• ინტერვიუ

    ნანა კობაიძე

    პირველი ქართული წიგნიბუსი _ ქოხი ბორბლებზე

    თუ დღეს თბილისის ქუჩებში წიგნის პლაკატებით გაფორმებულ ყვითელ ავტობუსს დაინახავთ, ჩათვალეთ, რომ გაგიმართლათ. და თუ საპატიო მიზეზის გამო ჯერ კიდევ არ წასულხართ წიგნის ბაზრობაზე (რომელიც 26 მაისს გაიხსნა და 29 მაისამდე გასტანს, საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში”), შეგიძლიათ წიგნიბუსში შეხვიდეთ და შეიძინოთ ან დაათვალიეროთ თქვენთვის სასურველი ლიტერატურა. წიგნიბუსი – ასე დაარქვა ამ იდეის ავტორმა, მწერალმა და რეჟისორმა მიხეილ ანთაძემ მთელს მსოფლიოში გავრცელებული ბიბლიობუსის ქართველ ნათესავს, რომელიც თბილისის მეშვიდე საერთაშორისო წიგნის ფესტივალის დღეებში მოემსახურება თბილისელებს. ამის შემდეგ მისი მარშრუტი ლაგოდეხში გადაინაცვლებს. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ (ვისთვის როგორ), ჯერჯერობით მხოლოდ ამ რაიონის მკითხველები ისარგებლებენ ბორბლებზე შემდგარი მოძრავი ბიბლიოთეკით. თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ სულ მალე ასეთი წიგნის ქოხები, როგორც მას ბატონმა მიხეილმა უწოდა, მთელს საქართველოში ივლის და ყველაზე მიყრუებულ სოფლებში რაღაც საოცრებით გადარჩენილ მკითხველებს გაახარებს.

    – პირველი ბიბლიობუსი თბილისში ორიოდე წლის წინათ გამოჩნდა. საფრანგეთის საელჩომ და დიუმას ცენტრმა თბილისის ფრანგულენოვანი სკოლებისთვის სპეციალური ავტობუსი გამოყვეს, სადაც მხოლოდ ფრანგული ლიტერატურა განათავსეს. რამდენადაც ვიცი, თქვენი ბუსი ცოტა განსხვავებულია. გვიამბეთ, როგორ გაჩნდა პირველი ქართული ბიბლიობუსი?
    – ეს იდეა მე არ გამომიგონია – მოძრავი ბიბლიოთეკა მთელს მსოფლიოშია გავრცელებული. ინტერნეტში უამრავ სხვადასხვა ზომის, მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილ ბიბლიობუსს ნახავთ. ევროპასა და ამერიკაში ასეთ ბუსებს სპეციალურად ამზადებენ ცნობილი საავტომობილო ფირმები. განვითარებულ ქვეყნებში ეს კულტურა არსებობს, ჩვენთან, სამწუხაროდ, დღეს იდგამს ფეხს. შარშან ფონდმა “ღია საზოგადოება – საქართველო” გამოაცხადა რეგიონული მიმართულების კონკურსი რაიონული ბიბლიოთეკებისთვის. სწორედ მაშინ დამებადა იდეა, გამეკეთებინა მოძრავი ბიბლიოთეკა, რომელიც რეგიონებში ივლიდა. კინემატოგრაფისტი ვარ და “ლიხტვაგენისა” და “კამერვაგენის” ანალოგიით თავიდან “ვაგენბუსი” დავარქვი, მერე გავიგე, რომ მთელს მსოფლიოში მას “ბიბლიობუსი” ჰქვია. თუმცა, მე ქართული შესატყვისი ვამჯობინე და საბოლოოდ “წიგნიბუსი” ვუწოდე. ვფიქრობ, რომ მრავალფუნქციური ნივთი შევქმენი, რომლის ძირითადი დანიშნულება წიგნის პროპაგანდაა. კონკრეტულად ამ პროექტის ფარგლებში იგი ლაგოდეხის რაიონის სოფლებს მოემსახურება და სოფლის ბიბლიოთეკების ფუნქციას შეითავსებს. მოგეხსენებათ, დღეს რეგიონებში ბიბილიოთეკების სისტემა ისე აღარ ფუნქციონირებს, როგორც ადრე. კომუნისტების დროს ბიბლიოთეკა და წიგნის მაღაზია თითქმის ყველა სოფელს ჰქონდა. საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ ეს ყველაფერი მოიშალა. რამდენადაც ვიცი, მთელს საქართველოში წიგნის მაღაზიები მხოლოდ თბილისსა და ბათუმშია, ქუთაისშიც კი არ არის. არადა, მოსახლეობა დანატრებულია წიგნს. ჩვენში ესმოდათ წიგნის ფასი. საქართველოში ყველაზე ღარიბ ოჯახშიც რომ შესულიყავით, წიგნისთვის განკუთვნილ პატარა კუთხეს მაინც ნახავდით. ახლაც კი მახსოვს ამ წიგნების სპეციფიური სუნი. დღეს ადამიანები წიგნს ვეღარ ყიდულობენ და ძალიან დიდი საფრთხეა, რომ გაწყდეს მკითხველის კავშირი წიგნთან, ლიტერატურასთან. ამ შემთხვევაში წიგნიბუსს საკმაოდ დიდი როლი ეკისრება: ჩაალაგებ სპეციალურ ვაგონში 1000-დან 1500-მდე წიგნს და ნებისმიერ, ყველაზე მიყრუებულ სოფელსაც კი მიაკითხავ. მას თავისი ბიბლიოთეკარი ეყოლება, რომელიც იქვე ჩაწერს მსურველებ, გაატანს წიგნებს, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი მიაკითხავს და ჩაიბარებს.
    – წიგნიბუსის მრავალფუნქციონალურობა ახსენეთ. იქნებ დაგვიკონკრეტოთ, რა ფორმებით შეიძლება მისი გამოყენება?
    – წიგნიბუსი არის მისაბმელი ვაგონი, რომელშიც დამონტაჟებულია თაროები და განათება. დანარჩენი ჩვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული. ეს შეიძლება იყოს მოარული წიგნის მაღაზია და სხვათა შორის, ლაგოდეხში წასვლამდე სწორედ ამ ფუნქციას შეასრულებს. მოგეხსენებათ, 26 მაისს საგამოფენო ცენტრ “ექსპო-ჯორჯიას” ტერიტორიაზე თბილისის წიგნის საერთაშორისო ბაზრობა იხსნება. იმ ადამიანებს, რომელთაც გარკვეული მიზეზების გამო ვერ შეძლებენ იქ მისვლას, სწორედ ჩვენი წიგნიბუსი დაეხმარება. იგი თბილისის სხვადასხვა უბანში ივლის და მოსახლეობას ადგილზე მისცემს სასურველი გამოცემის შეძენის საშუალებას. მოკლედ, ეს იქნება წიგნის ბაზრობის მოძრავი ფილიალი. ერთი სიტყვით, გაჩნდა წიგნის პატარა სახლი თუ ქოხი – ბორბლებზე. ეს ქოხი მწერლებისთვის რეგიონებთან ურთიერთობის მშვენიერი საშუალებაა. შეუძლიათ თავიანთი ახალგამოცემული წიგნების პრეზენტაცია არა მხოლოდ თბილისში, რაიონებსა და სოფლებშიც გამართონ. მერწმუნეთ, მოსახლეობაში არის ამის მოთხოვნილება. ზემოთ ვთქვი, რომ საქართველოში არსებობს წიგნის კულტურა, თუმცა მისი მატარებელი ძირითადად უფროსი თაობაა. ასეთი აქციები ახალგაზრდებისთვისაც საინტერესო იქნება და ხელს შუწყობს იმას, რომ მკითხველ თაობებს შორის ძაფი არ გაწყდეს.
    – თქვენი საქმიანობის საკმაოდ მნიშვნელოვან მხარეს მინდა შევეხო. წლების წინათ თქვენ ზღაპრის თეატრი შექმენით, აკეთებდით საბავშვო ჩანართს “დილის გაზეთში,” როგორ ფიქრობთ, რამდენად საინტერესოა და ხარისხიანი დღევანდელ წიგნის ბაზარზე არსებული საბავშვო ლიტერატურა?
    – სხვათა შორის, წიგნიბუსის და ზღაპრის თეატრის პრინციპი მსგავსია. ორივე მოარული ტიპისაა. 10 წლის წინათ, როდესაც საქართველოში ზღაპარი არავის აინტერესებდა და თოფების გრიალშო ცხოვრობდნენ, ჩვენი მსახიობები ჩანთაში ალაგებდნენ რეკვიზიტებს და სკოლებს და საბავშვო ბაღებს სტუმრობდნენ. პატარა ადამიანებისთვის ხომ ასე მნიშვნელოვანია ზღაპარი. ამ 10 წელიწადში იმდენი ლიტერატურული მასალა დამიგროვდა, რომ ძალიან გამიხარდა, როდესაც “დილის გაზეთმა” მისი გამოქვეყნების საშუალება მომცა. ჩვენი მასალა გაზეთის 19 ნომერს ეყო. შემდეგ პატარა ავტორებიც გამოჩნდნენ. სულ ზღაპრის გაზეთის 85 ნომერი გამოვიდა და “დილის გაზეთი” რომ არ დახურულიყო, ისიც განაგრძობდა არსებობას.
    – რა მოვლენაა თანამედროვე ზღაპარი და დარჩა თუ არა მისთვის ადგილი ჩვენს ტექნოლოგიურ საუკუნეში?
    – გლობალურ-მსოფლმხედველობრივად რომ გიპასუხოთ, ზღაპარი კაცობრიობის მომავალია. გიგი თევზაძეს აქვს ძალზე საინტერესო წიგნი “ყოფიერების და ცნობიერების ესთეტიკა,” სადაც ფილოსოფიურად არის ჩამოყალიბებული თქვენი შეკითხვის პასუხი. იგი წერს, რომ ჩვენი ცივილიზაცია თავისი აზროვნებით ტექნოლოგიურია, ანუ სასრულია. ამ აზროვნების ფარგლებში კაცობრიობამ იცის, რომ სამყარო რაღაც წერტილიდან დაიწყო და სადღაც უნდა დასრულდეს. ხსნა, გამოსავალი სწორედ ზღაპარია. რაც შეეხება იმას, აუცილებელია თუ არა ბავშვისთვის ზღაპარი, ცნობილი ვორონეჟელი მანიაკის შემთხვევა მახსენდება. ეს კაცი ადამიანებს კლავდა და ხარშავდა. როგორც შემდეგ გაირკვა, დედამისი სასამართლოში მუშაობდა და პატარაობისას ზღაპრების ნაცვლად სასამართლოს საქმეებს უყვებოდა. ეს არის რეალური ფაქტი, სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ზღაპრის იგნორირებამ. სწორედ ზღაპარი ხდის ადამიანს ადამიანად.
    – თანამედროვე ზღაპარზე რას იტყვით?
    – ზღაპარი ყოველთვის იწერება. გასულ საუკუნესაც ჰყავდა თავისი დიდი მეზღაპრეები. საკმარისია ასტრიდ ლინდგრენი და მეთიუ ბარი გავიხსენოთ. ბოლო დროს ქართულ ლიტერატურაშიც კეთდება რაღაც-რაღაცეები, თუმცა, სასურველია ჩვენმა მწერლებმა უფრო მეტი წერონ ბავშვებისთვის.
    – თავად მწერლები აღიარებენ, რომ ბავშვებისთვის წერა ყველზე რთულია.
    – რასაკვირველია, თუმცა, ამის მიუხედავად ქართველი გამომცემლები მშვენიერ საბავშვო წიგნებს აკეთებენ, რაც ძალზე სასიხარულოა. მართალია, ფასები მთლად ხელმისაწვდომი არ არის – ეს საერთო ბაზრის კონიუნქტურაა, მაგრამ მშობელი, რომელსაც ესმის ზღაპრის და ფერადი ილუსტრაციის მნიშვნელობა, ყველაფერს მოიკლებს საბავშვო წიგნის შესაძენად.
    – თანამედროვე ქართულ მწერლობაზე ვისაუბროთ. თქვენი, როგორც მკითხველის და შემფასებლის აზრი – სად არის მისი სუსტი და ძლიერი მხარეები?
    – შესაძლოა მიკერძოებად ჩამეთვალოს, რადგან თავადაც აქტიურად ვმონაწილეობ ამ პროცესებში, მაგრამ მაინც მინდა ვთქვა, რომ თანამედროვე ქართული ლიტერატურა ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა. ჩემი აზრით, დღეს ჩვენი მწერლობა აქტიურია და ამ სფეროში ძირითადად პოზიტიური ამბები ხდება. მშვენიერი სტიმულატორია ისიც, რომ საგამომცემლო საქმე ამოქმედდა, წიგნის ბიზნესი დადგა ფეხზე, წიგნის ფესტივალი იმართება. სამივე თაობაში (პირობითად სამ თაობად დავყოფდი თანამედროვე მწერლობას – ჩვენი მამების, რომელნიც დღესაც წერენ და უკვე კლასიკოსებად მოიხსენიებიან, მათ შორის გურამ დოჩანაშვილი, ოთარ ჭილაძე, რეზო ჭეიშვილი, ჩვენი და ჩვენი შვილების, რომელიც საკმაოდ სერიოზული თაობაა) ერთიანი პროცესი მიმდინარეობს. ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ საინფორმაციო არხები გაიხსნა. იაპონურად ან ესპანურად დაწერილი კარგი ნაწარმოები ძალიან მალე აღწევს ჩვენამდე. საგრძნობლად გაიზარდა ინფორმაციის სისწრაფე. საბჭოთა პერიოდთან შედარებით ისეთი ნახტომია, როგორიც “პენტიუმ-1”-სა და “პენტიუმ-5”-შ შორის. მსოფლიო ლიტერატურის პულსაცია საქართველოშიც იგრძნობა და ბევრი რამით გამოიხატება. მაგალითად, გაჩნდა მიდრეკილება მეტი თავისუფლებისკენ, ფანტაზიისკენ.
    – “ფენტეზის” ჟანრს გულისხმობთ?
    – არა მხოლოდ ჟანრს, არამედ მასში არსებულ მსოფლმხედველობას. არის კიდევ გარკვეული ნიუანსები. არ ვიცი, ლიტერატურათმცოდნეები რას ეძახიან, მე “პენ-კლუბიზაციას” დავარქმევ. ეს გულისხმობს, რომ პენ-კლუბის მიერ დეკლარირებული პრინციპები მწერლებისთვის საყოველთაო და სავალდებულო ხდება. იგივე, პირობითად ვუწოდოთ “ტარანტინოზაცია,” ანუ ტარანტინოს ხედვა, რომელმაც ძალიან დიდი გავლენა მოახდინა არა მხოლოდ კინემატოგრაფისტებზე, არამედ მწერლებზე და ყველაზე მეტად, ახალგაზრდობაზე. ამავე დროს, მთელს მსოფლიოში ანტიკოსმოპოლიტური ტენდენცია იკვეთება, განსაკუთრებით ლიტერატურაში. ხაზი ესმება იმას, რომ ლიტერატურა არ შეიძლება იყოს უეროვნებო. იგი მიბმულია კონკრეტულ ენასთან, ამიტომ თითოეული ენის ღირებულება, იმის მიუხედავად, რამდენი კაცი ლაპარაკობს ამ ენაზე, ძალიან დიდია. თქვენ ალბათ ხედავთ, რომ მსოფლიოში აღარ არსებობს კოსმოპოლიტი მწერალი. ვფიქრობ, ამ პროცესში ქართული ლიტერატურა კარგად მონაწილეობს. თვალს ვადევნებ თითქმის ყველაფერს, რაც დღეს იწერება და უმეტესობა მომწონს. არ მომწონს გარკვეული სნობიზმი, რაც ამას ახლავს. ვგულისხმობ მწერლების თავმომწონეობას ამ ყველაფრით, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ლიტერატორები გარკვეულ პიარ-ჯგუფებს ქმნიან. ჩემთვის თავად მწერლის პრომოუშენის ფაქტი უკვე გამაღიზიანებელია. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც თავად მწერალი ამისთვის თითქოს არაფერს აკეთებს, მაგრამ განუწყვეტლივ ყვითელი პრესის ფურცლებზე და ტელეეკრანზეა. ვფიქრობ, თავად მასმედიაც სცოდავს, როდესაც მწერალს უკეთებს რეკლამას. ეს შეიძლება ესტრადის მომღერალს წაადგეს, მაგრამ მწერლის შემთხვევაში გამაღიზიანებელია. არ შეიძლება მწერალი გახდეს ტელეარხის სახე.
    – რამდენადაც ვიცი, ამ დღეებში თქვენი ახალი წიგნი გამოდის.
    – ახალი არ არის. ესაა მცირე რომანი “ცოფი,” რომელსაც ბაკურ სულაკაური გამოსცემს “ყველა დროის საუკეთესო ქართული მცირე რომანის” სერიით. სულ ეს სერია 18 ტომად არის ჩაფიქრებული, ხუთი უკვე გამოიცა. “ცოფი” პირველად 1989 წელს გამოქვეყნდა “მნათობში”. მერე “მერანმა” გამოსცა 1996-ში. უკვე ის პერიოდი იყო, წიგნებისთვის რომ აღარავის ეცალა და მცირე ტირაჟით, 200 ეგზემპლარი გამოვიდა. ახლაც, პირველ ჯერზე 250 ცალი გამოდის, ვნახოთ, როგორ მიიღებს მკითხველი.

    © “წიგნები _ 24 საათი”

  • რეცენზია

    ნუგზარ მუზაშვილი

    რეფლექსია უპირველეს ყოვლისა!

    1990-2004, თანამედროვე ქართული ლექსის ანთოლოგია. შემდგენელი და წინასიტყვაობის ავტორი მალხაზ ხარბედია. თბ. “LINK”, 2004.

    “გავიბითურეთ სამშობლო,
    მართლაც სამოთხის სადარი.
    სხვა საქართველო კი არა,
    თვით საქართველო სად არი?!”

    ვ.კოტეტიშვილი

    1.

    ახალი წიგნების თვალიერება თუ გიყვართ, თვალში აუცილებლად მოგხვდებოდათ მალხაზ ხარბედიას მიერ შედგენილი “თანამედროვე ქართული ლექსის ანთოლოგიის” უცნაურად ჭრელი გარეკანი. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე უცებ ვერ მივხვდი, რომ ეს სხვადასხვაფრად გადღაბნილი ლაქები სამხედრო კამუფლაჟი იყო.
    სტერეოტიპებს ყველგან და ყველაფერში შეიძლება გადააწყდეთ. ეტყობა, ლექსისა და უხეში სამხედრო ძალის სიმბოლოს ერთმანეთთან დაკავშირება გამიჭირდა. ანდაზადქცეული ერთი მოარული გამოთქმაც ხომ არსებობს – როცა ქვემეხები ქუხან, მუზები დუმანო. მაგრამ ასე არ ყოფილა. როცა ქვემეხები ქუხან, მუზები კი არ დუმან, უბრალოდ, ატეხილ აურზაურში, მათი ხმა მხოლოდ კარგი სმენის პატრონებსღა ესმით.
    ანთოლოგია 1990 – 2004 წლებში დაწერილი ლექსებითაა შედგენილი და ალბათ, პირველ რიგში, იმ ცუდი სმენის პატრონებს მიემართებათ, რომელთაც ამ თოთხმეტწლიან ქაოსში, ძარცვა-გლეჯასა და კაცის კვლაში მუზების ხმა არათუ არ გაუგონიათ, მათი არსებობაც კი გადაავიწყდაათ.

    2.

    ანთოლოგია მნიშვნელოვანი წიგნია რამდენიმე თვალსაზრისით. პირველ რიგში, ეს გახლავთ საერთოდ პირველი საავტორო ანთოლოგია ჩვენი ლიტერატურის ისტორიაში. ანუ კრებულში შესული ავტორები და მათი ლექსები მთლიანად შემდგენლის გემოვნებითაა შერჩეული. ეს ის თემაა, რომელზედაც იმდენი აზრი შეიძლება არსებობდეს, რამდენი პოეზიის მოყვარულიც არსებობს ამქვეყნად. ამიტომ ზედმეტი დავა და წვრილმანი კირკიტი გაუმართლებლად მიმაჩნია. ანთოლოგია ისეთი უნდა მივიღოთ, როგორიც ავტორმა შემოგვთავაზა.
    კრებული იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ უკანასკნელი საბედისწერო თოთხმეტი წლის განმავლობაში მწირ ლიტერატურულ პრესასა და ავტორთა მცირეტირაჟიან კრებულებში მიმოფანტული და ტონობით მაკულატურაში ჩამხრჩვალი ლექსები კვლავ გამოაქვს დღის სინათლეზე და სიცოცხლეს უბრუნებს.
    თუმცა ეს კიდევ არ არის ყველაფერი.
    ის, რის გამოც მართლაც ღირს ამ ანთოლოგიაზე სპეციალური ფიქრი და საუბარი, სულ სხვა, გაცილებით ფუნდამენტური პრობლემაა, რომელიც თანაბრად ეხებათ როგორც პოეტებს, ისე მათ მკითხველებსაც.
    საქმე ის გახლავთ, რომ გასულ საუკუნეში მრავალთა მიერ მრავალგზის სიამაყით გამეორებული აზრი – საქართველო პოეტების ქვეყანააო, – სრულიადაც არ იყო გადაჭარბებული. მართალია, არ ვიცი, საამაყო რა იყო ამაში, მაგრამ საქართველო არა მარტო პოეტების ქვეყანა გახლდათ, მისი უგვირგვინო მეფეებიც პოეტები იყვნენ. პოეტები განსაზღვრავდნენ ჩვენს ფასეულობებს, ოცნებებს, მთლიანად ჩვენს ცნობიერებას. ელვის სისწრაფით იყიდებოდა უზარმაზარი ტირაჟით გამოცემული პოეტური კრებულები, რაც ევროპის ყველაზე სერიოზული კულტურის მქონე ქვეყნების წარმომადგენლებსაც კი ძალიან აოცებდათ. მაგრამ ბოლო თოთხმეტი წლის მანძილზე რაღაც ძალზე უცნაური და მნიშვნელოვანი რამ მოხდა. იმდენად მნიშვნელოვანი, რომ შეიძლება მისი ბოლომდე გაცნობიერება უმრავლესობას გაუჭირდეს კიდეც.
    მალხაზ ხარბედიას თქმით, “წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა გალაკტიონის სიტყვით, “საქართველომ პოეტისაგან და პოეტმა საქართველოსგან ისესხა მანერა საუბრის, მანერა სულის დაქანების, მანერა ბრძოლის”, როცა საქართველო ისისხლხორცებდა “პოეტის გემოვნებას, მის ჩვეულებებს, მის ალერსს, მის სასიყვარულო სიტყვებს”.
    სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ თოთხმეტ წელიწადში პოეტსა და საქართველოს შორის განხეთქილება მოხდა. პოეტმა და მისმა სიტყვამ დაკარგა ის განსაკუთრებული მნიშვნელობა, რომელიც მას ბოლო ორი საუკუნის მანძილზე ეკავა ქართულ კულტურულ სივრცეში. უცნაურია, მაგრამ ძალზე მყიფე აღმოჩნდა ის, რაც უმტკიცესი გვეგონა. მოულოდნელად, შეიძლება ითქვას, ხელის ერთი დაკვრით, ყოველგვარი ძალა და გავლენა დაკარგა იმ სპეციფიკურმა ქართულმა პოეტურმა დისკურსმა, რომლის შედევრებსაც ქმნიდნენ თავის დროზე მურმან ლებანიძე, ანა კალანდაძე, მუხრან მაჭავარიანი, შოთა ნიშნიანიძე…
    ამ გასაოცარი გადატრიალების, ამ ეპოქალური მეტამორფოზის მიზეზები ბოლო თოთხმეტი წლის მანძილზე მიმდინარე მოვლენებში უნდა ვეძებოთ. ანთოლოგიამ ეს ყველაფერი სარკესავით აირეკლა.

    3.

    “გამოვიარე დრო უჟამური,
    ცეცხლში გაჰქონდა წიგნებს ბრიალი,
    მიწას არ ერქვა უკვე მამული
    და ძეხორციელს – ადამიანი”

    a. სულაკაური

    სხვათა შორის, მეორე მსოფლიო ომში საქართველომ პროცენტულად უდიდესი მსხვერპლი გაიღო, მაგრამ იმ დროს გამოცემული პოეტური კრებულების მხატვრებს აზრადაც არ მოსდიოდათ სამხედრო სიმბოლიკა წიგნის გარეკანზეც გაეტანათ. იმიტომ რომ, ის ომი, მიუხედავად მისი გრანდიოზულობისა და ჩვენგან გაღებული დიდი მსხვერპლისა, მაინც არ იყო ჩვენი ომი.
    ის სხვათა ომი იყო.
    იმ ხალხების ომი იყო, რომელთა წიაღში მიმდინარე პროცესები მთელ მსოფლიოზე ახდენენ ხოლმე ზეგავლენას.
    ჩვენი ომი მხოლოდ ჩვენია. უკანასკნელი ორი საუკუნის მანძილზე, ვფიქრობ, მხოლოდ ეს იყო თავიდან ბოლომდე ჩვენი ომი, რადგან იგი საქართველის დამოუკიდებლობიდან დაიბადა.
    ამქვეყნად, ისევე როგორც ყველა ომს, ჩვენსასაც ორი მხარე აღმოაჩნდა. საქართველოში ჯერ ხილულმა ომმა იფეთქა მთელი თავისი ქაოტურობით, უთავბოლობით, ყოყოჩობით, ღალატით, ძარცვა-გლეჯით, დარდიმანდობით, უბადრუკობითა და მარცხით, რამაც სასტიკი სიცხადით დაგვანახა, რომ ომი ჯერ საკუთარ თავთან უნდა გაგვემართა, ჯერ შინაგანი, უხილავი ომი უნდა გადაგვეხადა, რადგან მხოლოდ ამ ომში მიღწეული გამარჯვების შემდეგ შეიძლება ხილულ ომებში გამარჯვება. მაგრამ ქვეყანამ ეს არ იცოდა, არავინ არ იცოდა, წარმოდგენა არავის ჰქონდა, სინამდვილეში როგორი იყო.
    მე–20 საუკუნის მიწურულს მოულოდნელად საკუთარი თავის ანაბარა დარჩენილმა საქართველომ იგრძნო, რომ ქართული კულტურა და განსაკუთრებით მისი ხერხემალი – ქართული პოეზია, ძირითადად ცრუ იმედებითა და ილუზიებით კვებავდა. ქართული პოეტური დისკურსისათვის დამახასიათებელი “რომანტიკული პატრიოტიზმი” (გ. ქიქოძე), თვითგანდიდება, ნარცისიზმში გადაზრდილი ყოველივე ქართულის წრეგადასული ხოტბა-დიდება, ცუდად დამთავრდა როგორც ქვეყნის, ისე მისი პოეზიისთვის.
    თავისუფლებამ, როგორც მას ეს სჩვევია, პირველ რიგში, ჩვენს ცნობიერებაში ფესვგადგმული ამგვარი წარმოდგენების რეალურობა შეამოწმა.
    შედეგი?
    ქვა ქვაზე აღარ დარჩა.
    ეს იყო უდიდესი იმედის გაცრუება, უდიდესი კატასტროფა.
    ეს განცდა დაედო საფუძვლად მანამდე წარმოუდგენელ აქტს – ვერის ბაღში, სადღაც ჭადრაკის სასახლის სიახლოვეს, ხალხმა ქართველი მწერლებისა და პოეტების წიგნები დაწვა.
    ამ ბარბაროსულმა სცენამ ტელევიზორის ეკრანებზეც გაიელვა. იწვოდა მანამდე ამავე ხალხის მიერ თითქმის ღმერთკაცებად და ღმერთქალებად შერაცხილი ადამიანების წიგნები. და თუკი განვლილი თოთხმეტი წლის უბედურებამ ოდნავ მაინც გვასწავლა რამე, უნდა ვაღიაროთ, რომ მიუხედავად ამ აქტის მთელი ვანდალიზმისა, მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო.
    ეს იყო დასასრული.
    ხილულად თუ დიადი საბჭოეთი ინგრეოდა, უხილავად ჩვენს კულტურულ სივრცეში ქართული პოეზიის ჰიპერბოლიზებული დისკურსის ერთპიროვნული ბატონობა ითვლიდა უკანასკნელ დღეებს. საქართველომ უარი თქვა პოეტის ალერსის, მისი სასიყვარულო სიტყვების შესისხლხორცებაზე. რაც გასულ საუკუნეში ტრადიციული პოეზიის პათეტიკური ენის დამცველებს არაპოეტურად თუ არაქართულად მიაჩნდათ, დღეს სწორედ ის გახდა წარმმართველი.

    4.

    ახალ დროებას ყველაზე მეტი ტკივილი, ცხადია, იმ თაობის პოეტებისთვის უნდა მიეყენებინა, რომლებმაც ნებსით თუ უნებლიედ, მთელი თავისი არაორდინალური ნიჭი ჩვენში გაბატონებული პოეტური დისკურსის ძალისა და გავლენის გამყარება-გაძლიერებას შეალიეს.
    თავის დროზე ვისი გული არ შეუძრავს ირაკლი და გრიგოლ აბაშიძეების, მურმან ლებანიძის, ანა კალანდაძის, მუხრან მაჭავარიანის, შოთა ნიშნიანიძის ქმნილებებს? ჩვენში ვის შეუძლია თქვას, რომ მის ცნობიერებაზე არასდროს არავითარი ზეგავლენა არ მოუხდენია ამ პოეტების ხშირად მართლაც ჯადოქრულ სტრიქონებს? პოეტური სიტყვის დამფასებლებს დღესაც გვახსოვს და ალბათ არც არასოდეს დაგვავიწყდება მათი არა ერთი და ორი ლექსი, მაგრამ ახალმა დროებამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა.
    “ნელი სათქმელია, ვინ როგორ გაიცნობიერა ამ კატასტროფის მიზეზები, მაგრამ ანთოლოგიაში შესული უფროსი თაობის პოეტების ლექსებში აშკარად იგრძნობა დაბნეულობა, ტკივილი, გამწარებული სიბერისა და მოახლოებული სიკვდილის მწარე განცდა. ყველაზე უკეთ ეს ყველაფერი და ისიც, რისი მოხელთებაც ასე ძნელია პოეტურ ქმნილებაში, გრიგოლ აბაშიძემ გამოხატა თავის შედევრში “არყოფნისაკენ!”, რომელიც მხცოვანმა პოეტმა სწორედ გარდაცვალების წელს შექმნა.

    5.

    “ვერ გავფრინდები თუ სრულიად არ უარგყავი,
    ოთახის კედლებს ვერ გასცდება ჩემი ღავღავი…”

    გ. ალხაზიშვილი

    თავის დროზე ქართულ კულტურას შეეძლო მიეღო დავით გურამიშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძისათვის დამახასიათებელი თვითრეფლექსიის დაუძლეველი სურვილი, თვით ყველაზე უსიამოვნო სიმართლისათვის თვალის გასწორების შინაგანი მზაობა. მაგრამ თუკი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში ამგვარ მზაობას თავისი სივრცე გააჩნდა, უკვე მე-20 საუკუნეში, განსაკუთრებით 30-იანი წლებიდან, იგი ცეცხლითა და მახვილით იდევნება კულტურიდან. სწორედ ამ დროიდან იწყება საკმაოდ უცნაური სიმბიოზის ჩამოყალიბება – ჩვენებური ნარცისიზმი სწრაფად სინთეზირდება საბჭოურ დისკურსთან და მთელ კულტურულ სივრცეში ერთპიროვნულად ბატონდება.
    მაგრამ 60-იანი წლებიდან საკმაოდ სტიქიურად იწყება საპირისპირო პროცესი – ეროვნული შინაგანად ემიჯნება და უპირისპირდება საბჭოურ დისკურსს. ამიტომ 60-იანი წლები ქართული პოეზიისთვის (და არა მარტო მისთვის) თავისებური ოქროს ხანა იყო. პოეზიისა და პოეტების ზეგავლენამ ქართულ საზოგადოებაზე ამ დროს მართლაც აპოგეას მიაღწია. ეს იყო დრო, როცა საქართველო მართლაც ისისხლხორცებდა პოეტის გემოვნებას, მის ალერსს, მის სასიყვარულო სიტყვებს. მაგრამ როგორც საზოგადოდ ალერსსა და სასიყვარულო სიტყვებს სჩვევია, ყოველივე ამან, სამწუხაროდ, მეტისმეტად არარაციონალური, მეტისმეტად თვითგანდიდებითი ფორმები მიიღო.
    საინტერესოა, რომ ამავე პერიოდის ქართულ კულტურაში აქა-იქ, ზოგჯერ საკმაოდ ძნელად საცნობი ფორმებით, თავს იჩენს შედარებით რაციონალისტური მცდელობანიც. მე მგონი, პოეზიაში ამ მოვლენამ თავი იჩინა, პირველ რიგში, ტარიელ ჭანტურიასა და ვახტანგ ჯავახაძის შემოქმედებაში გამოკვეთილი ირონიულ-პაროდიული ნაკადის სახით. უნდა ითქვას, რომ ამ გარემოებას მაშინ არავითარი განსაკუთრებული ხმაური არ გამოუწვევია. ეტყობა, ეს ამბავი განიხილებოდა როგორც რაღაც ასატანი პოეტური უცნაურობა, როგორც თავისებური პოეტური იუმორი, პლუს სხვადასხვა ვერსიფიკაციული ორიგინალობები, რაც გაბატონებულ დისკურსს საფრთხეს ვერ შეუქმნიდა.
    სამაგიეროდ, ქართულ პოეზიაში რომანტიკული პატრიოტიზმის ადეპტები მართლა ძალიან გააღიზიანა ოდნავ მოგვიანებით გამოჩენილმა ბესიკ ხარანაულისა და ლია სტურუას შემოქმედებამ. ვერლიბრი ქართული პოეზიისთვის უცხო, მიუღებელ და დასაგმობ მოვლენად გამოცხადდა.
    სხვათა შორის, 70-იანი წლებიდანვე კომპარტიის ახალი ხელმძღვანელი ძალზე ენერგიულად იწყებს ეროვნული და საბჭოთა დისკურსების ხელახალი დაახლოებისა და ახალი სიმბიოზის შექმნისათვის ბრძოლას. ამ საქმეში მონაწილეობის მიღება, ცხადია, მატერიალურად მეტად მომგებიანი იყო და ბევრმა ვერ გაუძლო ცდუნებას. ბედის ირონია თუ კანონზომიერება კი ის გახლავთ, რომ უხვად კომპენსირებადი ეს ტვირთი ძირითადად ისევ რომანტიკოსმა პატრიოტებმა ზიდეს. მაგრამ, მე მგონი, ერთადერთი სერიოზული პოეტი, ვისაც ნამდვილად სჯეროდა ხსენებული სინთეზის საჭიროება და აუცილებლობა, შოთა ნიშნიანიძე იყო. მას შეეძლო თანაბრად ძლიერი ლექსები შეექმნა როგორც კომუნისტურ, ისე ეროვნულ თემატიკაზე და დიდი ზეგავლენა მოხდინა ადამიანებზე.
    ასეთ ვითარებაში თავისუფალი ლექსი მართლაც მეტისმეტად უცხო და მიუღებელ ფორმად უნდა გამოჩენილიყო როგორც ეროვნული, ისე კომუნისტური დისკურსებისათვის. სინამდვილეში ვერლიბრი ერთსაც უქნიდა საშიშროებას და მეორესაც, რადგან ეს გახლავთ ფორმა, რომელიც სწორედ თავისი არაპათეტიკურობით, დამიწებულობითა და თვითრეფლექსიისაკენ გამუდმებული სწრაფვით ხასათდება.

    6.

    “რა ფასად გავყიდო ლექსი,
    რომელსაც თითები ოდნავ რომ მოვუჭირო,
    სისხლი გამოუვა ჩემი”

    რ. კაიშაური

    ქართულ პოეზიაში რაციონალიზმის ნაკადი მხოლოდ ირონიულ- პაროდიული სტილისტიკითა და ვერლიბრის ფორმით არ გამოვლენილა. თავად 60-იანელთა წიაღში, მიხეილ ქვლივიძის, არჩილ სულაკაურის, თამაზ ჭილაძის, გივი გეგეჭკორის, ოთარ ჭილაძის, დავით წერედიანისა და სხვა ნიჭიერი პოეტების შემოქმედებაში ტრადიციული მოტივების გვერდით თავს იჩენს ერთგვარი ინტელექტუალური ლექსი. მაგრამ ძირითადად კონვენციური ლექსის ფორმით გამოხატული, მოაზროვნე ადამიანისათვის დამახასიათებელი რთული განცდებისა და ასოციაციების სამყარო, ძალიან კარგ მკითხველს გულისხმობს, რაც ჩვენში უმრავლესობა არასოდეს ყოფილა. ამიტომ ასეთი ლექსი კამერულ მოვლენად რჩება.
    თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ისეთი პოეტებისთვის, როგორებიც არიან გივი ალხაზიშვილი, თედო ბექიშვილი, ჯარჯი ფხოველი, დავით მჭედლური და სხვები, სწორედ ამ კუთხით ემუშავათ და მრავალი საინტერესო მიგნებაც შეეთავაზებინათ მკითხველისათვის, მაგრამ 70-80-იან წლებში ვერლიბრის გარშემო ატეხილ აურზაურში ეს ყველაფერი თითქმის ყურადღების მიღმა დარჩა.
    იგივე შეიძლება ითქვას იმ თაობაზე, რომელსაც მამუკა სალუქვაძე, თემურ ჩხეტიანი, ანდრო ბუაჩიძე, ნუგზარ ზაზანაშვილი, რუსუდან კაიშაური, ზაზა თვარაძე, ელა გოჩიაშვილი და სხვები წარმოადგენენ.
    ეს გარემოება გულდასაწყვეტი კია, მაგრამ გასაკვირი ნამდვილად არ არის. რომანტიკული პატრიოტიზმითა და პათეტიკით გაჯერებულ კულტურულ სივრცეში, რეფლექსიის მძაფრი სურვილით განმსჭვალული, მაგრამ თავისი ფორმით ძირითადად კონვენციური ლექსი, ცხადია, უღიმღამო მოვლენად უნდა გამოჩენილიყო, რომელიც მასებს ვერც აღაფრთოვანებდა და ვერც აღაშფოთებდა. მაგრამ ვინა თქვა, რომ მე-20 საუკუნეში მაინცდამაინც ის არის კარგი ლექსი, რომელსაც მასები მღერიან? დასავლეთში პოეტმა დიდი ხნის წინ დაკარგა სახალხო ტრიბუნისა თუ ტრუბადურის ფუნქცია, სერიოზული პოეზია განწირულია ყოველთვის კამერულ მოვლენად დარჩეს.
    მაგრამ ჩვენი 70-იანელებისა თუ 80-იანელების კამერულობა მხოლოდ მათი პოეზიის სიღრმესთან არ უნდა იყოს დაკავშირებული. ისინი ჯერ პატრიოტული ლირიკის მგზნებარებით შექმნილი მაღალი ძაბვის ფონზე ჩანდნენ ზედმეტად ცივები, ხოლო მოგვიანებით თავისუფალი ლექსის აშკარად გამოხატული “არაპოეტური” ფორმებით გამოწვეულ ხმაურსა და აყალმაყალში გამოჩნდნენ ნაკლებად გამაღიზიანებლები.
    შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ტიპიური ქართული გაუგებრობა, როცა რაიმე მოვლენის ფასეულობა მოწმდება არა მის არსში წვდომით, არამედ მისგან გამოწვეული ხმაურის კოეფიციენტით. დრო ყველაფერს უკეთესად დაალაგებს.

    7.

    “აქა ვდგავარ
    და სხვაგვარადაც ძალმიძს.”

    ჯ. ტიკარაძე

    ანთოლოგიიდან კარგად ჩანს, რომ თავისუფლებამ ნიჭიერსაც და უნიჭოსაც დააკარგვინა წაკითხვის ღირსი და თვალებში ნაცრის შემყრელი მგზნებარე პატრიოტული ლექსების წერის ხალისი.
    მაგრამ ანთოლოგიიდან ისიც კარგად ჩანს, რომ სწორედ თავისუფლებამა და მასთან დაკავშირებულმა რადიკალურმა კულტურულმა გადატრიალებამ აქამდე უპირველესი მნიშვნელობის ქართული პოეზია კამერულ მოვლენად აქცია. დღეს კამერულად შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი ტიპის ლექსი. ახლა თუ რამე იწერება, პროფესიონალი ლიტერატორების წრეს იშვიათად სცილდება. მაგრამ ეს სრულებითაც არ არის ტრაგედია. რასაკვირველია, მომავალში მკითხველი მოიმატებს, მაგრამ, არა მგონია, ოდესმე პოეტობა ისევ სარფიან საქმედ, ხოლო პოეზია საერთო-საყოველთაო მოვლენად იქცეს. გასაგებია, როცა თავისუფალ ქვეყანაში საერთო-საყოველთაო ხდება სატელევიზიო ტაშ-ფანდურა, იგივე შოუ, ლუდი “ყაზბეგი” ან კბილის პასტა “ქოლგეიტი”, მაგრამ რატომ უნდა იყოს მასობრივი პოეზია?!
    დღეს მორალისტები ბევრს წუწუნებენ პოეზიაში მომრავლებულ სკაბრეზულ სიტყვებსა თუ გამოთქმებზე. ნაწილობრივ ეს ანთოლოგიაშიც აისახა, მაგრამ გასაკვირი ამაში არაფერია. რაც უფრო ზეაწეული და პათეტიკური იყო ჩვენში დაფასებული პოეზიის ენა, რაც უფრო ფარისევლური იქნება ჩვენებური ობივატელის მორალი, მით უფრო დამიწებულ და ვულგარულ ენაზეც კი იმეტყველებს თანამედროვე პოეტთა უმრავლესობა, მაგრამ ეს გარდამავალი მოვლენაა.
    ირონიულ-პაროდიული ლირიკის პატრიარქი ტარიელ ჭანტურია კვლავაც გვანებივრებს თავისი ახალ-ახალი ქმნილებებით, მაგრამ მისი სტილისტიკა მართლაც უკიდურესობამდე მიიყვანა კოტე ყუბანეიშვილმა. მისთვის დამახასიათებელი მაგარ-მაგარი გამოთქმების, “კოტესტროფების”, “კოტეკლიზმებისა” და ერთობ არტისტული საჯარო გამოსვლების გამოისობით, დღეს იგი შეიძლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პოეტადაც ჩაითვალოს.
    მაგრამ ირონიულ-პაროდიული სტილისტიკა ვითარდება არა მარტო “სივრცეში”, არამედ “სიღრმეშიც”. ამ უკანასკნელის კარგი ნიმუში მგონია ჯუანშერ ტიკარაძის “ბებერი ჭრიჭინას სენტენციები”.

    8.

    “თუ მართლა გიყვარდა, დამარხე.
    თუ მართლა გიყვარდა, ნუღარ ამოთხრი”.

    ელა გოჩიაშვილი

    ანთოლოგია გვიდასტურებს, რომ დღეს საქართველოში ვერლიბრის ნამდვილი ბუმია. ცხადია, ზოგს გამოსდის, ზოგსაც – ვერა, მაგრამ ახლა თავისუფალ ლექსს წერს ყველა ან თითქმის ყველა. ასე რომ, ბესიკ ხარანაული ლამის საკულტო ფიგურად იქცა.
    როგორც ჩანს, ახალ პოეზიაში იმდენად მძაფრია წარსულთან გამიჯვნის სურვილი, რომ კონვენციური ლექსის წერა ძველმოდურობადაც კი აღიქმება, ხოლო მისი საკმაოდ რთული ტექნიკის ათვისება – ზედმეტ გარჯად. ეს ამბავი ძალიან ჰგავს ნაბანი წყლისთვის ბავშვის გადაყოლებას, რადგან გარდა იმისა, რომ კონვენციურ ლექსს ნამდვილად არაფერი დაუშავებია, არც მისი შესაძლებობებია ალბათ ბოლომდე ამოწურული. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება და მომავალში კიდევ რა მოხდება, ეგ ღმერთმა იცის.
    თუმცა თავისუფალი ლექსის პოპუlარობის ასეთი არნახული ზრდის უმთავრესი მიზეზი ძნელი დასანახი არ არის. განსაკუთრებით მე-20 საუკუნეში ჩვენს კულტურულ სივრცეში ერთპიროვნულად გაბატონებული დისკურსისათვის დამახასიათებელი აშკარად ჰიპერბოლიზებული პიეტეტი ყოველივე ქართულისადმი და აქედან შობილი ნარცისიზმი, სამშობლოს მზნებარე სიყვარულით ვერ გამართლდება. სამშობლო მხოლოდ იმათ არ უყვართ, ვინც ამ გრძნობის სისტემატურ დეკლამირებასა და აფიშირებას ახდენს. ჩვენი კულტურის ამგვარი ტრაგიკული ცალმხრივობის მიზეზების კვლევა სულ სხვა საუბრის თემაა, თუმცა ერთი რამ აქვე შეიძლება ითქვას: ცალმხრივობა რაციონალიზმისა და, საერთოდ, რეფლექსიის სასტიკი დეფიციტის პირობებში გახდა შესაძლებელი. მაგრამ თავისუფლება ვერავითარ ცალმხრივობას ვერ იტანს და მით უფრო ასეთ ფუნდამენტურ საქმეში. არ ვიცი, ამას ვინ როგორ იცნობიერებს, მაგრამ დღეს სწორედ ამიტომ გახდა უმთავრესი რეფლექსია ანუ ის, რაც ასე ძალიან გვაკლდა.
    მათ შორის, პოეზიაშიც.
    თავისუფალი ლექსი კი თითქოს სწორედ ამისთვისაა ზედგამოჭრილი, თავისი არალოზუნგურობით, თავისი თხრობითი კილოთი, თავისი “არაპოეტური” თემებით. თავისუფალი ლექსის თემა შეიძლება გახდეს როგორც კარტოფილის ამოღება (ბესიკ ხარანაული), ასევე, ვთქვათ, ყოვლად ჩვეულებრივი კოვზები (ნუგზარ ზაზანაშვილი) ან მეტეოროლოგიის გამიჯვნა პოეზიისაგან (შოთა იათაშვილი) თავისი შესანიშნავი შედეგებითურთ.
    ერთი სიტყვით, ქართულ პოეზიაში დღეს სწორედ იმ ლექსის გამარჯვებას ვხედავთ, რომელსაც გასული საუკუნის 80-იან წლებში დიდი ვაი-ვიშითა და წვერთაგლეჯით იწუნებდნენ ჩვენებური ნარცისიზმის ადეპტები.
    არადა ერთ რამეში მართლები აღმოჩნდნენ: სანთლითაც რომ ეძებოთ, ვერც ნინო დარბაისელთან, ვერც მაია სარიშვილთან ან ზვიად რატიანთან, ვერც გიორგი ლობჟანიძესთან ან ლელა სამნიაშვილთან ერთ სტრიქონსაც ვერ იპოვით, თავმოყვარე თამადამ რომ გამოიყენოს სადღეგრძელოს გზნების ასაწევად და სუფრის წევრთა გულების ასაჩქროლებლად.
    მაგრამ ეს თამადების პრობლემაა.
    სხვამხრივ ყველაფერი რიგზეა.
    ვისაც ამაში ეჭვი ეპარება, მალხაზ ხარბედიას საავტორო ანთოლოგიაში ჩაიხედოს.

    © “წიგნები _ 24 საათი”

  • რეცენზია

    რეფლექსია უპირველეს ყოვლისა!

    1990-2004, თანამედროვე ქართული ლექსის ანთოლოგია. შემდგენელი და წინასიტყვაობის ავტორი მალხაზ ხარბედია. თბ. “LINK”, 2004.

    “გავიბითურეთ სამშობლო,
    მართლაც სამოთხის სადარი.
    სხვა საქართველო კი არა,
    თვით საქართველო სად არი?!”

    ვ. კოტეტიშვილი

    დალი კუპრავა

    სატკბილეთის ქვეყანა

    ირმა მალაციძე, სატკბილეთის ქვეყანა. რედაქტორი მარინე ბედოშვილი, ილუსტრაციები ია გიგოლაშვილისა. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2004.

    წიგნს დიდ-პატარისათვის თვალში მოსახვედრი ლამაზი ყდა აქვს, ამიტომაც არ გამკვირვებია, როცა მაღაზიაში, თაროსთან მდგარს მომესმა “ეს წიგნი მინდა” და ხელმა “სატკბილეთის ქვეყანა” თაროდან აიღო. დამაინტერესა, მოვბრუნდი და ვკითხე, როგორ შეარჩია მეთქი და ყდითო, მიპასუხა მშობელმა, კითხვა ჯერ არ იცისო.
    სილამაზეა ის, რასაც ადამიანი, ყველა ასაკში, გვერდს ვერ აუქცევს.
    “სატკბილეთის ქვეყანას” სათაურიც მიმზიდველი აქვს. ისიც კი, ვისაც ტკბილ გემოს მწარე, ან ცხარე ურჩევნია, არ უარყოფს, რომ სიტყვა “ტკბილს” მხოლოდ დადებითი ემოცია აქვს. განსაკუთრებით კი ბავშვისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ერთი ფსიქოლოგიური ტესტია, სადაც ასიდან ოთხმოცდაცხრამეტი ბავშვი შეკითხვას ერთნაირად პასუხობს – “ტკბილი” შეიძლება მხოლოდ კარგი იყოს.
    მწერლის მიერ დარქმეული ზღაპრის სათაური მკითხველისთვის ყოველთვის განწყობის შემქმნელია და ამ მხრივაც ავტორის “განზრახვაზე” ლაპარაკობს – ეს ბავშვებისთვის დაწერილი ზღაპარია. ხშირად გვითქვამს კარგი საბავშვო წიგნი უფროსებისთვისაც კარგი საკითხავიაო, მაგრამ ამ შემთხვევაში წიგნი საბავშვოა. ბავშვებს კი ყველაფერი თავისი უფრო უყვართ, ვიდრე უფროსებთან გაზიარებული – სხვადასხვა ზომის ხუთი ერთნაირი ნივთიდან ისინი იმას ირჩევენ, რაც მათი ზომისთვის უფრო შესაფერისია. შინაარსითაც ის ამბავი უყვართ, რაც კარგად მთავრდება, მაგრამ მსვლელობა აუცილებლად დაძაბული უნდა იყოს, გაზადაგზა წინააღმდეგობები, საშიშროებები უნდა ჩნდებოდეს, რაც, უფროსებისგან განსხვავებით, ბავშვს კიდევ უფრო უმტკიცებს კეთილი დასასრულის რწმენას და ამბის ბოლოს სურვილი უჩნდება, ნეტავ კიდევ გაგრძელებულიყოო. “სატკბილეთის ქვეყნის” წაკითხვა შვილებისთვის მშობლებს არაერთხელ მოუწევთ, ისევე, როგორც ერთი და იგივე ზღაპრის მრავალჯერ მოყოლა უწევთ.
    სატკბილეთის ქვეყნის ამბავი კი მოგვითხრობს ერთი ქვეყნის, სატკბილეთის ცხოვრებაზე, სადაც ობოლი ბიჭები და გოგონები ქუჩის ამარა არ რჩებიან, სადაც მეფე-დედოფალი ისეთი კეთილები და სამართლიანები არიან, რომ ერთადერთი ქალიშვილის არჩევანსაც, ცოლად გაჰყვეს ღარიბ მოხეტიალე მუსიკოსს, სიხარულით იღებენ.
    ამ ზღაპარში კეთილი და ბოროტი გამუდმებით უპირისპირდება ერთმანეთს – სამწერეთის მეფე სატკბილეთს ესხმის თავს, ვეზირი არვინგაგვიგოსი მეფის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობს, აფთიაქარ ალთეუსის ჯადოსნური წამალი მეფე ნესტარ მეორეს და დედოფალ ზაზუს რამდენიმე საათით კეთილ ადამიანებად აქცევს… მუსიკოს ლინოვიოს მეგობრობა და ხელოვნება ეხმარება, რომ ნაღვლიანი მეფის ასულის გული და ხელი მოიპოვოს. ამ ზღაპარში არის ბევრი შიში, ბევრი განსაცდელი, რომელსაც გმირები მკითხველთან ერთად ძლევენ. ზღაპარში სამართლიანობის და უსამართლობის გამუდმებული ჭიდილი სამართლიანობის გამარჯვებით მთავრდება.
    ბავშვისთვის იოლად აღსაქმელია ავტორის მიერ სახელების დარქმევის პრინციპი: ვერაგი ვეზირი არვინგაგვიგოსი, ასეთივე ვერაგი დონ კაკტუსო და მისი შვილები სუსხია და ეკლინა, კეთილი დედოფალი მარმელადინა და მეფე კარამელიუსი, კეთილი გოგონა ვარდია, პრინცესა რაფაელა, გადია ფუნთუშინა, რომელიც მსუქანი უკეთილესი გადიაა, ხარაზი ლანჩა, ბიჭუნა ნიგო, რომელიც ნიგვზის, როგორც ტკბილეულის მეტად გაგემრიელების უტყუარი საშუალებაა, ბოროტი მეფე ნესტარ მეორე.
    თუმცა მცირე უყურადღებობები ავტორს მაინც გაპარვია, მაგალითად – ამურთუხუცესი ახ-ოხი ბავშვისთვის გაუგებარი, აუხსნელი სახელი იქნება.
    ზღაპარი პირველი პირისგან არის მოთხრობილი, რაც ბავშვებს ძალიან უყვართ – იმათაც ვისაც სხვა უკითხავს და იმათაც, ვინც თავად კითხულობს – ჩნდება შეგრძნება, რომ ამბავს თვითმხილველი უამბობს და ამით ამბავი კიდევ უფრო ნამდვილდება. ბავშვებს არ უყვართ, როცა უფროსები ეუბნებიან ისეთ სიტყვებს, როგორიცაა “ამბობენ”, “ნათქვამია”, “თურმე” ან “როგორც გვიამბობენ”. ისინი ისეთი რეალისტები არიან, რომ უმალ დაიჯერებენ, დონ კაკტუსო ბოროტი კაცია იმიტომ, რომ ეკლიანი სახელი ჰქვია, აბა ხელი მოჰკიდე კაკტუსს, ნახავ რამდენი ხლაფორთი გექნება. ისიც სჯერათ, რომ გოგონა ვარდიას კარგის მეტი არაფრის გაკეთება არ შეუძლია, ვერც ჭიამაია შეძლებს ვინმეს გულის ტკენას, მაგრამ მეფე ნესტარ მეორე კეთილი ძალა რომ არ იქნება, ამის მისახვედრად მისთვის ზღაპრის წაკითხვაც არ ღირს. ამ ზღაპარს ბავშვი იმისთვისაც წაიკითხავს, რომ კიდევ ერთხელ იზეიმოს კეთილისგან ბოროტის ძლევა, სიყვარულის და მეგობრობის გამარჯვება და ახალი სასიცოცხლო ძალით აივსოს.
    “სატკბილეთის ქვეყანა” კარგი ზღაპარია, უბრალოდ, ის არ იწყება სიტყვებით “იყო და არა იყო რა, დიდი ხნის წინათ…” და არ მთავრდება “ჭირი იქა ლხინი აქათი” მხოლოდ იმიტომ, რომ ეს საავტორო ზღაპარია.

    © “წიგნები – 24 საათი”

  • ესე (თარგმანი)

    ვიკი მეჰეფი

    ჯეიმს ჯოისის კითხვისას

    ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

    როგორ უნდა აღვიქვათ ისეთი ნაწარმოები, როგორიც “ულისეა”? დავუშვათ, რომელიმე “კეთილსინდისიერ” მკითხველს სურს, გულდასმით გაეცნოს ამ წიგნს და, ამასთან, არ შეყოვნდეს მის 31-ე, 152-ე, 314-ე გვერდებზე. წარმოიდგინეთ მისი რეაქცია სტივენის, შემდეგ კი – ბლუმის შინაგან მონოლოგებზე: როგორ განაცვიფრებს მკითხველს უეცარი ვარაუდი, რომ ეს მონოლოგები მძლავრად ზემოქმედებს მისი აზრების უწყვეტ, მდუმარე კომენტარზე. საზრიან მკითხველს უთუოდ თავს შეაწყენს გაჭიანურებული, დეტალებით ჭარბად გაჯერებული პასაჟები. მის იმედგაცრუებასა და გაღიზიანებას გამოიწვევს წიგნის საყოველთაო აღიარება და ამ გრძნობას მხოლოდ ნაწილობრივ შეარბილებს იმის შეგნება, რომ “ულისეს” ძნელად გასაგები იდიომების უმრავლესობა უფრო ქუჩის ჟარგონს განეკუთვნება, ვიდრე – ლიტერატურულ მეტყველებას. ამგვარ მკითხველს, როგორც წესი, აოგნებს ჯოისის სტილი, ზოგჯერ კი ის ემორჩილება მის მომნუსხველ ძალმოსილებას. ხშირად მკითხველი კრიტიკულად (თუმცა ფარული მღელვარებით) ეკიდება სიტყვებისა და განცდების იმ ნაკადს, რომელშიც ასახულია 1904 წლის ერთი დღე. “ითაკაში” მას აოცებს, რომ არავითარი აშკარა ცვლილება არ შეიმჩნევა ლეოპოლდისა და მოლის, ან სტივენისა და ლეოპოლდის ურთიერთდამოკიდებულებებში. მას, უდავოდ, აღაშფოთებს ის ეპიზოდი, როდესაც (565 გვერდის შემდეგ) ბლუმის მზრუნველობაზე სტივენი შეურაცხმყოფელი, ანტისემიტური სიმღერით პასუხობს და არ სურს, მას ღამე გაათევინოს თავისთან. ამგვარ მკითხველს უნდა აუხსნათ, რატომ არ იწვევს მოლის ადიულტერი ნაწარმოების ბოლო ნაწილში ბლუმის კონფრონტაციას ქალთან, და უნდა განუმარტოთ აგრეთვე მომხიბვლელობა “ნაბიჯების ორმაგი ექოსი, რომელიც ღვთის მიერ შექმნილ მიწაზე ხმიანობს, აგრეთვე – აკორდეონის ჰანგებისა, გზიდან რომ გაისმის”. დაუსაბუთეთ მკითხველს, რომ ბლუმის ყოყმანს (“მკვლელობა? არასოდეს, რადგან ორმაგი ბოროტმოქმედება მიუტევებელია. დუელი? არა. განქორწინება? ახლა – არა”) უპირატესობა უნდა მიენიჭოს ე.წ. “ჰეროიკული” სიტყვებისა ან ქმედებების წინაშე. ამასთან, საბოლოო ანგარიშში მსგავსი მკითხველი, ალბათ, თავს მოტყუებულად მიიჩნევს, რადგან უამრავ დროსა და ენერგიას შეალევს წიგნს და მაინც ვერ მოახერხებს იმ გასაოცარი მდგომარეობის მიღწევას, რომელსაც თავის შექცევას უწოდებენ.
    რატომაა, რომ “ულისე” გზას უკეტავს მკითხველებს სიამოვნებისკენ, რომელსაც ისინი მგზნებარედ ესწრაფვიან? რატომაა, რომ მისი გმირები თითქოსდა ცდილობენ, გადაავადონ ნაწარმოების სრულიად ახლებური გაგება, თუმცა იმედს გვიტოვებენ, რომ ამგვარი გაგება ჯერ კიდევ შესაძლებელია, თუნდაც – ხვალ? რატომ მთავრდება რომანი მღელვარე მონოლოგით, სადაც გამოთქმულია ურთიერთსაპირისპირო (შეუთავსებელიც კი) სურვილები და თვალსაზრისები? რატომ უტოვებს “ულისე” ქანცგალეულსა და დარეტიანებულ მკითხველს უკმარისობის გრძნობას? თუ ჯოისის ქმნილება არ შეაშინებს მკითხველებს კითხვის პროცესის მოულოდნელობით, ის სიგიჟემდე მიიყვანს მათ მძვინვარე ვნებებით.
    “ულისე” არ გვანუგეშებს მკაფიო დასკვნებით, რადგან ნაწარმოების ძირითად მიზანს წარმოადგენს არა გმირების აღწერა-დახასიათება, არამედ – მკითხველთა შინაგანი გარდასახვა. გმირები, ერთი მხრივ, თავიდან ირიდებენ მკითხველებს, მეორე მხრივ კი – ბიძგს აძლევენ მათ, გაიაზრონ სამყაროსთან, ტექსტთან, იდეებთან და ადამიანებთან მიმართებების ახალი შესაძლებლობები. ჯოისის პერსონაჟები უგულებელჰყოფენ მკითხველთა მისწრაფებას, ადვილად (და, მაშასადამე, წინდაუხედავად) გააიგივონ თავი მათთან; ნაწარმოების ენა, აგრეთვე უძალიანდება მისი იოლად ათვისების მცდელობას. როდესაც წყდება გაიგივების ან მექანიკური გაგების პროცესი, მკითხველს თვითრეფლექსიის საშუალება ეძლევა, თუმცა დროის ეს ინტერვალი შეიძლება გამოყენებულ იქნას იმისთვისაც, რომ შევუკურთხოთ ავტორსაც და მის ნაწარმოებსაც. მკითხველთა მასტიმულირებელი ან დამაბნეველი ახლებური პერსპექტივები ხორცშესხმულია ჯერ კიდევ “დუბლინელებში”, სადაც მწერალი მიმართავს ე.წ. epiclesis-ს მოთხრობათა დაბოლოების აღსანიშნავად. ჯოისი მიუთითებდა, რომ epiclesis გახლდათ საბრალმდებლო სიტყვის იმ მომენტის აღმნიშვნელი ბერძნული ტერმინი, რომელსაც ბიძგი უნდა მიეცა შესაძლო ტრანსფორმაციისთვის “დუბლინელებში”. ჯოისის გმირები “იყინებიან” იმ ზღვარზე, რომლის მიღმა მათი ცნობიერი წვდომა შეუძლებელია. ამ უძრავ ცხოვრებას, ამ “nature morte”-ს არ ახლავს გარკვეული კომენტარი. ავტორი არ მოგვიწოდებს, შემწყნარებლობა გამოვიჩინოთ მისი გმირების მიმართ. აქაც (როგორც შემდგომ “ულისეში”) მწერლის ტექნიკა მიზნად ისახავს მკითხველთა სულიერ გარდახორციელებას. ჯოისი გასაოცარი გამჭრიახობით განჭვრეტს ყოფის მომაკვდინებელ ზემოქმედებას ჩვენზე. ამასთან, მისი სტრატეგია სხვადასხვაგვარ ზეგავლენას ახდენს, ერთი მხრივ, გამოცდილ მკითხველებზე, მეორე მხრივ კი – ადვილად “ფროიდიზებად” ახალგაზრდებზე, მაგრამ უკლებლივ ყველას ის ეხმარება, გარდაქმნან მათი ცხოვრების “ენა” “მეტყველებად” (ანუ მოიპოვონ ის შეფარდებითი თავისუფლება, რომელიც, ფრანგ ენათმეცნიერთა მიხედვით, ასოცირდება მეტყველებასთან).
    “ულისეს” ერთ ეპიზოდში, კერძოდ, “მზის ხარებში”, სტივენი ამბობს, რომ მიმართება გმირსა და მკითხველს შორის, სხეულისა და სულის მიმართების მსგავსად, ზოგჯერ უეცრად კონფლიქტურ ხასიათს ღებულობს. ჩვენ ხშირად უშფოთველად ვაკვირდებით გმირებს, რომლებიც უმკლავდებიან საკუთარ ვნებებს და მით უფრო იოლად მოვთოკავთ ხოლმე ანალოგიურ განცდებს. მაგრამ როდესაც გმირი ვერ ბედავს, ბოლომდე ჩასწვდეს ძალზე არსებითი, გადამწყვეტი მოვლენის არსს, მისი მარცხი სტიმულს აძლევს მკითხველს, ბოლომდე მიიყვანოს ეს ინტელექტუალური ძალისხმევა. სტივენი ვარაუდობს ამგვარ შესაძლებლობას და ლიტერატურულ-თეოლოგიური არგუმენტების მეშვეობით ასკვნის, რომ იმედგაცრუება მატერიალური სამყაროს მიმართ განაპირობებს სულის ტრიუმფებს: სამშობიაროში, მოქეიფეთა წინაშე ის წარმოთქვამს ბლეიკის ან იეიტსის სულისკვეთებით გამსჭვალულ დეკლარაციას, რომლის სტილი ელისაბედის ეპოქის ქრონიკებს მოგვაგონებს:
    “იცოდეთ ყველამ, თქვა მან, რომ მარადისობის სრა-სასახლეები დროის ნამუსრევზე აიგება. რას ნიშნავს ეს? ვნების გრიგალი ახმობს მაყვლოვანს, მაგრამ შემდეგ ის იქცევა დროის ჯვარზე აყვავებულ ვარდად. დაიმახსოვრეთ. ქალის საშოში სიტყვა განკაცდება, მაგრამ სულში ყველა არსების შემოქმედისა, საქმე უკვდავ სიტყვად იქცევა. ასე მოხდა სამყაროს შექმნის შემდგომ. Omnis caro ad te veniet”.
    სტივენი ავითარებს თეორიას ნაყოფის მომწიფებისა და დაბადების ენობრივი გამოხატულებების შესახებ. ამ თეორიას გმირი უკავშირებს ლიტერატურულსა და ქრისტიანულ წარმოდგენებს, რომლებშიც ასახულია ურთიერთმიმართებები ამქვეყნიურ ცხოვრებასა და საიქიოს შორის. მისი აზრით, მიწა და ცა, სხეული და სული დაპირისპირებული და, ამასთან, სადარი ორეულებია, რომლებიც მორიგეობით წარმოშობენ ერთმანეთს. სიტყვა (ან სული) განკაცდება ქალის სხეულში, მაგრამ ამ მოკვდავი სხეულის აღსასრული ხელახლა ზრდის უკვდავ სიტყვას. თეორია სხეულისა და სიტყვის ურთიერთშენაცვლებადობის შესახებ მიესადაგება აგრეთვე მდუმარე, ორმხრივ დიალოგს ავტორსა და მკითხველს შორის, რომელთა მედიატორია დაწერილი, მატერიალური ტექსტი. შემოქმედების პროცესში ავტორი განასხეულებს თავის სიტყვებს, მაგრამ მკითხველიც შემოქმედის როლში გვევლინება, როდესაც “თარგმნის” აღქმულ ტექსტს მის იმგვარ ნაირსახეობად, რომელიც პერმანენტულად ზემოქმედებს ცხოვრების მისეულ გაგებაზე. სტივენი მიიჩნევს, რომ განვითარება რიტმული და ორმხრივი პროცესია. სიკვდილი და სიცოცხლე ურთიერთს აწონასწორებს, ისე, რომ ცხოვრებისეულ ასპარეზზე გმირის დამარცხებამ შეიძლება აიძულოს აღელვებული მკითხველი, თვითონ განახორციელოს გმირის მიზნები.
    ჯოისის სიტყვები “განკაცდება” ტექსტის სხეულში, მაგრამ არასრულყოფილმა განკაცებამ შეიძლება რაღაც უფრო სრულყოფილი აღმოაცენოს მკითხველის სულში. როდესაც სტივენი მსჯელობს დროის ნამუსრევზე აგებული მარადისობის სრა-სასახლეების შესახებ, ის გულისხმობს უილიამ ბლეიკის ჩანაწერებს, რომლებშიც გადმოცემულია პოეტის ყოველდღიური წარმოსახული საუბრები ცამეტი წლის წინ გარდაცვლილ ძმასთან. ბლეიკი აღნიშნავს: “ყოველი მოკვდავის აღსრულება უკვდავების მონაპოვარია”. ბლეიკი მარადისობას უპირატესობას ანიჭებს დროსთან შედარებით; სულის სრა-სასახლეები ნაცარტუტად აქცევს დროის ნამუსრევს. ამასთან, ჯოისი, ისევე, როგორც მისი თანამემამულე იეიტსი, მიიჩნევს, რომ სული და სხეული გარდუვალად დაპირისპირებული და, თანაც, ურთიერთდაკავშირებული ძალებია. ხელოვნება და ცხოვრება ერთმანეთის შეტრიალებული სარკისებრი გამოსახულებებია. სწორედ ამიტომ ჯოისი არ ცდილობს, რომ მისმა გმირებმა იოლად მოაგვარონ მათი პრობლემები. თუკი მკითხველსა და ტექსტს აკავშირებს შებრუნებული მიმართებები, ხომ არ უნდა ვიგულისხმოთ, რომ გმირების წარმატებები აზარალებს მკითხველებს? და იქნებ გმირების მარცხმა მკითხველებს სულიერი სიმხნევე მიანიჭოს? ჯოისის წარმოსახულ სამყაროში ტექსტი წარმოგვიდგება როგორც ეკალი ან ჯვარი, რომელზეც აღმოცენდება და იფურჩქნება ახალი რეალობები. შემეცნების ან გარდასახვის მიზნით ავტორიცა და მკითხველებიც “უნდა მიელურსმონ უმოწყალო წარმოსახვის ჯვარს”. ეს არაა მაზოხიზმის ან სადიზმის გამოვლინება, რადგან ავტორსა და მკითხველებს, ჩვეულებრივ, უკვე გააჩნიათ ამგვარი ჯვარცმის გამოცდილება. საკითხავია, შესაძლებელია თუ არა პერიოდული გათავისუფლება (მეტყველება) და როგორ იქცევა ჯვარმცმელი წარმოსახვა – თუ მას გავიაზრებთ, როგორც გზაჯვარედინს – ცხოვრების განახლების საშუალებად?
    ჯოისის მსოფლაღქმის ქრისტიანული საფუძველი გამოაშკარავდება, თუ გავითვალისწინებთ ამ რელიგიის ამოსავალ მომენტებს. მაგრამ მეოცე საუკუნის დასაწყისის ირლანდიაში ქრისტიანული პერსპექტივა გზაჯვარედინს კი არა, ფართო შარაგზას წააგავდა, ეს კი ქვეყანას უქადდა აღმსარებლობათა ისტორიულად განპირობებულ სიმრავლეს. ძნელი იყო ქრისტიანობის მიერ სულიერი რეალობების უპირატესი შეფასების შერიგება ცხოვრების პრაქტიკულ საჭიროებებზე ზრუნვასთან, ამ უკანასკნელს კი ჯოისი იუდაიზმს უკავშირებდა. სტივენი უნდა შეეჯვაროს (დაპირისპირების ან თანალმობის მეშვეობით) ბლუმს, რაც წარმოქმნის “Blephen. Stoom”-ს. უილიამ ბატლერ იეიტსის პოემა “ვარდი დროის ჯვარზე” აგრეთვე გაჯერებულია ქრისტიანული მსოფლაღქმის სხვადასხვაგვარი დანაშრევებით: ვარდი განასახიერებს არა მარტო გვემილსა და აღმდგარ იესოს, არამედ – მრავალტანჯულსა და აღორძინებულ ირლანდიასაც, აგრეთვე – მარადიულ მშვენიერებას, რომელსაც პერიოდულად ანადგურებს ჟამთასვლა, რათა ის კვლავ და კვლავ განახლდეს. ვარდი, რომელსაც ხოტბას ასხამს იეიტსი, ეჯვარება ქრისტიანულ ტრადიციას და ხაზს უსვამს მას: ესაა ქალური საწყისის გამოხატულება და, ამასთან, მოკვდავ სხეულში მფეთქავი გული. ვარდი ჰყვავის იმის წყალობით, რომ გარემოცულია წარმავალი სამყაროთი.
    თუ მკითხველი დაძლევს საკუთარ სურვილებს, უარყოფის უდაბნოც კი აყვავდება. სტივენის აზრით, ვნებათა გრიგალის ქროლვით გამხმარი მაყვლოვანი იქცევა ჯვარზე აყვავებულ ამგვარ ვარდად.
    თუ კონტექსტს ოდნავ შევცვლით და ეკლისა და ვარდის სიმბოლოებს გამოვიყენებთ ნარატივისადმი, რომელიც უკეთ შეესაბამება “ფინეგანის ქელეხს”, ვიდრე “ულისეს”, მაშინ მკითხველები წარმოგვიდგებიან ეკლებზე ამოსული ასკილის ვარდის სხვა ნაირსახეობებად. ყოველი მათგანი “მთვლემარე სილამაზეა”, რომელსაც ტექსტი მორიგეობით აძინებს და აღვიძებს. ზოგჯერ დაძინება მოვალეობაა: ანა ლივია პლურაბელი ბოლო მონოლოგში, რომელსაც ის წარმოთქვამს “ფინეგანის ქელეხში”, საუბრობს “მძინარე სილამაზეთა”, როგორც “მძინარე მოვალეობათა” შესახებ, რომელთა გაღვიძებასაც ის სულაც არ ესწრაფვის. ასკილის ვარდის მსგავსად, მკითხველებს აცდუნებს მთვლემარე მსმენელებად ქცევის შესაძლებლობა. ჯოისი ახასიათებს ამგვარ მსმენელებს, როგორც ცოდვისკენ მიდრეკილ “მთვლემარე სილამაზეებს”. ამგვარად, მკითხველთა მთავარი მოვალეობაა, დროდადრო იძინონ და გაიღვიძონ, იყონ “მთვლემარე სილამაზეები”, რომელთაც ხან აწამებენ, ხან კი – ელაციცებიან. ძილის დროს ისინი ვერ იცნობიერებენ, გაღვიძებისას კი მწვავედ შეიგრძნობენ, რაოდან შემაძრწუნებელია ცხოვრების სიზმარი. ტექსტის მსგავსად, მკითხველი “ფურცელია”, მაგრამ ესაა მთვლემარე, შევსებული, შესწორებადი ფურცელი, რომელსაც სხვების გაღვიძების უნარი შესწევს. მკითხველის ახალი ცხოვრება მაშინ იბადება, როდესაც მას ჯვარზე აკრავენ სხვა მკითხველები ან ტექსტი, ან კიდევ – დამარცხებული (და არა წარმატებული) გმირი. სემუელ ბეკეტი უფრო აშკარად მიუთითებს ტექსტის ამ ასპექტზე. “გოდოს მოლოდინში”-ს დასასრულს ვლადიმირი უყურებს თავის მთვლემარე მეგობარს, ესტრაგონს, და კითხულობს: “მეძინა თუ არა, როდესაც სხვები იტანჯებოდნენ? მძინავს თუ არა ახლა? ხვალ, როდესაც გავიღვიძებ ან – მეგონება, რომ გავიღვიძე – რას ვიტყვი დღევანდელი დღის შესახებ?” ის აკვირდება მძინარე პარტნიორს, შემდეგ კი ფიქრობს: “მეც მიყურებს ვიღაც. ჩემზეც იტყვიან, მას სძინავს, მან არაფერი იცის, დაე, იძინოსო”. ესაა თვითრეფლექსიით განპირობებული დაეჭვება, რომლის პროვოცირებასაც მიზნად ისახავს ჯოისის მთელი რომანი: მიხვედრა იმისა, რომ სწორედ მაშინ გვღვიძავს, როდესაც ვთვლემთ და უგრძნობელნი ვართ გარესამყაროს მიმართ. ესტრაგონის მსგავსად, ჯოისის გმირები იმით ამთავრებენ, რომ იძინებენ და ელოდებიან ხსნას, რომელიც ჩვევად არ იქცევა. ისინი გამოხატავენ თავიანთ მოწყენას, კაეშანს, მოუთმენლობას, სასოწარკვეთილებას, მაგრამ მკითხველის ძალებს აღემატება, განაცხადოს ვლადიმირთან ერთად, “აი, აქ, ახლა, მთელი კაცობრიობა ჩვენა ვართ, მოგვწონს ეს თუ არა. მოდით, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ძალგვიძს, სანამ ძალზე გვიანი არ იქნება”.

    © “ლიტერატურა – 24 საათი”

  • რეცენზია

    ეკა ცხადაძე

    ყოფილთა ცხოვრების ესთეტიკა

    ირაკლი სამსონაძე, ყურთბალიში (მცირე რომანი). წინასიტყვაობა ანდრო ბუაჩიძისა, რედაქტორი მალხაზ ხარბედია. ყდაზე ლევან ხერხეულიძის ფოტოები. თბ. “არეტე”, 2004.

    თავდაპირველად უნდა ითქვას, რომ ირაკლი სამსონაძე უშეღავათო შემოქმედია, მისი ყველა ტექსტი მკაცრი რეალობის მხატვრულ ინტერპრეტაციას წარმოადგენს და ხანგრძლივ შთაბეჭდილებად გვრჩება.
    “ყურთბალიში” იმპერიის ნანგრევებში მოყოლილ ხალხსა და ქვეყანას ეხება, მისი მკაცრი რეალიზმი სულისშემძვრელი და ნაღვლიანია. მასში ყველანაირი ადამიანური განცდაა ფოკუსირებული, თითქმის ყველა ახლო წარსულის მნიშვნელოვანი მოვლენაა გახსენებული და ცხოვრების მდინარების კვალდაკვალ ნაჩვენები. “ყურთბალიში” ქაოსის ქმნილებაა, დაშლილი საზოგადოების წუხილია წესრიგსა და სამართლიანობაზე.
    ირაკლი სამსონაძე გვიწერს მხატვრულ ტექსტს “ყოფილებზე” და თავის თავს მისსავე ცენტრში მოიაზრებს, ეს არის “ყოფილი მწერლის ცხოვრება ყოფილების საზოგადოებაში”. მოქმედების თანამიმდევრობაც ქაოტური დროის შესაფერია, ერთ-ერთი გმირი სამივე ომში დამარცხების შემდგომ იარაღს გაყიდის და კონტრაბანდისტობას იწყებს.
    პირველ პირში თხრობას ყოველთვის ახლავს ხოლმე ერთგვარი დუნე განვითარება სიუჟეტისა, მაგრამ ირაკლი სამსონაძის რომანსა თუ მოთხრობაში ამგვარი თხრობის უხერხულობანი სურათთა მონაცვლეობით არის დაძლეული. შთამბეჭდავია მსჯელობა “ყოფილთა” ამქარზე, როცა ყველაფერი შექცეული და გაუკუღმართებულია, როცა მართლაც დაირღვა “დროთა კავშირი” და ყოველი დილა “დაღლილობით იწყება”…
    ტაქსის მძღოლი – ყოფილი მშენებელი
    სამშენებლო ფირმის მეპატრონე – ყოფილი ექიმი
    პოლიტიკოსი – ყოფილი სპორტსმენი
    ვაჭარი – ყოფილი გლეხი
    წვრილი კონტრაბანდისტი – ყოფილი მწერალი…
    “ყოფილი” ადამიანების თემატიკამ ქართული მწერლობა რამდენიმეჯერ მოიცვა, ეს იყო საფუძვლიანი განსჯისა და ყურადღების საგანი გასული საუკუნის პირველ ნახევარში, ეს ახლაც საგანგებო ყურადღების ღირსია. ყოფილი ადამიანი ამაზრზენად ჟღერს და სწორედ ამის გამო არის მნიშვნელოვანი მის არსში გარკვევა. ირაკლი სამსონაძე სწორედ “ყოფილების” შესწავლას ცდილობს, საგანგებოდ ინტერესდება ამ პრობლემით და უწინარესად საკუთარი პიროვნების შეცნობას ცდილობს.
    “ყურთბალიში” ოჯახის განცალკევებაზეცაა, როცა დედა იძულებულია ცალკე გავიდეს და შვილისა და რძლის გარეშე მოიწყოს თავისი სადგომი. შვილს არ შეუძლია აიძულოს ორი ძვირფასი ქალი ერთად ცხოვრებაზე დაითანხმოს, მას ეს სურს და არც სურს, საბოლოოდ ყველაფერს ოჯახის მთავარ “კრუხად” ქცეული მეუღლის, ქეთინოს ნება წყვეტს და იქმნება ის რეალობა, რასაც ირაკლი სამსონაძე გვაწვდის. ასეთია ცხოვრება, ასეთები ვართ ჩვენ დღეს, ასეთები არიან ჩვენი მამაკაცები და გადაჭრით ვერავინ იტყვის, ცუდია ეს თუ კარგი.
    ირაკლი სამსონაძის პერსონაჟს ყველაფერს ინერტული ყოფა და სიმშვიდე ურჩევნია. ასეთი ფუფუნება სრულიად ზედმეტი ჩანს მისი პატარა ოჯახის ცხოვრების ფონზე. ქაოსი და არამდგრადი “გარდამავალი პერიოდი” აქტიურ მოქმედებას მოითხოვს, თავად მწერალი და ინტელექტუალი იძულებული ხდება, “მისდიოს დროს” და “იყოს სოფელში”… მწერალს, შემოქმედს, მჭვრეტელს “ტვირთად” აწევს ყოფიერების ხუნდი – საკუთარი ოჯახი. მეორდება მრავალჯერ ჩავლილ-ჩასავლელი, რომელიღაც მზიამ აუცილებლად უნდა შეაგდოს ყოველდღიურობის ბილიკზე რომელიღაც მინდია. ამ მინდიამაც უნდა იომოს, უნდა დამარცხდეს, უნდა დაემორჩილოს ქალის მაცდურობას და აიკიდოს თავისი წილხვდომილი “ბუწუწაქსოვილიანი ტომარა”. ირაკლი სამსონაძის “ყურთბალიშის” უმთავრესი ღირსებაა ისიც, რომ მას მთლიანობაში ჰყავს წარმოდგენილი თავისი ქვეყანა, მისი იმპერიიდან თავდაღწევის შემდგომი არსებობა.
    კონტრაბანდისტობა იძულებითი ნაბიჯია უმეტესობისთვის და რახან იძულებითია, შედეგებსაც მიზერულს იძლევა. ამგვარი “ზარმაცი” კონტრაბანდისტები “ზარმაცად მდგომი ბლოკპოსტებისთვის” ორლარიანებს იმარაგებენ. ძირითადად ამგვარი ცხოვრებაა ნაჩვენები, მაგრამ არც დიდი “გაქანების” საქმოსნების ნამოღვაწარია დავიწყებული, მათ ორლარიანების მომარაგება არ სჭირდებათ და “ბლოკპოსტებიც” ლიფსიტებისთვისაა გათვლილი. ესენი სხვაგვარი კონტრაბანდისტები არიან, სხვა მფარველები ჰყავთ და სხვა პრობლემები აწუხებთ. ამ ორბიტაზე ყურთბალიშის ხიბლი არ ვრცელდება, მისი სიმბოლიკა არ მოქმედებს, მემკვიდრეობითობის და ტრადიციის სიმყარის შეგრძნება მათ სისტემაში მხოლოდ ფულთან არის დაკავშირებული. ყოფიერების არსიც იმაში მდგომარეობს, რომ ასეც უნდა იყოს, უნდა გვქონდეს ყველანაირი მაგალითი, უნდა გვყავდეს ყველანაირი ხალხი, უნდა განვიცადოთ მარცხის სიმწარეც და გამარჯვების სიხარულიც. ირაკლი სამსონაძის “ყურთბალიში” ყოველივე ამას შეიცავს, იგი მარტო შავი ყოველდღიურობის კონტექსტში როდი ჯდება, მასში არის გააზრება ადამიანური ბუნების სხვადასხვა გამოვლენის, მეგობრობისა და თანადგომის სიწრფელის, სინანულის და შთამომავლობის გადარჩენის.
    მეგობრობისა და თანალმობის პლასტს ვახოს პერსონაჟი წარმართავს. ვახო არის ამამოძრავებელი ჩვენი მთხრობელი გმირის, რომელსაც ყველაფერს ტელევიზორთან ჯდომა და კარგი ამბის მოლოდინი ურჩევნია. ბოლოს ისიც იძულებული ხდება, აჰყვეს ვახოს და რადიკალურად შეიცვალოს ცხოვრების ნირი. იძულება და აუცილებლობა ამ შემთხვევაში თანასწორუფლებიანი ცნებებია, მათი ერთიანობა მართლაც შთამბეჭდავად აისახა ტექსტში.
    ირაკლი სამსონაძის ნაწერის დამაჯერებლობას ხელს უწყობს სხვადასხვა მოვლენათა ცვალებადობა. გარეთ გასული მწერალი მხოლოდ საშოვარზე როდი გადის, ამით იგი ფსკერის მრავალგვარობას ეზიარება, ეცნობა მანამდის განუცდელს. ალღოს უღებს მიუღებელს და ადრე წარმოუდგენელს.
    ფსკერიც ორგვარია ირაკლი სამსონაძის “ყურთბალიშში”, ერთნი იძულებით არიან მასზე განრთხმულნი, მეორენი უბრალოდ არც იცნობენ სხვაგვარ არსებობას, ანუ “ძროზე” ერთუჯრედიანნიც და მოაზროვნენიც თანაბრად ცხოვრობენ, ფსკერის ცხოვრებას ოცნებები ალამაზებს, იმედი ასულდგმულებს და შედარებით გასაძლისს ხდის. ვისაც იტალიური კინემატოგრაფის ნეორეალიზმი ახსოვს, ძალიან კარგად გაიგებს პოსტსაბჭოური ქვეყნების პირქუშ მომხიბვლელობას. ირაკლი სამსონაძე ძალიან მისანდო და უბრალო შემოქმედია, მისი პოზა არ არის ძალდატანებითი, იგი არ აწუხებს მკითხველს, მას შეუძლია შეინარჩუნოს პიროვნულ-შემოქმედებითი ინდივიდუალიზმი და ისე აუბას მხარი დროის მოთხოვნებს.
    კიდევ ერთი დასამახსოვრებელი სიმბოლოა “ყურთბალიშში” – გმირს ერგნეთში მიაქვს ბუწუწა ქსოვილისგან შეკერილი ტომარა, მასში ათავსებს წიწიბურას, სხვადასხვა პროდუქტს და უნაწილებს ჯიხურებში ლეილას, მაკასა და დარეჯანს. დროთა განმავლობაში ტომარა სიმბოლოდ იქცევა, სადაც მოქცეულა გმირისთვის ძვირფასი წარსული, ასევე ძვირფასი აწმყო და მომავალი. ტომარა მოუცილებელი რამ ხდება მწერლისთვის, იგი მისი სიზიფეს ლოდია, აკიდების დღიდან მშობლიური. ვახო (ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი) ვეღარ უძლებს, მწერალი იტანს, ერთს არც ცოლი ჰყავს და არც შვილი, მეორეს ორივე ჰყავს და დამატებით დედის მხარდაჭერაც ეგულება. ვახომ სამივე ომი წააგო, მწერალმა სამივე განიცადა, მაინც სამივეს ომს ვეძახით, თორემ სინამდვილეში როგორ იყო და რა იყო, მხოლოდ ყველაფერში გარკვეულმა და წილდებულმა აფთრებმა უწყიან.
    იმპერიამ ვეღარ შეძლო შეგუებოდა გარდუვალობას, მასებმა ვეღარ გაუძლეს იმპერიის დამთრგუნველობას, უკმაყოფილებამ და ბოღმამ წალეკა ადამიანური გრძნობები და ამ ქაოსში სულ მიგვავიწყდა, როგორ მოვიპოვეთ ყველაზე ძვირფასი და ხანგრძლივ ნაოცნებარი დამოუკიდებლობა. ჩვენი “შესაქმის წიგნი” თავიდან იწერება.
    ირაკლი სამსონაძე თამამად შეიძლება ჩაითვალოს ქართული ნეორეალიზმის ერთ-ერთ შემოქმედად, რადგან მან პოსტსაბჭოური საქართველოს უტყუარი და ზუსტად ფოკუსირებული ტექსტები შექმნა. მისი “ყურთბალიში” მართალი და შთამბეჭდავია, სწორედ ამიტომ აირჩია იგი “არეტემ”.

    © “წიგნები – 24 საათი”

  • ლექცია

    ჰაროლდ პინტერი

    “ჩვენი მოვალეობა სრულიად ნათელია – ჩვენ ამ ომს უნდა დავუპირისპირდეთ”

    მიმართვა ბრიტანეთის თემთა პალატას, 21 იანვარი 2003

    2002 წლის ერთ-ერთი ყველაზე გულისამრევი სურათი – შობა დღეს ჩვენი პრემიერ-მინისტრი მუხლებზე დაჩოქილი დგას ეკლესიაში, ლოცულობს მშვიდობისათვის დედამიწაზე, ღმერთს შესთხოვს, რომ სიკეთე მოუტანოს მთელ კაცობრიობას და ამავდროულად, ერაყში დიდი სისხლისღვრისათვის ემზადება, სისხლისღვრისათვის, რომელიც ათასობით სრულიად უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს.
    ამასწინათ ამერიკის ელჩმა ბრიტანეთში ბრალი დამდო – მე ხომ აშშ-ის ადმინისტრაციას სისხლს მოწყურებული მხეცი ვუწოდე. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია: შეხედეთ დონალდ რამსფელდის სახეს და თქვენ თვითონ დარწმუნდებით.
    ეჭვი არ მეპარება, რომ ეს არ არის მხოლოდ წინასწარ გამიზნული კრიმინალური და ბარბაროსული შურისძიების აქტი, ის ნგრევის სიხარულითაა გაჟღენთილი. ძალა დიდ ვნებებს აღძრავს – ეს არაერთხელ აღუნიშნავთ და როგორც ჩანს, ასეთივე ვნებიანი სიხარულითაა აღსავსე სხვათა მოკვდინებაც.
    ამერიკელები “საერთაშორისო საზოგადოების” მოჩვენებითი მხარდაჭერით სარგებლობენ. ეს მხარდაჭერა მუქარის სხვადასხვა საიმედო მეთოდებით გამოიხატება: ძალის გამოყენება, ქრთამი, შანტაჟი, აბსურდი. “საერთაშორისო საზოგადოება” დეგრადირებულ ერთეულად გადაიქცა, რომელიც ულმობელმა მილიტარისტულმა ძალამ თავის სამსახურში ჩაითრია, ძალამ, რომლის მოქმედება უკვე ყველა ზღვარს სცილდება. ყველაზე უბადრუკ მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანაა, რომელიც თითქოსდა თავისი დიდი მოკავშირის მხარდამხარ დგას, სინამდვილეში კი გამათრახებულ ძაღლს უფრო ემსგავსება. ჩვენ დამცირებულნი ვართ, შეურაცხყოფილნი და პატივაყრილნი იმის გამო, რომ ჩვენი მთავრობა აშშ-ს ურცხვად ელაქუცება.
    დაგეგმილი ომი მხოლოდდამხოლოდ ერაყის დარჩენილი ინფრასტრუქტურის კოლაფსს, დიდ სისხლისღვრას, სიმახინჯესა და სნეულებას თუ მოიტანს, დაგეგმილი ომი – ეს ნიშნავს მილიონ ლტოლვილს და ძალადობის აღზევებას მთელ მსოფლიოში; ამავე დროს, ეს ერთგვარ მასკარადს დაემსგავსება – “წმინდა ომის”, ან “უბრალოდ ომის” ნიღბით, რომელსაც აწარმოებენ “თავისუფლებისმოყვარე დემოკრატები” ერაყში “დემოკრატიის” დასამკვიდრებლად.
    მლიქვნელობის სუნი გვახრჩობს.
    სინამდვილეში ეს ერთი ჩვეულებრივი ამბავია და უბრალო რამეს გულისხმობს – სუვერენული ტერიტორიის დაპყრობას, სამხედრო ოკუპაციასა და ნავთობის ხელში ჩაგდებას.
    ჩვენი მოვალეობა სრულიად ნათელია – ჩვენ ამ ომს უნდა დავუპირისპირდეთ.

    © “ლიტერატურა _ 24 საათი”