• ახალი წიგნები

    ახალი წიგნები (დეკემბერი, 2008)

    ფილიპ როთი

    აჩრდილის გაუჩინარება

    Exit Ghost
    Philip Roth

    304გვ, Jonathan Cape

    ალბათ, არც ისე იოლია, 30 წლისა და 9 წიგნის შემდეგ, ერთი ხელის მოსმით გაანადგურო საკუთარი ალტერ ეგო. თუნდაც, ეს ხელის მოსმა ფინალური რომანი იყოს, სადაც შენს საყვარელ გმირს სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს უთვლი. ასეა თუ ისე, თავისი ბოლო რომანის გამოსვლასთან ერთად ფილიპ როთმა განაცხადა, ეს ბოლო წიგნია, რომელიც ნათან ცუკერმანს მივუძღვენიო. წიგნის გმირიც იქ ბრუნდება, საიდანაც თერთმეტწლიანი მოგზაურობა დაიწყო _ მშობლიურ ქალაქში, ნიუ იორკში, ბრუნდება წიგნში, სადაც იგი დაიბადა (”The Ghost Writer”). იკვრება წრე, რომელიც დასასრულის მაუწყებელია. როთის წიგნის სათაური ჰამლეტის პირველი აქტის ცნობილი სცენის მიხედვითაა – მეფის აჩრდილი ჩუმად, მოუსვენრად დახეტიალობს სასახლეში, შვილის შეკითხვებზე პასუხს არ იძლევა და ბოლოს კი უჩინარდება. ”აჩრდილის გაუჩინარების” კითხვის პროცესიც რაღაცით წააგავს ამ სცენას: ჰამლეტის მსგავსად ჩვენც განზე ვდგავართ, ვუყურებთ საყვარელი გმირის წასვლას და არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია.

    ”თუ სკოლა მოგწონდა, ეს საქმე შენთვის ზედგამოჭრილია”

    ირვინ უელში

    If You Liked School, You’ll Love Work
    Irvine Welsh
    391
    გვ, Jonathan Cape

    ”Acid House”-სა და ”Trainspotting”-ის თაყვანისმცემლების შეუძლიათ, გაიხარონ _ ირვინ უელშმა მათ ახალი თავშესაქცევი გაუჩინა. ახალ წიგნს ”თუ სკოლა მოგწონდა, ეს საქმე შენთვის ზედგამოჭრილია” – ჰქვია, მასში ოთხი პატარა მოთხრობა და ერთი ნოველაა შესული. მოთხრობებთან შედარებით, ნოველა ”ფაიფის მეფე” გაცილებით ემოციური, სასაცილო და საინტერესო ტექსტია. ეს არის მეფე ჯეისონის მხიარული თავგადასავალი, მისი წარუმატებელი ცხენოსნობის ისტორია და მაგიდის ფეხბურთის სიყვარული, სახალისო ამბები, რომლებიც ჯეისონს გოთურ ტავერნაში სასმელის წრუპვისას გადახდება თავს. ფაიფი კი ზღაპრული სამეფოა, ზღაპრული წეს-წყობილებებით და უცნაური, თავისებური მონარქით. უელში კვლავ ინარჩუნებს თავის სტილს – თხრობის თავისუფლება და სილაღე, ხმამაღალი და უკომპრომისო პროზა მისი სავიზიტო ბარათია.

    პოლ ტერუ

    სპილოს ლუქსი

    The Elephanta Suite
    by Paul Theroux
    278
    გვ, Hamish Hamilton

    ერთხელ პოლ ტერუმ, მორიგი წუწუნისას, ამერიკელი ავტორები ბუკერს რატომ არ გააკარესო, აღნიშნა: ”ყველაზე მეტად იმ წელიწადმა გამაღიზიანა, როცა ეს პრემია პოლონელმა ქალმა მიიღო, რომელიც ერთ-ერთი აღმოსავლური რელიგიის მიმდევარი მამაკაცის ცოლი იყო და მასთან ერთად ინდოეთში ცხოვრობდა.” ეს პოლონელი ქალი რუთ პროერ ჯაბვალა გახლავთ, და ალბათ მისი და მისი აღმოსავლურ იდეოლოგიების მიმდევარი მეუღლის მიმართ ანტიპათიითაა გამოწვეული, რომ პოლ ტერუ თავის ბოლო წიგნში, სადაც მოქმედებები ინდოეთში ხდება, იქაურების მიმართ ცინიკური, უხეში და ირონიულია. წიგნში ამერიკელის ინდოეთში მოგზაურობაა აღწერილი, ”სპილოს ლუქსი” კი მუმბაის ერთ-ერთი ძვირადღირებული სასტუმროს საუკეთესო ნომრებს ჰქვია. ტერუ ქვეყნიდან ქვეყანაში ხეტიალის გამოცდილებებს თავის ადრეულ ნაწარმოებებშიც გვიზიარებს. მათ შორის მკითხველისათვის ყველაზე ცნობილი ”მოსკიტების სანაპიროა” (”The Mosquito Coast”).


    Ulrike Maria Stuart”
    Elfriede Jelinek

    Ortrud Gutjahr

    ულრიკე მარია სტიუარტი

    ელფრიდე იელინეკი

    ორტრუდ გუთიარი

    167გვ, Königshausen & Neumann

    ელფრიდე იელინეკის პიესის, ”ულრიკე მარია სიტუარტის” სასცენო პრემიერა 2006 წლის 28 ოქტომბერს ჰამბურგში შედგა. ერთი თვის შემდეგ, როდესაც ერთ-ერთ სიმპოზიუმზე რეჟისორის, ნიკოლას შტემანის დადგმული პიესის შესახებ დისკუსია გაიმართა, აღმოჩნდა, რომ პიესის ტექსტი არავის ჰქონდა ხელთ, უფრო მეტიც, არც ერთ გამოცემაში დაბეჭდილი არ იყო. თანდათან მოთხოვნილება ”ულრიკე მარია სიტუარტის” ტექსტზე უფრო და უფრო გაიზარდა და იელინეკმაც რედაქტორთან, ორტრუდ გუთიართან ერთად წიგნის გამოცემა გადაწყვიტა. წიგნში პიესის გარდა სხვადასხვა ნაწყვეტები, ინტერვიუები, მონოლოგებია შესული. იელინეკის პიესებზე დაყრდნობით განხილულია პოსტდრამატული თეატრის თანამედროვე თეორიები. წიგნს ახლავს საინტერსო ილუსტრაციებიც.

    ჩარლზ ნიკოლი

    მდგმური: შექსპირი სილვერ სთრითზე

    “The Lodger: Shakespeare on

    Silver Street


    Charles Nicholl
    378
    გვ,

    Allen Lane

    როგორ ფიქრობთ, შეეძლო თუ არა შექსპირს ახალგაზრდა ოჯახური წყვილის დასაშორებლად სხვადასხვა მაქინაციები მოეფიქრებინა და, როგორც რომანტიკულ კომედიებშია ხოლმე, მზაკვრული ჩანაფიქრისთვის სასულირეო პირს შეეშალა ხელი? ჩარლზ ნიკოლის ახალ წიგნში ინგლისელი დრამატურგის ცხოვრების სახალისო და საინტერესო ეპიზოდებია შერჩეული. ”მდგმური: შექსპირი სილვერ სთრითზე” ერთგვარი ცხოვრებისეული ისტორიაა, რომელიც ავტორმა მწერლური ოსტატობითა და მახვილი იუმორით სასიამოვნო, ოჯახურ კომედიად აქცია. მოქმედება შემდეგნაირია: ლონდონის ჩრდილოეთ მხარეს, შედარებით ღარიბ უბანში, სილვერ და მაგლ სტრიტის ქუჩების გადაკვეთაში დიდი სახლი დგას, სადაც მეტად უცნაური და თავისებური ადამიანები ბინადრობენ. მთავარი გმირები, ქრისტოფერ მაუნთჯოი და მისი მეუღლე – მარი, ფრანგები არიან. სწორედ მათი ბინის ზემოთ, ერთი სართულით მაღლა ცხოვრობს ინგლისელი, სახელად უილიამ შექსპირი.

    პიკასოს ცხოვრება; ტრიუმფალური წლები, 1917-1932”

    ჯონ რიჩარდსონი

    A Life of Picasso, The Triumphant Years, 1917-1932.

    John Richardson.

    592 გვ. Alfred A. Knopf.

    ყველაზე დიდი წარმატების ხანა პიკასოს ცხოვრებაში 1917 წელს დაიწყო, როცა მან კოკტოსთან ერთად ბრძოლის ველად გადაქცეული პარიზი მიატოვა და რომში გადასახლდა. სწორედ აქ, დიაგილევის საბალეტო სტუდიაში, ოლგა ხოხლოვა გაიცნო, მასზე იქორწინა და მეუღლესთან ერთად პარიზში დაბრუნდა. ჯონ რიჩარდსონის სამტომეულის ბოლო ნაწილი პაბლო პიკასოს ცხოვერების 1917-23 წლების შესახებ ისტორიულ კვლევებთან და ამომწურავ დაკვირვებებთან ერთად, სხვადასხვა საინტერესო ფაქტსა და ამბავსაც მოგვითხრობს, თანაც ეს ყველაფერი სადა და მარტივი ენით, თხრობის თავისებური სტილითაა გადმოცემული და მკითხველს კითხვის პროცესი სიამოვნებას ანიჭებს. ჯონ რიჩარდსონი რამდენიმე მემუარული ნაშრომის, ესსეების კრებულისა და ბიოგრაფიის ავტორია. მასვე ეკუთვნის ჟორჟ ბრაკისა და ედუარდ მანეს შესახებ წიგნები.

    © “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ახალი წიგნები

    ახალი წიგნები (დეკემბერი, 2008)

    ილია ჭავჭავაძე 170, საიუბილეო კრებული. რედაქტორი ირმა რატიანი. თბ. შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი 2007.

    ილია ჭავჭავაძის ვინაობასა და სამოღვაწეო საქმიანობის რაობაზე საუბარს არ დავიწყებ, უბრალოდ, შეგახსენებთ, რომ 2007 მისი საიუბილეო წელია ეს წიგნიც ილიას დაბადებიდან 170 წლისთავს ეძღვნება. კრებულში თავმოყრილი პუბლიკაციები კიდევ ერთხელ გაგვახსენებს დიდი ქართველის ცხოვრებასა და შემოქმედებას, მის მსოფლმხედველობას, სამწერლო თუ პუბლიცისტურ ენას, მხატვრულ სახეებს, ეპოქალურ სურათებს. ავტორები – ზაზა აბზიანიძე, თამაზ ვასაძე, მალხაზ ხარბედია, დავით წერედიანი, როსტომ ჩხეიძე და სხვები უკვე 21-ე საუკუნის გადასახედიდან მიგვანიშნებენ ილია ჭავჭავაძის დამსახურებებსა და ღვაწლზე.

    მსოფლიო ლიტერატურა, რჩეული მოთხრობები. შემდგენლები გია მურღულია, ბეგო ბეჟუაშვილი. ტ. 1, 2. თბ. “დია” 2007.

    მსოფლიო ლიტერატურის ორტომეული ლიტერატურის გურმანებს იმ შესანიშნავ დროს გაახსენებს, როცა პირველად ეცნობოდნენ თომას მანს, ცვაიგს, ჰემინგუეის, სელინჯერს, კორტასარს, აკუტაგავას, მათ კი, ვისთვისაც ეს სახელები ჯერ კიდევ ბინდით მოცულია, წინ პირველად წაკითხვის სიამოვნება ელით. წიგნებში მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსების რჩეული მოთხრობებია თავმოყრილი, მკითხველს საშუალება ეძლევა გაეცნოს ყველა დროისა და ეპოქის საუკეთესო პროზის ნიმუშებს. ერთი სიტყვით, ისღა დამრჩენია, ყბადაღებული მოწოდებით მოგმართოთ – გადაიკითხეთ ბუმბერაზი კლასიკოსები. ტომეულებს ძალზე ორიგინალური სტრუქტურა აქვთ და უახლოეს მომავალში სერიის 3-ე, 4-ე და 5-ე ტომიც შეუძლიათ მიიღონ.

    თამარ ბართაია, „პეიზაჟს აკლია სითბო“. მოთხრობები, პიესები. რედაქტორები ია ანთაძე, ანა ჭაბაშვილი. თბ. „დიოგენე“ 2007.

    ალბათ სხვების დღიურები ხშირად წაგიკითხავთ, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ჯერ არ ჩაგვარდნიათ ხელში დღიური, რომლის ავტორიც არ მეტი, არც ნაკლები – კაბა იქნებოდა. თანაც – ფრანგი, კლასიკური მუსიკის მოყვარული, მეოცნებე და ნოსტალგიური. თამარ ბართაიას ნაწარმოებების კრებულში სწორედ ამ კაბას, და კიდევ მრავალ საინტერესო პერსონაჟს შეხვდებით. „პეიზაჟს აკლია სითბო“ ავტორის პირველი წიგნია, და მასში მოთხრობები და პიესებია შესული. თავად თამარ ბართაიას კი ქართველი მკითხველი სხვადასხვა თეატრალური დადგმებისა და სატელევიზიო სცენარების ავტორად იცნობს.

    გურამ ბათიაშვილი, “ჟამი დუმილისა და ჟამი უბნობისა”. რედაქტორები როინ მეტრეველი, ზაზა აბაშიძე. რომანი. თბ. „საარი“ 2007.

    თუ გურამ ბათიაშვილის სამყაროს უკვე იცნობთ, წაგიკითხავთ მისი პიესები („მეათე კაცი“, „ზანქანი ძე მორდეხაისა“, „თუ დაგივიწყო, იერუშალაიმ“) ან გინახავთ სცენაზე დადგმული მისი პიესები, მაშინ ეს პიესა კიდევ ერთხელ დაგაბრუნებთ ამ სამყაროში, ახალ სახეებში ძველ პერონაჟებსაც ამოიცნობთ და გაიხსენებთ საქართველოში ებრაელების ყოფას შორეული წარსულიდან დღემდე. თუ არა და, წინ მეტად საინტერესო და სასიამოვნო პროცესი გელით – „ჟამი დუმილისა და ჟამი უბნობისა“ განსხვავებული ხელწერის, თავისებური სტილისა და მსოფლმხედველობის ავტორის მქონე კიდევ ერთი წიგნია.

    ჰეროდოტე, „ისტორია“. მთარგმნელი თინათინ ყაუხჩიშვილი. რედაქტორი ნელი ელიზბარაშვილი. თბ. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა 2007.

    ჰეროდოტე ანტიკური ეპოქის ცნობილი ისტორიკოსია. წინამდებარე ნაშრომში იგი თავისი მოგზაურობის გამოცდილებებსა და შთაბეჭდილებებს გვიზიარებს. „ისტორიის მამამთავარმა“ თითქმის მთელი შავიზღვისპირეთი, საბერძნეთი, სამხრეთ იტალია, სიცილია, სკვითების მხარე, ეგვიპტე და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები მოიარა, აკვირდებოდა დასავლურ და აღმოსავლურ ცივილიზაციებს, მათს ურთიერთდაპირისპირებას, რაც შემდგომ თავის ნაშრომში აღწერა. „ისტორიის“ მთავარი თემაც სწორედ ბერძენ-სპარსელთა ომებია. წიგნში თავმოყრილი ისტორიული ფაქტები და მათი ანალიზი მკითხველს უკეთ გააცნობს ანტიკურ სამყაროს.

    მხატვრული თარგმანის მასტერკლასი. პროექტის ხელმძღვანელი ვახუშტი კოტეტიშვილი, რედაქტორი ანა ჭაბაშვილი. თბ. „დიოგენე“, „ახალი თარგმანები“ 2007.

    თუ მხატვრული თარგმანის შემოქმედებითი დაოსტატების სახელოსნოს გარეთ დარჩით, გული ნუ დაგწყდებათ – მხატვრული თარგმანის მასტერკლასი ვახუშტი კოტეტიშვილის ხელმძღვანელობით უკვე წიგნის მაღაზიების თაროებზეა. თარგმანის რაობა და სახეობები, რითმის წარმოშობა და მისი განვითარების გზები, ლექსის საზომი, სემანტიკური შესაბამისობა, ერთი სიტყვით – თარგმანის, როგორც საშემსრულებლო ხელოვნების თეორიას ახლა უკვე თქვენც შეგიძლიათ ეზიაროთ. წიგნში ასევე შესულია სხვადასხვა ავტორების (მარინა ცვეტაევა, ეზრა პაუნდი, ენ სექსტონი, ფრანც კაფკა, ჯიბრან ხალილ ჯიბრანი) სხვადასხვა ენიდან შესრულებული ქართული თარგმანების ნიმუშები.

    (c) „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • ახალი წიგნები

    ახალი წიგნები (იანვარი, 2009)

    ანკა ვისდეი, „მუდამ ერთად“. (პიესები). მთარგმნელები გიორგი ეკიზაშვილი, ქეთი კვანტალიანი, გურანდა დათაშვილი. თბ. „აგორა“ 2008.

    ანკა ვისდეი 30-მდე პიესის ავტორია. წარმოშობით რუმინელი, შვეიცარიელი ავტორი ამჟამად პარიზში ცხოვრობს, მისი პესები კი წარმატებით იდგემა ევროპის სხვადასხვა ქვეყნის თეატრების სცენაზე. ამჯერად ქართველ მკითხველს საშუალება ეძლევა, გაეცნოს მის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ ნაწარმოებს – „მუდამ ერთად“ უკვე არაერთ ენაზეა თარგმნილი და დრამატურგსაც ჟორჟ ულმონის სახელობის პრემია მოუტანა. გახლეჩილი ოჯახი, ერთმანეთისგან შორს მყოფი უახლოესი ადამიანები, დროში გაწელილი სიმარტოვე და მუდმივი სწრაფვა ერთმანეთისკენ, ტკივილი და სიხარული – ანკა ვისდეის ტექსტებში ერთი მეორეს ჰარმონიულად ერწყმის. წიგნში ასევე წაიკითხავთ ვისდეის სხვა პიესებსაც – „კლასის ფოტოსა“ და „დონა ჟუანას“.

    ჯეიმს ჯოისი, „დუბლინელები“. (მოთხრობები). მთარგმნელი ლია იმერლიშვილი. თბ. „სიესტა“ 2008.

    მეოცე საუკუნის ადრეული წლების ირლანდიური ქალაქის ცხოვრება, ადამიანები ქალაქში – უბედურებებითა და ბედნიერებებით, ტკივილითა და სიხარულით, საშუალო სოციალური ფენის უფერული ყოველდღიურობა და მასთან დოზირებული ადამიანური ემოციები – ეს ჯეიმს ჯოისის მოთხრობებია, სიმარტივით, დახვეწილობითა და დამახასიათებელი განწყობით შექმნილი ტექსტები. კრებული „დუბლინელები“ მწერლის თხუთმეტი მოთხრობისაგან („დები“, „ეველინი“, „არაბეთი,“ „უბედური შემთხვევა“, „ავტორბოლის შემდეგ“, „მიცვალებულნი…“) შედგება, წიგნის ახალი ქართული თარგმანი კი ლიტერატურის გურმანებისათვის ნამდვილი საჩუქარია.


    ჯემალ ქარჩხაძე, “მდგმური”. (რომანი). რედაქტორი ლეილა ბერიაშვილი. თბ. „ქარჩხაძის გამომცემლობა“ 2008.

    მიზანი მაცდურია – სანამ მიაღწევთ, თქვენი გგონიათ, როცა მიაღწევთ, მაშინღა მიხვდებით, რომ სხვისი ყოფილა… სხვისი მიზნები, რომლებიც თითქოს შენია, სხვისი ქალაქი, რომლის ქუჩებშიც ისე დააბიჯებ, თითქოს შენი იყოს, სხვისი სახლი, სადაც საკუთარ ნივთებთან ერთად ცხოვრობ, სხვა ადამიანები, სხვა საგნები… ადამიანები საკუთარი ცხოვრებით და სხვისი მიზნებით – ჯემალ ქარჩხაძის რომანის, „მდგმურის“ ახალი გამოცემა მკითხველს კიდევ ერთხელ გაახსენებს საყვარელი მწერლის ნაცნობ პერსონაჟებსა და მათს თავგადასავლებს.

    ენტონი დ. სმითი, „ნაციონალური იდენტობა“. მთარგმნელი ლელა პატარიძე. რედატორი რუსუდან მახათაძე. თბ. “ლოგოს პრესი” 2008.

    დღევანდელ მსოფლიოში ნაციონალიზმის მოზღვავებამ ნაციონალური ფენომენის სფეროს მიმოხილვისა და კვლევის აუცილებლობა წამოჭრა, ენტონი დ. სმითის წიგნიც სწორედ ამ განხრით შექმნილი ერთ-ერთი საინტერესო ნაშრომია. “ნაციონალური იდენტობა” საკითხს ისტორიული სოციოლოგიის კუთხით განიხილავს, და მკითხველსაც საშუალება ეძლევა პასუხები მიიღოს არაერთ საკამათო და დაუზუსტებელ თემაზე. ნაციონალური იდენტობის ეთნიკური საფუძველი, ნაციების აღმოცენება, სეპარატიზმი და მულტინაციონალიზმი, გეოპოლიტიკა და ნაციონალური კაპიტალიზმი – ეს ის საკითხებია, რომლებიც არა მხოლოდ სოციოლოგიით დაინტერესებული მკითხველის ყურადღებას იპყრობს, არამედ ზოგადად ფართო აუდიტორიისაც.

    ლუი ფერდინან სელინი, „მოგზაურობა ღამის დასალიერში“. (რომანი). მთარგმნელი სიბილა გელაძე. რედაქტორი დალი გერმანიშვილი. თბ. „თსუ გამომცემლობა“ 2008.

    ომის თემატიკაზე მსოფლიო ლიტერატურის არაერთი ნიმუში შექიმნა, თითოეული მათგანი – სიმძაფრის დამახასიათებელი გამოხატულებით, მოვლენების აღქმის სხვადასხვა რაკურსით, ავტორისეული განსაკუთრებული ხედვით. ფრანგი მწერლის, ლუი ფერდინან სელინის რომანიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწარმოებია, რომელიც პირველი მსოფლიო ომისდროინდელ ვითარებას, ბრძოლის ველსა და მის მიღმა განვითარებულ მოვლენებს გვიხატავს, მისი პერსონაჟები ომის ეპოქაში ცხოვრობენ და ეპოქის გავლენებსა და დაძაბულობასაც თან ატარებენ. „მოგზაურობა ღამის დასალიერში“ რომანის პირველი ქართული თარგმანია.

    ნიკა ჯორჯანელი, “სუნთქვა ხუთვისას”. (ლექსები). თბ. “დიოგენე” 2008.

    პოეზიის მოყვარულებისათვის ნიკა ჯორჯანელის სახელი უცხო ნამდვილად არ არის. მკითხველი მას უკვე იცნობს პოეტური კრებულით “განცდა ხავერდისაგან”. ამჯერად კი, პოეტის კიდევ ერთი წიგნი გვაქვს ხელთ – “სუნთქვა ხუთვისას” მისი ახალი კრებულია და აქ წარმოდგენილია 2004-2008 წელში დაწერილი ლექსები (“ღამის აკორდები ზღვისპირეთში, “ “სტანსები სამშობლოს”, “ჰიმნი ვარდისფერ სათვალეს”, “ სამხრეთული ელეგიები”, “თოვლის მატარებელი”…) ორიგინალური ფორმა-შინაარსი, დამახასიათებელი ხელწერა, გამორჩეული სტილი და ხმა – ეს ყველაფერი მკითხველს ნიკა ჯორჯანელის პოეტურ კრებულში ელოდება.

    © “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი”

  • ახალი წიგნები

    ახალი წიგნები (ნოემბერი, 2007)


    პიტერ აკროიდი
    “ტემზა: წმინდა მდინარე”
    Peter Ackroyd
    “Thames: Sacred River”490 გვ. Chatto & Windus


    ლონდონში ძალიან ცოტა ადგილია დარჩენილი, სადაც ძველი ქალაქის ნამდვილი ხმის მოსმენა შეიძლება. ერთ-ერთი ასეთი ადგილი ტემზაა. საკმარისია, იქირაოთ ნავი და სანაპიროდან გრინვიჩისაკენ დაუყვეთ – დაუვიწყარი ამბების, ისტორიებისა და თავგადასავლების თანამონაწილე გახდებით, მოისმენთ უძველეს სახალისო ისტორიებს, რომლებიც დღემდე მენავეებს შორის მამებიდან შვილებს გადაეცემათ. სწორედ ეს მარშრუტი გაიარა აკროიდმაც იმისთვის, რომ დაეწერა “ტემზა: წმინდა მდინარე” – დიკენსის, ელიოტის, ბლეიკის ბიოგრაფიების მერე მან არც მეტი, არც ნაკლები – მდინარის, როგორც პერსონაჟის, ბიოგრაფია შექმნა. “ტემზა ყველაზე ძველია, რაც კი ლონდონს შემორჩა, და ის არასოდეს იცვლება. იოლი შესაძლებელია, მასში იურული პერიოდის რეპტილიებს ჰქონდეთ ზურგი გასველებული, ან, სულაც, არქიმედეს აბაზანაც ტემზას წყლით ყოფილიყო სავსე”, – ამბობს მწერალი.

    ვაცლავ ჰაველი
    “ციხესიმაგრისკენ და უკან”
    მთარგმ. პოლ უილსონი
    Vaclav Havel
    “To the Castle and Back”
    Translated by Paul Wilson.
    383გვ. Alfred A. Knopf

    ჩეხეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი, ასევე ცნობილი დრამატურგი და ნოველისტი, ვაცლავ ჰაველი, სამწერლო საქმიანობას განაგრძობს – ამჯერად მისი ბოლო წიგნი ავტობიოგრაფიულ ელემენტებს მოიცავს და მასში ფრაგმენტულადაა აღწერილი ევროპის შუაგულში მიმდინარე ყველა ის მოვლენა, რომელთა განვითარებაშიც ყოფილ პატიმარს, დისიდენტს, შემდგომში კი მშვიდობიანი სახელმწიფო გადატრიალების ლიდერსა და ქვეყნის პრეზიდენტს მონაწილეობა აქვს მიღებული. ინგლისური გამოცემის წინასიტყვაობაში ჰაველი გვირჩევს, არ წავიკითხოთ წიგნი და ამით თავი ავარიდოთ ყველა იმ დამთრგუნველი და უარყოფითი მოვლენის გახსენებას, რომელთაც წიგნის ავტორმა თავის დროზე ვერ აარიდა თავი. თუმცა კი, რასაკვირველია, ასეთ დროს ჰაველს არ უნდა დავუჯეროთ.

    “იწვოდე ნათელში”
    ტრეისი შევალიე
    “Burning Bright“
    Tracy Chevalier
    400გვ. HarperCollins

    ქელევეის ოჯახი სახცოვრებლად ლონდონში გადადის. ოჯახის ახალგაზრდა წევრი – ქერა, ლამაზი, საკუთარ თავზე შეყვარებული ჯემ ქელევეი აბსოლუტურად საპირისპირო ხასიათისა და გარეგნობის თანატოლს – შავგვრემან, ღარიბ და გარშემომყოფთა შორის გათქვეფილ გოგონას – მეგი ბათერფილდს გაიცნობს და მალე მათი ნაცნობობა სასიყვარულო თავგადასავალში გადაიზრდება. ახალგაზრდა წყვილის ურთიერთობა მეტად უცნაური მეზობლების, ექსცენტრული მხატვრისა და მისი მეუღლის უჩვეულო ყოველდღიურობის გასწვრივ ვითარდება, და ეს მხატვარი, არც მეტი, არც – ნაკლები, უილიამ ბლეიქია. სწორედ მისი პოტური შემოქმედება გახდა მწერლის ახალი წიგნის შთაგონების წყარო. ტრეისი შევალიე ისტორიული რომანით – “გოგონა მარგალიტის საყურით” – გახდა პოპულარული, რომელიც ფლანდრიელი მხატვრის, იან ვერმეერის, ამავე სახელწოდების ტილოს მიხედვით შეიქმნა.


    “კონან დოილი: ადამიანი, რომელმაც შერლოკ ჰოლმსი შექმნა”
    ენდრიუ ლისეტი
    “Conan Doyle: The Man Who Created Sherlock Holmes“

    Andrew Lycett
    525გვ. Weidenfeld & Nicolson

    თუ შერლოკ ჰოლმსი ცივი გონებითა და მკაცრად გათვლილი რაციონალურობით გამოირჩეოდა, თავისი პერსონაჟისგან განსხვავებით არტურ კონან დოილი ემოციური, ცხოვრებისეული სირთულეებით გაბეზრებული და არაორდინალური პიროვნება იყო. ენდრიუ ლისეტის ბიოგრაფიულ ნაშრომში მწერლის ცხოვრების საინტერესო დეტალები და მისი სულიერი მდგომარეობაა ასახული – არეული ოჯახი, ავადმყოფი მეუღლე, რელიგიური გატაცებები. თუ აქამდე კონან დოილს ფართო აუდიტორია უპირატესად შერლოკ ჰოლმსის თავგადასავლების ავტორად იცნობდა, ლისეტის წიგნი მკითხველს მისი ისტორიული რომანების შესახებაც შეახსენებს, რომლებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია ყველასათვის საყვარელი მწერლის კიდევ უფრო ახლოს გასაცნობად. კონან დოილის გარდა ენდრიუ ლისეტი რედიარდ კიპლინგის, იან ფლემინგისა და დილან ტომასის ბიოგრაფიების ავტორია.

    “ბინდისა და სიბნელის განთიადი”
    იასმინა რეზა
    L’aube le soir ou la nuit
    Yasmina Reza
    189 გვ. Flammarion

    თითქოს არაფერით გამორჩეული არ უნდა იყოს დიდებისა და ძალაუფლებისათვის მებრძოლი მორიგი ადამიანის გზა, არც მისი პორტრეტი უნდა განსხვავდებოდეს დიდად სხვა წინამორბედთაგან – როგორც წესი, ერთი და იმავე მიზნისაკენ სწრაფვა ადამიანებს კიდევ უფრო ამსგავსებს ერთმანეთს. თუმცა, სხვა საქმეა, როცა მოვლენების განვითარებას მწერალი აკვირდება და მერე ამ ყველაფერს მხატვრულ ნაწარმოებად, ორიგინალურ ტექსტად აქცევს – მისი პერსონაჟი ინდივიდუალობას იძენს და უკვე თვითმყოფადი, საინტერესო ხდება – ფრანგი დრამატურგისა და ნოველისტის, იასმინ რეზას ახალი წიგნი “ბინდისა და სიბნელის განთიადი“ საფრანგეთის პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ცხოვრებისა და მოღვაწეობის გზას აღწერს.

    “მოდი, წავდეთ.“
    არნოლდ შტადლერი
    „Komm, gehen wir“.
    Arnold Stadler
    360 გვ. Fischer

    იტალიის პატარა ქალაქში ჯიმი წინაპრების მოსაძებნად ჩავიდა, როზმარი და როლანდი კი აქ თაფლობის თვეს ატარებენ. საქორწინო მოგზაურობის ბოლო დღეს წყვილს შემთხვევით სანაპიროზე მოხეტიალე უცნობი ახალგაზრდა გადაეყრება, და ეს შეხვედრა სამივესთვის ახალი ცხოვრების დასაწყისი ხდება. ერთი ღამე საკმარისი აღმოჩნდა სასიყვარულო სამკუთხედის შესაკრავად, სრულიად უცნობი ადამიანების ცხოვრების გადასაკვეთად და ბედნიერება-უბედურების სამთა შორის ხელახლა გადასანაწილებლად. „მოდი, წავიდეთ“ გერმანელი მწერლის, არნოლდ შტადლერის, ბოლო რომანია. შტადლერი 1999 წლის ბიუხნერის პრემიის ლაურეატია და დღემდე ის 20-მდე რომანის, მოთხრობებისა და ესეების კრებულის ავტორია.

    (c) „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი”

  • ახალი წიგნები

    ახალი წიგნები (ნოემბერი, 2007)

    ლეო ქიაჩელი, “ჰაკი აძბა”. (ყველა დროის საუკეთესი ქართული მცირე რომანი). თბ. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა 2007.

    როცა ირგვლივ რევოლუციის აჩრდილი დაძრწის, სამოქალაქო ომი არ ცხრება და საზღვაო ქალაქი კრეისერების შიშით თრთის, მსხვერპლი გარდაუვალია – იმის გარდა, რომ ადამიანები იღუპებიან, იცვლება ფასეულობები, კითხვის ნიშანი ჩნდება ისეთი ცნებების გვერდით, როგორიცაა ზნეობა, მეგობრობა, თანადგომა… მერე ამ კითხვისნიშნებს პასუხებიც სხვადასხვანაირი გაეცემა ხოლმე და ხშირად ისეც ხდება, რომ უსამართლობა და გაუტანლობა ზეიმობს. 1918 წლის სოხუმი, კრეისერ “შმიდტი” სანაპიროზე, საყოველთაო შიშით გაჯერებული საზოგადოება და ახალგაზრდების სისხლი – ამ ყველაფრის მსხვერპლად. ლეო ქიაჩელის მცირე რომანის ახალი გამოცემა კიდევ ერთხელ გაგვახსენებს აფხაზი თავადის – უჯუშ ემხასა და მისი ძიძიშვილის, ჰაკი აძბას, ტრაგიკულ ამბავს.

    ცისფერყანწელები, “ასი ლექსი”. შემდგენელი მაია ჯალიაშვილი. თბ. “ინტელექტი” 2007.

    თუ მოგენატრათ ავზნიან ქალაქში მოხეტიალე რაინდების აჩრდილები და ცხენზე ამხედრებული ანგელოზები, თუ ვერაფრით ივიწყებთ მარცვლებად და რითმებად დალაგებულ ავტორპორტრეტებს, ან თუ უბრალოდ აღარ გყოფნით შემოდგომის ცის მკრთალი ფერი და მეტი სილურჯე მოგენატრათ, მაშინ “100 ლექსი” ნამდვილი სიურპრიზია თქვენთვის. წიგნში ცისფერყანწელების რჩეული ნაწარმოებებია თავმოყრილი – გრიგოლ რობაქიძე, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, სანდრო ცირეკიძე, გიორგი ლეონიძე, კოლაუ ნადირაძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, ნიკოლო მიწიშვილი და სხვები, რომლებმაც ქართულ ლიტერატურაში თავიანთი ეპოქა შექმნეს – ახლა უკვე მათი შემოქმედება ერთ წიგნად არის შეკრული.

    ირაკლი მახარაძე, “გურული მხედრები ამერიკაში”. უცნობი გურული მხედრის ჩანაწერები, „ერთხელ ამერიკაში“. თბ. „არეტე“ 2007.

    ალბათ აქამდეც გსმენიათ საზღვარგარეთ გაჯირითებული გურული მხედრების შესახებ – ოკეანის გაღმა-გამოღმა იქაურ ცხენოსნებს რომ აკვირვებდნენ, სხვადასხვა შოუებსა და წარმოდგენებში იღებდნენ მონაწილეობას, და ხანდახან, ალბათ, თვითონაც უკვირდათ თავიათნი წარმატების. ირაკლი მახარაძის წიგნში „გურული მხედრები ამერიკაში“ ერთადაა თავმოყრილი მოჯირითეების საოცარი ამბები და თავგადასავლები, რომლებსაც თან ერთვის უნიკალური ფოტომასალა ამერიკა-საქართველოს არქივებიდან. აქვეა პატარა ბროშურაც, სადაც უცნობი გურული მხედრის თავგადასავლები მისივე დღიურის სახითაა შემონახული.

    დაი სიჟი, “ბალზაკი და ჩინელი მკერავი გოგონა”. (რომანი). მთარგმნელი დალი იაშვილი. რედაქტორი გია დარსალია. თბ. “არეტე” 2007.

    “ინტელექტუალური ბურჟუების’’ – სტუდენტების ხელახალი აღზრდისა და მათი “ღარიბ გლეხებად” ჩამოყალიბების მიზნით კულტურულმა რევოლუციამ ორი მეგობარი ჩინეთის მიყრუებული სოფლისკენ მოისროლა. სოფელში ბიჭები მოწყვეტილი აღმოჩნდნენ ცივილიზაციის ყოველგვარ ნიშანწყალს და ვერც კი იფიქრებდნენ, რომ ერთ-ერთი ღარიბი მკერავი გოგონას სახლში დასავლური ლიტერატურის საკმაოდ დიდ კოლექციას აღმოაჩენდნენ… “ბალზაკი და ჩინელი მკერავი გოგონა” ფრანგულენოვანი ჩინელი მწერლის, დაი სიჟის პირველი რომანია, რომელიც მალევე ბესტსელერი გახდა და არაერთი ლიტერატურული პრემია მოიპოვა. დაი სიჟი ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს.

    მორის მერლო-პონტი, “თვალი და გონება”. მთარგმნელი დოდო ლაბუჩიძე-ხოფერია. თბ. “აგორა” 2007.

    სად გადის გამყოფი ხაზი სუბიექტსა და ობიექტს შორის, ან არსებობს თუ არა საერთოდ მათ შორის ზღვარი, რამდენად მყარია ჩვენ მიერ აღქმულისა და სინამდვილის კავშირი, ან კიდევ რამ შეიძლება დაარღვიოს ეს კავშირები… “თვალი და გონება” ფრანგი ფილოსოფოსის, მორის მერლო-პონტის ბოლო დასრულებული ნაშრომია. წიგნი ერთგვარი მედიტაციაა მხატვრებსა და მხატვრობაზე, აღქმის ფენომენურობაზე, ხილვის მაგიურ თეორიებსა თუ უხილავ სამყაროზე. “თვალი და გონება” მერლო-პონტის პირველი ნაწარმოებია, რომელიც ქართულ ენაზე ითარგმნა და იგი მხატვრობით, ზოგადად, ხელოვნებითა და ფილოსოფიით გატაცებულ მკითხველებს დააინტერესებს.

    “სემიოტიკა”, სამეცნიერო ჟურნალი. მთ. რედაქტორი ცირა ბარბაქაძე. თბ. “ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა”, 2007.

    საქართველოში სემიოტიკის კვლევის ცენტრი ერთი წლის წინ დაფუძნდა და მას შემდეგ ინტენსიურად განაგრძობს მუშაობას. ამის ერთ-ერთი დასტურია წინამდებარე სამეცნიერო ჟურნალიც, რომელშიც ნიშნებისა და სიმბოლოების ურთიერთმიმართებით დაინტერესებული მკითხველი არაერთ საინტერესო მასალას გაეცნობა – პოეზიისა და რითმის სემიოტიკა, პოლიტიკური მეტაფორები, სხვადასხვა კონტექსტები თუ ინტერპრეტაციები… ქართველი ავტორების ნაშრომებთან ერთად ჟურნალში წაიკითხავთ რომან იაკობსონის, იური ლოტმანისა და სხვა სემიოლოგთა პუბლიცაკიების თარგმანებს.

    © “ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი”

  • ახალი წიგნები

    ახალი წიგნები (2005)

    ამელი ნოთომბი, “საკუთარ სახელთა წიგნი”
    The Book of Proper Names

    By Amelie Nothomb
    Faber, 126 გვ.

    ყველა ბავშვი განსაკუთრებულია. პრობლემები მაშინ იწყება, როცა მშობლები თვლიან, რომ მათი შვილი გამორჩეულია, უნიკალური, განსაკუთრებული მონაცემებით დაჯილდოებული, შვილს ფსევდოდიდების კვარცხლბეკს უგებენ და იმაზე აღარ ფიქრობენ, თუ რა სავალალო შედეგით შეიძლება დამთავრდეს მათი ახირება. მერე ხშირად ხდება ისე, რომ იზოლირებულ, მიმზიდველ გარემოში გაზრდილი ბავშვები ვეღარ ეგუებიან რეალურ სამყაროს და მშობელთა მიერ აგებული კვარცხლბეკიც ფეხქვეშ ემსხვრევათ. ამელი ნოთომბის გმირ ქალს პლექტრუდი ჰქვია, ეს უცნაური სახელი ცრუმორწმუნე დედამ საგანგებოდ შეარჩია ახალშობილისთვის. თუმცა, როგორც ციხის ზედამხედველი ამბობს, სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის სულაც არ არის აუცილებელი ბავშვს უცნაური სახელი ერქვას. სახელს რა მნიშვნელობა აქვს? შეიძლება მერი გერქვას და გამორჩეული იყო. არა, – ამბობს დედა, – ეს სახელი მისი მფარველი იქნება, ჩემი შვილი ძლიერი გამოვა და შეძლებს დაიცვას საკუთარი თავი. ციხის ზედამხედველს ახალშობილთან რა ხელი აქვს? – ალბათ იკითხავთ. გიპასუხებთ: პლექტრუდის დედა ციხეში ზის; მან ფეხმძიმობის დროს თავისი შვილის მამა მოკლა, მერე კი, როცა ბავშვი დაიბადა, თავი ჩამოიხრჩო. პლექტრუდი დეიდა კლემენსმა იშვილა. ის ძალიან უფრთხილდებოდა თავისი დის ხსოვნას, რაღა თქმა უნდა, ოჯახურ ტრაგედიაზე კრინტი არ დაუძრავს, დისშვილს განსაკუთრებით უვლიდა, ზღაპრული პრინცესასავით აცხოვრებდა… მაგრამ ვერც დეიდამ და ვერც უცნაურმა სახელმა ვერ შეძლო გოგონას დაცვა ყოველდღიური პრობლემებისაგან. პირველი იმედგაცრუება სკოლის პერიოდში ჰქონდა. თანაკლასელებისაგან გარიყული აღმოჩნდა. მაგრამ მალე თავისი გზა იპოვა, საბალეტო სკოლაში ისე გამოიჩინა თავი, რომ ყველა მასზე ალაპარაკდა. პლექტრუდს ცნობილი ვარსკვლავის – ანა პავლოვას მომავალი უწინასწარმეტყველეს. დეიდა კლემენსი აღტყინებას ვერ მალავდა. დისშვილი მის ერთადერთ იმედად იქცა, თავის დროზე ხომ კლემენსს საბალეტო სკოლაში მიღებაზე უთხრეს უარი და ერთადერთი ოცნება დაუმსხვრიეს. თითქოს ყველაფერი კარგადააა, მაგრამ…
    ნოთომბის რომანები, რომლებიც დღეს უკვე ბესტსელერებადაა ქცეული საფრანგეთში, მძაფრი სატირით გამოირჩევა. მწერალი უკიდურესი დრამატიზმით აღწერს საბალეტო სკოლის მოსწავლე გოგონების ცხოვრებას; ისინი შიმშილობენ, იტანჯებიან და, რაც ყველაზე სამწუხაროა, წონის დაკარგვასთან ერთად გრძნობებსაც კარგავენ. ტრაგედია მოახლოებულია. პლექტრუდს კალციუმის ნაკლებობა აქვს, ამას ფეხის მოტეხილობაც დაემატება და კიდევ ექიმების დაუნდობელი დასკვნა: გოგონა ვეღარასოდეს ვეღარ იცეკვებს. ესეც ნოთომბის შავი იუმორი – ბავშვი, რომელიც მეფის ასულივით იზრდებოდა, მწვავე იმედგაცრუების მსხვერპლი აღმოჩნდება.
    არანაკლებ შემზარავია ფინალი – დეიდა კლემენსი, რომელიც ღვიძლი შვილივით ზრდის პლექტრუდს, უცებ ბოროტ ჯადოქრად მოგვევლინება. პლექტრუდი მისთვის სიყმაწვილის ოცნებების ასრულების ერთადერთი იმედია და როცა მიხვდება, რომ ხელიდან ეცლება ეს ბოლო იმედიც, პლექტრუდის მიმართ ეგოისტური სიყვარული სიძულვილად გადაექცევა. დეიდა გოგონას მისი დაბადების საზარელ საიდუმლოს გაუმხელს, თუმცა ბოლო მაინც კეთილია. პლექტრუდი ბოროტ ჯადოქარს თავს დააღწევს და სიყვარულსაც იპოვის. “ჭირი იქა, ლხინი აქა…”

    ჯონ აპდაიკი, “სოფლები”
    Villages

    By John Updike
    Viking, 320 გვ.

    60-იანი წლებში, როცა ჯონ აპდაიკის “წყვილები” გამოქვეყნდა, მწერალს არც კი უფიქრია, რომ ამას დიდი მღელვარება მოჰყვებოდა. “სოფლები” აპდაიკის 21-ე რომანია და ერთგვარად “წყვილების” განწყობასაც ეხმიანება.
    რომანის მთავარი გმირი ოუენ მაკენზი – კომპიუტერული პროგრამების ყოფილი დიზაინერი, მასაჩუსეტსის შტატში ცხოვრობს. ნაწარმოები მაკენზის ერთი ჩვეულებრივი დილის აღწერით იწყება: მაკენზის ეღვიძება, სიზმარს იხსენებს და ა.შ. ანუ მოქმედება აწმყოში მიმდინარეობს, მაგრამ სრულიად მოულოდნელად სადღაც მეცხრე გვერდზე, იმის მაგივრად, რომ მწერალმა დიზაინერის რუტინულ ყოფაში რამე ინტრიგა ჩახლართოს, მას მკითხველი ჩვეული ოსტატობით გადაჰყავს წარსულში. ამგვარად აღმოვჩნდებით პენსილვანიაში, იქ, სადაც ოუენი დაიბადა და ოუენის სულის სიღრმეებშიც ჩავიხედავთ. აპდაიკის გმირის ცხოვრება მართლაც რომ გამონაკლისია. ოუენი განსხვავებული ბავშვია, გამორჩეულად მგრძნობიარე და მშფოთვარე. უცნაურობებიც მრავლად ახასიათებს. ყველაფრის ეშინია, წყლის, სიმაღლის, ობობების, სიბნელის, სარეცხი მანქანისაც კი.
    ამ შიშსა და მღელვარებას ვერ იცილებს ვერც მეგობრების წრეში და ვერც ქალებთან ურთიერთობისას. გამუდმებით რაღაც ეჩვენება, გამუდმებით რაღაც საზარელი ხმები ესმის… მის შიშს ვერაფერი აქარწყლებს, – ვერც წარმატებული კარიერა, ვერც ქალები… ფაქტობრივად რომანი ოუენის სექსუალური ოდისეაა, რომელსაც ახლავს ქალთა შთამბეჭდავი კატალოგი, გარეგნული და ფიზიოლოგიური მონაცემებით. აპდაიკის გმირისთვის ქალები ორ კატეგორიად იყოფიან: ერთნი, რომლებთანაც მას სქესობრივი კავშირი ჰქონია და მეორენი, რომლებთანაც არ ჰქონია. საინტერესო დეფინიციაა, არა?! ნიშანდობლივია ისიც, რომ ოუენის ერთ-ერთი საყვარელი მას სექსიზმში ადანაშაულებს. ოუენი ქალთან კამათში უკან იხევს და თავის “მოძველებულ” შეხედულებებს ბავშვობაში გამოტანილ დასკვნებს აბრალებს. თუმცა ამას ხმამაღლა ამბობს, გულის სიღრმეში კი დარწმუნებულია, რომ ქალები მამაკაცებზე ბევრად უფრო გამბედავები არიან.

    დერეკ უოლკოტი, “უძღები შვილი”
    The Prodigal

    By Derek Walcott
    Faber, 112 გვ.

    დერეკ უოლკოტის ახალი ეპიკური პოემის დასასრულს ასეთი დიალოგი იმართება. “თქვენ არ გინახავთ პარიზი? აუცილებლად უნდა ნახოთ. რატომ? ის თქვენს ცხოვრებას შეცვლის.” “მე მომწონს ჩემი ცხოვრება.” “თქვენ ფიქრობთ, რომ აქ ყველაფერია?” “ჩემთვის კი…”…
    ეს დიალოგი ხანგრძლივი მოგზაურობის დამაგვირგვინებელია, დიდი განსჯისა და გააზრების შედეგი. ეს “აქ” – სენტ-ლუსიაა, უოლკოტის დაბადების ადგილი. აქ ცხოვრება მას ნებისმიერი მდიდრული ქალაქის ფუფუნებას ურჩევნია.
    ბევრი უმოგზაურია, ბევრი რამ გადახდენია, ბევრი რამ უნახავს პოეტს, რა თქმა უნდა, ბევრი ცუდიც (აქეთ-იქით ხეტიალი განსაკუთრებით 1992 წლიდან, ნობელის პრემიის მიღების შემდეგ დასჩემდა), მაგრამ უოლკოტის მძაფრი ოპტიმისტური განწყობა უიმედობისა და განწირულობის ყველა განცდას აბათილებს. “ბედნიერი იყავი!” – მიმართავს საკუთარ თავს, – “აი, შენ აქ ხარ, 75 წლისა მოიყარე, გონება ისევ გიჭრის”. თუმცა დროდადრო მაინც შემოაწვება ხოლმე ნაღველი: ძირითადად ეს არის წუხილი ნაადრევად დაღუპული ტყუპისცალის, როდის, იოსიფ ბროდსკისა და სხვა მეგობრების გარდაცვალების გამო. და მაინც, უოლკოტის პოეტური აღსარება არ არის გოდება წარსულზე, ეს უფრო ღვთის მიერ მონიჭებული სიცოცხლის სამადლობელია.
    ეპიკურ პოემაში მოქმედება პენსილვანიაში იწყება – მატარებელში. ლექსის რიტმი თითქოს მატარებლის ბორბლების რიტმს მიჰყვება. ლამის ნახევარ მსოფლიოს შემოივლის პოეტი: პესკარა, გენუა, მილანი, რიმინი, კართაგენი, გვადალახარა… თხრობა ხან პირველ პირშია, ხან მესამეში. მოგზაურობას არც კონკრეტული მიზანი აქვს და არც დანიშნულების ადგილი. დროდადრო მოგზაური სადმე კაფეში ან რომელიმე ხელოვნების მუზეუმში ჩერდება ხოლმე, ასეთი ადგილები ხომ უძღებ შვილთა კარგი თავშესაფარია.
    ცნობილ ეპიკურ პოემაში – “ომეროსი” (1990) უოლკოტმა აქილევსი და ფილოქტეტე ადგილობრივ მეთევზეებად აქცია და მათი ცხოვრება დაგვიხატა. “უძღები შვილის” თხრობა “ომეროსული” ინერციით არ არის დამუხტული, თუმცა ძალიან საინტერესოა, ის ხომ პოეტის გონების მდინარებას ასახავს.
    ეს არ არის მოგზაურობის დღიურები, ეს უფრო სალექციო ჩანაწერებს ემსგავსება, – ჩანაწერებს ხელოვნებაზე, გადასახლებაზე, რასობრივ განსხვავებაზე, იმპერიაზე, სიყვარულზე და იმ შემზარავ რუკაზე, რომელსაც ჰქვია არსად და “საითკენაც ჩვენ ყველანი მივექანებით.”
    ლირიკული გმირის მოგზაურობას თან სდევს “ისტორიის სურნელი”. შვეიცარიაში ის მოხიბლულია ალპებით, იტალიაში ძლევამოსილი იმპერიის ნაშთებით, – სტრიქონებში წარსულისადმი უდიდესი პატივისცემის განცდა გამოსჭვივის და ამ წარსულის ნანგრევებქვეშ პოეტი ნებისმიერ ალაგას მშობლიური კერას პოულობს.
    რომანტიკული ასოციაციები მხოლოდ ისტორიის სურნელის გამოძახილი არ არის, პირად გრძნობებსაც უკავშირდება. რას უფრო ვაღმერთებდი, ქალაქებს თუ ქალებს? – კითხულობს პოეტი და როცა ამ თემას ეხება, ყველაზე მეტად გრძნობს ასაკის სიმძიმეს. “ეს მოხუცი კაცის დაწერილი წიგნია”, – წერს უოლკოტი და თვითონაც კარგად იცის, რაც უფრო ასაკში შედის, მით უფრო მძაფრდება დაკარგული ბავშვობისა და გარდაცვლილი ტყუპისცალის მონატრების განცდა.
    მგზავრობის დასასრულს პოეტი თავის დაკარგულ ხმას პოულობს. ეს ის ხმაა, რომელმაც თავის დროზე “ომეროსში” გაიჟღერა: “უძღებო შვილო, რისთვის დაეხეტები? – ეკითხება საკუთარ თავს თითქოსდა ბრალდების ტონით. თუმცა პოემას მაინც ეპიფანური დასასრული აქვს – დელფინების იდილია სენტ-ლუსიას სანაპიროზე პოეტს მხნეობას ჰმატებს. თუ, პოეტის პროგნოზის თანახმად, უოლკოტი მეტ წიგნს აღარ დაწერს, შეიძლება ითქვას, რომ “უძღები შვილის” კულმინაცია – როდესაც შუქი გადმოვა “სხვა სანაპიროდან” და პოეტი დაღუპულ ტყუპისცალს აღმოაჩენს – ფინალის ერთგვარი მაუწყებელია.

    მაიკლ კუსტოვი, “პიტერ ბრუკი” (ბიოგრაფია)
    Peter Brook A Biography

    By Michael Kustow
    St. Martin’s Press, 334 გვ.

    მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის რეჟისორთა შორის პიტერ ბრუკმა უკვე დიდი ხანია თავისი სახელი დაიმკვიდრა. ვისაც უნახავს, არასოდეს დაავიწყდება შექსპირის პიესების ნოვატორული დადგმები 1962-1970 წლებში – “მეფე ლირი”, “ზაფხულის ღამის სიზმარი” და სხვა. რეჟისორი, რომელმაც რევოლუცია მოახდინა სცენაზე, შეცვალა თეატრალური დადგმის სტილი – რიტორიკიდან მოქმედებამდე – ასე გაიცნო აუდიტორიამ პიტერ ბრუკი, რეჟისორი, რომლის წყალობითაც, ერთი კინოკრიტიკოსის ფრაზა რომ მოვიშველიოთ, “შექსპირი ჩვენი თანამედროვე გახდა”. თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბრუკის ახალი ნაბიჯები მხოლოდ შექსპირით არ შემოფარგლულა.
    პიტერ ბრუკი 1925 წელს დაიბადა ლონდონის გარეუბანში, ლატვიელი ებრაელი ემიგრანტების ოჯახში. კინოთი და თეატრალური ხელოვნებით პატარაობიდანვე დაინტერესდა. ათი წლის ყოფილა, ოჯახის წევრებისათვის თოჯინური სპექტაკლი რომ დაუდგამს – “ჰამლეტი”. ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლის დროს კი თავისი პირველი ფილმი გადაუღია, ლორენს სტერნის “სენტიმენტალური მოგზაურობა”. სარეჟისორო მოღვაწეობა ბრუკმა 1943 წელს დაიწყო. 1945-1965 წლებში მან შექსპირის პიესები დადგა შექსპირის მემორიალურ თეატრში, სტრეტფორდ-ონ-ეივონში. 1962 წლიდან შექსპირის სამეფო თეატრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. მისი კომერციულად ყველაზე წარმატებული ფილმი “ბუზთა ბატონი” გახდა, რომელიც ეკრანებზე 1963 წელს გამოვიდა. ბიოგრაფიული რომანის ავტორის, მაიკლ კუსტოვის შეფასებით, ბრუკმა ამ ფილმით ყველაზე კარგად გამოხატა თავისი მრწამსი – ის თავისუფალი მოთამაშეა. ბრუკის სცენური თუ კინოექსპერიმენტების თავისებურება პირველ რიგში ის იყო, რომ რეჟისორმა თავს სრული თავისუფლება მისცა და ავანგარდიდან სესხებას არ მოერიდა. მაქს რაინჰარდტის მერე ბრუკი ყველაზე წარმატებული რეჟისორი იყო, რომელმაც თეატრში ავანგარდული მიდგომა გამოიყენა, რევოლუციურ შედეგს მიაღწია და კლასიკური დადგმა სამუდამოდ ჩაანაცვლა ნოვატორულით. რეჟისორ მაიკლ კუსტოვის ბიოგრაფიული თხზულება ბევრ საინტერესო ამბავს გვიამბობს პიტერ ბრუკის შემოქმედებითი და პირადი ცხოვრებიდან.

    © “წიგნები – 24 საათი”

  • ახალი წიგნები

    ახალი წიგნები (ოქტომბერი, 2007)

    ამელი ნოტომბი
    ”არც ევა, არც ადამი.”
    Amélie Nothomb
    ”Ni d’Eve ni d’Adam”
    244 გვ. Albin Michel.

    კულტურული შოკი ქვეყნისგან, სადაც ბავშვობა გაქვს გატარებული; ლინგვისტური, გასტრონომიული და ფსიქოლოგიური შეუთავსებლობა ქალაქთან, რომელიც, ფაქტობრივად, შენი მშობლიური ქალაქია… ცოცხალი რვაფეხები – საუზმედ, მხოლოდ იმიტომ, რომ სამეტყველო ღრუ დაკავებული გქონდეს და შენთან ურთიერთობა ვერ შეძლონ ადამიანებმა, რომლებთან ერთადაც ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარე… ამავე დროს კი იყო ქალი, რომელიც უყვართ, რომელსაც უყვარს; გქონდეს თვითირონიის მოჭარბებული დოზა და ხანდახან გულუბრყვილო რომანტიკოსსაც აცოცხლებდე საკუთარ თავში – ეს იმ ემოციებისა და განცდების მხოლოდ მცირე ნაწილია, რაც ბელგიელი მწერალი ქალის ახალი წიგნის წაკითხვისას გელით. როგორც მოსალოდნელი იყო, ამელი ნოტომბთან სამყარო ისევ აღმოსავლეთიდან იწყება – იქიდან, საიდანაც მზე ამოდის.

    უილიამ ტრევორი
    ”თაღლითობა კანასტაში”
    William Trevor
    ”Cheating at Canasta”
    232 გვ. Viking

    კანასტა ბანქოს ერთგვარი თამაშია. ყველა თამაშს კი, როგორც ვიცით, საკუთარი წესები აქვს. მაგრამ ხშირად ხდება, რომ შენს გაცურებას ცდილობენ, გატყუებენ, ბანქოს თავის ნებაზე აწყობენ და მერე ჩაწყობილი მასტებით გეთამაშებიან – ასეთ დროს უკვე წესები ვეღარ მუშაობს, მწყობრიდან გამოდის. ამ წიგნში ბანქოს გარდა სხვა ბევრ ისეთ ნივთსაც გადააწყდებით, რომლებსაც თავისი დანიშნულება კარგა ხნის წინ აქვთ დაკარგული, სახელები – დავიწყებული და შესაბამისად რაობა-როგორობაც – განუსაზღვრელი. აქ უილიამ ტრევორის ირლანდიაა – თამაშით წესების გარეშე და სავსე – უსარგებლო, მწყობრიდან გამოსული ნივთებით.

    არტურ მილერი
    ”თანაარსებობა”
    Arthur Miller
    ” Presence”
    164გვ. Viking

    როცა ბავშვობა ოჯახური პრობლემებით, დანაკარგებითა და დეპრესიებით დამუხტულ ატმოსფეროში გაქვს გატარებული, ახალგაზრდობის პერიოდი კი ფაშისტური მმართველობის სისასტიკეს დაემთხვა, უცნაურია, რატომ უნდა გაგიჩნდეს ამ ყველაფრის ნოსტალგია წლების შემდეგ, მაშინ, როცა ბოლოსდაბოლოს შენ გარშემო სიმშვიდე და სტაბილურობაა. უცნაურია, მაგრამ სწორედ წარსულის ამ მოგონებებზეა აგებული არტურ მილერის ბოლო წიგნი, მოთხრობების კრებული, რომელიც 2005 წელს, მისი გარდაცვალების წინა პერიოდში დაიწერა. წიგნში ექვსი მოთხრობაა შესული და ამბების ძირითადი ნაწილი ავტობიოგრაფიულია.

    მარტინ მოზებახი
    ”მთვარე და გოგონა”
    Martin Mosebach
    “Der Mond und das Mädchen”
    192 გვ. Hanser

    ჰანსს ყველაფერი აქვს ბედნიერებისათვის – წარმატებული საბანკო კარიერა, მშვენიერი საცოლე – ინა, და საკმაო მატერიალური შესაძლებლობა, რომ თავისთვის და თვისი რჩეულისათვის ქალაქ ფრანკფურტის ცენტრში მყუდრო ბინა იქირაოს. ახალგაზრდა წყვილი უზრუნველად ცხოვრობს დიდი ქალაქის ხმაურში, სანამ ინა ერთ მშვენიერ დღეს საძინებელ ოთახში მკვდარი მტრედის სხეულს იპოვის და ნიშნობის ბეჭედიც უკვალოდ გაქრება ბინიდან… ახალგაზრდები თითქოს მოჯადოებულ ფიგურებად გადაიქცევიან, და მათ ბედნიერებასაც საკმაოდ რთული გამოცდა ელით წინ… რომანში ავტორისათვის დამახასიათებელი მსუბუქი ენითა და იუმორითაა აღწერილი ევროპის ერთ-ერთი მეგაპოლისის ბინადართა ცხოვრება; თავად ავტორი კი – მარტინ მოზებახი – წლევანდელი ბიუხნერის პრემიის ლაურეატია.

    ჯ.მ. კუტზეე
    ”შიდა სამუშაოები”
    J. M. Coetzee.
    “Inner Workings”
    304 gv. Viking.

    ნობელიანტი მწერალის, ჯ. მ. კუტზეეს ახალმა წიგნმა მისი რომანების თაყვანისმცემლებს ამჯერად იმედი გაუცრუა – ”შიდა სამუშაოები”, არც მეტი, არც ნაკლები – ესეებისა და კრიტიკული წერილების კრებულია. მიუხედავად იმისა, რომ ფართო აუდიტორია მწერალს, როგორც ესეისტს, ნაკლებად იცნობს, ეს ამპლუა კუტზეესთვის სულაც არ არის უცხო. მისი რეცენზიები და მიმოხილვები წლების განმავლობაში იბეჭდებოდა ” The New York Review of Books”-ში, და წიგნშიც ამ წერილების დიდი ნაწილია შეტანილი. გარდა ამისა, აქ ნახავთ სხვადასხვა ავტორების ბიოგრაფიებსა და ცხოვრებისეული ეპიზოდების საინტერესო დეტალებს. რობერტ მუზილი, ბრუნო შულცი, უილიამ ფოლკნერი, ფილიპ როთი – კლასიკოსის თვალით წაკითხული კლასიკოსები – ლიტერატურის მოყვარულებს არაჩვეულებრივი საშუალება ეძლევათ, მასტერკლასი გაიარონ ნობელიანტ მწერალთან.

    ენ რო
    ”შელი – პოეტი საკუთარი თავის ძიებაში”
    Ann Wroe
    “Being Shelley: The Poet’s Search for Himself”
    464 გვ. Jonathan Cape

    მას შემდეგ, რაც ჰაიდ-პარკის კონცერტიდან მიკ ჯაგერმა ასიათასობით პეპელა გამოუშვა მისი ლექსის თანხლებით, მან ჩინეთის სტუდენტურ ქალაქში დაიდო ბინა და მისმა სახელმაც ქვეყნის პრეზიდენტის საინაუგურაციო გამოსვლაზე არაერთხელ გაიჟღერა. მეთიუ არნოლდისგან შეჩვენებული კი ერთ-ერთი რადიკალი ჟურნალისტის კალთას შეეფარა – ”ქუჩის მებრძოლი დემონის” სახელით. მასვე ეძღვნება ჯეიმს ბიერის ბოლო ორტომეული, სადაც ”პოლიტიკური, რელიგიური და სოციალური განხეთქილების პოეტად” არის მოხსენიებული. ვერაფერს იტყვი – შელის მეამბოხე სული მეტად უცნაურ ტრაექტორიებს ხაზავს დროსა და სივრცეში. ამ წიგნის გმირიც სწორედ ეს მოუსვენარი ანგელოზია, თუმცა კი მის შესახებ თხრობისას ავტორი ქრონოლოგიას არ იცავს და ძირითადი აქცენტი ამ მოვლენის მისტიურობაზე, გადააქვს.

    © “ცხელი შოკოლადი”