებსაც ეს ყველაფერი უნახავთ, ებრალებათ ახალბედა, რომელსაც წარმოდგენა არა აქვს, თუ რა ხდება სინამდვილეში.
    ის მეტად ნაამები და კმაყოფილია.
    მაგრამ ერთი წლის შემდეგ ჰკითხეთ, რას ფიქრობს. მათგანვე მომისმენია: «ეს ყველაზე უარესია, რაც კი ოდესმე თავს დამტეხია»
    ზოგიერთ დიდად რეკლამირებულ ახალბედა მწერალს აღარაფერი დაუწერია, ან ის არ დაუწერია, რაც უნდოდა, ან ის, რასაც აპირებდა.
    და ჩვენ, ძველებს, გვინდა, მათ უმანკო ყურებში ჩავჩურჩულოთ: “უკვე იპოვე შენი სივრცე? შენი საკუთარი, ყველაზე საჭირო ადგილი, სადაც შინაგანი ხმები გესაუბრებიან, სადაც ოცნებას შეძლებ. ჩაეჭიდე ამას, ხელიდან არ გაუშვა”.
    მაგრამ ერთგვარი განათლებაც აუცილებელია.
    ჩემი გონება სავსეა აფრიკის იმ დიდებული მოგონებებით, რომლებიც შემიძლია, გავაცოცხლო და მათი მზერით დავტკბე, როცა კი მოვისურვებ. ვთქვათ, ჩამავალი მზის სხივები, ოქროსფრად, მეწამულად და ნარინჯისფრად რომ ეფინება საღამოს ცას. ან პეპლები, ქინქლები და ფუტკრები, კალაჰარის უდაბნოს სურნელოვან ბუჩქებს რომ შესევიან. ან მე თვითონ, ზამბეზის პირას ჩამომჯდარი, სადაც ის გადახუნებულ ბალახოვან ნაპირებს შორის მიედინება – მშრალი სეზონია – მუქი მწვანე და კრიალა, აფრიკის ჩიტებით დახუნძლული. ჰო, სპილოები, ჟირაფები, ლომები და სხვა დანარჩენები. და ღამის ცა, ჯერ კიდევ სუფთა, შავი და შესანიშნავი ცა, მოუსვენარი ვარსკვლავებით სავსე.
    თუმცა სხვა მოგონებებიც არსებობს. თვრამეტი-ცხრამეტი წლის ბიჭი, ცრემლებით სავსე თვალებით, თავის “ბიბლიოთეკასთან” დგას. ამერიკელმა სტუმარმა, რომელმაც ეს უწიგნო ბიბლიოთეკა ნახა, კარგა მოზრდილი ამანათი გამოუგზავნა, მაგრამ ამ ბიჭმა თითოეული წიგნი კრძალვით აიღო და ცელოფანში გაახვია. “კი, მაგრამ”, – ვეუბნებით, – “წიგნები ხომ აშკარად წასაკითხად გამოგიგზავნეს”, ის გვპასუხობს: “არა, ესენი დაისვრება და მერე სადღა ვიშოვი”.
    მას უნდა, რომ ინგლისიდან წიგნები გამოვუგზავნოთ, რათა ისწავლოს, თუ როგორ ასწავლოს. “მხოლოდ ოთხი წელი დავდიოდი კოლეჯში”, – ისევ გვეხვეწება, – “მაგრამ არასდროს უსწავლებიათ, როგორ უნდა ვასწავლო”.
    მე ვნახე მასწავლებელი იმ სკოლაში, სადაც არ იყო სახელმძღვანელოები, ცარცის ნატეხიც კი არ იდო დაფასთან – მოეპარათ. ის მტვერში ქვებს გადაანაცვლებდა ხოლმე: “ორჯერ ორი ოთხია” და ასე შემდეგ. ვნახე ერთი გოგოც, ოც წელზე მეტის არ იქნებოდა, რომელსაც ასევე არ ჰქონდა სახელმძღვანელოები, რვეულები, კალმები – არაფერი და ანბანის ასოებს ჩხირით ხაზავდა მიწაზე, როცა მზე აჭერდა და ირგვლივ მტვერი ირეოდა.
    აი, აქ ჩანს განათლების ის დიდი წყურვილი, რომელიც იგრძნობა აფრიკაში, ნებისმიერ ადგილას მესამე სამყაროში, ან რაც არ უნდა დავუძახოთ სამყაროს იმ რეგიონებს, სადაც მშობლები ნატრობენ, რომ მათმა შვილებმა განათლება მიიღონ, რომელიც მათ სიღარიბისგან იხსნის და საშუალებას მისცემს, რომ უპირატესობით ისარგებლონ.
    ჩვენი განათლების უპირატესობით, რასაც, დღეს, ასეთი საფრთხე ემუქრება.
    მინდა წარმოიდგინოთ, რომ სამხრეთ აფრიკაში ხართ, რომელიღაც ინდურ მაღაზიაში, ღარიბულ ადგილას, საშინელი გვალვის დროს. აქ ხალხის რიგია, ძირითადად ქალების, ყველა სახის ჭურჭელით. შუადღით ამ მაღაზიაში ქალაქიდან ცისტერნით წყალი მოაქვთ ხოლმე და ხალხიც ამ ძვირფას წყალს ელოდება.
    ინდოელი ხელისგულებით დახლზე დაყრდნობილა და შავკანიან ქალს უყურებს, რომელიც სქლად აკინძულ ფურცლებს მისჩერებია – თითქოს რომელიღაც წიგნიდან ამოუგლეჯავთო. ის “ანა კარენინას” კითხულობს.
    ნელა კითხულობს, ტუჩების ცმაცუნით. რთული წიგნი ჩანს. ეს ქალი ახალგაზრდაა, ორი პატარა ბავშვით, ფეხებზე რომ ეკონწიალებიან. ორსულადაა. ინდოელს გული სტკივა, რადგან ახალგაზრდა ქალის თავსაფარი, რომელიც თეთრი უნდა იყოს, მტვერს გაუყვითლებია. მისი მკერდი და მკლავებიც მტვერს დაუფარავს. კაცს მყიდველთა რიგებიც სტანჯავს – ყველას სწყურია, მაგრამ მას საკმარისი წყალი არა აქვს. გაბრაზებულია, რადგან იცის, რომ აქ ხალხი კვდება, ამ მტვრის ღრუბლებში. მისი უფროსი ძმა ადრე მუდმივად ამარაგებდა, მაგრამ მერე თქვა, შესვენება მჭირდებაო და ქალაქში წავიდა – მართლა ცუდად იყო, გვალვას ვეღარ უძლებდა.
    კაცი ცნობისმოყვრეა. ახალგაზრდა ქალს ეკითხება: “რას კითხულობთ?”
    “რუსეთზეა”, – ამბობს გოგო.
    “იცი, სად არის რუსეთი?” – არც თვითონ იცის კარგად.
    ახალგაზრდა ქალი პირდაპირ სახეში შეჰყურებს, ღირსებით სავსე, თუმცა მტვრისგან თვალები დასწითლებია, – “საუკეთესო ვიყავი კლასში. მასწავლებელმა თქვა, რომ საუკეთესო ვიყავი”.
    კითხვას აგრძელებს: სურს, აბზაცის ბოლომდე ჩავიდეს.
    ინდოელი ორ პატარა ბავშვს უყურებს და ფანტას გადასწვდება, მაგრამ დედა ამბობს: “ფანტა უფრო მოაწყურებს”.
    ინდოელმა იცის, რომ ეს არ უნდა გააკეთოს, მაგრამ მაინც მისწვდება გვერდით მიდგმულ დიდ პლასტმასის ბიდონს, დახლს უკან და წყალს პლასტმასისავე ჭიქებში ჩამოასხამს, რომლებსაც ბავშვებს მიაწვდის. არც ის გამორჩება, რომ გოგო ტუჩებს ამოძრავებს, როცა ხედავს: მისი შვილები წყურვილს იკლავენ. კაცი ახლა მას აწვდის წყლის ჭიქას. გული ეწურება, როცა უყურებს – თურმე როგორ საშინლად სწყურია.
    შემდეგ ის აწვდის ინდოელს პლასტმასის ბიდონს, რომელსაც კაცი ბოლომდე ავსებს. ახალგაზრდა ქალი და ბავშვები ხელებში მისჩერებიან, სულ ცოტაც არ დაექცესო.
    მერე გოგო თავს ისევ წიგნში ჩარგავს. ნელა კითხულობს, მაგრამ ამ აბზაცით მოიხიბლება და მას კიდევ ერთხელ წაიკითხავს:
    “ვარენკა, შავ თმაზე გაკრული თეთრი თავსაფრით, ბავშვების გარემოცვაში, რომლებსაც მხიარულად და ხალისიანად დაჰფოფინებდა და ამავე დროს თვალშისაცემად აღელვებული იმაზე ფიქრით, რომ ალბათ ხელს სთხოვდა კაცი, რომლის მიმართაც გულგრილი არ იყო, მეტად მიმზიდველად გამოიყურებოდა. კოზნიშევმა გვერდით ჩაუარა და აღტაცების გამომხატველი მზერა შეაგება. როცა უყურებდა, კაცს ყველა ის საამური სიტყვა ახსენდებოდა, რაც მისი ბაგეებიდან სმენოდა, ყველანაირი სიკეთე, რაც მის შესახებ იცოდა და უფრო და უფრო კარგად აცნობიერებდა, რომ გრძნობა, რომელიც მის მიმართ გაუჩნდა, მეტად იშვიათი იყო – რაღაც, რაც ერთხელ განიცადა, მაგრამ დიდი, დიდი ხნის წინ, ადრეულ სიყმაწვილეში. ქალის სიახლოვით გამოწვეული სიხარული თანდათან იზრდებოდა და საბოლოოდ ისეთ წერტილს მიაღწია, რომ როცა უზარმაზარი არყის სოკო, წერწეტა ყუნწით და ზემოთ აპრეხილი ქუდით, კალათში ჩაუდო, თვალებში ჩახედა და იქ მხოლოდ სიხარულის მოზღვავებასა და შიშნარევ მღელვარებას გადააწყდა, რაც ვარენკას სახეს ალმურში ხვევდა. კაცი ცოტა დაბნეული იყო და მდუმარედ გაუღიმა, რითიც საკმაოდ ბევრი რამ თქვა”.
    ნაბეჭდი ტექსტის ერთი ნაწილი დახლზე დევს, ჟურნალების ძველი ნომრების, გაზეთის ფურცლების, ბიკინებიანი გოგოების ფოტოების გვერდით.
    დროა, ინდური მაღაზიის სამოთხე დატოვოს და ოთხი მილი გაიაროს – უკან, სოფლისკენ. დროა… გარეთ მომლოდინე ქალების რიგები აჩოჩქოლდნენ და უკმაყოფილებით აბუზღუნდნენ. მაგრამ ინდოელი ისევ ისე ზოზინებს. იცის, რის ფასად დაუჯდება ამ გოგოს შინ დაბრუნება, ორი ჩამოკონწიალებული ბავშვით. კი გაატანდა პროზის ამ ნაგლეჯს, რამაც ასე ძალიან მოხიბლა, მაგრამ ვერაფრით დაიჯერებს, რომ ამ მუცელგამობერილ, გაჩხიკინებულ გოგოს ნამდვილად შეუძლია მისი გაგება.
    საიდან გაჩნდა “ანა კარენინას” თითქმის მესამედი შორეული ინდური მაღაზიის დახლზე? ალბათ ასე:
    ვიღაც მაღალმა თანამდებობის პირმა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციიდან, როგორც ხდება ხოლმე, ეს რომანი წიგნის მაღაზიაში შეიძინა, სანამ დიდ მოგზაურობას შეუდგებოდა ზღვებისა და ოკეანეების გადასალახად. თვითმფრინავის ბიზნეს-კლასის სავარძელში მოკალათებულმა სამად გახია ეს წიგნი. ამის ჩადენისას სხვა მგზავრებს გადახედა, რადგან იცოდა, რომ შოკის, ცნობისმოყვარეობის, ერთგვარი მხიარულების გამომხატველ სახეებსაც კი წააწყდებოდა. როცა მოკალათდა, ღვედი მაგრად მოიჭირა და ხმამაღლა თქვა იმათ გასაგონად, ვისაც ესმოდა: “ყოველთვის ასე ვიქცევი, როცა ხანგრძლივ მოგზაურობას ვიწყებ. სად უნდა ათრიო მძიმე, სქელი წიგნი!” რომანს თხელი ყდა ჰქონდა, მაგრამ მართლაც დიდტანიან ტომს წარმოადგენდა. ეს კაცი მიჩვეული იყო, რომ საუბრისას მას ხალხი უსმენდა. “ყოველთვის ასე ვიქცევი მოგზაურობისას”, – გაანდო მათ, – “მგზავრობა ჩვენს დროში ხომ ისედაც საკმაოდ მძიმეა”. როცა სხვებიც კომფორტულად მოთავსდნენ სავარძლებში, მან “ანა კარენინას” ერთი ნაწილი გადაშალა და კითხვას შეუდგა. როგორც კი ვინმე მის საქციელს მეტ-ნაკლები ცნობისმოყვარეობით შეხედავდა, უმალვე გაენდობოდა ხოლმე: “არა, მხოლოდ ასე თუ შეიძლება მგზავრობა!” იცოდა ეს რომანი, მოსწონდა და კითხვის ამგვარი ორიგინალური მანერა უფრო პიკანტურ გემოს აძლევდა იმას, რაც, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კარგად იცოდა.
    ამასობაში, იმ ინდურ მაღაზიაში, ახალგაზრდა ქალი დახლს ეყრდნობა, შვილები ქვედაკაბაზე ეკონწიალებიან. მას ჯინსი აცვია, რადგან თანამედროვე ქალია, მაგრამ ზემოდან მძიმე შალის ქვედაკაბა ჩაუცვამს, თავისი ხალხის ტრადიციული სამოსის ნაწილი: ბავშვებს იოლად შეუძლიათ მის სქელ ნაკეცებზე ჩამოკიდება.
    მან მადლიერი მზერით შეხედა ინდოელს, რადგან იგრძნო, რომ კაცს მოეწონა და მასზე გული შესტკივა, მერე კი გარეთ, მორიალე ღრუბლებში გამოვიდა.
    ბავშვებს ტირილის თავიც აღარ ჰქონდათ, ყელი მაინც მტვრით ავსებოდათ.
    ეს მძიმე იყო, ჰო, მეტად მძიმე იყო ამ ნაბიჯის გადადგმა, ერთი ფეხი, მერე – მეორე, მტვერში, რომელიც მცირე ზომის მატყუარა ბორცვებად წამომართულიყო მის ფეხებთან. მძიმე, მძიმე – მაგრამ ის მიჩვეული იყო სიმძიმეს – რა, არა? მისი გონება ისევ იმ ამბავში დარჩა, რასაც კითხულობდა. ასე ფიქრობდა: «თეთრთავსაფრიანი ქალი მე მგავს, ისიც ბავშვებს უვლის. შეიძლებოდა, სულაც მე ვყოფილიყავი ეს რუსი გოგო. იმ კაცს უყვარს და ცოლად გაყოლას სთხოვს (მან მხოლოდ ის ერთი აბზაცი ჩაიკითხა), ჰო, ეს კაცი ჩემთან მოვა და ამ ყველაფრისგან ძალიან შორს წამიყვანს, მე და ბავშვებს წაგვიყვანს, დიახ, ვეყვარები და მომივლის.”
    ის ნაბიჯს დგამს წინ. მხარზე შემოდგმული წყლის ბიდონი ემძიმება. მაინც მიდის. ბავშვებს კარგად ესმით, როგორ ჭანჭყარებს ბიდონში წყალი. ნახევარ გზაზე ჩერდება, ბიდონს ჩამოდგამს. ბავშვები ბუზღუნებენ და ჭურჭელს სწვდებიან. ის ფიქრობს, რომ თუ გახსნის, შიგ მტვერი ჩავა. არა, ვერაფრით ვერ გახსნის ამ ბიდონს, სანამ სახლში არ მივა.
    “მოიცადეთ”, – ეუბნება ბავშვებს, – “მოიცადეთ”.
    მან ძალ-ღონე უნდა მოიკრიბოს და გზა გააგრძელოს.
    ფიქრობს: “მასწავლებელმა მითხრა, რომ ერთი ბიბლიოთეკა იყო, სუპერმარკეტზე დიდი შენობა და სულ წიგნებით სავსე”. სიარულისას ახალგაზრდა ქალი იღიმება, თუმცა მტვერი სახეში ეყრება. “ჭკვიანი ვარ”, – ფიქრობს ის, – “მასწავლებელმა თქვა, რომ ჭკვიანი ვარ. მან მითხრა, სკოლაში ყველაზე ჭკვიანი ხარო. შვილებიც ჩემსავით ჭკვიანები მეყოლება. მათ წიგნებით სავსე ბიბლიოთეკაში წავიყვან. ისინი სკოლაში ივლიან, მასწავლებლები იქნებიან – იმან მითხრა, რომ მეც შემეძლო მასწავლებელი გავმხდარიყავი. ჩემი შვილები აქედან შორს იქნებიან, ფულს იშოვნიან. ისინი დიდ ბიბლიოთეკებთან ახლოს იცხოვრებენ”.
    შეიძლება მკითხოთ, თუ რა ბედი ეწია რუსული რომანის იმ ნაწილს, ინდური მაღაზიის დახლზე?
    მშვენიერი მოთხრობა გამოვიდოდა. იქნებ ვინმემ დაწეროს კიდეც.
    მიდის საბრალო გოგო. წელში გამართული იმის გამო, რომ წყალი მიაქვს, რომელსაც ბავშვებს დაალევინებს, როცა სახლში მივა და თვითონაც მოსვამს ცოტას. მიდის… აფრიკული გვალვის შემზარავ მტვერში.
    ჩვენც ქანცგაწყვეტილები ვართ – ჩვენს სამყაროში, რომელსაც ამდენი რამ ემუქრება. მაგრები ვჩანვართ ირონიასა და ცინიზმში. ზოგიერთი სიტყვა თუ იდეა ძლივსღა გამოიყენება, ისე გაცვდა და გაიცრიცა. მაგრამ ხომ შეიძლება კვლავ გვინდოდეს იმ სიტყვებიდან ზოგიერთის აღდგენა, რომლებმაც შინაგანი ძალა დაკარგეს?
    ჩვენ საგანძური გვაქვს – დიდძალი განძი – ლიტერატურისა, რომელსაც ეგვიპტელებთან, ბერძნებთან, რომაელებთან მივყავართ. აქ ყველაფერია, ეს ლიტერატურული სიმდიდრეა, ისევ და ისევ რომ უნდა აღმოაჩინოს ვინმემ, ვინც საკმარისად იღბლიანი იქნება. განძი. დავუშვათ, რომ ის არ არსებობს. როგორი ღარიბ-ღატაკნი, როგორი ცარიელნი ვიქნებოდით, არა?
    ჩვენ ენების, ლექსების, ამბების მემკვიდრეობას ვფლობთ და ეს არასდროს ამოიწურება. ეს ყოველთვის აქაა.
    ასევე, მემკვიდრეობით გვერგო ამბები და ზღაპრები იმ მოხუცი მეზღაპრეებისგან, რომელთაგან ზოგის სახელი ვიცით, მაგრამ ზოგის – არა. მეზღაპრეების ჯაჭვი უფრო და უფრო შორს მიდის, ტყის ტაფობამდე, სადაც დიდი კოცონი გიზგიზებს და მოხუცი შამანები ცეკვავენ და მღერიან, რადგან ჩვენამდე მოღწეული ამბების მემკვიდრეობა ცეცხლში, მაგიაში, სულების სამყაროში იწყება. და დღესაც მათთანაა.
    ჰკითხეთ ნებისმიერ თანამედროვე მეზღაპრეს და გეტყვით, რომ ყოველთვის დგება წუთი, როცა მას ცეცხლი ედება, რასაც ჩვენ შთაგონებას ვეძახით ხოლმე და ამას უფრო და უფრო შორს მივყავართ – ადამიანთა მოდგმის საწყისებთან, ცეცხლთან, ყინულთან და იმ დიდ ქარებთან, რომლებმაც ჩვენ და ჩვენი სამყარო გამოგვძერწეს.
    მეზღაპრე ღრმად ჩამალულა თითოეულ ჩვენგანში. მეზღაპრე ყოველთვის ჩვენთანაა. დავუშვათ, რომ სამყარო ომმა მოიცვა, იმ საშინელებებმა, რაც ყველასთვის იოლი წარმოსადგენია. დავუშვათ, რომ წყალდიდობებმა გადარეცხა ჩვენი ქალაქები, ზღვები ნაპირებიდან გადმოვიდა… მეზღაპრე მაშინვე იქ გაჩნდება, რადგან ჩვენ საკუთარი წარმოსახვა გვაყალიბებს, გვაცოცხლებს, გვქმნის – ავისა და კარგისთვის. ჩვენი ამბები და მეზღაპრე თავიდან შეგვქმნიან, როცა შუაზე გავიხლიჩებით, ტკივილები გამოგვხრავენ, ან სულაც გავნადგურდებით. მეზღაპრე, მეოცნებე, მითების შემქმნელი – ეს ისაა, რაც ჩვენში საუკეთესოა, ამ დროს ყველაზე მეტად შემოქმედებითები ვართ.
    ნუთუ მართლა ვფიქრობთ, რომ იმ საბრალო გოგოზე უკეთესები ვართ, ფეხებს ძლივს რომ მიათრევს მტვერში და შვილების განათლებაზე ოცნებობს – ჩვენ, ყელამდე სავსენი საკვებით, ტანსაცმლით გამოტენილი კარადებით, ყველაფრის სიჭარბით რომ ვიხრჩობით?
    ვფიქრობ, რომ ის გოგო და ქალები, რომლებიც წიგნებსა და განათლებაზე საუბრობდნენ, როცა სამი დღის განმავლობაში ლუკმა არ ჩაედოთ პირში, შესაძლოა დღეს ჩვენზე ლაპარაკობენ.

    2007, 7 დეკემბერი

    © THE NOBEL FOUNDATION 2007

  • რეცენზია

    გელა ოდიკაძე


    უცნაური პანოპტიკუმი

    ჯერომ სელინჯერი, კლდის პირას, ჭვავის ყანაში. ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ. თბ. “დიოგენე”, 2007.

    ჰოლდენ კოლფილდი არაჩვეულებრივად გულახდილი ადამიანია. იქნებ აქ ძევს კიდეც მისი მომხიბვლელობის საიდუმლო?
    უკვე ნახევარი საუკუნეა, რაც ამ ნაწარმოებმა მკითხველთა უშველებელი აუდიტორია დაიპყრო და ჯერაც არ განელებულა ამ საიდუმლოს ამოცნობის სურვილი.
    ჰოლდენ კოლფილდი თვითონ მოგვითხრობს თავის თავგადასავალს და ისეთი შთაბეჭდილება გვექმნება, თითქოს მას უთქმელი არაფერი რჩება. ვრცელი მოთხრობის მთავარმა გმირმა მკითხველის გული პირველივე გვერდებიდანვე სწორედ ამ სიწრფელით მოინადირა. ეს არის არა აწყობილი, ლიტერატურული თხრობა, არამედ ჰოლდენ კოლფილდის ცოცხალი საუბარი მკითხველთან. აღსარებამდე მისული საუბრის ხარისხი ქმნის რომანის ინტონაციას, უცნაურ ინტიმს და კიდევ რაღაცას, რასაც ძნელია სახელი უწოდო და რაც ადამიანის ყოველდღიურ ემოციებთან, მის ფარულ ზრახვებთან არის გადაქსოვილი.
    ჰოლდენ კოლფილდი არ ცდილობს სანიმუშო ბიჭი იყოს ან ასეთად წარმოჩნდეს ვინმეს თვალში. ის შორს დგას ყოველგვარი ჭკუის სწავლებისგან ან მორალისტური შეგონებებისგან, დამრიგებლური ტონით რომ წარმოითქმის. პირიქით, ჰოლდენი თვითონვე აბიაბრუებს ადამიანებს, რომლებიც გამუდმებით ჭკუას არიგებენ სხვებს და სინამდვილეში კი თვითონვე სჩადიან ყოველ ნაბიჯზე საზიზღრობებს.
    ჰოლდენ კოლფილდი თექვსმეტი წლის ბიჭია და თავის გულუბრყვილობის მიუხედავად ნიღაბის ჩამომხსნელი თვალით არის აღჭურვილი. ის შინაგანად ვერ ურიგდება ადამიანების სიყალბეს თუ სირეგვენეს და ყოველწამიერად ამხელს მათ, თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, საამისო მიზანი მას არ გააჩნია. კოლფილდი ძალდაუტანებლად ყვება თავის თავგადასავალს და გზადაგზა შემხვდურ ადამიანებს ავად ან კარგად ახასიათებს.
    ბოლომდე ვეთანხმები ნეშ კ. ბერჯერის თვალსაზრისს: ”სელინჯერი ოსტატურად ასახავს მოზარდის მეტყველებას. ჰოლდენის ლაღი იუმორი, გამეორებანი, სლენგი, ემფაზისი, შეუცდომელი ინტონაციითაა გადმოცემული”. ჩემი აზრით, სწორედ ეს “შეუცდომელი ინტონაცია” ქმნის ნაწარმოების სტრუქტურას, მის შინაარსობრივ და ფორმისეულ ერთიანობას. ამგვარი მეტყველების მანერა აცოცხლებს ჩვენს თვალწინ პერსონაჟის მიმიკას და მოძრაობას, ზოგადად მის ხასიათს.
    შობის დღესასწაულის წინ ჰოლდენ კოლფილდი სკოლიდან გარიცხეს. ჰოლდენს, ცხადია შინ წასვლა არ ეჩქარება, იქ მას მშობლების გულისწყრომა მოელის. ამიტომაც ერთხანს “პენსიაში” რჩება, მერე კი ნიუ-იორკში ჩასული ბედის ანაბარა დაეხეტება და ამ ხეტიალში ათას ნაცნობსა და უცნობს გადაეყრება.
    ჰოლდენ კოლფილდი უაღრესად მგრძნობიარე და ამავე დროს გამჭრიახი ყმაწვილია, რაც ადამიანების მისეულ ხედვაში გამოსჭვივის. მას უაღრესად გამახვილებული აქვს ადამიანების შეცნობის და შეგრძნების უნარი. ეს, რა თქმა უყნდა, თავისებური ნიჭია, რომლითაც ძალზე ცოტანი არიან დაჯილდოვებულნი. თუმცა, ამასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ თვითონ ჰოლდენმა არაფერი იცის ამ ნიჭის შესახებ. ის ალალად, ყმაწვილური მიამიტობით და გულუბრყვილობით ჰყვება იმას, თუ რა გადახდა თავს. ამ მონაყოლში კი, როგორც უკვე ვთქვით, მთავარია ადამიანთა სახელდახელოთ მოხაზული პორტრეტები.
    კოლფილდს დიდ ბავშვურ მიამიტობასთან ერთად ფარული სიბრძნეც გააჩნია. ის ერთგვარი ადამიანთმცოდნეა, ფილოსოფოს-ანთროპოლოგია და ამავე დროს ივან ბუნინის სიტყვით რომ ვთქვათ, ფიზიკურად შეიგრძნობს ადამიანებს. ტიმ ლაიდერი წერს: “ჰოლდენ კოლფილდი ამბობს, რომ ცხოვრება მწარეა, ადამიანები კი გაიძვერები არიან და თუ ვინმეს მოკრძალებით შეჰყურებთ, უეჭველი ყველასაგან იმედგაცრუება გელით”.
    კოლფილდი ფილანტროპია და არა მიზანთროპი, ამიტომაც ადამიანური ხარვეზები მტკივნეულად უსერავს გულს. ის ერთდროულად ამა თუ იმ პიროვნების ნაკლსაც ამჩნევს და ღირსებასაც. მას ადამიანებზე წინასწარ აკვიატებული აზრი არ გააჩნია, ყოველ შემთხვედრთან ურთიერთობის მეშვეობით გამოცდილებას ეზიარება, ამ ურთიერთობის მოწმე კი ჩვენ ვართ. შეუძლებელია არ დავეთანხმო ჰოლდენ კოლფილდს ერთ რამეში: სამყარო მართლაც უცნაური პანოპტიკუმია.
    “პენსიში” გაცნობილი მისი ორი ამხანაგი – სტრედლეიტერი და ეკლი ორი პირწავარდნილი, ერთმანეთისგან განსხვავებული ეგოისტია. პირველი მათგანი მექალთანე და თავის თავზე უზომოდ შეყვარებული ყმაწვილია, მეორე კი ჭიასავითაა საკუთარ ნაჭუჭში გამომწყვდეული. ჰოლდენ კოლფილდის თავგადასავალი ფაქტობრივად საკუთარი მარტოობიდან გაქცევის ცდაა. შეიძლება ეს მარტოობა გაუცნობიერებელიცაა, მაგრამ მით უფრო მწვავეა და მტკივნეული.
    ჰოლდენი ნიუ-იორკში უმიზნო ხეტიალისას სიყვარულის ილუზიასაც იქმნის, ნაცნობ გოგონას უნიშნავს პაემანს. მანქანაში სხედან, ჰოლდენი კოცნის სალის და თან ცხელ გულზე სიყვარულშიც უტყდება: “ცარიელა ტყუილი იყო, რა თქმა უნდა, ოღონდ როცა ამას ვეუბნებოდი, მართლა არ ვტყუოდი – გითხარით, ვაფრენდი-მეთქი ნამდვილად”.
    ბიჭი თავისი ბავშვური მიამიტობის კარნახით მოქმედებს, სალის ყველა სურვილს უსრულებს და თვითონაც თხოვს, მოდი, გავერიდოთ ამ ამაოებით აღსავსე ქვეყნიერებას, სადმე მყუდრო ადგილას დავსახლდეთ და ერთად განვლიოთ წუთისოფელიო. ამის პასუხად სალი ჰოლდენს ჯერ კოლეჯის დამთავრებას ურჩევს და შემდეგ სამომავლო სურვილების აღსრულებას პირდება. გოგონა ფაქტობრივად იქ აბრუნებს ყმაწვილს, საიდანაც ის გარბის. თანდათან ირკვევა, რომ სალი კოლფილდის სრული ანტიპოდია. სალი იმ მერკანტილისტთა და ობივატელთა ცხოვრების ნირს სთავაზობს ჰოლდენს, რომლის გაცნობაც, გადაფასებაც და შეძულებაც მოასწრო ბიჭმა. ამიტომაც მრავლისმეტყველია ჰოლდენის პასუხი: “ყურები გამოიფხიკე, სულ სხვანაირი ვიღაცეები გავხდებით მაშინ. ლიფტით ავალთ-ჩავალთ სასტუმროებში, ათასი ჩემოდნით და ჩანთით. ტაქსით ვივლით სამსახურებში და გაზეთებს ვიკითხავ ყოველდღე, შაბათობით ბრიჯს ვითამაშებთ ვინმე ჩვენიანებთან ან რაღაც სულელურ კინოებზე ვივლით ერთად… არაფრით არ იქნება ისე, როგორც ახლა, ხო აზრზე ხარ რას გეუბნები”.
    სალისთან კონფლიქტის შემდეგ კოლფილდს კვლავ მტანჯველი მარტოობის გრძნობა ეუფლება. საბოლოოდ მას თავის პატარა დასთან შეხვედრა შთაბერავს რწმენის ტოლფას ძალას, გაქრება არაკომუნიკაბელობისგან გაჩენილი ვაკუუმი და ახლა ჰოლდენი იმასღა ცდილობს, სხვა ბავშვებთან ერთად თავის დასაც გაუწიოს მფარველობა ამ სასტიკ სამყაროში.
    დრო ყოველთვის აღიბეჭდება თარგმანში. მთარგმნელს (გ. ჭუმბურიძე) დღეს მეტი თავისუფლება ჰქონდა მინიჭებული იმისთვის, რათა სრულფასოვნად გამდმოეცა დედნისეული სლენგი, მოზარდის მეტყველება, ჟარგონი. ქართველი მკითხველი ხელახლა ეცნობა ჯერომ სელინჯერის ნაწარმოებს “კლდის პირზე, ჭვავის ყანაში”.

    © “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი”