• AUDIO,  ახალი წიგნები,  რეცენზია

    მალხაზ ხარბედია – ოთარ ჭილაძის “ლექსები და პოემები”

    AUDIO
    გამომცემლობა “პეგასმა” ოთარ ჭილაძის ლექსებისა და პოემების სრული კრებული გამოსცა. წიგნი ოთარ ჭილაძის ძმამ, მწერალმა თამაზ ჭილაძემ შეადგინა და იგი კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გამოვიდა.

    “მეც წავალ, ოღონდ ცოტაც მადროვეთ,
    ბარემ შევავსო ბოლო ფურცელიც
    და ამოვწურო ეს სიმარტოვე
    ეს ფორიაქი ამოუხსნელი.”
    ეს ოთარ ჭილაძის ერთ-ერთი უკანასკნელი ლექსია, 2007 წელს დაწერილი. ხმა მისმა ძმამ, მწერალმა თამაზ ჭილაძემ ჩაიწერა დიქტოფონზე. ოთარ ჭილაძის მიერ ასეთი რიტმით წაკითხული ლექსი მე არასდროს მომისმენია. ესაა ლექსი-გამოთხოვება, გამოთხოვება მარტოობასთან და ამოუხსნელ ფორიაქებთან, რითაც სავსე იყო პოეტის ცხოვრება. ოქტომბერში ერთი წელი შესრულდება ოთარ ჭილაძის გარდაცვალებიდან, წლევანდელ გაზაფხულზე კი მისი ლექსებისა და პოემების სრული კრებული ვიხილეთ ერთ წიგნად თავმოყრილი.
    კრებული ოთარ ჭილაძის სრულ პოეტურ მემკვიდრეობას მოიცავს, აქაა მისი პირველი კრებული “ძველი რვეული”, “მატარებლები და მგზავრები”, “თიხის ფირფიტები”, “გახსოვდეს სიცოცხლე”. პოემები – “დევებით სავსე ქუდი”, “რკინის საწოლი”, “სინათლის წელიწადი”. ამ წიგნში თვალის გადავლებითაც ჩანს XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართველი პოეტის მიერ განვლილი გზა, ორი-სამი ლექსის წაკითხვისასაც მოისმის მისი განუმეორებელი ხმა.
    როდესაც ბატონი ოთარი გარდაიცვალა, მახსოვს სხვებთან ერთად, პოეტ შოთა იათაშვილსაც ვთხოვე პატარა წერილი დაეწერა მისი პოეზიის შესახებ. შოთამ, ჩემი აზრით ძალზე ზუსტად დაინახა თავისი უფროსი კოლეგა და დრევანდელ გადაცემაშიც, სწორედ მას ვთხოვე ორიდე სიტყვა ეთქვა მის შესახებ: “ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ხოლმე პოეტის მიმართებას მკითხველტან, ანუ ვის ელაპარაკება პოეტი. არიან პოეტები, რომლებიც მთელ სამყაროს ელაპარაკებიან, როგორც ვთქვათ, უოლტ უიტმენი, მაგალითად მაიაკოვსკი ხალხის მასას ელაპარაკებოდა, თუმც ძალიან კარგად იცოდა კარგი მკითხველის გემოვნება, იყო ბარათაშვილი, რომელიც საკუთარ თავს ელაპარაკებოდა და ა.შ. ზოგი ღმერთს ელაპარაკება, ზოგი ეშმაკს… ოთარ ჭილაძე იყო პოეტი, რომელმაც უბრალოდ აირჩია მოსაუბრედ ერთი ადამიანი”.
    პოეტი თავადაც მარტო იყო, მისი ხმა მოისმოდა მარტოობიდან და მარტოობისთვის. მხოლოდ იგი იყო პასუხისმგებელი თავის სიტყვებზე და სწორედ ამიტომაც, წლების განმავლობაში ოთარ ჭილაძის ლექსის მთავარ ნიშნად სიზუსტე იქცა. გურამ ასათიანი, ერთ-ერთ წერილში სიბასრითაც ახასიათებდა მის პოეზიას, ზუსტი შეფასებაა, მხოლოდ ერთს დავამატებდი, ლირიურ გამჭრიახობას, მარტოობით შობილ სიცხადეს.
    “რაღაცნაირად ინტიმური გარემო შექმნა, და ეს გარემო იმ პერიოდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, როდესაც ხალხს უკვე მობეზრებული ჰქონდა ის პოეზია, როდესაც მასობრივად ელაპარაკებოდნენ ადამიანებს და სადაც ინდივიდი არ იყო გამორჩეული. როდესაც ან პათოსი ბატონობდა, ან არტისტიზმი. ოთარ ჭილაძემ ეს ყველაფერი დაძლია და დაიწყო სულ სხვანაირი საუბარი მკითხველთან”.
    XX საუკუნის 50-60-იანი წლების გასაყარზე ოთარ ჭილაძე ძალზე ზუსტად გამოხატავდა თავის დროებას, იგი ახალი ლექსის, ახალი ხედვის მესაფუძვლედ იქცა: “ოთარ ჭილაძე ლექსებს ძირითადად სამოციან წლებში წერდა და ალბათ ბუნებრივიც იყო, რომ მისი ლექსები სამოციანი წლების ევროპულ ფილმებს, შავ-თეთრ ფილმებს ჰგავდა. აი დაახლოებით ისეთს, ანტონიონის “ღამე” რომ არის, ან “დაბნელება”. ჩუმი, ზანტი, დაძაბული კადრებით. ანდა კამერულ ფრანგულ ფილმებს. ფერადოვნება, სწრაფი რიტმი და მონტაჟური ეფექტები მისთვის უცხოა. მის ლექსებში არც ადამიანები დაჰქრიან, არც მანქანები და არც ლურჯა ცხენები”.
    გურამ ასათიანი “უცდომელი ხელით აგებულ შენობას” ადარებდა ოთარ ჭილაძის ნაწერებს. მისი პოეზია “ღრმად გააზრებული, ბოლომდე მომწიფებული ჩანაფიქრისა და უტყუარი შთაგონების ნაყოფია”, წერდა იგი. მასთან ვერ ნახავთ შემთხვევითობას, მიუხედავად იმისა, რომ მის ლექსებში ბევრია მოულოდნელობები. ეს მოულოდნელი პეტური სვლები საბოლოო ჯამში ყველაზე ზუსტი გამოსავალია ხოლმე ლექსისთვის და ლირიკული გმირისთვის.
    ოთარ ჭილაძის შესახებ უკვე ათწლეულებია კამათობენ ქართველი ლიტერატურათმცოდნეეები თუ მკითხველები. ნაწილისთვის იგი პოეტი იყო, ზოგი კი მხოლოდ მის პროზაულ ნიჭს აღიარებდა. ჩემი აზრით კი, ოთარ ჭილაძე ბოლომდე პოეტად დარჩა, სიზუსტისა და სიმკვეთრის პოეტად. ასეთი იყო იგი პროზაშიც, ამომწურავი, ძლიერი, თავდაჯერებული.
    შოთა იათაშვილი ოტარ ჭილაძის პროზაზე გადასვლას მისი აზროვნების მასშტაბების ზრდას უკავშირებს: “ხშირად ისმის კითხვა, მაინც ვინ იყო ოთარ ჭილაძე თავისი ბუნებით, პოეტი თუ პროზაიკოსი?! საკმაოდ რთული კითხვაა, მაგრამ პასუხი ამ შემთხვევაში იქნება ძალიან მარტივი: ის ძალიან ბუნებრივად მივიდა პოეზიიდან პროზამდე. მისი საუბარი ერთ მკითხველთან, ის ინტიმური საუბარი, რაღაცნაირად არათვითკმარი გახდა, როდესაც მისი აზროვნების მასშტაბები ნელ-ნელა გაიზარდა და აქედან გამომდინარე მისი საუბრის ფორმაც ამიტომაც შეიცვალა და ლექსი იქცა რომანად”.
    იმის მიუხედავად, რომ 70-იანი წლების დასაწყისიდან ოთარ ჭილაძემ რომანში იპოვა თავი, იგი სიცოცხლის ბოლომდე მაინც აგრძელებდა ლექსების წერას. მისთვის ყოველთვის უცხო იყო სტერეოტიპები, პოეტური კლიშეები, ლიტერატურულობა, ხმამაღალი ფიქრის მისეული მანერა კი არ ტოვებდა ადგილს პოეტური არტისტიზმისთვის.
    ოთარ ჭილაძის ლექსები დღეს ახალი მკითხველი სჭირდება, დაკვირვებული და თავისუფალი მკითხველი.
    © radiotavisupleba.ge

  • ახალი წიგნები

    ახალი წიგნები – 2010 – ოქტომბერი

    გურამ მეგრელიშვილი, თამაზ დემეტრაშვილი “iratta.ru”. გამომცემლობა ალიანსი”. თბილისი, 2010.

    „რასაკვირველია, ფრანგებმა იმიტომ წააგეს ომი, რომ ძალიან სექსუალურები იყვნენო“, – ირწმუნება ოდენი. ცხადია, რუსეთთან საქართველოს დამარცხებასაც ექნებოდა თავისი მიზეზები, თუმცა, თავიდანვე გამოვრიცხოთ, რომ ეს მიზეზი ოდენისეულ ვერსიასთან ახლოს იყოს.

    რომანი „iratta.ru” რუსეთ–საქართველოს ომზე გვიყვება, თუმცა, სამწუხაროდ, არც აქაა ახსნილი, რატომ დამარცხდა საქართველო, რადგან, საბედნიეროდ, ამ ომში საქართველო იმარჯვებს. წიგნის ორივე ავტორი ომის კონტრ–ვერსიას გვთავაზობს, რომელიც, მიუხედავად წიგნის სოლიდური მოცულობისა, თავაუღებლად იკითხება.

    iratta–დ ოსები იხსენებიან და რომანის სახელწოდებაც აქედან უნდა გამომდინარეობდეს. RU დომენი კი კონფლიქტში რუსული საცეცების არსებობაზე მიანიშნებს.

    ტექსტური დეკორაციების კადრული მონაცვლეობა, ეფექტური სტოპ–კადრები,

    ერთგვარად, სინოპსისის ასოციაციას აჩენს. თითქოს ავტორები წერისას უკვე ხედავდნენ წიგნის საფილმო ვერსიას (მგონი, არაა დაგვიანებული ფილმზე ფიქრი).

    რომანში, მხატვრულ სინამდვილესთან ერთად, გამოყენებულია სამხედრო ჩანართები, რომელიც ერთგვარი ფანჯარაა, საიდანაც მთელი თავისი სისასტიკით მოჩანს ომი. ომი, რომლის მოგება შევძელით. მართალია, ჯერ მხოლოდ ფურცლებზე, მაგრამ ეგეც ხეირია.

    „ესმა ონიანი – 100 ლექსი“, გამომცემლობა „ინტელექტი“. თბილისი, 2010 წ.

    100 ლექსის სერიით მორიგი პოეტური კრებული გამოიცა. ესმა ონიანი თანაბრად ნაცნობი სახელია მხატვართა და ლიტერატორთა წრეში. ორივე სფეროში შესაშური ინტენსიურობითა და ექსპრესიულობით ქმნიდა ნამუშევრებს. ამიტომაც არის მის ლექსებში ამდენი ფერი. თითოეული სიტყვა კონკრეტულ „ფერით“ ასოციაციას ბადებს.

    ესმა ონიანი ფორმალურ აქსესუარებს მიღმა, სიტყვის ფსკერზე ეძებს შინაარსებს, კონცეფციებს, ფერებს. არც კონვენციური პოეზიის ტექნიკაა მისთვის უცხო, თუმცა, მას იშვიათად მიმართავს და ისიც, ძირითადად, ირონიზირების საჭიროების შემთხვევაში.

    მიუხედავად აქტიური არტისტული ღვწისა, ესმა ონიანი მასობრივად პოპულარული არასოდეს ყოფილა. ამ ფაქტზე წიგნის ერთ–ერთი რეცენზენტიც ამახვილებს ყურადღებას: „ესმა ონიანი, უბრწყინვალესი პოეტი, დღემდე დარჩენილია სალონებისა და ცალკეული ოჯახური წრეების კუთვნილებად. სხვათა შორის, ამაში ვერ ვხედავ ვერაფერს ცუდს. ესმა არ შეიძლება, იყოს მასობრივი პოეტი (რეზი თვარაძე).“

    ოლესია თავაძე „სევდიანი ჩანაწერები“, თბილისი 2010 წ.

    წიგნის სახელწოდება შიგნით მოთავსებული ნებისმიერი ტექსტის სათაურადაც გამოდგებოდა. ოლესია თავაძის ფსიქოლოგიურ მინიატურებში სევდიანი განწყობა ყველა სიტყვის უკან იმალება. აქ სევდა მთავარი გმირია.

    ავტორი პროფესიონალი ფერმწერი, გრაფიკოსი და წიგნის ილუსტრატორია, შესაბამისად, მოულოდნელი არ იქნება ტექსტებზე დართული მშვენიერი ილუსტრაციები, რომელიც მისივე შესრულებულია.

    წიგნის კითხვისას არაერთი ალუზია შეიძლება გაჩნდეს: ბოდლერის „პოეტური პროზის“, ქართული ხალხური ზღაპრების და ეზოპეს იგავებისაც… ეს ყველაფერი ხიდია, რომლის გავლითაც ავტორი თავის სადა და სევდიან ამბებს გვიყვება.

    „სევდიანი ჩანაწერების“ უკეთ შესაგრძნობად, მისი წაკითხვა „რედიოჰედის“ რომელიმე კომპოზიციის თანხლებითაც შეიძლება. მე უკვე ვცადე და გაამართლა.

    ჟან მარი გუსტავ ლე კლეზიო “გაზაფხული და წელიწადის სხვა დრონი”. გამომცემლობა “ინტელექტი”. თბილისი, 2010

    “მე ვიყავი ის, რასაც ვწერდი. მამაკაცები თუ ქალები – ეს მე ვარ.” საკუთარ გმირებთან იდენტიფიკაციის საკითხს ასე, ერთი მოკლე ფრაზით გამოკვეთს.

    სინამდვილეში, სულაც არაა სპრინტერი და წერისას ნება-ნება მოყოლას ამჯობინებს, პერსონაჟის ხასიათის “გამოყვანას” დიდ დროს უთმობს, თითქოს იშინაურებს, რომ მერე უფრო გაბედულად გაგვიმხილოს, ვთქვათ, როგორი გაუბედავი იყო ლუსიენი პირველ ღამეს.

    ეს კი სულაც არაა მთავარი. მთავარი არც ნობელის პრემია ყოფილა, რომელიც ლე კლეზიოს 2008 წელს გადაეცა. მთავარი იქამდე იყო – აცტეკები, უონანასები, ჟიულ ვერნი, კიპლინგი, ინდიელები, მოგზაურობა, მოგზაურობა, მოგზაურობა… მის პირველ წიგნსაც ხომ “გრძელი მოგზაურობა” ერქვა. და, ბოლოსდაბოლოს, მისი ყველა წიგნი ხომ მოგზაურობაა. არა გეოგრაფიულ, სტატიკურ სივრცეში, არამედ პერსონაჟის გონებაში, გუნებაში, ილუზიებში, რომელიც, დიალექტიკის მურტალი წესების თანახმად, საბოლოოდ აუცილებლად იმსხვრევა.

    “გაზაფხული და წელიწადის სხვა დრონი” უკანასკნელი ფრანგი ნობელიანტის – ლე კლეზიოს ნოველების წიგნია. თუმცა, რაღა ნოველები, რომანებივით ტექსტებია. მაგრამ არ მოიწყენთ. ამის მიზეზი არ გექნებათ. სამაგიეროდ, მსუყე მიზეზი გექნებათ ფიქრისთვის, რომლისკენაც ეს წიგნი აუცილებლად გიბიძგებთ.

    ზვიად კვარაცხელია „ილია სამეგრელოში“. გამომცემლობა „არტანუჯი“. 2009

    რაც უნდა ძლიერი მუხტის მატარებელი იყოს, ალბათ ძალიან ძნელია, ერთ კონკრეტულ გამონათქვამზე მთელი წიგნის არქიტექტურა დააშენო. „ილია სამეგრელოში“ მხატვრულ–დოკუმენტური წიგნია, რომელიც ინსპირაციას ილიას ერთი ცნობილი გამონათქვამიდან იღებს („სამეგრელოში მოველ და საქართველო ვნახე“).

    ეს უკვე ფრთიანი ფრაზა 1885 წელს წარმოითქვა და მას შემდეგ ბევრი ურთიერთგამომრიცხავი კონტექსტითა და შინაარსით დატვირთულა, ბევრი კამათისა და განსჯის მიზეზი ყოფილა. თუმცა, ზვიად კვარაცხელიამ ფანტაზიას მეტი გასაქანი მისცა და მთელი „თავგადასავალი“ ააგო ამ ფრაზაზე.

    მეცხრამეტე საუკუნისათვის სახასიათო ტიპაჟებისა და ლექსიკის ათვისებით ავტორი იოლად ახერხებს, მოგვიახლოვოს ილიას ესთეტიკა, ილიას ეპოქა და თვითონ ილია. ეპოქის ასე ზედმიწევნითი გაცოცხლებისათვის, რა თქმა უნდა, ბევრი სამუშაო გაუწევია ავტორს, რაც ერთი შეხედვითაც ჩანს.

    როგორც წინასიტყვაობის ავტორი, კრიტიკოსი როსტომ ჩხეიძე აღნიშნავს, ეს არის „რეალობის აღდგენა – ხილული გარემოთი თუ წარსულით, ისტორიული პერსონაჟებითა თუ შორეული ლანდებით.“

    „ტოტალიტარიზმი და ლიტერატურული დისკურსი“. ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა. 2010 წ.

    „ტოტალიტარიზმი და ლიტერატურული დისკურსი“ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალების კრებულია. საკმაოდ სქელტანიანი წიგნია, ასე – 500 გვერდამდე. კონფერენციაში მონაწილე მეცნიერთა მულტიეთნიკურობიდან გამომდინარე, მასალები სხვადასხვა ენაზეა შესრულებული. მათ შორის, ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებზე.

    როგორია ტოტალიტარიზმის გამოვლინებები? რა ეტაპზე იჩენს ის თავს? „რა მარწუხებში ექცევა ლიტერატურა ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში?“ ამ კითხვებზე არა მხოლოდ ქართველი, არამედ ინგლისელი, ამერიკელი, რუსი თუ სომეხი მეცნიერები სცემენ პასუხებს.

    ტოტალიტარიზმის, როგორც მოვლენის, ყველა დისკურსის გამოწვლილვით განხილვა, სემიოტიკური, ლინგვისტური თუ წმინდად პოლიტიკური ანალიზი. ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც ამ თემას უკავშირდება, ერთ დიდ კრებულშია თავმოყრილი და დაინტერესებული მკითხველისთვის გემრიელი ლუკმა იქნება.

    კარგი იქნებოდა, თავად ამ სამეცნიერო კონფერენციის შესახებაც ყოფილიყო მოკლე ინფორმაცია დატანებული (სად ჩატარდა, ვისი ეგიდით და ა.შ.), მაგრამ ეს მცირე ტექნიკური დეტალია, რომელიც წიგნს, საბოლოო ჯამში, არაფერს ვნებს.

    „კავკასიონი“, ყოველთვუირი ჟურნალი. ტფილისი, 1924 წ. რეპრინტი – გამომცემლობა „სიესტა“, 2010 წ.

    ჟურნალი „კავკასიონი“ 20–იანი წლების ერთ–ერთი საუკეთესო აკადემიური გამოცემა იყო, რომლის რეპრინტ–ვერსია ახლახანს გამომცემლობა „სიესტამ“ წარმოადგინა. ქართული და უცხოური ლიტერატურა, ფილოსოფია, მემუარები და სხვადასხვა კულტურული პროცესის ანალიზი – ეს ყველაფერი ერთ ჟურნალში იყო მოქცეული და რაც მთავარია, უკიდურესად დახვეწილი გემოვნებით შერჩეული. ბოდლერის, ვერჰარნის, კლოდელისა და მონტესკიეს გვერდით იმ დროის ქართველ ავტორებსაც ნახავთ (მაგ: რობაქიძის წერილს ლენინისადმი, სადაც ავტორი საბჭოთა ბელადს ისევე უტყდება სიყვარულში, როგორც შემდგომში – ჰიტლერს).

    პავლე ინგოროყვას რედაქტორობით გამომავალი ჟურნალის საქმიანობა საბჭოთა „კაგებეს“ თვალს არ გამოჰპარვია და რეპრესიებსაც არ დაუგვიანია.

    მერე და მერე, ჟურნალის სხვადასხვა ნომრები არალეგალურად ინახებოდა იმდროინდელი ენთუზიასტების სახლებში, სარდაფებში და ასე მოვიდა აქამდე.

    მეოცე საუკუნის დასაწყისის ქართული ლიტერატურული, ფილოსოფიური და ზოგადკულტურული ტენდენციების გასაგებად ჟურნალ „კავკასიონის“ გაცნობა მკითხველს ნამდვილად წაადგება.

    მზია სიმონიძე, ლარისა ყირმელაშვილი, „ქართული ტრადიციული კერძები“, გამომცემლობა „აგორა“, 2010 წ.

    კულინარია კულტურის ერთ–ერთი მთავარი კომპონენტი რომ არის, ამაზე დავა არ ღირს. თავის მხრივ, ქართული კერძების დიდი ასორტიც რომ მოგვეპოვება, არც ესაა დიდი სიახლე. თუმცა, მაინც არ მეგონა, ამ რაოდენობის და ამდენი განსხვავებული გემოს მქონე ქართული კერძი თუ არსებობდა.

    ეს წიგნი ქართული, ტრადიციული კერძების მოყვარულებისთვის მშვენიერი „ნადავლი“ იქნება.

    რაც მთავარია, უკეთ საორიენტაციოდ, მენიუ საქართველოს ყველა კუთხეს მოიცავს და ამ ნიშნით არის კიდეც დაყოფილი. კახური ღორის ფეხების მუჟუჟი, იმერული ეკალა ნიგვზით, მეგრული ელარჯი, თუშური გორდილა, აჭარული ქაფშია და ა.შ. ყველაფერია იმისათვის, რომ კარგად გაეცნო ქართულ სამზარეულოს და მოცემული რეცეპტებით თავადაც სცადო რომელიმე კერძით პირის ჩატკბარუნება.

    როგორც მსოფლიო ლიტერატურის ყველაზე დიდი გურმანი იტყოდა:

    მაშ, ჩავღლიოთ!

    პაატა შამუგია

    © „ლიტერატურაცხელი შოკოლადი

  • ახალი წიგნები

    ახალი წიგნები – 2010 – ივლისი

    ზაზა ბურჭულაძე, ხსნადი კაფკა, რჩეული მოთხრობები, თბ, 2010, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.
    იმის მიუხედავად, მოსწონთ თუ არა, ლიტერატურის კრიტიკოსთა უმეტესობა ზაზა ბურჭულაძის ნიჭს ფარულად თუ აშკარად მაინც აღიარებს. იგი ძირითადად კარგად მომზადებული მკითხველისთვის წერს, მათთვის, ვისაც კულტურური და ლიტერატურული სივრცეები საფუძვლიანად აქვს ათვისებული, თუმცა ჰქონდა შემოქმედებითი “მასოვკის” პერიოდიც (კარგი გაგებით), რომლის მაგალითადაც გამოდგება “წერილი დედას,” ტექსტი, რომელშიც ის ყველაზე მეტადაა მთხრობელი. წინამდებარე კრებულში სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული მცირე რომანები და მოთხრობები შევიდა, რომელთაც ავტორს პოპულარობა მოუტანა. “სიმფსონები,” “წერილი დედას,” “ხსნადი კაფკა,” Passive attack, “ფონოგრამა” და “შვიდი ბრძენი” – აი, ის ოპუსები, რომელთაც მკითხველი კიდევ ერთხელ გაეცნობა, ამჯერად, ერთ წიგნად თავმოყრილს.

    “15 საუკეთესო ქართული მოთხრობა 2009” სარექდაქციო კოლეგია: ბაკურ სულაკაური, ლელა ცისკარიშვილი, თბ. 2010, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    უკვე ტრადიციადქცეული კრებული “15 საუკეთესო ქართული მოთხრობა” წელს მეშვიდედ გამოდის. მისი გადაშლა საკმარისია, რათა წარმოდგენა შეგექმნათ, როგორი იყო კონკრეტული წლის ლიტერატურული მოსავალი. მართალია, ამ ტიპის გამოცემებს ყოველთვის ახლავს ეჭვი შერჩევის კრიტერიუმების ობიექტურობასთან დაკავშირებით, თუმცა როგორც შემდგენლები, ბაკურ სულაკაური და ლელა ცისკარიშვილი აღნიშნავენ, წინამორბედთა მსგავსად, “არც ამას აქვს პრეტენზია, რომ ეს შერჩევა ობიექტურია. ჩვენ ვეცადეთ, გამოქვეყნებულ მოთხრობებს შორის საუკეთესოები შეგვერჩია და საინტერესო და მრავალფეროვანი კრებული შეგვედგინა” – წერენ ისინი. გამოცემაში თავმოყრილია გასული წლის პერიოდულ პრესაში, ინტერნეტსა და სხვადასხვა კრებულში განთავსებული ნაწარმოებები. ძველ, უკვე “ტრადიციულ” ბინადრებთან ერთად (ლაშა ბუღაძე, ბესო ხვედელიძე, გელა ჩქვანავა) მკითხველი შედარებით ახალ სახეებსაც გაიცნობს (ნინო ტეფნაძე, თამთა მელაშვილი, მარიამ ბექაური). არიან “შუალედური” ავტორებიც, რომელთა ნაწერები უკვე რამდენიმე წელია ფიგურირებს 15 საუკეთესო ქართულ მოთხრობას შორის (თეა თოფურია, გურამ მეგრელიშვილი, დათო გაბუნია). წარმოდგენილთაგან გამომცემლობა ყოველ წელიწადს “წლის საუკეთესო მოთხრობას” ირჩევს და ავტორს სპეციალური პრემიებით აჯილდოებს. თუმცა შეგიძლიათ გამომცემელთა არჩევანს არ დაელოდოთ და თავად გამოავლინოთ წლის საუკეთესო მოთხრობის თქვენთვის სასურველი კანდიდატი.

    ერეკლე დეისაძე, “საიდუმლო სირობა”, მოთხრობები, თბ, 2010, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.
    “ერეკლე დეისაძის სადებიუტო კრებული ახალგაზრდული პროტესტის კლასიკური მაგალითია. ეს პროვოკაციული წიგნი პრობლემატიკით ქართული სივრცის კუთვნილებაა, არსით კი მსოფლიო ლიტერატურულ პროცესს ეხმიანება – თხრობის ორიგინალურობით, მეტატექსტური თამაშებითა და ირონიული ტროპებით, ეპატაჟით გაჯერებული “საიდუმლო სირობა” ნამდვილ პოსტმოდერნისტულ კრებულად შეიძლება ჩაითვალოს” – ვკითხულობთ კრებულის ანოტაციაში წიგნზე, რომელმაც ცოტა ხნის წინ საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ვერ გეტყვით, რატომ აირჩია ავტორმა თავის დამკვიდრების ასეთი გზა, მაგრამ რელიგიური და ზნეობრივი ეპატაჟით ცნობადობის გარკვეულ დონეს მან საზოგადოებაში უკვე მიაღწია.

    ბასა ჯანიკაშვილი, “დიქტატურა”, რადიოპიესა, პიესა თბ, 2009, სიესტა.
    მოქალაქე, რომელიც არჩადენილი დანაშაულისთვის ითხოვს სასჯელს; მოსამართლე, რომელმაც თავადაც არ იცის, რატომ უშვებს ხალხს ციხეში; “კანონმორჩილი” პროკურორი, რომელსაც მიაჩნია, რომ ჯერ შიშია საჭირო და შემდეგ სამართალი; ჟურნალისტი, რომელსაც თავი სამთავრობო პლაკატი და დიქტატურის პროპაგანდისტი ჰგონია; დამლაგებელი ლამარა და ბუზი, რომელიც ყველაზე ჯანსაღად მოაზროვნე პერსონაჟია ბასა ჯანიკაშვილის ამ ნახევრადაბსურდულ პიესაში. აბსურდის არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანებს ჯერარჩადენილი დანაშაულის ეშინიათ და მზად არიან, საკუთარი ფეხით გამოცხადდნენ უფალ პროკურორთან, რათა ამ უკანასკნელმა მიახვედროს, რაშია კონკრეტული პიროვნება დამნაშავე. ქვეყანაში ტოტალური შიშის სინდრომია გამეფებული, ყველას უსმენენ და უთვალთვალებენ, გამოსავალი კი არსად ჩანს, თვით ნებაყოფილობით პატიმრობაშიც კი.

    გიგი თევზაძე, “უცნობი წიგნები ქართველებისთვის”, “უცნობი წიგნები საქართველოდან უცხოელებისთვის”, რედაქტორი თამარ გავაშელიშვილი, თბ. 2010, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    გიგი თევზაძის ეს ორი ოპუსი ლიტერატურული მისტიფიკაციების მოყვარულთ დააინტერესებს. ფორმითა და შინაარსით მსგავსი ორი წიგნიდან ერთი ქართველი მკითხველისთვისაა განკუთვნილი, მეორე – უცხოელისთვის. თითოეულში 20 ესეა შესული, ესეები არარსებული წიგნების შესახებ, რომელთაც ავტორი პირობითად “უცნობ წიგნებს” უწოდებს.
    “ეს ის წიგნებია, რომლებიც მინდოდა წამეკითხა, მაგრამ აქამდე ვერცერთ მათგანს ვერ გადავეყარე ჩემს კითხვით ბიოგრაფიაში. დარწმუნებული ვარ, კიდევ რამდენიმე ათეულ წელიწადს რომ მეძებნა, აუცილებლად აღმოვაჩენდი სამყაროს, სახელმწიფოს, ერს, რომლის ლიტერატურასაც ამ წიგნებიდან ზოგიერთი ანდა ოცივე ეუთვნის. რა თქმა უნდა, იმის შესაძლებლობაც არსებობს, რომ ამ წიგნთაგან ზოგი არავის არასდროს დაუწერია. ამიტომ, გადავწყვიტე, ამ (ზოგიერთი) დაუწერელი წიგნისთვის არსებობის შანსი მიმეცა” – წერს ავტორი ერთ-ერთი ოპუსის შესავალში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექსტები სხვადასხვა ენობრივ და კულტურულ სივრცეს ასახავს, ურთიერთციტირებით, ალუზიებითა და გავლენით მჭიდროდ არის გადაჯაჭვული.

    “დამაკვირდი”, აფორიზმები, შემდგენელი ალ. სიგუა თბ, 2010 რეპრინტი მომზადებულია გამომცემლობა “სიესტასა” და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით.
    “ყოველი წუთი თავისუფალი დროისა ადამიანმა სწავლას უნდა მოახმაროს” – ამბობს უდიდესი ჩინელი სწავლული და რეფორმატორი, კონფუცი. ამ პატარა წიგნის დევიზად თავისუფლად შეიძლება მისი სიტყვების გამოყენება. ყოველთვის, როდესაც გამოგიჩნდებათ თავისუფალი წუთი, გადაშალეთ ეს მშვენიერი კრებული და დააკვირდით ბრძენ ადამიანთა აზრებს, რომელთაც კაცობრიობის ცხოვრებასა და ცნობიერებაზე მოახდინეს ზეგავლენა. ისინი სხვადასხვა დროსა თუ ეპოქაში მოღვაწეობდნენ და სიბრძნის სიყვარული აერთიანებდათ. ეს თვისება თუ ნიჭი ზოგს შინაგადან ჰქონდა, ზოგმა გამოცდილებით შეიძინა, ზოგიერთისთვის კი მხოლოდ ფურცელზე დაწერილი ლამაზი სიტყვები გახლდათ, რომელთა ცხოვრებაში განხორციელებასაც დიდი დაფიქრება და ძალისხმევა სჭირდებოდა. მსოფლიო კლასიკოსთა აფორიზმები პირველად 1948 წელს დაიბეჭდა. ეს იყო ალექსანდრე სიგუას მიერ “ივერიიდან” ამოკრებილი ციტატების კრებული, რომელიც იმ პერიოდში 10 ათასიანი ტირაჟით გამოიცა. ვერ გეტყვით, რა რაოდენობით დაიბეჭდა ამჟამად მისი ხელახალი გამოცემა, ერთი კი ცხადია, ეს წიგნი ყველა ქართულ ოჯახს დაამშვენებდა.

    ორჰან ფამუქი, “მე წითელი მქვია,” რომანი, მთარგმნელი ლია ჩლაიძე, რედაქტორი თეა ქიტოშვილი თბ, 2010 “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”.

    საკულტო თურქი მწერლის ასევე საკულტო წიგნის წაკითხვა უკვე ქართულად არის შესაძლებელი. “თურქი ეკოს”, ორჰან ფამუქის “მე წითელი მქვია” 1998 წელს გამოჩნდა წიგნის თაროებზე და სამ კვირაში 85 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა. იგი 30-მდე ენაზეა თარგმნილი და XVI საუკუნის თურქეთს ასახავს. მოქმედება 1591 წლის თოვლიან სტამბოლში ვითარდება. ჯერ სამეფო კარის მხატვრის, შემდეგ კი მხატვართუხუცესის მკვლელობის ამბავს სხვადასხვა პერსონაჟი გვიამბობს. მათ შორის არიან თავად მკვლელი, მოკლული, მათი ნათესავ-მეგობრები, ძაღლები, ხეები და ნახატებიც კი. კონკრეტული სიუჟეტის ფონზე ავტორი აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციების შეჯახებაზე მოგვითხრობს. ერთმანეთს ორი მხატვარი ებრძვის: ერთი – დასავლეთში განათლებამიღებული, ახალი იდეებით აღსავსე და მეორე – ტრადიციული სკოლის მიმდევარი. სწორედ მათი შემოქმედებითი დაპირისპირებაა მკვლელობის მიზეზი, მკვლელობის, რომელიც წითელ ზოლად გასდევს მთელს რომანს. ორჰან ფამუქი 1952 წელს სტამბოლში დაიბადა. მისი ოჯახი საკმაოდ შეძლებული გახლდათ და შვილს შესანიშნავი განათლება მისცა. მიუხედავად მშობლების სურვილისა, მიეღო საინჟინრო განათლება, ორჰანმა მწერლობა არჩია. 1978 წელს გამოვიდა მისი პირველი რომანი “ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟები,” რომელიც სულ ახლახან ითარგმნა ქართულად. ამას მოჰყვა “თეთრი ციხესიმაგრე”, “შავი წიგნი” და ა.შ. XX საუკუნის დასაწყისში თურქების მიერ სომხებისა და ქურთების გენოციდის აღიარების გამო ფამუქს სამშობლოში დიდი პრობლემები შეექმნა. 2006 წელს მას ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიანიჭეს.

    ანა გავალდა, “მინდა, ვიღაც მელოდეს სადღაც”, მთარგმნელი ნანა იაშვილი, რედაქტორი რუსუდან გორგაძე, თბ, 2010 ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.

    ანა გავალდა თანამედროვე ფრანგი მწერალია, რომელმაც უკვე მოიპოვა პოპულარობა სამშობლოშიც და მის ფარგლებს გარეთაც. 40 წლის ქალბატონის სამწერლო კარიერა 1999 წელს დაიწყო და პირველივე ჯერზე ერთ-ერთი პრესტიჟული კონკურსის ლაურეატი გახდა. მას შემდეგ არაერთ კონურსში მონაწილეობდა, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო RTL, სადაც მისი ნოველების კრებულმა “მინდა, ვიღაც მელოდეს სადღაც” გრანპრი დაიმსახურა. ეს წიგნი საფრანგეთში ბესტსელერი გახდა და მალე 27 ენაზე გამოვიდა. ანა გავალდა რამდენიმე რომანის ავტორიც არის, მათ შორისაა “უბრალოდ ერთად,” “მე ის მიყვარდა,” “მაგარი გამქცევი” და სხვ. მისი ნაწარმოებები ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა. ნოველების კრებული, რომელმაც ფრანგ მწერალს საყოველთაო აღიარება მოუტანა, ახლა ქართველი მკითხველის წინაშეა. რაზე წერს ანა გავალდა? ადამიანურ ურთიერთობებზე, სევდაზე, ოცნებებზე… ერთი შეხედვით, ამ პატარა ნოველებში განსაკუთრებული არაფერია: მის გმირებს ისევე სტკივათ, უხარიათ, განიცდიან და იტანჯებიან, როგორც ბევრ სხვას, თუმცა ავტორი ახერხებს ჩაგითრიოს თითეული მათგანის ცხოვრებაში და გაგაზიარებინოს პერსონაჟის ბედი. თანაგანცდა – ალბათ ეს
    არის ანა გავალდას შემოქმედების საიდუმლო გასაღები, რითაც ასე იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მკითხველს.

    როალდ დალი, “ჩარლი და შოკოლადის ქარხანა”, მთარგმნელი მედეა მგალობლიშვილი, რედაქტორი თამარ გავაშელიშვილი, თბ, 2010 ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა.
    დამეთანხმეთ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გიოცნებიათ შოკოლადის ქარხანაში სტუმრობაზე. ყველა ბავშვისა და უამრავი ზრდასრულის ოცნება რეალობად როალდ დალის ამ მშვენიერ წიგნში იქცევა. პატარა ღარიბი ბიჭუნა, ჩარლი ბაკეტი ბედნიერი შემთხვევის წყალობით აღმოჩნდება ერთ-ერთი იღბლიანი ბილეთის მფლობელი, რომელიც მას ტკბილეულის ჯადოქრის, ვილი ვონკას შოკოლადის ქარხანაში უგემრიელეს მოგზაურობას ჰპირდება. ათასგვარი საღეჭი რეზინის ვეება მანქანები, გამოსაგონებელი ოთახები, მარადიული კანფეტები, თბილი შოკოლადის მდინარეები, შუშხუნა ამაფრიალებელი სასმელები, ოთხკუთხა ტკბილეული, მრგვალი რომ გეჩვენება, ძროხები, რომლებიც შოკოლადს იწველიან, მარწყვისწვნიანი წყლის რევოლვერები, უჩინმაჩინი შოკოლადის ფილები, შოკოლადის ტელევიზია და უამრავი სხვა გემრიელი გასართობი, რომელზეც მსოფლიოში ნებისმიერი ბავშვი იოცნებებდა.
    ამ ყველაფერს თავად ვილი ვონკა იგონებს და პატარა მხიარულ არსებებთან, უუმპა-ლუმპებთან ერთად თავის საოცარ ქარხანაში ასხამს ხორცს. მასთან სტუმრობა თქვენც შეგიძლიათ თუ ამ მშვენიერ წიგნს გადაფურცლავთ.

    იუსტაინ გორდერ, “ბაყაყთა ციხე-კოშკი,” მთარგმნელი დათო აკრიანი, თბ, 2009 ნექტარი.
    ცნობილი ნორვეგიელი მწერლის, იუსტაინ გორდერის წიგნებს სიამოვნებით კითხულობენ მთელს მსოფლიოში. მისი რამდენიმე წიგნი უკვე ითარგმნა ქართულად, მათ შორის, “ფორთოხლის გოგონა” და “სოფის სამყარო.” ამჯერად დავით აკრიანის მიერ თარგმნილ “ბაყაყთა ციხე-კოშკს” გთავაზობთ. გორდერის ეს პატარა რომანი ერთი შეხედვით, მოზარდებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა არც მათი მშობლებისთვის იქნება უინტერესო. გრეგორი გრიინი, იგივე გრეგორი პეგორი პატარა ბიჭია, რომელსაც მშობლები ხანდახან “პატარა პრინცსაც” ეძახიან. ერთ მთვარიან ღამეს, გაყინულ თოვლში სეირნობისას ტყის ანგელოზს, იუმპინს გადაეყარა, რომელმაც იგი თბილ-თბილ ბლინებსა და მარწყვის ჯემზე დაპატიჟა. მოგვიანებით თავკომბალების საჭერად წასული ჯადოსნური ამბის თანამონაწილე გახდა: გრეგორის კოცნის შემდეგ ერთ ჩვეულებრივ ბაყაყს ჯადო აეხსნა და ნამდვილ უფლისწულად გადაიქცა. პრინცი გარამონდის, გულდაკარგული მეფის, მოჯადოებული დედოფლის, პრინცესა ავრორასა სხვა ზღაპრული პერსონაჟების ამბებს, რომლებიც სიზმარსა თუ ცხადში დაკარგულ გრეგორის გადახდა, ამ წიგნიდან შეიტყობთ.

    კნუტ ჰამსუნი, “შიმშილი,” რომანი, რედაქტორი გიორგი დარსალია, თბ, 2010, არეტე
    ცნობილ ნორვეგიელ მწერალს, კნუტ ჰამსუნს (1859-1952) ჩვენში “მისტერიებით” და “მიწის მადლით” უფრო იცნობენ. ამ უკანასკნელისთვის ავტორს ნობელის პრემია (1920) მიანიჭეს. “შიმშილი”(1890) გაცილებით ადრეული პერიოდის ნაწარმოებია, პირველი რომანი, რომელმაც მას პოპულარობა მოუტანა. ეს ოპუსი ნორვეგიულ ლიტერატურაში ერთგვარი თემატური და სტილური გადატრიალების მომასწავებელი იყო. იგი ავტობიოგრაფიულ ელემენტებს შეიცავს და უკიდურესად მგრძნობიარე სამყაროს მქონე ადამიანის წინააღმდეგობებით აღსავსე შინაგან ცხოვრებას ასახავს. გასული საუკუნის დასაწყისში ჰამსუნმა საქართველოში იმოგზაურა და აქაურობით აღტაცებულმა ჩვენს სამშობლოს ზღაპრული ქვეყანა უწოდა. მიუხედავად მსოფლიო აღიარებისა, თანამემამულეებმა ფაშისტური რეჟიმის აშკარა მხარდაჭერა არ აპატიეს და მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გაასამართლეს კიდეც. ციხეს მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ უკვე ხნიერი იყო. მისი ნაწერები სრულად მწერლის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ გამოვიდა.

    გილგამეშიანი, ძველი შუამდინარული ეპოსი, მთარგმნელი ზურაბ კიკნაძე, თბ, 2009, მემკვიდრეობა
    1872 წელს სტამბის ყოფილმა მუშაკმა, ჯორჯ სმითმა კაცობრიობის ისტორიაში უძველესი ლიტერატურული ძეგლი – “გილგამეშიანი” აღმოაჩინა. ბრიტანეთის მუზეუმში ნაპოვნი დაფა, რომელზეც წარღვნის შესახებ იყო მოთხრობილი, არც მეტი, არც ნაკლები – პირველი საგმირო ეპოსის მცირე ნაწილი გახლდათ.
    ურუქელი მეფის, გილგამეშის საგმირო ამბები მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს. იგი 12 დაფის, ანუ ნაწილისგან შედგება და გმირის ცხოვრების ცალკეულ ეპიზოდებს გვიამბობს. ქართულ ენაზე ეს ტექსტი პირველად ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა, მიხაკო წერეთელმა თარგმნა, შემდეგ კი ზურაბ კიკნაძემ. მის მიერ 1984 წელს შესრულებული მხატვრული თარგმანი ბოლო დრომდე ეპოსის ყველაზე სრულყოფილ ქართულენოვან ვერსიას წარმოადგენდა, თუმცა წინამდებარე გამოცემა კიდევ უფრო შევსებული და გადამუშავებულია. ძირითადად იმეორებს 1984 წლის თარგმანს, მაგრამ ჩამატებულია ცალკეული ეპიზოდები, რომელიც ტექსტს დედანთან კიდევ უფრო აახლოებს.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ახალი წიგნები

    ახალი წიგნები – 2010 – ივნისი

    ოთარ ჭილაძე, “ლექსები, პოემები”, რედაქტორი თამაზ ჭილაძე. თბ. “პეგასი”, 2010.

    “მე კარგად ვიცი, რას ველოდები,
    მაგრამ არ ვიცი, რა მელოდება
    და ამიტომაც ჩემი ცოდვები
    მიუტევებელ რჩება ცოდვებად…”
    ეს ოთარ ჭილაძის უკანასკნელი ლექსია, რომელიც სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე უკარნახა საკუთარ ძმას. მწერლის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ გამომცემლობა “პეგასმა” მისი ლექსებისა და პოემების სრული კრებული გამოსცა. წიგნი თამაზ ჭილაძემ შეადგინა. მასში შევიდა როგორც ძველი, ყველასათვის ნაცნობი ციკლები – “ძველი რვეული,” “მატარებლები და მგზავრები,” “თიხის ფირფიტები,” “რკინის საწოლი,” ასევე ბოლო წლებში დაწერილი ლექსები და ცხრა პოემა, მათ შორის – “ადამიანი გაზეთის სვეტში,” “დევებით სავსე ქუდი” და “სინათლის წელიწადი.”
    ამ კრებულს ბევრი ელოდა. მათთვის, ვინც მხოლოდ რომანების ავტორ ოთარ ჭილაძეს იცნობს, ეს წიგნი სასიამოვნო აღმოჩენა გახდება, ისინი კი, ვინც მისი პოეზია დიდი ხანია შეისიხლხორცა (ვიმედოვნებთ, ასეთები უმრავლესობაში არიან), კიდევ ერთხელ სიამოვნებით გადაავლებენ თვალს ოთარ ჭილაძის მდიდარ მემკვიდრეობას.

    ლაშა ბუღაძე, “ლიტერატურული ექსპრესი,” რომანი. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2009.

    ლაშა ბუღაძემ ახალი, რიგით მეოთხე რომანი დაწერა. ავტორი აგვისტოს ომით შოკირებულ ახალგაზრდა ქართველ მწერალზე მოგვითხრობს, რომელიც სრულიად მოულოდნელად ევროპელთა მიერ ორგანიზებულ სემინარზე აღმოჩნდება. მისი მონაწილე 100 სხვადასხვა ეროვნების კალმოსანი “ლიტერატურულ ექსპრესად” წოდებული მატარებლით ევროპის რამდენიმე ქალაქში მოგზაურობს. ორგანიზატორთა აზრით, მსგავსი წამოწყება შთაგონების წყარო უნდა გახდეს მონაწილეებისთვის და ასეც ხდება. გზა ლისაბონიდან ბერლინამდე ზოგიერთისთვის ახალი წიგნის დაწერის სტიმულია, ზოგისთვის საკუთარი შემოქმედების პოპულარიზაციის, ზოგისთვის კი მოულოდნელად თავს დამტყდარ სიყვარულთან გამკლავების.
    რამდენიმე წლის წინ ავტორი თავად იყო ასეთი ლიტერატურული მოგზაურობის მონაწილე, თუმცა როგორც ამბობს, ეს ამბავი მხოლოდ რომანის სიუჟეტისთვის გამოიყენა. ლიტერატურულ ექსპრესში ვითარება ლიტერატურულია, ზედმეტადაც კი. იმდენად, რომ მატარებლის დაძვრისთანავე იწყება ლეპტოპების, კალმისტრების, ბლოკნოტების, ფურცლების შრიალი და ძალად საქმიანი თუ შთაგონებული სახის გამომეტყველებით რაღაცეების წერა. რომანის მთავარი გმირისთვის ასეთი რამ უცხოა და ერთი ხანობა თავს საერთო რიტმიდან ამოვარდნილადაც მიიჩნევს, თუმცა, შემდეგ ნათელი ხდება, რომ ეს ყველაფერი ყალბია და მოჩვენებითი, ისევე, როგორც ამ მწერლების შემოქმედება.
    ერთთვიანი მოგზაურობისას 28 წლის ქართველი მწერალი იმასაც აღმოაჩენს, რომ მთელს მსოფლიოში ლიტერატორებს ერთნაირი ამბიციები აწუხებთ, მსგავსი პრობლემები აქვთ და შემოქმედებით კრიზისსაც ისევე განიცდიან, როგორც მისი თანამემამულე ქართველი ავტორები.

    გივი ალხაზიშვილი, “მომავალი წარსული”, რომანი, რედაქტორი როსტომ ჩხეიძე. თბ. “სიესტა”, 2010.

    გივი ალხაზიშვილმა ავტობიოგრაფიული რომანი დაწერა. “მომავალი წარსულის” შექმნა მოულოდნელობა არ ყოფილა. – წერს წინასიტყვაობაში როსტომ ჩხეიძე. – ის კი არა, თუ ჩვენს თანამედროვეთაგან ვინმეს შეიძლება დაეწერა მრავალმხივ საინტერესო ავტობიოგრაფიული რომანი, მათ შორის უთუოდ გივი ალხაზიშვილსაც, ვინც პოეზიიდან დროდადრო ბელეტრისტიკაში გადანაცვლებული – აქეთ მოემართებოდა, დოკუმენტური პროზის ამ ჟანრისკენ.”
    წიგნი რამდენიმე წელია იწერება და ორმოცწლიან პერიოდს მოიცავს – გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან 2000 წლის ჩათვლით. ერთი თვალის შევლებითაც ცხადია, რომ ამბები, რომლებზეც ავტორი მოგვითხრობს, დიდ მითქმა-მოთქმასა და აზრთა დაპირისპირებას გამოიწვევს. რამდენიმე მონაკვეთს, რომელიც სხვადასხვა დროს ჟურნალ “ომეგაში” გამოქვეყნდა, მოჰყვა კიდეც ვნებათღელვა. ზოგიერთმა მწერალი ტენდენციურობაშიც დაადანაშაულა, თუმცა მისთვის ეს შემაფერხებელი გარემოება ვერ აღმოჩნდა. “არ გამკვირვებია, ველოდი კიდეც მწვავე გამოძახილს, რადგან ფაქტები, ამ წიგნში რომ მოგითხრობთ, ბურუსითაა მოცული და დღემდე სიმართლე არავის უთქვამს.”
    სიმართლე კი მწარეა და იმ ეპოქის ამაზრზენ დეტალებს ასახავს, კომუნისტური მმართველობის ბოლო ათწლეულებში არაერთი ცნობილი პერსონის ზნეობა და მორალი რომ შეიწირა. მკითხველი ძალზე საინტერესო და დღემდე გაუხმაურებელი ფაქტების შესახებ შეიტყობს. მათი გახსენება ბევრს არ ესიამოვნა, მაგრამ სიმართლე თავისას მოითხოვსო – ამბობს წიგნის ბოლოთქმაში ავტორი. მიუხედავად აქ მოთხრობილი რეალური ისტორიებისა, “მომავალი წარსული” არ არის ტიპური ავტობიოგრაფიული რომანი. იგი ჟანრთა ერთგვარი კოლაჟია. როგორც როსტომ ჩხეიძე წერს, “თუკი ქირურგიულად დავშლით მის მოზაიკურ გარეგნობას – გარდა კრიტიკულ-ესთეტიკური ჩანართებისა, შეხვდებით ნოველასაც, მინიატურასაც, ჩანახატსაც, ლიტერატურულ პორტრეტსა თუ სილუეტსაც, იუმორესკასაც, დღიურის ფურცლებსაც, ეპისტოლეებსაც…” ეს ჟანრობრივი მრავალფეროვნება ორგანულად ერწყმის რომანის ერთიან სიუჟეტურ ქარგას და მკითხველისთვის კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

    შოთა იათაშვილი, “დალაგება,” წერილები, რედაქტორი ბესო ხვედელიძე, თბ, “საუნჯე”, 2010.

    პოეტმა და მწერალმა შოთა იათაშვილმა საკუთარი პუბლიცისტური შემოქმედების დალაგება გადაწყვიტა. ეს არცთუ იოლი საქმე აღმოჩნდა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ავტორი ბოლო 13 წელია ლიტერატურული პროცესების აქტიური შემფასებელია, რაც გულისხმობს რეცენზიების, ანალიტიკური სტატიების, ლიტერატურული სვეტებისა თუ წიგნების წინასიტყვაობის დაწერა-გამოქვეყნებას სხვადასხვა ლიტერატურულ გამოცემასა თუ თემატურ კრებულში. სწორედ ამ 13 წლის (1997-2010) ნაშრომ-ნაღვაწია თავმოყრილი წინამდებარე გამოცემაში. განხილულ ავტორთა სპექტრი საკმაოდ ფართოა: ეგნატე ნინოშვილიდან – “ვარდისფერი ავტობუსის” ჩათვლით, მაგრამ ყველაზე დიდ ადგილს მაინც 90-იანელთა, ანუ მის თაობელთა შემოქმედება იკავებს, რომელიც ავტორისთვის განსაკუთრებით ახლობელი და მნიშვნელოვანია. ასეთი ჭრელი მასალის დალაგება შოთასთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა, თუმცა გამოსავალი იპოვა და კრებული რამდენიმე ნაწილად დაყო: I – ავტორები და წიგნები; II – ლიტერატურული პროცესისა და კულტურული ფენომენების შესახებ და III – ლიტერატურული პორტრეტები.
    შოთა იათაშვილი იმ მცირერიცხოვან ავტორთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც ისეთივე საინტერესო შემფასებლები არიან, როგორც მწერლები. ამიტომ, ჩვენც ვფიქრობთ და თავადაც იმედოვნებს, რომ ეს კრებული ბოლო პერიოდის ლიტერატურული პროცესებით დაინტერესებულ მკითხველს ამ პროცესებზე წარმოდგენას ოდნავ მაინც დაულაგებს. “თუ ასე მოხდება, ჩავთვლი, რომ ეს საკმაოდ მძიმე ცამეტწლიანი შრომა ტყუილად არ გამიწევია და წიგნად მისი შეკვრაც ნამდვილად ღირდა” – წერს კრებულის შესავალში ავტორი.

    თამაზ ვასაძე, “ლიტერატურა ჭეშმარიტების ძიებაში,” რედაქტორი მაკა ელბაქიძე, თბ. “ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა”, 2010.

    ლიტერატურათმცოდნე და კრიტიკოსი თამაზ ვასაძე თავის ახალ კრებულში, რომელიც ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობამ გამოსცა, სხვადასხვა პერიოდში გამოქვეყნებულ წერილებს უყრის თავს. წიგნში ძირითადად ქართული ლიტერატურის კლასიკოსთა შემოქმედებაა მიმოხილული, დავით გურამიშვილიდან ჯემალ ქარჩხაძის ჩათვლით. აქვე წაიკითხავთ ავტორის მოსაზრებებს ქართული ლიტერატურის განვითარებაზე, მის მიერ გავლილ და გასავლელ გზაზე, მწერლის ადგილსა და როლზე თანამედროვე სოციუმში და ა.შ.
    საით მიდის ჭეშმარიტების მაძიებელი ლიტერატურა, როგორია ილიას ფორმულა ჩვენს დროში, რა საერთოა ეროვნულ და დასავლურ იდეოლოგიას შორის – პასუხს ამ და ბევრ სხვა საინტერესო შეკითხვაზე თამაზ ვასაძის წინამდებარე კრებულში იპოვით.

    ძველი შუამდინარული პოეზია, მთარგმნელი ზურაბ კიკნაძე, თბ, “მემკვიდრეობა”, 2009.

    ძვ. წ-აღ. IV-III ათასწლეულების მიჯნაზე ტიგროსისა და ევფრატის შუამდინარეთში შუმერებმა შექმნეს მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი დამწერლობა, რამაც შესაძლებლობა მისცა წერილობით აღებეჭდათ თავიანთი მხატვრული შემოქმედება. იქედან მოყოლებული ათას ხუთასი წლის განმავლობაში შუმერული მხატვრული სიტყვა მწერლობად ყალიბდება. სწორედ ამ მწერლობის ჩვენამდე მოღწეულ ნიმუშებს გვთავაზობს მთარგმნელი ზურაბ კიკნაძე. თიხის ფირფიტებზე ამოკვეთილი შუმერული და აქადური ტექსტები გვიამბობს ინანასა და დუმუზის, ენლილისა და ენმერქარის, ლუგალბანდასა და გუდეას ამბებს. მრავალფეროვანია პოეტური შემოქმედების ჟანრებიც: სატრფიალო პოეზია და გოდებები, გაბაასება და ლირიკული ელეგია… “ჩვენს წარმოსხვაში შუამდინარული მწერლობა წარმოგვიდგება, როგორც ერთი ნანგრევი ნანგრევ ცივილიზაციაში, რომლის თავდაპირველი სახე და კონფიგურაცია დღევანდელი ადამიანისთვის მიუწვდომელია…. ჩვენზე უცხო და უცნაურ შთაბეჭდილებას ტოვებს, მათი სემანტიკა და მეტაფორიკა, საგანთა უჩვეულო ასოციაციურობა ვერ ეტევა ჩვენს რაციონალურ გონებაში. მაგრამ უნდა მოველოდეთ რაციოს ხმას პოეზიისგან, მით უმეტეს, თუ ეს პოეზია ათასწლეულების წინ შეიქმნა?” – წერს წიგნის შესავალში ზურაბ კიკნაძე.

    ჰერმან ჰესე, “ნარცისი და გოლდმუნდი”, მთარგმნელი მარიამ ქსოვრელი, თბ. “სიესტა”, 2009.

    “ნარცისი და გოლდმუნდი” ცნობილი გერმანელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, ჰერმან ჰესეს ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური ხასიათის რომანია. ავტორმა იგი 1930 წელს დაწერა და მისი შემოქმედების შედარებით გვიანდელ პერიოდს მიეკუთვნება. ჰესეს ეს ოპუსი არ არის ისეთი პოპულარული, როგორც “ტრამალის მგელი” ან “თამაში რიოში მარგალიტებით,” თუმცა უდავოდ საინტერესოა ამ ავტორის ნაწერებით დაინტერესებული მკითხველისთვის. სხვა რომანების მსგავსად, აქაც ნაჩვენებია შემოქმედებით და ლოგიკურ საწყისთა ურთიერთდამოკიდებულება. პირველს არტისტული ბუნების გოლდმუნდი განასახიერებს, მეორეს – ნარცისი, ასკეტი ბერი. მათი ურთიერთობა ორი სულიერი მეგობრის, განსხვავებული ბუნებისა და ცხოვრების წესის ადამიანის შინაგან დიალოგზეა აგებული. ნარცისი საშუალებას აძლევს გოლდმუნდს საკუთარი გზა თავად გაიკვალოს. მართალია, ეს გზა სახიფათო და წინააღმდეგობებით სავსეა, მაგრამ ბერი მიიჩნევს, რომ ადამიანური სიყვარულის უმაღლესი გამოვლინებაა მისცე სხვას შინაგანი თავისუფლება და არ მოახვიო შენი მსოფლმხედველობა და მოსაზრებები.

    ალექსანდრე დიუმა, “კავკასია”, რედაქტორი თემურ ქურდოვანიძე, თბ, 2009, აგორა.
    150 წლის წინათ თბილისს ალექსანდრე დიუმა ეწვია, რომელიც იმ პერიოდში კავკასიაში მოგზაურობდა. ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის სილამაზითა და ქართული მასპინძლობით მოხიბლულმა აქ თვენახევარს დაჰყო და წვრილად გაეცნო ქართველების ყოფა-ცხოვრებასა და ტრადიციებს. შინ დაბრუნებულმა კი დაწერა წიგნი, სახელად “კავკასია,” რომლითაც შეეცადა ეს რეგიონი ევროპელი მკითხველისთვის გაეცნო.
    ქართველი ხალხისადმი ავტორი განსაკუთრებული სიმპათიითაა განმსჭვალული. წერს, რომ ისინი “იმდენად საუცხოო, კეთილშობილი, პატიოსანი, მამაცი, გულუხვი და შემმართებელი ერია, რომ სპეციალური გამოკვლევა უნდა მიეძღვნას.” მწერალი მოხიბლულა ქართველთა სილამაზითაც და მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ხალხის, ჩერქეზების კონკურენტებადაც მიიჩნევს ამ საკითხში. წიგნში არაერთი საინტერესო ისტორიაა მოთხრობილი და თბილისისა და კავკასიის შესახებ არაერთ მნიშვნელოვან ფაქტსაც გაეცნობით.
    დიუმას “კავკასია” პირველად 1964 წელს თარგმნა თინათინ ქიქოძემ. ეს იყო ტექსტის ე.წ. შემოკლებული ვარიანტი, რომელიც 1859 წლის გამოცემის მიხედვით შესრულდა. მთელ რიგ მიზეზთა გამო წიგნში შეგნებულად იყო გამოტოვებული მთელი პასაჟები კულინარიულ თემაზე, ასევე ზოგიერთი ანეგდოტი და გამოგონილი ამბავი. წინამდებარე გამოცემა პირველ თარგმანზეა დაფუძნებული, რომელშიც გამოტოვებული ადგილები ია ბერსენაძემ და გიორგი ეკიზაშვილმა შეავსეს. ამგვარად, ეს წიგნი დედნის სრული ანალოგია და ვიმედოვნებთ, რომ ქართველი მკითხველის საოჯახო ბიბლიოთეკაში თავის ადგილს დაიკავებს.

    ნანა კობაიძე
    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ახალი წიგნები

    ახალი წიგნები – 2010 – მაისი

    ზვიად რატიანი, ნეგატივი, ლექსები. თბ. “დიოგენე”, 2009.

    ამ წიგნს თავისუფლად შეიძლება ეწოდოს გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოეტური კრებული, ისევე, როგორც მის ავტორს – თანამედროვე ქართული პოეზიის ერთ-ერთი ყველაზე და გამოკვეთილი წარმომადგენელი. მისი ლექსები გულგრილს არავის ტოვებს, ყოველ შემთხვევაში, იმათ, ვისაც ლექსის გემო ესმის. მკითხველი მოუთმენლად ელის მის ყოველ წიგნს. ბოლო გამოცემა ოთხი პოეტური კრებულის ერთგვარი შეჯამებაა – ლექსები, რომელთაც ავტორი გულმოდგინედ ხშირავს. “ბოლოსწინა ლექსები” (2009), “ღია და ფარული მიძღვნები” (2008), “გზები და დღეები” (2005) და “ჯიბის ჰაერი” (2000) ერთ-ერთი ლექსის სათაურით გააერთიანა. “ნეგატივი. 20 წლის შემდეგ” – ასე ჰქვია 2008 წელს დაწერილ, რომელიც თაობის აღსარებად შეიძლება ჩაითვალოს. სწორედ ნეგატივის, ანუ უკუღმა ხედვის პრინციპით შეკრა ზვიადმა სხვადასხვა პერიოდში შექმნილი ლექსები.

    დათო ტურაშვილი, მეცამეტე, თბ. “სიესტა”, 2009.

    “მიუხედავად იმისა, რომ მეც ვარ ინტერნეტის აქტიური მომხმარებელი და წერისას ვიყენებ პერსონალურ კომპიუტერს, დარწმუნებული ვარ, როგორც არ უნდა განვითარდეს კაცობრიობა, წიგნს, როგორც ადამიანის მთავარ სულიერ და გონებრივ საზრდოს, ვერაფერი შეცვლის” – წერს დათო ტურაშვილი თავისი ბოლო, მეცამეტე წიგნის ბოლოთქმაში. მიუხედავად იმისა, რომ ცამეტი თარს რიცხვად ითვლება და ზოგიერთ ქვეყანაში სახლების ნუმერაციისას ამ ციფრს საერთოდ ტოვებენ, ავტორმა ახალ კრებულს “მეცამეტე” დაარქვა და იმედოვნებს, რომ სათაური მკითხველს არ დააფრთხობს. ეს კრებული ისეთივე მსუბუქი, ლაღი და საინტერესოა, როგორც დანარჩენი თორმეტი. მასში ავტორის ძველი და ახალი, დოკუმენტური და მხატვრული პროზის ნიმუშები შევიდა. პირადად მე განსაკუთრებით მხიბლავს ის უშუალო და ძალდაუტანებელი იუმორი, რომელიც დათო ტურაშვილის ნაწერებში მუდმივად იგრძნობა. ასევე, ოპტიმიზმი, რომელიც ყველაზე “მძიმესიუჟეტიან” ტექსტშიც კი ამხნევებს მკითხველს. მიუხედავად იმისა, რომ თავს მწერალს არ უწოდებს და მთხრობელის სტატუსით შემოიფარგლება, უდავოა, რომ დათო კარგი მთხრობელია, რომელსაც მკითხველის ბოლომდე “ჩათრევა” შეუძლია. მართალია, სკეპტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს არ არის დიდი ლიტერატურა, მაგრამ ფაქტია, რომ მის ნაწერებს ერთგული მკითხველი წლების განმავლობაში არ მოჰკლებია. წინამდებარე კრებული სწორედ მათ ეძღვნებათ.

    თემო ჯავახი, “ქვე-ყანა ქვე-ბზე”, ლექსები, რედაქტორი: შოთა იათაშვილი, თბ. საგამომცემლო სახლი “სახე(ლ)ები”, 2009.

    მათ, ვისთვისაც ლექსი მხოლოდ კარგად გარითმული სტრიქონებია, ან უკიდურეს შემთხვევაში, შინაარსჩაქსოვილი ვერლიბრი, თემო ჯავახის პოეზია სიტყვათა გაუგებარ თამაშად, ან სულაც ბგერებში გაბნეულ აბდაუბდად შეიძლება მოეჩვენოს. ასეთებს ვერც გაამტყუნებ, მათთვის პოეზია გარკვეული ჩარჩოა, საიდანაც არასოდეს გადიან, თემო ჯავახის მსგავსი ადამიანებისათვის კი პოეზია სწორედაც რომ ჩარჩოების მსხვრევა და პირობითობებისგან თავის დაღწევის მცდელობა. თაობა, რომელსაც თემო ჯავახიშვილი, იგივე თემო ჯავახი მიეკუთვნება, ასპარეზზე გასული საუკუნის 80-90-იანებში გამოჩნდა და მაშინვე მიიპყრო ყურადღება. კარლო კაჭარავა, დავით ჩიხლაძე, თემო ჯავახიშვილი – ის ადამიანები იყვნენ, რომელთაც ტრადიციულ სამწერლო ენას ნოვატორული ძიებები დაუპირისპირეს და ახალი სუნთქვა შემოიტანეს თანამედროვე პოეზიაში. თემო ჯავახი მხატვარია და ეს მის პოეზიაშიც იგრძნობა. მასთან ბგერა ხან გრაფიკული გამოსახულების ფორმას იღებს, ხან წყვეტილ ფრაზებში “იმალება,” საბოლოო ჯამში კი მხოლოდ ამ ავტორისთვის დამახასიათებელ პოეტურ სახეებად გარდაიქმნება. კონკრეტული ვიზუალური მინიმალისტური პოეზია – ასე განმარტავს თავად ავტორი თავის სიტყვა-ობიექტებს, რომელთაც სამი ათეული წლის განმავლობაში ქმნიდა (1981-2009). ეს სიტყვები დღეს მკითხველს ელოდება, სიახლეებისა და არაორდინარული აზროვნების მქონე მკითხველს, ვისთვისაც თემო ჯავახის შემოქმედებაში “ვნებების, განცდების, ნაფიქრის, დანახულის საოცრად დიდი სამყაროა ჩატეული. უბრალოდ, ამ სამყაროს უნდა თვალთვალი… და დანახვა…”

    ოსნე საიეშტადი, “ქაბულელი წიგნებით მოვაჭრე,” მთარგმნელი თამარ კვიჟინაძე, რედაქტორები: ნინო გოგალაძე, მარინა სოხაძე, თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2009.

    ოსნე საიეშტადი ცნობილი ნორვეგიელი ჟურნალისტია, რომელმაც სახელი მსოფლიოს ყველაზე ცხელი წერტილებიდან გაკეთებული სიუჟეტებით გაითქვა. ამ ქალბატონის პროფესიული ხიბლი იმაშია, რომ იგი არ გვთავაზობს მშრალ რეპორტაჟებს და მოვლენათა გადმოცემისას კონკრეტული ადამიანების ბედით ინტერესდება. როგორც ჩანს, ჟურნალისტურთან ერთად, მასში მწერლის პოტენციალიც უხვადაა, სწორედ ამის დასტურია “ქაბულელი წიგნებით მოვაჭრე”, წიგნი, რომელიც რეალურ ფაქტებს ეფუძნება. ქაბულელი წიგნით მოვაჭრე, სულთან ხანი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, რომელიც ავტორმა ტაჯიკეთიდან ავღანეთში ჩასვლისას გაიცნო. იგი ქაბულში მშვენიერ წიგნის მაღაზიას ფლობდა. სწორედ ეს მაღაზია გახდა მათი რეგულარული შეხვედრების ადგილი. ერთ დღეს ხანმა ნორვეგიელი ჟურნალისტი შინ ვახშამზე დაპატიჟა და თავისი მრავალრიცხოვანი ოჯახი გააცნო. შთაბეჭდილება იმდენად დიდი იყო, რომ სტუმარმა გარკვეული დროით დარჩენა და იქაურთა ცხოვრების აღწერა გადაწყვიტა. განსაკუთრებით მძიმე იყო ქალების მდგომარეობა, რომელთაც აღმოსავლურ სამყაროში ფაქტობრივად, არაფრის უფლება არ ჰქონდათ. ოსნე საიეშტადის ობიექტივში გამორჩეულად სწორედ ადგილობრივი ქალების ცხოვრების წესი, მათი განცდები და სქელი ჩადრის მიღმა დაფარული შინაგანი სამყარო მოექცა.

    თურმუდ ჰაუგენ, Zeppelin, თარგმნა დათო აკრიანმა, თბ, “”ნექტარი”, 2009.

    “უხილავი ბავშვისა თუ ბავშვობის იდეა მკაფიოდ იკვეთება თურმუდ ჰაუგენის თხზულებებში, რომლებიც რადიკალურად განსხვავდება ტრადიციული საბავშვო ლიტერატურისგან. მწერალი არასოდეს ქადაგებს საზოგადოებაში დამკვიდრებულ მორალს და არც “ბავშვობის დაკარგულ სამოთხეს” აიდეალებს. ფრთხილად გამოაქვს დღის სინათლეზე ბავშვობის ტკივილების ბნელი, დაფარული ძაფები და გვიჩვენებს, თუ რაოდენ ახლოა ეს ძაფები სიხარულის ოქროს ძაფებთან” – ვკითხულობთ ამ უცნაური წიგნის შესავალში. თურმუდ ჰაუგენი (1945-2008) ცნობილი ნორვეგიელი საბავშვო მწერალია, თუმცა, ამ წიგნის მიხედვით ძნელია დაეთანხმო ამგვარ ფორმულირებას. და მართლაც, ის არ არის ტიპური ავტორი, ჯადოსნური ამბებითა და ზღაპრული სამყაროთი რომ იპყრობს პატარა მკითხველის ყურადღებას. უფრო მეტიც, მისი წიგნები მხოლოდ მოზარდებისთვის არაა განკუთვნილი. აქ წაშლილია ზღვარი ფანტაზიასა და რეალობას, ისევე, როგორც ბავშვისა და მოზრდილის სამყაროს შორის. ჰაუგენის სამწერლო დებიუტი 1973 წელს შედგა. მისი წიგნები 24 ენაზეა თარგმნილი. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია “ღამის ჩიტები”, 1975 წელს დაწერილი რომანი, რომელსაც ყველაზე ხშირად თარგმნიან. Zeppelin – 1976 წელს დაიწერა. იმის მიუხედავად, რომ წიგნში არაფერია ნათქვამი ამ შესანიშნავ როკ-ჯგუფზე, “ჰაუგენის უკეთილშობილეს თხზულებას მაინც გამუდმებით თან სდევს მათი მუსიკის და, უწინარეს ყოვლისა, ამ უკანასკნელის აკუსტიკურ ხმოვანებათა მშვენიერი აჩრდილი.”

    “თავისუფლების დღიურები” 2009, შემდგენლები: მარინა ვაშაყმაძე, დავით კაკაბაძე, რედაქტორი: ცისანა ნიკოლაიშვილი, თბ, 2010, “პაატა ნაცვლიშვილის გამომცემლობა”.

    რამდენიმე წელია არაერთი მსმენელისთვის საყვარელი რადიო “თავისუფლება” ორიგინალურ პროექტს ახორციელებს. საზოგადოებისთვის საინტერესო სახეები მთელი წლის განმავლობაში, თითოკვირიანი შუალედით დღიურებს აწარმოებენ, რომელიც შემდეგ რადიოეთერში იკითხება, მოგვიანებით კი ბეჭდურ ვერსიადაც გამოდის. სხვადასხვა ასაკის, ეროვნების, პროფესიისა და კონფესიის, სქესისა და სოციალური წარმოშობის ადამიანები ცდილობენ, მეტნაკლებად გულახდილნი იყვნენ მკითხველის წინაშე. სწორედ გულახდილობაა ის ძირითადი “სატყუარა,” რაც მკითხველს მისთვის კარგად ნაცნობი ან თუნდაც შედარებით უცნობი ადამიანის ცხოვრებაში ჩახედვისკენ უბიძგებს. კრებულში შესული 52 ავტორიდან ზოგი მსგავს ჩანაწერებს ადრეც აკეთებდა, ოღონდ შემდეგ ბუხარში წვავდა, ზოგისთვის ეს დღიურის წერის პირველი მცდელობაა, ზოგიერთისთვის კი საზოგადოების წინაშე თავმოწონებისა და დადებითი კუთხით წარდგენის მორიგი მცდელობა. ნებისმიერ შემთხევაში ამ ადამიანების გამბედაობა, სააშკარაოზე გამოიტანონ თავიანთი ცხოვრება, დასაფასებელია. პირადად მე დღიურების დიდი ნაწილი უშუალოდ რადიოეთერში მაქვს მოსმენილი, თუმცა წიგნად აკინძული გაცილებით მოსახერხებელია და დიდი ინტერესითაც იკითხება. საბედნიეროდ, საქართველოში საინტერესო ადამიანებს რა დალევს. ამიტომ, ვიმედოვნებთ, პროექტი დიდხანს გაგრძელდება და კიდევ უფრო საინტერესო გახდება.

    ფრანსუაზ და რევაზ ნიკოლაძეები, “ქართველები საფრანგეთისთვის ბრძოლებში 1939-1945 წლები”, მთარგმნელი გიორგი ანთელავა, რედაქტორები: ზაზა აბზიანიძე, თამაზ ჯოლოგუა, თბ, 2009, “ინტელექტი”.

    “გახსენება 1939-1945-ის შავი წლებისა, რომლებიც საფრანგეთის ქართველებმა ფრანგების გვერდით გაატარეს, თაობათა შორის დიალოგის დაწყებას ისახავს მიზნად” – წერენ წიგნის შესავალში მისი ავტორები, ფრანსუაზ და რევაზ ნიკოლაძეები. იმ წლებში მთელი მსოფლიო გერმანულ ფაშიზმს ებრძოდა. მათ შორის იყვნენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველები, რომელთაც ფრანგული “წინააღმდეგობის მოძრაობაში” ღირსეული ადგილი დაიკავეს. ამ ადამიანთა ნაწილის ბიოგრაფიას საქართველოში მეტნაკლებად იცნობენ, უმეტესობის შესახებ კი არაფერი, ან ძალზე მწირი ინფორმაცია გვაქვს. როგორც შესავალში ფრანგი ქართველოლოგი, ბერნარ უტიე წერს, ეს წიგნი პირველ რიგში ქართველებს სჭირდება: “გაბატონებული იდეოლოგიის გამო საქართველოში არ იცოდნენ არც ქართველი ემიგრანტების ომში მონაწილეობისა და არც იმ ტყვე ქართველების შესახებ, რომლემაც შეძლეს ტყვეობიდან გაქცევა და “წინააღმდეგობის” მოძრაობას შეუერთდნენ”. არჩილ ციციშვილი, ოთარ ჯაყელი, ალექსი ჩხენკელი, დიმიტრი ამილახვარი, სერგი წულაძე და ბევრი სხვა სწორედ ის ადამიანები არიან, ვინც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იბძოდა ფაშიზმის წინააღმდეგ. ცალკე დგას ორი მღვდელმსახური – მამა გრიგოლ ფერაძე, რომელიც მოგვიანებით ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და მამა ელი (ილია) მელია, რომელთაც ათასობით ტყვე გადაარჩინეს სიკვდილს. თუმცა, მათ გვერდით იყვნენ ქართველებიც, კერძოდ კი, თხუთმეტამდე ადამიანი შალვა ოდიშარიას მეთაურობით, ე.წ. “ქართული გესტაპო,” რომელნიც გერმანელების დავალებით საშინელებებს სჩადიოდნენ. საბედნიეროდ, ასეთები უმცირესობაში იყვნენ და ვერ მოახერხეს გადაეფარათ პატრიოტ ქართველთა თავგანწირვა. ეს წიგნი თვითმხილველთა მიერ მოწოდებულ ცნობებსა და საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით არის დაწერილი და წარმოგვიდგენს ქართული ემიგრაციის ცხოვრების სურათს, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა XX საუკუნის ევროპული ისტორიის კატაკლიზმები.

    სოლომონ ასლანიშვილი-ბავრელი, “წერილები “ოსმალოს საქართველოზე”, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს ლელა ქურდაძემ და გოჩა საითიძემ, თბ. “არატანუჯი”, 2008.

    XVI საუკუნის მეორე ნახევარში ოსმალეთის იმპერიამ საქართველოს მისი ერთ-ერთი უდიდესი კუთხე, მესხეთი და მისი პროვინციები ჩამოაცილა. დაპყრობილ ტერიტორიაზე დაარსდა გურჯისტანის ვილაიეთი, იგივე ახალციხის საფაშო, რომელშიც ისტორიული მესხეთის უდიდესი ნაწილი გაერთიანდა. მას შემდეგ, XIX საუკუნის პირველ ნახევრამდე, ამ ტერიტორიის აღწერა თითქმის არავის უწარმოებია. ქართველ მეცნიერებს ისტორიულ სამშობლოს მოწყვეტილი მიწის შესწავლის შესაძლებლობა კარგა ხანს არ ეძლეოდათ. ვითარება გარკვეულწილად XIX საუკუნის 70-იან წლებში, რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ შეიცვალა. ქართველებს “ოსმალეთის საქართველოს” მონახულებისა და იქ არსებული ვითარების შესწავლის საშუალება მიეცათ. ამ პერიოდში ადგილობრივ პერიოდიკაში ხშირად იბეჭდებოდა პუბლიკაციები აღნიშნულ თემატიკაზე. ერთ-ერთი ქართველი მოღვაწე, რომელმაც “ოსმალეთის საქართველოს” არაერთი წერილი მიუძღვნა, იყო სოლომონ ასლანიშვილი (“ბავრელი”). მისმა ნახევარსაუკუნოვანმა მოღვაწეობამ უმდიდრესი მემკვიდრეობა დაგვიტოვა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მესხეთისა და ქართველი მაჰმადიანების ისტორიის შესწავლის საქმეში. წიგნში სწორედ მის მიერ მოძიებული მასალა იბეჭდება.

    ნანა კობაიძე

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ახალი წიგნები,  რეცენზია

    ორჰან ფამუკი ,,ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები”

    რუსუდან ბეჟაშვილი

    ამ წიგნს უკანა ყდაზე ეწერა: ,,წიგნის შესახებ იმსჯელეთ ფორუმზე…”. მე ინტერნეტი არა მაქვს და ჩემთვის გავაკეთე შთაბეჭდილების პატარა მონახაზი. ახლა კი რედაქტორის მოწოდებას ვეხმიანები, იქნებ თქვენთვისაც საინტერესო იყოს. თავად ორჰან ფამუკის სიტყვები რომ მოვიშველიოთ: ,,…წერა სწორედ შინაგანი მზერის სიტყვებად ქცევა, იმ სამყაროს შესწავლაა, რომელშიც ადამიანი საკუთარ თავთან განმარტოებისას ხვდება და ამ ყველაფრის მოთმინებით, სიჯიუტითა და სიხარულით აღსრულებაა.” ენა მარტივი, სიტუაციები ნაცნობი… ამ წიგნის კითხვისას კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ქართველები არც აღმოსავლელები ვართ და არც დასავლელები, მაგრამ ორივესი კარგად გვესმის. მეგობრული ურთიერთობა, ფეხბურთის სიყვარული – სტამბოლში თითქმის იგივეა, რაც თბილისში. იქაც, დაახლოებით, ისევე ხდება ამ ორი ცივილიზაციის თანხვედრა, როგორც ჩვენს სამშობლოში, თუმცა ჩვენ ჩვენი ქრისტიანობის გამო, უფრო მეტად ევროპელებად მოგვაქვს თავი.
    წიგნში, მოგეხსენებათ, თურქეთის რესპუბლიკის ჩამოყალიბების გზაა ასახული; უხვად შეხვდებით სახეთა მრავალფეროვნებას და იდეების ათასგვარ შეხლა-შემოხლას. რევოლუციურ იდეას რაც შეეხება, ჩემი აზრით, ეს ალბათ ოდესღაც პროგრესული იყო, მაგრამ ახლა უკვე დრომოჭმულია და ყავლგასულიც, თუ გნებავთ. თუმცა ამ წიგნში ძველის, სწორედაც რომ დრომოჭმულის ახლით შეცვლის მსურველებს ჰქვიათ რევოლუციონერები. ზნეობრივ ღირებულებეზეც ბევრს კამათობენ ჯევდეთ ბეის ვაჟები და წიგნის სხვა გმირებიც. საინტერესოა პანთურქიზმის მიმდევარი პედაგოგის ქადაგება ევროპული იდეებით შეპყრობილი პოეტის წინაშე; იგი ეუბნება პოეტს, რომ მას არა აქვს იდეა და ამიტომაა უბედური, ამიტომაც საერთო თურქული იდეის ქვეშ გაერთიანებას ურჩევს. ეუბნება, რომ გონების გარდა, გრძნობაც მოგვცა ღმერთმა და გულანთებული მიმართავს: ,,თურქეთის დროშის დანახვაზე, ჰათაის მოვლენებზე გული არ გიჩქროლდებათ? …აენთეთ, ირწმუნეთ, საზოგადოებას შეუერთდით… ცოტა ხნით გონება ჩააჩუმეთ, აი მაშინ იქნებით ბედნიერი…”
    ჯევდეთ ბეის ვაჟები: ოსმანი და რეფიქი.
    ერთი – ტრადიციული, ვაჭარი (მამის მსგავსად), მეოჯახე;
    მეორე – განათლებით ინჟინერი, მოწოდებით რევოლუციონერი.
    ქალიშვილი აიშე – შვეიცარიიდან დაბრუნების შემდეგ (მანამდე მშობლების მორჩილი, უენო), სულ სხვა ქალად იქცა, დაიწყო თავისუფლად აზროვნება, უჩნდება პიროვნულობის ნიშნები.
    უნდა ვაღიარო, რომ აღმოსავლური წიგნების კითხვა არ მიყვარს დიდხანს, მბეზრდება, არადა ეს წიგნი 600 გვერდზე მეტია და ძალიანაც გამიჯანჯლდა, მაგრამ აუცილებლად უნდა დავასრულო. თან ვგრძნობ, რომ აქტუალურია.

    პოეტი მუჰითთინი მართლაც მოექცევა ნაციონალური იდეების გავლენის ქვეშ და მოგვიანებით რეფიქს, მის სახლში წიგნს რომ შენიშნავს, ეუბნება: ,,ჰოლდერლინს კითხულობ? ერთ დროს მეც მაინტერესებდა, როგორც პოეტი, მაგრამ გული ვერ დავუდე. ამ ევროპელების სული ჩვენთვის ძალიან უცხოა. თანაც ის ბერძნების თაყვანისმცემელია… ისინი ჩვენგან შორს არიან, მათთან ერთად ფონს ვერ გავალთ. ადამიანს გონებას ურევენ.”
    ჯევდეთ ბეის ვაჟი კი პირიქით ფიქრობს: – მათგან ბევრი რამ უნდა ვისწავლოთო, – ეუბნება. ,,გონების სხივი გვჭირდება, რომ ჩვენში ბარბაროსობა და დესპოტიზმი დავამარცხოთ.”
    ასეთი დიდი ოჯახური საგა კარგა ხანია არ წამიკითხავს, მგონი, ,,ბუდენბროკების” შემდეგ… თაობათა ცვლასთან ერთად იცვლება ცხოვრებისეული შეხედულებები, თუმცა იმ წარმომადგენლებში, რომლებსაც შემოქმედებითი მიდრეკილებები აქვთ; არა იმ კონსერვატორულ ხაზში, რომელსაც ამ დიდი ოჯახის ნაწილი გამუდმებით მისდევს; ვაჭარი ყველა საუკუნეში ვაჭარია, ხიბლავს კეთილდღეობა და ოჯახური მყუდროება, მათ ძნელად ესმით თავიანთი თავზეხელაღებული და გაუცხოებული ,,ძმებისა”.
    მკითხველის სიმპათიას იმსახურებს ჯევდეთ ბეის შვილიშვილი, მხატვარი აჰმედი. მამამისი ფერიქიც ხომ მეტად საინტერესო ადამიანი იყო, არ აკმაყოფილებდა ბიურგერული სიმშვიდე, ნიადაგ რაღაცის შეცვლაზე ფიქრობდა: მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უყვარდა მეუღლე, ოჯახური ყოველდღიურობის რუტინას გაექცა, რის გამოც კიდევ უფრო გაუცხოვდა ნაცნობ-მეგობრებისაგან (აჰმედი და მისი მეგობარი გოგონა ძველი თურქულით დაწერილ მის დღიურებს მოგვიანებით ეცნობიან და იქ ბევრ საინტერესოსა თუ სახალისოს პოულობენ. ფერიქის დღიურები ხომ კიდევ ცალკე თემაა). ეს ორი ადამიანი მარადიულ ღირებულებებს ესწრაფვის და ჭეშმარიტების ძიებაშია. მოცემულ სოციუმში მათი ცხოვრების წესი გაუგებარია. სიტყვა გამიგრძელდა, შესაბამისად კითხვაც… ფინალი: ჯევდეთ ბეის მეუღლე, მრავლის მომსწრე და ყველას დამმოძღვრავი ბებია, – უნებურად მარკესის ურსულას რომ მოგვაგონებს, – ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, გარდაიცვალა; ,,ჭირი იქა, ლხინი აქა…” დავასრულეთ კიდევ ერთი წიგნი და გავხდით ალბათ, ცოტათი ,,უფრო უკეთესები” ვიდრე ვიყავით. ორჰან ფამუკისავე სიტყვებით რომ ვთქვათ, მწერლობაზე რომ ამბობს სანობელო სიტყვაში: ,,… გამოვიკეტებით თუ არა, უმალვე აღმოვაჩენთ, რომ არც ისე მარტოები ვართ, როგორც გვეგონა. გარემოცულნი ვიმყოფებით მათი სიტყვებით, ვინც ჩვენამდე დაიბადა – სხვა ხალხის ამბებით, სხვა ხალხის წიგნებით, სხვა ხალხის სიტყვებით – იმით, რასაც ტრადიციას ვუწოდებთ. მჯერა, რომ ლიტერატურა ყველაზე ღირებული განძია, რაც კი კაცობრიობამ საკუთარი ძიების გზაზე დააგროვა.”

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ახალი წიგნები,  კრიტიკა,  რეცენზია

    ლევან ბერძენიშვილი – ზაზა ბურჭულავის adibas, ანუ ადგილზე სირბილი საქართველოში

    ლევან ბერძენიშვილი

    ზაზა ბურჭულავის adibas, ანუ ადგილზე სირბილი საქართველოში

    „ყოველთვის ვიცოდი, რომ ნამდვილი არ იყო.“
    სეროჟას ფიქრი შექსპირზე, ოდეს სპექტაკლის ბოლოს
    მაყურებელთა ოვაციების მისაღებად
    სცენაზე ცოცხალი დეზდემონა გამოვიდა

    წიგნის წაკითხვას რა უნდა? არა, იმას არ ვგულისხმობ, რომ, საერთოდ, წიგნი იოლი წასაკითხია. სხვა რამეს ვგულისხმობ. შევეცდები, უფრო გასაგებად დავსვა კითხვა: წიგნმა როგორ უნდა წაგაკითხოს თავი? უპირველეს ყოვლისა, წიგნი, როგორც საგანი, როგორც ფიზიკური სხეული და არა მისი შინაარსი, რომ იტყვიან, ხელში უნდა მოგყვეს. ამისთვის, სხვათა შორის, მაგარი ყდა უნდა ჰქონდეს, სქელი და მუქი. აიღებ კარგ ყდას (კარგი ყდა ნახევარი საქმეა, არადა, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ნამდვილად მაგარი ყდა შეარჩია, თანაც „მაგარი“ არა მხოლოდ hard, არამედ ასევე „მაგგარი“ – cool), მისცემ ფერს. ფერი: შავი. შავ ყდას ოქროს ასოებით დააწერ: adibas. თავზე დაასვამ ადიდასის ლოგოს (ძველ ლოგოს, ყვავილისებურს) და ქვემოთ თეთრად მიაწერ: რომანი (ვინმეს რამე რომ არ შეეშალოს). სულ ზემოთ, ყდის ზეცაში იმავე ორხაზიანი შრიფტით, რითიც ქვემოთ „რომანი“ გიწერია, მისცემ ავტორის სახელსა და გვარს, როგორც ხარისხის ნიშანს: ზაზა ბურჭულაძე.
    როგორც Stairway to Heaven „ზეციურ [ჯეიკობის] კიბეში“ ლედ ძეპელინი მღეროდა, ყველაფერი, რაც ბრწყინავს და ბრჭყვიალებს, ოქრო არ არის. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ყდის დიზაინერი (ყდის დიზაინი: თამუნა) ახერხებს ამას: გკარნახობს, რომ ეს ოქრო ოქრო არ არის. სამაგიეროდ, რაც არ ბრწყინავს, თეთრია და ნამდვილია, ანუ ზაზა ბურჭულაძე და რომანი ნამდვილია, დანარჩენი – არა. მოკლედ, ყდა უკვე გეუბნება, რომ რაღაც ლიტნარკოტიკი, ყვითელი და თეთრი, ნამდვილი და ყალბი ერთად უნდა შემოგაპარონ. ამიტომაც რომანი იწყება adibas-ის განმარტებით ანუ მკითხველის გაფრთხილებით. ლექსიკონიდან ამოხეული განმარტება შეგიძლია თავიდან ბოლომდე წაიკითხო, როგორც არის: „adibas – 1. ყალბი ადიდასი. 2. ზოგადად სუროგატი, იმიტაცია. 3. ნებისმიერი ყალბი, ფალსიფიცირებული რამ: ნივთი, საგანი, სიტუაცია, მოვლენა, და ა.შ.“ უნდა დაამატო, „ისეთი გაყალბება, რომელიც ნამდვილ ნივთად უნდა შეასაღო ყურუმსაღ მყიდველს“. და შეგიძლია სახელდახელოდ თარგმნო (გამოცდილი მკითხველი ხარ და კარგად მოგეხსენება, რომ პირველსავე გვერდზე მწერალი ტყუილად არ გამოიტანდა ამ განმარტებას). მწერალიიგი ხმამაღლა გეუბნება: ყურადღება, მკითხველო, ყურადღება, შენს წინაშე წარდგება სიყალბე, შენთან შესახვედრად ჩემი ფურცლებიდან მოემართება სუროგატი, იმიტაცია, ფალსიფიკაცია, ცრუ სიტუაცია, ვულკანიზაცია და ბალანსირება (2008 წელს გარდაცვლილი, ღრმა სიბერეში „უკვდავად“ ანუ აკადემიკოსად არჩეული ალენ რობ-გრიეც 1953 წელს გამოცემულ „საშლელებში“ ასე მონდომებით აფრთხილებდა მკითხველს ზედმეტი 24 საათის შესახებ). მაგრამ ისიც უნდა იცოდე, რომ ავტორი გატყუებს და ოქროს სიყალბესთან ერთად ავაზაკურად სიმართლესაც შემოგაპარებს, ცბიერად, გველურად. ახლა მზრუნველი და ჰუმანისტი ავტორი კმაყოფილია, რადგან ერთგული მკითხველი გაფრთხილებული ჰყავს, შემდგომში პრეტენზიები არ იყოს, სიყალბეზე და ჯორჯო არმენიზე პირველსავე გვერდზე მიგითითეო. მკითხველი გაფრთხილებული ჰყავს, ბომონდი – განაწყენებული, მართმადიდებელ მშობელთა კავშირი კი – სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული.
    რატომ ადიდასი და ადიბასი? რატომ რომელიმე სხვა ფეიკი არა, მაგალითად, სახელგანთქმული „აბიბასი“, „სომი“, „პანაფონიკი“, ჩინური „აიფონი“ (ვითარებას ართულებს ის, რომ ნამდვილი აიფონიც ჩინეთში მზადდება) ან თუნდაც ათლარიანი „როლექსი“? შეიძლება იმიტომ, რომ „Adidas AG“ ჩვენებური, ევროპული, გერმანული ფირმაა (კერძოდ, რკინის გზას პოტსდამსა და ბერლინს შორის ხაზი გაესმება რომანში). მე ჩემი ვერსია მაქვს და ვერავინ დამარწმუნებს მის მცდარობაში: ადიდასი ეს არის სამი ხაზის ერთობა; სამი, რომელიც ერთია, ანუ სპორტულ-აქსესუარული სამება. რომანი სწორედ სამ სამყაროს გაჩვენებს: 1. ნამდვილს (?) და ძვირს (!) (ბუტიკები ვაკეში, კაფეები შარდენზე), 2. ყალბს და მოძვიროს (ბაზრობები. სივრცე, რომელსაც ეწოდება „სიბრძნე სიცრუისა“), 3. ჭეშმარიტს და იაფს (მეორადები, სეკონდები. სივრცე, რომელსაც ეწოდება In sacco veritas „ფუთაშია ჭეშმარიტება“).
    ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ ნამდვილი ანუ ადიდასი მკითხველი წიგნს დროებით დახურავდა და ამა სოფლის ამაოებაზე დაფიქრდებოდა. შემდეგ გადმოაბრუნებდა წიგნს და ახლა უკვე სხვა, იოში იამამოტოს ასევე გაყალბებული ლოგოს ქვემოთ წაიკითხავდა, რომ ბურჭულაძის ახალი რომანი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე მოგვითხრობს და რომ ომი რომანის მთავარი პერსონაჟია სექსთან ერთად. ომი და სექსი, მოდი და ნუ წაიკითხავ! ისევ გადაიშლება წიგნი და მკითხველი იწყებს კითხვას ექსპოზიციით, რომელსაც ეწოდება „01 დილის მულტიმედია“. უკვე ამ ნუმერაციითაც და ამ ქვესათაურითაც უნდა მიხვდეს მკითხველი, რომ ომისა და სექსის გარდა წიგნს სხვა პერსონაჟიც ჰყავს: თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ხან ყველა ფეხის ნაბიჯზე ჩართული ტელევიზორით რუსული არმიის წინსვლას და დიღმიდან გაგარინის მოედნამდე ტფილისში დიფუზიის პროცესს ნერვიულად გადმოსცემს, ხან დაუდევრად დაგდებული გადახსნილი ლეპტოპით მოგვევლინება, ხან იუთუბში „კანიბალ კორპსს“ დაეძებს სექსუალური აგზნების დაშოშმინების სპეციფიკური დავალებით, ხან სკაიპში ლათინური ასოებით ქართულ-რუსულ ტექსტს შემოგვთავაზებს (თავი 11 დამახასიათებელი სათაურით „საქართველო“), ხან coffee.ge-ს wi-fi-ს გვახარბებს, ხანაც 120 გიგაბაიტიანი აიპოდით ჩაგვიკრავს თვალს და ხანაც Bang&Olufsen-ის ნაუშნიკებით გვემარიაჟება. კიდევ ერთი მუდმივი პერსონაჟი ჩანს ამ რომანში: ინგლისური ენა. ხშირია ციტატები, წარწერები, ალუზიები და ა.შ. შექსპირის ენაზე. მოკლედ, ომი, სექსი, კომპიუტერი და ინგლისური, სწორედ ესაა ადიბასის სა-ქარ-თვე-ლო!
    როგორც ყველა ადიდასი მწერალი, ზაზა ბურჭულაძეც არ ენდობა ადიბას მკითხველს. ამიტომ მან უნდა დაუღეჭოს, დიდი პირი დააღებინოს და ისე ჩაუტენოს ლუკმა. ადიბასი ხომ სიყალბეა, განმარტება ხომ მისცა, ლოგოც გაუყალბა (ქვემოთ უსამართლოდ მოუმრგვალა), მაგრამ გრძნობს, რომ ეს ყველაფერი არ არის საკმარისი; ამიტომ ქმნის სრულიად ახალ ადიბასურ პროდუქტს, სუპერფალსიფიკაციას, „აქ და ახლას“ აღრევას, სრულ შეუთავსებლობას, სუროგატის სუროგატს – ხინკალს კაფე „ლურჯ ხავერდში“, რომელსაც ჰოლანდიელი ქალი გულმოდგინედ და მცოდნედ ჭამს – თითქოს, თავისი ერთი ძველი პერსონაჟისა არ იყოს[1], უნდა თქვას, ჭეშმარიტად, „ვინაც გაიგებს ხავერდის ხინკალს, ის პოეზიას ჩემსას გაიგებს.“
    რომანის გმირებს ჰყავთ საყვარლები და ყოფილი საყვარლები. ის კი არა, ერთი ყოფილი საყვარელი ახლა სხვისი ქალია და ძველი საყვარლის თვალწინ ახალ საყვარელს ნებდება და ეს სცენა ძველმა საყვარელმა ახალი საყვარლის თხოვნით ვიდეოზე უნდა დააფიქსიროს (თქვენი არ ვიცი და მე პირდაპირ მესმის აღშფოთებული მოქალაქის ხმა. ხმა ამბობს: „რა მარაზმია!“). ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ეზოპეს ენით არ არის გადმოცემული.
    მავანი იკითხავს, ამ ნატურალიზმში, ამ გარყვნილებაში, ნაკურთხ „ტოიოტა რავ 4“-ში, ბერის სენაკში დამღერებულ კარაოკეში, რუსეთის არმიის თბილისში შემოსვლასა და სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ ნივთიერებათა ენციკლოპედიური ცოდნის გამოვლენაში კარგი რა არისო? მეც მანდა ვარ: ავტორის ოსტატობის გარდა, კარგი არაფერია, რადგან რომანის თხუთმეტი თავის განმავლობაში ნელ-ნელა ხვდები, რომ ეროვნულ სიყალბეს, ეკლესიის ეზოში შესულ „ჰამერს“ ამოსაცნობი სანომრე ნიშნით „ALIKA“, უღრან ფარისევლობას, ნაციონალურ გულგრილობას, კალენდარზე დახატულ სააკაშვილის ფოტოშოპში კბილებგათეთრებულ ღიმილს, ორალური სექსის დროს ჩაძინებულ ქალს, სიაბანდობის ზეიმს, პოპულარულ ასტროლოგიას (ეძღვნება მერვე თავი სათაურად „08/08/08“ – ვერძი: დღეს თქვენი ენერგეტიკული რესურსები…), ყველაფერ ამას მოჰყვება უნებურად დაბადებული ეპიფანია, მიხვედრა იმისა, რომ „ადიბასი“ წიგნის სათაური არ არის, „ადიბასი“ დღევანდელი საქართველოს დიაგნოზია. ჩვენ არც ნამდვილი და არც მეორადი საზოგადოება არ ვართ. ჩვენ ვართ ნაყალბევი საზოგადოება, რომელიც ნამდვილ საზოგადოებად ასაღებს საკუთარ თავს.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

    [1] ზაზა ბურჭულაძე, „სახარება ვირისა“, თბილისი, 2004.

  • ახალი წიგნები

    ახალი წიგნები – 2009 – ნოემბერი


    ბასა ჯანიკაშვილი, “აბსურდისტანი”. თბ. “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, 2009.

    “ვერ გავიგე, ეს ქალაქი მარტო გოიმებისაა? ეს ქალაქი მარტო ქაჯებისაა? ვერ გავიგე, ეს ქალაქი ვისია ბოლოს და ბოლოს. მერიის ერთი კინკილა სამსახურის, ვინც კონცერტების პროგრამას წყვეტს, თუ მათი, ვინც აქ ცხოვრობს. გგონიათ, რობერტ პლანტის მსოფლიო ტურში თბილისი რომ მოახვედროთ, ხალხი არ მოვა? ან U-2-ს და Radiohead-ის კონცერტით თავისუფლების მოედანს ვერ გაავსებთ? იქნებ ისიც გეგონოთ, რომ თქვენ მიერ გასროლილ შუშხუნებს ხალხი მოუთმენლად ელის? იმედი მაქვს, რომ არა.” – ეს არის ამონარიდი ბასა ჯანიკაშვილის ახალი რომანიდან, რომელიც ავტობიოგრაფიულია და მუსიკას ეძღვნება, უფრო კონკრეტულად კი, როკს.
    გასული საუკუნის 80-90-იანი წლების საბჭოთა საქართველოში ეს მიმდინარეობა აკრძალული აღარ იყო, თუმცა, კარგი ჩანაწერების შოვნა არცთუ იოლი გახლდათ. ეს საქმე მელომანთა მხრიდან სერიოზულ “ჩალიჩს” მოითხოვდა, თუმცა, შედეგი ამად ღირდა. “დაპისკებით” გავრცელებული და არალეგალურად შემოტანილი მუსიკა იმ ავადსახსენებელ ეპოქაში თავისუფლების სიმბოლოდ მიიჩნეოდა და ხელისუფლების მიერ მკაცრად იყო კონტროლირებული.
    მაშინდელ ქვეყანას ავტორი აბსურდისტანს უწოდებს და იყო კიდეც აბსურდული, თუმცა, ბევრისთვის აბსურდისტანური ყოფა დღესაც გრძელდება, რადგან ადამიანები ფსევდოღირებულებებითა და ფსევდოგრძნობებით ცხოვრობენ, ფსევდომუსიკას უსმენენ და ფსევდოთავისუფლებით ტკბებიან. გზა საბჭოთადან თანამედროვე აბსურდისტანამდე ავტორის ყმაწვილკაცობისდროინდელ მოგონებებზე გადის და როკის განვითარებასთან ერთად იმდროინდელი ყოფის საინტერესო დეტალებზეც გვიამბობს.

    დიანა ანფიმიადი, კონსპექტური მითოლოგია (ლექსები). თბ. “საუნჯე”, 2009.

    მის ლექსებს ხშირად უწოდებენ მუსიკალურ პოეზიას, ოღონდ, კლასიკურს კი არა, ატონალურს, თავისუფალ რითმებად რომ იღვრება დროსა და სივრცეში. პირველი წიგნი შოკოლადის ფილებად დაიღვენთა მკითხველის მეხსიერებაში, მეორედ კი უკვე მითოლოგიური თემატიკით წარდგა ჩვენს წინაშე. “კონსპექტური მითოლოგია” ერთგვარი დაბრუნებაა ძირებთან – პოეტესა ხომ წარმოშობით ბერძენია. სხვათა შორის, ავტორის გვარ-სახელი იმდენად ჟღერადი და პოეტურია, კარგა ხანს ფსევდონიმი მეგონა. როგორც ჩანს, ეს კოდი მასში თავიდანვე იყო ჩადებული, რაც მის ახალ კრებულში კიდევ ერთხელ დადასტურდა.
    ხან პანდორაა, ხან გალათეა, ხან კასანდრა და ხანაც ელენე, კლიტემნესტრა, მედეა… ერთი სიტყვით, მთელი ბერძნული მითოლოგიაა, თუმცა, ამ კრებულის კლიტე-გასაღებად კენტავრი აირჩია. წიგნის გარეკანზეც ქალი-კენტავრია გამოსახული, კენტავრი დიანა, რომელიც საკუთარ ფლოქვებს კი არ დაჰყურებს, როგორც ლექსშია, დაკვირვებული მზერით სადღაც შორს, უსასრულობაში იყურება, თითქოს ზეციური სამყაროსკენ ისწრაფვის, თუმცა, გაბერილი საღეჭი რეზინი მყარად ამაგრებს მიწაზე. ერთი სიტყვით, არც მიწისაა, არც ცისა. მისი ბიოგრაფიიდან ვიმსჯელებთ, მრავალმხრივი და არაორდინარული ადამიანია: პოეტი, მთარგმნელი, ენათმეცნიერი, ექსპერტ-კრიმინალისტი, არაერთი სამეცნიერო სტატიის ავტორი. ამჟამად თსუ ზოგადი და თეორიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის დოქტორანტია. გატაცებულია კულინარიით. მისმა პოეტურმა კრებულმა “შოკოლადი” – შარშან “საბას” ლიტერატურული პრემია დაიმსახურა საუკეთესო დებიუტისათვის, შარშანწინ კი ლიტერატურულ კონკურს წეროს გამარჯვებულიც გახდა. წარმატებები ჯერჯერობით თან სდევს. იმედია, ასე გაგრძელდება.

    ლია სტურუა, ზღვა დაკეტილია (ლექსები). თბ. “სიესტა”, 2009.

    რა სასიამოვნოა, რომ დღეს, როდესაც პოეზიის გამოცემა არამომგებიან საქმიანობად მიიჩნევა, არსებობს გამომცემლობა, რომელიც ჯიუტად საპირისპირო მიმართულებით მიდის. “სიესტას” ანგარიშზე არაერთი საინტერესო პოეტური კრებულია – ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ავტორების, ამჯერად კი გამომცემლებმა მზერა ლია სტურუაზე შეაჩერეს.
    ანა კალანდაძის შემდეგ ლია სტურუა პირველი პოეტესა იყო, რომელმაც გასული საუკუნის 60-70-იანი წლების ლიტერატურულ სივრცეში ხმაური და მღელვარება გამოიწვია. მისი დახვეწილი, ინტელექტუალური, ფორმისა და ჩარჩოებისგან თავისუფალი ლექსი იმ პერიოდის ქართულ პოეზიაში ახალ სიოდ შემოიჭრა. მიუხედავად იმისა, რომ მის სტილს მიმდევრები გამოუჩნდა, ლია სტურუას პოეზია დღესაც არავისში აგერევათ. “სიესტა” შეეცადა მკითხველისთვის ამ თვითმყოფადი შემოქმედის შედარებით ახალი ნამუშევრები გაეცნო.

    გიორგი მირზაშვილი, ნადავლი (ლექსები). თბ. “სიესტა”, 2009.

    დაწურული აზრი, მოზომილი სიტყვა, ლექსი – ნატურმორტი, ლექსი – პორტრეტი, მხატვრის პოეზია – აი, ასეთია გიორგი მირზაშვილის ახალი კრებულით გამოწვეული პირველი შთაბეჭდილება. ხანდახან ჯობია, არაფერი დაწეროო – ამბობს ერთგან პოეტი, თუმცა, როგორც ჩანს, ეს რიტორიკული შეძახილია საკუთარი თავის მიმართ, რადგან “ნადავლი” მისი რიგით მესამე წიგნია, რომელსაც გამომცემლობა “სიესტა” გამოსცემს. მანამდე იყო “მარშრუტი ნომერი ორმოცდარვა” და “მშრალი ხიდი,” რომელთაც პოეზიის მოყვარულთა ინტერესი გამოიწვია. მიუხედავად ამისა, ქართველ პოეტთა ორდენი გარკვეული სიფრთხილით მოეკიდა მხატვრობიდან “გადმობარგებულ” თანამოკალმეს. თუმცა, ვეჭვობ, ამას ავტორისთვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს. წერს, რადგან სხვანაირად აღარ შეუძლია და აწყობს თავისი ლექსის მოზაიკას, რომელიც ოდესმე ერთ დიდ ტილოდ გარდაიქმნება, სახელწოდებით – გიორგი მირზაშვილის პოეზია.

    გაიუს ვალერიუს კატულუსი, “ლექსების წიგნი”. ლათინურიდან თარგმნა, შესავალი წერილი და კომენტარები დაურთო მანანა ღარიბაშვილმა.
    რედაქტორები: იზა ორჯონიკიძე, თემურ დოიაშვილი. თბ. “ლოგოსი”, 2009.

    “ლათინური გამოთქმაHHabent sua fata libelli – “წიგნებს თავისი ბედი აქვს” – ყველაზე მეტად სწორედ ამ წიგნს შეეფერება” – წერს კატულუსის ქართულ ენაზე მთარგმნელი მანანა ღარიბაშვილი. საქმე ისაა, რომ X საუკუნეში, როდესაც ლათინური მხოლოდ ეკლესიისა და მეცნიერების ენად იყო ქცეული, ვერონის ერთ-ერთ მონასტერში ადგილობრივმა ეპისკოპოსმა ძველი რომაელი პოეტის ლექსების ხელნაწერი იპოვა, რომლითაც ძალზე მოიხიბლა, მიუხედავად ავტორის წარმართობისა. ეს იყო კატულუსის ლექსების ერთადერთი კრებული, რომელიც შემოთხვევით შემორჩა მის მშობლიურ ქალაქს. მოგვიანებით, ხელნაწერი ისევ გაქრა, თუმცა XIV საუკუნეში კვლავ იპოვეს და რამდენჯერმე გადაწერეს. შემდეგ კი ყველა ევროპულ ენაზე თარგმნეს. სასიამოვნოა, რომ მათ რიცხვში საქართველოცაა.
    “უბერებელი” რომაელი ლირიკოსის პოეზიას ყველა ეპოქა თავისებურად კითხულობდა. რომანტიკოსები მას რომანტიკოსად მოიხსენიებდნენ, სიმბოლისტები – სიმბოლისტად, ჩვენი თანამედროვეებისთვის კი კატულუსი პოსტმოდერნისტია. ამ შემთხვევაში ლიტერატურული ჩარჩოები მეორეხარისხოვანია, მთავარი ავტორის მრავალწახნაგოვანი, ირაციონალური იმპულსებით აღსავსე პოეზიაა, რომელიც ძალზე ოსტატურად გადმოაქართულა მანანა ღარიბაშვილმა.

    ესპანურენოვანი მოთხრობა, ესსე, ინტერვიუ. ესპანურიდან თარგმნა ქეთევან ჯიშიაშვილმა. რედაქტორი მანანა კვაჭანტირაძე, თბ. 2009.

    ეს წიგნი, რომელიც თანამედროვე ლათინომერიკელი და ესპანელი მწერლების შემოქმედებას მოიცავს, ესპანურენოვანი ლიტერატურის მოყვარულთ დააინტერესებს. ოქტავიო პასი, ადოლფო ბიოი კასარესი, კარლოს ფუენტესი, ხუან კარლოს ონეტი, ანტონიო გალა, ხუან მარსე, მანუელ ვისენტი, არტურო პერეს-რევერტე და გუსტავო მარტინ გარსო – აი, ავტორები, რომელთა ნაწერებსაც კრებულში გაეცნობით.
    ესპანურენოვან ლიტერატურას, დაწყებული სერვანტესიდან, განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მსოფლიო მწერლობის ისტორიაში. მათ რიცხვს გასული საუკუნის 50-60-იან წლებში ლათინოამერიკელ ავტორთა მთელი კასკადი შეუერთდა. მარკესი, ლიოსა, კორტასარი, ბორხესი… ამ პერიოდის მწერლობა “ლიტერატურულ ბუმად” მონათლეს. მოგვიანებით მათი ტრადიცია ფუენტესმა, ონეტიმ და პასმა გააგრძელეს.
    აქ წარმოდგენილ მწერალთა ნაწილს ქართველი მკითხველი მეტად იცნობს, ნაწილს ნაკლებად, თუმცა თითოეულმა მათგანმა საკუთარი სიტყვა თქვა ესპანურენოვანი ლიტერატურის განვითარებაში. მათი შემოქმედება არაერთი პრემიითაა აღნიშნული როგორც სამშობლოში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზეც. მნიშვნელოვანია, რომ ამ სამყაროს წარმომადგენელთა ლიტერატურული ნააზრევი, შემოქმედებითი ძიებები და მსოფლმხედველობა ქართველმა მკითხველმაც გაითავისოს და შეაფასოს.

    სულხან-საბა ორბელიანი – 350, საიუბილეო კრებული. რედაქტორი და შემდგენელი, ირმა რატიანი. თბ. “შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი”, 2009.

    საქართველოს ისტორიაში არიან პიროვნებები, რომელთაც საეტაპო როლი შეასრულეს ქართული ცნობიერების, მწერლობისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების განვითარებაში. ერთ-ერთი მათგანია სულხან-საბა ორბელიანი, რომელსაც 2008 წელს დაბადებიდან 350 წელი შეუსრულდა. მართალია, ქვეყნის მასშტაბით ეს თარიღი დიდი ზარ-ზეიმით არ აღნიშნულა, თუმცა შოთა რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტი შეეცადა მწერლისთვის ღირსეული პატივი მიეგო. ეს კრებული ამის ერთ-ერთი დადასტურებაა.
    დიდი ადამიანების ბიოგრაფია და შემოქმედება იმითაცაა დიდი, რომ ამოუწურავ მასალას იძლევა კვლევისა და ძიებისათვის. კრებულში წარმოდგენილ ავტორთაგან თითოეულმა თავისი სულხან-საბა დაინახა, მისთვის საინტერესო თემატიკას ჩაუღრმავდა ავტორის შემოქმედებაში და რიგ შემთხვევაში, ახლებური ხედვა, ზოგან კი – უფრო სიღრმისეული გააზრება შემოგვთავაზა.
    ზაზა ფირალიშვილი, თეიმურაზ დოიაშვილი, ლევან ბრეგაძე, მერაბ ღაღანიძე, როსტომ ჩხეიძე, დარეჯან მენაბდე, გიორგი გაჩეჩილაძე, ლია ბაკურაძე, თინათინ ბოლქვაძე და მალხაზ ხარბედია სულხან-საბას მიკრო და მაკროკოსმოსის მათეულ ხედვას გვთავაზობენ. კრებულს ირმა რატიანის შესავალი წერილი და რჩეული ანოტირებული ბიბლიოგრაფია ერთვის, რაც საშუალებას აძლევს მკითხველს თვალი გადაავლოს ძირითად სამეცნიერო ლიტერატურას და მისთვის სასურველი მასალა შეარჩიოს.

    ალენ პეკარ ლემპერერი, ორელიენ კოლსონი “მოლაპარაკების მეთოდები”. მთარგმნელები: ნატო მაჭარაშვილი, თინათინ ღარიბაშვილი. სამეცნიერო რედაქტორი: ტარიელ სიხარულიძე. რედაქტორი: მანანა მექვაბიშვილი.
    თბ. ”ჯისიაი”, 2009

    კარგ მომლაპარაკებლად კი არ იბადებიან, არამედ ხდებიან – ასეთია წინამდებარე ნაშრომის მთავარი გზავნილი, რომლის ავტორები მოლაპარაკებათა სფეროს გამოცდილი წარმომადგენლები არიან. ალენ ლემპერერი და ორელიენ კოლსონი ეკონომიკურ და კომერციულ მეცნიერებათა უმაღლესი სკოლის (ESSEC) პროფესორები და არაერთი სამეცნიერო ტიტულის მფლობელები არიან. ეს წიგნი მათი და ამ სკოლის გუნდის 10-წლიანი შრომის შედეგია.
    ავტორები მკითხველს საკუთარ მდიდარ გამოცდილებას უზიარებენ და მოლაპარაკების წარმოების ფილოსოფიასა და ტექნიკას აცნობენ. ნაშრომის კვლევის საგანს წარმოადგენს იმ ქმედებების კვლევა და ანალიზი, რომლებსაც ადგილი აქვს მოლაპარაკების პროცესის დაწყებამდე და მისი დასრულების შემდეგ.
    წიგნი ეფუძნება მოლაპარაკების კლასიკურ და თანამედროვე თეორიებს, ასევე ტრენინგებს, დიპლომატიური მისიებისა და აკადემიური საქმიანობისას დაგროვილ უზარმაზარ გამოცდილებას. როგორ მივიღოთ საჭირო დროს სწორი გადაწყვეტილება, მოვაგვაროთ კონფლიქტი და ვმართოთ საკუთარი და მოწინააღმდეგის ემოციები – ამ და ბევრ საინტერესო კითხვაზე პასუხს წინამდებარე წიგნში შეიტყობთ.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“