• პროზა (თარგმანი)

    ჰარუკი მურაკამი – თაფლის კვერი

    თარგმნა ირაკლი ბერიაშვილმა

    1

    – დათვმა მასაკიტიმ იმდენი თაფლი მოაგროვა ფუღუროებში, რომ მთელ სოფელს გააძღობდა. კასრში გადაასხა, მთიდან ჩამოვიდა და ქალაქს მიაშურა გასაყიდად. მასაკიტი ფუღუროდან თაფლის ამოღების ნამდვილი ოსტატი იყო.
    – საიდან ჰქონდა დათვს კასრი? – ჰკითხა სარამ.
    – უბრალოდ, ჰქონდა, მორჩა და გათავდა. გზაზე ეგდო. იმანაც აიღო. იფიქრა, ერთხელაც იქნება, გამომადგებაო, – აუხსნა ძიუნპეიმ.
    – ჰოდა, გამოადგა კიდეც.
    – სწორეა, გამოადგა. წავიდა მასაკიტი ქალაქში, მოედანზე ადგილი შეარჩია, აბრა გამოკიდა “ძალიან გემრიელი ნატურალური თაფლი, ჭიქა – 200 იენი” და დაიწყო ვაჭრობა.
    – დათვმა რა, წერა იცის?
    – ნოუ. დათვებმა წერა არ იციან, – თქვა ძიუნპეიმ. – ერთ გვერდით მდგომ კაცს სთხოვა. იმან დაუწერა ფანქრით.
    – ფულის დათვლა თუ იცის?
    – იეს. ფულის დათვლა იცის. მასაკიტი ბავშვობიდან ადამიანებთან ცხოვრობდა. მაშინ ისწავლა ლაპარაკი და ფულის დათვლა. გონიერი დათვია.
    – ესე იგი, ჩვეულებრივი დათვებისგან განსხვავდება.
    – აჰა. ჩვეულებრივებისაგან ცოტათი, მაგრამ მაინც განსხვავდება. მასაკიტი განსაკუთრებული დათვია. ამიტომ ერიდებიან ჩვეულებრივები.
    – რას ნიშნავს “ერიდებიან”?
    – იმას ნიშნავს, რომ ამბობენ: “ერთი შეხედეთ, როგორ იბღინძება” და ცდილობენ არ იმეგობრონ მასთან. ვერ ეწყობიან. მასაკიტი განსაკუთრებით ჩხუბისთავ ტონკიტის არ უყვარს.
    – საბრალო მასაკიტი.
    – მართლაც და საბრალო. თუმცა… გარეგნობა კი დათვისა აქვს, მაგრამ ადამიანები ეგრე არ თვლიან. ეუბნებიან: “შენ ფულის დათვლაც შეგიძლია და ადამიანების ენაზე ლაპარაკიც”. მაგრამ არც ისინი და არც დათვები თავისიანად არ აღიარებენ.
    – საბრალო, საბრალო მასაკიტი. მეგობრები მაინც თუ ჰყავს?
    – მეგობრები არა. დათვი ხომ სკოლაში არ დადის. სად უნდა იპოვოს მეგობარი?
    – სარას საბავშვო ბაღში მეგობრები… ჰყავს.
    – რა თქმა უნდა, – თქვა ძიუნპეიმ, – რა თქმა უნდა, სარას ჰყავს მეგობრები.
    – ძიუნ-ტიანს თუ ჰყავს მეგობრები? – სარას ეზარებოდა “ბიძია ძიუნპეის” სრულად წარმოთქმა და უბრალოდ “ძიუნ-ტიანს” ეძახდა.
    – სარას მამა ჩემი საუკეთესო მეგობარია. დედაც ჩემი მეგობარია.
    – კარგია… როცა მეგობრები გყავს.
    – ჰო. – თქვა ძიუნპეიმ, – კარგია, როცა მეგობრები გყავს. მართალი ხარ.
    ძიუნპეი ძილის წინ ხშირად უყვებოდა სარას სახელდახელოდ მოგონილ ამბებს. როცა სარა რამეს ვერ გაიგებდა, მაშინვე ეკითხებოდა. ძიუნპეი საფუძვლიანად პასუხობდა თითოეულ შეკითხვას. შეკითხვები ერთიმეორეზე მწვავე და ღრმა იყო. პასუხზე ფიქრისას ძიუნპეი ამბის გაგრძელებისთვისაც გამონახავდა ხოლმე დროს.
    საიოკომ ქალიშვილს თბილი რძე მოუტანა.
    – დათვი მასაკიტის ისტორიაა, – აუხსნა სარამ დედას. – მასაკიტი ფუღუროებში თაფლის ცნობილი შემგროვებელია, მაგრამ მეგობრები არა ჰყავს.
    – მასაკიტი დიდია? – ჰკითხა სარას საიოკომ. გოგონამ დაბნეულმა შეხედა ძიუნპეის:
    – მასაკიტი დიდია?
    – არც ისე, – უპასუხა ძიუნპეიმ. – კაცმა რომ თქვას, პატარაც კია. დაახლოებით სარასხელა. უწყინარია. პანკსა და მძიმე როკს არ უსმენს. მარტოობაში შუბერტით ტკბება.
    საიოკომ “კალმახი” წაიღიღინა.
    – მუსიკას როგორ უსმენს? მასაკიტის რა კომპაქტ-დისკ პლეიერი აქვს? – ჰკითხა სარამ ძიუნპეის.
    – სადღაც გზაზე მაგნიტოლა იპოვა. აიღო და შინ მიიტანა.
    – რაღაც მეტისმეტად ხშირად პოულობს ტყეში დაკარგულ ნივთებს… – დაეჭვებულმა ჩაილაპარაკა სარამ.
    – იცი… იქ ისა… ძალიან ციცაბო ხრამია. ადამიანებს თავბრუ ეხვევათ, ჰოდა, ჰყრიან ყველაფერ ზედმეტს: “მეტი აღარ შემიძლია. აუ რა მძიმეა. აი ეხლა სული ამომძვრება. რაში მჭირდება ეს კასრი? ანდა მაგნიტოლა?” აი ასე გროვდება საჭირო ნივთები გზაზე.
    – როგორ მესმის იმათი, – თქვა საიოკომ, – როცა ყველაფერი გინდა თავიდან მოიცილო.
    – აი სარას კი – არა.
    – იმიტომ რომ პატარა ძუნწი ხარ, – უთხრა ქალიშვილს საიოკომ.
    – სულაც არა ვარ ძუნწი, – გააპროტესტა სარამ.
    – ეს იმიტომ, რომ სარა ჯერ კიდევ პატარა და სიცოცხლით სავსეა, – შეუსწორა ძიუნპეიმ საიოკოს. – ესეც ასე. ეხლა კი რაც შეიძლება სწრაფად ვსვამთ რძეს. თუ დალევ, მოყოლას გავაგრძელებ.
    – კარგი, – თქვა სარამ, ორივე ხელით აიღო ჭიქა და ყლუპ-ყლუპით გამოცალა. – ნეტავ მასაკიტი რატომ არ აცხობს თაფლის კვერებს და არ ჰყიდის? ქალაქელებს თაფლის კვერები უბრალო თაფლზე უფრო მოეწონებათ.
    – მშვენიერი აზრია! კვერებიდან მეტი შემოსავალი ექნება, – გაიცინა საიოკომ.
    – ახალ მიმართულებებს ვირჩევთ დამატებითი შემოსავლის ძიებაში. ამ ბავშვისგან ურიგო მეწარმე არ დადგება, – თქვა ძიუნპეიმ.

    სარა ისევ დაწვა, თუმცა მხოლოდ ორი საათისთვის ჩაეძინა. ძიუნპეი და საიოკო დარწმუნდნენ, რომ გოგონას უკვე ეძინა და სამზარეულოში გავიდნენ. იქ ერთმანეთის პირიპირ დასხდნენ და ლუდი დაისხეს. საიოკო თანდათან მოვიდა გონზე, ძიუნპეი კი ისევ უკან, თავის რაიონში – იოიოგი-უეხარაში უნდა დაბრუნებულიყო.
    – მაპატიე, რომ ასე უდროო დროს შეგაწუხე, – თქვა საიოკომ. – მაგრამ მართლა არ ვიცოდი რა მექნა. სულ ამერია ტვინი… აბა შენს მეტს ვის შეუძლია სარას დაწყნარება. კანთან დარეკვას ხომ აზრი არა აქვს.
    ძიუნპეიმ თავი დაუქნია, ლუდი მოსვა და თეფშიდან კრეკერი აიღო:
    – ჩემზე ნუ იდარდებ, სულ ერთია დილამდე მაინც არ ვიძინებ. თან ღამით გზები ცარიელია – უცბათ მივალ.
    – მუშაობდი?
    – ცოტ-ცოტა…
    – მოთხრობას წერდი?
    ძიუნპეიმ თავი დაუქნია.
    – მიდის ნელ-ნელა?
    – როგორც ყოველთვის. ვწერ მოთხრობას, რომელსაც დაბეჭდავენ ლიტერატურულ ალმანახში. რომელსაც არავინ არ წაიკითხავს.
    – მე შენს ყველა მოთხრობას ვკითხულობ.
    – გმადლობ. ძალიან კეთილი ხარ, – თქვა ძიუნპეიმ. – მაგრამ რადგან ამაზე ჩამოვარდა ლაპარაკი… იცი, რაც დრო გადის, მით უფრო ჩქარა ძველდება თვითონ მოთხრობის ფორმაც – ზუსტად ისე, როგორც საცოდავი ლოგარითმული სახაზავი. კარგი, მოვრჩეთ ამაზე. სარაზე მინდა გკითხო. მსგავსი რამ ადრეც ემართებოდა?
    საიოკომ თავი დააქნია:
    – მარტო “ადრეც ემართებოდა” რომ იყოს! თითქმის ყოველ დღე: შუაღამისას იღვიძებს და ისტერიკა ემართება. ერთიანად ცახცახებს. რაც არ უნდა იღონო, არ ჩერდება. მეტი აღარ შემიძლია.
    – რას ფიქრობ, რა უნდა იყოს მიზეზი?
    საიოკომ ლუდი დალია და ცარიელ ჭიქას დააშტერდა.
    – მგონია, რომ ტელევიზორში ნაჩვენები მიწისძვრის ამბების ბრალია. ოთხი წლის ბავშვისთვის ეს მეტიმეტია. მას მერე, რაც ბიძგები შეწყდა, ღამით ეღვიძება. სარა ამბობს, რომ ვიღაც უცნობი ძია მოდის მასთან. ძია-მიწისმნჯღრეველი. ამბობს, რომ აღვიძებს და პატარა ყუთში ჩასმას უპირებს. ყუთი კი ისეთია, რომ ადამიანი ვერაფრით ჩაეტევა. სარა რაც ძალი და ღონე აქვს წინააღმდეგობას უწევს, იმას კი მკლავში ჩაუვლია ხელი და ტენის ყუთში. ძვლებს ჭახა-ჭუხი გაუდის. სარა ყვირის და ეღვიძება.
    – ძია-მიწისმნჯღრეველი?
    – ჰო, აყლაყუდა და ბებერი. როგორც კი დაინახავს სარა, ყველგან სინათლეს რთავს და მთელ სახლში ეძებს: კარადებში, ფეხსაცმლის თაროზე, საწოლის ქვეშ, კომოდის უჯრებში. ვეუბნები, სიზმარი იყო-მეთქი. მაგრამ არ იჯერებს. და მხოლოდ მას შემდეგ იძინებს, როცა დარწმუნდება, რომ ის ძია არსად არ იმალება. ამასობაში ორი საათი მაინც გადის. მე კი ძილის თავი აღარა მაქვს. ქრონიკული უძილობისგან მაქანავებს. სამუშაოზე რომ არაფერი ვთქვა.
    საიოკო ყოველთვის არ იყო ასეთი გულახდილი.
    – შეეცადე, რომ ახალ ამბებს არ უყუროს, – თქვა ძიუნპეიმ. – და საერთოდაც, რაღაც დროის განმავლობაში სულ ნუ მიუშვებ ტელევიზორთან. ეხლა ყველა არხზე მხოლოდ მიწისძვრაა.
    – თითქმის არც ვუყურებთ, მაგრამ ეს აღარ შველის. სულ ერთია, ძია-მიწისმნჯღრეველი თავს აღარ ანებებს. ექიმთანაც ვიყავით. რაღაც დამამშვიდებელი გამოუწერა, ძილის საშუალების მაგვარი.
    ძიუნპეი ჩაფიქრდა.
    – მოდი, თუ გინდა, კვირას ზოოპარკში წავიდეთ. სარას ნამდვილი დათვის ნახვა უნდა.
    საიოკომ თვალები მოჭუტა და ძიუნპეის შეხედა:
    – კარგი აზრია. იქნებ ცოტათი მაინც წაეხმაროს. დიდი ხანია ოთხივე ერთად არსად არ ვყოფილვართ. შენ თვითონ დაურეკე კანს, კარგი?

    ძიუნპეი ოცდათექვცმეტისაა. ხიოგოს პრეფექტურის ქალაქ ნიშინომიაში დაიბადა. მდინარე სიუკუგავას ნაპირზე მშვიდ კვარტალში გაიზარდა. მამამისს საათებისა და საიუველირო ნაწარმის ორი მაღაზია ჰქონდა ოსაკასა და კობეში. ჰყავს ექვსი წლით უმცროსი და. კობეში კერძო სკოლა რომ დაამთავრა, ერთბაშად ორ, კომერციულ და ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჩააბარა გამოცდები. მაგრამ წუთიც არ უყოყმანია ისე აირჩია ფილოლოგიური, თან მშობლები მოატყუა, ეკონომიკურზე მოვეწყეო. ლიტერატურის შესასწავლად მშობლები ფულს არ მისცემდნენ. ძიუნპეის არ უნდოდა ეკონომიკის სისტემის შესასწავლად ტყუილად გაეფლანგა ოთხი წელიწადი. ლიტერატურის შესწავლა, უფრო სწორად კი, მწერლობა უნდოდა.
    ზოგადსაგანმანათლებლო კურსზე კან ტაკაცუკისა და საიოკოს დაუმეგობრდა. ტაკაცუკი ნაგანოდან იყო, უფროს კლასებში ფეხბურთის გუნდს კაპიტნობდა. მაღალი იყო, ფართობეჭიანი. მხოლოდ მეორე ცდაზე მოეწყო უნივერსიტეტში, ძიუნპეიზე ერთი წლით უფროსი იყო. ცხოვრებას რეალისტურად უყურებდა, შეუპოვარი იყო. იოლად ახერხებდა ადამიანების კეთილგანწყობის მოპოვებას. ნებისმიერ ჯგუფში როგორღაც თავისთავად ხდებოდა ლიდერი. ერთადერთი, რასაც ვერც გულს უდებდა და არც გამოსდიოდა, წიგნების კითხვა იყო. ფილოლოგიურზე მხოლოდ იმიტომ მოეწყო, რომ ყველა დანარჩენ ფაკულტეტზე ჩაფლავდა. “ჰოდა, ძალიანაც კარგი, – თავდაჯერებით იტყოდა ხოლმე, – ჟურნალისტი გავხდები, სტატიების წერას ვისწავლი”.
    ძიუნპეის წარმოდგენა არ ჰქონდა, რით მიიპყრო ტაკაცუკის ყურადღება. როგორც კი თავისუფალ დროს იპოვიდა, ზიუნპეი განმარტოვდებოდა თავის ოთახში, სადაც უსასრულოდ შეეძლო წიგნების კითხვა და მუსიკის მოსმენა. სპორტი არ აინტერესებდა, მისი სტიქია სომშვიდე იყო. ადამიანებს შეძლებისდაგვარად ერიდებოდა, ნაცნობების სიმრავლით ვერ დაიტრაბახებდა. ამიტომაც უცნაური იყო, დანახვისთანავე რატომ გადაწყვიტა ტაკაცუკიმ მასთან დამეგობრება. ძველი ნაცნობივით მიესალმა, მხარზე მოუტყაპუნა ხელი და სადმე წავისადილოთო, დაპატიჟა. აი ასე, ერთ დღეში იქცნენ განუყრელ მეგობრებად.
    დაახლოებით ასე გაიცნეს საიოკოც. ხელი მოუტყაპუნეს მხარზე და სადილად დაპატიჟეს. ასე შეიკრა ეს მჭიდრო კომპანია. ყველაფერს ერთად აკეთებდნენ: ერთმანეთისგან იწერდნენ კონსპექტებს, სადილობდნენ უნივერსიტეტის სასადილოში, ლექციებს შორის დროს მომავალზე ლაყბობით კლავდენ კაფეში. ჯიბის ფულის საშოვნადაც ერთ სამუშაოს მოძებნიდნენ ხოლმე. ერთად უყურებდნენ კინოს ღამის კინოთეატრებში, როკ-კონცერტებზე დადიოდნენ და ხანაც უბრალოდ, უმიზნოდ დახეტიალობდნენ ტოკიოს ქუჩებში, გატრეტამდე სვამდნენ ლუდბარებში. მოკლედ, აკეთებდნენ ყველაფერ იმას, რაც ასე ჩვეულებრივია მსოფლიოს ყველა პირველკურსელისთვის.
    საიოკო ასაკუსადან იყო /ტოკიოს ისტორიული კვარტალი. ცნობილია ქალაქის მთავარი ბუდისტური ტაძრით. მთარგმნ./. მამამისს კიმონოს აქსესუარების მაღაზია ჰქონდა, რომელიც თაობიდან თაობაზე გადადიოდა მემკვიდრეობით. კლიენტები კაბუკის თეატრის ცნობილი მსახიობები იყვნენ. მის უფროს ძმას ეს საოჯახო ბიზნესი ერგო, უმცროსი კი საპროექტო ბიუროში მუშაობდა. უნივერსიტეტში მოწყობამდე ვასედა საიოკომ ინგლისური ენის აღმოსავლეთის ქალთა კოლეჯი დაამთავრა. უნივერსიტეტშიც ფილოლოგიური აირჩია – ინგლისურენოვანი ლიტერატურის კვლევის გაგრძელება სურდა. ბევრს კითხულობდა. ძიუნპეი და საიოკო ხშირად ცვლიდნენ წიგნებს და ყოველთვის ცხარედ მსჯელობდნენ წაკითხულზე.
    საიოკოს ლამაზი თმა და ჭკვიანური თვალები ჰქონდა. მშვიდი და რბილი საუბარი იცოდა, მაგრამ ამ სიმშვიდის მიღმა შეკუმშული ზამბარა მაინც იგრძნობოდა. ამას სიტყვებზე უკეთ ტუჩების მკაცრი მოხაზულობა მეტყველებდა. იცვამდა სადად, არ იღებებოდა, და საერთოდაც, მიმზიდველი გოგოების სიაში ვერ ჩაწერდი. თუმცა საოცარი იუმორის გრძნობა ჰქონდა და როცა ხუმრობდა, თვალებში ცუღლუტი ღიმილი გაუკრთებოდა ხოლმე. ასეთ წუთებში ძიუნპეის ძალიან მოსწონდა მისი სახე. დარწმუნებული იყო, რომ საიოკო სწორედ ის ქალი იყო, რომელსაც ეძებდა. მასთან შეხვედრამდე არავინ არ ჰყვარებია. სკოლაში ბიჭებს არც ისე დიდი შანსი აქვთ დაუახლოვდნენ გოგონებს.
    თუმცა საიოკოსთვის თავისი გრძნობების გამხელა ძიუნპეიმ მაინც ვერ მოახერხა. ეშინოდა: ერთხელ ნათქვამს უკან ვეღარ დააბრუნებდა. სამუდამოდ რომ დაეკარგა? ასეც რომ არ მომხდარიყო, სამეულის ურთიერთობაში ბალანსი საბოლოოდ დაირღვეოდა. ჯერჯერობით ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც არის, ფიქრობდა ძიუნპეი. ვნახოთ, რა გამოვა.
    პირველი ნაბიჯი ტაკაცუკიმ გადადგა.
    – ცოტა არ იყოს, მეუხერხულება, მაგრამ… – უთხრა ძიუნპეის, – საიოკო მომწონს. შენ წინააღმდეგი ხომ არ იქნები?
    ეს იყო შუა სექტემბერში. მათ შორის ყველაფერი მაშინ მოხდა, როცა ძიუნპეი ზაფხულის არდადეგებს ატარებდა კანსაიში. ასე აუხსნა ტაკაცუკიმ.
    ძიუნპეი დაჟინებით შეაჩერდა მეგობარს სახეში. ნათქვამის აზრს უცებ ვერც კი ჩახვდა. გულზე ლოდივით დააწვა რაღაც. არჩევანიც აღარ ჰქონდა.
    – არა, რა თქმა უნდა.
    – ჰოდა, ძალიანაც კარგი, – გაიღიმა ტაკაცუკიმ, – რაც არ უნდა იყოს, ეს შენც გეხება. არ მინდოდა ჩემს გადაწყვეტილებას ჩვენს მეგობრობაზე ემოქმედა. მაგრამ, ძიუნპეი, ეს ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდებოდა. გესმის? ახლა თუ არა, მომავალში მაინც ეს აუცილებლად უნდა მომხდარიყო. ვფიქრობ, სამივენი ისევ მეგობრებად დავრჩებით. ასე არაა?
    შემდეგი რამდენიმე დღე ძიუნპეი თავის თავს აღარ ეკუთვნოდა: ლექციებს აცდენდა, სამუშაოდ აღარ დადიოდა, საერთოდ აღარ გამოდიოდა თავის ექვსტატამიანი /დაახლოებით 9 კვ მ. მთარგმნ./ ოთახიდან. ჭამდა მაცივარში დარჩენილ პროდუქტს, ხანდახან კი ახლადგამოფხიზლებულივით დააცხრებოდა ალკოჰოლს. სერიოზულად ფიქრობდა უნივერსიტეტის მიტოვებას. სადმე უცნობ ქალაქში, უცხო ადამიანებთან გადაკარგულიყო, შრომით გაიტანჯავდა თავს, მერე კი წერტილს დაუსვამდა თავის მარტოხელა ცხოვრებას. ჰო, ალბათ ასე აჯობებსო.

    ხუთი ასეთი დღის შემდეგ საიოკომ მოაკითხა. მუქი ლურჯი პერანგი და ბამბის შარვალი ეცვა. თმა კეფაზე ჰქონდა შეკრული.
    – რატომ არ დადიხარ ლექციებზე? ყველა შეწუხებულია, იმ თავის ბინაში ხომ არ ამოხდა სულიო. ჰოდა კანმა შენს სანახავად გამომგზავნა. როგორც ჩანს, თვითონ ცხედრებს ვერ იტანს…
    – ცუდად ვიყავი, – თქვა ძიუნპეიმ.
    – ცუდად გახდებოდი, აბა რა, ერთიანად ჩამომხმარხარ, – ყურადღებით შეათვალიერა და ისე თქვა საიოკომ. – მოდი, რამეს მოგიმზადებ?
    ძიუნპეიმ თავი გააქნია:
    – არ მშია.
    საიოკომ მაცივრის კარი გამოაღო, შიგ შეიხედა და დაიჯღანა: იქ ლუდის ორი მარტოხელა ქილა იდგა, ერთი დამჭკნარი კიტრი და რაღაც დეზოდორანტი. საიოკო ძიუნპეის გვერდით ჩამოჯდა.
    – იცი, ძიუნპეი, არც კი ვიცი, როგორ გითხრა. ჩემზე და კანზე ხომ არა ხარ გაბრაზებული?
    – არა, გაბრაზებული არა ვარ, – თქვა ძიუნპეიმ.
    მართალს ამბობდა: არც გაბრაზებული იყო და არც ნაწყენი. თუკი ვინმეზე ბრაზობდა, ისევ საკუთარ თავზე. ჰო, რა თქმა უნდა, ერთად არიან. და ეს სავსებით ბუნებრივია. ტაკაცუკიმ ეს მოახერხა, თვითონ კი – ვერა.
    – შეიძლება ლუდი დავისხა? – იკითხა საიოკომ.
    – მიდი.
    საიოკომ მაცივრიდან ქილა გამოიღო და ჭიქებში დაასხა. ერთი ძიუნპეის გაუწოდა. უხმოდ დალიეს. მერე საიოკომ დაიწყო:
    – იცი, როგორღაც მეუხერხულება ამაზე ლაპარაკი. ხომ ისევ მეგობრებად დავრჩებით? მარტო ეხლა კი არა, მერეც. როცა დავბერდებით. კანი მომწონს, მაგრამ რაღაც თვალსაზრისით შენც მჭირდები. მაპატიე, ამას რომ გეუბნები.
    ძიუნპეიმ ხეირიანად ვერც გაიგო რა უთხრეს, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის თავი მაინც დაუქნია.
    – რაღაცის გაგება და მერე ისე გაკეთება, რომ ეს თვალსაჩინოდ იქცეს, სხვადასხვა რამეა. თუ ერთსაც მოახერხებ და მეორესაც, ცხოვრება გაიოლდება, – განაგრძო საიოკომ.
    ძიუნპეიმ ცერად გახედა. ვერ გაეგო, მაინც რისი თქმა უნდოდა ამით. თავისთვის სულ სხვა რამეზე ფიქრობდა: მაინც რატომ ვარ ასეთი უხერხემლო? თავი ასწია და უაზროდ მიაშტერდა ჭერში რაღაც ლაქას.
    რა მოხდებოდა ადრე რომ გამოტყდომოდა სიყვარულში საიოკოს? ამის წარმოდგენაც კი გაუჭირდა. მხოლოდ ერთი რამ იცოდა ზუსტად: როგორც არ უნდა მოენდომებინა, ეს არ მოხდებოდა.
    ისმოდა როგორ ეცემოდა ცრემლები ტატამზე. საოცრად ხმამაღლა. წამით მოეჩვენა, რომ თვითონ ტიროდა. მაგრამ ეს საიოკოს ცრემლები იყო. თავი მუხლებში ჩაერგო, მხრები უცახცახებდა.
    ძიუნპეიმ უნებურად გასწია ხელი და მხარზე დაადო. მერე ნელა მიიზიდა თავისკენ. საიოკო წინაარმდეგობას არ უწევდა. ძიუნპეიმ წელზე მოხვია ხელი, ტუჩებით ტუჩები მოძებნა. საიოკომ თვალები დახუჭა და კოცნაზე კოცნით უპასუხა. ძიუნპეი გრძნობდა ცრემლების მომლაშო გემოს, მისი სუნთქვით სუნთქავდა, მკერდით გრძნობდა საიოკოს ძუძუების სირბილეს. თავში თითქოს რაღაც გადამრთველმა გაიჩხაკუნა. ძიუნპეიმ ხმაც კი გაიგონა. თითქოს ქვეყნიერების ყველა სახსარმა ერთად დაიჭრიალა. სულ ეს იყო. საიოკო გონს მოეგო, თავი დახარა და ხელით მოიშორა ძიუნპეი.
    – არა, – ჩუმად თქვა და თავი გადააქნია, – ასე არ შეიძლება.
    ძიუნპეიმ მოუბოდიშა. საიოკომ არაფერი უპასუხა. ერთხანს ასე ისხდნენ. მოღებული ფანჯრიდან ნიავმა რადიოს ხმა მოიტანა. რომელიღაც პოპულარული მელოდია. ეს სიმღერა ალბათ სიკვდილამდე არ დამავიწყდება, გაიფიქრა ძიუნპეიმ. თუმცა სულ რაღაც რამდენიმე დღის შემდეგ ძალიანაც ეცადა, მაგრამ ვერც სახელი და ვეღარც მელოდია ვეღარ გაიხსენა.
    – საბოდიშო არაფერი გაქვს, არაფერი დაგიშავებია, – თქვა საიოკომ.
    – ეტყობა, სულ ამერია თავგზა, – ალალად გამოუტყდა ძიუნპეი.
    საიოკო ხელით შეეხო:
    – ხვალ ხომ მოხვალ ლექციაზე? ადრე არასოდეს მყოლია შენნაირი მეგობარი. ძალიან მჭირდები. დავიჯერო ეს არაფერს ნიშნავს?
    – ვითომ ეგ საკმარისია?
    – მაგას არ ვგულისხმობ, – ჩაწყვეტილი ხმით თქვა საიოკომ და თავი დახარა. – მაგას არ ვგულისხმობ.

    მეორე დღეს ძიუნპეი ლექციებზე მივიდა. სასწავლო წლის ბოლომდე სამივე ისევ ერთად იყო. უცნაურია მაგრამ აღარსად გადაკარგვაზე აღარ ფიქრობდა. ის ერთი მოხვევა და კოცნა საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ როგორღაც დამშვიდებულიყო. ყოველ შემთხვევაში, საეჭვო აღარაფერია, ფიქრობდა ძიუნპეი, ყველაფერი გადაწყდა. რა ვუყოთ, რომ ეს გადაწყვეტილება მის ნაცვლად სხვამ მიიღო.
    საიოკომ ძიუნპეის თანაკურსელი გოგონები გააცნო. დროს გასატარებლად ოთხნი ერთად დადიოდნენ. ერთერთ მათგანთან ცხოვრებაში პირველად დააჭაშნიკა კიდეც ქალი. ეს მოხდა მანამდე ცოტა ხნით ადრე, სანამ ძიუნპეის ოცი წელი შეუსრულდებოდა /ოცი წლის ასაკში იაპონელი ახალგაზრდები სრულწლოვანებად ითვლებიან. მთარგმნ./. მაგრამ იმ გოგოზე გული არ მისდიოდა, ძიუნპეის გული სხვას ეკუთვნოდა. მეგობარ გოგოს თავაზიანად ექცეოდა, ნაზიც იყო მაგრამ ამ ყველაფერს როგორღაც აკლდა ცეცხლი, ის რაც არასდროს ენანებოდა თავისი მოთხრობებისთვის. გოგონამ მალე სულ სხვაგან იპოვა სითბო და მიატოვა. ასე გამეორდა რამდენჯერმე.
    მშობლებმა მხოლოდ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ შეიტყვეს, რომ მათმა ვაჟმა ფილოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა და მასთან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტეს. მამას უნდოდა რომ მემკვიდრე სამშობლოში, კანსაიში დაბრუნებულიყო და მისი საქმე გაეგრძელებინა. მაგრამ ძიუნპეის მსგავსი რამ აზრადაც არ მოსვლია. თქვა, რომ ტოკიოში რჩებოდა, პროფესიად კი მწერლობას იხდიდა. საქმე დიდი აურზაურით დასრულდა – ისეთი რამეები ითქვა, რაც, როგორც წესი, არ უნდა თქმულიყო. ეს შეხვედრა უკანასკნელი გამოდგა – მას შემდეგ თავისი ოჯახის წევრები აღაც უნახავს. ძიუნპეის მიაჩნდა, რომ მათი ურთიერთობა თავიდანვე მაინცდამაინც სახარბიელო ვერ იყო. უმცროსი დისგან განსხვავებით, რომელიც ყოველთვის მშობლების ჭკუაზე დადიოდა, ძიუნპეი ბავშვობიდანვე ეურჩებოდა მათ.
    – რა გაეწყობა, გამოდის, რომ ვიყრებით. – თავისთვის ჩაიცინა, ზუსტად ისე, როგორც ტაისიოს ერის მწერალმა.
    ძიუნპეის სამუშაოზე მოწყობა არც უცდია. სახელდახელოდ გამომუშავებული ფულით იკვებებოდა, მთელ დარჩენილ დროს კი მოთხრობების წერას ანდომებდა. იმ ხანებში მორიგ ნაწარმოებს რომ მორჩებოდა, ჯერ საიოკოს აჩვენებდა. მოუსმენდა მის გულახდილ რჩევებს და ამ რჩევების მიხედვით ასწორებდა ტექსტს. რამდენჯერმე მოთმინებით გადაწერდა სანამ მისგან არ გაიგონებდა: “აი ახლა კარგია”. არც მასწავლებლები ჰყავდა, არც კოლეგები. მხოლოდ საიოკოს რჩევები უწევდა მბჯუტავი შუქურას მაგივრობას.
    ოცდაოთხის რომ შესრულდა, მისმა ერთმა მოთხრობამ დამწყები ავტორების სალიტერატურო ჟურნალის პრემია მიიღო, რის შემდეგაც აკუტაგავას პრემიაზეც წარადგინეს. მომდევნო ხუთი წლის მანძილზე ოთხჯერ მოხვდა ამ პრემიის ნომინანტებში, რაც თავითავად სერიოზულ წარმატებას ნიშნავდა. თუმცა საბოლოოდ პირველ პრემიას ვერ შესწვდა და მუდმივ იმედისმომცემ ნომინანტად დარჩა.
    “ამ ასაკის დამწყები მწერლისთვის ტექსტის დონე საკმაოდ მაღალია, რაღაც-რაღაცები შეინიშნება სცენების, ხასიათების აღწერაში, მაგრამ ალაგ-ალაგ იპარება სენტიმენტალური წიაღსვლების ტენდენცია, თავს იჩენს ამბის მოყოლის პერსპექტივა, მოთხრობა ჰკარგავს სიმსუბუქეს”, – ხშირად წერდნენ რეცენზენტები. ტაკაცუკი კითხულობდა ამ რეცენზიებს და გულიანად იცინოდა:
    – მაგათ ეტყობა ჭანჭიკები აქვთ მოშვებული თავში. რას ნიშნავს ”ამბის მოყოლის ტენდენცია”? ნორმალური კაცი ასეთ სიტყვებს გამოიყენებს კოზირად? ასე სულ ცოტაღა უკლიათ მაგალითად აი აქამდე: “საქონლის ხორცის პერსპექტივის შეპარვა სუკიაკიში”.
    მეოთხე ათწლეულის ზღურბლთან ძიუნპეიმ მოთხრობების ორი კრებული გამოსცა. პირველი – “ცხენი წვიმაში”, მეორე – “ყურძენი”. “ცხენი” ათი ათასი ტირაჟით გაიყიდა, “ყურძენი” ორი ათასით მეტი. რედაქტორმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდა ავტორის მოკლე პროზის, თანაც წმინდა ლიტერატურული კრებულისთვის ეს მაჩვენებელი არც ისე ურიგოა. საგაზეთო და საჟურნალო კრიტიკა დადებითი იყო, თუმცა ენერგიული მხარდაჭერა მაინც არ იგრძნობოდა.
    ძიუნპეის მოთხრობების ძირითადი თემა ახალგაზრდების უპასუხო სიყვარული იყო. ფინალი როგორც წესი – პირქუში, რაღაცით სანტიმენტალურიც კი. მოიგონებსო რა, ამბობდნენ ადამიანები. მაგრამ მისი ნაწარმოებები, რა თქმა უნდა, ვერც ერთ მოდურ ლიტერატურულ მიმდინარეობაში ვერ ეწერებოდა. სტილი ლირიკული ჰქონდა, სიუჟეტები ძველმოდური. მისი თაობის მკითხველებს გაცილებით ინოვაციური ფორმები და ამბები სწყუროდა. ან რა გასაკვირი იყო რეპისა და კომპიუტერების ეპოქაში! რედაქტორმა არაერთხელ შესთავაზა რომანის ჟანრში ესინჯა თავი. განაგრძე მოთხრობების წერა და გინდა არ გინდა დაიწყება გამეორებები, გაღარიბდება მწერლის ლიტერატურული სამყარო. ასეთ ვითარებაში რომანი ხშირად გჩუქნის სრულიად განსხვავებულ, სულ სხვა რაკურსით დანახულ სამყაროს. ფაქტიურად რომანს მოთხრობაზე გაცილებით ძლიერად შეუძლება მიიქციოს ყურადღება და თუ აპირებ პროფესიულად წერას, მოთხრობის ჟანრში სპეციალიზაცია გაგიჭირდება. იოლი არ იქნება. მიზეზი აშკარააა – მოთხრობების წერით ცხოვრება ძნელია.
    ეს ყველაფერი ჰო, მაგრამ ძიუნპეი ბუნებით მაინც მოთხრობების მთხზველი იყო. ჩაიკეტებოდა ოთახში, ყველაფერ ზედმეტს გვერდზე გადადებდა და სულშეგუბებული წერდა სიჩუმეში. სამ აი ასეთ დღეში მოთხრობა მზად იყო. მერე ოთხი დღე ასწორებდა რის შემდეგაც, რაღა თქმა უნდა, საიოკოსა და რედაქტორს აძლევდა წასაკითხად. რამდენჯერმე გადაწერდა თავიდან ბოლომდე, ხეშეშ ადგილებს არბილებდა, ზედმეტი რაღაცებისგან წმენდდა ტექსტს. თუმცა მოთხრობის ბედი ძირითადად მაინც პირველ კვირაში წყდებოდა. ფორმა ყველაფერი მნიშვნელოვანისთვის სწორედ ამ პერიოდში უნდა მიეცა. აი ასეთნაირი მუშაობა მოსწონდა – უკიდურესი მობილიზება დროის მცირე მონაკვეთში. რაფინირებული სახეები და სიტყვები. მაგრამ საკმარისია რომანს მოკიდოს ხელი, რომ მაშინვე სრულიად უცხო გარემოში აღმოჩნდება. როგორ შევძლებ რამდენიმე თვის მანძილზე, ან შეიძლება მთელი წელიწადიც ყურადღების კონცენტრაციას, მის მართვას? – ფიქრობდა ძიუნპეი. ამგვარ რიტმს აყოლა ნამდვილად არ შეეძლო.
    რომანის დაწერის რამდენიმე უშედეგო მცდელობის მერე უკან დაიხია. უნდოდა თუ არ უნდოდა, მისი მოწოდება მოთხრობა იყო. მოთხრობა იყო მისი სტილი. როგორც არ უნდა გაიჭინთო, სხვის ტყავში ვერ შეძვრები. ნიჭიერი მეკარე ვერასოდეს ვერ გახდება კარგი თავდამსხმელი.
    ძიუნპეი ძველებურად მარტო ცხოვრობდა. ასეთი ცხოვრება დიდ ხარჯებს არ მოითხოვდა. ისეთს და იმდენ სამუშაოს ჰკიდებდა ხელს, რომ საჭმელად ჰყოფნოდა. ჰყავდა ჩუმი, სამფერიანი კატა. დროდადრო უპრეტენზიო ქალებთან გააბამდა ურთიერთობას, ხოლო როცა მობეზრდებოდა მიზეზს პოულობდა თავის დასაღწევად. ხანდახან, დაახლოებით თვეში ერთხელ, ძიუნპეის თავზარდაცემულს გაეღვიძებოდა ხოლმე შუაღამისას: მშვენივრად ხვდებოდა, რომ საითაც არ უნდა გაქცეულიყო, რაც არ უნდა ექნა, ბედისწერას ვერსად წაუვიდოდა. ასეთ წუთებში ან გალურჯებამდე მუშაობდა, ანდა ასევე გალურჯებამდე სვამდა. ეს იყო და ეს, დანარჩენ დროს მისი ცხოვრება მშვიდად მიედინებოდა.

    რაც შეეხება ტაკაცუკის, როგორც ოცნებობდა, პრესტიჟულ გაზეთში მოეწყო. სწავლით მაინცდამაინც არ გამოირჩეოდა, მაგრამ განუმეორებელი შთაბეჭდილება მოახდინა გასაუბრებაზე. კომისიამ ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღო. საიოკო, როგორც თავიდან აპირებდა, ასპირანტურაში დარჩა. უნივერსიტეტის დამთავრებიდან ნახევარი წლის შემდეგ ისინი დაქორწინდნენ. ქორწილი ტაკაცუკის სტილში მოეწყო – ხმაურიანად და მდიდრულად. თაფლობის თვე საფრანგეთში გაატარეს. შეიძლება ითქვას, რომ ზურგის ქარი უბერავდათ მათ იალქნებს. მერე კოენძის რაიონში ოროთახიანი ბინა იყიდეს. კვირაში ერთი-ორჯერ ძიუნპეი ესტუმრებოდათ ხოლმე. ერთად ვახშმობდნენ. ახალდაქორწინებულებს ძალიან ახარებდათ მისი მოსვლა. ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს საკუთარ ინტიმურ ცხოვრებას კი არა, მასთან გატარებულ დროს შეჰხარიანო.
    ტაკაცუკი თავისი ჟურნალისტური მოღვაწეობით ტკბებოდა. ჯერ ქალაქის ახალი ამბების განყოფილებაში გაანაწილეს. ძლივს ასწრებდა ერთი შემთხვევიდან – მეორემდე. იმდენი და იმდენნაირი ცხედარი ნახა, რომ გულახდილად აღიარა – ვეღარაფერს ვგრძნობ მათ დანახვაზეო. როგორი ცხედრები აღარ ნახა – მანქანით გაჭყლეტილი, მატარებლით დაჭრილ-დაქუცმაცებული, დამწვარ-დანახშირებული, სანახევროდ დაფერფლილები, დამხრჩვალი ადამიანების ამაზრზენი ფერის გასივებული სხეულები, ტვინგადმონთხეულები, ნაჯახით დანაწევრებულები. “სიცოცხლეში ადამიანები რაღაცით მაინც განსხვავდებიან, მიცვალებულებს კი ყველას ერთი სახე აქვს – გადამუშავებული ხორცი”.
    არც თუ იშვიათად შინ გათენებისას ბრუნდებოდა. ასეთ დღეებში საიოკო ხშირად ურეკავდა ძიუნპეის – იცოდა რომ დილამდე არ იძინებდა.
    – ახლა დაკავებული ხარ? შეგიძლია დამელაპარაკო?
    – რა თქმა უნდა, სწორედ ახლა მოწევას ვაპირებდი, – არწმუნებდა ძიუნპეი.
    მერე მოდგებოდნენ და ახლად წაკითხულ წიგნებზე, თავ-თავიანთ ცხოვრებაზე ლაყბობდნენ. ხანდახან წარსულსაც გაიხსენებდნენ, ახალგაზრდობას, იმ დროს, როდესაც თავისუფლები იყვნენ და უამრავი სისულელის უფლებას აძლევდნენ თავს. მომავალს თითქმის არ ეხებოდნენ. ამ საუბრების დროს ძიუნპეის ადრე თუ გვიან აუცილებლად გაახსენდებოდა, როგორ მოეხვია ოდესღაც საიოკოს. ტუჩები, ცრემლის სურნელი, რბილი ძუძუები – ეს ყველაფერი თითქოს სულ ახლახან მოხდა. შემოდგომის მზის იმ გამჭვირვალე სხივებსაც კი ხედავდა მისი ოთახის ტატამზე რომ იყო დაფენილი.
    საიოკოს ის ის იყო ოცდაათი წელი შეუსრულდა, როცა დაორსულდა. მაშინ უნივერსიტეტში ასისტენტად მუშაობდა. დეკრეტში გავიდა და გოგონა გააჩინა. სამივე ერთად ფიქრობდა ბავშვის სახელზე. ბოლოს ძიუნპეის შეთავაზებულზე შეჩერდნენ: სარა. “სარა შესანიშნავად ჟღერს”, თქვა საიოკომ. მშვიდობიანად დასრულებული მშობიარობის შემდეგ ძიუნპეი და ტაკაცუკი ღამით ერთად ისხდნენ ბინაში და სვამდნენ საიოკოს გარეშე. კარგა ხანია ასე არ მჯდარიყვნენ – მარტონი, სამზარეულოს მაგიდასთან. სულ მალე ძიუნპეის მოტანილი ვისკის ბოთლი დაცარიელდა.
    – ნეტა რატომ გადის დრო ასე სწრაფად? – გრძნობააშლილი წუხდა ტაკაცუკი. ასეთი რამ იშვიათად ემართებოდა. – სულ ახლახან არ მოვეწყეთ უნივერსიტეტში? იქ გაგიცანით შენ, საიოკო… ახლა კი უკვე ბავშვები… მამიკო გავხდი. აჩქარებულ კინოსავით. რაღაც უცნაური გრძნობაა. მაგრამ შენ ამას ვერ გაიგებ. შენ ისე ცხოვრობ, თითქოს ისევ სტუდენტი იყო. მშურს კიდეც.
    – ნატა რა არის აქ შესაშური?
    მაგრამ ძიუნპეის მშვენივრად ესმოდა, რას გულისხმობდა ტაკაცუკი. საიოკო დედა გახდა. ამან ძიუნპეიც შეაცბუნა. კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ცხოვრების ბორბალი შეუჩერებლად ტრიალებს და წარსული აღარ დაბრუნდება. ძიუნპეის წარმოდგენა არ ჰქონდა როგორ უნდა დახვედროდა ამ ყველაფერს, როგორ გადაეხარშა.
    – ოღონდ ჩვენს შორის დარჩეს: ვფიქრობ საიოკოს თავიდანვე შენ უფრო მოსწონდი, – თქვა ტაკაცუკიმ. ძალიან მთვრალი იყო. მაგრამ თვალებში უჩვეულო სიმკაცრე ენთო.
    – შეუძლებელია, – გაიცინა პასუხად ძიუნპეიმ.
    – სწორედ რომ შესაძლებელია! მე უკეთ ვიცი. მაგრამ შენ ამას ვერ მიხვდი. ლამაზი, გრძნობით სავსე ტექსტის წერა გეხერხება, მაგრამ ქალის განწყობაში დამხრჩვალ კაცზე უარესად ერკვევი. ასე იყო თუ ისე, საიოკო მომწონდა. მას ვერავის ვერც შევადარებდი და ვერც ვერავისში გავცვლიდი. ერთადერთი არჩევანი მქონდა – ჩემი უნდა გამხდარიყო. ეხლაც ქვეყნად საუკეთესო ქალად მიმაჩნია. ან იქნებ ფიქრობ, რომ მასზე არავითარი უფლება არ მქონდა?
    – ვინ გეკამათება, – უპასუხა ძიუნპეიმ. ტაკაცუკიმ თავი დაუქნია:
    – მაგრამ შენ ისევ არაფრის აზრზე არ ხარ. რატომ? იმიტომ, რომ გამოუსწორებელი იდიოტი ხარ. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს. სულელი ხარ თუ არა. მთავარია კარგი ადამიანი იყო. აი, სახელიც კი მოუგონე ჩემს ქალიშვილს.
    – თან ყველაზე მნიშვნელოვანში მაინც ვერ გავერკვიე, არა?
    – ზუსტად. თან ყველაზე მნიშვნელოვანში მაინც ვერ გაერკვიე. ვერაფერში. მწერალი კი გქვია.
    – კარგად იცი, რომ მოთხრობები აქ არაფერ შუაშია.
    – ახლა უკვე ოთხნი ვართ, – ოდნავ ამოიოხრა ტაკაცუკიმ. – ოთხი /იაპონურად “სი”. ეს სიტყვა სიკვდილსაც ნიშნავს. მთარგმნ./ ნორმალური რიცხვია?

    2

    ტაკაცუკისა და საიოკოს ურთიერთობის კრახზე ძიუნპეიმ სარას დაბადებიდან სამი დღის შემდეგ შეიტყო. ამის შესახებ როგორღაც დამნაშავესავით თვითონ საიოკო გამოუტყდა. ჯერ კიდევ ორსულად იყო, როცა ქმარმა საყვარელი გაიჩინა. ბოლო დროს კი სახლში თითქმისAაღარ მოდიოდა. საყვარელი მისი კოლეგა იყო. მაგრამ როგორ გულმოდგინედ და წვრილადაც არ უხსნიდა საიოკო, ძიუნპეი ვერაფრით მიმხვდარიყო რისთვის დასჭირდა ტაკაცუკის სხვა ქალი. თვითონვე არ თქვა სწორედ იმ ღამეს, სარა რომ დაიბადა, საიოკო მთელ ქვეყანაზე საუკეთესო ქალიაო? ეტყობოდა კიდეც, რომ ამას გულწრფელად ამბობდა. თანაც ტაკაცუკი ჭკუას ჰკარგავდა ქალიშვილზე. რატომ უნდა მიეტოვებინა ოჯახი?
    – მე ხშირად დავდიოდი თქვენთან სავახშმოდ. ასე არ იყო? მაგრამ მსგავსი არაფერი შემინიშნავს. ბედნიერ, ლამის იდეალურ ოჯახად გთვლიდით.
    – ჰო, ეგრე იყო, – ღიმილი გაუკრთა სახეზე საიოკოს. – მაგრამ ჩვენ არ ვიტყუებოდით, არც ფარსი გაგვითამაშებია. მაგრამ ამას ახლა რა აზრი აქვს. ახლა ის ქალი ჰყავს და წარსულში დაბრუნება შეუძლებელია. ჰოდა გადავწყვიტეთ დავშორებოდით ერთმანეთს. მაგრამ ამ ყველაფერს გულთან ნუ მიიტან. ასე აჯობებს. ყველა თვალსაზრისით.
    “ყველა თვალსაზრისით”, ასე თქვა საიოკომ. მაინც რამდენი ძნელად ასახსნელი სიტყვაა ქვეყნად, გაიფიქრა ძიუნპეიმ.
    რამდენიმე თვის შემდეგ ტაკაცუკი და საიოკო ოფიციალურად, ყოველგვარი ექსცესების გარეშე დაშორდნენ ერთმანეთს. არც საყვედურები, არც პრეტენზიები. ტაკაცუკი სახლიდან წავიდა და საყვარელთან დაიწყო ცხოვრება. სარა დედასთან დარჩა /იაპონიაში განქორწინებისას, როგორც წესი, დედას არა აქვს ბავშვების დატოვების უფლება. მთარგმნ./. კვირაში ერთხელ, ტაკაცუკი სარას სანახავად კოენძიში მოდიოდა. საერთო შეთანხმებით ამ დროს ძიუნპეიც იქ იყო ხოლმე. ვითომ ასე უფრო იოლი იყო? თვითონ ძიუნპეის მიაჩნდა, რომ როგორღაც უცბათ დაბერდა, თუმცა მხოლოდ ოცდაცამეტისა იყო.
    სარა ტაკაცუკის “მამას” ეძახდა, ძიუნპეის – “ძიუნ-ტიანს”. ოთხივე ერთად ერთგვარ ფსევდო-ოჯახს ჰგავდა. როცა ერთმანეთს ხვდებოდნენ, ტაკაცუკი ერთთავად შეუსვენებლად ლაქლაქებდა, საიოკოს ისე ეჭირა თავი, თითქოს არაფერიც არ მომხდარა. ძიუნპეის ეჩვენებოდა, რომ საიოკოს ახლა უფრო ბუნებრივად ეჭირა თავი. სარას ჯერჯერობით ვერ შეეგნო, რომ მშობლები დაშორდნენ. ძიუნპეი პატიოსნად ასრულებდა მისთვის გამოყოფილ როლს. ზუსტად ისე, როგორც ადრე, ხუმრობდნენ, იგონებდნენ წარსულს. ძიუნპეიმ მხოლოდ ერთი რამ იცოდა დანამდვილებით: ეს სჭირდებოდა თითოეულ მათგანს.
    – ძიუნპეი, – დაიწყო ტაკაცუკიმ, როცა ერთ მშვენიერ დღეს უკან ბრუნდებოდნენ. იანვრის ღამე იდგა. ჰაერში ბღუჯა-ბღუჯად გამოდიოდა ამონასუნთქი თეთრი ორთქლი. – საცოლე გყავს?
    – არა, – უპასუხა ძიუნპეიმ.
    – ქალი მაინც თუ გყავს?
    – ვფიქრობ, რომ არა.
    – რა იქნებოდა საიოკოსთან რომ…
    ძიუნპეიმ გაოცებულმა შეხედა:
    – რა დაგემართა?
    – რას ნიშნავს “რა დაგემართა?” – ძიუნპეიზე მეტად გაოცდა ტაკაცუკი. – რა არის აქ უცნაური და გაუგებარი. შენს გარდა ვინ შეძლება გახდეს სარას მამა?
    – სულ ეს არის? ამისთვის შევირთო ცოლად საიოკო?
    ტაკაცუკიმ ამოიოხრა და ვეებერთელა ხელი ძიუნპეის დაადო მხარზე.
    – რა, არ გინდა მასზე დაქორწინება? ჩემი ადგილის დაკავება არ გინდა?
    – მე ეგ არ მიგულისხმია. უბრალოდ ვფიქრობ – ნუთუ ეს ყველაფერი გარიგებით შეიძლება მოგვარდეს? მგონი ეს სხვა კატეგორიის პრობლემაა. ვფიქრობ, წესიერების.
    – არანაირი გარიგება ეს არ არის, – თქვა ტაკაცუკიმ. – წესიერებაც არაფერ შუაში არ არის. შენ ხომ მოგწონს საიოკო? სარა ხომ გიყვარს? რა, არა? თუ არც ეს არის მთავარი? მესმის, შენებურად ცოტა არ იყოს უცნაურად ფიქრობ. მაგრამ მე რომ მკითხო, შენ ტრუსის გაძრობას შარვლის გაუხდელად აპირებ.
    ძიუნპეი ხმას არ იღებდა. გაჩუმდა ტაკაცუკიც. თან იმდენი ხნით, რაც მას სულ არ ახასიათებდა. აი ასე, ბღუჯა-ბღუჯა ორთქლს უშვებდნენ და ისე უახლოვდებოდნენ უახლოეს სადგურს.
    – ნებისმიერ შემთხვევაში ჩამოყალიბებული რეგვენი ხარ, – თქვა ბოლოს ძიუნპეიმ.
    – შეიძლება მართალი ხარ, – დაეთანხმა ტაკაცუკი. – ისე, გულახდილად თუ ვიტყვი, ნამდვილად მართალი ხარ. არ გეკამათები. მე თვითონ გავითახსირე ცხოვრება. მაგრამ აქ, ჩემო მეგობარო, ვერაფერს იზამ. შეჩერება შეუძლებელი იყო. თვითონაც არ ვიცი, რატომ მოხდა ასე. არცა მკითხო. ასე მოხდა, მორჩა და გათავდა. მარტო ეხლა არა. სადღაც ადრე უკვე მოხდა მსგავსი რამ.
    ძიუნპეის მოეჩვენა თუ ნამდვილად გაახსენდა, რომ მსგავსი სიტყვები ადრეც ჰქონდა გაგონილი.
    – შენ არ იყავი სარას დაბადების ღამეს რომ მეუბნებოდი – საიოკო ქვეყნად საუკეთესო ქალიაო? არ გახსოვს? ქალი, რომელსაც ვერავისზე ვერ გასცვლიო.
    – ეგ ეხლაც ეგრეა. მაგ თვალსაზრისით არაფერი არ შეცვლილა. ამიტომაც არის ქვეყნად ისეთი რამეები, რომლებსაც ვერაფერს მოუხერხებ.
    – არ მესმის, რას გულისხმობ.
    – შენ ამას ვერასოდეს ვერ გაიგებ, – თქვა ტაკაცუკიმ და თავი გადააქნია. დიალოგს წერტილი სწორედ მან დაუსვა.

    განქორწინებიდან ორი წელიწადი გავიდა. საიოკო უნივერსიტეტში აღარ დაბრუნებულა. ძიუნპეიმ ერთ ნაცნობ რედაქტორს სთხოვა და საიოკოს სამუშაო გამოუძებნა – რაღაც სათარგმნები. საქმე აეწყო. ლინგვისტიკური ტალანტის გარდა საიოკო მშვენივრად ფლობდა სტილს. სამუშაოს სწრაფად და აკურატულად ასრულებდა. შედეგმა რედაქტორზე ისეთი შთაბეჭდილკება მოახდინა, რომ სულ რაღაც თვის შემდეგ ლიტერატურული თარგმანი ანდეს. ჰონორარი დიდი არ იყო, მაგრამ ტაკაცუკის ალიმენტთან ერთად დედა-შვილს ნორმალური ცხოვრებისთვის სავსებით ჰყოფნიდათ.
    ისინი ისევ იკრიბებოდნენ კვირაში ერთხელ და სარასთან ერთად სადმე სადილობდნენ. ისეც ხდებოდა, რომ ტაკაცუკის სასწრაფო საქმე გამოუჩნდებოდა და ვერ მოდიოდა. ასეთ დღეებში საიოკო, ძიუნპეი და სარა სამნი სადილობდნენ. ტაკაცუკის გარეშე ყველაფერი როგორღაც ჩუმად და საქმიანად ჩაივლიდა ხოლმე. უცხო თვალისთვის ერთი ჩვეულებრივი, ნამდვილი ოჯახივით გამოიყურებოდნენ. ძიუნპეი თავის, ერთხელ უკვე არჩეულ გზას არ ღალატობდა. ოცდათხუთმეტი წლისამ მოთხრობების მეოთხე კრებული “მდუმარე მთვარე” გამოუშვა. წიგნმა პრემია დაიმსახურა. პირველი მოთხრობის მიხედვით ფილმის გადაღება გადაწყვიტეს. მოთხრობებს შორის თავისუფალ დროს მუსიკალური რეცენზიების რამდენიმე პატარა ტომი და მებაღეობის თეორიაზე წიგნი დაბეჭდა. ჯონ აპდაიკის კრებული თარგმნა. ყველა ამ ნამუშევარს წარმატება ხვდა. ძიუნპეის საკუთარი სტილი ჰქონდა და უბრალო, დამაჯერებელი სიტყვებით იოლად ახერხებდა ბგერის ღრმა ექოსა და სინათლის ძლივსშესამჩნევი ელფერის გადმოცემას. მკითხველის საკუთარი წრე გაიჩინა, შემოსავალი სტაბილური გახდა. თანდათანობით ძიუნპეიმ პროფესიონალი ავტორის სახელი დაიმკვიდრა.
    უკვე სერიოზულად დაიწყო ფიქრი ხელი ეთხოვა საიოკოსთვის. ხანდახან მთელი ღამე ამის ფიქრში ატარებდა. გათენდებოდა და თვალს ისევ არ ეკარებოდა ძილი. ისეც ხდებოდა, რომ არაფრის გაკეთების თავი არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, საბოლოოდ მაინც ვერ გადაეწყვიტა. ისე, კაცმა რომ თქვას მისი ურთიერთობა საიოკოსთან თავიდანვე ვიღაცის მიერ წინასწარ იყო განსაზღვრული. მისი პოზიცია, როგორიც იყო, ისეთივე დარჩა – პასიური. ერთმანეთს ხომ ისინი სწორედ ტაკაცუკიმ გააცნო. ტაკაცუკიმ გამოარჩია ისინი მთელი კურსიდან, ეს მან ჩამოაყალიბა სამეული. მერე თავისთვის დაიტოვა საიოკო, ცოლად შეირთო, ბავშვი გაუჩინა, გაეყარა. ახლა კი მას, ძიუნპეის სთავაზობს საიოკოს ცოლად შერთვას. რა თქმა უნდა, ძიუნპეის უყვარდა საიოკო. ამას კითხვაც არ უნდა. ახლა იდეალური შანსია საიოკოს დაუკავშიროს თავისი ცხოვრება. საეჭვოა, რომ საიოკომ უარი თქვას. ესეც ცხადია. მაგრამ ყველაფერი რაღაც ძალზე იოლად გვარდება, ეჩვენებოდა ძიუნპეის. შეუძლებელი იყო ამაზე არ დაფიქრებულიყო. რას მიჰყავს ამ საქმის მოგვარებამდე? ის ძველებურად ყოყმანობდა. ვერა და ვერ გადაეწყვიტა. და აი… დედამიწა აზვირთდა. აცახცახდა.

    როცა ეს მოხდა, ძიუნპეი ესპანეთში იყო – ბარსელონაში რომელიღაც ავიაკომპანიის მასალებს აგროვებდა ერთ-ერთი ჟურნალისთვის. საღამოთი სასტუმროში რომ დაბრუნდა, ტელევიზორი ჩართო, ახალ ამბებში დანგრეული ქალაქის კადრები და ზედ დაწოლილი შავი ბოლი დაინახა. თითქოს დაებომბათ. დიქტორი ესპანურად ლაპარაკობდა და ძიუნპეი მაშინვე ვერ მიხვდა რომელი ქალაქი იყო. როგორც ჩანს – კობე. თვალში რამდენიმე ნაჩნობი პეიზაჟი მოხვდა. ქალაქ ასიას ახლოს ჩქაროსნული ავტოსტრადა ჩაწოლილიყო.
    – ბატონო ძიუნპეი, თქვენ მგონი კობედან ხართ არა? – ჰკითხა მასთან მომუშავე ფოტოგრაფმა.
    – ჰო.
    მაგრამ შინ დარეკვა არ უცდია – მეტისმეტად ხანგრძლივი და ღრმა იყო გახეთქილება მასა და მის მშობლებს შორის, რომ ურთიერთობის აღდგენის რაღაც შანსი მაინც დარჩენილიყო. თვითმფრინავში ჩაჯდა და ტოკიოში თავის ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა. ტელევიზორს თითქმის არ რთავდა, გაზეთებს არ კითხულობდა. მიწისძვრაზე რომ ჩამოვარდებოდა საუბარი, ჩუმდებოდა. მისთვის ეს ყველაფერი სულში კარგა ხნის წინათ დამარხული წარსულის გამოძახილი იყო. მეტი არაფერი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ თავის მშობლიურ ქალაქში ერთხელაც არ დაბრუნებულა. თუმცა ეკრანზე დანახული ნანგრევების პეიზაჟები მაინც აშიშვლებდნენ გულში შერჩენილ შეუხორცებელ ჭრილობებს. გიგანტურმა, სიკვდილისმთესველმა უბედურებამ შეუმჩნევლად, მაგრამ კარდინალურად შეცვალა მთელი მისი ცხოვრების სტილი. ძიუნპეი აქამდე ჯერ არ განცდილი გაუცხოების გრძნობამ შეიპყრო. მე არა მაქვს ფესვები, ფიქრობდა ძიუნპეი, ამიტომაც არსაით და არაფერი არ მეწევა.

    იმ დილით, როცა ზოოპარკში წასვლაზე იყვნენ შეთანხმებული, დარეკა ტაკაცუკიმ. სასწრაფოდ უნდა გაფრენილიყო ოკინავაზე – ექსკლუზიური ინტერვიუსთვის ამ პრეფექტურის გუბერნატორთან. გუბერნატორი როგორც იქნა დათანხმდა დაეთმო ჟურნალისტისთვის ერთი საათი.
    – მაპატიე, მაგრამ ზოოპარკში უჩემოდ წადით, – დათვს არ ეწყინება თუ მე არ ვიქნები.
    ძიუნპეი ზოოპარკში საიოკოსა და სარასთან ერთად წავიდა. სარა კისერზე შეისკუპა და დათვები აჩვენა.
    – ეს არის მასაკიტი? – იკითხა სარამ და თითით ვეებერთელა, კუპრივით შავ ჰიმალაიურ დათვზე უჩვენა.
    – არა, ეს მასაკიტი არ არის. მასაკიტი უფრო პატარაა და გონიერი სიფათი აქვს. ეს ჩხუბისთავი ტონკიტია.
    – ეი, ტონკიტი! – რამდენჯერმე შეუძახა სარამ დათვს. დათვი ყურადღებას არ აქცევდა. სარამ ძიუნპეის შეხედა და სთხოვა: – ძიუნ-ტიან, კიდევ მომიყევი რამე ტონკიტიზე.
    – გულახდილად რომ გითხრა, ტონკიტის შესახებ საინტერესო ამბები ცოტაა. ჩვეულებრივი დათვია. მასაკიტისგან განსხვავებით, ფულის დათვლა და ადამიანების ენაზე ლაპარაკი არ შეუძლია.
    – მაგრამ რაღაც კარგი ალბათ მაინც აქვს…
    – აქვს, როგორ არა აქვს, – თქვა ძიუნპეიმ. – შენ მართალი ხარ. ნებისმიერ ჩვეულებრივ დათვს რაღაც კარგი, თუნდაც სულ ცოტა, მაინც აქვს. ჰო, მართლა, სულ დამავიწყდა. აი ეს ტონტიკი…
    – თუ ტონკიტი? – მაშინვე შეუსწორა სარამ.
    – მაპატიე… აი ეს ტონკიტი ოსტატურად იჭერდა თევზებს. მდინარეში კლდეს ამოფარებული იდგა და ისე იჭერდა. ეს კი მხოლოდ მოხერხებულ დათვებს შეუძლიათ. ტონკიტი მაინცდამაინც ჭკვიანი დათვი არ არის, მაგრამ თევზს სხვებზე მეტს იჭერს. იმდენს, რომ ვერც კი გამოლევ. მაგრამ ადამიანებივით ვერ ლაპარაკობდა და ამიტომ ქალაქში წასვლა და გაყიდვაც არ შეეძლო.
    – მაგრამ ეს ხომ ძალიან ადვილია, – გაუკვირდა სარას, – ხომ შეეძლო მასაკიტისთვის თაფლზე გადაეცვალა. მასაკიტისაც ხომ იმდენი თაფლი აქვს, რომ ვერ გამოლევ.
    – ეგრეა. ზუსტად ეგრეა. ტონკიტიმაც ზუსტად ის გაიფიქრა, რაც სარამ. თაფლისა და თევზის გაცვლა დაიწყეს და უფრო კარგად გაიცნეს ერთმანეთი. ჰოდა, გაირკვა, რომ მასაკიტი სულაც არ ყოფილა უმეგობრო და უკარება, ტონკიტი კი – ჩხუბისთავი. აი ასე დამეგობრდნენ. შეხვდებოდნენ, დასხდებოდნენ და აქეთურ-იქეთურზე ლაპარაკობდნ. ერთმანეთს უყვებოდნენ თუ რამე საინტერესო იცოდნენ, არც ანეკდოტები ავიწყდებოდათ. ტონკიტი თევზს იჭერდა, მასაკიტი თაფლს აგროვებდა. მაგრამ ერთ დღეს – მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით – მდინარეში თევზი გაქრა.
    – მოწმენდილ ცაზე?
    – მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით. ესე იგი მოულოდნელად, – აუხსნა საიოკომ.
    – გამოდის, თევზი საერთოდ გაქრა, – შეწუხდა სარა. – მაგრამ რატომ?
    – თევზებმა ყრილობა მოიწვიეს და გადაწყვიტეს, რომ იმ მდინარეში აღარ შესულიყვნენ. არც იყო გასაკვირი – იქ ხომ სახელგანთქმული მეთევზე ტონკიტი ცხოვრობდა. ამის შემდეგ ტონკიტის არც ერთი თევზი აღარ დაუჭერია. ხანდახან თუ გაებმებოდა გამხდარი ბაყაყი. გამხდარ ბაყაყზე უარესი კი ქვეყნად არაფერია. რა უნდა ექნა?
    – საწყალი ტონკიტი, – თქვა სარამ.
    – მერე? – დაინტერესდა საიოკო, – ზოოპარკში გაამწესეს?
    – ოო, ეგ გრძელი ამბავია, – თქვა ძიუნპეიმ და ჩაახველა.
    – მაგრამ დაახლობით ეგრე იყო, არა?
    – და რა, მასაკიტი არ დაეხმარა? – იკითხა სარამ.
    – რა თქმა უნდა, სცადა დახმარება. ისინი ხომ განუყრელი მეგობრები იყვნენ. მეგობარი ხომ ამისთვის არის საჭირო. და აი მასაკიტიმ გადაწყვიტა თაფლი გაეყო მისთვის. ტონკიტიმ კი უთხრა: “ასე არ შეიძლება. არ ღირს ჩემი განებივრება”. მასაკიტიმ კი თქვა: “ჩვენ ხომ უცხოები არ ვართ ერთმანეთისთვის. ჩემ ადგილას შენც ასე მოიქცეოდი. რა, მართალს არ ვამბობ?”
    – ეგრეა, ეგრე, – კმაყოფილმა დაუკრა კვერი სარამ.
    – მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა, – ჩაერია საიოკო.
    – ჰო, დიდხანს არ გაგრძელებულა, – თქვა ძიუნპეიმ. – ტონკიტიმ თქვა: ჩვენ მეგობრებად უნდა დავრჩეთ. როცა ერთი იძლევა, მეორე კი მხოლოდ იღებს, ეს ნამდვილი მეგობრობა აღარ არის. მე ამ ტყეს გავეცლები მეგობარო, ახალ ადგილზე ვცდი ბედს. ოდესმე ისევ შევხვდებით ერთმანეთს და ისევ დავმეგობრდებით.” აი ასე მიუტყაპუნეს ერთმანეთს თათები და დაშორდნენ. მაგრამ გასცდა თუ არა ტონკიტი ტყეს, სულელი მაშინვე მონადირის დაგებულ მახეში გაება. ასე დაკარგა თავისუფლება, ასე აღმოჩნდა ზოოპარკში.
    – საწყალი ტონკიტი.
    – ნეთუ სხვა გამოსავალი არ იყო, ისეთი, რომ ყველას ბედნიერად ეცხოვრა? – ცოტა ხნის მერე იკითხა საიოკომ.
    – ჯერ არ მომიფიქრებია.

    იმ კვირასაღამოს სამივე საიოკოისთან, ასაგაიაში ვახშმობდა. საიოკო “კალმახს” ღიღინებდა, სპაგეტის ხარშავდა და ტომატის სოუსს ალღობდა. ძიუნპეი ლობიოსა და ხახვის სალათს ამზადებდა. ღვინო გახსნეს და ჭიქები შეივსეს. სარა ფორთოხლის წვენს სვამდა. სუფრა რომ აალაგეს, ძიუნპეი ისევ სურათებიან წიგნს უკითხავდა სარას. კითხვას რომ მორჩა, სარას ძილის დროც მოვიდა. მაგრამ სარას დაძინება არ უნდოდა.
    – დედა, შეიხსენი ლიფი! – უთხრა დედას. საიოკო გაწითლდა:
    – არა. გესმის რას ამბობ სტუმართან?
    – უცნაურია. რანაირი სტუმარია ძიუნ-ტიანი?
    – რა ხდება? – იკითხა ძიუნპეიმ.
    – ისეთი არაფერი. ერთი სულელური ფოკუსია.
    – დედა იხსნის ლიფს პირდაპირ, ტანსაცმლის გაუხდელად. მაგიდაზე დებს და ისევ იკეთებს. ცალი ხელით, მეორე მაგიდაზე უდევს. დროზე. დედას მაგრად გამოსდის.
    – აბა, რას ამბობ, სარა, – ჩაიბუზღუნა საიოკომ და თავი გადააქნია. – ესეთ თამაშებს მე და შენ მარტო ვთამაშობთ. ოჯახის საიდუმლო გინდა გასცე?
    – მაცდურად ჟღერს, – თქვა ძიუნპეიმ.
    – დედა, ძალიან გთხოვ, აჩვენე ძიუნ-ტიანს. ერთხელ მაინც. თუ აჩვენებ, მაშინვე წავალ დასაძინებლად.
    – რა უნდა გიყოს კაცმა? – თქვა საიოკომ. მაჯიდან ელექტრონული საათი შეიხსნა და სარას მისცა.
    – და მაშინვე წახვალ დასაძინებლად. როგორც კი ვიტყვი “დავიწყეთ”, იქიდან დაინიშნე. – საიოკოს შავი სქელი უსაყელი ჯემპრი ეცვა. ორივე ხელი მაგიდაზე დადო და: – ერთი… ორი… სამი… დავიწყეთ!
    ჯერ ხელი ჯემპრის სახელოში შემალა – კუსავით, თითქოს ზურგის მოფხანვას აპირებსო. მარჯვენა რომ ისევ გამოჩნდა ახლა იგივე მარცხენათი გაიმეორა. ოდნავ შეაბრუნა თავი და მარცხენა სახელოდან გამოაძვრინა. მუჭში თეთრი ლიფი ეჭირა. პატარა, სამაგრების გარეშე. საიოკომ ისევ შემალა სახელოში მარცხენა, ისევ გამოჩნდა. მერე მარჯვენამ ჩაყვინთა. ზურგზე გაირბინა და ისევ გამოძვრა სახელოდან. მორჩა. ორივე ხელი მაგიდაზე იდო.
    – ოცდახუთი წამი, – თქვა სარამ. – დედა, ახალი რეკორდია! აქამდე ყველაზე ჩქარა ოცდათექვსმეტი იყო.
    ძიუნპეიმ ტაში დასცხო:
    – მშვენიერია! ნამდვილი ჯადოქრობაა!
    სარამ ხელები დაატყაპუნა მაგიდაზე. საიოკო ადგა:
    – მორჩა, შოუ დამთავრებულია. აბა, ლოგინში!
    სანამ დაიძინებდა, სარამ ძიუნპეის ლოყაზე აკოცა.

    როგორც კი დარწმუნდა, რომ სარას ეძინა, საიოკო სასტუმრო ოთახში დაბრუნდა და დივანზე დაჯდა.
    – უნდა ვაღიარო, რომ ვიეშმაკე.
    – რას გულისხმობ?
    – ლიფი აღარ ჩამიცვამს. მოვაჩვენე, ვითომ ჩავიცვი. სახელოდან იატაკზე დავაგდე.
    – რა საშინელი დედაა, – გაიცინა ძიუნპეიმ.
    – დიდი ამბავი, უბრალოდ ახალი რეკორდის დამყარება მინდოდა, – თვალები მოჭუტა საიოკომ. კარგა ხანია ასე ბუნებრივად არ გაუღიმია. თითქოს ნიავმა შეარხია ფარდები, ისე იცვალა დროის ღერძმა ადგილი. ძიუნპეიმ მხარზე შეახო ხელი საიოკოს. საიოკო მიეკრო ხელს. დივანიდან არ ამდგარან, ერთმანეთს მოეხვივნენ. ერთი კი გაუელვა ფიქრმა ძიუნპეის – ცხრამეტის რომ იყო, მას მერე სულ არაფერი არ შეცვლილიყო, საიოკოს ტუჩებს ისევ ის ნაზი სურნელი ჰქონდა.
    – ჩვენ თავიდანვე ასე უნდა მოვქცეულიყავით, – ჩუმად თქვა საიოკომ, როცა ლოგინში გადაინაცვლეს. ოღონდ შენ ეს არ გესმოდა. არაფერი არ გესმოდა მაშინ. სანამ მდინარიდან სულ არ გაქრა თევზი.
    ტანისამოსი გაიხადეს და ჩუმად ჩაეკვრნენ ერთმანეთს. უხერხული მოფერება – თითქოს გოგო და ბიჭი ცხოვრებაში პირველად იწვნენ ერთად. საკმაო დრო დასჭირდათ რომ დარწმუნებულიყვნენ და ძიუნპეიმ ნელა, ძალიან ნელა და ფრთხილად მოსინჯა. წინააღმდეგობა არ უგრძვნია, პირიქით, თითქოს იტყუებდნენ, მოუხმობდნენ. მაგრამ მაინც არ სჯეროდა, რომ ეს სინამდვილეში ხდებოდა. თითქოს ხელის ცეცებით მიიკვლევდა გზას ნახევრად სიბნელეში უკაცურ და უსასრულო ხიდზე. საიოკო მის ყოველ მოძრაობას პასუხობდა. რამდენჯერმე ძიუნპეის გათავება უნდოდა, მაგრამ თავი შეიკავა. ეშინოდა, გაათავებს და სიზმარიც აორთქლდება, გარშემო კი ყველაფერი გაქრება.
    მაგრამ ამ დროს სადღაც ზურგს უკან რაღაცამ გაიჭრიალა. საძინებლის კარი გაიღო და დაჭმუჭნულ ლოგინს დერეფნიდან სინათლე დაეცა. ძიუნპეი წამოიწია, შებრუნდა და კარის ღიობში სარა დაინახა. საიოკომ ჩუმად შეჰკივლა, ძიუნპეი ფრთხილი ხელისკვრით მოიშორა, ზეწარი მკერდზე აიფარა და თმა გაისწორა.
    მაგრამ სარა არ ტიროდა, ისტერიკისა არაფერი ეტყობოდა. იდგა, კარის სახელურზე ეკიდა ხელი მაგრად და მათ შესცქეროდა. და ვერაფერს ხედავდა. თვალები სიცარიელეს მიშტერებოდა.
    – სარა, – ჩუმად დაუძახა საიოკომ.
    – ძიამ მითხრა, რომ აქ მოვსულიყავი, – მონოტონურად, თითქოს ეს ეს არის ძილს გამოსტაცესო, ჩამარცვლა სარამ.
    – ძიამ? – იკითხა საიოკომ.
    – ძია-მიწისმნჯღრეველმა, – თქვა სარამ. – მოვიდა ძია-მიწისმნჯღრეველი, გააღვიძა სარა და დედასთან გამოგზავნა იმის სათქმელად, რომ კოლოფს სახურავი მოვხადე და გელოდებითო. ასე უთხარი, მიხვდებაო.

    იმ ღამეს სარას საიოკოს ლოგინში ეძინა. ძიუნპეიმ ერთი პლედი აიღო და სასტუმრო ოთახში დივანზე მოეწყო. ვერაფრით ვერ მოახერხა დაძინება. დივანის წინ ტელევიზორი იდგა. ერთხანს ბრმად მისჩერებოდა მკვდარ ეკრანს. იქ, სიღრმეში ისინი არიან. ყუთს სახურავი ახადეს და იცდიან. ზურგზე ჟრჟოლამ ჩაურბინა. ძიუნპეი იცდიდა, მაგრამ შეგრძნებამ არ გაუარა.
    მაშინ დაძინების მცდელობას თავი დაანება, სამზარეულოში გავიდა და ყავა მოიდუღა. იჯდა და ნელა წრუპავდა მწარე სითხეს. ფეხი რაღაცას წამოსდო. საიოკოს ლიფი. ისევ იატაკზე ეგდო. ძიუნპეიმ ლიფი აიღო და სკამის საზურგეზე ჩამოკიდა. ტუალეტის უბრალო, თეთრი უსიცოცხლო ნივთი. სულ პატარა ზომის. სკამზე დაკიდებული დილის ბინდ-ბუნდში შორეული წარსულიდან შემოღეტებულ ანონომურ მოწმეს ჰგავდა.
    ძიუნპეიმ ის დრო გაიხსენა, როცა ის ის იყო მოეწყო უნივერსიტეტში. ტაკაცუკისთან პირველი შეხვედრა. მისი ხმაც გაიგონა: “მოდი სადმე წავიდეთ, ვისადილოთ”. საოცრად თბილი ხმა. ძველი მეგობრის სახეზე ღიმილი კიაფობს, როცა ნაცნობ სახეს ხედავს: “ეი, მოეშვი ცოტა, მსოფლიო სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება”. სად წავედით მაშინ? აი ეს კი ძიუნპეიმ ვერა და ვერ გაიხსენა. თუმცა რა მნიშვნელობა აქვს…
    – რატომ დამპატიჟე სადილად? – ჰკითხა მაშინ ძიუნპეიმ. ტაკაცუკიმ გაიღიმა, როგორღაც თავდაჯერებულმა მიიკაკუნა თითი საფეთქელზე და თქვა:
    – საოცარი ტალანტი მაქვს ყველგან და ყოველთვის სწორად ვიპოვო მეგობრები.
    ტაკაცუკი არ ცდებოდა, გაიფიქრა ძიუნპეიმ, თან ყავის ფინჯანს ათვალიერებდა. მართლა ჰქონდა ამის ნიჭი. თუმცა ეს საკმარისი არ არის. კარგი მეგობრების პოვნა და მთელი გრძელი ცხოვრების მანძილზე მათი სიყვარული ერთი და იგივე არ არის. ძიუნპეიმ თვალები დახუჭა და უკვე ჩავლილ წლებზე დაფიქრდა. არ უნდოდა ისე გამოსულიყო, რომ ამოდენა დრომ სრულიად უაზროდ ჩაიარა.
    საიოკო გაიღვიძებს და მაშინვე ვთხოვ ცოლად გამომყვეს. გადაწყვიტა ბოლოს და ბოლოს. ძიუნპეი აღარ ყოყმანობდა. ერთ წუთსაც აღარ დავკარგავ. ფრთხილად, უხმაუროდ შეაღო საძინებლის კარი და პლედში გახვეულ სარასა და საიოკოს შეხედა. სარა დედასთან ზურგშექცევით იწვა, საიოკოს მხარზე ჰქონდა ხელი მოხვეული. ძიუნპეი ბალიშზე გაშლილ საიოკოს თმას შეეხო, სარას ვარდისფერ ლოყაზე მოუთათუნა თითი. არც ერთი არ ინძრეოდა. ძიუნპეი საწოლის გვერდით, ხალიჩაზე დაჯდა, კედელს მიეყრდნო და საგუშაგოდ მოეწყო.
    საათის ისრებს შესცქეროდა კედელზე თან სარასთვის ამბის გაგრძელებაზე ფიქრობდა. მასაკიტიზე და ტონკიტიზე. ჯერ ამ ვითარებიდან გამოსავალი უნდა იპოვოს. ტონკიტი აი ასე, ვითომც არაფერიო, არ უნდა ჩაამწყვდევინოს ზოოპარკში. ვიღაცამ უნდა უშველოს. ძიუნპეი თავიდან გამოჰყვა ფიქრით მთელ მონათხრობს და უცებ რაღაც იდეაც გაჩნდა. კვირტი ყვავილად იქცა, მერე ნაყოფად და კონკრეტული ფორმაც გამოიკვეთა.

    ტონკიტიმ მოიფიქრა მასაკიტის თაფლისგან ღვეზელების გამოცხობა. ცოტა წაივარჯიშა და მიხვდა, რომ მასში მცხობელის ტალანტი თვლემდა. მასაკიტის კი თაფლის ღვეზელები ქალაქში მიჰქონდა და ჰყიდდა. ადამიანებს მოეწონათ თაფლის ღვეზელები და თვალის დახამხამებაში აცარიელებდნენ დახლს. ახლა აღარ იყო აუცილებელი ცალ-ცალკე ცხოვრება. არც არაფერი აკლდათ თავიანთ ტყეში და მეგობრებადაც დარჩნენ.

    სარას აუცილებლად მოეწონება ამ ისტორიის ახალი ბოლო. საიოკოსაც.
    მოდი რაღაც ისეთს დავწერ, რაც არ ემგვანება არც ერთ აქამდე დაწერილს, გაიფიქრა ძიუნპეიმ. ამბავს იმაზე, რომ ვიღაცას ღამით სძინავს და სიზმარში მოუთმენლად ელის როდის გაილევა ღამე, რათა რაც შეიძლება ჩქარა ჩაიკრას გულში საყვარელი ადამიანები ამომავალი მზის პირველივე სხივებზე. მაგრამ მანამდე აქ უნდა ვიჯდე და ამ ორი ქალის ძილს ვუდარაჯო. ვინც არ უნდა იყოს, ამ ვიღაცას უფლებას არ მივცემ რაღაც ყუთში ჩაამწყვდიოს ქალები. ზეცაც რომ ჩამოიქცეს, მიწამაც რომ დააღოს ღრიალით პირი…

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

  • პროზა (თარგმანი)

    მარკიზ დე სადი – ოგუსტინ დე ვილბლანში ანუ სასიყვარულო თვალთმაქცობა

    ბუნების ანომალიათაგან ერთობ ყბადაღებული და ყველაზე უცნაურად მიჩნეული იმ ფსევდო-ფილოსოფოსთა მიერ, რომელთაც ყველაფრის გაანალიზება სწადიათ და ბოლომდე მაინც ვერაფერს ხვდებიან ხოლმე, – საუკეთესო მეგობარს ეუბნებოდა, ერთ მშვენიერ დღეს, მადმუაზელ დე ვილბლანში, ვის შესახებაც სწორედ ახლა მოგითხრობთ, – ის უცნაური ლტოლვაა, რომელიც თავისებური აზროვნებისა თუ ტემპერამენტის მქონე ქალებს მათივე სქესის არსებათა მიმართ გაუჩნდათ. თუმცა კი უკვდავ საფომდეც და მისი ეპოქის შემდეგაც ძნელად თუ ვიპოვით მსოფლიოს რომელიმე კუთხეს, რომელიმე ქალაქს, სადაც ამგვარი მიდრეკილების მქონე ქალები არ დაბადებულან და ასეთი საფუძვლიანი მტკიცებულებების გათვალისწინებით, განა გაცილებით გონივრული არ იქნებოდა, რომ თავად ბუნება დაგვედანაშაულებინა მეტად უცნაურ თავშექცევაში და არა ეს ქალები – ბუნების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში? არადა, მათ მუდამ ჰკიცხავდნენ და რომ არ ყოფილიყო ის შეუვალი წინააღმდეგობა, რითიც ჩვენი სქესი ყოველთვის გამოირჩეოდა, ვინ იცის, მოიფიქრებდა თუ არა ვიღაც ჟაკ კუჟასი, ვინმე ბარტოლ დე სასოფერატო ან მავანი ლუი მე-9 იმ კანონებს, რომელთა წყალობითაც ამ მგრძნობიარე და უბედურ არსებებს კოცონზე დაწვავდნენ. მათ ხომ ეგონათ, რომ ეს კანონები იმ კაცებსაც თანაბრად განსჯიდა, რომლებიც ასეთივე მანკიერი თავისებურებით გამოირჩეოდნენ და ამ უკანასკნელთ, თავის მხრივ, ალბათ სრულიად კეთილშობილური მიზნები ამოძრავებდათ, როცა ფიქრობდნენ, ერთმანეთის მშვენივრად გვესმის და სხვა არც აღარავინ გვჭირდებაო. ისიც კი წარმოიდგინეს, თითქოს სექსუალური კავშირი, რაც ესოდენ უცილებელია გამრავლებისთვის, შეიძლებოდა სულაც არ ყოფილიყო ასეთივე მნიშვნელოვანი სიამოვნების მიღებისთვის. არსთა გამრიგეს ნამდვილად არ მოეწონება, ამ საქმეში თუ ჩავერევით, არა, ძვირფასო? – განაგრძობდა საუბარს მშვენიერი ოგუსტინ დე ვილბლანში და დროდადრო ნაზად ჰკოცნიდა მეგობარ ქალიშვილს, რომელიც ოდნავ ეჭვნარევი მზერით შეჰყურებდა, – კოცონზე დაწვის, ზიზღის, სარკაზმის, ანუ იმ იარაღის გამოყენების ნაცვლად, ჩვენს დროში რომ მთლად დაბლაგვებულა, განა უკიდურესად მარტივი არ იქნებოდა, რომ ყველას საკუთარი გულის კარნახით განეხორციელებინა ის ქმედება, რომლის მიმართაც საზოგადოება სრულ გულგრილობას ამჟღავნებს, რაც ასე სულერთია ღმერთისთვის და ალბათ უფრო მეტად სასარგებლოა ბუნებისთვის, ვიდრე გვგონია… რატომ უნდა გვეშინოდეს ამ გადახრის? ნამდვილი ბრძენკაცის თვალში, შესაძლოა იგი სხვა უფრო დიდ გადახრებზე მიანიშნებდეს, თუმცა ვერასდროს დამიმტკიცებენ, რომ ამ ყველაფერს სერიოზული საფრთხის გამოწვევა შეუძლია… ოჰ, ღმერთო ჩემო, ნუთუ იმის ეშინიათ, რომ ერთისა თუ მეორე სქესის გადახრები და ახირებები მთელს სამყაროს დაღუპავს, ადამიანთა უძვირფასეს მოდგმას გააუფასურებს და მათი ეგრედ წოდებული დანაშაული სრულად აღგვის მას პირისაგან მიწისა იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი ვეღარ გამრავლდება? თუ დავფიქრდებით, იოლად მივხვდებით: ყველა თითქოსდა გზააბნეული სული სრულიად უმნიშვნელოა ბუნებისთვის და ის არა მხოლოდ არ განსჯის მათ, არამედ ათასობით მაგალითითაც გვიმტკიცებს, რომ მისთვის ისინი ბოლომდე მისაღებნი არიან და ეს გზააბნეულები რომ აღიზიანებდნენ, განა შეიწყნარებდა ათასობით შემთხვევაში? მისთვის გამრავლება რომ უმთავრესი იყოს, ნუთუ ქალს უფლებას მისცემდა, რომ მხოლოდ მესამედი სიცოცხლე მოეხმარებინა ამ საქმისთვის და ექნებოდა კი ბუნების წიაღში შობილ არსებათა ნახევარს იმავე გამრავლების საპირისპირო ლტოლვა, რასაც მისი კანონები მაინც ჯიუტად ითხოვენ? უკეთ რომ ვთქვათ, ადამიანები განგების ნებით მრავლდებიან, მაგრამ იგი სულ მცირედითაც არ ავალდებულებს მათ და რა თქმა უნდა, ყოველთვის მრავლად გამოჩნდებიან ისეთი სულდგმულნი, რომლებსაც ამგვარი ვალდებულება არ შეაწუხებთ. ის არც იმ ხალხის მიდრეკილებებს ზღუდავს, ვისაც გამრავლება არ დაუსახავს მთავარ მიზნად და თვით ეს აზრიც კი ზიზღსა ჰგვრის. დაე, განაგოს ყველაფერი ამ გულმოწყალე დედამ, ვირწმუნოთ, რომ მისი შესაძლებლობები ამოუწურავია და ჩვენი საქციელით მას ოდნავადაც ვერ შევურაცხყოფთ, ხოლო იმ დანაშაულის ჩადენა, ბუნების კანონებს რომ დაარღვევდა, ნამდვილად არ ხელგვეწიფება.
    მადმუაზელ ოგუსტინ დე ვილბლანში, რომლის საუბარშიც ერთგვარი ლოგიკა დავინახეთ, ოცი წლის ასაკში საკუთარი თავის ბატონ-პატრონი გახლდათ: მისი წლიური შემოსავალი 30 000 ლივრს შეადგენდა და თავისებური მიდრეკილებების გამო, გადაეწყვიტა, რომ არასდროს გათხოვილიყო. იგი კეთილშობილი ბრძანდებოდა, თუმცა წარჩინებულ გვარს ნამდვილად არ ეკუთვნოდა. ინდოეთში გამდიდრებული კაცის შვილი იყო, რომელმაც გამგზავრებისას შინ პატარა გოგონა დატოვა, მაგრამ მერე ისე გარდაიცვალა, რომ ქალიშვილის გათხოვება ვერ მოასწრო. უნდა ვაღიაროთ, რომ მასაც ხშირად ჰქონია ისეთივე სახის ახირებები, სულ ცოტა ხნის წინ ოგუსტინი რომ ხოტბას ასხამდა – ზიზღით, რასაც ქორწინების მიმართ განიცდიდა. არ ვიცი, რა იყო მიზეზი: პრინციპები თუ განათლება, სასქესო ორგანოს თავისებური მდებარეობა თუ მხურვალე სისხლი (ის მადრასში გახლდათ დაბადებული), ბუნების კარნახი, თუ რაც გნებავთ, ის იფიქრეთ – მადმუაზელ დე ვილბლანშს კაცები სძულდა და მთლიანად გაეტაცებინა იმას, რაც უმანკო ყურებს “ლესბოსელობად” მოესმით ხოლმე. მას მხოლოდ საკუთარი სქესის არსებები აღელვებდნენ და ყოველგვარ წყურვილს სწორედ ამ გრაციებთან იკმაყოფილებდა, ამური კი ჭირივით სძულდა.
    ოგუსტინი დიდ დანაკარგს წარმოადგენდა კაცებისთვის: ტანმაღალი, თვალწარმტაცი, უმშვენიერესი წაბლისფერი თმით, ოდნავ კეხიანი ცხვირით, უბადლო ტუჩ-კბილითა და ისეთი მეტყველი, ისეთი ცოცხალი თვალებით… კანიც ისეთი ქათქათა და ნაზი ჰქონდა… მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ყველაფერი წარმოუდგენლად ვნებისამშლელ სურათს ქმნიდა. რასაკვირველია, როგორც კი თვალს შეავლებდნენ მას, ვინც მთლიანად სიყვარულისთვის იყო შექმნილი და ვისაც მტკიცედ გადაეწყვიტა, კაცებისგან მცირედიც არაფერი მიეღო, ბუნებრივად იქმნებოდა გარემოებანი, სადაც ოგუსტინს მისი მიდრეკილების მისამართით გამოთქმული უამრავი სარკასტული შენიშვნისთვის ყურის მოყრუება უწევდა. ეს თავისებურება საკმაოდ უმნიშვნელო რამ იყო, თუმცა კი სიყვარულის ქალღმერთის საკურთხეველზე მსხვერპლშეწირვის უფლებას არ აძლევდა სამყაროს ერთ-ერთ ქმნილებათაგანს, ანუ მას, ვინც პირველ ყოვლისა, იმისთვის შეექმნა გამჩენს, რომ კაცების მსახური გამხდარიყო – რაც უდავოდ გუნება-განწყობილებას უფუჭებდა ვენერას ტაძრის მსახურებს. მადმუაზელ დე ვილბლანში გულიანად იცინოდა ყველა ამ საყვედურსა თუ ბინძურ ჭორზე და სულაც არ აპირებდა საკუთარ ახირებებზე უარის თქმას.
    – უდიდეს სისულელეს მაშინ ჩავიდენთ, – ამბობდა იგი, – თუ იმ გადახრების გამო გავწითლდებით, რომლებიც ბუნებამ გვიბოძა და განსხვავებული გემოვნების გამო დავცინებთ ვინმეს. ეს ისეთივე ბარბაროსული საქციელი იქნება, როგორც იმ კაცისა თუ ქალის გამასხარავება, დედის მუცლიდან ელამი ან სულაც კოჭლი რომ დაიბადა. გიჟებს თუ მოვთხოვთ, ამიერიდან კეთილგონივრული პრინციპებით იცხოვრეთო, რაღა ეს და რაღა პლანეტების მსვლელობის შეჩერების მცდელობა! ერთგვარი ამპარტავნული სიამოვნებაც არის იმაში, როცა სხვებს იმ ნაკლის გამო დავცინით, რაც თვითონ არა გვაქვს და ეს სიამოვნება ისეთი ტკბილია კაცისათვის, განსაკუთრებით სულელებისთვის, რომ იშვიათად თუ ვინმე იტყვის უარს… სხვათაშორის, აქედან ჩნდება ავსიტყვაობა, ღვარძლიანი ნაკვესები, ბანალური კალამბურები და საზოგადოებისთვის, ანუ ერთად თავმოყრილ იმ არსებათათვის, მოწყენილობა რომ ჰკლავთ და სისულელე ჰკვებავთ, ისეთი სასიამოვნოა, ორი-სამი საათი რომ ლაპარაკობენ და არც არაფერს ამბობენ, ისეთი ძვირფასია, როცა სხვების ხარჯზე ბრწყინავენ, ულმობლად ჰკიცხავენ და ნათელს ჰფენენ ამა თუ იმ ნაკლს, რისგანაც თავად ასე შორს არიან… ეს ხომ თავისებური ხოტბაა, რომელსაც ისინი საკუთარ თავს მალულად აღუვლენენ, რადგან მხოლოდ ამის საფასურად თუ გამონახავენ საერთო ენას და შეთქმულების მონაწილეებივით დაახლოვდებიან, რათა ბოლომდე გასრისონ ადამიანი, რომლის ყველაზე დიდი შეცდომაც ის არის, რომ მოკვდავთა უმრავლესობასავით არ ფიქრობს – როგორც შეუძლიათ, ტვინს იჭყლეტენ, ამ ქმედებით კი ისინი საბოლოოდ ამტკიცებენ, რომ მეწვრილმანეები და სულელები არიან.
    ასე ფიქრობდა მადმუაზელ დე ვილბლანში და მტკიცედ გადაეწყვიტა, თავი არასდროს არაფრით შეეზღუდა, ჭორებისთვის კი ყურადღება არ მიექცია. ის საკმარისად მდიდარი იყო იმისთვის, რომ მარტოსაც მშვენივრად და უზრუნველად ეცხოვრა, საკუთარ რეპუტაციაზე ამაღლებულიყო, ეპიკურეანელთა მსგავსად, მიწიერი ვნებებით სავსე სიცოცხლე მიზნად დაესახა და ზეციურ ნეტარებაზე საერთოდ არ ეფიქრა, რისიც ერთობ მცირედ სწამდა, კიდევ უფრო მცირედ კი უკვდავებისა სჯეროდა, რაც მეტად ეფემერული ეჩვენებოდა. მასავით მოაზროვნე ქალთა მცირე წრის გარემოცვაში, ძვირფას ოგუსტინს უბრალოდ და მარტივად გაიტაცებდა ხოლმე ყველა ის ვნება, რაც უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა. თაყვანისმცემლები მრავლად ჰყავდა, მაგრამ მათ ისე ცუდად ეპყრობოდა, რომ, საბოლოოდ, მისი გულის დატყვევებაზე ყველა უარს ამბობდა. ამ დროს კი ერთ ყმაწვილს, გვარად ფრანვილს, საკმაოდ შეძლებულსა და მასზე მეტად თუ არა, ნაკლებად მდიდარსაც არა, თავდავიწყებით შეუყვარდა იგი. ოგუსტინის სიმკაცრემ ვაჟი სულ ოდნავადაც ვერ დააფრთხო, პირიქით, უფრო სერიოზულად გადააწყვეტინა, რომ ფეხი არ მოეცვალა, სანამ მის გულს არ მოინადირებდა. როცა მოქმედების გეგმა მეგობრებს გაანდო, ამ უკანასკნელთ მწარედ დასცინეს, მაგრამ ის მაინც ამტკიცებდა, წარმატებას აუცილებლად მივაღწევო. მეგობრები ისევ არ უჯერებდნენ. ჰოდა, ისიც საქმეს შეუდგა. ფრანვილი ორი წლით უმცროსი იყო მადმუაზელ დე ვილბლანშზე – მოხდენილი აგებულების ყმაწვილი, თითქმის უწვერული, სახის დახვეწილი ნაკვთებით, მსოფლიოში უმშვენიერესი თმით. როცა გოგოსავით ჩააცმევდნენ და მოკაზმავდნენ, ამ სამოსს ისე მოიხდენდა ხოლმე, რომ ორივე სქესის წარმომადგენლებს თავგზას უბნევდა და როგორც ხშირად მომხდარა, ერთნი ჭკუიდან იშლებოდნენ, ხოლო მეორენი – რა თქმა უნდა, სრულიად რეალურად – ისე მხურვალედ უხსნიდნენ სიყვარულს, რომ მას იმავე დღეს შეეძლო გამხდარიყო ანტინოოსი რომელიმე ადრიანესთვის ან ადონისი რომელიმე ფსიქესთვის. აი, ამ გზით სურდა ფრანვილს მადმუაზელ დე ვილბლანშის შეცდენა. ახლა ვნახოთ, როგორ გაართვა თავი ამ ამოცანას.
    ოგუსტინს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა, როცა კაცის სამოსს ჩაიცვამდა და კარნავალზე მოწვეულ სტუმრებს შორის ამგვარად გადაცმული დასეირნობდა, რაც მშვენივრად შეეფერებოდა მის გემოვნებას. ფრანვილმა, ვინც სატრფოს ყოველ ნაბიჯს უთვალთვალებდა და ვისაც აქამდე იმდენი სიფრთხილე გამოეჩინა, რომ ქალის მხედველობის არეში თითქმის არ მოხვედრილიყო, ერთ დღესაც შეიტყო: მისი უძვირფასესი არსება, საღამოს, იმ მეჯლისზე წასვლას აპირებდა, რომელსაც ოპერას მოყვარულთა წრე მართავდა. იქ ყველა ნიღბოსანი თავისუფლად შევიდოდა და ამ მიმზიდველი ქალიშვილის ჩვეულების თანახმად, იგი დრაგუნთა კაპიტნად გადაცმული გამოცხადებოდა. ვაჟმაც ქალივით ჩაიცვა, მოიკაზმა, ყველანაირად მოირთო და მოკოხტავდა, სახეზე ფერუმარილი წაისვა, ნიღაბზე უარი თქვა და ერთ-ერთი დის თანხლებით, რომელიც მასზე გაცილებით ნაკლებად მომხიბლავად გამოიყურებოდა, ამგვარად სახეცვლილი გამოცხადდა იმ თავყრილობაზე, სადაც მშვენიერი ოგუსტინი მხოლოდ საკუთარი ბედის საძიებლად მისულიყო.
    ფრანვილმა ვერც კი მოასწრო დარბაზისთვის სამჯერ შემოევლო, რომ ოგუსტინის მახვილმა თვალმა უმალვე შენიშნა.
    – ვინ არის ეს მშვენიერი გოგონა? – ჰკითხა მადმუაზელ დე ვილბლანშმა თანხმლებ მეგობარ ქალიშვილს, – მგონი, აქამდე არსად მინახავს. როგორ შეიძლებოდა ასეთი მომხიბლავი ქმნილება ყურადღების მიღმა დაგვრჩენოდა?
    ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე ოგუსტინმა ყველა ღონე იხმარა, რომ საუბარი გაება ამ ცრუ მადმუაზელ დე ფრანვილთან, რომელიც თავიდან თითქოს გაურბოდა, ზურგს უჩვენებდა, თავს არიდებდა, ხელებიდან ეცლებოდა და ამ ყველაფერს მხოლოდ იმისთვის აკეთებდა, რათა უფრო სასურველი გამხდარიყო. ბოლოს ოგუსტინი მაინც გამოელაპარაკა, ბანალური ფრაზებით – საუბრის გასაბმელად, რომელიც თანდათან უფრო და უფრო საინტერესო გახდა.
    – მეჯლისზე საშინლად ცხელა, – გადაულაპარაკა მადმუაზელ დე ვილბლანშმა, – მოდი, ცოტა ხნით დავტოვოთ ჩვენი თანმხლები ქალიშვილები და სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად ერთ-ერთ ოთახში გავიდეთ, სადაც გავერთობით და გავგრილდებით კიდეც.
    – ოჰ, ბატონო! – მიუგო ფრანვილმა, რომელიც თვალთმაქცობას განაგრძობდა, თითქოს მადმუაზელ დე ვილბლანშს კაცად თვლიდა, – სიმართლე თუ გნებავთ, ვერ ვბედავ. აქ მხოლოდ და მახლავს, მაგრამ ვიცი, რომ დედაჩემი უნდა მოვიდეს ჩემს საქმროსთან ერთად და ან ერთმა, ან მეორემ რომ დამინახოს თქვენთან ერთად, ისეთი ამბავი დატრიალდება…
    – კარგი, კარგი, ოდნავ მაინც უნდა დასძლიოთ ეს ბავშვური შიშები… რამდენი წლის ხართ, უმშვენიერესო ანგელოზო?
    – თვრამეტის, ბატონო.
    – ჰოდა, იცით, რას გეტყვით: თვრამეტი წლის ასაკში ნამდვილად უნდა მოიპოვოთ იმის უფლება, რომ ყველაფერი აკეთოთ, რაც გსურთ… წამოდით, წამოდით, გამომყევით და საერთოდ არაფრის შეგეშინდეთ.
    ფრანვილი მორჩილად მიჰყვა მას.
    – რაო, მომხიბლავო ქმნილებავ, – განაგრძობდა ოგუსტინი და სამეჯლისო დარბაზზე მიშენებული ოთახებისკენ მიუძღოდა მას, ვინც ისევ ქალიშვილი ეგონა, – მართლა აპირებთ გათხოვებას? როგორ მებრალებით… და ვინ არის ის კაცი, ვისზეც გათხოვებენ? ალბათ ერთი აბეზარი ვინმეა, ჰო, ასე მგონია… ეჰ, რა ბედი ჰქონია იმ კაცს და როგორ მინდა, მის ადგილას ვიყო! თანახმა იქნებოდით, რომ მე გამომყოლოდით ცოლად? გულწრფელად მითხარით, ზეციურო არსებავ.
    – ოჰ, ბატონო, ხომ იცით, განა იოლია გულის კარნახს მიჰყვე, როცა ასეთი ნორჩი ხარ?
    – ჰო, კარგი, მაგრამ ადექით და უარით გაისტუმრეთ ის ნაძირალა, ჩვენ კი უფრო ახლოს, უფრო ინტიმურად გავიცნოთ ერთმანეთი და თუ შესაფერისნი აღმოვჩნდებით… და რატომაც ვერ უნდა შევეწყოთ? ღვთის წყალობით, არავის ნებართვა არ მჭირდება და მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ოცი წლის ვარ, ჩემს ქონებას სრულად განვკარგავ, ხოლო თუ თქვენს მშობლებს ჩემდამი კეთილად განაწყობთ, ალბათ ერთი კვირაც არ იქნება გასული, რომ ორივენი სამუდამო უღელში გავყოფთ თავს.
    ასეთი მუსაიფით გამოვიდნენ დარბაზიდან და მოხერხებულმა ოგუსტინმა, რომელიც იქ თავის ნადავლს ნამდვილად ვერ მიესიყვარულებოდა, ყველაფერი გაითვალისწინა და იგი მეტად მოშორებულ ოთახში შეიყვანა, სადაც, მეჯლისის მესვეურებთან მოთათბირების შედეგად, ყოველთვის შეეძლო საყვარელთან განმარტოება.
    – ოჰ, ღმერთო! – წამოიყვირა ფრანვილმა, – როცა დაინახა, რომ ოგუსტინმა კარი დაკეტა, ის კი მკლავებში მოიქცია, – ღმერთო ჩემო, რას შვრებით?… აქ მარტონი ვართ, ბატონო, და თან ასეთ მოშორებულ ადგილას… გამიშვით, გამიშვით, გევედრებით, თუ არადა ამ წამსვე საშველად მოვუხმობ ვინმეს.
    – ახლავე ძალას გამოგაცლი, ანგელოზო, – წამოიძახა ოგუსტინმა და ფრანვილის ბაგეებს მშვენიერი ტუჩებით დააკვდა, – იყვირე ახლა, იყვირე თუ შეგიძლია და შენი ვარდისებრი სუნთქვის უწმინდესი ნაკადი უმალ ჩემს გულში დანთებულ ცეცხლს ააგიზგიზებს.
    ფრანვილი თავს საკმაოდ სუსტად იცავდა: ძნელია მართლა გაბრაზდე, როცა უნაზესი პირველი კოცნით გასაჩუქრებს ის, ვისაც აღმერთებ. წახალისებული ოგუსტინი კი უფრო და უფრო მგზნებარედ, იმგვარი შემართებით უტევდა, რაც, სინამდვილეში, მხოლოდ იმ არაჩვეულებრივ ქალებს ახასიათებთ, თავისებურად განვითარებული ფანტაზიით რომ გამოირჩევიან. ფრანვილს მალევე მოუდუნდა ხელები და უკვე იმ ქალის თამაში განაგრძო, რომელიც თანდათან ნებდება, თუმცა თვითონაც სიამოვნებით უფათურებდა ხელებს მადმუაზელ დე ვილბლანშს. ტანსაცმელი ორივემ სწრაფად გაიძრო და მათი თითები თითქმის ერთდროულად შეეხო იმ ადგილებს, სადაც თითოეულს იმის პოვნის იმედი ჰქონდა, რაც ეგულებოდა… ჰოდა, ფრანვილმაც მაშინვე შეიცვალა როლი:
    – ოჰ, ღმერთო ჩემო, – წამოიყვირა მან, – ქალი ყოფილხართ…
    – ამაზრზენო ქმნილებავ, – აღმოხდა ოგუსტინს, როცა ხელით მოსინჯა ის, რისი მდგომარეობაც სულ მცირე ეჭვის საფუძველსაც არ იძლეოდა, – ნუთუ ამდენი იმისთვის ვიტანჯე, რომ ეს ნაძირალა შემრჩენოდა ხელში… რა უბედური ვარ.
    – სიმართლე თუ გინდათ, ჩემზე მეტად უბედური არ ხართ, – მიუგო ფრანვილმა, რომელიც მოწერიგდა და თან თითქოს უღრმეს ზიზღს გამოხატავდა, – მხოლოდ იმისთვის თუ გადავიცვამ ხოლმე, რომ კაცები შევაცდინო. ისინი მიყვარს, მათ დავეძებ და ამ დროს ამ ბოზს არ წავაწყდი…
    – ოჰ, ბოზს არა, – ნაღვლიანად ჩაილაპარაკა ოგუსტინმა, – ჩემს სიცოცხლეში, ამგვარი რამ არასდროს ჩამიდენია და როცა კაცები გძულს, ასე არ უნდა მოგექცნენ…
    – რა, ქალი ხართ და კაცები გძულთ?
    – ჰო, და ეს იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც თქვენ კაცი ხართ და ქალები გძულთ.
    – იშვიათი შეხვედრაა! აი, სულ ეს არის, რისი თქმაც შეიძლება.
    – ჩემთვის ძალიან უსიამოვნო, – მიუგო ოგუსტინმა გაღიზიანების იოლად შესამჩნევი ნიშნებით.
    – სინამდვილეში, უფრო მეტად საწყენი ჩემთვისაა, მადმუაზელ, – მიმართა დაძმარებულმა ფრანვილმა, – თქვენ მე გამსვარეთ და ამ ლაქას სამი კვირის მანძილზე ვერ ჩამოვირეცხავ. არ იცოდით, რომ ჩვენს წრეში აღთქმას ვდებთ, ქალს არასდროს შევეხოთ?
    – მგონია, ყოველგვარი ღირსების შელახვის გარეშე შეგიძლიათ ჩემისთანას შეხება.
    – დამიჯერეთ, ლამაზო, – განაგრძო ფრანვილმა, – გამონაკლისის დასაშვებად სერიოზულ საფუძველს ვერ ვხედავ და არ მესმის, რატომ უნდა ჩაგეთვალოთ ნაკლი ღირსებად.
    – ნაკლი… განა თქვენ უნდა მსაყვედურობდეთ, როცა თავადაც არანაკლებ სამარცხვინო ნაკლი გაქვთ?
    – ნუ ვიჩხუბებთ, – უთხრა ფრანვილმა, – ორივე ერთ თამაშში აღმოვჩნდით და ყველაზე იოლი გამოსავალი იქნება, თუ ერთმანეთს დავშორდებით და აღარასდროს ვნახავთ.
    ამის თქმისთანავე იგი კარის გასაღებად მოემზადა.
    – ერთი წუთით, – შეაჩერა ოგუსტინმა და წინ გადაეღობა, – მთელს ქვეყანას მოსდებთ ჩვენს ამბავს, არა? დავიფიცებ რომ ასე იქნება.
    – ჰო, ალბათ თავს შევიქცევ.
    – დიდად არც მაღელვებს, ღვთის წყალობით, ჭორებზე ამაღლება შემიძლია, მიბრძანდით, ბატონო, მიბრძანდით და თქვით, რაც გენებოთ, – ამ დროს კიდევ ერთხელ შეაჩერა იგი.
    – იცით, – გაუღიმა ქალმა, – მეტად უჩვეულო ამბავია… ორივე მოვტყუვდით.
    – ეჰ, უფრო მწარე შეცდომა ჩემნაირი მიდრეკილების ხალხისთვისაა, ვიდრე თქვენსავით მოაზროვნეთათვის, – აუხსნა ფრანვილმა, – ის ცარიელი ხვრელიც ისეთი ამაზრზენი გვეჩვენება…
    – დამიჯერეთ, ძვირფასო, რომ სინამდვილეში ჩვენც არანაკლებ გვძულს ის, რასაც გვთავაზობთ. მიბრძანდით, ჩვენი ზიზღი თანაბარია, მაგრამ ეს ამბავი კი მეტად თავშესაქცევი გამოვიდა, ამაში უნდა დამეთანხმოთ… მეჯლისზე დაბრუნდებით?
    – არ ვიცი.
    – მე აღარ დავბრუნდები, – უთხრა ოგუსტინმა, – თქვენ რაღაც ისეთი განმაცდევინეთ… რაღაც უსიამოვნო… დავწვები, დავიძინებ.
    – შესანიშნავია. ძილი ნებისა!
    – თუმცა, თუ წინააღმდეგი არ იქნებით, იქნებ სახლამდე მიმაცილოთ. აქვე, ორ ნაბიჯში ვცხოვრობ. საკუთარი ეტლი არა მაქვს და არ მინდა, აქ დარჩენამ მომიწიოს.
    – სიამოვნებით გაგაცილებთ, – მიუგო ფრანვილმა, – ჩვენი მიდრეკილებები ხელს სულაც არ გვიშლის, რომ თავაზიანები ვიყოთ… მომკიდეთ ხელი… აი, გიწვდით.
    – მხოლოდ იმიტომ გკიდებთ, რომ უკეთესს ვერაფერს ვხედავ.
    – დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ მე მას მხოლოდ კეთილსინდისიერების გამო გთავაზობთ.
    ოგუსტინის სახლის კარიბჭეს მიუახლოვდნენ თუ არა, ფრანვილი გამოსამშვიდობებლად მოემზადა.
    – მართლაც არაჩვეულებრივი ვინმე ბრძანდებით, – უთხრა მადმუაზელ დე ვილბლანშმა, – და, აი, ასე მტოვებთ ქუჩაში.
    – უღრმესი ბოდიში, – მიმართა ფრანვილმა, – ვერც კი გავბედავდი…
    – რა მოუქნელები არიან ის კაცები, რომლებსაც ქალები არ უყვართ!
    – ეს თქვენ გგონიათ, – უთხრა ვაჟმა და მადმუაზელ დე ვილბლანში მაინც მიაცილა თავის ოთახამდე, – იცით, მადმუაზელ, მინდა სწრაფად დავბრუნდე მეჯლისზე და ჩემი სულელური შეცდომის გამოსწორება ვცადო.
    – სულელური შეცდომა… ანუ გაბრაზებული ხართ, რომ მიპოვეთ?
    – ასე არ ვიტყოდი, მაგრამ ისიც ხომ მართალია, რომ ერთსაც და მეორესაც ბევრად უკეთესი ხალხის გაცნობა შეგვეძლო?
    – ჰო, მართალს ბრძანებთ, – დაეთანხმა ოგუსტინი და როგორც იქნა, თავის ოთახში შევიდა, – სწორი ხართ, ბატონო, მე კი… ვშიშობ, ეს საბედისწერო შეხვედრა მთელი ცხოვრების ბედნიერებად არ დამიჯდეს.
    – განა მტკიცედ დარწმუნებული არა ხართ საკუთარ გრძნობებში?
    – გუშინ ვიყავი.
    – ოჰ, არ გინდათ ეს მაქსიმები.
    – მე არც არაფერი მინდა, აი, თქვენ მართლაც ნერვებს მიშლით.
    – კარგი, მივდივარ, მადმუაზელ, მივდივარ… უფალმა დამიფაროს იმისგან, რომ თავი დიდხანს შეგაწყინოთ.
    – არა, დარჩით! გიბრძანებთ! ნუთუ არ შეგიძლიათ, სიცოცხლეში ერთხელ მაინც ქალს დაემორჩილოთ?
    – არ არსებობს ისეთი რამ, რისი გაკეთებაც არ შემიძლია, – თქვა ფრანვილმა და კეთილგანწყობის ნიშნად ჩამოჯდა, – როგორც გითხარით, თავაზიანი ადამიანი ვარ.
    – იცით თუ არა, რომ საშინელებაა ასეთი უხამსი მიდრეკილებების ქონა თქვენს ასაკში?
    – ნუთუ გგონიათ, რომ თქვენი უცნაური გემოვნება დიდ კდემამოსილებაზე მიანიშნებს?
    – ოჰ, ეს სულ სხვა რამაა. ჩვენს შემთხვევაში, ეს მოკრძალება და კეთილგონიერებაა… თუ გნებავთ – სიამაყეც. შიშიც კია, რომ მეორე სქესს თუ მივენდობით, ის მხოლოდ იმისთვის გვაცდუნებს, რომ საბოლოოდ დაგვეუფლოს და დაგვიმორჩილოს… მიუხედავად ამისა, სხეული მაინც თავისას ითხოვს და ამ მოთხოვნილებას ქალები ერთმანეთთან ურთიერთობით ვიკმაყოფილებთ. თუ მოვახერხებთ და ამას კარგად შევნიღბავთ, მაშინ ყველაფერი კდემამოსილების საბურველში გაეხვევა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე. ამგვარად, ბუნებაც კმაყოფილი დარჩება, ზნეობაც – შეურყვნელი და არც მორალური წინააღმდეგობები იჩენს თავს.
    – აი, ნაღდი, მშვენიერი სოფიზმები! ასე თუ მივუდგებით, ყველაფერს გავამართლებთ. და როგორ გგონიათ, განა არ შეგვიძლია, ჩვენს სასარგებლოდ შემოვაბრუნოთ თქვენი ნათქვამი?
    – სულაც არა, საზოგადოების მხრიდან განსხვავებული დამოკიდებულების გათვალისწინებით, ასეთივე შიში და ზაფრა არ უნდა გქონდეთ, თქვენი გამარჯვება ხომ ჩვენს მარცხში მდგომარეობს… რაც უფრო გაიზრდება თქვენს მიერ დაპყრობილთა რიცხვი, ეს სახელსა თუ დიდებას მოგიტანთ და საბოლოოდ ვერც იმ გრძნობების უარყოფას შეძლებთ, რასაც ჩვენ თქვენში ვბადებთ, მანკიერი გადახრებით იქნება თუ ზნედაცემულობით.
    – მგონია, რომ ცოტაც და მომაქცევთ.
    – დიახ, ამას ნამდვილად ვისურვებდი.
    – და რას მოიგებდით, თქვენც ხომ მცდარ გზას ადგახართ?
    – ეს ვალდებულებაა, რომელსაც ჩემი სქესი მაკისრებს, ხოლო რადგან ქალები მიყვარს, მათი დახმარებაც მსიამოვნებს.
    – სასწაული რომ მოხდებოდეს, მისი თანმხლები ეფექტი არც ისეთი საყოველთაო აღმოჩნდება, როგორც თქვენ გგონიათ. მე ერთადერთი ქალის გამო ვისურვებდი მოქცევას, მხოლოდ და მხოლოდ რათა… მეცადა.
    – სამართლიანი პრინციპია.
    – რა თქმა უნდა, ცოტა სიფრთხილეცაა საჭირო იმ დროს, როცა რაღაცაში მონაწილეობ და წინასწარ არ იცი, თავს რაში ჰყოფ.
    – როგორ, ქალთან არასდროს წოლილხართ?
    – არასდროს და თქვენ… შემთხვევით ასეთივე დარწმუნებული ხომ არ ხართ, რომ პირველი კაცი ჯერ არ გყოლიათ?
    – ოჰ, რა პირველი კაცი… ჩვენნაირი ქალები, იცით, ისეთი მოხერხებულები და ეჭვიანები არიან, რომ გვერდით გახედვის საშუალებას არ გვაძლევენ… კაცი კი მართლაც არასდროს მყოლია ჩემს ცხოვრებაში.
    – ასეთი აღთქმა დადეთ?
    – ჰო, არც მინდა, რომ ოდესმე მყავდეს, ან თუ მეყოლება, ისეთივე უცნაური უნდა იყოს, როგორიც მე ვარ.
    – ვწუხვარ, რომ ამის სურვილი არა მაქვს.
    – უფრო თავხედურად ნამდვილად ვერავინ მიპასუხებდა.
    ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე მადმუაზელ დე ვილბლანში ადგა და ფრანვილს განუცხადა, სრული უფლება გაქვთ, მიბრძანდეთო. ჩვენმა ახალგაზრდა მიჯნურმა კი, რომელიც ისევ გულგრილობას ინარჩუნებდა, თავი მუხლებამდე დაუკრა და წასვლა დააპირა.
    – მეჯლისზე დაბრუნდებით, არა? – მშრალად ჰკითხა მადმუაზელ დე ვილბლანშმა, იმედგაცრუების გამომხატველი მზერით, რომელშიც მგზნებარე სიყვარულის ნაპერწკლები ჰკრთებოდა.
    – ჰო, ალბათ, როგორც გითხარით.
    – ანუ არ შეგიძლიათ იმ მსხვერპლის მიღება, რაც თქვენთვის გავიღე?
    – ნუთუ ჩემთვის რაიმე მსხვერპლად გაიღეთ?
    – მე ხომ მხოლოდ იმიტომ დავბრუნდი, რომ სხვა აღარაფერი დამენახა მას შემდეგ, რაც, უბედური შემთხვევის წყალობით, თქვენ გაგიცანით.
    – უბედური შემთხვევის წყალობით?
    – მაიძულებთ, რომ ასეთი გამოთქმა გამოვიყენო. ისე კი, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, სრულიად განსხვავებულ სიტყვებსაც ვიტყვი თუ არა.
    – და მერე ამ ყველაფერს როგორ შეუთავსებთ თქვენს მიდრეკილებას?
    – რას აღარ დათმობ, როცა შეყვარებული ხარ!
    – ჰო, მაგრამ თქვენთვის შეუძლებელი უნდა იყოს ჩემი სიყვარული.
    – იმასაც კი შევეგუები, თუ იმ საშინელ ჩვევებს შეინარჩუნებთ, რომლებსაც გამჩნევთ.
    – და თუ უარს ვიტყვი მათზე?
    – საკუთარ მიდრეკილებებს იმავე წამს სიყვარულის საკურთხეველზე მივიტან… ოჰ! ვერაგო ქმნილებავ, ეს აღსარება სახელის ფასად მიჯდება და შენც მხოლოდ პატივის ასაყრელად მოსულხარ, – მიუგო აცრემლებულმა ოგუსტინმა და სავარძელში ჩაეშვა.
    – ეს-ესაა მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ბაგეთაგან წარმოთქმული აღსარება მოვისმინე, ყველაზე საამო, რაც კი შეიძლებოდა ოდესმე გამეგონა, – წამოიძახა ფრანვილმა და ოგუსტინს მუხლებზე შემოეხვია, – ოჰ, უნაზესი სიყვარულის შთამაგონებელო ძვირფასო ქმნილებავ, ახლა უკვე იცით ჩემი თვალთმაქცობის ამბავი და შემიწყნარეთ, ნუ დამსჯით ამ ყველაფრისთვის. დაჩოქილი გთხოვთ მოწყალებას და არ წამოვდგები, სანამ ჩემს ბოდიშს არ მიიღებთ. თქვენს წინაშე, მადმუაზელ, ყველაზე ერთგული და მგზნებარე მიჯნურია. მჯეროდა, რომ ეს ეშმაკობა აუცილებელი იყო, რათა ის გული დამეტყვევებინა, რომლის შეუვალობის შესახებაც ბევრი მსმენოდა. ხომ მივაღწიე წარმატებას, მშვენიერო ოგუსტინ, ნუთუ უარყოფთ სიყვარულს იმ მანკიერი გადახრების გარეშე, რომლის მოსმენის ღირსიც გახადეთ დამნაშავე მიჯნური… მე დამნაშავე ვარ… დამნაშავე იმაში, რომ დაგაჯერეთ… ოჰ! როგორ შეგეძლოთ დაგეშვათ, რომ შეიძლებოდა უწმინდური ვნება ჩაბუდებულიყო იმის სულში, ვისაც მხოლოდ თქვენთვის ედებოდა სიყვარულის სახმილი.
    – ჯალათო, მომატყუე, არა? მაგრამ გაპატიებ… მიუხედავად იმისა, რომ არაფრის გაწირვა არ მოგიწევს, შე ვერაგო, ეს კი შვებას ვერ მოჰგვრის ჩემს სიამაყეს… ეჰ, კარგი, ამას მნიშვნელობა არა აქვს, ყველაფერს შემოგწირავ… იმისთვის, რომ თავი მოგაწონო, სიხარულით დავთმობ ცრუ ბილიკებს, რომლისკენაც პატივმოყვარეობა თითქმის ისევე ხშირად გვიბიძგებს ხოლმე, როგორც ესა თუ ის მიდრეკილება. ვგრძნობ, რომ ბუნება თავისას ითხოვს. მის ძახილს იმ უგვანი საქციელით ვახშობდი, რომელიც ახლა მთელი არსებით მძულს. არა, ბუნების ძალას წინააღმდეგობას ვერავინ გაუწევს: ჩვენ მხოლოდ თქვენთვის ვართ შექმნილნი და თქვენც მხოლოდ ჩვენთვის გაგაჩინათ განგებამ. მაშ, დავემორჩილოთ მის კანონებს, დღეს მე მთელი სხეულით ვგრძნობ ამ აღმაფრენას, თვით იმ ორგანოთიც კი, სიყვარულთან რომ არის გაიგივებული. ბუნების კანონებსაც, ამიერიდან, ბევრად უფრო წმინდად მივიჩნევ. აი, ხელს გიწვდით, ბატონო. მე თქვენ ღირსეული კაცი მგონიხართ და სრულიად შესაფერისი იმისთვის, რომ ჩემს შერთვაზე პრეტენზია განაცხადოთ. თუ დავიმსახურე, რომ წამით მაინც დამეკარგა თქვენი პატივისცემა, მზრუნველობისა და სინაზის წყალობით, შეცდომებს მალე გამოვასწორებ და იძულებული გახდებით, აღიაროთ, რომ წარმოსახვითი სისულელეები ყოველთვის არ ჰრყვნის კეთილშობილ სულს.
    ფრანვილი, ვის გულშიც სიყვარულის ხანძარი ბობოქრობდა, სიხარულის ცრემლებით ასველებდა ულამაზეს ხელებს, რომლებსაც ნაზად კოცნიდა, მერე კი წამოდგა და მის შესაგებებლად ფართოდ გაშლილ მკლავებში აღმოჩნდა:
    – დღეს უბედნიერესი დღეა ჩემს ცხოვრებაში, – წამოიძახა მან, – ვერაფერი შეედრება ჩემს გამარჯვებას, რამეთუ კეთილგონიერების წიაღს დავუბრუნე გული, სადაც მუდამ მე ვიმეფებ.
    ფრანვილი კოცნიდა და კოცნიდა უდიდესი სიყვარულის შთამაგონებელ ღვთაებრივ ქმნილებას, შემდეგ კი განშორების დროც დადგა. მომდევნო დღეს მან საკუთარი ბედნიერების ამბავი ყველა მეგობარს შეატყობინა. მადმუაზელ დე ვილბლანში იმდენად სასურველი საცოლე იყო, რომ ვაჟის მშობლები უარს ვერ იტყოდნენ. ისინი იმავე კვირაში დაქორწინდნენ.
    სინაზე, ნდობა, უდიდესი მოკრძალება, უკიდურესი სისადავე გვირგვინად დაადგა მათ ქორწინებას, ხოლო როგორც კი კაცთა შორის უბედნიერესი გახდა, ფრანვილი იმდენად მოხერხებული აღმოჩნდა, რომ ყველაზე თავნება ქალიშვილი ყველაზე გონიერ და ღირსეულ ცოლად აქცია.

    ფრანგულიდან თარგმნა ირმა ტაველიძემ

    © „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“
  • პროზა (თარგმანი)

    მარგერიტ იურსენარი – "ცეცხლი"

    მარგერიტ იურსენარი
    “ცეცხლი”
    წინასიტყვაობა
    ფრანგულიდან თარგმნა ილია გასვიანმა
    წინასიტყვაობა

    ვერ ვიტყვი, რომ ცეცხლი ჩემი ახალგაზრდობისდროინდელი წიგნია: ის 1935 წელს დაიწერა; მე მაშინ ოცდათორმეტი წლის ვიყავი. ნაწარმოები 1936 წელს გამოქვეყნდა, შემდეგ კი, 1957 წელს, თითქმის შეუცვლელად, მეორედ გამოიცა. ასევე არაფერი შემიცვლია ამ გამოცემის ტექსტშიც.
    ცეცხლი, რომელიც სასიყვარულო კრიზისის ნაყოფია, წარმოადგენს სასიყვარულო ლექსების კრებულს, ან, თუ გნებავთ, იმ ლირიკულ პროზაულ ნაწარმოებთა სერიას, რომლებიც ერთმანეთთან სიყვარულის გარკვეული ცნებით არიან დაკავშირებული. როგორც ასეთი, ნაწარმოები არ საჭიროებს არანაირ განმარტებას, რადგან ყოვლისმომცველი სიყვარული, რომელიც მსხვერპლს თავს ატყდება, როგორც სენი და, იმავდროს, როგორც მოწოდება, მუდამ გახლდათ ადამიანთა პირადი გამოცდილება და, ამასთან ერთად, ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გაცვეთილ თემათაგანი. დიდი-დიდი, რაც შეიძლება ამასთან დაკავშირებით გავიხსენოთ, ისაა, რომ ყოველი განცდილი სიყვარული, მსგავსად იმ სიყვარულისა, საიდანაც ეს წიგნი იშვა, ერთ კვანძად იკვრება, შემდეგ კი იშლება მოცემულ სიტუაციაში, იმ გრძნობათა და გარემოებათა რთული ნაზავის დახმარებით, რომელნიც რომანში, როგორც წესი, თავად თხრობის ქარგას ქმნიან, ხოლო ლექსში – ხოტბის ათვლის წერტილს. ჩემს წიგნში ეს გრძნობები და გარემოებები გადმოცემულია ხან პირდაპირ, – თუმცა კი საკმაოდ დაშიფრულად, და ეს ხდება ცალკეული “ფიქრებით”, რომელნიც თავიდან, მეტწილად, პირადი დღიურის ჩანაწერებს წარმოადგენდნენ, – ხანაც, პირიქით, არაპირდაპირ – იმ მოთხრობებით, რომელთაც ლეგენდებსა თუ ისტორიას დავესესხე და რომელნიც პოეტისათვის ერთგვარ საყრდენებს წარმოადგენენ დროში სამოგზაუროდ.
    ყველა ის მითიური თუ რეალური პერსონაჟი, რომლებიც ამ მოთხრობებში არიან გამოყვანილნი, ანტიკური საბერძნეთის შვილები არიან, გარდა მარიამ მაგდალელისა, რომელიც იუდეურ-სირიულ სამყაროს წარმოადგენს – სამყაროს, სადაც ქრისტიანობა ჩამოყალიბდა და რომელიც აღორძინებისა და ბაროკოს ხანის მხატვრებს მშვენიერი კლასიკური არქიტექტურის, თვალწარმტაცი ფარდაგებისა და ლამაზი შიშველი სხეულების ქვეყანად წარმოედგინათ, რის გამოც ეს უკანასკნელნი შესაძლოა იმაზე მეტად იყვნენ რეალისტები, ვიდრე ჰგონიათ. სხვადასხვა ხარისხით, ყველა ეს მოთხრობა ათანამედროვებს წარსულს; უფრო მეტიც, ზოგიერთი ამ მოთხრობათაგანი იმ შუალედური ეტაპებითაა შთაგონებული, რომელიც ამ მითებმა და ლეგენდებმა გამოიარეს მანამ, სანამ ჩვენამდე მოაღწევდნენ, ასე რომ, საკუთრივ “ანტიკური” “ცეცხლში” ხშირად სხვა არაფერია, თუ არა ნაკლებად შესამჩნევი პირველი ფენა. ფედრა არამც და არამც არ გახლავთ ათენელი ქალბატონი; ეს ის მგზნებარებით აღსავსე დამნაშავე ქალია, რომელსაც რასინის ტრაგედიიდან ვიცნობთ. აქილევსი და პატროკლე დანახულნი არიან არა იმდენად ჰომეროსის პოემის ჭრილში, რამდენადაც იმ პოეტების, მხატვრებისა და მოქანდაკეების თვალით, რომლებიც განფენილნი არიან ჰომეროსულ ანტიკურობასა და ჩვენს ეპოქას შორის; ეს ორი მოთხრობა, რომელიც აქა-იქ XX საუკუნის ფერებითაა შეფერადებული, უეპოქო ონირულ სამყაროში გადადის. ანტიგონე აღებულია ისეთად, როგორიც ბერძნულ დრამაშია, მაგრამ ყველა იმ მოთხრობიდან, რომელიც ცეცხლში ერთმანეთს მოსდევს, უკანონო ძალაუფლების წინააღმდეგ მიმართული ამბოხისა და სამოქალაქო ომის ეს კოშმარული ხილვა შეიძლება ყველაზე მეტადაც კი იყოს დატვირთული თანამედროვე თუ ლამის წინმსწრები ელემენტებით. ლენას ისტორია შთაგონებულია იმ მცირედით, რაც ჩვენთვისაა ცნობილი ამავე სახელის მატარებელ კურტიზან ქალზე, რომელმაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 525 წელს მონაწილეობა მიიღო ჰარმოდიუსისა და არისტოგიტონის მიერ მოწყობილ შეთქმულებაში, მაგრამ თანამედროვე საბერძნეთის ლოკალური ფერი და ჩვენი დროის სამოქალაქო ომების გამოძახილი ამ მოთხრობაში თითქმის მთლიანად ფარავს VI საუკუნის სარჩულს. კლიტემნესტრას მონოლოგს ჰომეროსულ მიკენში შეაქვს 1924 წლის ბერძნულ-თურქული კონფლიქტისა თუ დარდანელის სრუტის უგუნური ოპერაციის დროინდელი სოფლური საბერძნეთი. ფედონის მონოლოგი აგებულია იმ ცნობაზე, რომელსაც დიოგენე ლაერტელი გვაწვდის სოკრატეს ამ მოწაფის სიყმაწვილეზე; ამ მოთხრობაში, 1935 წლის ღამის ათენი ალკიბიადეს დროინდელი წარჩინებული ახალგაზრდებისათვის ასერიგ საყვარელ ათენს ერწყმის. მარიამ მაგდალელის ისტორია ეყრდნობა ოქროს ლეგენდაში მოხსენიებულ გადმოცემას (რომელსაც ღვთისმოშიშებით გამსჭვალული ამ კრებულის ავტორი უარყოფს, როგორც არასარწმუნოს), რომლის თანახმადაც ეს წმინდანი ქალი წმინდა იოანეს საცოლე უნდა ყოფილიყო, რომელიც იოანემ მიატოვა და იესოს გაჰყვა; ამ მოთხრობაში წარმოდგენილი ახლო აღმოსავლეთი – მოთხრობაში, რომელიც აპოკრიფულ სახარებათაგან განზე დგას – არის გუშინდელი დღისა და, საერთოდ, ოდინდელი ახლო აღმოსავლეთი, თუმცა მეტაფორებსა და სემანტიკურ ორაზროვნებას, აქა-იქ, ანაქრონული მოდერნიზმი შემოაქვს. საფოს თავგადასავალი საბერძნეთს უკავშირდება იმ მეტად საკამათო ლეგენდით, რომლის თანახმადაც საფოს თითქოს თავი უნდა მოეკლა ერთი მშვენიერი, მაგრამ უგრძნობი ყმაწვილი კაცისადმი სიყვარულის გამო, მაგრამ ჩემი საფო, ეს აკრობატი ქალი, ორ მსოფლიო ომსშუა პერიოდის ინტერნაციონალური გართობა-სიამოვნების სამყაროს ეკუთვნის და გადაცმის ეპიზოდი უფრო შექსპირის კომედიებს უკავშირდება, ვიდრე ბერძნულ თემებს. მრავალჯერადი ექსპონირების მეტად მკაფიო, წინასწარგამიზნული გამოყენება ცეცხლში, ყველგან ერთმანეთში ურევს წარსულსა და აწმყოს, რომელიც თავის მხრივ წარსულად იქცა.
    ყოველ წიგნს ატყვია თავისი დროის ანაბეჭდი და კარგია, როცა ეს ასეა. ნაწარმოების განპირობება მისი დროით ორგვარად ხდება: ერთის მხრივ, თავად ეპოქის ელფერითა და სურნელით, რომლითაც ავტორის ცხოვრება მეტ-ნაკლებადაა გაჟღენთილი; მეორეს მხრივ, – განსაკუთრებით, როცა საქმე ჯერ კიდევ ახალგაზრდა მწერალს ეხება, – ლიტერატურული გავლენებისა და თავად ამ გავლენების წინააღმდეგ რეაქციათა რთული თამაშით; აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ მუდამ ადვილი როდია ერთმანეთისაგან გავარჩიოთ ურთიერთშეღწევის ეს სხვადასხვა ფორმები. მოთხრობაში ფედონი, ანუ თავბრუსხვევა, მე ადვილად აღმოვაჩენ პოლ ვალერის ნეტარებით აღსავსე ჰუმანიზმის გავლენას; ეს ჰუმანიზმი თავისი ლამაზი იერით აქ იმ მგზნებარებას ფარავს, რომელიც არანაირად არაა ვალერისეული1. ცეცხლის ტექსტისთვის დამახასიათებელი მოუთოკავი სიშმაგე გახლავთ გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი რეაქცია ჟიროდუს წინააღმდეგ, რომლის დახვეწილი, პარიზული საბერძნეთი ისევე მაღიზიანებდა, როგორც ყველაფერი ის, რაც სავსებით შორს დგას ჩვენგან და, იმავდროს, ძალიან ახლოსაა. დღეს მე ვხვდები, რომ თანამედროვე გემოვნებასთან შეხამებული ანტიკურობის საერთო ფონი ყველასათვის მისაღებს ხდიდა, ყურადღებიან მკითხველს თუ არ ჩავთვლით, ძალზე დიდ განსხვავებას ფრანგულ ტრადიციასთან მშვენივრად მორგებულ ჟიროდუსეულ სამყაროსა და იმ უფრო ბოდვით სამყაროს შორის, რომლის დახატვასაც ვესწრაფვოდი. მე კოკტო მომწონდა; ამ მისტიფიკატორისა და ჯადოქრის გენიის მიმართ უფრო მგრძნობიარე ვიყავი, თუმცა გული მომდიოდა იმაზე, რომ იგი ასე ხშირად იმცირებდა თავს და უბრალო ილუზიონისტის ფოკუსებამდე დადიოდა. გამომწვევი გულახდილობა იმ ადამიანისა, რომელიც ცეცხლში გველაპარაკება, ნიღბით იქნება ეს თუ უნიღბოდ, მისი კადნიერი სურვილი მიმართოს მხოლოდ უკვე შეძენილ თუ დაპყრობილ მკითხველს, წარმოადგენს ზოგიერთ რთულ და ძალდაუტანებელ კომპრომისთა წინააღმდეგ ამხედრებას. კოკტოს პრეცედენტმა უდავოდ გამბედაობა შემძინა საიმისოდ, რათა ლირიკული კალამბურის ძალზე ძველი ხერხი გამომეყენებინა, რომელსაც დაახლოებით იმავე ხანებში, ოღონდ მცირე განსხვავებებით, სიურრეალისტებმა მიმართეს. არა მგონია, ამგვარი ვერბალური გადატვირთვანი გამებედა, – ეს გადატვირთვანი ცეცხლში იმ მრავალჯერად თემატურ ექსპონირებას პასუხობენ, რაზეც ზევით ვილაპარაკე, – ჩემთვის ამის მაგალითი არა მარტო წარსული ხანების, არამედ ჩვენი დროის პოეტებსაც რომ არ მოეცათ. სხვა მსგავსებანი, რომელნიც გარეგნულად თანამედროვე ლიტერატურულ შეხებათა ნაყოფი ჩანს, გამომდინარეობენ თავად ცხოვრებიდან, როგორც ეს ახლახან მივუთითე.
    ამგვარად, სანახაობის სამი სახეობის – ბალეტის, ესტრადისა და კინოს – სიყვარული, რომელი სიყვარულიც საერთო იყო იმ თაობის ახალგაზრდებისათვის, ვინც 1935 წელს დაახლოებით ოცდაათი წლისანი იყვნენ, მიგვანიშნებს, რომ მოთხრობაში აქილევსი, ანუ სიცრუე, კოშკის კიბეზე აქილევსისა და მიზანდრას თავბრუდამხვევი დაშვების ტიპიურად ონირული თხრობა ერთგვარად ერწყმის ლამის ფრთებგამობმული ბარბეტის მიერ ჰაერში შესრულებული ეკვილიბრისტული ნომრის დესკრიფციას – ბარბეტისა, რომელსაც უკან ფრიალით მოსდევდა ხოლმე გამარჯვებათა კლასიკური საბურველი და რომელიც მე წლების მერე კვლავ ვნახე ფლორიდაში, სადაც იგი, თავისი საზარელი დაცემის შემდეგ დასახიჩრებული, ეკვილიბრისტიკის ხელოვნებას ასწავლიდა ბარნუმის ცირკში; ან კიდევ, მოთხრობაში ფედონი, ანუ თავბრუსხვევა, კაბარეში შესრულებული ცეკვა ემსგავსება მნათობთა ცეკვას. მოთხრობაში პატროკლე, ანუ ბედისწერა, აქილევსისა და ამორძალის ორთაბრძოლა არის დიაგილევისა თუ მასინის დადგმებით შთაგონებული და, როგორც ეს კინემატოგრაფშია, ცალკეულ კადრებად “დაჩეხილი” ბალეტი ბაროკოს სტილში, რაც ასევე დამახასიათებელია შიშნარევ თამაშთა ამ ატმოსფეროსთვის. მოთხრობაში ანტიგონე, ანუ არჩევანი, მე მივმართავ ერთგვარ წინსწრებას, რომელიც, მართლაც რომ, ეპოქას ეხმაურება, ხოლო სინათლის კონები, რომლებიც წიგნის სცენაზე კვალდაკვალ მიჰყვებიან მთავარი სიუჟეტის განვითარებას, ცოტაც და, საკონცენტრაციო ბანაკთა ავბედით პროჟექტორებად იქცევიან. ამგვარმა მგრძნობიარობამ პოლიტიკური საფრთხისადმი, რომელიც მთელ სამყაროს ემუქრებოდა, მეორე მსოფლიო ომისწინა პერიოდის ზოგიერთ პოეტთან და რომანისტთან უდავო კვალი დატოვა; ბუნებრივია, რომ ცეცხლში, როგორც იმავე ეპოქის ამა თუ იმ სხვა, მსგავსი განწყობის წიგნში, აშკარად დავინახავთ მომავალ საშინელებათა აჩრდილს.
    ქვემოთ მოცემული ანალიზი უდავოდ არაფერს მოგვცემს, გარდა წმინდად ბიოგრაფიული ნაშთისა: ალბათ მხოლოდ ჩემთვის თუა მნიშვნელოვანი ის გარემოება, რომ მოთხრობის – საფო, ანუ თვითმკვლელობის დაწერა აზრად მომივიდა პერაში, ვარიეტეში ნანახი ერთი წარმოდგენის შემდეგ, დაწერით კი დავწერე ბოსფორთან მდგარი სატვირთო გემის გემბანზე, სადაც ჩემს სმენას ერთი პოპულარული ამერიკული მისამღერი სწვდებოდა, რომელსაც ჩემი ბერძენი მეგობრის გრამოფონი დაუსრულებლად იმეორებდა: “He goes through the air with the greatest of ease, the daring young man on the flying trapeze”.2 ასევე ძალზე ნაკლებადმნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ეს კომპონენტები შეერია ლეგენდას ანტიკური ხანის პოეტ ქალზე; მოგონებას აღორძინების ხანის სამასკარადო კოსტუმებზე; იმ ყველაზე მშვენიერი სტრიქონების გამოძახილს, რაც, მე მგონი, საერთოდ დაუწერია ბანვილს, ვირტუოზ-ფანტაზისტ ავტორს იმ ლექსისას, რომელშიც იგი ჰაერში მოსიარულე კლოუნს გვიხატავს; დეგას საუცხოო ნახატს და, ბოლოს, იმ კოსმოპოლიტურ სილუეტთა გარკვეულ რიცხვს, რომელნიც იმ დროს ირეოდნენ კონსტანტინოპოლის ბარებში. მხოლოდ და მხოლოდ ლიტერატურული, და არა სხვა სახის, განმარტების ამ ჭრილში ღირს ალბათ იმის შენიშვნა, რომ ცეცხლის ათენი გახლავთ ის ათენი, სადაც დილაობით ჩვევად მქონდა ძველთაძველი სასაფლაოსკენ გასეირნება – ამ სასაფლაოს “კერამიკის” სასაფლაოს ეძახდნენ, რომელსაც სარეველა ბალახი მოსდებოდა, საფლავები კი მიეტოვებინათ – და ყოველ ჩემს დილის გასეირნებას ფონად გასდევდა მახლობლად მდებარე ტრამვაების დეპოდან მომავალი ჭრიალი; ათენი, სადაც ფანერისაგან შეკოწიწებულ ქოხმახებში, მკითხავები სიამოვნებით გიმარჩიელებდნენ თურქული ყავის ნალექზე; ათენი, სადაც ახალგაზრდა კაცებისა და ქალებისაგან შემდგარი პატარა ჯგუფი, რომელთაგანაც ზოგიერთს, სულ მალე, უცაბედი ან ნელი სიკვდილი ეწერა, გრძელ, უსაქმოდ ხეტიალში გასულ ღამეს ემშვიდობებოდა, – ღამეს, რომელსაც ერთგვარ ტონუსს ჰმატებდა, შიგადაშიგ, ესპანეთის სამოქალაქო ომზე ანდა გერმანული კინოს ვარსკვლავისა და მისი შვედი მეტოქის შესაბამის ღირსებებზე კამათი, – ხოლო ღამის გასრულების შემდეგ ახალგაზრდების ეს ჯგუფი, რომელიც ცოტათი შეეთრო ღვინოსა და ტავერნებში აჟღერებულ აღმოსავლურ მუსიკას, იმის საყურებლად მიდიოდა, თუ როგორ ეფინებოდა პართენონს თავზე გარიჟრაჟი. ოპტიკური ეფექტით, რომელიც თავისთავად მართლაც რომ ბანალურია, ეს საგნები და ადამიანები, რომელნიც მაშინ ჩემს იმდროინდელ რეალობას წარმოადგენდნენ, დღეს იმაზე შორეულნი და დროის დინებით წარხოცილნი მეჩვენებიან, ვიდრე ის მითები თუ ბუნდოვანი ლეგენდები, რომელთაც, ერთი წამით, ის ახალგაზრდები მივაკუთვნე.
    სტილისტური თვალსაზრისით, ცეცხლი დაწერილია იმ დაძაბული და კაზმული მანერით, რომელიც იმ პერიოდში მახასიათებდა კლასიკური თხრობის ლამის უკიდურესობამდე მოკრძალებულ სტილთან ერთად. დღეს მე შორსა ვარ როგორც ერთისგან, ისე მეორისგანაც, და ერთგან დაწვრილებით ვლაპარაკობ იმაზე, თუ რა მიმაჩნია კვლავაც საუკეთესო თვისებებად ფრანგული კლასიკური თხრობისა, ვნებათა მისეული აბსტრაქტული გამოხატვისა, იმ მოჩვენებითი თუ რელური კონტროლისა, რომელსაც ამგვარი თხრობა მოითხოვს ავტორისაგან. ცეცხლის ღირსებათა ან შეცდომათა წინასწარგანჭვრეტის გარეშე, ასევე მინდა იმის აღნიშვნაც, რომ ამ ლექსების ლამის გადატვირთული ექსპრესიონიზმი, უწინდებურად, მიმაჩნია აღსარების ბუნებრივ და აუცილებელ ფორმად, კანონიერ მცდელობად იმისა, რომ ემოციის სირთულიდან ან, თუ გნებავთ, ამავე ემოციის მგზნებარებიდან არაფერი დაიკარგოს. ეს ტენდენცია, რომელიც, ყოველ ეპოქაში, ჯიუტად ინარჩუნებს თავის ადგილს, ან კვლავ იბადება ყველა ერის ლიტერატურაში, მიუხედავად პურისტული ან კლასიკური გონივრული შეზღუდვებისა, დაჟინებით ცდილობს – თუმცა, ეს მცდელობა შეიძლება ქიმერულიც კი იყოს – ტოტალურად პოეტური ენის შექმნას, ენისა, რომელშიაც მაქსიმალური მნიშვნელობით დატვირთული ყოველი სიტყვა თავის მნიშვნელობებს გამოაჩენს, ისევე როგორც გარკვეული განათების ქვეშ ვხედავთ ხოლმე ქვების ფოსფორესცენციებს. აქ კვლავ საქმე ეხება გრძნობის ან იდეის დაკონკრეტებას იმ ფორმებით, რომელნიც თავად იქცნენ პრეციოზულ ფორმებად (თვითონ ეს სიტყვაა მრავლისმთქმელი), იმ ძვირფასი ქვებივით, რომლებიც თავიანთ სიმკვრივესა და სიკაშკაშეს იმ ლამის აუტანელ წნევასა და ტემპერატურას უნდა უმადლოდნენ, რომელიც გამოიარეს; ან კიდევ, საქმე ეხება ენისაგან აღორძინების ხანის რკინის ნაკეთობათათვის ჩვეული მოქნილი გრეხილების მიღებას – იმ ნაკეთობებისა, რომელთა რთული წნულები თავიდან მხოლოდ გავარვარებული რკინა იყო და მეტი არაფერი. კიდევ უფრო უარესი ისაა, რომ ადამიანი, რომელიც ამგვარ ვერბალურ გამბედაობაზე მიდის, მუდმივად ცდომილებისა და უკიდურესობამდე მისვლის რისკის ქვეშ დგას, მსგავსად კლასიკურ ლიტოტებზე გადადებული მწერლისა, რომელიც გამუდმებით ეხება მშრალი ელეგანტურობისა და სიყალბის საფრთხეს.
    თუკი მკითხველი ხშირად მხოლოდ პრეციოზულობას ხედავს, ამ სიტყვის ცუდი მნიშვნელობით, იმაში, რასაც მე სიამოვნებით ვუწოდებდი ბაროკოს სტილის ექსპრესიონიზმს, ათიდან ცხრა შემთხვევაში ეს იმას ნიშნავს, რომ პოეტმა მართლაც გადაწყვიტა, ნებისმიერ ფასად განცვიფრების, მოწონების ან არმოწონების სურვილისთვის დაეთმო; ზოგჯერ ამის გამოა, რომ იმავე მკითხველს არ შეუძლია ბოლომდე მიჰყვეს იმ იდეასა თუ ემოციას, რომელსაც პოეტი სთავაზობს და რომელშიც იგი, სრულიად უსამართლოდ, მხოლოდ ნაძალადევ, ყალბ მეტაფორებს ან გულცივ სიტყვათა თამაშს ხედავს. არა შექსპირის, არამედ ჩვენივე ბრალია, თუკი მაშინ, როცა პოეტი თავის სიყვარულს სონეტების ადრესატისადმი ადარებს მისი ძველი სასიყვარულო გამარჯვებების ალმებით მორთულ საფლავს, ჩვენს თავსზემოთ ელისაბედ I-ის ეპოქის ყველა დროშის ფრიალი არ ვიგრძენით. არა რასინის, არამედ ჩვენი ბრალია, თუკი ანდრომაქეში შეყვარებული პირუსის მიერ წარმოთქმულ ამ ცნობილ სტრიქონში, “უფრო მრავალი ცეცხლით ვიწვი, ვიდრე თავად მე არ დამიგზნია”, ამ სასოწარკვეთილი მიჯნურის ზურგსუკან უზარმაზარ ხანძარში ჩაფლული ტროა ვერ დავინახეთ, ხოლო იმაში, რაც გემოვნებიან ადამიანთა თვალში მხოლოდ უგვანო, დიდი რასინისათვის შეუფერებელი მიკიბულ-მოკიბულობაა, ვერ ვიგრძენით იმ ადამიანის საკუთარ თავში ბუნდოვანი ჩაძირვა-ჩაღრმავება, რომელიც მუდამ შეუბრალებლობით გამოირჩეოდა და ახლაღა ხვდება იმას, თუ რას ნიშნავს ტანჯვა. ამ სტრიქონს, სადაც რასინი მაშინ უკვე გაცვეთილ სიყვარულის ცეცხლთა მეტაფორას ახალი სუნთქვით ავსებს, უბრუნებს რა მას ნამდვილი ცეცხლის ელვარებას, – ეს ხერხი რასინთან ხშირად გვხვდება, – მივყავართ ლირიკული კალამბურის ტექნიკასთან, რომელიც ერთ სიტყვას, ასე ვთქვათ, პარაბოლის ორ შტოს ავლებინებს. მაგრამ დავუბრუნდეთ ცეცხლს. თუკი ფედრა ჯოჯოხეთში ჩასასვლელად იყენებს არა მარტო ქარონის ნავს, არამედ მეტროს გვირაბში მოსიარულე მატარებელსაც,3 ეს იმიტომაა, რომ ადამიანთა ტალღა, რომელიც პიკის საათებში ჩვენი ქალაქების მიწისქვეშა დერეფნებში ტრიალებს, ჩვენთვის, შესაძლოა, აჩრდილთა მდინარის ყველაზე შემაძრწუნებელი ხატი იყოს. თუკი თეტისი ერთდროულად არის დედაც და ზღვაც,4 ეს იმიტომ, რომ მოცემული ორაზროვნება, რომელსაც, სხვათა შორის, მხოლოდ ფრანგულ ენაში აქვს აზრი, ერთ მთლიანობაში აქცევს თეტისის, როგორც აქილევსის დედის, და თეტისის, როგორც ზღვის ღვთაების ორმაგ სახეს. შემიძლია კიდევ მრავალი სხვა მაგალითიც მოვიყვანო, რომელთაც ცეცხლში თავიანთი გარკვეული მნიშვნელობა აქვთ. მთავარია ვეცადოთ, ამ თამაშებში (სადაც სიტყვის მნიშვნელობა, მართლაც, თავის სინტაქსურ ჩარჩოში თამაშობს) ვაჩვენოთ არა მანჭვა-გრეხის ან ხუმრობის თავისუფალი ფორმის შესაძლებლობანი, არამედ, როგორც ეს ფროიდისეული ლაფსუსისა და ბოდვის და სიზმრის ორმაგ და სამმაგ იდეათა ასოციაციების შემთხვევაშია, პოეტის რეფლექსი – პოეტისა, რომელიც ემოციებითა თუ ხიფათებით მისთვის განსაკუთრებულად მდიდარ თემას შეეჭიდა. ჩემს შედარებით ახლახან გამოსულ ნაწარმოებში, რომელიც რაც შეიძლება შორსა დგას ყოველგვარი სტილისტური ძიებისაგან და, მით უმეტეს, ყოველნაირი სტილისტური ანცობისაგან, სავსებით სპონტანურად, – ისე, რომ არც ვიცოდი, კალამბური თუ გამომივიდოდა, – იმ საპყრობილის მედილეგეს, რომელშიც ჩემი მომაკვდავი გმირი იმყოფება, სახელად ჰერმან მორი5 ვუწოდე.
    ამაო იქნება ჩემი მხრიდან იმის თქმა (რაც, პრინციპში, მართალი გახლავთ), რომ სასიყვარულო ლექსების კრებული კომენტირებას არ საჭიროებს, რადგან მაინც ისე ჩანს, თითქოს დაბრკოლებისთვის თავის არიდება მინდოდეს: მე ხომ ამდენხანს ვმსჯელობ სტილისტურსა თუ თემატურ თავისებურებებზე, რაც ბოლოს და ბოლოს მხოლოდ მეორეხარისხოვანი საკითხია, და ჩუმად ვუვლი გვერდს იმ სასიყვარულო ისტორიას, რომელიც ამ წიგნის შთაგონების წყაროდ იქცა. მაგრამ, გარდა იმისა, რომ ვგრძნობ, თუ რა სასაცილოა ძალზე ვრცელი განმარტება იმ ნაწარმოებისა, რომელიც მინდოდა არასოდეს წაეკითხათ, აქ უადგილო იქნებოდა იმის განხილვა-გაშუქება, ტოტალური, ყოვლისმომცველი სიყვარული ერთი კონკრეტული ადამიანისადმი – სიყვარული, რომელიც შენთვისაც და მეორე ადამიანისთვისაც რისკს, გარდაუვალ იმედგაცრუებას, ნამდვილ თავგანწირვასა და მორჩილებას ნიშნავს, მაგრამ ასევე ფარული ძალადობისა და ეგოისტური მომთხოვნელობის ნაზავსაც წარმოადგენს – იმსახურებს თუ არა იმ ამაღლებულ ადგილს, რომელიც მას პოეტებმა მიაკუთვნეს. ცხადია, რომ უგონო, ზოგჯერ სამარცხვინო, მაგრამ ერთგვარი მისტიკური სათნოებით გაჟღენთილი სიყვარულის ამ ცნებამ თითქმის არ შეიძლება იარსებოს, თუკი არ დავუკავშირეთ ტრანსცენდენტულობაში რწმენის რაიმე ფორმას, თუნდაც ადამიანის ტრანსცენდენტულობაში რწმენისა, ხოლო თუ საყრდენი – დღესდღეობით არად ჩაგდებული მეტაფიზიკური და მორალური ღირებულებები – გამოეცალა, რისი მიზეზიც შესაძლოა ჩვენი წინამორბედების მიერ ამ ღირებულებათა ბოროტი გამოყენება იყოს, მაშინ უგონო სიყვარული მეყსეულად სახეს იცვლის: ის უკვე სხვა არაფერია, თუ არა სარკეთა უნაყოფო თამაში ან კიდევ სევდისმომგვრელი მანია. ცეცხლში, სადაც, ვგონებ, მხოლოდ ძალზე კონკრეტულ სიყვარულს ვასხამდი ხოტბას, ან, შეიძლება, მისი ჯადოთი შეკვრა მსურდა, საყვარელი არსების გაღმერთება ძალზე თვალსაჩინოდ ასოცირდება შედარებით აბსტრაქტულ, თუმცა არანაკლებ ძლიერ ვნებასთან, რომელიც ზოგჯერ ჯაბნის კიდეც გრძნობიერ და ხორციელ შეპყრობილობას: მოთხრობაში ანტიგონე, ანუ არჩევანი, ანტიგონე ირჩევს სამართალს; მოთხრობაში ფედონი, ანუ თავბრუსხვევა, ფედონის თავბრუსხვევა შეცნობით გამოწვეული თავბრუსხვევაა; მოთხრობაში მარიამ მაგდალელი, ანუ ხსნა, ხსნა არის ღმერთი. ეს არ გახლავთ სუბლიმაცია, როგორც ამას ერთი ნამდვილად შეუსაბამო და თავად ადამიანის ხორცისთვის შეურაცხმყოფელი ფორმულა ამტკიცებს; ეს იმის ბუნდოვანი შეგრძნებაა, რომ ასერიგ მწველი და მტანჯველი სიყვარული ერთი მოცემული ადამიანისადმი ხშირად მხოლოდ ლამაზი წარმავალი შემთხვევითობაა – გარკვეული აზრით იმაზე ნაკლებად რეალური შემთხვევითობა, ვიდრე ის მიდრეკილებანი და არჩევანის შესაძლებლობანი, რომელნიც ამ სიყვარულს წინ უსწრებენ და მასზე დიდხანს იარსებებენ. ამგვარ, ლამის საჯარო აღსარებათა ჟანრისგან განუყოფელი აღმაფრენისა თუ სითამამის წყალობით, დღეს მეჩვენება, რომ ცეცხლის ზოგიერთი ნაწყვეტი შეიცავს ადრევე თვალმოკრულ ჭეშმარიტებებს, რომელთა კვლავ მოსაპოვებლად და მათ უტყუარობაში დასარწმუნებლად შეიძლება მთელი ცხოვრებაც არ გეყოს. ეს ბალ-მასკარადი გაცნობიერების ერთ-ერთი ეტაპი გახლდათ.

    1967 წლის 2 ნოემბერი

    შენიშვნები

    1 ვალერის შემოქმედებისადმი ჩემს ინტერესს ადასტურებს ალუზია “მშვენიერ პოლზე” ფიქრთა პირველ ჯგუფში. ვალერის ფორმულა, რომელსაც ეს ფიქრი უპირისპირდება, შეგიძლიათ ნახოთ მის ნაწარმოებში დაფარული საგნები, 1932 წ. (ავტორის შენიშვნა).
    2 (ინგლ.) “როგორ ნარნარად დაფრინავს მაღლა / ეს ახალგაზრდა თამამი კაცი / და არ ეტყობა მას სულაც დაღლა / ჰაერში მქროლავ ტრაპეციაზე”.
    3 ფრანგულში სიტყვა “rame” ნიჩაბსაც ნიშნავს და მეტროს მატარებელსაც (მთარგმნელის შენიშვნა).
    4 ფრანგულში სიტყვები “დედა” (mère) და “ზღვა” (mer) ომოფონური სიტყვებია (მთარგმნელის შენიშვნა).
    5 ამ მედილეგის გვარი (Mohr) და ფრანგული სიტყვა “mort” (სიკვდილი) ერთნაირად წარმოითქმება (მთარგმნელის შენიშვნა).