(ნაწილი I )
ფრანგულიდან თარგმნა დავით კახაბერმა
თითქოსდა იმაზე ადვილი, ბუნებრივი არაფერია, ვიდრე გვერდიგვერდ დააყენო ფრანსუა ვიიონისა და პოლ ვერლენის სახელები. ისტორიული, ანუ წარმოსახვითი პარალელების მოყვარული მკითხველი იოლად აღმოაჩენს ლიტერატურული სამყაროს ამ ორ ფიგურას შორის მსგავსებას. ორივე საუცხოო პოეტია, ორივე – ცნობილი უწესოა, ორივე თავის ლექსებში უაღრესად ღვთისმოსავ გრძნობებს უხამებს ფრიად თავისუფალ შენიშვნებსა და ხასიათებს, და ამ ერთი ტონალობიდან მეორეში უჩვეულო სიმსუბუქით გადადის; ორივე უზადოდ ფლობს ლექსწყობის ხელოვნებას და თავისი დროის ენას, ორივეს განათლება შეესაბამება ცოცხალ მეტყველებას, ხალხის ხმას; ხალხისა, რომელიც იგონებს, ამახინჯებს, ერთმანეთში ურევს სიტყვებსა და კონსტრუქციებს ისე, როგორც მოეპრიანება. ორივე პოეტმა საკმაოდ კარგად იცის ლათინური და ჩინებულად – ჟარგონული ლექსიკა; ორივე დროს ატარებს, როგორც მოეგუნებება – ეკლესიაში ან ტავერნაში; ორივე, თუმცა სხვადასხვა მიზეზით, პატიმრობის სიმწარესაც გამოსცდის, სადაც, მართალია, ვერ გამოსწორდნენ, სამაგიეროდ, სინდისის ქენჯნის, შიშისა და სინანულის ლექსად გამოსახვის ხელოვნება დახვეწეს. ორივე უკან იხევს, ნანობს, კვლავ უკან იხევს და ფსკერიდან დიდ პოეტად ამოდის, მაღლდება. პარალელი უნებურად იბადება და მისი განვითარებაც არ არის ძნელი.
ოღონდ, რადგან ასე ნათლად და ადვილად ხერხდება მათი ერთმანეთთან შეჯერება-გატოლება, გამიჯვნაც არ ჭირს. არ ღირს ამ მსგავსებას დიდი მნიშვნელობა მიენიჭოს. ვიიონი და ვერლენი, ცხადია, ფრიად იღბლიან შეხამებას წარმოადგენს ფრანგული ლიტერატურის ორიგინალური პანორამისთვის, რომელშიც თავშესაქცევად შეგვიძლია ჩავამწკრივოთ, წყვილ-წყვილად დავაჯგუფოდ ჩვენი დიდი ავტორები, გულმოდგინედ ავარჩიოთ და ერთმანეთს ამოვუყენოთ, თუნდაც, ზოგჯერ წარმოსახვითაც, ვთქვათ, კორნელი-რასინს, ბოსიუ-ფენელონს, ჰიუგო-ლამარტინს. ზოგჯერ, პირიქითაც, მსგავსების გამო, როგორც ამ შემთხვევაში, რომლის შესახებაც ახლა ვლაპარაკობთ. ყველაფერი ეს, თვალს მანამ სიამოვნებს, სანამ აწონ-დაწონის დრო არ დადგება და არ გავარკვევთ – რომ ეს დახვეწილი დაწყვილება არც დამაჯერებელია, არც სასარგებლო და საჭირო. მოკლედ, ამ შენიშვნის სათქმელად თავს იმიტომ მივეცი უფლება, რომ აგაცილოთ დეკორატიულ-რიტორიკული საშუალებების აღრევის სახიფათო ცდუნებას ჭეშმარიტ, კრიტიკულ მეთოდებთან, რომლის მეშვეობითაც რაიმე მნიშვნელოვანი დასკვნის გამოტანა შეიძლება.
დავუმატებ: “ვიიონ-ვერლენის” კომბინაცია, ორი არაჩვეულებრივი პიროვნების აშკარა და მაცდუნებელი შეპირისპირება, რასაც ჩვენი დღევანდელი საუბარი ეძღვნება, ზოგჯერ ბიოგრაფიული ფაქტითაც მტკიცდება. ხოლო, როცა მხოლოდ ავტორებს კი არა, მათ ნაწარმოებებსაც ვადარებთ, შეპირისპირება ნელ-ნელა სუსტდება, თუ მთლად არ ქრება. ზუსტად ამის ცხადყოფას ვაპირებ ახლა.
შეიძლება ვთქვათ, რომ ბიოგრაფიების შედარების იდეა ცალკეული დამთხვევების გამო წარმოიშვა, და მომიწევს იმ მეთოდს მივმართო, ჩვეულებრივ, ჩემში უნდობლობას რომ იწვევს. მივიჩნევ – ეს ჩემი ერთ-ერთი პარადოქსია, რომ პოეტის ბიოგრაფიის ცოდნა უსარგებლო ცოდნაა, შეიძლება ითქვას, სრულიად დამღუპველიც ავტორის ნაწარმოებების აღქმისას, ე.ი. იმ სიხარულის აღქმისთვის, რომელსაც ნაწარმოების წაკითხვის დროს განვიცდით, ან იმ დასკვნებისთვის ხელოვნების არსის შესახებ, რომლებსაც ამ ნაწარმოებების წაკითხვისას ვაკეთებთ. რა მესაქმება რასინის მიჯნურობასთან? მე “ფედრა” მაინტერესებს. რას მოვიგებ საწყისი მასალიდან, რომელიც ყველგან თავზესაყრელადაა? ნიჭი, ე.ი. გარდასახვის უნარი – აი, რა მხვდება გულში და ჩემში შურს იწვევს. სამყაროს ერთად აღებულ ყველა ვნებას, თვით ყოვლისშთანმთქმელ განცდასაც კი თავისთავად არ შეუძლია კარგი ლექსის დაბადება. რა კეთილგანწყობილიც უნდა ვიყოთ ავტორისადმი, მას ხანგრძლივი შემოქმედებითი ცხოვრება, გარემოება და ადგილი იმისთვის კი არ ეძლევა, რომ მასში რაღაც ჩვეულებრივი და ადამიანურია, არამედ იმისთვის, რომ ოდნავ აღემატება ჩვეულებრივ ადამიანს. თუ ვამბობთ, რომ ბიოგრაფიებისადმი ინტერესმა შეიძლება ზიანი მოიტანოს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ინტერესი ძალიან ხშირად გვიქმნის მიზეზს, პირობასა და საშუალებას, დავშორდეთ თვით ლექსების გულმოდგინე და ბუნებრივ შესწავლას. გვგონია, რომ ლექსებში ყველაფერი ნათელია, თუმცა, სინამდვილეში, მხოლოდ იმას ვაკეთებთ, რომ ამ ლექსებს თავს ვარიდებთ და მათთან ყოველ შეხვედრას გავურბივართ, მათი ავტორების, წინაპრების, მეგობრების, პრობლემებისა და საქმიანობის შესწავლით; ამით მხოლოდ თავს ვიტყუებთ – მეორეხარისხოვნისთვის მთავარს ვივიწყებთ. არაფერი ვიცით ჰომეროსზე. ეს ოდნავადაც არ აკნინებს “ოდისეას” ზღვის სილამაზეს… აბა, რა ვიცით ბიბლიის შემქმნელებზე, ეკლესიასტეს ან “ქებათა-ქების” ავტორებზე? ამ ნაწარმოებების სილამაზეს ამის გამო არაფერი აკლდება. ბოლოს, აბა, რა ვიცით შექსპირზე? ისიც კი არა – “ჰამლეტი” თუ მან დაწერა.
მაგრამ დღევანდელ საუბარში ბიოგრაფიულ საკითხებზე თავის არიდებას ვერ მოვახერხებთ. იგი დასაწყისშივე იჩენს თავს და მომიწევს ხელი მოვკიდო იმას, რასაც ახლახანს ვკიცხავდი.
საქმე ისაა, რომ ორმაგი სიტუაცია – ვერლენი-ვიიონი – განსაკუთრებული სიტუაციაა. იგი იშვიათი და გამასხვავებელ-დამახასიათებელი თვისებების მატარებელია. თითოეული მათგანის მიერ დაწერილი საკმაოდ საგრძნობი ნაწილი უშუალოდ მათივე ცხოვრებას ეხება. მათ ნაწარმოებებში, უდავოა, ბევრი რამ არის ავტობიოგრაფიული. ორივემ ამის არცთუ ცოტა მტკიცებულებანი დაგვიტოვა. ოღონდ საეჭვოა, რომ მათი აღიარება ყოველთვის გულწრფელია. თუ მათ ნაწარმოებებში, მართლაც სარწმუნო ფაქტებია გადმოცემული, მაშინ არა ყველაფერი და არა ყველა ფაქტია სანდო. ხელოვანი სიტყვას ირჩევს, მაშინაც კი, როცა აღსარებას ამბობს: აქ შეამსუბუქებს ფაქტებს, იქ გაამუქებს ფერებს…
უკვე ვთქვი, რომ ეს სიტუაცია განსაკუთრებულია. პოეტების უმრავლესობა, როცა საკუთარ თავზე წერს, არ სიტყვაძუნწობს. ლირიკოსები, საერთოდაც, მხოლოდ საკუთარ თავზე წერენ. აბა, რაზე ან ვისზე წერონ. ლირიკა – “მე”-ს ხმაა, ჟღერადობის უკიდურეს სიფაქიზემდე აყვანილი და, იქნებ, ყველაზე მაღალ ნოტაზეც. ლირიკოსი პოეტები საკუთარ თავზე იგივე მანერით ლაპარაკობენ, როგორც მუსიკოსები, – თავის შეგრძნებებს საკუთარი ცხოვრების კრიტიკული მოვლენებიდან გამოატარებენ და უნივერსალური ხასიათის იდუმალ ცდებში გადაადნობენ. მათ რომ გავუგოთ, საკმარისია, თუნდაც ერთხელ აღვფრთოვანდეთ დღის სინათლით, შევიგრძნოთ ბედნიერება, განსაკუთრებით კი – უბედურება, სურვილი, გატაცება; თავგზის აბნევა და სინანული, – საკმარისია ყოველი ადამიანისთვის ნაცნობი ეს უბრალო ცხოვრებისეული მდგომარეობა განიცადო, მდგომარეობა, რომელთაგან თითოეულს ქნარზე საკუთარი სიმი შეესაბამება…
ჩვეულებრივ, ეს საკმარისი აღმოჩნდება ხოლმე, მაგრამ ვიიონთან სულ სხვაგვარად არის. ეს დიდი ხნის წინ შეამჩნიეს, ოთხასზე მეტი წლის წინ. ამაოდ როდი დაწერა კლემან მარომ – მსურველს, “ჩასწვდეს და შეაფასოს” ვიიონის ბევრი ტექსტი, “იმ დროის პარიზში ცხოვრება დასჭირდება და იმ ადამიანების,იმ საგნების ცოდნა, რომლებზეც იგი ლაპარაკობს; რადგან, რაც დრო გადის, მით უფრო გვშორდება ეს მოგონებები, და უფრო ნაკლებს ეუბნება ადამიანებს მათი სახელები. ამიტომაც, ვისაც თავისი შრომით ხანგრძლივი სიცოცხლე სურს, საგნებზე ასე მდაბლად, ასე წვრილმანობით არ უნდა წეროს”.
მაშ ასე, აუცილებელია, ფრანსუა ვიიონის ცხოვრებასა და თავგადასავლებს მივმართოთ, ვცადოთ იმ დეტალებში აღვადგინოთ, როგორც მოიხსენიებს ან ამოვხსნათ მისი მრავალრიცხოვანი ქარაგმა. ვიიონი იმ ადამიანების სახელებს ჩამოთვლის, რომლებმაც მის ოღროჩოღრო ბედისწერაში კარგი ან ცუდი როლი ითამაშეს; ერთ ნაწილს მადლიერებით მოიხსენიებს, მეორეს დასცინის ანდა წყევლა-კრულვას უთვლის; აღწერს დუქნებს, სადაც ხშირად დადიოდა, რამდენიმე სიტყვით მუდამ ოსტატური სიზუსტით ხატავს ქალაქური ცხოვრების რაკურსებსა და სცენებს. ეს ლექსები მსგავსი წვრილმანებით გადავსებულია, მათგან განუშორებელია, ამიტომაც ზოგიერთი ადგილი გაუგებარია იმათთვის, ვინც იმ ეპოქის პარიზს, მის თვალწარმტაცსა თუ ნაღვლიან კუთხეებს არ იცნობს. ვფიქრობ, “პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის” ზოგიერთი თავი გვარიანი წინასიტყვაობა იქნება ვიიონის ლექსებისთვის. ჰიუგომ, ჩემი აზრით, მშვენივრად დაინახა ან მშვენივრად შეთხზა, მისთვის დამახასიათებელი ხელგაშლილობითა და სიზუსტით გადმოსცა მეთხუთმეტე საუკუნის ასე თუ ისე გამოგონილი დეტალები. უპირველეს ყოვლისა კი პიერ შამპიონის(1) მშვენიერ შრომას გირჩევთ წასაკითხად, სადაც თქვენ იპოვით ყველაფერს, რაც ცნობილია ვიიონისა და მისი დროის პარიზზე.
სირთულეები, რომლებსაც ჩვენში ვიიონის ლექსების კითხვა იწვევს, მხოლოდ ეპოქათა სხვაობასა და ზოგიერთი მოვლენის გაქრობაზე არ დაიყვანება, იგი მათი ავტორის განსაკუთრებულ ხასიათთანაც არის დაკავშირებული. ეს გონებამახვილი პარიზელი – შიშისმომგვრელი პიროვნებაცაა. ის მარტო სქოლარი ან ბურჟუა არ არის, რომელიც ლექსებს თხზავს და ზომიერად ეშმაკობს. ხიფათი, რომელიც ემუქრება, ისევე როგორც მისთვის ხელმისაწვდომი შთაბეჭდილებები, ისეთივეა, როგორიც მისი დროისა და წოდების ადამიანებისთვის. მეტრი ვიიონი – განსაკუთრებული კაცია, რადგან ჩვენს ამქარში (თუმცა ბევრი თავგადასავლების მოყვარულია – თეორიულად) არცთუ ხშირად ხდება, როცა პოეტს ხელობად ყაჩაღობა აქვს, ხელიდან წასული თაღლითია, ადანაშაულებენ მაწანწალობასა და საზარელ ბანდებთან კავშირში, რომ იგი ძარცვავს, ტეხს ზანდუკებსა და სალაროებს, თუ შემთხვევა მიეცემა, ჰკლავს კიდეც, გამუდმებით ფხიზლობს, გრძნობს, მის თავზე ყულფი ჰკიდია, და ამ დროს, უმშვენიერესი ლექსების წერას არ წყვეტს. სახრჩობელის ეს კანდიდატი (ჩვენ ხომ არ ვიცით, როგორ დაამთავრა მან სიცოცხლე, და საფუძველიც გვაქვს, ზუსტი ცნობისა გვეშინოდეს), ეს დევნით გატანჯული პოეტი თავის ლექსებში უხვად იყენებს იმ დროისთვის დამახასიათებელ სიტყვებსა და გამოთქმებს, იმ ბნელ და საიდუმლო ენისას, რომელზეც მხოლოდ იმ ადგილებში ლაპარაკობდნენ, ცუდი სახელით რომ იყო ცნობილი. ზოგიერთი მისი ლექსი ამ ენაზეა დაწერილი, და ჩვენთვის პრაქტიკულად გაუგებარია. იმ სამყაროს მცხოვრებნი, სადაც ამ ენას იყენებდნენ, დღის ნათელის მაგივრად ბნელ ღამეს ირჩევდნენ და მათი მეტყველებაც ღამის ზღურბლთანაა გაწოლილი, ძაღლსა და მგელს შუა, ე.ი. ჩვეულებრივ ენასა, რომლისგანაც სინტაქსი ისესხა, და სიტყვათა გამოუცნობ ნაკრებს შუა, რომელიც ზეპირად, პირიდან პირზე გადაეცემა და განუწყვეტლად განახლდება. მათ ლექსიკონში ბილწი, საზიზღრად მჟღერი სიტყვებია, დროდადრო შიშისმომგვრელ გამოხატულებას რომ იძენს. მიუხედავად იმისა, რომ აზრი ზოგჯერ გაუგებარია, სიტყვების უხეში ან კარიკატურული გარსით ვხვდებით იმ ცნებებს, აღმოჩენებს თუ სახეებს, მათში რომ იფარება.
ეს გახლავთ პრიმიტიული ტიპის ნამდვილი პოეტური შემოქმედება, პოეტურ ნაწარმოებებში პირველი და უმთავრესი ხომ ადამიანის სიტყვაა. ღატაკთა და ქურდთა ჟარგონი, მართალია, ზრდილი საზოგადოების მეტყველებიდან არის ამოზრდილი, მაინც თვითმყოფადი წარმონაქმნია, რომელიც უსასრულოდ იცვლება, სრულყოფილებას აღწევს – ბუნაგებში, ციხეებში, პარიზის ყველაზე ბნელ, უკეთურ ქუჩა-ბანდებში, საზოგადოების ყველაზე გამოუსწორებელი მტრების მეშვეობით, იმათი მეშვეობით, ვინც შიშს თესავს და იმავე დროს, თავადაც მუდმივად იმყოფება შიშში, ბოროტებას სჩადიან და გაჭირვებისგან იტანჯებიან, დანაშაულს ამზადებენ, გარყვნილ ცხოვრებას ეწევიან, ოცნებობენ შურისძიებაზე, თვალწინ კი გამუდმებით წამება და სასჯელი (იმ დროს ხშირად საშინლად მკაცრიც) უდგათ; ამაზე ფიქრიც განუწყვეტლივ თან სდევთ, აძრწუნებთ, გალიაში ჩამწყვდეული მხეცებივით აქეთ-იქით აწყდებიან დანაშაულსა და სასჯელს შორის.
ფრანსუა ვიიონის ბიოგრაფიაში, ისევე როგორც მისსავე პოეზიაში, ბევრი ბნელით მოცული ადგილია; მის ცხოვრებაშიც, ლექსებშიც ბევრი რამ არის წყვდიადით დაფარული, ისევე, როგორც თვით სახე პოეტისა.
იქიდან გამომდინარე, რაც მასზე ვიცით, მისი ჭეშმარიტი სახე ფრიად უბადრუკად წარმოგვიდგება: ცნობები მის შესახებ ან მისივე ლექსებიდანაა ამოკრებილი ან მართლმსაჯულების ჩანაწერებიდან, რომლებიც რაიმე განსაკუთრებულ მისახვედრ ვარიანტს არ იძლევა და უფლებას გვიტოვებს შევქმნათ შურისმაძიებელი, საძაგელი ადამიანის პორტრეტი, რომელსაც ყველაზე მდაბალი ქმედების ჩადენა შეუძლია, ოღონდ, ეგ არის, დროდადრო, მოულოდნელად, მის სახეში ღვთისმოსაობა და სინაზე გამოჟონავს, აკიაფდება, მაგალითად, როგორც იმ ცნობილ და უმშვენიერეს ლექსში (“ბალადა – ლოცვები ღვისმშობელს”), რომელიც ლოცვასავით შექმნა საკუთარი დედისთვის, საცოდავი ქალისთვის, რომელმაც დაახლოებით 1435 წელს თავისი ვაჟი, ფრანსუა დე მონკორბიედ წოდებული, რომელსაც მერე მძიმე ხვედრი, დიდება, საპყრობილეთა ჯაჭვი და პოეზია ერგება წილად, აღსაზრდელად გიიომ დე ვიიონს მიაბარა, წმინდა ბენედიქტეს ეკლესიის წმინდა იოანეს სამლოცველოს კაპელანს.
ეს ბალადა, ერთ-ერთი საუკეთესოა ფრანგულ პოეზიაში.
თუ ყურადღებას არ მიაქცევთ ოდნავ უკვე გაფერმკრთალებულ სიტყვებს, ენა თანამედროვეს ჰგავს; ეს ლექსი თითქმის ხუთი ასეული წლის წინ დაიწერა, მაგრამ დღემდე გვახარებს და გვაღელვებს. აღგვაფრთოვანებს პოეტის ოსტატობა, ფორმათა სრულყოფილება, დახვეწილი სტროფების უზადო მუსიკალური წყობა, რომელშიც სინტაქსის სიმდიდრე და მუხლების ბუნებრივი მრავალფეროვნება, კონსტრუქციების ადვილად შეკავშირების საშუალებას იძლევა – ათი ხაზი, ათი მარცვალი, ოთხი რითმა. აღფრთოვანებული ვარ ამ რითმების უკვდავობით, ლუდოვიკო XI დროს რომ აღმოცენდა. ამაში ვხედავ ჩვენი ლიტერატურული მემკვიდრეობის ნამდვილ საბუთსა და ფრანგული ენის უცვლელ არსს მრავალი საუკუნის განმავლობაში. ევროპაში ასეთი მემკვიდრეობით მხოლოდ საფრანგეთსა და ინგლისს შეუძლია იამაყოს; ამ ორ ქვეყანაში მეთხუთმეტე საუკუნიდან მოყოლებული, თაობების ცვლის ფონზე, პირველხარისხოვანი მთხზველებისა და ლიტერატურული ნაწარმოებების შექმნა არ შეჩერებულა.
საერთოდ კი, იმის მიუხედავად, ვიიონი ჩამოახრჩვეს თუ არა, სიცოცხლეს განაგრძობს იმ ავტორთა თანაბრად, დღეს რომ მოღვაწეობენ. იგი სიცოცხლეს აგრძელებს, რადგან მისი ლექსები ჩვენთვის გასაგებია, გულგრილს არ გვტოვებენ, და რაც მთავარია, – იმიტომ, რომ ისინი უძლებენ ყველაზე ძლიერ და სრულყოფილ ნაწარმოებებთან შეჯიბრს, რომლებიც უდიდესმა ავტორებმა შექმნეს, მას აქეთ მილეულ ოთხი საუკუნის განმავლობაში, მისი ლექსების ფორმა ფასდაუდებელია.
ტექსტების ბედზე ლაპარაკიდან ისევ მათი ავტორების ბედზე საუბარს დავუბრუნდები. უკვე ვთქვი, რომ იგი მხოლოდ ნაწილობრივ არის-მეთქი ჩვენთვის ცნობილი. როგორც რემბრანტთან – დიდი ნაწილი ჩრდილში რჩება, საიდანაც ცალკეული ფრაგმენტები და დეტალები საოცრად ნათლად, გამაოგნებელი მკაფიოობით გამოდის.
გიამბობთ როგორ აღმოჩნდა ეს დეტალები: ისინი სამართალწარმოების მასალებიდან გახდა ცნობილი. ამ მასალებს, რომლებშიც პრაქტიკულად სრულიად სანდო ინფორმაციაა ვიიონის შესახებ, სამ თუ ოთხ მაძიებელს, პირველხარისხოვან ერუდიტს უნდა ვუმადლოდეთ. ახლა ზუსტად ის დროა, საკადრისი პატივი მივაგოთ ლონონს(2), მარსელ შვობს და პიერ შამპიონს, რომლებამდეც მხოლოდ ნაკლებად სანდო ინფორმაციები გვქონდა პოეტზე. მათ მოიძიეს ეროვნული არქივის პარიზის სასამართლოს საქაღალდეებში უმნიშვნელოვანესი საბუთები.
მე არ ვიცნობდი ოგიუსტ ლონონს, სამაგიეროდ, კარგად ვიცნობდი მარსელ შვობს, მღელვარებით ვიხსენებ ჩვენს ხანგრძლივ საუბრებს მწუხრისას, როცა ეს უჩვეულო გონებითა და შორსმჭვრეტელობით დაჯილდოებული ადამიანის თავის ძიებებს, წინათგრძნობებსა და იმ აღმოჩენებზე მიამბობდა, რომლებიც მას მიზანს აახლოვებდა – სანდო ცნობების აღმოჩენას ვიიონის საქმეზე. იგი ფლობდა ედგარ პოს ინდუქციური წარმოსახვის უნარს, ფილოლოგის დაჟინებულ გამჭრიახობას, ტექსტის ანალიზის თავისებურ ნიჭს, გარდა ამისა, მას ჰქონდა ის განსაკუთრებული ინტერესი გამოჩენილი პიროვნებებისადმი და მათი უჩვეულო ბედისადმი, რაც დაეხმარა პირველს ჩაეხედა ბევრ საუცხოო წიგნში, ლიტერატურაში მოვლენებად რომ იქცა.
ლონონის მაგალითით (და პოლიციისა, რომელიც თავის მუშაობაში ამავე მეთოდს იყენებს) გადაწყვიტა გამოთვლის მეთოდით ემუშავა – ვიიონს დასწეოდა, მიემართა “ტოტალური ალყისთვის”. ამისთვის საჭირო იყო დამნაშავის ყველა პოტენციური გარემოცვისთვის, რომელთა ხელში ჩაგდებაც უნდოდა, მახე დაეგო, – დაეკავებინა, ე.ი. “გამოეაშკარავებინა” ყველა მისი თანამზრახველი. მას უნდოდა შეემოწმებინა და შეეფასებინა ის გულმოდგინება, რომლითაც მაშინ სისხლის სამართლის საქმეებს იძიებდნენ. ერთხელ იმ დამნაშავეთა ბანდის ავაზაკურ თავგადასავლებზეც მიამბო, რომლებთანაც ჩვენი ვიიონი იყო დაკავშირებული. შვობმა დამნაშავეები დიჟონში აღმოაჩინა, სადაც ბევრი დანაშაული ჩაიდინეს; მძარცველები ის-ის იყო უნდა დაეჭირათ, რომ ქალაქი მოულოდნელად დატოვეს და სხვადასხვა მხარეს გაიფანტნენ. დიჟონის სასამართლოს პროკურორს თვალთაგან არ დაუკარგავს ისინი; ერთ თავის კოლეგას პატაკს უგზავნის და გაქცეულებზე ზუსტ ცნობებს აწვდის. ნაძარცვით დატვირთული სამი მათგანი ტყეში გაუჩინარდა. თურმე ორმა ერთმანეთში მოილაპარაკა, მესამე ხანჯლით მოკლა, მისი წილი გაინაწილა და ერთმანეთს დაშორდა. ერთი იმათგანი, როგორც ეტყობა, ორლეანში ჩამოჰკიდეს, მეორე მონტარჟში ყალბი ფულის მოჭრისთვის ცოცხლად მოხარშეს. ეტყობა, მაშინდელი მართლმსაჯულება, რომელსაც არც ტელეფონი, არც ტელეგრაფი, არც ფოტოგრაფია, არც თითების ანაბეჭდი ან ანთროპომეტრული აღწერები არ გააჩნდა, კარგად მუშაობას მაინც ახერხებდა.
სერიოზული საფუძველი არსებობს ვივარაუდოთ, რომ ვიიონი ამ ბანდის წევრი იყო, რომლის სახელიც “ნიჟარათა ძმობა” ანუ “ნიჟარქვა” საკმაოდ სახელგავარდნილი გახლდათ. მისი ცხოვრება, ერთდროულად, უბედურიც იყო და ბედნიერიც, როგორც ჩანს, ხანმოკლეც – ძალზე საეჭვოა, ორმოც წლამდე ეცოცხლა. მოკლედ მოგითხრობთ მის ისტორიას, უფრო სწორად იმას, რაც იმ მკვლევარებმა შეძლეს და გაარკვიეს, უკვე რომ დავასახელე და რომელთა შრომების წაკითხვაც ნამდვილად ღირს, არა იმისათვის, დიდი პოეტის ლექსები გავიგოთ, არამედ იმიტომ, ამ სამეულის მიერ წარსულის აღსადგენად გაწეული შრომის სრულყოფილება რომ შევაფასოთ და გავიგოთ, აღმოჩენის უნარის გვერდით კიდევ არსებობს უნარი ძიებისა, ხოლო მწერლის ტალანტის თანაბრად არის კიდევ ტალანტი მკითხველისა.
ვიიონი 1431 წელს დაიბადა პარიზში, ნამდვილი სახელი და გვარია ფრანსუა დე მონკორბიე. დედამისი ღატაკი ქალი ყოფილა; შვილის აღზრდა ვერ შეძლო თურმე და აღსაზრდელად მიაბარა წმინდა ბენედიქტეს თემის პატივცემულ კანონიკ გიიომ დე ვიიონს, რომელიც იქვე, ეკლესიასთან ცხოვრობდა. მის სახლში აღიზარდა ფრანსუა ვიიონი და დაწყებითი განათლებაც იქ მიუღია. მამობილი, ეტყობა, კარგად ექცეოდა, ერთგვარი სინაზითაც კი. თვრამეტი წლის ჭაბუკმა ბაკალავრის გამოცდაც გაიარა. ოცდაერთი წლისამ, – 1452 წლის ზაფხულში, – ლიცენციატის(3) ხარისხიც მიიღო. რა განათლება ჰქონდა? ალბათ, თითქმის ისეთივე, ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტმა რომ უნდა მიიღოს: ლათინურის გრამატიკა, ფორმალური ლოგიკა, რიტორიკა (ამ ორ საგანს არისტოტელეს მიხედვით ასწავლიდნენ, მისი შრომების მაშინდელი გაგების თანახმად); პროგრამაში ცოტაოდენი მეტაფიზიკაც შედიოდა, ჰუმანიტარული, საბუნებისმეტყველო და ზუსტი მეცნიერების მიმოხილვაც.
ოღონდ, ფრანგულ სიტყვას, რომელიც ლიცენციატის ხარისხს აღნიშნავს, ორნაირი მნიშვნელობა აქვს! ვიიონმა ხარისხი მიიღო და თავიც აიშვა, სახიფათო გახდა მისი ქცევა, კლირიკთა საზოგადოება მრავალფეროვანი იყო. ღვთისმსახურის წოდება იმ ადამიანთა ყურადღებას იქცევდა, რომლებსაც ეშინოდათ, რომ ერთ მშვენიერ დღეს მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებოდნენ. კლირიკს შეეძლო ჩვეულებრივი სასამართლოსთვის თავის არიდების მიზნით საქმის სასულიერო სასამართლოსთვის გადაცემა მოეთხოვა. ჩვეულებრივ, სასამართლოებში გაცილებით მკაცრი პროცესები იმართებოდა. ეს ღვთისმსახურები ხშირად მორალურ საფუძველს მოკლებული ადამიანები იყვნენ. ბევრ ვიგინდარას შეეძლო კლირიკების წრეს გარეოდა. ისეც მომხდარა, რომ ღვთისმსახურად თავის გასაღების მიზნით დამნაშავეს ლათინურის იმპროვიზირებული გაკვეთილები ჩაუგდია ხელში, რათა ამ გზით შეეცვალა მოსამართლე.
ვიიონმა ამ სხვადასხვა ჯურის ხალხის ყველაზე ცუდ წარმომადგენლებთან გააბა ნაცნობობა. როგორც ჩანს, ამ წრეში ქალებიც ერივნენ და არცთუ მოკლებულნი მომხიბვლელობას. ისინი, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ პოეტის ზრახვებსა და თავგადასავლებში. მაგრამ, ალბათ, არც ერთ ქალს აზრადაც არ მოსვლია, რომ ამ ბიჭის წყალობით, საუკუნეების განმავლობაში იცოცხლებდა. მეწაღე ბლანში, სქელუა მარგო, მშვენიერი მეშლიაპე ჟანეტი, მეკალათე კატრინა; მიაქციეთ ყურადღება ამ ქალების მეტსახელებს… შეიძლება ისიც კი ვიფიქროთ, რომ ყველა ხელობის წარმომადგენელს მოუწიაო პოეტის მუზისთვის ცოლის დათმობა, თითქოსო საშუალო საუკუნეში ხელოსანთა წოდების წევრობა უცილობლად წარმოშობდა ცოლ-ქმრულ პრობლემებს.
და აი, დროსტარებით, გარყვნილებით დაიწყო და ძალადობამდე მიდის. 1455 წელს ვიიონი კლავს ადამიანს. ეს ამბავი “შეწყალების სიგელიდან” საკმაოდ კარგად არის ცნობილი. “შეწყალების სიგელი” კი მეფე შარლ VII-სგან მიიღო: “მეტრ ფრანსუა დე ლოჟი, იგივე დე ვიიონი, ოცდაექვსი წლისა ან დაახლოებით ამდენისა, რომელიც უფლის სხეულის გარდამოხსნის დღესასწაულის დროს, წმინდა ბენედიქტის ეკლესიის საათის კოშკის ქვეშ იჯდა ქვაზე, ქალაქ პარიზის სენ-ჟორჟის დიდ ქუჩაზე, და მასთან იყო ერთი მღვდელი, სახელად ჟილი და ვინმე ქალი, სახელად იზაბო. ყველაფერი ცხრა საათზე ან ოდნავ გვიან მოხდა”.
უცბად გამოჩნდება ვინმე ფილიპ სერმუაზი თუ შერმუა, მღვდელი, მეტრ ჟან ლე სარდის თანხლებით. სიგელის თანახმად, რომელიც ვიიონის სიტყვებიდან არის შედგენილი და ამ ვერსიის სიმართლე ეჭვს არ იწვევს, მღვდელი სერმუაზი ჩხუბს იწყებს, პოეტი საქმის მოწესრიგებას ცდილობს, დგება და ადგილს უთმობს… მაგრამ სერმუაზი არ ჩერდება, ანაფორის ქვეშიდან ხანჯალს დააძრობს და ვიიონს სახეში ურტყამს, რის გამოც “სისხლი ბლომად დაღვარა”. ვიიონს ლაბადა ეცვა, საღამოს თუ აცივდებოდა იმ შემთხვევისთვის და ლაბადის ქვეშაც ხანჯალი ეკიდა”; ისიც დააძრობს ხანჯალს და სერმუაზს საზარდულში გაუყრის, “თავადაც ვერ მიხვდა, ეს როგორ მოხდა”. (თავის მართლება მაინცდამაინც სიმართლეს არ ჰგავს). სერმუაზის თანმხლები შურისძიების მიზნით, ვიიონს დაედევნება. მას ქვა მოხვდება სახეში. ყველა მოწმე გარბის.
ვიიონი ჭრილობის შესახვევად დალაქთან მიდის. დალაქმა მომხდარის შესახებ მოხსენებითი ბარათი უნდა შეადგინოს და ვიიონს სახელს ეკითხება. ვიიონი გამოგონილ სახელს ეუბნება – მიშელ მუტონიო. სერმუაზი ჯერ მონასტერში მიჰყავთ, მერე ქალაქის საავადმყოფოში, სადაც ორი დღის შემდეგ კვდება “არასწორი მკურნალობის გამო”. მკვლელი წინდახედულად იმალება.
რამდენიმე თვის შემდეგ კი “შეწყალების სიგელს” იღებს, საიდანაც უკვე მოვიყვანეთ რამდენიმე წინადადება. საინტერესოა, რომ ამ შეწყალების ოპერატიული აქტისთვის თვით მეტრ ვიიონის მტკიცებები და თავის მართლება აღმოჩნდა საკმარისი. არანაირი გამოძიება არ ჩატარებულა. თავდაცვის აუცილებლობის გამო თავის მართლებას ეჭვის ქვეშ არავინ აყენებდა. დაინტერესებული პირის მტკიცება ამ უსიამოვნო შემთხვევის გამო მართებული იყო და მისაღები. თუმცა მისი მონაყოლი მთლად სიმართლეს არ ჰგავს: აუხსნელია მღვდელ სერმუაზის თავდასხმის მიზეზი, გამოგონილი სახელი, რომელიც ვიიონმა დალაქ ფუკეს უთხრა, შემთხვევის ადგილიდან ვიიონის გაქრობა, მოწმეების არ არსებობა, – მოკლედ, ამ საქმეში ბევრი საეჭვო დეტალია. სახრჩობელაზე ბევრი გაუგზავნიათ ამაზე ნაკლები სამხილით, მაგრამ ვიიონისადმი უფრო მკაცრი ნუ ვიქნებით, ვიდრე თვით მეფე იყო, რომელიც “ლმობიერებას უფრო მეტ უპირატესობას ანიჭებდა, ვიდრე სისასტიკეს”, შეიწყალეს, მიუტევეს და “ამ მომენტიდან, – როგორც ტექსტი იუწყება, – პროკურორის ბრძანებით სამუდამოდ დაიხურება ეს საქმე”. მაგრამ მალე საქმესთან დაბრუნება მაინც მოუწევთ.
© “არილი”