• პოეზია

    ირაკლი კაკაბაძე – ლექსები

    ბაქო

    ნაილის

    დავდივართ ქარებში,
    მგზავრებს ვუკოცნით სახეებს
    და ვუცქერთ ერთურთს
    თვალებში, გულში და სიზმრებში.
    სიზმარი ცხადია
    და შენც იქიდან გადმოაბიჯე,
    მდინარის პირას ქვაზე ჩამოჯექი და
    არ ვიცით რა ქვია მდინარეს.
    მთვარე შეიყვარე
    და ქვეყანაც მთვარეულია,
    მე კი ვღლი სიზმრებს
    სამაგიერო სიკეთეების დარიგებებში
    და გაღვიძებულს ვალმოხდილობის შეგრძნება მყვება.
    მონატრების ქარების და ხარ,
    მაგრამ ტკბილია უმწარესიც კი
    რაშიც შენ გხედავ,
    რაშიც შენი ხელი ურევია,
    რასაც მზერა მისწვდა შენი
    და აღარ ვუფრთხი ქარებს –
    (ჩემი აღქმის ქვევრები აივსო თრობით)
    ქარებიც ჩვენია და
    ქარების ქალაქიც,
    დავდივართ ქარებში
    და ვუცქერთ ერთურთს
    თვალებში, გულში და სიზმრებში –
    ჩვენ ერთმანეთის გასაღებები.

    * * *

    ჩემი განსაცდელი,
    მუნჯი და სასტიკი,
    თვალების სარკეში და
    შუბლის შარა-გზებზე.
    ფერია თეთრი და
    თეთრი და
    თეთრები,
    მე კი შევიფერე რუხი და თანმდევი.
    ყველა კითხვად იქცა,
    არც ერთი პასუხად,
    არა ხარ?
    არა ვარ?
    არ არის?
    ჩემი განსაცდელი,
    მუნჯი და სასტიკი…

    უკან მისახედად

    ”შემობრუნებისთანავე მარილის სვეტად იქცა…”

    სიტყვები უკან დასაბრუნებლად,
    სიტყვები უკან მისახედად,
    სიტყვები ხელის ჩასაჭიდად,
    სიტყვებში სამოთხე და სიტყვებში პარასკევი.
    პარასკევი –
    სადაც დავეცი და ტირილი შევძელი.
    მოვნიშნე ალაგი აღდგომის და კვლავ დაცემის.
    მზე აქაც ის არის, რაც ყველა სევდიან ლექსში თუ სიმღერაში.
    ვინ იტყვის სად არის თამაში და სად ტრაგედია.
    საათსაც თუ მომართავ და მზერას გაიმკაცრებ,
    ორმოც ჯალათსაც მოძებნი და ორმოც ათასსაც,
    რომლებიც დაედევნებიან ქალებს, ბავშვებს და კაცებს,
    რომელთაც პოლიტიკა საწოლზე მეტად ხიბლავთ.
    ბავშვები ისევ ელიან ნათლის ანგელოზებს,
    ნათელი რომელიც ისე გაქრა, რომ ელვაც არ დატოვა,
    ანგელოზებიც წავიდნენ უმიზნო გზებით და უსულო მიზნებით.
    აქ ერთი კასრია და ყველა ვიხრჩობით,
    მასში ვიხარშებით,
    სადაც ცხოვრება მთავრდება ყოველდღე
    და იწყება ხანდახან.
    გამოიარა სიბერემაც ეს დღეები და ქალაქები.
    სად არის პოეზია,
    მწყემსი ბიჭის სიამაყესა და მზერაში,
    თუ გვალვისაგან დახეთქილ მიწაში.
    რითი იწყებენ,
    როცა ყველაფერი დამთავრებულია?
    რა შეგვიძლია გადამღერების, გადასხვაფერებისა და გადაღებვის გარდა ,
    რა არ თქმულა, რომ ჩვენი სათქმელი არ ყოფილიყო,
    რად სჭარბობს ასე სიტყვებში პარასკევი?
    სიტყვები უკან მისახედად
    თუ სიტყვები თავისთვის…

    მეისრე
    ალექსანდრეს

    და წვიმის შემდეგ
    ატალახებულ მინებთან ვდგავარ,
    მძინარეს გიყვები იგავებსა და ამბებს
    ამ ქვეყნის შესახებ –
    გასწვრივ მდგომებზე,
    უსასრულო ხაზებად მდგომთა შესახებ,
    ფოთლებივით მშვიდთა და ბედთან შეგუებულთა,
    ხსოვნის ყველა უჯრედზე,
    რომელმაც შემომინახა განცდა და შიში
    თვალებში ცქერის,
    გმირების გზას რომ დავადექით და
    მივედით ყველაზე ახლოს
    გახშირებული სუნთქვის მოსასმენად,
    სიცივის ოხშივართან
    და განწირულობის მხურვალებასთან,
    ერთად ჩავხედეთ თვალებში
    თვალებაკრულსა და უთვალებოს.
    დედა კუთხეში ჩაჩოქილი მივატოვეთ,
    ეს თაიგულია დედაშენი,
    ეს გულსაცავი და
    გულისფეთქვის გადანაწილება.
    მე კი მეისრე,
    უნდა გიჩვენოთ უსაფრთხო გზები,
    ბჟუტავი სინათლე და
    დილის ძილის მეზღაპრე,
    რომელსაც თავზე ადევს გადაშლილი
    ყველა შენი თვალღია შიში,
    როგორც აღსაკვეცს წმინდა წერილი.
    და წვიმის შემდეგ
    ატალახებულ მინებთან ვდგავარ,
    შორს ჩამქრალი მოჩანს გუმბათები,
    მძინარეს გიყვები იგავებსა და ამბებს
    ამ ქვეყნის შესახებ,
    რომ მე როცა დავიბადე
    ბებიჩემის დედა, ალექსანდრა
    იმ დღეს გარდაცვლილა.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პოეზია

    ნათია გიორგაძე – ლექსები

    * * *

    ნუ დამპირდები,
    ვინც პირველი მივიდა ზღვასთან,
    ვინც ნახა მისი მკვდარი სიმწვანე,
    ვინც სასაფლაო აუგო და ჯვრები
    აღმართა მეგობრებისთვის
    ჩემი ძმა იყო,
    მისგან წასვლას ნუ დამპირდები,
    ნუ დამპირდები მსოფლიოში
    განთქმულ ქალაქებს, არხეინ გემებს,
    ახლა ბავშობის თამაშებია
    ჩემი ყველაზე სანატრელი მოგზაურობა,
    ხშირად ვიხსენებ:
    ძილში ჩაწყნარდა მისი სუნთქვა და
    წყალი არ დარჩა, რომ მის თვალებს
    არ დაენახა, იგი არასდროს საუბრობდა
    წაგებულ ომზე, ცუდი დრო დადგა,
    სარდაფებში ობის სუნმა და ნესტმა
    იმატა, ხოლო ძვლებს იქეთ თითქმის არავინ
    არ დამკლებია,
    ნუ დამპირდები…

    * * *

    შენს თვალებში აღარ ვსახლობ
    შენმა სახლმა პური მისცა ავ ძაღლებს,
    შენგან შორს ვარ, მგონი ასე სამუდამოდ
    ჯერ ჯოჯოხეთს არ წასულა არავინ,
    ალი სურვილს, წვიმა ხსოვნას ამძაფრებს,

    აქ ცეცხლია ყოველგვარი იმედი
    დავიოკე ცნობისმოყვარეობა,
    ოქრო-ვერცხლი არ მიყვარდა არასდროს,
    სიკვდილთანაც ჩემი ფეხით მივედი,

    წყნარი, როგორც ოკეანე კედელზე
    ბორცვები და წერტილები კედელში,
    მე დავტოვე შენი შემოგარენი,
    შენს სახურავს დავეხსენ და შევეშვი,

    კვირა დღეა, აღსდგებიან მეზობლად
    მდებარენი და ბორკილებს დაყრიან,
    მე ქუთუთო მიხამხამებს მარცხენა,
    ეს სიცოცხლის ერთადერთი ნიშანი
    და ვიგონებ იდიომებს ავყიას:

    keep an eye on my heart,
    keep an eye on my soul…

    * * *

    ჩემში ვეძებ წელთაღრიცხვას,
    წყლის წისქვილს და ქარის წისქვილს,
    ვეძებ ჩემი საფლავის ქვას
    მარცვალ – მარცვალ ვეძებ სიკვდილს,
    სად იშოვი ამდენ სიზმარს?
    საშობაო ნაძვის ხეებს,
    მამას, ისევ შუბლგახსნილს და
    დედას, ისევ შუახნისას,
    ხოლო შვილებს: “ჰაოსს,
    ქართლოსს, ბარდოსს,
    მოვაკანს და ლეკსს და
    ჰეროსს, კავკასს, ეგროსს
    და მე ისევ
    რადგან ჩემში მდინარეა:
    ვეძებ…ვარსკვლავს შუადღისას

    * * *

    ჩემთან არიან ახლა ყველანი,
    იმახსოვრებენ ჩემოდნების გასაღებ ციფრებს.
    ვაი მას ვისაც მახსოვრობა ხშირად ღალატობს
    ვერასდროს გახსნის სიტყვებს სადაც მე შენ გფარავდი
    ვერ ამოიდგამს ენას ჩემთან სალაპარაკოდ
    ვაი მას ვისაც მე შევეყარე, ვინც შევიყვარე და
    შევითვისე, რადგან არ ვიცი რა დარჩება ამ ხელებისგან
    როცა უდაბნოს ქვიშას დაითვლის,
    რადგან არ ვიცი რა დარჩება ამ თვალებისგან,
    როცა მეთევზის ბადეს ვეღარ გადაეჩვევა,
    რადგან არ ვიცი რა დარჩება ამ ღიმილისგან
    როცა წავლენ და დაივიწყებენ,
    დღეს წმინდა პავლეს ტაძარს ვეძებდი
    რადგან არ ვიცი, ბენიამენს ჩავალ თუ არა?

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პოეზია

    ანდრო ბუაჩიძე – მძევალი

    დარდი და ჯავრი კვლავინდებურად,
    კვლავაც ღილღვები, კვლავაც ოსები,
    კვლავაც დედები დარდმა შებურა,
    იწყევლებიან ეგზარხოსები.
    კვლავაც პუტინი და რასპუტინი,
    კვლავაც სისხლის და ცრემლის მეწყერი,
    კვლავაც რუსეთი, დიდი, უტვინო
    და სინდისისგან გადარეცხილი.
    კვლავაც მოვიდნენ მონღოლოიდნი,
    ავისმზრახველი თვალი მოწკურეს,
    კალიებივით მინდვრებს მოედვნენ
    და ტყეც გადაწვეს, მათ, “ერთმორწმუნეთ”.
    ისევ ფრიალებს ქარზე ძაძები
    და მეორდება ათას ასჯერვე:
    კარებს გიმტვრევენ ჯარისკაცები
    და დაეძებენ არყის ნარჩენებს.
    და ბედისწერას ავად მორისხალს
    სიტყვა ეხლება ტყვიის ჯერივით:
    არ დაგავიწყდეს, ვისი გორის ხარ
    და თან ტანჯვისთვის ხარ გაჩენილი.

    *
    -სად არის შენი ზნე და ადათი?
    – სადაც მიწას თხრის რუსი სალდათი.
    – რა უნდათ, რატომ თხრიან ფესვამდე?
    – ნაღმებს აწყობენ, სიკვდილს თესავენ.
    – რისთვის სჭირდებათ ამდენი ნაღმი?
    – რომ გადასერონ ქვეყანა ნაღვლით.
    – ჩვენ ცოტანი ვართ, შენ ხარ და მე ვარ,
    და ნუთუ აღარ გვეყოფა რბევა.
    – რას ამბობს მაინც ბედი-მწევარი?
    – შენი სამშობლო არის მძევალი.

    *
    ო, არ შეეხოთ, ჩემი სახლია,
    ჩემი სახლია, ჩემი ნარჩენი,
    ჩემი კედლები დასერილია,
    დალურსმულია აქ დედაჩემი.
    ო, არ შეეხოთ, ჩემი სახლია,
    სისხლიანია ყველა ფიცარი,
    ჩემი ცხოვრებაც ხომ აქ შეგუბდა,
    რომელიც მაინც ვერ შევიცანი.
    ჩემი სახლია, ჩემი ჯვარია,
    და მე ჯვარცმული, როგორც იესო,
    მთელი ცხოვრება ვეშურებოდი,
    რომ ბედისწერის კვალზე მიმესწრო.
    ჩემი სახლია, ჩემი ჯვარია,
    და არა მხოლოდ ოთხი კედელი,
    ჩემი დარდია, ჩემი ჯავრია,
    ჩემი ირიბად გადამკვეთელი.
    ო, არ შეეხოთ, ჩემი სახლია,
    თქვენი წყეული, ტლანქი ხელებით,
    ამ სახლში ჩემი ყოფნა დაღვრილა,
    მოედინება სისხლის ღელეთი.
    და ასე ვდგავარ, მახრჩობს ნაღველი,
    და სალდათები, როგორც მდგმურები,
    ემუქრებიან ჩემს სახლს ნაღმებით,
    წაშლით, წარტყვევნით, განადგურებით.

    *
    გულშემზარავად ზრიალებს როკი,
    მოიზლაზნება გვირაბში ძლოკვი,
    რომ სისხლიანი გაავლოს სვრელი,
    და მზეზე ტანი გაფინოს სველი.
    გულშემზარავად ზრიალებს როკი,
    მოიწლარწება მაგოგი, გოგი.
    რომ დააგუბოს თვალებში ზიზღი,
    რომ უცოდველი დაღვაროს სისხლი.
    წყეულიმც იყავ, გვირაბო როკის,
    რომ უცხო თესლთა აწყვეტილ ბოგინს
    მოეღოს ბოლო, რომ წყეულ გვირაბს –
    სისხლის გუბენი დაუჯდეს ძვირად.

    *
    კაცი წავიდა წყლის მოსატანად,
    მერე წყაროსთან ნახეს მოკლული,
    ტყვიებმა ტანში გამოატანა,
    ჩამოარღვია, როგორც ქონგური.
    ასეთი ხვედრი ღმერთმა გაშოროთ, –
    წყაროსთან მკვდარი კაცი აგდია,
    თავზე შემცბარი ადგას სამშობლო
    და ერთი ცრემლიც არ აბადია.

    *
    როცა შემოვა ნაშუაღამევს ჯარი
    ქალაქში, სადაც სძინავთ უცოდველ ბავშვებს,
    აზრიალდება თმებით შეკრული ჯვარი
    ტაძრის წყვდიადში და ვერ იპოვის საშველს.
    უძველეს თმებზე გადაიელვებს შუქი,
    სასანთლეებთან დაიკარგება წამსვე,
    და დაედება წინათგრძნობათა ლუქი
    წყვდიადს ზრიალით და სინანულით სავსეს.
    როცა შემოვა ნაშუაღამევს ჯარი,
    როცა დაამტვრევს ვიტრინებსა და დახლებს,
    მკაცრად იდგება თმებით შეკრული ჯვარი
    ტაძრის წყვდიადში და არ გაგანდობს ნაღველს.
    როცა შემოვა ნაშუაღამევს ჯარი
    და მოაყენებს მუზარადიან ჯალათს,
    როცა შემოვა ნაშუაღამევს ჯარი,
    როცა სიკვდილის დატრიალდება ჯარა.
    უძველეს თმებზე გადაიელვებს შუქი
    და შეირხევა წყვდიადი, როგორც მრევლი,
    მრევლი, რომელსაც აღარაფერი უკვირს
    და აღარა აქვს ერთი კურცხალი ცრემლი.

    *
    როდესაც გაველ საკრეფად მაყვლის,
    მაშინ აფეთქდა ჩემს ფერხთით ნაღმი,
    მაშინ მიწია სიკვდილმა მყისმა
    და მაყვლის ბუჩქი შესვარა სისხლმა.
    და ჩემი კაბაც შესვარა სისხლმა,
    და ჩემი თმებიც შესვარა სისხლმა.
    გამთენიისხანს, ამ დილასისხამს
    სუყველაფერი შესვარა სისხლმა.

    *
    მარიობისთვეს გეკითხები, დედავ მარიამ,
    გამაგებინე, ეს ცხადია თუ სიზმარია?
    როკის გვირაბში გაიწლარწა რუსის ჩაფარი,
    მათხოვარ სალდათს სახლში მიაქვს ნაალაფარი.

    *
    გადაშლილია შენს თვალწინ ხედი,
    რომელზეც მოჩანს შენივე ბედი
    და ბედისწერა, სხვა არაფერი.

    და თუმცა ვრცელი არის ეს ხედი,
    იქ მოჩანს მხოლოდ შენივე ხვედრი,
    გასაკვირია… სხვა არაფერი.

    ქვეყნიერება არის ეს ხედი,
    შენ კი გარტყია სასტიკი ღვედი,
    ღვედი მრისხანე. სხვა არაფერი.

    შენ ღვედისაგან გამოხსნას ელტვი,
    მოიძრობ ღვედს და მოისვრი გვერდით,
    და კვლავ იქნები. სხვა არაფერი.

    20.08.08. რუსეთ-საქართველოს ომი.

    ამხანაგების დასიზმრება

    უკვე წასულებს, სვეწაწყმედილებს,
    არა კეთილად მყოფთ და ანაგებთ
    ვესაუბრები, მათკენ ვედინე,
    სუფრაზე ვუზი ჩემს ამხანაგებს.

    მათ სახეებზე ბრკე და ობია,
    ობიდან მჭვრეტენ მათი თვალები,
    მე მათი მზერა შემომჭდობია
    განელებული ნედლი მთვარეთი.

    რად დავიქეცით, რას ვემსახურეთ,
    თითქოს გაისმის ჩუმი ყვედრება,
    ზოგი სიბნელეს ღვინოს ასხურებს,
    ზოგი ჩაქინდრავს თავს, რომ შეთვრება.

    მე რა უნდა ვქნა, რა შემიძლია,
    ან რა შემეძლო თვითონ მახვეწარს,
    თუმც მათი დარდი კი შემიცვნია
    და თუმც ცხოვრება მიჩანს ნაფხრეწად.

    თვითონ ჩემს თავში ასე ვეღირე,
    ასე ვეთრიე, ასე ვეწამე,
    ამათ კი, ღამეს რომ გაეხირნენ,
    ამათ რა უნდა ვუთხრა შემწყრალებს.

    ან დარდი როგორ უნდა შევუწყო,
    მე სხვაგანა ვარ ანდა სხვარიგად,
    ან მერამდენედ უნდა მეუწყოს, –
    ისინი უკვე დარდმაც გარიყა.

    მე ვიცი მათი ჩრდილიც მენდობა,
    რადგან ვუყვარვარ, რადგან ვეძმობი,
    ზიარი გვქონდა ჩვენ უბედობა,
    ახლაღა თუ ვარ ამის შემცნობი.

    და თუ იყავით სვეუბედური,
    თუ ბედის ნაფლეთს ერთურთს აფენდით,
    რის მაქნისია ეგ საყვედური,
    მეც ხომ მეფინა ერთი ნაფლეთი.

    რა ბედენაა დღე და თარიღი,
    და თუ სინათლე ჯერაც მენთხევა,
    მეც ხომ მანდა ვარ გამოსარიყი,
    ხომ უნდა იქნეს ესეც ერთხელაც.

    სანთელი ისევ ისე პარპალებს
    და სანთლის სხივი თრთის გაწყდომამდე,
    მაშ, თვალს აქეთ ნუ გამოაპარებთ,
    ნუ გადმომხედავთ კვლავაც მწრომარედ.

    და თუ ღვინოა, ისევ ღვინოთი
    ამ ქვეყნად მყოფთა შესვით შენდობა, –
    ვისთან ერთადაც ქვეყნად ღვიოდით
    და ზიარ-ჭურჭლად გხვდათ უბედობა.

    * * *

    ო, ჩვენ ერთმანეთს აღარ ვეხებით
    და გავუცხოვდით თითქოს სრულიად,
    მწარედ დაღლილი ჩვენი ფეხები
    მტანჯველი ყოფნით დალურსმულია, –
    ჩვენი ცოდვებით დალურსმულია,
    ჩვენი ტანჯვებით დალურსმულია,
    და შეიძლება შუაღამეში
    გაიფაჩუნოს მაინც სურვილმა…
    სიზმრებთან ერთად გამოიღვიძოს,
    სინდისთან ერთად გამოიღვიძოს,
    რაც არ უნდა ქნა, მაინც ასეა,
    თავს ვერ დააღწევ, რომც გაიხიზნო.
    ჩვენი ტერფები დალურსმულია,
    დალურსმულია ჩვენი სხეული,
    რადგანაც ყოფნა გვერგო სასჯელად
    და ამ ყოფნაში ვართ გახვეული.
    გამოიღვიძა უკვე სურვილმა,
    ბნელში ეძებენ თვალებს თვალები,
    ჩვენ ერთმანეთით დალურსმული ვართ,
    დალურსმული ვართ ჩვენ ერთმანეთით…

    გათენება

    წყვდიადში უკვე ყივის მამალი –
    დავიწყებული და უხსოვარი,
    ეს ხმა ედება, როგორც წამალი
    ჩემს ყურთასმენას – ყრუ და მყოვარი.
    ეს ხმა ექცევა ფერდობის ჩიხში,
    თავისი თავი რომ გააქვავოს,
    და ვუსმენ მამალს, ნდობით და შიშით
    შემოხიზნული ამ სააქაოს.

    ძილ-ღვიძილში

    ეს იყო მხოლოდ შემთხვევითობა
    თუ იმ შორეულს ასე ენება,
    ანდა ვინ არის ის შორეული,
    ვინც აახლოვებს ამ გათენებას.
    მესმის ტრასაზე მანქანა მიქრის,
    შორს მილეული ყეფა მიწყდება,
    სულ ცოტაც კიდევ და გათენდება, –
    უზარმაზარი დღე დაიწყება,
    შენ დამესიზმრე და ეს სიზმარიც
    თანდათანობით დამავიწყდება;
    ჩამეძინება უწინდებურად,
    ეს ფორიაქი ძილში მიცხრება.
    ასეა მუდამ – რაღაც მთავრდება,
    და იმავე დროს რაღაც იწყება.

    * * *

    უნდა ვიცოდე ახლა სად დგახარ,
    უნდა ვიცოდე, ახლა სად მელი,
    რადგან დაბნელდა და სიბნელეში
    შენ ხელთ არა გაქვს შენი სანთელი.
    მე მეღვიძება და მახსენდება,
    რომ მძინებია თურმე რამდენი,
    ხელის ფათურით კედელს დავეძებ,
    მინდა ვიპოვო ბნელში ჩამრთველი,
    რომ გავანათო და გამახსენდეს,
    ახლა სად დგახარ ანდა სად მელი,
    ვაითუ, მართლა სიბნელეში ხარ
    და არ გიპყრია ხელში სანთელი,
    მაგრამ თანდათან ვიბრუნებ ხსოვნას,
    და მახსენდება – აღარსად მელი,
    და ყველა ქუჩა ცარიელია,
    და სულ უეცრად წყდება სათქმელი…

    * * *

    ვის ვკითხოთ, როგორ უნდა ვიცხოვროთ,
    როდესაც ტანჯვა გვექცა თილისმად,
    ან თავი როგორ გავიუცხოვოთ
    ამ ასხლეტილი სინამდვილისგან.
    რა ვუყოთ ჩვენი ვნების ნარჩენებს,
    ცოდვებს, ქცეულებს სიზმრის ხიზნებად,
    ლოცვები რაღას გადაგვარჩენენ,
    თუკი გვამხილეს უკვე სიზმრებმა…

    საბურთალო

    ღამეა, სძინავთ ადამიანებს,
    ახლა ცოტა ხნით იძინებს ჭორი,
    გულუბრყვილოა – გადაიარა
    მთვარემ და დადგა შენობებს შორის.
    ჯერ უხინჯოა პატარა ბიჭი
    ჯერ მხოლოდ სიზმრის მიჰყვება ტეხილს,
    არ შეხებია ცხოვრების ბიწი,
    არ მოსხლეტია ჯერ კიდევ ფეხი.
    ღამეა, სძინავთ ადამიანებს,
    სძინავთ მეძავებს, მკვლელებს, თაღლითებს,
    მათ, ვინც ცხოვრება გადაიარა –
    უბნელებს, ლოთებს ანდა დახლიდრებს.
    გადავსებული ნაგვის ყუთიდან
    კატა უბადრუკ სარჩოს იპარავს,
    გახედა სახლებს და გაუკვირდა,
    ამ გაკვირვებას ვინ დაიფარავს;
    ვინ დაიფარავს ამ ჯამაათის
    ღამის მასლაათს – საზარელ ქოშინს,
    გადახრილია გვერდზე საათი
    და მაინც ყველა მიცურავს დროში.
    ვინ დაიფარავს ამ ცოდვილ გვამებს
    და ერთმანეთზე მიბჯენილ სახლებს,
    მდუმარებაში გამყივან ღამეს
    და ღამეებში მყეფარე ძაღლებს.
    ღამეა. სძინავთ ადამიანებს,
    და სულ ცოტა ხნით იძინებს ჭორი,
    მთვარემ სახლებზე გადაიარა
    და დგას სიკვდილს და სიცოცხლეს შორის.
    მხოლოდ ის ერთი, პატარა ბიჭი,
    ჯერ მხოლოდ სიზმრის მიჰყვება ტეხილს,
    არ შეხებია ჯერ კიდევ იჭვი,
    არ მოსხლეტია ჯერ კიდევ ფეხი.

    * * *

    შემოაწვება უაზრო დარდი
    გულს არაფრისმთქმელს და მოთანაღრეს,
    და ვგრძნობ ჩემს უკან მზე ნელა ჩადის,
    რომელიც უკვე ტალღებს არ ამღვრევს.

    * * *

    მკაცრია ღამე – ეს გულთმისანი
    და მასმენინებს საათის წიკწიკს,
    და მაგრძნობინებს, რომ ვარ ხიზანი,
    სასთუმალთან დევს ისე ვით წიგნი.
    მკაცრია ღამე – ეს გულთმისანი
    და მასმენინებს ძაღლების წკავწკავს,
    წყალნი წავლენ და წავლენ ქვიშანიც,
    უკვე ბევრი რამ წაიღო წყალმა.
    მკაცრია ღამე, – უნდო მოძღვარი,
    ჩემი ოთახის კედლებზე ბრწყინავს,
    და ჩამჩურჩულებს, რომ ვარ ცოცხალი
    და სუნთქვით ვავსებ მობჯენილ წყვდიადს.

    ფანჯრიდან

    შორს თრიალეთის ბნელი ქედია,
    ზედ გზა სინათლის ბეწვივით გადის,
    იქ მანქანები დიან ტაატით
    და ამ ნელ სვლაში იგრძნობა დარდი.
    და ამ ნელ სვლაში იგრძნობა აზრი,
    რომ ყველაფერი სადღაც მთავრდება,
    და ასხლეტილი ფარების შუქი
    უფსკრულებს იქით გადავარდება.

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“