პროზა (თარგმანი)

გუსტავო მარტინ გარსო – წერილი ვინსენტს

ესპანურიდან თარგმნა ქეთი ჯიშიაშვილმა
ძვირფასო ვინსენტ,

შენმა ძმამ, თეომ ექიმ გაშეს მისამართი გადმომცა და ამ წერილსაც მას გამოვატან შენთან. მითხრა, რომ ექიმი მამასავით გექცევა და Auvers-sur Oise-ში მის გვერდით თავს უკეთ გრძნობ.
მინდა იცოდე, რომ Le Mercure de France-ში შენი ფერწერის შესახებ სტატია წავიკითხე. ყოველთვის მჯეროდა, რომ ადრე თუ გვიან, შენს ნამუშევრებს აუცილებლად აღიარებდნენ. გახსოვს, როგორ გეცინებოდა, როცა ყოველ წამს გიმეორებდი, სახელგანთქმული გახდები-მეთქი? ახლა ხომ დარწმუნდი, რომ შენი სულელი დეიდაშვილი ქეითი ყველა კრიტიკოსზე ჭკვიანი ყოფილა.
თეომ თავშესაფარში დახატული ნახატები მაჩვენა და ორივე ერთად ავტირდით. იცი რა ვუთხარი? რომ შენ არასოდეს გაინტერესებდა იმის გამოსახვა, რაც თვალწინ გქონდა, ფერსაც ასე თავისუფლად იმიტომ იყენებდი, რომ უფრო მძაფრად გადმოგეცა შენი სულის მდგომარეობა.
საბრალო ვინსენტ, რა საშინლად მოგექეცი! შენი სისასტიკე მაშინებდა, შენი უცნაური სამყარო, რომელიც უმშვენიერესი ადგილიც იყო და თან ისეთი, სადაც შეიძლება დაიმსხვრე, ჭკუიდან შეიშალო ან დანაშაული ჩაიდინო.
მახსოვს შენი დაბრუნება მამაშენის სახლში, ტეტენში და ის სირთულეები, რაც შენს ჩემდამი გიჟურ ახირებას მოჰყვა. მახსენდება, როგორ დაგემალე ლა ჰაიაში და ის საშინელი საღამოც, ხელის დაწვით რომ იმუქრებოდი, ჩემს ნახვას თუ აგიკრძალავდნენ. არ მავიწყდება ჩვენი უკანასკნელი შეხვედრაც. შენ ის საცოდავი მეძავი სინი შეგიყვარდა, თვეობით ერთად ცხოვრობდით, მის შვილებს კი სჯეროდათ, რომ ბოლოს და ბოლოს, ბედნიერება იპოვნეს. ვიცი, მისმა სიღატაკემ შეგძრა, შენ ხომ ყოველთვის თანაგრძნობის უზარმაზარი ნიჭი გქონდა, სხვის ტკივილს საკუთარივით განიცდიდი.
თეოსთან ხშირად ვსტუმრობდი, მან მიამბო შენი დაუსრულებელი გადაადგილების ამბავიც. მიამბო არლზე, შენს შემოსავლებზე სან რემოს თავშესაფარში, მითხრა, რომ ისე სულმოუთქმელად მუშაობ, თითქოს პირველად აიღე ხელში ფუნჯი. როგორც კი შენს ტილოებზე სინათლე და სიხარული ვიხილე, მომეჩვენა, რომ, ბოლოს და ბოლოს, მოიპოვე ის სიმშვიდე და მოსვენება, რომელსაც ასე დაუღალავად ეძებდი. შენი ნახატები ხალხს უცნაური ეჩვენება, ჩემთვის კი ეს მშვენიერი იმედებისა და სინათლის სამყაროა, თუმცა ხელი თითქოს გაგირბის. გამახსენდა ჩვენი გასეირნება ჰეტეში, როგორ გიყვარდა ბუნება, უბრალო წვრილმანებშიც კი სილამაზეს ამჩნევდი. ისიც მახსოვს, რომ მითხარი: ,,მირჩევნია ჩემი ფანჯრის წინ ამოსული ხეები ვხატო, ვიდრე გამოგონილი ხეებიო”.
მაგრამ ახლა გწერ იმიტომ, რომ შენს ერთ ნახატზე გელაპარაკო. იმ ნახატზე, სადაც ლარნაკი და ზამბახებია გამოსახული. თითქოს ერთი ტოტი ლარნაკიდან ვარდება. წყალი ვერ სწვდება და საცაა ჩამოჭკნება. თეომ მითხრა, რომ ეს სან რემოს თავშესაფარში დახატე. იმ წუთასვე გამიელვა თავში, რომ ეს ტოტი შენ ხარ. იმდენად ავღელდი, რომ ღამით დამესიზმრა, თითქოს ასეთივე ზამბახების წინ ვიდექი. ვუმზერდი გადმოვარდნილ ტოტს და ვცდილობდი ისევ წყალში ჩამებრუნებინა. შენ ამის გაკეთება არ შეგეძლო, რადგან ხელი გქონდა დამწვარი. რა უცნაურია, სიზმარში ის ხელი, რომლის დაწვაც გინდოდა და ხატვაში ხელს გიშლიდა, თითქოს ჩემი ხელი იყო და რაც მეტად ვცდილობდი ტოტის უკან ჩაბრუნებას, მით უფრო ვერ ვახერხებდი. და სწორდ ამ დროს, ჩემს თვალწინ თითქოს მთელი ბრწყინვალებით გაცხადდა ზამბახების სრულყოფილი მშვენიერება. შეძრწუნებულს გამომეღვიძა. და უცებ მივხვდი, რომ სწორედ ეს არის შენი შემოქმედება: დამწვარი ხელი, რომელიც ცდილობს ცხოვრება კვლავ თავის ადგილას დააბრუნოს.

შენი ბიძაშვილი
ქეითი

——————————–
* ესსე ეძღვნება ვინსენტ ვან გოგის დაბადებიდან 150 წლისთავს. ამ თარიღთან დაკავშირებით ჟურნალმა Descubrir el Arte-მ ექვს მწერალს სთხოვა წერილი მიეწერათ ცნობლი მხატვრისთვის და კიდევ ერთხელ გაეცოცხლებინათ მხატვრულ სიტყვაში მისი ბიოგრაფიისა და სულიერი სამყაროს განსაკუთრებული მომენტები.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

Facebook Comments Box